წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები დასავლეთ საქართველოში

ვაზი, ვენახი, საღვინე

საქართველო ვაზისა და ღვინის კულტურის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. ჩვენი ქვეყანა განეკუთვნება მაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონას და მდიდარია ვაზის ადგილობრივი ჯიშებით, რომელთა რაოდენობა 500-ს აჭარბებს.

კულტურული ვაზის ამ რაოდენობის ჯიშების მიღებას ასწლეულობით შრომა, კვლევა, ძიება და ცოდნის თაობიდან თაობაზე გადაცემა დასჭირდა. ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდებთან, გამორჩეულ მიკროკლიმატთან და ნიადაგთან ერთად, სწორედ ქართული ვაზის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება განაპირობებს ქართული ღვინის უნიკალურობას.

ქვეყნის ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონებში წარმოშობილი ვაზის ადგილობრივი ქართული ჯიშები ქმნიდა და დღესაც ქმნის ქართული ღვინის მრავალფეროვნებას. ქართული ვაზის ჯიშების ასეთი სიმდიდრე მიანიშნებს, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები

ალექსანდროული 

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ძირითადად გავრცელებულია რაჭის რაიონებში.

ალექსანდროული მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით – ყურძენს კრეფენ, როდესაც მასში შაქრიანობა 26,0-28,0%-ს მიაღწევს.

ამგვარი მასალიდან, სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, ჰარმონიულობით, შაქრის ნორმალური შედგენილობით და სასიამოვნო გემური თვისებებით.

შედარებით ნაკლები შაქრის შემცველობისას (20,0-21,0%), ჯიშისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. ალექსანდროულისგან დამზადებული მშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოები გამოირჩევა სინაზით, ახასიათებს ჟოლოსა და შავი ბლის სურნელები.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ალექსანდროულისგან, მუჯურეთულთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

მუჯურეთული

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად რაჭის რაიონებში. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით.

მისგან დაყენებული სუფრის ღვინო მაღალი ხარისხისაა, გამოირჩევა კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით და ჰარმონიულობით.

ჯიში საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეს ოქტომბრის შუა რიცხვებში აღწევს.

ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 25,0-30,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,0 – 7,0გ/ლ. მუჯურეთულისაგან, ალექსანდროულთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

უსახელოური

(სინონიმი: ოყურეშული) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად გავრცელებულია ლეჩხუმში და გამოყენებულია მაღალხარისხიანი, სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების დასამზადებლად, რომელიც ინტენსიური შეფერვით, მაღალი ალკოჰოლით, ჯიშური სასიამოვნო არომატით, საკმაო სხეულით და ჰარმონიული გემოთი გამოირჩევა.

ნახევრადტკბილი ღვინოების დასამზადბლად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკრიფება, მაშინ, როდესაც მასში 23,0-26,0 % შაქარია და 6,0-8,0 გ/ლ მჟავიანობა. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა.

რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,5-9,0გ/ლ.

ჩხავერი

(სინონიმი: ჩხაველი) ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად გავრცელებულია გურიის და აჭარის რაიონებში.

გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჩხავერის ღვინო მეტად ნაზია, ჰარმონიული, შინაარსიანი, ნორმალური ალკოჰოლიანი, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით. გამოირჩევა მაღალი გემური მაჩვენებლებით.

ჯიში ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – გურიის რაიონებში ყურძენი ნოემბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,1-9,6გ/ლ.

ალადასტური

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია გურიისა და იმერეთის რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა.

ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულით და ჯიშური არომატით.

ყურძნის გადამწიფებისას, ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5-9,4 გ/ლ.

ოჯალეში

(სინონიმები: შონური, სვანური) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია.

ოჯალეშის ღვინო ხასიათდება ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი სხეულით, ხავერდოვნებით, ჰარმონიულობით და მდიდარი ჯიშური არომატით. ყურძნის გვიან დაკრეფის შემთხვევაში, მისგან მაღალხარისხიან, ნახევრად ტკბილ ღვინოს ამზადებენ.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, ხოლო რთველი ზოგჯერ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მიმდინარეობს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,0-9,0გ/ლ.

ოცხანური საფერე

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რაიონებში. გამოიყენება მაღალხარისხიანი წითელი ღვინის დასამზადებლად ან სხვა წითელი და თეთრი ჯიშების ღვინის შესაფერად.

ცალკე დაყენებული ოცხანური საფერეს ღვინო გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობით და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით.

დაძველების შემდეგ, ღვინო ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით.

ჯიში საგვიანო პერიოდისაა – ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0 გ/ლ.

ძელშავი

(სინონიმები: ძველშავი, ძველშავი ობჩური) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად გავრცელებულია იმერეთის რაიონებში. საღვინე მიმართულებისაა.

გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი (ვარდისფერი) შეფერვის სუფრის, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად და საკუპაჟედ. ძელშავისაგან შეიძლება საკმაოდ ენერგიული, მაღალმჟავიანი საზაფხულო ღვინის დამზადებაც.

ჯიში საგვიანო პერიოდისაა – იმერეთის რაიონებში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შედგენს 20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,0-8,0 გ/ლ.

კაბისტონი შავი

(სინონიმები: კაბიშტონი, მრგვალი კაბისტონი და სხვა) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. ჯიში საღვინე მიმართულებისაა, გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, ენერგიულობით, სხეულით და მაღალი გემური მაჩვენებლებით. კაბისტონი შავი საშუალო სიმწიფის პერიოდისაა – რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,0-10,0გ/ლ.

მგალობლიშვილი

ქართული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთიდან. საღვინე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული მგალობლიშვილის ღვინო მცირედ არის შეფერილი, ნაკლებ სხეულიანი და შინაარსიანია, ამიტომ მას აკუპაჟებენ ოცხანურ საფერესთან ერთად და იღებენ ინტენსიურად შეფერილ, ხალისიან სუფრის წითელ ღვინოს.

რეკომენდებულია, ძირითადად, საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის

პერიოდისაა – იმერეთის რაიონებში ყურძენი ოქტომბრის პირველ დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შადგენს 21,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5 გ/ლ.

ბადაგი

ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ბადაგისაგან დგება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის ღვინო. ღვინო ხასიათდება კომშისებური შეფერვით, კარგი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, 12,7 % ალკოჰოლის შემცველობით, მაღალი გემური მაჩვენებლებით.

დაძველებისას ღვინის ხარისხი უმჯობესდება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,5-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,5-10,0გ/ლ.

მტევანდიდი

(სინონიმი: აკიდო) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური ურთიერთშეფარდებით, საკმაოდ მაღალი გემური მაჩვენებლებით.

მე-19 საუკუნეში ი. მარი მტევანდიდს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, როგორც ძირითად საკუპაჟე მასალას და, ჯანთან და სხილათუბანთან შერევით, იგი ამზადებდა ე.წ. „მარის ღვინოს“.

მტევანდიდი საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,5-10,0გ/ლ.

სხილათუბანი

(სინონიმები: სხილთაუბანი, სხილათობანი, რცხილათუბანი, რცხილათობანი, ცხილათობანი, ცხრილათობანი) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს.

სხილათუბანისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ალკოჰოლისა (10,6-11,8 %) და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით და ჰარმონიულობით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,0-9,0გ/ლ.

ჭუმუტა

(სინონიმები: ჯუმუტა, ჯუმუტაი) ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჭუმუტას ღვინო ხასიათდება სპეციფიკური, ლამაზი, ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობით და კარგი გემოთი.

საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-9,6გ/ლ.

ჯანი

(სინონიმები: მარის ყურძენი, ჯანის ყურძენი) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯანის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება დიდი სხეულით, ალკოჰოლისა (11,5-12,1 %) და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ჰარმონიულობით და მაღალი გემური თვისებებით.

დაძველებისას ივითარებს სასიამოვნო გემოს და მდიდარ ბუკეტს. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,9-23,4%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,0-9,1გ/ლ.

პანეში

ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. პანეში საღვინე მიმართულებისაა – სამეგრელოს მთისპირა სამხრეთის ფერდობებზე მისგან მაღალხარისხიანი სუფრის ღვინო დგება, რომელიც კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით და ჰარმონიულობით ხასიათდება.

ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – სამეგრელოს მთისპირა რაიონებში ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17-19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9,0-10,0გ/ლ.

კაჭიჭი

(სინონიმები: კაჭიჭიჟი, აჟკაჭიჭი, კაჯიჯი) ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია დასავლეთ საქართველოდან. ჯიში საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათება ლამაზი და ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის შეთანწყობით, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით და საკმაოდ მაღალი გემური თვისებებით.

კაჭიჭი საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა – გუდაუთის რაიონში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,0-9,0გ/ლ.

„ჩვენი სოფელი“

დააზღვიეთ მოსავალი, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები — გაზარდეთ საკუთარი შემოსავალი! აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!

იხილეთ აგრეთვე: თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშები – დასავლეთ საქართველოში

თქვენი რეკლამა