ვაზის კულტურა და მისი განოყიერების (კვების) სისტემა

ვაზის, ვაზი, ვენახი, წამლობა

ვაზის კულტურის განოყიერება

ვაზის კულტურის სახალხო –სამეურნეო მნიშვნელობა

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოს მთელი არსებული ისტორიის მანძილზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა საქართველოს მოსახლეობის მატერიალური დონის ამაღლებაში.

ვაზიდან მიღებულ პოროდუქცია მრავალი დანიშნულებით გამოიყენება. მისგან მიიღება სუფრის ყურძენი, რომელშიც შაქარი 18-25 % აღწევს, ძველთაგანვე ითვლება საუკეთესო დიეტურ სამკურნალო და გემრიელ საკვებად.

ყურძნის წვენი აწესრიგებს ორგანიზმში ფიზიოლოგიურ პროცესებს, ხელს უჭყობს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, საჭმლის მონელებას. დადებითად მოქმედებს კუჭის, თირკმელების და ფილტვების დავადებებზე, ბრონქიტიან და ნერვიულ ავადმყოფობებზე.

ყურძნისგან ამზადებენ აგრეთვე ქიშმიშს, რომელსაც წარმატებით იყენებენ საშაქარლამო წარმოებაში. ყურძნის წვენი და ბადაგი, რომელებიც ძვირფას დიეტურ საკვებად ითვლებიან, ხელს უწყობენ ბავშვთა ორგანიზმის გამაგრებას, და საკვების წესიერად მონელებას. ორგანიზმს მატებენ სიხალისეს ბადაგისაგან მზადდება ძვირფასი პროდუქტები: თათარა, ჩურჩხელა, ტყლაპი, მურაბა, ჟელე, მარმალადი და სხვა.

ყურძნის პროდუქციის ყველაზე ძვირფას და სასარგებლო სახეობას ღვინო წარმოადგენს. ის ორგანიზმს ანიჭებს სიხალისეს, მხნეობას, გამძლეობას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გულის მუშაობას, კუჭის ნორმალურ მოქმედებას. მაგრამ ღვინის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება მავნებელია, რადგან იწვევს ორგანიზმის ფუნქციათა დარღვევას, გულის მუშაობის და მთელი ორგანიზმის მუშაობის შესუსუტებას, ზოგ შემთხვევაში მისი მოწამვლაც კი.

ყურძნის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი ჭაჭა გამოიყენება სპირტისა და არაყის გამოსახდელად, რომელთაც იყენებენ მედიცინაში და კვების მრეწველობაში. მისი წიპწისაგან ხდიან ძვირფას ენოტანინს და ზეთებს, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში და ყავის დასამზადებლად, ხოლო მისი ანასხლავი ქაღალდის დასამზადებლად.

ვაზის კულტურის კვების თავისებურებანი

ტროპიკულ ქვეყნებში ვაზი მარადმწვანე მცენარეს წარმოადგენს და სუბტროპიკული და კონტინენტური ჰავის პირობებში ახასიათებს ფოთოლცვენა. ის მრავალწლიანი მცენარეა, ერთსა და იმავე ადგილზე გაშენებულია 30-40 წლის განმავლობაში, რის გამოც ძლიერ აღარიბებს ნიადაგს საკვები ელემენტებით.

ამასთან ერთად მისი ცალკეული ჯიშები არაერთნაირ მოთხოვნიოლებას იჩენენ როგორც კვების, ისე გარემო პირობების მიმართ. აქედან გამომდინარე ყურძნის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად და ვაზის განოყიერების სისტემის სწორად წარმართვისათვის, საჭიროა კარგად ვიცოდეთ მისი ბიოლოგიური თავისებურებები.

მორფოლოგიური და ანატომიური აღნაგობა

ვაზის ცხოვრება წლის პერიოდში იყოფა: აქტიურ და პასიურ ხანად.

ვაზის პასიური ხანის ხანგრძლივობა დამოკიდებულია, როგორც კლიმატურ პირობებზე ისე ბიოლოგიურ თავისებურებებზე. მოსვენების პერიოდში მიმდინარეობს სუნთქვის და აორთქლების პროცესები, საკვები ელემენტების გადანაცვლება ერთწლიანი ნაზარდებიდან მრავალწლიანში, აქედან ფესვებში.

ვაზის განვითარების აქტიორი ხანა იყოფა შემდეგ ბიოლოგიურ ფაზებად: ა) ტირილი, ბ) კვირტის გაფურჩქვნა და ყლორტის განვითარება, გ) ყვავილობა, დ) მარცვლის გამონასკვა, ე)  ყურძნის სრული სიმწიფე და ვ) ფოთოლცვენა.

პირველ ბიოლოგიურ ფაზა იწყება წვენთა მოძრაობის დაწყებიდან და გრძელდება 10 -15  დღე. ამ პერიოდში იწყება ბუსუსა ფესვების მიერ ახალი მინერალური ნივთიერებების შეთვისება და სამარაგო ნივთიერებებთან ერთად ვაზის ზედა ორგანოებში გადანაცვლება.

მეორე ბიოლოგიური ფაზაში დღიური ნაზარდი 5-10 სმ აღწევს და 45-55 დღე გრძელდება. ამ პერიოდში სწრაფად მატულობს საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილება განსაკუთრებით აზოტზე ამოტომ ამ ფაზის დასასრულს ტარდება აზოტით გამოკვება.

მესამე ბიოლოგიურ ფაზა ყვავილობა, გრძელდება 10-15 დღე. სავეგეტაციო ორგანოებისა და ფესვთა სისტემის განვითარება მაქსიმუმს აღწევს, რის გამოც მკვეთრად იზრდება საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილება ამ პერიოდში ბორისა და ფოსფორის სიმცირის შემთხვევაში, ვერ ხერხდება ყვავილის განაყოფიერება, რადგან მტვრის მარცვალი კარგავს განაყოფიერების უნარს, რის გამოც ადგილი აქვს ყვავილების მასიურ დაცვენას და თხელმტევნიანობას. ამიტომ ამ პერიოდს უნდა უსწრებდეს აზოტიანი და ბორიანი მიკროსასუქით გამოკვება.

მეოთხე ბიოლოგიური ფაზა იწყება მარცვლის გამონასკვით და ყურძნის თვალში შესვლით და გრძელდება 40-60 დღე, ამ პერიოდში ყლორტები ნელა იზრდება სიგრძეში, სიმსხოში ძლიერად, კვირტებში ისახება მომავალი წლის მოსავალი, ყვავილედების სახით. მარცვალი მსხვილდება მცირდება მასში ქლორიფილის და იზრდება მჟავებისა და სახამაბლის დაგროვება, ამ პერიოდში საკვებ ელემენტებზე მოთხოვნილება წინა ფაზასთან შედარებით მცირდება.

მეხუთე ბიოლოგიური ფაზა იწყება ყურძნის თვალში შესვლით და მთავრდება სრული სიმწიფით. ის გრძელდება 20-60 დღე. მარცვალი იწყებს შერბილებას და ჯიშისათვის დამახასიათებელ შეფერილობის მიღებას. მასში გადადის ფოთოლში წარმოშობილი ნახშირწყლები, რომელთაგან სახამებელი გარდაიქმნება გლუკოზად, მცირდება მჟავიანობა.

მეექვსე ბიოლოგიური ფაზა იწყება ყურძნის ფიზიოლოგიური სიმწიფით, გრძელდება 34-45 დღე და მთავრდება ფოთოლცვენით. რთველი იწყება მაშინ, როცა შაქრიანობა 18-20, ხოლო მჟავიანობა 8-9 %-მდე შემცირდება.

ვაზი კვების პირობების მიმართ შედარებით დაბალი მოთხოვნილებით გამოირჩევა, ამიტომ ის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე მოჰყავთ, სადაც მთელი რიგი კულტურების მოყვანა შეუძლებელია ან არ შეიძლება, მიუხედავად ამისა ყველაზე მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევა მსუბუქ, ღრმა, სტრუქტურულ ჰუმუსით უზრუნველოფილ ნიადაგებზე, განსაკუთრებით კარბონატულ ნიადაგებზე.

დაბალი მოსავლიანობით განოირჩევა დასავლეთ საქართველოს მჟავე ნიადაგებზე გაშენებული ვენახები. ამიტომ ისინი 10-15 წელიწადში ერთხელ აუცილებლად მოითხოვენ კირით ტკილით ან დოლომიტით მოკირიანებას, დაუშვებელია ბიც და ბიცობ ნიადაგებზე ვენეხის გაშენება მოთაბაშირების გარეშე.

ვაზის მეზოფიტ მცენარეთა ჯგუფს ეკუთვნის. მისი ფესვთა სისტემა ვითარდება ნიადაგის ღრმა ფენებში და გვალვიან პირობებშიც ითვისებს, ტენისა და საკვები ელემენტების საკმაო რაოდენობას და იძლევა ნორმალურ და მაღალხარისხიან მოსავალს. მაგრამ მეტად გვალვიან ადგილებში, სადაც წლიურად 400 მმ ნაკლები ნალექი მოდის საჭიროებს 1- 2 ჯერ მორწყვას.

ვაზის მთავარი ბიოლოგიური თვისება არის კარგად გამოხატული მრავალი მინერალური კვების ელემენტების ხელახალი რეუტილიზაცია სამარაგო ორგანოებიდან, ძველი ფოთლებიდან, ყლორტებიდან, მერქნიდან, ფესვებიდან და მათი გადაასვლა ახალგაზრდა ფოთლებში და ყლორტებში.

საკვები ელემენტების სიმცირისა და სიჭარბის სიმპტომები ვაზისათვის

აზოტი

აზოტს ვაზის ყველა ორგანო შეიცავს დაახლოებით 1-3% რაოდენობით. ის დიდი რაოდენობით შედის ფოთლებში ყლორტებსა და მზარდ ნაწილებში. ამ ელემენტის სიმცირის შემთხვევაში მკვეთრად ეცემა ყურძნისა და ღვინის ხარისხი.

აზოტის სიმცირე პირველ რიგში შეიმჩნევა ქვედა ფოთლებზე, რომელთაც ბევრად უფრო წვრილი აგებულების არიან ვიდრე ნორმალური ფოთლები. ამასთან ერთად ისინი იღებენ მომწვანო მოყვითალო შეფერვას, ყლორტები სუსუტად იზრდება და გააჩნიათ მოკლე მუხლთშორისები.

აზოტით შიმშილის დროს მისი ფოთლების უმრავლესობა ქლოროზით ავადდება, ალაგ-ალაგ ამავე ფოთლებს გადაჰკრავს წითელი შეფერილობა, დაძარღვაც ყვითელი შეფერვისაა. ზოგიერთი  ყლორტები წყვეტენ ზრდას.

ვაზისათვის საზიანოა აზოტით ჭარბი კვებაც, განსაკუთრებით მაშინ როცა ირღვევა თანაფარდობა ამ ელემენტისა ფოსფორთან კალიუმთან რკინასთან და სხვა ელემენტებთან. მართალია ამ შემთხვევაში ვეგეტატიური ორგანოები მძლავრად იზრდებიან, მაგრამ ინვითარებენ განსაკუთრებით მცირე რაოდენობით მტევანს, ამასთან ერთად ყურძენი გვიან მწიფდება, გამოირჩევა დაბალი შაქრიანობით.

აზოტის ჭარბი კვების პირობებში ფოთლები შეფერილია მუქ მწვანედ, ყლორტებიც მწვანე შეფერილობისაა და მძლავრად იზრდებიან, ადვილად ავადდებიან და ზიანდებიან მავნებლებისაგან. საგრძნობლად ეცემა ვაზის გვალვა და ყინვა გამძლეობა, ვინაიდან შემოდგომით ხანგრძლივდება ვეგეტაცია, ყლორტები ვერ ასწრებენ მომწიფებას და ზამთარში ადვილად იყინებიან.

ძალზე დაბალია მიღებული ყურძნისა და ღვინის ხარისხი. სასუფრე ყურძნის მარცვალი ადვილად სკდება და ლპება. ძალზე მცირდება მისი შენახვის ხანგრძლიობა. აზოტით მოჭარბებული კვებისას ღვინო მასალაში გადადის საკმაოდ დიდი რაოდენობით ცილოვანი შენაერთები. ასეთი ღვინო ცუდად იფილტრება და ადვილად იმღრევა, რის გამოც მეტად დაბალია მისი სასაქონლო ღირებულება. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ ასეთი ღვინო ადვილად ავადდდება განსაკუთრებით თაგვის გემოთი.

ფოსფორი

ფოსფორის შემცველობა ვაზის ორგანოებში 1%-მდე აღწევს. ის ზრდის ვაზის ავადმყოფობათა მავნებლებთა, გვალვა და ყინვა გამძლეობას. ფოსფორის სიმცირის დროს სუსტად ვითარდება ვაზის ფესვთა სისტემა და მიწისზედა ორგანოები, ძლიერ მცირდება გენერაციული ორგანოების წარმოქმნა და ფორმირება, ყვავილობისა და მსხმოიარობის პროცესი.

ვაზი ინვითარებს მცირე ზომის მუქ მწვანედ შეფერილ ფოთლებს, რომლებიც ყლორტის ქვედა იარუსზე იღებენ ალისფერ შეფერილობას. ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფოთლის ზოგიერთი მონაკვეთის ხმობას.

ფოსფორით ნორმალური კვება ადიდებს მოსავლიანობას, აჩქარებს ნაყოფების მომწიფებას, ზრდის შაქრების შემცველობას და აუმჯობესებს ღვინის ხარისხს. ამ ელემენტით მოჭარბებული კვება მნიშვნელოვნად ამცირებს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობას, ამცირებს სავეგეტაციო მასის რაოდენობას, რაც მოსავლის მნიშვნელოვანი შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

კალიუმი

კალიუმი საერთო შემცველობა ვაზის ორგანოებში 2 %-მდეა. მისი ნაკლებობისას ვაზის ინვითარებს დიდი რაოდენობით წვრილ ფოთლებს, რომლთა კიდეები კალიუმის დეფიციტის პირობებში მთელ გარშემოწერილობაზე იღებს ყავისფერ შეფერილობას და ხმება, რაც არის ამ ელემენტის სიმცირის სიმპტომი ,,კიდეების სიდამწვრე”.

ზოგიერთი ქვედა იარუსის ფოთოლი იღებს შვინდისფერ შეფერილობას და ისინიც ხმებიან. ვაზის ყლორტები ინვითარებს მოკლე მუხლთშორისებს და მრავალ წვრილ ნამხრევს. ყურძნის მარცვლი უჯრედის კედლები თხელდება უჯრედანას შემცველობის შემცირების გამო, ამიტომ უხვნალექიან პერიოდში ან ჭარბი რწყვის დროს მარცვლის კანი ადვილად სკდება და ლპება. მცირდება მასში შაქრიანობა, იზრდება მჟავიაანობა, რის შედეგადაც ეცემა ღვინის ხარისხი.

კალიუმით ნორმალური კვება ხელს უწყობს ქსოვილების უკეთ დიფერენცირებას, და საკვებ ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ადიდებს ვაზის გამძლეობას არახელსსაყრელი პირობების მიმართ.

კალციუმი

კალციუმი აუმჯობესებს ღვინის ხარისხს, ზრდის ყურძენში შაქრიანობას, რის გამოც უფრო მაღალი ხარისხის ღვინო მზადდება. ის ღვინოს მატებს სიხალისეს, აუმჯობესებს ბუკეტს. ამ ელემენტით ჭარბი კვება იწვევს ვაზის დავადებას ქლოროზით.

მაგნიუმი და რკინა

ზოგიერთ ნიადაგზე ვაზი განიცდის მაგნიუმის და რკინის ნაკლებობას, რაც ხშირ შემთხვევაში ქლოროზით დავაადების მიზეზი ხდება და საგრძნობლად ამცირებს მიღებული ყურძნის და ღვინის ხარისხს.

მიკროელემენტები

ბორის სიმცირე უარყოფით გავლენას ახდენს ვაზის ახალგაზრდა მოზარდი ორგანოების ზრდა-განვითარებაზე და მსხმოიარობაზე, ნაყოფებში შაქრების შემცვლობაზე. განსაკუთრებით იჩაგრება ფესვისა და ღეროს ზრდის წერტილები, რომლებიც ძლიერი დეფიციტის პირობებში ხმებიან და შემდგომში ხელსაყრელ პირობის დადგომისას კვლავ ანახლებენ ზრდას და 2-3 ყლორტს და ათეულობით ფესვვებს წარმოქმნიან.

დავადებული მცენარეები მცირე რაოდენობით მტევნებს და ყვავილებს ინვითარებენ, რომელთა მტვრის მარცვალს არ გააჩნია განაყოფიერების უნარი, რის გამოც მტევანზე ძალზე შემცირებულია გამონასკვის პროცენტი და გაზრდილია წვრილი და განუვითარებელი მარცვლების რიცხვი. გარდა ამისა ბორის დეფიციტის პირობებში ცხელ ამინდში ადგილი აქვს ვაზის ნეკროზით დაზიანებას რომელიც, წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს და არა სოკოვან დავადებას.

თუთიის სიმცირის დროს პირველ რიგში იჩაგრება და მუხრუჭდება ვაზის ახალგაზრდა ორგანოების ზრდა–განვითარება. მისი ფოთლები იღებენ მოთეთრო მოყვითალო მომწვანო შეფერილობას. შემდგომში შიმშილის გახანგრძლივებისას როგორც ზედა ისე შუა იარუსის ფოთლებზე ვითარდება ძარღვთშორისი ქლოროზი და დავადებული ადგილები იწყებენ ხმობას. მტევანზე ვითარდება დიდი რაოდენიბით დეფორმირებული მარცვლები.

მანგანუმის სიმცირის შემთხვევაში ვაზის ზრდა ჩერდება, მაგრამ ზრდის წერტილები არ ზიანდება. ის აპირობებს ზედა იარუსის ფოთლების ძარღვთშორიშების ქლოროზს, რომლის დროსაც ფოთოლს გააჩნია მოყვითალო ან მოყვითალი-მოწითალო შეფერილობა.

ქლოროზით დავადებული ადგილები ზოლებად არიან განლაგებული ფოთლის ფირფიტაზე. თუ ამ ელემენტით შიმშილი დროულად არ იქნა აღკვეთილი, ადგილი აქვს ქლოროზით დავადებული ქსოვილების მთლიანად გახმობას.

მოლიბდენის სიმცირე აპირობებს მცენარეში აზოტის ცვლის დარღვევას, რის გამოც ზედა იარუსის ფოთლების ძარღვებშორისებში თავდაპირველად შეინიშნება ღია მწვანე ან მკრთალი ყვითელი შეფერვა, რომლებიც შემდგომში მთლიანად ქლოროზული და ალაგ-ალაგ ამობურცული ხდებიან და ხმებიან. ფოთლის კიდეები ზემოთ არის ამოხვეული.

ვაზზე მიკროელემენტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად ყველაზე სწრაფმომქმედ და იაფფასიან ღონისძიებას მიკროსასუქებით ფესვგარეშე გამოკვებაა წარმოადგენს.

ვენახის მოთხოვნილება საკვებ ელემენტებზე და მათი გამოტანა მოსავლით

ვენახის ფესვთა სისტემის ძირითადი მასა მოთავსებულია 20-60 სმ ფენაში. ტენიან პირობებში 15-30 სმ ფენაში. ეს სპეციფიკა გათვალისწინებული უნდა იქნეს ნიადაგში სასუქების შეტანისას.

ვაზს სავეგეტაციო პერიოდში საკვები ელემენტების შეთვისება შედარებით გაგრძელებული აქვს. ამასთან აზოტისა და ფოსფორის შეთვისება ძლიერდება ყვავილობის პერიოდში. აზოტის დღეღამური შთანთქმა სიმწიფის პერიოდში მკვეთრად მცირდება, კალიუმის იზრდება. აზოტის მაქსიმალური დაგროვება ემთხვევა, ვეგეტატიური ორგანოების ზრდის დამთავრებას, ფოსფორისა და კალიუმის-ყურძნის ტექნიკური სიმწიფის პერიოდს.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე ზრდის დასაწყისში, განსაკუთრებით კი ყვავილობის ფაზაში ვაზი უფრო მგრძნობიარეა, აზოტისა და ფოსფორის სიმცირის მიმართ, მომწიფების პერიოდში კალიუმის მიმართ.

ვაზი მსხმოიარობის ორგანოების ფირმირებას იწყებს წინა წელს და ამთავრებს შემდეგ წელს კვირტების გაშლის წინ. ამიტომ ვეგეტაციის დასაწყისში საკვები ელემენტებით არასაკმარისი უზრუნველყოფა იწვევს, მათ ძლიერ უკუდენას მტევანებში, რის გამოც სუსტდება საყვავილე კვირტებისს ჩასახვა, რაც აპირობებს ყურძნის მოსავლის შემცირებას შემდეგ წელს.

ვაზის მიერ საკვები ელემენტების გამოტანა ძალზე მერყეობს და იცვლება განვითარების ფაზების, ნიადაგურ –კლიმატური პირობების, ჯიშური თავისებურებების, დატვირთვის, მსხმოიარობის, მცენარის ასაკის, აგროტექნოლოგიური ღონისძიებების ჩატარების ხარისხის მიხედვით.

საადრეო ჯიშების მიერ უფრო ნაკლები რაოდენობით საკვები ელემენტები გამოიტანება, ვიდრე საგვიანი ჯიშების მიერ. მალახოვას მონაცემებით 100 ც ყურძნის მოსავლის დროს ვაზის მოსავლით და ანასხლავით 1 ჰა-ზე გამოიტანება; 39,7კგ აზოტი, 14,2 კგ P2O5; 44,1 კგ K2O; 51,4 კგ CaO; 9,2კგ MgO; 130 გ B; 21გ Cu; 230გ Mn; 75 გ Zn, 1040 გ Fe.

ორგანული სასუქებისა და მაკრო და მიკროელემენტების საორიენტაციო ნორმები ვაზის კულტურისათვის 

მევენახეობაში სასუქების ეფექტურობის გაგადიდებისათვის დიდი ნიშვნელობა ენიჭება საკვები ელემენტებს ნორმების ზუსტად დადგენას, რომლებიც ცვალებადობს ვაზის ბიოლოგიური თავისებურებების, ხნოვანების, ნიადაგის ნაყოფიერების, კლიმატური პირობების გამოყენებული სასუქების ფორმების, გასარწყავების და ვაზის დატვირთვის ხასიათის მიხედვით.

ჩამოთვლილი მახასიათებლების შესაბამისად მსხმოიარე ვენახებისა და სადედეების გასანოყიერებლად გათვალისწინებულია ორგანული და მინერალური სასუქების დიფერენცირებული ნორმები. ორგანული სასუქებიდან ნაკელი საჭიროა გამოყენებული იქნეს აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ ვენახებში 20-25ტ, სარწყავებში 25-30 ტ, ხოლო დასავლეთ საქართველოს ვენახებში 30-40ტ 3-4 წელიწადში ერთხელ.

მინერალური სასუქების ნორმების დიფერენცირება უმჯობესია მოხდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მიხედვით სარწყავი და ურწყავი პირობებისათვის.

აღმოსავლეთ საქართველოს კახეთის რაიონებისა ვენახებისათვის რეკომენდირებულია აზოტის – 45-60-90 კგ შეტანა, ფოსფორის 60-90 და კალიუმის 40-90კგ/ჰა კახეთისა და ქართლის სარწყავი ვენახებისათვის აზოტი 60-90-120; ფოსფორი 60-90-120; კალიუმი 60-90კგ/ჰა. დასავლეთ საქართველოს ზომიერ ნალექიან რაიონებში აზოტი შეიტანება 90-120-150, ფოსფორი 90-120, კალიუმი 60-90 კგ/ჰა.

აღმოსავლეთ საქართველოს ფილოქსერა გამძლე ვაზის სადედეებში აზოტიანი სასუქი შეტანილი უნდა იქნეს 120-150-160 კგ/ჰა, ფოსფორი 90-100-120კგ/ ჰა, კალიუმი 60-90 კგ/ჰა:

სანერგეებში N90 P90 K60, დასავლეთ საქართველოს სადედეებში აზოტი 120-150-150, ფოსფორი 100-220, კალიუმი 90 კგ /ჰა სუფთა საკვები ნივთიერების ანგარიშით. იხ. ცხრ.განოყიერება

თანაამედროვე პირობებში მევენახეობაში სასუქების სისტემტური გამოყენებისას რეკომენდირებულია უფრო ზომიერი ნორმების შეტანა, ვინაიდან ვაზის მიერ საკვები ელემენტების პროდუქტიული გამოტანა ბევრად დაბალია შეტანილ რაოდენობაზე, ამიტომ სასუქების მაღალი ნორმების გამოყენებას მივყავართ ვაზის ორგანოებში საკვები ელემენტების ჭარბი როდენობით დაგროვებამდე, რაც უარყოფითად მოქმედებს ვაზის შემდგომ კვებაზე და ზრდაზე, აპიროებს პროდუქციის ხარისხის გაუარესებას და გარემოს ძლიერ გაჭუჭყიანებას. განსაკუთრებით სიფრთხილე გვმართებს აზოტის მაღალი ნორმების 100-250 კგ ჰა გამოყენებისას, რასაც ბევრი მკვლევარი ურჩევს.

აზოტის ასეთი მაღალი ნორმები ძალზე უარყოფით როლს ასრულებენ გენერაციული ორგანოების განვითარებაში და კვირტების ჩასახვაში.

ვენახის 70-100 ც/ჰა მოსავლიანობის დროს არ არის რეკომენდირებული სრულ მინერალურ სასუქში ცალკეული საკვები ელემენტის ნორმის 90 კგ ზევით გადიდება, 100-150 ც/ჰა მოსავლიანობის დროს 120 კგ ზევით გადიდება, ის ეკონომიკურედაც გაუმართლებელია და ფიზიოლოგიურადაც, ვინაიდან ვერ იწვევენ მოსავლის საგრძნობ მატებას, ადიდებს ნიადაგის ხსნარის კონცენტრაციას და ამით ართულებს მცენარის კვებას.

ვენახის ქვეშ სასუქების შეტანის ხერხები და წესები

ვენახის განოყიერების სისტემა შედგება; დარგვამდე, რგვის დროს, ახალგაზრდა და მსხმოიარე ვენახის განოყიერებისაგან.

დარგვამდე განოყიერება

დარგვამდე განოყიერება ნიადაგის ნაყოფიერების გადიდებასთან ერთად, ოპტიმალურ კვების პირობებს ქმნის ვაზის ზრდის დასაწყისში. აქ წამყვანი როლი ეკუთვნის ნაკელს, ფოსფორკალიუმიან სასუქებს. ისინი დადებითად მოქმედებენ ვაზის ნერგის გახარებაზე და განვითარებაზე, მსხმოიარობაში შესვლაზე, მოსავლიანიბაზე, ყურძნისა და ღვინის ხარისხზე.

თიხიან ნიადაგზე რეკომენდირებულია პლანტაჟის წინ შეტანილი იქნეს 60-80 ტ ნაკელი, მსუბუქ ნიადაგებზე 90-120 ტ. შავმიწებზე 40 ტ. დანარჩენი ტიპის ნიადაგებზე 60ტ ნაკელი. რაც უფრო ღარიბია ნიადაგი ჰუმუსით მით მეტი უნდა იყოს ორგანული სასუქების ნორმა. თუ მეურნეობაში არ მოიპოვება ორგანული სასუქების რეზერვები მაშინ იყენებენ სიდერატებს, რომელთა ჩახვნას აწარმოებენ პლანტაჟამდე ერთი წლით ადრე, ფოსფორისა და კალიუმის შეტანა პლანტაჟის დროს უნდა მოხდეს, ნიადაგში მათი შემცველობის მიხედვით. P100-150 კგ/ ჰა.

კარგ შედეგს იძლევა პლანტაჟის წინ ამ ნორმის ორ- სამჯერ გადიდება – P300 კგ/ ჰა რგვის დროს განოყიერება კარგად დაფესვიანებულ ვაზს, ზრდის პირველ პერიოდში ნორმალური კვებისათვის ესაჭიროება დარგვის დროს სასუქების შეტანა. ამ მიზნით სარგავი ორმოს ძირში შეაქვთ 1-2 კგ კარგად გადამჭვარი ნაკელი, 10 გ P2O5 , 6-12გ K2O; და კარგად აურევენ ნიადაგთან და ზემოდან ფარავენ 2-3 სმ ნიადაგის ფენით.

ახალგაზრდა ვენახის განოყიერება

თუ პლანტაჟისა და რგვის დროს შეტანილია მინერალური და ორგანული სასუქები, ახალგაზრდა ვაზი განოყიერებას აღარ საჭიროებს მხოლოდ მესამე – მეოთხე წლიდან იწყება 30- 40 კგ ახოტიანი სასუქის გამოყენება.

თუ პლანტაჟის ან დარგვის დროს ორგანული და მინერალური სასუქები არ იქნა შეტანილი, მაშინ ნიადაგში საკვები ელემენტებით ძალზე დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიტანება 60-80კგ აზოტის, ფოსფორის და კჯალიუმის დაბალი უზრუნველყოფის შემთხვევაში 40-60 კგ/ჰა, საშუალო უზრუნველყოფისას 30-40 კგ. ძალზე მაღალი უზრუნველყოფის შემთხვევაში სასუქი საერთოდ არ შეაქვთ.

მსხმოიარე ვენახის განოყიერება

მსხმოიარე ვენახში სასუქების ნორმები დაზუსტებული უნდა იქნეს ნიადაგის აგროქიმიური მაჩვენებლების, ტენით უზრუნველყოფის, მცენარის მდგომარეობის, ფოთლებში საკვები ელემენტების შემცველობის, წინა წლის მოსავლის დონის და ხარისხის მიხედვით. თუ პლანტაჟის დროს შეტანილია ნაკელი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, მსხმოიარობის დასაწყისში რეგულარულად შეაქვთ მხოლოდ აზოტიანი სასუქები. ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები შეაქვთ ნიადაგში ფოსფორისა და კალიუმის შემცველობის მიხედვით: ძალიან დაბალი უზრუნველყოფისას 2-4 წლის შემდეგ, დაბალი უზრუნველყოფისას 4-6 წლის, საშუალო – 6-7 და მაღალი უზრუნველყოფისას 7-8 წლის შემდეგ.

ორგანული სასუქების შეტანის პერიოდულობას ადგენენ ნიადაგში ჰუმუსის შემცველობის მიხედვით: დაბალი უზრუნველყოფისას 2-3 წლის შემდეგ, საშუალო – 3-4, მაღალი 4-5 და ძალიან მაღალი უზრუნველყოფისას 5 წლის შემდეგ. ორგანული სასუქებიდან შეაქვთ ნაკელი, ბიოჰუმუსი, ტორფკომპოსტები, შერეული კომპოსტები, ჭაჭა და სხვა ანარჩენები. აქედან ბიოჰუმუსი და ნაკელი ძირითადად სხვა კულტურების გასანოყიერებლად გამოიყენება, ამიტომ საკმაოდ რენტაბელურია ვენახში სიდერატების თესვა-მოყვანა.

აღმოსავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე სიდერატებად მწკრივთაშორისებში თესავენ ცერცველასა და მუხუდოს ნარევს, დასავლეთ საქართველოში ლურჯ ხანჭკოლასა და სოიას. მათი ნიადაგში ჩაკეთება ხდება აქტიური ყვავილობისას.

მევენახეობაში იყენებენ აგრეთვე შემოდგომის სიდერატებს, რომლებსაც სექტემბერ-ოქტომბერში თესავენ და ნიადაგში ჩახვნას აწარმოებენ ადრე გაზაფხულზე, მწვანე სასუქები ამდიდრებენ ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით, დაქანებულ ფართობებზე კი იცავენ ნიადაგს ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისგან.

სიდერატების თესვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან და ძლიერ დაქანებული რელიეფის მქონე ფართობებზე. აზოტიანი სასუქების 60% ნიადაგში შეაქვთ გაზაფხულხე ვეგეტაციის დაწყებისა და ნიადაგის გადახვნის წინ. ამ სასუქებიდან ვენახის გასანოყიერებლად გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა, შარდოვანა და ამონიუმის სულფატი. ფოსფორიანი სასუქებიდან- მარტივი სუპერფოსფატი, ორმაგი სუპერფოსფატი და ფოსფორიტის ფქვილი. კალიუმიანი სასუქებიდან კალიუმის ქლორიდი და კალიუმის 40 % მარილი.

სარწყავ პირობებში განსაკუთრებით მსუბუქ ნიადაგებზე სასუქების ნორმის ნახევარი შეაქვთ ძირითადი განოყიერებისას, დანარჩენი ორი გამოკვების სახით. კომპლექსური სასუქებიდან ვენახის გასანოყიერებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ამოფოსი, დიამოფოსი, ნიტროფოსი, ნიტროამოფოსი, ნიტროფოსკა, ნიტროამოფოსკა.

მიკროელემენტების სიმცირის აღმოჩენისას ვენახში აუცილებლად უნდა იქნეს შეტანილი მიკროსასუქები.

მიკროსასუქებიდან გამოიყენება ბორის მჟავა, თუთიის სულფატი, მოლიბდენმჟავა ამონიუმი, მანგანუმის შლამი და სპილენძის სულფატი, რომელთა ნორმები, შეტანის ვადები და წესები ციტრუსოვანი კულტურების ანალოგიურია.

დამატებითი გამოკვება

მსხმოიარე ვენახის მოსავლიანობის გადიდების საქმეში საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ფესვური და ფესვგარეშე გამოკვების ჩატარება მაკრო და მიკროელემენტებით. ვაზის ქვეშ დასაწყისს, რაც ყვავილობის წინა პერიოდს ემთხვევა. ამ პერიოდში შეიტანება აზოტის სრული ნორმის 40 %.

გამოკვებაში შესატანი აზოტიანი სასუქის რაოდენობა დამოკიდებულია მოსავლის დონეზე, დაბალი მსხმოიარობის შემთხვევაში აზოტის ნორმას ამცირებენ, ხოლო თუ მაღალია მსხმოიარობა იგივეს ტოვებენ, ან ადიდებენ. გამოკვებაში აზოტიანი სასუქებიდან შეიტანება ამონიუმის გავარჯილა და შარდოვანა. ვენახის გამოსაკვებად აზოტიან სასუქთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაკელის წუნწუხი.

ნიადაგში მიკროსასუქების გამოსაკვებად შეტანილი ნორმა ფართის ფარგლებში მერყეობს. მათი ეფექტურობა დამოკიდებულია ნიადაგის თვისებებზე. ხშირად არის შემთხვევა, როცა მინერალური სასუქები ეფექტს არ იძლევიან, მიკროსასუქებიდან მიღებული მოსავლის მატება კი თვალსაჩინოა.

მევენახეობაში ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია მიკროელემენტების შემცველი ხსნარებით ფესვგარეშე გამოკვების ჩატარება. ამ მიზნით იყენებენ ბორის, თუთიის, მანგანუმის, სპილენძის შემცველი მარილების სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებს, პირველ შესხურებას აწარმოებენ ყვავილობის წინ და შემდგომში საჭიროების და მიხედვით რამდენჯერმე იმეორებენ. თუ ვაზს რამდენიმე მიკროელემენტი აკლია, უმჯობესია მათი ერთთდროულად შესხურება.

შრომის გაიოლებისა და დანახარჯების შემცირების მიზნით უმჯობესია მიკროსასუქების ხსნარების შესხურება ბორდოს ხსნართან ან სხვა პრეპარატების ხსნარებთან ერთად, რომლებიც მიკროელემენტებს უხსნად ფორმაში არ გადაიყვანენ. ნიადაგში ბორი შეიტანება 2-3 კგ/ჰა ნორმით, ბორის მჟავას სახით. კარგ შედეგს იძლევა ამ სასუქის 0,01-0,03 % ხსნარით ფესვგარეშე გამოკვების ჩატარება (10-30გ 100 ლ-ში).

თუთიის შესატანი ნორმა არის 3-6 კგ/ჰა. საჭიროების შემთხვევაში წარმოებს თუთიის სულფატის 0,02-0,05 % ხსნარის ფოთლებზე შესხურება (20-50 გ 100 ლ-ში). მოლიბდენის ნორმა ყველა ტიპის ნიადაგზე 1,5-2,0 კგ/ჰა. ის შეიტანება მოლიბდენმჟავა ამონიუმის სახით. ფესვგარეშე გამოკვებისას გამოიყენება ამ სასუქის O0,02-0,03 % ხსნარი (20-30 გ 100 ლ-ში).

მანგანუმის შემცველი მიკროსასუქების მანგანუმის შლამისა და მანგანუმის სულფატის 3-6 კგ/ჰა გამოყენება ვენახზში საჭირო ხდება კირის მაღალი ნორმების შეტანისას. ფესვგარეშე გამოკვებისათვის გამოიყენება მანგანუმის სულფატის 0,05-0,1 % ხსნარი.

უკანასკნელ წლებში ევროპის მოწინავე მევენახეობის ქვეყნებში ვაზის კულტურის ბალანსირებული კვებისათვის ფართოდ დაინერგა წარმოებაში ახალი კომპლექსური სასუქების კრისტალონებისა და ტესნო კოქტეილის გამოყენება. კრისტალონის მრავალიფორმიდან როგორც პრაქტიკოსთა გამოცდილება გვიჩვენებს უმჯობესია ყვითელი და ყავისფერი მარკა.

მინერალური და ორგანული სასუქების შეტანის ვადები და ტექნიკა

ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების ვაზის კულტურის ქვეშ შეაქვთ შემოდგომაზე გადაბარვის წინ 18-22სმ სიღრმეზე. უფრო ეფექტურია მათი სამ წელიწადში ერთხელ შეტანა 40-60სმ სიღრმეზე. ახალი ნაკელი როგორც წესი შეტანილ უნდა იქნას შემოდგომით. იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს ვაზის ფესვთა სისტემა, სასუქების შეტანა და ნიადაგში ჩაკეთება უმჯობესია მოვახდინოთ მწკრივის გამოტოვებით.

აზოტიანი სასუქები ნიადაგში შეაქვთ გაზაფხულზე. მისი 60% შეიტანება ვეგეტაციის დასაწყისში, 40% – ყვავილობის წინ. წილადობრივი შეტანით მცირდება აზოტის ჩარეცხვითი და აქროლებადი დანაკარგები, იზრდება მისი გამოყენების კოეფიციენტი.

თუ ვენახის გასანოყიერებლად ვიყენებთ რთულ სასუქებს – ამოფოსს ან დიამოფოსს, ისინი შეტანილ უნდა იქნას საგაზაფხულო გადახვნის წინ, მათში ფოსფორის შემცველობის მიხედვით. აზოტის დანაკლისი შეტანილი უნდა იქნას გამოკვებაში მარტივი აზოტიანი სასუქების ამონიუმის გვარჯილის ან შარდოვანის სახით.

თუ ვენახის ქვეშ შეგვაქვს ნიტროფოსი, ნიტროამოფოსი ან ნიტროამოფისკა და სხვა აზოტის შემცველი სასუქების გამოყენება გათვალისწინებული არ არის, მაშინ მათი ნაწილი შეტანილ უნდა იქნას გაზაფხულზე გადახვნის წინ, ან კულტივაციის დროს, ხოლო მეორე ნაწილი – გამოკვებაში.

თუ ვენახის ქვეშ გათვალისწინებულია ამონიუმის სულფატისა და თხევადი აზოტიანი სასუქების უწყლო ამიაკისა და ამონიაკური წყლის შეტანა, ისინი უმჯობესია შეტანილ იქნას გაზაფხულზე გადახვნის წინ, გამოკვება კი წარმოებული უნდა იქნეს ამონიუმის გვარჯილით ან შარდოვანათი.

ავტორები: ა. თხელიძე; ც. სამადაშვილი; ხ.დობორჯგინიძე
„ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა“

წამლობისა და განოყიერების კონკრეტული სქემა დამოკიდებულია ნიადაგის ანალიზზე, კლიმატზე და სხვა ფაქტორებზე.

ვენახისთვის არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიური სქემა, როგორც ქიმიური, ისე ორგანული არჩევანს აკეთებს ფერმერი საკუთარი მიზნებისა და შეხედულებების შესაბამისად.

თქვენი რეკლამა