სავენახე ნაკვეთის შერჩევა, ნიადაგის ძირითადი და დარგვისწინა დამუშავება

ვენახი, ნაკვეთი, ვაზი, დარგვა

ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნიადაგის არეს აქტიური რეაქციის დონე pH=6,0-8,0.

ვაზი ცოცხლობს და ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებული და დამლაშებული ნიადაგებისა.

სამრეწველო მევენახეობის განვითარებისათვის საუკეთესო ნიადაგებია: ყავისფერი, ნეშომპალა – კარბონატული, რუხი ყავისფერი (წაბლა), მდელოს ყავისფერი, შავმიწა, შავმიწისებრი, ალუვიური ნიადაგები; მაღალი ხარისხის ყურძნის მისაღებად საუკეთესოა მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, კორდიან-კარბონატული, ხირხატიანი და ქვიშნარი ნიადაგები.

მევენახეობის ყველა ზონაში სავენახე ფართობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური ფაქტორების გავლენა ვაზის მოსავლიანობაზე, მოსავლის ხარისხზე. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის და ქვენიადაგის თვისებებს, ფერდობების დაქანებას, კარბონატების შემცველობას, ტემპერატურულ რეჟიმს და სხვა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი არ უნდა იყოს 22000C – ზე ნაკლები; ყველაზე უფრო თბილი თვის საშუალო ტემპერატურა კი 160C – ზე ნაკლები;

საქართველოში შესაძლებელია სავენახედ გამოყენებული იქნას ვაკე და დაქანებული ფართობები, მაგრამ უმჯობესია ვენახის გაშენებისათვის სამხრეთისკენ და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ დაქანებული ფერდობების შერჩევა. განსაკუთრებით ეს ეხება მთიან ზონას, სადაც შედარებით ნაკლები სითბოა.

რაც შეეხება ფართობის დაქანებას, ამ შემთხვევაში ოპტიმალურია 10°-მდე დახრილობის ფერდობები. ტაფობ ადგილებში გაშენებული ვაზი შესაძლოა ადვილად დაზიანდეს დაავადებებით და არახელსაყრელი კლიმატური პირობების ზემოქმედებით, ხოლო 10°-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ვენახის გაშენება შესაძლებელია დატერასების შემდეგ.

ტერასის სიგანე დამოკიდებულია ფართობის დაქანების კუთხეზე: რაც უფრო მეტადაა დაქანებული ნაკვეთი, მით უფრო ვიწრო ტერასია საჭირო. ტერასის ტიპის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია აგრეთვე ნიადაგის მექანიკური შედგენილობა.

ვენახის გაშენებამდე აუცილებელია სავენახე ნაკვეთის აგროქიმიური და ენტომოლოგიური ანალიზის ჩატარება და მიღებული შედეგების შესაბამისი აგროტექნიკური და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარება.

ვაზი, ვენახი

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

სავენახედ გამოყოფილი ნაკვეთი, პირველ რიგში, უნდა გაიწმინდოს ბუჩქნარის, ხე მცენარეების და მათი ფესვებებისგან, ასევე დიდი ზომის ქვების და ზოგადად, ნიადაგის დამუშავებაში ხელის შემშლელი ნებისმიერი მცენარეული და არამცენარეული ნარჩენებისგან.

ნიადაგში არ უნდა დარჩეს ფესვები, განსაკუთრებით უნდა გასუფთავდეს ნიადაგი ვაზის ფესვებისგან, რადგან ისინი, სხვა მცენარეულ ფესვებთან ერთად, არა მარტო ხელს უშლიან ნიადაგის დამუშავებას, არამედ შეუძლიათ ლპობის პროცესში გააუარესონ ნიადაგის ფიტოსანიტარული მდგომარეობა.

თუ სავენახე ნაკვეთზე გავრცელებულია სარეველები, მათ მოსასპობად მისაღებია ნაკვეთის დამუშავება ჰერბიციდებითაც. ნავენახარ ფართობზე საჭიროა ვაზის ძირფესვიანად ამოძირკვა, ნაკვეთიდან მისი გატანა და დაწვა.

თუ სავენახე ფართობზე გვხვდება უსწორმასწორო ადგილები, ხევები, ორმოები, ბორცვები და სხვა, რაც საგრძნობლად შეუშლის ხელს ნიადაგის შემდგომ დამუშავებას, ხდება ნიადაგის ზედაპირის მოსწორება შესაბამისი ტექნიკით.

გარდა ამისა, საჭიროების მიხედვით უნდა მოხდეს ქარსაფარი ზოლის მოწყობა, სარწყავი ქსელის დაგეგმვა ან სადრენაჟო ქსელის მოწყობა. თუ ნაკვეთში არსებობს წყლის დაგუბების რისკები, აკეთებენ წყლის საწრეტ ქსელებს. თუ ნაკვეთის რომელიმე უბანს, ან მთლიანად ნაკვეთს აქვს ტაფობის ფორმა ანუ ჩაზნექილია შუაში, ასეთ შემთხვევაში იღებენ ღრმა ჭას და წყალსაწრეტ არხებს მიმართულება ეძლევათ ჭისკენ.

ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნიადაგის არე pH 6,0-დან 8.0-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ვაზის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია ანუ ნიადაგის ვაზის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

მოკირიანების ან არეს სხვა ხელოვნური რეგულირების აუცილებლობის დადგენა და ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ვენახის გასაშენებელი ადგილის შერჩევის შემდეგ ტარდება ნიადაგის პლანტაჟი, ანუ ნიადაგის ღრმად დამუშავება ნიადაგის ფენათა გადაადგილებით. პლანტაჟის ჩატარების საუკეთესო დროდ ითვლება შემოდგომა. დასავლეთ საქართველოში პლანტაჟის სიღრმე უნდა იყოს 50-60სმ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 60-70სმ. პლანტაჟი ტარდება ვაზის დარგვამდე 3-5 თვით ადრე.

თუ ვაზის გაშენება იგეგმება ნავენახარ ფართობზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია 2-3 წლიანი დაყოვნების პერიოდის დაცვა – თესლბრუნვით რეკომენდირებული კულტურების თესვის ფონზე და შემდეგ პლანტაჟის ჩატარება, რათა მინიმუმამდე იქნას შემცირებული მავნებელ-დაავადებების გავრცელების რისკები და გაუმჯობესდეს ნიადაგის ძირითადი აგროსაწარმოო მაჩვენებლები.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება

ვაზის დარგვამდე 20-25 დღით ადრე პლანტაჟირებული ნიადაგი უნდა გადაიხნას გარდი-გარდმო 25-30 სმ-ის სიღრმეზე და მოსწორდეს შესაბამისი ტექნიკით (ფრეზი, ფარცხი).

ამ ოპერაციის ჩატარებამდე, ნიადაგის პლანტაჟის შემდეგ, აგროქიმიური ანალიზის მონაცემებიდან გამომდინარე, სავენახე ნაკვეთში შეაქვთ გადამწვარი ორგანული სასუქი (ნაკელი, ტოირფნაკელიანი ან ტორფწუნწუხიანი კომპოსტი, ნეშომპალა და სხვა ორგანული წარმომავლობის ბიომასა), ასევე შეაქვთ ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქები და მელიორანტები ნიადაგის ანალიზის შესაბამისად.

მიზანშეწონილია ასევე, ორგანული და მინერალური სასუქების (ფოსფორი და კალიუმი) შესაბამისი დოზებით შეტანა პლანტაჟის დროს, რათა ვაზის ფესვთა სისტემის განვითარების ზონა თავიდანვე უზრუნველყოფილი იქნას საკვები ელემენტების მარაგით ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

სასუქების და მელიორანტების შეტანის და ნიადაგის მოსწორებისა და შემდეგ ნაკვეთი იგეგმება დასარგავად. ამისათვის მწკრივებს შორის დადგენილ მანძილზე (2,0 – 2,5 – 3,0 მ) გაიჭიმება მავთული და გაივლება სწორი ხაზი. შემდეგ იგივე ოპერაცია სრულდება საწინაამღდეგო მიმართულებით – რიგში ვაზებს შორის დაგეგმილ მანძილზე (1,0- 1,25-1,5 -2,0 მ) გაივლება ასეთივე მავთული და მათი გადაკვეთის წერტილში მომზადდება ორმო ნერგის დასარგავად.

ნაკვეთის დაგეგმვა მონიშვნითაც შეიძლება. ამისათვის მწკრივების გასწვრივ თავსა და ბოლოში, მწკრივებს შორის მიღებულ მანძილზე ჩაისობა პალოები, მათზე გაიჭიმება მავთული და ვაზთა შორის მანძილი აღინიშნება ჩხირების ჩასობით.

ვაზის დარგვამდე, ასევე საჭიროა დამუშავდეს ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის საკითხი და შეიქმნას მექანიზაციის ფართოდ გამოყენების პირობები. ამის მისაღწევად, რელიეფისა და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით, ტერიტორია უნდა დაიყოს კვარტლებად, თარგებად, თარგებში კი რიგების მიმართულებად.

ამავდროულად საჭიროა დაიგეგმოს საგზაო ქსელი, ქარსაფარი ტყის ზოლები და სარწყავი სისტემა. სარწყავ რეგიონებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რიგების მიმართულების შერჩევას. რიგების მიმართულება უნდა უზრუნველყოფდეს ტერიტორიის დაცვას ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიისაგან, ასევე მექანიზაციის შეუფერხებელ გამოყენებას.

ვაკე ადგილებში მწკრივები უმჯობესია განლაგდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმარღთულებით, რაც უზრუნველყოფს მთელი დღის განმავლობაში მცენარეთა კარგ განათებას. თარგთა შორისი და საპლანტაციო გზების სიგანე უნდა იყოს 6 მეტრი, ტრაქტორის მოსაბრუნებელი კი 8 მეტრი.

მევენახეობის პრაქტიკაში მიღებულია ვაზის განლაგების 3 წესი: მწკრივობრივი, კვადრატული და ჭადრაკული.

დაგეგმვის მწკრივობრივი წესი ეწოდება ისეთ წესს, როდესაც მწკრივთაშორისი მანძილი მეტია მწკრივებში ვაზებს შორის მანძილთან შედარებით. კვადრატული წესით დაგეგმვის დროს მანძილები თანაბარია, როგორც მწკრივებს შორის, ისე მწკრივებში-ვაზებს შორის.

ჭადრაკული წესის დროს ცალკეული ვაზი იმყოფება ტოლფერდა სამკუთხედის ცენტრში ან უახლოესი სამი ვაზის ჯგუფი ქმნის ტოლგვერდა სამკუთხედს. აღნიშნულ წესებს შორის ყველაზე მეტი პრაქტიკული გამოყენება აქვს მწკრივობრივად დარგვის წესს. დაგეგმვის ეს წესი შეხამებულია სამუშაოების მექანიზებულად ჩატარებასა და ვაზის სასურველ ფორმირებასთან.

აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შემდეგ ფართობში, ზემოთ აღწერილი მეთოდით მონიშნულ ადგილებში იღებენ ორმოებს, რომლის სიღრმე 40-50 სმ-ია, ხოლო სიგანე 30 სმ.

წყარო: სუფრის ყურძენი – დარგვა, ვენახის გაშენება, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა