საძირე ვაზის სანერგე

საძრე, ვაზის, სანერგე

სადედის გასაშენებლად გამოყოფილი ტერიტორიის ორგანიზაცია

ნიადაგის დარგვისწინა მომზადება და დამუშავება სადედის გასაშენებლად ისევე უნდა განხორციელდეს, როგორც ეს ჩვეულებრივი ვენახის გასაშენებლად არის რეკომენდებული (იხ. ტერიტორიის ორგანიზაცია და ნიადაგის მომზადება ვენახის გასაშენებლად). საქართველოში სადედის გაშენება დასაშვებია როგორც შემოდგომა-ზამთარში (ნოემბერ-დეკემბერში), ისე ადრე გაზაფხულზე, არა უგვიანეს 15 აპრილისა. უმჯობესია შემოდგომაზე გაშენება.

მწკრივებს შორის მანძილი უნდა იყოს 2,2-2,5 მ, მწკრივში ვაზთა შორის 2-2,5-3,0 მ.

საძირე ვაზის სანერგე

ნაკვეთი საძირე ვაზის სანერგისათვის ისე უნდა შეირჩეს და დამუშავდეს, როგორც ნამყენი ვაზისათვის.

სანერგე შეიძლება გაშენდეს შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე იმ ვარაუდით, რომ გაშენება დამთავრდეს შემოდგომისთანავე, ზამთრის ყინვების დაწყებამდე, გაზაფხულზე კი _ არა უგვიანეს 15 აპრილისა.

დასაფესვიანებლად საძირე მასალა უნდა იყოს აღებული ჯანსაღი, წინასწარ აპრობირებული დიდმოსავლიანი საბაზისო ვაზის ლერწიდან. ლერწი უნდა დაიჭრას 20-36 სმ სიგრძეზე ისე, რომ ქვედა გადანაჭერი მუხლის ქვემოთ დარჩეს 0,5 სმ, ხოლო წვერის გადანაჭერი 2 სმ-ით დაცილდეს ზედა კვირტს. ასეთი რქა უნდა დაპარაფინდეს 75-80 0C სპეციალური მარკის პარაფინებში (opti­wax), ამოვლებული იქნას ცივ წყალში, კონებად უნდა შეიკრას და დარგვამდე ერთი დღე-ღამის განმავლობაში წყალში მოთავსდეს.

საძირე ვაზის სანერგეში მწკრივებს შორის მანძლი უნდა იყოს 1,2-1,5 მ. მწკრივში კი 8-10 სმ. გაზაფხულზე უმჯობესია დაპარაფინებული რქის უბაზოოდ დარგვა. დარგვის დამთავრებისთანავე საჭიროა დაპარაფინებული საძირე რქების მორწყვა, უმჯობესია წვეთივანი სისტემის მოწყობა-გამოყენება.

სანერგეში ნიადაგის დამუშავება, მორწყვა და დაფესვიანებული ნერგის ამოღება წარმოებს ისე, როგორც ნამყენი ვაზის.

დარგვის წესები

სადედის გაშენება შეიძლება როგორც დაუფესვიანებელი დაპარაფინებული რქით, ისე დაფესვიანებული დაპარაფინებული ერთწლიანი ნერგით. დაუფესვიანებელი რქით სადედის გაშენება უნდა წარმოებდეს გამონაკლის შემთხვევაში ისეთი საძირე ჯიშებისათვის, რომლებსაც ახასიათებთ შედარებით ადვილი დაფესვიანება. ამ მიზნით შეირჩევა სავსებით მომწიფებული, საღი და თანაბარი განვითარების რქები, რქის სიმსხო 6 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკეთეს ეფექტს იძლევა 8-10 მმ-მდე დიამეტრის რქები. ჭარბტენიან ადგილებზე გასაშენებელი სარგავი მასალის სიგრძე უნდა იყოს 25-30 სმ, ხოლო ზომიერ მშრალ ადგილებში _ 35-40 სმ.

სარგავი მასალა მზადდება შემდეგნაირად: ლერწი ქვედა მუხლთან გადაიჭრება 0,5 სმ-დე რქის ნაწილის დატოვებით, ხოლო რქის ზედა კვირტიდან 1,5-2,0 სმ-ზე, რქას გაეცლება ქვედა და დარჩება ერთი ან ორი ზედა კვირტი. ამგვარად მომზადებული რქები ზემოთ აღნიშნული წესით უნდა დაპარაფინდეს, 100-200 ცალის რაოდენობით კონებად შეიკვრება და დარგვის წინ ერთ დღე-ღამით დალბება წყალში. ასეთი წესით დამზადებული ორ-ორი რქა დაირგვება ფხვიერ ნიადაგში ხვრელში პალოთი და მოირწყვება. ორივე რქის გახარების შემთხვევაში ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ ან მეორე წლის ადრე გაზაფხულზე ერთ ნერგს დავტოვებთ, ხოლო მეორეს ამოვიღებთ.

სადედის გაშენება უმჯობესია მაღალხარისხოვანი დაფესვიანებული ერთწლიანი ნერგით. იგი დაირგვება ორმოში ან ჰიდრობურღით. შემოდგომაზე დაპარაფინებულ დარგულ ნერგსაც უკეთდება კოკოლა, ხოლო გაზაფხულზე უმჯობესია დაპარაფინებული ნერგის დარგვა კოკოლების გარეშე.

ახალშენი სადედის მოვლა

ვაზის დარგვისთანავე ნაკვეთი უნდა მოირწყას, ვეგეტაციის პერიოდში კი 2-3-ჯერ. მორწყვის შემდეგ ნიადაგი შეშრობისთანავე უნდა გაფხვიერდეს და ჩატარდეს მწკრივთაშორისების კულტივაცია 5-6-ჯერ, 10-12 სმ-ის სიღრმეზე, ხოლო მწკრივებში ვაზებს შორის მანძილის გაფხვიერება (ხელით ან მექანიკური წესით) – ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულს ან მომდევნო წლის გაზაფხულზე გაცდენილი ადგილები უნდა შეივსოს მაღალხარისხოვანი ნერგით, გამორგულ ვაზებს უნდა შეედგას ჭიგო.

მეორე წლის გაზაფხულზე წარმოებს ვაზის პირველი სხვლა. ამ მიზნით მასზე შეირჩევა კარგად განვითარებული ერთი რქა და შეიკვეცება 1-2 კვირტზე. დანარჩენი სამუშაოები ტარდება პირველი წლის მსგავსად. ამავე წლის სავეგეტაციო პერიოდში მიმდინარეობს ყლორტების ნორმირება და საჭიროების მიხედვით ნამხრევების შეცვლა. ვაზის ზრდის სიძლიერის მიხედვით ვეგეტაციის ბოლოს უნდა დარჩეს ორი-სამი ძლიერად განვითარებული რქა.

დარგვის მესამე წელს სადედეში ტარდება იგივე სამუშაოები, ვაზის ფორმირება კი იწყება სხვადასხვა წესით.

საძირე ვაზის გასხვლა-ფორმირება

საძირე ვაზის სადედეში ძირითადად იყენებენ თავიან ფორმას. მისი გამოყვანა წარმოებს შემდეგნაირად: გაშენების მეორე წელს ვაზზე შეირჩევა ქვედა ძლიერი რქა და გაისხვლება ერთ-ორ კვირტზე, დანარჩენი შეეცვლება.

ოპტიმალური ზრდის პირობებში ვაზზე შემდგომში სათადარიგო კვირტებიდანაც შეიძლება განვითარდეს ძლიერი ყლორტი, რომელიც უნდა აღიზარდოს ძირითად ყლორტებთან ერთად, დანორმების შემდეგ, 3-4 ცალის რაოდენობით.

ვეგეტაციის პერიოდში ვაზს პერიოდულად უნდა შეეცალოს ნამხრევები, რაც ხელს შეუწყობს ნაზარდის უკეთ განვითარებას და სამყნობად ვარგისი ლერწის გამოსავლიანობას.

ასეთი წესით აღზრდილი რქები შემოდგომით ან გაზაფხულზე ნაწილი გაისხვლება ერთ-ორ კვირტზე, ნაწილი კი ბაზისში შეეცვლება. ასეთი სხვლის შედეგად მომდევნო წლებში ვაზზე განვითარდება ე.წ. „თავი“.

მწკრივში ვაზის ძირებს შორის ნიადაგის მექანიკურად დამუშავებისა და ჰერბიციდების წარმატებით გამოყენების მიზნით უპირატესობა უნდა მიეცეს ვაზის თავიან ფორმას 30-40 სმ სიმაღლის შტამბზე; ამ შემთხვევაში შესაძლებელია აგრეთვე, ორი მოკლე

მხრის (კორდონი) შექმნა და მასზე სასხლავი „თავის“ ჩამოყალიბება; სადედეში ვაზის ფორმირების დაჩქარების მიზნით უნდა გამოვიყენოთ ყლორტების ნორმირება და ნამხრევები.

ამ მიზნით პირველ სავეგეტაციო პერიოდშივე, როცა ყლორტების სიგრძე 10-15 სმ მიაღწევს, ტარდება დანორმება, ვაზზე უნდა დარჩეს კარგად განვითარებული 2-3 ყლორტი. შტამბის გამოსაყვანად გამოყენებული იქნება ერთი ყლორტი; როდესაც ყლორტის სიგრძე სასურველი შტამბის სიმაღლეს _ 10-15 სმ-ს გადააჭარბებს, ყლორტს წვერი უნდა წაეწვეტოს, წვერის ზონაში ნამხრევის დაჩქარებით წარმოშობის მიზნით.

შესაძლებელია მეორადი ნამხრევების გამოწვევაც, რაც ერთი-ორი წლით დააჩქარებს შტამბისა და „თავის“ ფორმირებას.

საქართველოს მმმ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ნ. ჩხარტიშვილი, შ. ხონელიძე) შემუშავებულ იქნა და რეკომენდაცია მიეცა ფილოქსერაგამძლე ვაზის სადედეში ვაზის გაფორმებას დაბალშტამბიან (40-50 სმ) კორდონულ (მხრებიან) ფორმას, მუდმვ მხრებზე სასხლავი რგოლებისთავის ფორმირებით, ყლორტის შპალერის თითოეულ მავთულზე ჰორიზონტალური აღზრდით.

ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეთა სადედეში მაღალეფექტურია აგრეთვე ვაზის აღზრდა და გაფორმება ვერტიკალურ კოდრონზე, 4-5 იარუსიანი (მავთულიანი) ვერტიკალური შპალერის თითოეულ სართულზე ე.წ. თავიანი რგოლების ჩამოყალიბებითა და ყლორტების თანაბრად განაწილებით შპალერის მავთულზე და ან ჰორიზონტალურად აღზრდით, შედეგად იზრდება ლერწის გამოსავლიანობა და უმჯობესდება ხარისხი. (ნ.ჩხარტიშვილი, შ. ხონელიძე).

მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.

იხილეთ აგრეთვე: სავენახე ადგილისა და ნიადაგების შერჩევა, სავენახე ნიადაგის შერჩევის კრიტერიუმები

თქვენი რეკლამა