ვაზის დარგვა, ვაზის დარგვის წესი

ვაზი, დარგვა, ვენახი

ვაზის დარგვა შეიძლება, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომით, თუ უკანასკნელ შემთხვევაში საშიშროება არ არის ვაზის ახალდარგული ნერგის დაზიანებისა ყინვების გამო.

გაზაფხულზე ვაზის დარგვა უნა დამთავრდეს კვირტის გაშლამდე. დასავლეთ საქართველოში ვაზის დარგვა უნდა დამთავრდეს 15 მარტამდე, აღმოსავლეთში კი 1 აპრილამდე.

ნერგი – ვენახის გასაშენებლად გამოყენებული უნდა იყოს პირველი ხარისხის ნერგი, რომლის ძირითადი მაჩვენებლები ასეთია: კარგად განვითარებული, არანაკლებ ორი ძირითადი ფესვი, მათი საღი ნაწილის სიგრძე არანაკლებ 12 სმ, ფესვების განლაგება ქვედა მუხლის გარშემო.

ერთწლიანი მომწიფებული ნაზარდის სიგრძე არანაკლებ 20 სმ და ფუძეში 3-4 კარგად ფორმირებული კვირტი; პირველი მუხლთშორისის შუა ნაწილში ნაზარდის სიმსხო არანაკლებ 5 მმ, ხოლო ორი ნაზარდის შემთხვევაში მათი საერთო დიამეტრი 8 მმ. ნერგის სიგრძე ქუსლიდან საძირისა და სანამყენეს შეხორცების ადგილზე 26-32 სმ. სანამყენე სრულად უნდა იყოს შეზრდილი საძირესთან, ირგვლივ შეხორცებული, მოღუნვისას მაგარი და მტკიცე, ნერგის ფესვი და ნაზარდი იყოს სუფთა ყოველგვარი სოკოვანი დაავადებებისა და მექანიკური დაზიანებისაგან.

„საქართველოს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“ გვავალდებულებს, რომ სამრეწველო ვენახები უნდა გაშენდეს ნამყენი ნერგით. ნამყენი, ეს არის ფილოქსერაგამძლე საძირეზე, ქართული, ევროპული ან სხვა ვაზის ჯიშების სანამყენე მასალის მყნობით მიღებული სარგავი ვაზის ნერგი.

საქართველოში დარაიონებული ათამდე საძირედან, ძირითადად გამოყენებული ფილოქსერაგამძლე საძირეების დასახელება და ზოგადი აღწერა:

• ბერლანდიერი X რიპარია 5BB – რეკომენდებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 20 %-მდე;

• ბერლანდიერი X რიპარია SO4 – რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 17 %-მდე;

• ბერლანდიერი X რიპარია 420 A რეკომენდებულია, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, ხასიათდება გვალვაგამძლეობით, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 20 %-მდე;

• რიპარია X რუპესტრის 3309 – რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის, ხასიათდება გვალვაგამძლეობით, გამძლეობა ნიადაგის კარბონატობის მიმართ – 11 %-მდე.

ვენახის გაშენება უნდა მოხდეს მხოლოდ ფილოქსერაგამძლე საძირეზე დამყნილი, უვირუსო და ჯიშურად გარანტირებული სარგავი მასალით – ნამყენი ნერგით.

დარგვის წესი

ნერგის დამსხვილებული ფესვები დარგვამდე უნდა შეიკვეცოს 8-12 სმ სიგრძეზე. წვრილი ფესვები კი უნდა მოიჭრას ბაზისთან.

რაც შეეხება ნაზარდს, ის შეიკვეცება 2-3 კვირტზე. ერთწლიან ნამყენ ნერგს აქვს ძირითადად ერთი რქა, ხოლო ორწლიანებს – მეტი. ამ დროს დასატოვებლად უნდა შეირჩეს უკეთესი მდებარეობისა და განვითარების მქონე ნაზარდი. ზოგ შემთხვევებში შესაძლოა, საჭირო გახდეს სარგავი მასალის წყალში დალბობა 8-12 საათის განმავლობაში.

დარგვისას ნერგები მწკრივში ერთ სწორ ხაზზე უნდა განლაგდეს და ორმოში ვერტიკალურად იქნას ჩარგული.

დარგვის დროს უნდა მომზადდეს ნიადაგის და სასუქის (ორგანული მასის) ნარევი, 2:1 ან 3:1 შეფარდებით. საორიენტაციოდ ურევენ ერთმანეთში 5-6 კგ. გადამწვარი ნაკელს, 60 გ. ფოსფორიან და 40 გ. კალიუმიან სასუქებს. რიგ შემთხვევაში, ნიადაგის ნაყოფიერების გათვალისწინებით, მზადდება მხოლოდ ნიადაგის და ორგანული მასის ნარევი, მინერალური სასუქების გარეშე.

ორმოები უნდა იყოს 40-50 სმ სიღმისა და 30 სმ სიგანის. ორმოს სიღრმე 8-10 სმ-ით უნდა აღემატებოდეს ვაზის ნერგის სიგრძეს. დარგვისას ნარევი შეიტანება ორმოს ფსკერზე, შეტანილ მასას ზემოდან უნდა დაეყაროს ე.წ. დამცავი ფენა (ნიადაგის და ორგანული მასის ნარევი) 6-8 სმ სისქეზე, რათა არ მოხდეს ახლად დარგული ნერგის ფესვების კონტაქტი მინერალურ სასუქთან (მათი გამოყენების შემთხვევაში).

ნერგს შუა ადგილზე მოაყრიან ნაკელნარევ მიწას და მოტკეპნიან, შემდეგ ორმოს პირამდე შეავსებენ და ხელმეორედ მოტკეპნიან. ბოლოს ნერგს ფხვიერი მიწით უკეთებენ ე.წ. კოკოლას (პატარა მიწაყრილი), რომლის სიმაღლე შემოდგომით დარგვისას უნდა უდრიდეს 10-12 სმ-ს, ხოლო გაზაფხულზე დარგვის დროს 6-8 სმ.

ნერგის ფორმირებისთვის კალმის ზედა ნაზარდი უნდა გადაიჭრას 2 კვირტის სიმაღლეზე, ხოლო მყნობისას ადგილი 2-3 სანტიმეტრით დაშორდეს ნიადაგის ზედაპირს.

დარგვისთანავე უნდა მოხდეს ნერგის მორწყვა ნელა, რომ წყალმა მოასწროს ფესვებამდე ჩასვლა. ნერგი უნდა აიკრას ინდივიდუალურ საყრდენზე.

ამ ბოლო დროს ხშირია ვაზის მწვანე ნერგით გაშენება, რაც მკვეთრად ამცირებს ვენახის მსხმოიარობაში შესვლის პერიოდს. ხარისხიანი ნერგი მოსავალს III-IV წელს გვაძლევს, ხოლო მწვანე ნამყენი ნერგი – 1 წლით ადრე.

დარგვის შემდეგ საჭიროა ნარგავის სისტემატური დათვალიერება, კოკოლების შესწორება, ამონაყრებისა და სანამყენედან გამოტანილი ფესვების მოცილება.

გავრცელებული კვების არეები: ვაზის ჯიშების ზრდის ინტენსივობის და მექანიზაციის გამოყენების გათვალისწინებით შესაძლებელია სხვადასხვა კვების არით მათი დარგვა. პრაქტიკაში ძირითადად იყენებენ შემდეგ კვების არეს: მანძილი მწკრივთა შორის 1,2 – 2 – 2,5 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1,2 – 1,5 – 2 მ. შესაბამისად, 1 ჰა-ზე შეგვიძლია დავრგოთ 2000 -3333 – 3500 ძირი ნერგი.

წყარო: სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა