თავკვერი — ქართული ვაზის ჯიში — ქართლი

2556 Views

თავკვერი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით განკუთვნილია ღია წითელი ფერის ორდინარული ღვინოების დასამზადებლად; ამავე დროს იგი იძლევა ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძენს. თუ როდის წარმოიშვა თავკვერი ან როგორ განვითარდა იგი საქართველოს რაიონებში, არ არის საბოლოოდ დადგენილი.

უნდა ვიფიქროთ, რომ იგი მთელი რიგი ვაზის ადგილობრივი ჯიშების მსგავსად წარმოიშვა საქართველოს წიაღში ბუნებრივი გამრავლების გზით, ხოლო შემდგომ პერიოდში მან განიცადა ევოლუცია და ადამიანის უშუალო ზემოქმედებით მისი უკეთესი ფორმა დამკვიდრდა ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

ამის დამადასტურებელია, ჯერ ერთი, თავკვერის მრავალი ფორმა, რომლებსაც ვხვდებით კახეთისა და ქართლის რაიონებში (შავი თავკვერი, თეთრი თავკვერი, საფერავისებრი თავკვერი, დიდმარცვალა თავკვერი, პატელაანთეული თავკვერი და სხვ.); აგრეთვე წმინდა ქართული სახელწოდება თავკვერი, და ბოლოს ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის აბორიგენულ ჯიშთათვის. ამ უკანასკნელი თვისებებით იგი ალაზნის კერის ტიპიური წარმომადგენელია და ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

მოკლე წერილობითი ცნობები თავკვერის შესახებ მოიპოვება XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოქვეყნებულ ლიტერატურულ წყაროებში. ამ მხრივ აღსანიშნავია კახეთში აღწერილი თავკვერი ვ. გეევსკისა და გ. შარერის, აგრეთვე ა. ფირალოვისა და ს. შავერდოვის მიერ.

მათი განმარტებით თავკვერი შავი ყურძნის ჯიშია, ძლიერი ზრდის, მტრედისფერი ზოლიანი რქით, დიდი და კუმსი მტევნებით, მრგვალი და საკმაოდ მსხვილი მარცვლებით; ამავე დროს მას მოსავლიან და ნაცრის მიმართ საკმაოდ გამძლე ჯიშად იხსენიებენ. დასახელებული ავტორები თავკვერს აკუთვნებენ სრულიად უბრალო ღირსების მომცემ საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ამავე პერიოდს ეკუთვნის ი. ყანდურალოვის, ვ. გეევსკისა და გ. შარერის მიერ ქართლში აღწერილი თავკვერიც.

დასახელებული ავტორები ქართლში გავრცელებულ თავკვერს შემდეგნაირად აღწერენ:

ვაზს ახასიათებს ძლიერი ზრდა, გრძელი და მსხვილი რქა, დიდი მტევანი, ფორმით კონუსისებრი და მეტად კუმსი, მარცვალი მრგვალი, საშუალო სიდიდის, წვნიანი და მეტად ტკბილი. ამ ჯიშის პროდუქციას აკუთვნებენ საუკე- თესო საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს. როგორც ამ აღწერიდან ჩანს, მორფოლოგიური ნიშნებით-ვაზის ზრდით, ფოთლის მოყვანილობით, მტევნის ფორმით, სიკუმსით, მარცვლის სიმსხოთი, მოყვანილობით და სხვ.

ქართლში გავრცელებული თავკვერი იდენტურია კახური თავკვერისა. განსხვავებულია მხოლოდ მათი პროდუქციის ხარისხი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავკვერის ჯიშური ნიშანთვისება-ყვავილების დეფექტურობა და ამის შედეგად მტევანში პართენოკარპული მარცვლების მრავლად წარმოქმნა დასახელებულ ავტორებს არ აქვთ აღნიშნული.

ვფიქრობთ, რომ მათ ამ ნიშან-თვისებას ან არ მიაქციეს ყურადღება, ანდა თავკვერის მხოლოდ ორსქესიანი ვარიაცია წარმოადგინეს თავიანთ შრომებში. აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის შრომაში იძლევა რა სახელწოდების ანალიზს, სამართლიანად თვლის სიტყვა თავკვერს სადაურობის მაუწყებელ სახელად. მისი განმარტებით ეს სახელი ჯიშს მიკუთვნებული უნდა ჰქონდეს მტევნის ძირა ნაწილის კვერებრივი მოყვანილობის გამო.

უფრო დაწვრილებით ცნობებს თავკვერის ირგვლივ ჩვენ ვხვდებით პროფ. ს. ჩოლოყაშვილის შრომაში, რომელიც თავკვერს ათავსებს ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფში და სამეურნეო მიმართულებით აკუთვნებს საღვინე ჯიშებს, მხოლოდ მასობრივი მოხმარების ღია წითელი ფერის ღვინოების დასამზადებლად.

სპეციფიკურ ნიშან-თვისებებიდან პროფ. ს. ჩოლოყაშვილი მიუთითებს აგრეთვე თავკვერის ვაზის საკმაოდ ძლიერ ზრდაზე, ფოთლის ქვედა მხრიდან ძარღვების მკვეთრად გამოსახვაზე, ყვავილების დეფექტურობაზე, მტევანში პართენოკარპული მარცვლების მრავლად განვითარებაზე და ამის გამო გარეშე მტვერით დამტვერვის აუცილებლობაზე, ხოლო სახელწოდება თავკვერს მიაწერს მარცვლის ბოლო ნაწილის კვერებრივ მოყვანილობას, რაც ჩვენი აზრით, სამართლიან მოსაზრებად უნდა იქნეს მიჩნეული.

მართლაც ამ ჯიშის მარცვლებს მასობრივად ახასიათებს მობრტყელებული თავი, რაც კვერის ფორმის შთაბეჭდილებას ტოვებს. უეჭველია მარცვლის ამგვარი ფორმის საფუძველზე მიიღო ჯიშმაც სახელწოდება თავკვერი და აქედან საბოლოოდ დამკვიდრდა.

წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ თავკვერი წარსულში ყოფილა გავრცელებული მთელ აღმოსავლეთ საქართველოში. განსაკუთრებით ფართოდ ყოფილა იგი დანერგილი მდ. ტანას, ლეხურისა და ლიახვის ხეობებში. ადგილობრივი მოსახლეობა მის პროდუქციას იყენებდა როგორც საჭმელ ყურ- ძნად, ისე ადგილობრივი მოხმარების, საკმაოდ ხარისხოვანი ღია წითელი ფერის ღვინოების დასამზადებლად.

ზოგ შემთხვევაში მის ყურძენს იყენებდნენ, როგორც საკუპაჟე მასალას თეთრყურძნიან ჯიშებთან შერევით (ჩინურისა და გორული მწვანეს პროდუქციასთან) და ამზადებდნენ ღია წითელი ფერის ხალისიან ღვინოს, რომელიც ცნობილი იყო ხიდისთაური წითელის~ სახელწოდებით.

როგორც უხვმოსავლიანი და წვენის დიდგამოსავლიანი ჯიში იგი საქართველოდან ფართოდ გავრცელებულა აზერბაიჯანშიც. საარქივო მასალების მიხედვით თავკვერი იქ შეუტანიათ ყოფილ გერმანელ კოლონისტებს XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში (1852 წ.), სადაც ეს ჯიში ამჟამადაც ფართო მასივებზეა წარმოდგენილი, განსაკუთრებით კიროვაბადისა და აღსტაფის რაიონებში.

სამაგიეროდ საქართველოში მისი ნარგავები მნიშვნელოვნად შეიკვეცა, რაც გამოწვეულია სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედებით, აგრეთვე ჯიშის დეფექტურობით _ ყვავილცვენისა და მტევანში პართენოკარპული მარცვლების მრავლად განვითარების გამო.

გარდა ამისა მოსახლეობის მიერ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ვაზის აბორიგენულ ჯიშებს შორის შეირჩა და დაინერგა უფრო მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი და მოსავლიანი თეთრყურძნიანი ჯიშები ჩინური, გორული მწვანე, რის გამოც თავკვერი ქართლის მთელ რიგ მიკრორაიონებიდან განიდევნა ან შერჩა მხოლოდ ერთეული ძირების სახით.

თავკვერი საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია: გორის, ბოლნისის, ბორჯომის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და ახალგორის რაიონებში; დანარჩენ ადგილებში იგი მცირე მასივებად ან ერთეული ძირების სახით არის წარმოდგენილი.

ბოტანიკური აღწერა

თავკვერი აღწერილია გორის რაიონის სოფ. ხიდისთავში მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის დასაყრდენი პუნქტის ბაზაზე და დიღმის სასწავლო მეურნეობის კოლექციაში (თბილისის გარეუბანი).

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი ღია მწვანე მონაცრისფროა და გადაჰკრავს მოწითალო ელფერი. ახლადგაშლილი პირველი ფოთოლი ღია მწვანეა მოწითალო ელფერით და როგოცრ ზედა, ისე ქვედა მხრიდან მცირედ დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. მომდევნო მეორე ფოთოლი ღია მწვანე მოყვითალოა მოწითალო ელფერით და ზედა მხრიდან უმნიშვნელოდ, ხოლო ქვევიდან მეტად მცირედ დაფარულია მონაცრისფრო ბუსუსით. მესამე და მეოთხე ფოთლები როგორც ზედა, ისე ქვედა მხრიდან უმნიშვნელოდაა შებუსვილი; იგი ღია მწვანეა ოდნავ მოყვითალო ელფერით. შემდეგ ფოთლებზე შებუსვა ორივე მხრიდან მთლიანად ქრება.

ახალგაზრდა ყლორტი საშუალოზე მსხვილია, მისი ბაზალური ნაწილი უფრო გამსხვილებულია. მთლიანად შიშველია და ახასიათებს მოწაბლისფრო შეფერვა მკვეთრად გამოსახული მოიისფრო ელფერით. შემოსული რქა საშუალოზე მსხვილია (9-11 მმ). ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდში იგი ასწრებს სრულ მომწიფებას; ღია ყავისფერია და ხშირად გადაჰკრავს ღია მოწითალო ელფერი. ხშირ შემთხვევაში რქას ახასიათებს მუქი მოწაბლისფრო წვრილი ზოლები. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთშორისის სიგრძე 7-10 სმ-მდე აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, რომლის საშუალო სიგრძე 21,4 სმ, ხოლო სიგანე 19,6 სმ აღწევს. ფორმით ოვალურია და საკმაოდ ღრმად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ბუნებრივ მდგომარეობაში უფრო ხშირად ღიაა და ფორმით ჩანგისებრი, ზოგჯერ თაღისებრია. გვხვდება არა ხშირად დახურული კვერცხისებრი მოყვანილობის ამონაკვეთები ფუძეზე განვითარებული ერთი უბრალო კბილით.

ზედა ამონაკვეთი ხშირად დახურულია და კვერცხისებრი მოყვანილობისაა. ნაკვთები ურთიერთზე მცირედ ან საკმაოდ ღრმად გადაფარებულია. ამონაკვეთის ფუძე წამახვილებულია, ზოგჯერ მომრგვალო ფუძიანია. გვხვდება აგრეთვე ისევ დახურული ვიწრო ელიფსური მოყვანილობის ამონაკვეთებიც. ზოგჯერ ამონაკვეთები ღია და ჩანგისებრია, რომელთა გვერდები ერთიმეორის პარალელურია, ხოლო ფუძე წამახვილებული.

ქვედა ამონაკვეთი ხშირად ღიაა და საკმაოდ ან საკმაოზე მეტად ჩაჭრილი. ფორმით ჩანგისებრია პარალელური გვერდებითა და წამახვილებული ფუძით, ან მომრგვალო ფუძიანია. ზოგჯერ ამონაკვეთი დახურულია და საკმაოდ ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ან განიერ-ელიფსური ნაპრალით.

ფოთოლი ხუთნაკვთიანია, წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს.  ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია თანასწორი გვერდებით და მახვილი ან მომრგვალო წვერით. ზოგჯერ ხერხკბილა სამკუთხედისებრია ცალგვერდამოზნექილი და მახვილი წვერით. მეორადი კბილები ისევ სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალო წვერით, ან ხერხკბილა სამკუთხედისებრია ცალმხრივ ამოზნექილი გვერდით და მახვილი წვერით.

ბუნებრივ მდგომარეობაში ფოთოლი ბრტყელია ან ძაბრმაგვარ-ღარისებრადაა მოხრილი. ფირფიტა ზედა და ქვედა მხრიდან შიშველია. მისი ზედა მხარე გლუვია, ზოგჯერ ბადისებრ არის დანაოჭებული. ქვედა მხრიდან ძარღვები მკვეთრადაა გამოჩენილი და ახასიათებს მკრთალი მოვარდისფრო-მოწითალო შეფერვა. ეს შეფერვა ძარღვების ფუძესთან გადადის მკვეთრად გამოსახულ წითელ ღვინისფერში. ამ ზონაში ძაღრვებზე ზოგჯერ შესამჩნევია მეტად უმნიშვნელო აბლაბუდისებრი ბუსუსი.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან უდრის 0,6-0,8. იგი შიშველია და ახასიათებს მუქი მოწითალო შეფერვა მოიისფრო ელფერით. ეს შეფერვა განსაკუთრებით შესამჩნევია ყუნწის ამონაკვეთის ზონაში.

ყვავილი. ყვავილი მასობრივად, ფუნქციონალურად მდედრობითია. ერთსა და იმავე ყვავილედში ზოგჯერ გვხვდება ორსქესიანი ყვავილებიც. ფუნქციონალურად მდედრობით ყვავილებში მტვრიანები მოკლე და მოკაკულია. მათი რაოდენობა 5-6 ცალს აღწევს. ბუტკო ნორმალურადაა განვითარებული და ახასიათებს მსხლისებრი მოყვანილობა. ყვავილების რიცხვი ყვავილედში მერყეობს 350-დან 950-მდე.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე აღწევს 3-4 სმ, იგი ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში ხევდება თითქმის მუხლამდე და იღებს რქის დამახასიათებელ შეფერვას. ყუნწის დანარჩენი ნაწილი კლერტით ბალახისებრია და ღია მწვანე, მოიისფრო და ზოგჯერ მოყავისფრო ელფერით, ყუნწი რქაზე მტკიცედაა მიმაგრებული.

მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრია. გვხვდება აგრეთვე ცილინდრულ და ზოგჯერ კონუსისებრი ფორმის მტევნებიც. მისი საშუალო სიგრძე 15-17 სმ, ხოლო სიგანე 11-12 სმ აღწევს. დიდი მტევნის სიგრძე 20 სმ, მცირესი _ 11,5 სმ უდრის.

ნორმალურად დაყვავილების შემთხვევაში მტევანი მასობრივად კუმსი ან ძლიერ კუმსია. სიკუმსის შედეგად მტევანში მარცვლები ხშირად დეფორმირებულია. ზოგჯერ მტევანს უვითარდება ერთი ან ორი ფრთა და ამ შემთხვევაში იგი ტოვებს რთული მტევნის შთაბეჭდილებას.

არაწესიერად დაყვავილების შემთხვევაში მტევანი თხელდება, მასში წარმოიმქნება მასობრივდ პართენოკარპული მარცვლები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 6-7 მმ აღწევს, იგი მომწვანოა, საჯდომი ბალიში განიერი კონუსისებრია, ზოგჯერ კი ვიწროკონუსისებრი, განსაკუთრებით პართენოკარპულ მარცვლებზე. ბალიში მცირედ დამეჭეჭებულია.

მარცვალი მუქი ლურჯია (თითქმის შავი). მისი საშუალო სიგრძე 15,6-17,5 მმ, სიგანე 15,1-17,9 მმ აღწევს, პართენოკარპული მარცვლების საშუალო სიგრძე 6-9 მმ, ხოლო სიგანე 5,9-9 მმ. ნორმალური მარცვალი შუა წელში განიერია, ბოლო გაბრტყელებული, სიმეტრიული და საკმაოდ სქელკანიანია. მარცვლის კანი უხვადაა დაფარული ფიფქით. კანი რბილობს ადვილად ცილდება. საკმაოდ ხორციანია და უფრო წვნიანი, ჩვეულებრივი უბრალო ტკბილი და ოდნავ მომჟავო გემოთი. შემფერავი ნივთიერებანი საკმაო რაოდენობითაა მარცვლის კანში, რბილობი კი შეუფერავია. მარცვალი ყუნწზე მტკიცედაა მიმაგრებული.

წიპწა. მარცვალში 1-4 ცალი წიპწაა. ხშირად გვხვდება ერთი წიპწა. მისი საშუალო სიგრძე 5-7 მმ, სიგანე _ 2,5-3,5 მმ აღწევს. ყავისფერია მოწაბლისფრო ელფერით; მუცლის მხრიდან ღარებში კი მოყვითალოა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილში. ფორმით ოდნავ ოვალურია. ნისკარტი თითქმის მოყვითალოა, რომლის სიგრძე 1,5-2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

გორის რაიონის სოფ. ხიდისთავის მევენახეობის ზონაში თავკვერის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 187-188 დღეს უდრის. დიღმის მევენახეობის ზონაშიც (თბილისის გარეუბანი) ხანგრძლიობა 187-190 დღით განისაზღვრება.

გორის რაიონის ხიდისთავის ზონაში თავკვერის კვირტების გამოფურჩქვნა აპრილის მეორე ნახევარში მიმდინარეობს, საშუალოდ 20-22 აპრილიდან; დიღმის მევენახეობის ზონაში კი ეს ფაზა რამდენიმე დღით ადრე იწყება (საშუალოდ 15-16 აპრილიდან), რაც გამოწვეულია ამ ზონაში სითბოს ნაადრევი დაწყებით.

სითბოს გავლენა გამომჟღავნებულია აგრეთვე შემდგომი ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზეც; ასე მაგალითად, ყვავილობა ხიდისთავის ზონაში მიმდინარეობს საშუალოდ 9-10 ივნისიდან, ხოლო დიღმის ზონაში ამავე თვის 6-7 რიცხვიდან.

სრულ სიმწიფეს თავკვერი ხიდისთავში აღწევს საშუალოდ 9 ოქტომბრისათვის, ხოლო დიღმის მიდამოებში 4-5 ოქტომბრისათვის. ამ ორ ზონაში ბიოფაზების სხვადასხვა დროს დაწყების მიუხედავად, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა თავკვერისათვის კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე თითქმის თანაბარია და იგი აღწევს 170-173 დღეს.

მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე (ქ. თელავი) ჯიშ თავკვერს შედარებით ნაადრევი მომწიფება ახასიათებს. როგორც დავინახეთ, გორისა და თბილისის ზონებში იგი სრულ მწიფობას ოქტომბრის პირველ დეკადაში აღწევს, ხოლო თელავის ზონაში სექტემბრის ბოლო რიცხვებში. (მონაცემები ძველია)

ამრიგად, განსხვავება თითქმის 7-10 დღის ფარგლებშია, რაც ჩვენი აზრით, გამოწვეულია თელავის ექსპერიმენტული ბაზის ზონაში ყურძნის სარეპროდუქციო პერიოდში ზედმეტი სითბოს მოქმედებით.

ვაზის ზრდა და ვეგეტატიური ნაწილების მომწიფება. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში და მაღალი აგროტექნიკის ფონზე თავკვერი ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდება.

ამის გამო მას ზოგჯერ ხეივნადაც აფორმებენ. ვაზის საერთო ზრდა-განვითარებასთან ერთად ცალკეული რქების განვითარებაც ძლიერია. რქის სიგრძე ხშირად 2-3 მ აღწევს.

ყურძნის მასობრივ მწიფობის პერიოდისათვის თავკვერის რქები სრულ სიმწიფეს აღწევს, ზოგჯერ კი მათი წვერის ნაწილები რჩება შემოუსვლელი, რაც მომავალი წლის მოსავალზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშნებს თავკვერი იძლევა დარგვიდან მეორე და უფრო ხშირად მესამე წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობას იწყებს მეხუთე წლიდან. იგი ხასიათდება უხვი მოსავლიანობით განსაკუთრებით სარწყავ და უხვად გაპატიებულ ნაკვეთებზე თავკვერი მეტად დიდ მოსავალს იძლევა (250-300 ცენტნერამდე ჰექტარზე). მისი მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ცვალებადია და ძალზე მცირდება, თუ ყვავილობის პერიოდში არასასურველი კლიმატური პირობები დაუდგა ან ცალკე მასივზე იქნა იგი გაშენებული.

ვინაიდან ჯიშს დეფექტური მტვრიანები ახასიათებს, საჭიროებს ხელოვნურ დამტვერვას გარეშე მტვერით, ან ნორმალურ ორსქესიანი ყვავილების მქონე ვაზის ჯიშთა შორის გაშენებას. აღნიშნული ღონისძიებანი და განსაკუთრებით პირველი, ფართოდ არის გამოყენებული აზერბაიჯანის მევენახეობის რაიონებში და მისი წესიერად ჩატარების შემთხვევაში ჰექტარიდან 200-300 ცენტნერ და ზოგ შემთხვევაში მეტ ყურძენს იღებენ.

აღმოსავლეთ საქართველოში ქართული წესით ამ ჯიშის ფორმირების შემთხვევაში 10-12 კვირტით დატვირთვისას იღებენ 80-100 ცენტნერამდე მოსავალს. მოსავალი კიდევ მეტად დიდდება, თუ იგი ორსქესიანი ვაზის ჯიშებს შორის არის გაშენებული. იმავე დატვირთვისას (10-12 კვ) ერთი ძირი ვაზის მოსავალი ხშირად 2,5-3 კგ-მდე აღწევს, ხოლო მოსავლიანი ყლორტები ვაზზე 84-99% უდრის. ვაზის ძველი ნაწილებიდან წარმოქმნილი ყლორტები მეტწილად უმოსავლოა. მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,2-1,3 უდრის.

ამრიგად, რქაზე ხშირად 2 მტევანი ვითარდება. არანორმალურად განაყოფიერების შემთხვევაში მტევანში მასობრივად ვითარდება პართენოკარპული მარცვლები, რაც ხშირად 65-70%-მდე აღწევს. ამგვარი მარცვლები წიპწას არ ივითარებს, ან თუ შეიცავს, იგი განუვითარებელია. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე (ქ. თელავში) წარმოებულ დაკვირვებათა ხუთი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით თავკვერის მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,16 უდრის, ხოლო ერთი ძირის მოსავალი ქართული წესით ფორმირების შემთხვევაში 2 კგ აღემატება.

თბილისის, ბოლნისის, გორის და ზოგიერთ სხვა რაიონში თავკვერს დაბალ ხეივნად აფორმებენ. ვაზებს აძლევენ ამაღლებულ შტამბს და ტვირთავენ 5-7 სანაყოფე რქით (40-50 კვირტით). ამგვრად, ფორმირებული ვაზები მეტად უხვ მოსავალს იძლევა (ძირიდან 10-12 კგ-მდე) და სათანადო მოვლის პირობებში ვეგეტატიური ნაწილებიც ნორმალურ განვითარებას აღწევს.

ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ თავკვერი მცირე გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ადვილად ავადდება იგი ჭრაქით. ზოგიერთ წლებში, როდესაც ამ სოკოს განვითარებისათვის მეტად ხელშემწყობი პირობებია, მოსავალს იგი დიდ ზიანს აყენებს.

ამავე დროს ვეგეტატიური მწვანე მასის დაავადების შედეგად ვაზის საერთო ზრდა-განვითარებაც ფერხდება, რაც შემდგომი წლის მოსავალზედაც უარყოფით გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, აუცილებელ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული თავკვერის 4-5 ჯერ შეწამვლა ბორდოს ხსნარით სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში.

ნაცრის მიმართ თავკვერი თითქოს უკეთეს გამძლეობას იჩენს, მაგრამ ზოგჯერ ეს სოკოთი ყურძნის დაავადება მასობრივ ხასიათს იღებს, განსაკუთრებით ცხელი და ტენიანი ამინდის პირობებში.

აღსანიშნავია აგრეთვე ნაცრისფერი სიდამპლის უარყოფით გავლენა ვაზზე. ამ სოკოს მასობრივად გავრცელების შემთხვევაში ყურძნის მოსავალი მკვეთრად მცირდება.

ფილოქსერისადმი თავკვერის გამძლეობის საკითხი ექსპერიმენტულად არ არის შესწავლილი. ამ ჯიშის ფილოქსერგამძლეობაზე ზოგიერთ დასკვნის გამოტანა შეიძლება, საწარმოო ვენახებში დაკვირვებით (ტანას და ლეხურის ხეობები, გლდანისა და დიღმის მევენახეობის ზონები და სხვ.). როგორც დაკვირვება ცხადყოფს თავკვერის გამძლეობა ამ მავნებლისადმი რამდენიმედ უკეთესია ტანას ხეობის სანაპირო ზოლში, ხოლო აქვე, შედარებით მშრალ, მძიმე თიხნარ ნიადაგურ პირობებში ჯიშის გამძლეობა მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ვაზის  სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით თავკვერი საერთოდ მგრძნობიარობას იჩენს ამ მავნებლის მიმართ, რის გამოც აუცილებელია მისი გაშენება სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობების მიმართ. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, თავკვერი ძლიერი ზრდით ხასიათდება. განსაკუთრებით მკვეთრად მჟღავნდება ჯიშის ეს თვისება ღრმა ღონიერ, თიხნარ და ქვიშნარ ნიადაგებზე. მშრალ ეკოლოგიურ პირობებში და ღორღიან-ქვიან ნიადაგებზე ვაზის ზრდა საკმაოდ შენელებულია. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავკვერი სხვა ჯიშების მსგავსად გვალვის მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას.

ჯიშის სპეციფიკური ნიშნებიდან აღსანიშნავია ყვავილების დეფექტურობა. ამის შედეგად, როგორც ეს ზემოთ იყო აღნიშნული, თავკვერის მოსავლიანობა მეტად ცვალებადობს. არაწესიერი დაყვავილების შედეგად მოსავალი ჰექტარზე 5-10 ცენტნერს არ აღემატება.

აქედან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ყვავილობის პროცესში თავკვერის ორჯერ ხელოვნური დამტვერვა, ან წინასწარ მისი გაშენება მორიგეობით, ორსქესიან ყვავილების მქონე ვაზის ჯიშებს შორის. გასხვლის სიგრძისა და ფორმირების მიმართ თავკვერი არ იჩენს მგრძნობიარობას. იგი ადვილად ეგუება, როგორც მოკლე, ისე გრძელ სხვლას, აგრეთვე მცირე და დიდ დატვირთვასაც.

მაგრამ დაკვირვება ცხადყოფს, რომ მოსავლის მკვეთრი გადიდება შესაძლებელია მხოლოდ დიდი დატვირთვის შემთხვევაში, რისთვისაც მიზანშეწონილია იგი გაფორმდეს ორმხრივი შპალერული წესით ძირზე 20-34 კვირტის დატოვებით. ღონიერ ნიადაგურ პირობებში მას შეიძლება მიეცეს მრავალსაკავებლიანი ფორმა ძირზე 40-48 კვირტის დატოვებით. ასეთი წესით ვაზის დატვირთვა, ცხადია, მაღალი აგროტექნიკის ფონზე, უზრუნველყოფს ჰექტარიდან 200 ცენტნერი და უფრო მეტ ყურძნის მიღებას

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით თავკვერი საღვინე ჯიშია. მისი პროოდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც წმინდა სახით, ისე კუპაჟში, ადგილობრივი მნიშვნელობის ორდინარული ღვინოების დასამზადებლად.

ყურძნის ორგანოლეპტიკური თვისებების მიხედვით თავკვერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც.

მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის მონაცემებით, თავკვერის მტევნის საშუალო წონა 200-240 გ აღწევს. მტევნის მარცვლების რაოდენობა 90-დან _ 120 მერყეობს. დიდი მტევნის წონა 300-400 გ, 165-180 მარცვლით, ხოლო მცირე მტევნისა 70-100 გ, 30-60 ნორმალურად განვითარებული მარცვლით. ყურძნიდან წვენის გამოსავალი 86,4% შეადგენს, ხოლო ჭაჭისა და სხვა ანარჩენებისა _ 13,6%.

თავკვერის ღვინო ხასიათდება შენახვის ნაკლები უნარით და ნაკლები ტრანსპორტაბელობით. დაკვირვება ცხადყოფს, რომ როგორც კუპაჟში, ისე ცალკე დამზადებული მისი ღვინო ხასიათდება მსუბუქი სხეულით, საშუალო ან საშუალოზე მცირე ალკოჰოლით და ოდნავ მომეტებული საერთო მჟავიანობით.

თავკვერის პროდუქცია ქართლის ზონაშიაც იძლევა მასობრივი მოხმარების ღია წითელი ფერის ღვინოებს, მხოლოდ ზოგიერთ წლებში განსაკუთრებით ხიდისთავის ზონაში მისი პროდუქცია მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. აქ ყურძნის რეპროდუქციის პერიოდში თუ საკმაო სითბო იქნა, დამზადებული ღვინომასალა გამოირჩევა ლალისფერი შეფერვით, ზომიერი ალკოჰოლით, ჰარმონიულობით საკმაო ექსტრაქტულობითა და ხალისიანობით.

ატენის ხეობა და განსაკუთრებით ხიდისთავის მევენახეობის ზონა ისტორიულად ცნობილია თავკვერის ღვინის წარმოებით. როგორც ეს შესავალშიაც იყო აღნიშნული, წარსულში ადგილობრივი მოსახლეობა ამ ჯიშიდან ამზადებდა მასობრივი მოხმარების საკმაოდ ხალისიან წითელ სუფრის ღვინოებს; აგრეთვე მის პროდუქციას იყენებდნენ, როგორც საკუპაჟე მასალას ფართოდ ცნობილ ხიდისთაური წითელი ღვინოების დასამზადებლად.

როგორც ირკვევა, ხიდისთაური ღვინის ძირითად შემადგენელ მასალას წარმოადგენდა ადგილობრივი ვაზის თეთრყურძნიანი ჯიშები ჩინური და გორული მწვანე. ამ ჯიშების ტკბილს ადუღებდნენ ხოლმე თავკვერის ჭაჭაზე და წვენზე. ამ უკანასკნელის 10-15%-ის შერევით. დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინოს გადაიღებდნენ ახალ სუფთა ჭურჭელში და ამრიგად, საბოლოოდ იღებდნენ ღია წითელი ფერის, სხეულიან და შინაარსიან ჰარმონიულ ღვინოებს.

ჯიშის შეფასება და დარაიონება

მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებები ცხადყოფენ თავკვერის პროდუქციის წარმატებით გამოყენებას ღია წითელი ფერის მასობრივი მოხმარების სუვფრის ღვინოების დასამზადებლად. ამ ჯიშისაგან უფრო მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინის მიღების მიზნით მიზანშეწონილია ქართლის რაიონებში რთველის დაგვიანებით ჩატარება (10-15. X). ამ ღონისძიების გატარებით ყურძენში დაგროვდება შაქრის ნორმალური რაოდენობა და შემცირდება საერთო მჟავიანობა. ეს უკანასკნელი კი ზოგჯერ მკვეთრად არის ხოლმე გამოსახული ახლად დამზადებულ თავკვერის ღვინომასალაში.

თავკვერი განსაკუთრებით მაღალი მოსავლიანობით და წვენის უხვი გამოსავლიანობით იმსახურებს ყურადღებას. მისი მოსავალი შეიძლება მკვეთრად დაეცეს არაწესიერი დაყვავილების შემთხვევაში. ამიტომ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ყვავილობის პერიოდში ხელოვნური დამტვერვა, ან ორსქესიან ყვავილებიან ჯიშებს შორის მისი მორიგეობით გაშენება.

თავკვერის პროდუქცია გამოიყენება აგრეთვე სუფრის ყურძნად, მხოლოდ ადგილობრივ მოსახმარად, რადგან მისი ყურძენი შენახვის ნაკლები უნარითა და ასევე ცუდი ტრანსპორტაბელობით ხასიათდება.

ყურძნის უხვმოსავლიანობასა და წვენის დიდ გამოსავლიანობასთან ერთად თავკვერის ყინვებისადმი გამძლეობა საკმაოდ დიდ პერსპექტივას შლის ჯიშის კიდევ მეტად გავრცელებისათვის ქართლის ხეობებში.

თავკვერისათვის წარმატებით გამოიყენება (ვაზის სიძლიერისა და აგროტექნიკის ფონის შესაბამისად), როგორც ქართული ორმხრივი, ისე მრავალსაკავებლიანი გასხვლის ფორმები, დაკვირვება ცხადყოფს, რომ ეს ჯიში დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა აგრეთვე ხეივნისებრი წესით ფორმირებისას. წესიერად მოვლისა და ხელოვნურად განაყოფიერების შემთხვევაში ხეივანზე მისი მოსავალი ერთი სამად და ზოგჯერ მეტად დიდდება, დაბლარ ფორმებთან შედარებით.

მასობრივი მოხმარების ღია წითელი ფერის ღვინოების დასამზადებლად თავკვერი პერსპექტიულ ჯიშად უნდა ჩაითვალოს და მისი შემდგომი გავრცელება ნამყენების სახით ფილოქსერაგამძლე საძირეებზე, მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული გორის, კასპის, ნაწილობრივ მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დუშეთისა და ბოლნისის რაიონებში.

ფართო საკვლევი მუშაობა უნდა გაიშალოს თავკვერის ბიოლოგიური საკითხების შესასწავლად, რათა სელექციის გზით საბოლოოდ გამოყოფილ იქნეს ისეთი კლონები, რომლებშიაც მასობრივად იქნება წარმოდგენილი ორსქესიანი ყვავილები და ხელოვნური დამტვერვა თავიდან იქნება აცილებული.

საქართველოს ამპელოგრაფია. რედაქცია „აგროკავკასია“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1279 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3576 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB