ვაზის განვითარების ძირითადი ფაზები

672 Views

მევენახეობის განვითარების ძირითად ქვეყნებში, ე.ი. ზონაში, სადაც გაბატონებულია ზომიერი და თბილი კლიმატი, მათ შორის საქართველოში, ვაზის განვითარების წლიური ციკლი ორ პერიოდად იყოფა: სავეგეტაციო პერიოდი და მოსვენების პერიოდი.

ტროპიკულ ქვეყნებში კი, სადაც მევენახეობას არ მისდევენ და ყურძენი მხოლოდ ხილად გამოიყენება, ვაზი რემონტატიული მცენარეა და მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იზრდება და მსხმოიარობს.

საქართველოს პირობებში ვეგეტაცია იწყება გაზაფხულზე, როდესაც ფესვთა სისტემა ამოქმედდება, კვირტები გაიშლება და ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა 10°C-ს აღწევს; ვეგეტაცია მთავრდება შემოდგომაზე, როდესაც საშუალო დღეღამური ტემპერატურა 100C-ზე დაბლა იწევს. მაშინ ზემოქმედების ძალით ყლორტები წყვეტენ ზრდას და იწყება ფოთოლცვენა.

ვაზის სავეგეტაციო პერიოდი შედგება შემდეგი ფაზებისგან

1. ფაზა – წვენის მოძრაობა (ვაზის ტირილი) – იწყება „ვაზის ტირილით” კვირტის გაშლის დასაწყისამდე;

2. ფაზა – კვირტების გაშლა და ყლორტების ზრდა, იწყება კვირტების გაშლიდან და მთავრდება ყვავილობის დასაწყისში;

3. ფაზა – ყვავილობა, ყვავილობის დაწყებიდან დამთავრებამდე;

4. ფაზა – მარცვლების ზრდა;

5. ფაზა – მარცვლების მომწიფება – ყურძნის შეთვალებიდან მათ სრულ სიმწიფემდე;

6. ფაზა – ყურძნის სრული სიმწიფიდან ფოთოლცვენამდე.

წვენის მოძრაობის დასაწყისი ანუ ვაზის ტირილი

ფაზა იწყება გამჭვირვალე სითხის ჭარბად გამოყოფით რქის გადანაჭერ ადგილზე. ვაზის ტირილი აიხსნება ფესვთა სისტემის შემწოვი ფუნქციის ამოქმედებით. ფესვური წნევით სითხე გადადის ჭურჭელბოჭკოვან კონებში და იღვრება სხვლის დროს მიყენებული ჭრილობის ადგილზე.

ვაზის ტირილის დაწყება დამოკიდებულია ნიადაგის ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ვიტის ვინიფერას (v. vinifera) სახეობის ჯიშებს, მათ შორის ქართულ ჯიშებს, ტირილის ფაზა ეწყებათ, როცა ნიადაგის 40-60 სმ სიღრმეზე ტემპერატურა აღწევს 7-9°C–ს.

ეს ფაზა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, იწყება მარტის ბოლოს და მთავრდება აპრილის შუა რიცხვებში. ტირილის ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 9-50 დღემდე. წვენის გამონადენი ერთ ძირ ვაზზე საშუალოდ შეადგენს 1,5-3 ლიტრს.

ვაზის წვენი (ცრემლი) წარმოადგენს თითქმის სუფთა წყალს. ერთ ლიტრ წვენში არის მხოლოდ 1-2 გრ. მშრალი ნივთიერება, რომელთა შორის არის ორგანული ნაერთები (შაქრები, აზოტი) და მინერალური ნივთიერებები (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორის მჟავა).

წვენთა მოძრაობა წყდება კვირტის გაშლის შემდეგ, როცა ახალგაზრდა ფოთლები დაიწყებენ წყლის აორთქლებას. ტენის სიმცირის გამო შეიძლება ვაზის ტირილი შემცირდეს, ან საერთოდ არ ჩატარდეს (გვალვის პირობებში).

კვირტის გაშლა და ყლორტების ზრდა

გაზაფხულის დასაწყისში, როცა ჰაერის სადღეღამისო ტემპერატურა 10°C მიაღწევს, იწყება წყლისა და საკვები ნივთიერებების მიწოდება ზრდის წერტილებში.

ზრდის წერტილები იწყებენ აქტიურ დაყოფას და ამით იწყება შემოდგომაზე შეწყვეტილი კვირტების ჩამოყალიბების პროცესის განახლება – თავიდან იბერება კვირტები, შემდგომ კვირტის საფარი ქერტლი სკდება და გამოჩნდება ყლორტის წვერი, შემდგომ კი – მთლიანი ყლორტი თავისი ნაწილებით.

მრავალგვარ ეკოლოგიურ პირობებში კვირტების გაშლა სხვადასხვა დროს ხდება. ეს პროცესი, გარდა კლიმატური პირობებისა, დამოკიდებულია ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებებზე. საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშები კვირტის გაშლას ადრე იწყებენ.

უმრავლესი ჯიშის კვირტი აპრილში იშლება, ხოლო დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზონაში – მარტის ბოლოსაც მიმდინარეობს. კვირტების დაბერვა და გაშლა არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდი ვაზის განვითარებაში, რადგან ამ პერიოდში მიმდინარეობს ყვავილედის დიფერენციაცია, ხდება კლერტის ნაწილების სწრაფი წარმოშობა, რის გამოც ყვავილედები იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე ყლორტის წვერი.

არასაკმარისი კვების დროს ყვავილედის ჩანასახი ნელა დიფერენცირდება, წარმოიშობა პწკალიანი, დაუმთავრებელი ყვავილედი და ზოგჯერ სულ იღუპება. კვირტის გაშლიდან ყვავილობის დაწყებამდე პერიოდში მიმდინარეობს ყლორტების სწრაფი ზრდა, ფოთლის იღლიაში კი წარმოიშობა ნამხრის კვირტები, რომლისგანაც წარმოიქმნება ნამხარი, აქტიური ზრდის პერიოდში ყლორტი დღეღამეში 10 სმ-მდე იზრდება.

ყლორტები და ფესვები იზრდებიან შტამბში ძველ ფესვებში არსებული სამარაგო ნივთიერებების ხარჯზე, ხოლო ფოთლების ჩამოყალიბების და მწვანე ბიომასის ზრდის კვალობაზე, ზრდა ხდება ფოტოსინთეზის შედეგად შექმნილი ნივთიერებების გამოყენებით. ფოთლებში მიმდინარეობს ტრანსპირაციის, სუნთქვის და ასიმილაციის პროცესები. ორგანული ნივთიერებების მთელი რაოდენობა, რომლებიც იქმნება ამ პერიოდში, მთელი დღის განმავლობაში იხარჯება ახალი ქსოვილების შესაქმნელად, ე. ი. ზრდაზე.

ყლორტები ზრდის პროცესში წვნიანია და შეიცავს 70-80% წყალს. კვირტების გაშლა და ყლორტების აქტიური ზრდის ფაზა გრძელდება 25-55 დღე. ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად, ე.ი., რაც უფრო მაღლა მივიწევთ მთებისკენ, ეს ფაზა მოკლდება.

ყვავილობა

ეს ფაზა იწყება ყვავილის ჩაჩის მოხსნით და ჩამოცვენით. პირველად აყვავილდება საშუალო მდებარეობის ყვავილედი და ყვავილედის ყუნწთან ახლომდებარე ყვავილები. ერთ რქაზე არსებული ორი ყვავილედიდან ქვედა მუხლზე არსებული უფრო ადრე ყვავილობს.

ყვავილობის ფაზა გრძელდება 5-14 დღემდე. თითოეულ ჯიშს ყვავილობის პერიოდი განსხვავებული აქვს. ყვავილობის პერიოდის თანხვედრას განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როცა ფუნქციონალურად მდედრობითი ჯიშებისათვის (თავკვერი, ასურეთული შავი) გამანაყოფიერებელი ჯიშების შერჩევა ხდება.

ყვავილედის ყველა ნასკვი როდი ვითარდება. ყველა ჯიშს გამონასკვის თავისი მაჩვენებელი აქვს. ამის მიხედვით მტევანი შეიძლება იყოს მეჩხერი, კუმში, ძლიერ კუმში.

ნასკვების მაქსიმალური ცვენა იწყება განაყოფიერების მე-9 დღეს. დაბალ ტემპერატურაზე, გრილ, ხანგრძლივ წვიმიან ამინდში შეიძლება ჩამოცვივდეს მთლიანი ნასკვები და მოსავალი განადგურდეს.

40-60% ყვავილთცვენა ვაზისათვის ითვლება ნორამლურ მოვლენად. ვაზის ყვავილობა საქართველოს პირობებში მიმდინარეობს 20-25 მაისიდან 10-12 ივნისამდე.

მარცვლის ზრდის ფაზა

ნასკვების ჩამოცვენის შემდეგ დარჩენილი მარცვლები იწყებენ სწრაფ ზრდას. ისინი იღებენ მუქ მწვანე ფერს. მათში მიმდინარეობს ასიმილაციის პროცესი, თუმცა ამ პერიოდში გამომუშავებული ორგანული ნივთიერებები აკმაყოფილებს მათზე მოთხოვნის მხოლოდ 1/5 ნაწილს.

დანარჩენი ნივთიერებები მტევანში აღწევს კლერტის საშუალებით ფოთლებიდან, მრავალწლიანი ნაწილებიდან და ფესვებიდან. ბაგეები მარცვლების 4-7 მმ-ის მიღწევისას დეფორმირდება მეჭეჭებად. ამ პერიოდში მარცვლების მიერ ასიმილატების შექმნა მცირდება, რის გამოც მცირდება მასში სახამებლის და ქლოროფილის შემცველობა. ეს არის მარცვლების ზრდის პირველი პერიოდი.

მარცვლების ზრდის პროცესში მცენარეები განიცდიან შემდგომ ცვლილებებს:

1. მცირდება ყლორტების დღიური ზრდა;

2. ყლორტები იზრდება სიგანეში;

3. ხდება მოზამთრე ანუ ძირითადი კვირტების ჩასახვა;

4. გრძელდება ფოთლების ზრდა;

5. იწყება ყლორტების მომწიფება, ე. ი. სახამებლის დაგროვება, მარცვლების ზრდა იწყება ივნისში და გრძელდება 1-2 თვე.

მარცვლების მომწიფება

მარცვლების სიმწიფის დასაწყისი დაკავშირებულია მათში მიმდინარე ქიმიურ ცვლილებებთან. გარეგნულად ეს შეიმჩნევა იმით, რომ მარცვლები ხდება რბილი და უფრო ღია ფერის; თეთრი ჯიშების კანი იღებს ელასტიურობას და გამჭვირვალობას. შავ ჯიშებში კი შეთვალებისას იწყება საღებავი ნივთიერებების დაგროვება.

სიმწიფის კვალობაზე შაქრიანობა უჯრედის წვენში ჩქარა მატულობს. ამასთან ერთად, დასაწყისში გლუკოზა მეტია, ვიდრე ფრუქტოზა. სრული სიმწიფის დროს მათი შეფარდება თანაბრდება. საერთო სიმჟავე მკვეთრად მცირდება. მცირდება აგრეთვე მთრიმლავი ნივთიერებების რაოდენობა. ამ პერიოდში ფოტოსინთეზის პროდუქტიულობა მაქსიმალურია.

ორგანული ნივთიერებები გამოიყენება ყლორტების (რქების) მოსამწიფებლად, ფესვებში და შტამბში მარაგის შესაქმნელად, მარცვალში შაქრიანობის გაზრდისა და თესლში საკვები ნივთიერებების მარაგის შესაქმნელად.

სრული სიმწიფის, ანუ ფიზიოლოგიური სიმწიფის დადგომის დროს:

1. მარცვლები ხდება თხელი, ელასტიური და იფარება ცვილის ფიფქით;

2. მარცვლებში გროვდება შაქრების მაქსიმუმი;

3. ეპიდერმისის უჯრედები აგროვებენ საღებავ ნივთიერებებს და იძენენ ჯიშისათვის დამახასიათებელ შეფერვას;

4. წიპწა (თესლი) მთლიანად მომწიფებულია. მათი გარსი იღებს ყავისფერს.

ფიზიოლოგიური სიმწიფის შემდგომ მარცვლებში შაქრიანობამ შეიძლება კვლავ მოიმატოს, მაგრამ ეს ხდება არა სინთეზის საფუძველზე, არამედ წყლის აორთქლებით და მარცვლების ზომის შემცირებით.

სრული სიმწიფე შეიძლება ზუსტად დადგინდეს შაქარ-მჟავიანობის დაგროვების დინამიკის შესწავლით. ამასთან ერთად, უნდა განისაზღვროს მარცვლების მოცულობა.

გარდა სრული ანუ ფიზიოლოგიური სიმწიფისა, ვაზს ახასიათებს ტექნიკური სიმწიფე, რაც ღვინის ტიპის მოთხოვნილებებით განისაზღვრება. სასუფრე ყურძნის ტექნიკური სიმწიფე განისაზღვრება მისი სამომხმარებლო სიმწიფით, რომელიც დგება მაშინ, როცა ყურძენი იღებს კარგ გემურ თვისებებს.

სუფრის ყურძენი ტრანსპორტირებისათვის იკრიფება ოდნავ დაუმწიფებელ მდგომარეობაში. გადამწიფებული ყურძენი ტრანსპორტირებისათვის გამოუსადეგარია.

საქიშმიშე ჯიშებს კრეფენ სრულ სიმწიფეში, ან გადამწიფების სტადიაში, როცა იგი შეიცავს დიდი ოდენობით შაქარს.

მეღვინეობისათვის ყურძნის კრეფა ხდება ტექნოლოგიური მოთხოვნების დონეზე, ამა თუ იმ ტიპის ღვინის თავისებურების გათვალისწინებით. მშრალი ღვინოებისთვის შაქრიანობა უნდა იყოს 18-20%, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოებისთვის – 22-24%, ცქრიალა ღვინოებისთვის კი – 18-19%.

რქების მომწიფება, ფოთოლცვენა

სრული სიმწიფის დადგომის შემდეგ მარცვლებთან საკვები ნივთიერებების მიდინება წყდება. მარცვლები იწყებენ გადამწიფებას, ე.ი. შაქრის კონცენტრაცია მატულობს აორთქლების ხარჯზე. მოსავლის მოკრეფის შემდეგ გრძელდება ასიმილაცია – პლასტიკურ ნივთიერებათა გადადენა ზემო ნაწილებიდან ქვემოთ.

ორგანული ნივთიერებები გროვდება ბუჩქის ძველ ნაწილებში – ყლორტებსა და განსაკუთრებით მუხლებში. ყლორტების მომწიფება იწყება ზრდის პროცესების მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ.

იმის შემდეგ, რაც ქერქი გაყავისფერდება, ყლორტის მომწიფება მიმდინარეობს ნელ-ნელა, 1-3 მუხლთაშორისი 3-7 დღეში. ყლორტების მომწიფების პერიოდი არ ემთხვევა ნაყოფის დამწიფების პერიოდს. ეკოლოგიური პირობების მიხედვით, ყლორტები მომწიფდება ან მთლიანად ან ნაწილობრივ. ზღვის დონიდან

სიმაღლის მატებასთან ერთად ყლორტების სიმწიფის ხარისხი კლებულობს და ყველაზე მცირეა მევენახეობის განვითარების ზღვარზე (1200 მ ზ. დ.).

შემოდგომაზე, აცივების დროს, ფოთლები წყვეტენ ფოტოსინთეზს. ყუნწის მომაგრების ადგილზე წარმოიქმნება საკორპე ფენა. ქლოროპლასტების დაშლის კვალობაზე კი ფოთლები იღებენ საშემოდგომო შეფერვას და ცვივიან. ამით თავდება ვეგეტაციის ბოლო ფაზა.

ავტორები: ვაჟა გოცირიძე, ანა გოდაბრელიძე /მევენახეობა/

38Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB