უსახელოური – ქართული ვაზის უნიკალური ჯიში

უსახელოური, ვაზის, ჯიში, ვენახი

უსახელოური ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ცაგერის რაიონში, ძირითადად ზუბი_ოყურეშის მიკროუბანში და იძლევა მაღალი ხარისხის ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს. ადგილობრივ მევენახეთა შორის, უსახელოური ცნობილია აგრეთვე ოყურეშულის სახელწოდებითაც.

უსახელოური კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივი კერიდან არის წარმოქმნილი. იგი თავისი მორფოლოგიურით და სამეურნეო ნიშან_თვისებებით ახლო დგას ადგილობრივი ვაზის ჯიშებთან  და განსხვავდება მათგან უმთავრესად ფოთლის ქვედა მხარის ოდნავ შესამჩნევი (აბლაბუდისებრი) შებუსვით და პირველი მოსავლიან გვიან დაწყებით.

საერთოდ, სუსტად შებუსვილი და სრულიად უბუსუსო ფოთლიანი ვაზის ჯიშები დასავლეთ საქართველოში მცირედ არის წარმოდგენილი. ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ისტორიული ხასიათის წერილობითი მონაცემები შემონახული არაა, მაგრამ ჯიშის მოკალათება მხოლოდ ცაგერის რაიონში, ჰავისა და ნიადაგურ პირობებთან კარგად შეგუება და სახელწოდების ამ რაიონის ერთ_ერთ სოფლიდან მიღება უდავოდ ადასტურებს ჯიშის ადგილობრივ წარმოშობას.

ზოგიერთი ბოტანიკური ნიშნებით და ბიოლოგიური თვსიებებით _ გადახლართული ზრდა, შედარებით გრძელი და სქელი პწკალი, მუდამ ღია ფიწლისებრი ყუნწის ამონაკვეთი, თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა, საშუალო მტევნები, საკმაო წვრილმარცვლიანობა (ზოგჯერ 15_20%), მარცვლების არათანაბარი სიმსხო და მწიფობა მიგვითითებს ჯიშის გარეულ ვაზებთან დიდ მსგავსებაზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ უსახელოური არც ისე შორეულ წარსულში უშუალოდ ტყიდან უნდა იყოს შემოტანილი კულტურაში.

ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით ჯიში უსახელოური შორეულ წარსულში გადმოუტანიათ სოფ. უსახელოდან და ფართოდ გაუვრცელებიათ ლეჩხუმში. ეს და ზემოთ მოყვანილი მოსაზრებანი ნათლად ადასტურებს ჩვენი მხცოვანი მეცნიერის აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ გამოთქმულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ უსახელოურს თავისი სახელწოდება მიღებული უნდა ჰქონდეს ლეჩხუმში მდ. ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოდან.

ბოტანიკური აღწერა

უსახელოური აღწერილია სოფ. ზუბში ვენახში, რომელიც მდებარეობს მცირედ დაქანებულ ფერდობზე. ნიადაგი ქვეთიხნარია, ქვიანი, საკმაო რაოდენობით შეიცავს კალციუმის კარბონატებს, ხოლო ქვენიადაგი ქვაკირისაგან შედგება. ვენახი ფორმირებულია ადგილობრივი წესით ორ ნეკსა და ორ მოპირდაპირე საკავებელზე, იგი საკუთარ ძირზეა. ჯიშის უფრო დაწვრილებით შესწავლა ყვავილის ტიპისა და ახალგაზრდა ყლორტის აღწერით და სამეურნეო თვისებების დაზუსტებით ხდებოდა მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში (მონაცემები ძველია).

ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა (15_20 სმ სიგრძის) ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი ორივე მხრიდან შებუსვილია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, უფრო ძლიერ ქვედა მხრიდან და მომწვანო რუხი ფერისაა, სუსტი მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის მე_2 და მე_4 ფოთოლი კარგავს ზედა მხრიდან შებუსვას და იღებს მოყვითალო მწვანე ფერს ღია ბრინჯაოს იერით; ფოთლის ქვედა მხარეზე რჩება აბლაბუდისებრი შებუსვა და მორუხო მწვანე ფერი, რომელიც მომდევნო ფოთლებზე ქრება. ახალგაზრდა ყლორტის წვერი შებუსვილია, ხოლო ქვემოთ იგი ღია მწვანე ფერისაა მოღვინისფრო ზოლებით მზისკენ მიქცეულ მხარეზე.

ერთწლიანი რქა. ერთწლიანი კარგად გახევებული რქა შემოდგომით ღია ყავისფერია, უსახელოურის დამწიფებისათვის საჭირო დრო ცვალებადია. ასე, მაგალითად, 1940 წელს უსახელოურის მომწიფებას ცაგერში დასჭირდა 181 დღე 3593º. დღეთა რაოდენობა იცვლება ძირითადად ნალექების გავლენით. ცნობილია, რომ _ რაც უფრო მეტია ნალექები სარეპროდუქციო და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მით უფრო ხანგრძლივდება ყურძნის დამწიფების პერიოდი და იზრდება აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც.

უსახელოურის სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა საგრძნობლად მერყეობს ცალკეული წლების მიხედვით. ეს მერყეობა ძირითადად გამოწვეულია წლის მეტეოროლოგიური პირობებით. უსახელოურის ერთწლიანი რქა ფოთოლცვენამდე თავისუფლად ასწრებს მომწიფებას 110_120 სმ_მდე და კარგად გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.

უსახელოურის ვაზების ზრდის სიძლიერე საშუალოა. უსახელოურის ვაზები საშუალო ზრდითა და განვითარებით ხასიათდება, თუმცა, ნიადაგის სინოყივრის მიხედვით ვაზის ზრდის სიძლიერე ცვალებადობს, მაგრამ სხვა ჯიშებთან შედარებით იგი მაინც საშუალო რჩება, რადგან ძლიერი ზრდის ვაზებს ნოყიერ ნიადაგებზე იგი ჩამორჩება.

მოსავლიანობა. სხვა ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით უსახელოური უფრო გვიან იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. ლეჩხუმელ მევენახეთა დაკვირვების მიხედვით, ჯიში მხოლოდ მე_4, მე_5 წელს იძლევა პირველ, ხოლო 5_6 წლიდან სრულ მოსავალს. უსახელოური საშუალო მოსავლიანი ჯიშია, ხოლო კარგი მოვლისა და კვების პირობებში იგი უხვი მოსავლიანობით ხასიათდება.

მოსავლიანობა საშუალოდ ჰექტარზე 50_70 ცენტნერს შეადგენს, ხოლო ცალკეულ კარგად მოვლილ ნაკვეთებზე იგი 80_100 ცენტნერს აღწევს.

უსახელოური მოსავლიანობის შედარებით კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება: მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 0,6_დან 2,0_მდე, ხოლო საშუალოდ იგი 0,8_1,0 უდრის. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 40_დან 120 გ_მდე და საშუალოდ 70_80 გ შეადგენს, ხოლო დიდი კარგად განვითარებული მტევნების წონა 200_250 გ აღწევს. ამრიგად, ერთი რქის გაანგარიშებული მოსავალი 80_100 გ უდრის. უსახელოურის შედარებით არა მაღალი მსხმოიარობის კოეფიციენტი გამოწვეულია, ერთი მხრივ, საკმაო დიდი რაოდენობის (15_20%) უნაყოფო ყლორტებით და, მეორე მხრივ, თვით რქების მცირე მსხმოიარობით.

ვაზზე ხშირად რქების 70% ერთმტევნიანია, დანარჩენი ორმტევნიანი, ხოლო იშვიათ შემთხვევაში გვხვდება სამმტევნიანი რქებიც. უნაყოფო რქების დიდი სიმრავლე ვაზზე უფრო ხშირად გამოწვეულია ვაზის არაშესაფერი გასხვლით და დატვირთვით. ჯიშის ბიოლოგიური თვისების შესწავლით და შესაფერი აგროღონისძიებათა გამომუშავებით თავისუფლად შეიძლება მისი მოსავლიანობის საგრძნობლად გადიდება.

ლეჩხუმში უსახელოური გაშენებულია, ძირითადად, 1,5X1,5 მ კვების არეზე და ისხვლება 2 ნეკსა და 2 მოპირდაპირე საკავებელზე. უფრო გრძელი გასხვლისა და ფორმირების სხვა წესები გამოცდილი არ არის. ჯიშის ბიოლოგიური თვისებების გათვალისწინებით სასურველია იგი გამოიცადოს მარაოსებრ ან კორდონურ ფორმებზე 28_30 კვირტის დატვირთვით, მისი კვების და მოვლის პირობების გაუმჯობესებით მოსავლიანობის გადიდების მიზნით.

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა

უსახელოურის შედარებითი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ (ჭრაქი) არადამაკმაყოფილებელია. ჯიში ადვილად ზიანდება მისგან და მოითხოვს დროულ და ხარისხოვან წამლობას, ხოლო წვიმიან წლებში ერთი_ორი დამატებითი წამლობის ჩატარებას. ნაცრის მიმართ ჯიში საკმაოდ გამძლეა.

ფილოქსერის მიმართაც მისი გამძლეობა სუსტია.საძირეებთან მონათესაობა. ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზებთან უსახელოური კარგი მონათესაობით ხასიათდება. დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ მთავარ საძირეებს _ რიპარიაXრუპესტრის 3309, 3306, 101/4 და რუპესტრის დულოს იგი კარგად ემყნობა და უხორცდება, განსაკუთრებით უკანასკნელზე დამყნობისას. თიხნარ, ტენიან, შედარებით მძიმე ნიადაგებისათვის უკეთეს საძირეებად 101/14 და 3306 ითვლება, ხოლო ხირხატ, მსუბუქ ქვეთიხნარ ნიადაგებისათვის 3309.

გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება. საქარის საცდელ სადგურზე წარმოებულ დაკვირვებებით უსახელოური მგრძნობიარეა გაზაფხულის წაყინვების მიმართ და სხვა ჯიშებზე უფრო მეტად ზიანდება მისგან. ნიადაგებს იგი განსაკუთრებულ მოთხოვნას არ უყენებს, კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებული და ეწერი ნიადაგებისა, მაგრამ მაღალი ღირსების ღვინოს უსახელოური იძლევა მთის ფერდობებზე, ქვეთიხნარ ხირხატ, კირით მდიდარ ნიადაგებზე. ჯიში მარცვლების კარგი გამონასკვით ხასიათდება, მაგრამ მტევნებს საკმაო წვრილმარცვლიანობა ახასიათებს, ჩვეულებრივ იგი 5%, ხოლო ზოგიერთ არახელსაყრელ ამინდში 15_20% აღწევს.

ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნების გარეგნული შეხედულებით, მექანიკური შედგენილობითა და წვენის ქიმიური შეცულობით უსახელოური წმინდა საღვინე ვაზის ჯიშია და მართლაც, თავის გავრცელების რაიონში იგი იძლევა მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.მტევნის მექანიკური შედგენილობა.

ლაბორატორიულ პირობებში წვენის გამოსავლიანობა ყურძნიდან მერყეობს 72%_დან 77%_მდე, ხოლო წარმოების პირობებში იგი გაცილებით ნაკლებია და საშუალოდ 74_75% არ აღემატება.წვენის ქიმიური შედგენილობა. უსახელოური საკმაოდ დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს მაღალი მჟავიანობის შენარჩუნებით. ასე, მაგალითად, მისი შაქრიანობა  მშრალი შემოდგომის პირობებში თავისუფლად აღწევს 25_26%, ხოლო წლების მანძილზე მისი შაქრიანობა საშუალოდ 22% შეადგენს.

უსახელოური საკმაო მაღალი შაქრიანობით და სუფრის ღვინისათვის საკმაო მაღალი მჟავიანობით ხასიათდება. შაქრიანობა_მჟავიანობის კარგი შეფარდება აპირობებს უსახელოურის ყურძნიდან ხარისხოვანი ღვინის მიღებას. აღსანიშნავია ჯიშის ამ თვისების შენარჩუნების უნარი სხვადასხვა რაიონში განსხვავებულ ჰავისა და ნიადაგურ პირობებში გავრცელების შემთხვევებშიაც. ყურძნის გადამუშავება და მიღებულ პროდუქციის დახასიათება.

უსახელოურის ყურძენი მიდის ძირითადად ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინის დასაყენებლად, იშვიათად და ისიც ნარევი ვენახების ყურძენი იწურება ადგილობრივი ტიპის სუფრის წითელი ღვინის მისაღებად. უსახელოურის ღვინო მაღალი ღირსებისაა, იგი ინტენსიური შეფერვით, ჯიშური არომატით, საკმაო სხეულით და ჰარმონიული გემოთი ხასიათდება.

ლეჩხუმის მეღვინეობას უსახელოურმა გაუთქვა სახელი. ლუჩხუმის წითელი ღვინო, ვაჭრობაში `მანდარიას ღვინოს~ სახელწოდებით, ფართოდ იყო ცნობილი ქუთაისისა და წულუკიძის რაიონის სოფლებში და საუკეთესოდ ითვლებოდა.

ლეჩხუმში უსახელოურის ღვინო შემდგენაირად მზადდებოდა: მოკრეფილი ყურძენი თავსდება ხის ხორგოში ანუ საწნეხელში და იწურება, ნაწური მიდის ქვევრში და ერთი ღამის შემდეგ ბრუნდება ისევ ხორგოში ჭაჭასთან ერთად სადუღრად. უკანასკნელ წლებში ყურძენს ატარებენ ყურძნის საჭყლეტ მანქანაში, რომლის შემდეგ მას უკლერტოდ, თავისი წვენით და ჩენჩოთი ტოვებენ ხორგოში სადუღრად. გაჭყლეტილი ყურძენი დუღს ღია, ან იშვიათად დახურულ ხორგოში 8_10 დღის განმავლობაში.

ამ პერიოდში დღე_ღამეში ორჯერ ან სამჯერ კარგად ურევენ მადუღარ მასას, რომ წვენი უკეთესად დადუღდეს და საღებავი ნივთიერებანი უკეთ გამოიტანოს. მძაფრი დუღილის დამთავრების შემდეგ, მძიმედ მადუღარი ღვინო გადააქვთ სუფთად გარეცხილ ქვევრებში. ქვევრებს მჭიდროდ ახურავენ საქველს და გლესენ თიხით. დარჩენილ დურდოს გამოწნეხვის შემდეგ ინახავენ არყის გამოსახდელად.

ლეჩხუმში უსახელოურის რთველს ჩვეულებრივ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყებენ, რაც ორი კვირა გრძელდება და მთავრდება დაახლოებით ოქტომბრის ბოლო რიცხვებში. ეს ვადა ცალკეული წლების მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად ცვალებადია. ბუნებრივად ნახევრადტკბილი ხარისხოვანი ღვინის მისაღებად უსახელოური უნდა დაიკრიფოს 23_26% შაქრიანობისა და 6,0_8‰ მჟავიანობის დროს, ხოლო სუფრის წითელი ღვინისათვის 20_22% შაქრიანობისა და 8_9‰ მჟავიანობისას.

ამ დროს დაკრეფითილი ყურძნიდან მაღალხარისხოვანი ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სუფრის მშრალი ღვინო დგება. უსახელოურის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო ხასიათდება ლამაზი ლალისფერი ან მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი და შემადგენელი ნაწილების ჰარმონიული შეზავებით. სუფრის ღვინო მწიფე შინდისფერია, აქვს ხილის არომატი და სრული ჰარმონიული გემო.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული უსახელოურისაგან ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სუფრის ღვინოები დგება. მეღვინეობის სხვა მიმართულებით ჯიში გამოცდილი არ არის. ყურძნის წვენის მდიდარი ქიმიური შედგენილობის გამო უსახელოური შეიძლება გამოიცადოს სადესერტო ტიპის ღვინოების მისაღებად. ამ მიმართულებით იგი უდავოდ პერსპექტიულად უნდა მივიჩნიოთ. სხვა მიმართულებით ჯიში ნაკლებადაა შესწავლილი და გამოცდილი.

უსახელოურის ღვინო საკმაოდ მდიდარია თავისი შედგენილობით. აღსანიშნავია ღვინის მაღალი ალკოჰოლიანობა, რაც ზოგიერთ ნიმუშებში 13_14 აღწევს, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს მისგან მაღალხარისხოვანი სადესერტო ტიპის ღვინის მიღების შესაძლებლობას. საჭიროა ჯიშის ამ მიმართულებითაც ფართოდ გამოცდა.

ვარიაციები და კლონები. მუშაობა ფართო მასშტაბით განსხვავებული ფორმებისა და კლონების გამოსავლენად დღემდე არ წამოებულა, ამის შესაბამისად ვარიაციები და კლონები უსახელოურის ფარგლებში ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.

საერთო შეფასება და დარაიონება

უსახელოური სიმწიფის საშუალო პერიოდის ადგილობრივი ვაზის ჯიშია. იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის მშრალ მაღალხარისხოვან წითელ ღვინოს, გამოსადეგია აგრეთვე სადესერტო ტიპის წითელი ღვინის დასაყენებლად.

გავრცელებულია ლეჩხუმში _ ზუბო_ოყურეშისა და ოფიტარა_მახურას მიკრორაიონში. მთელი მისი ვენახების ფართობი 60,3 ჰექტარს არ აღემატება. აღნიშნულ მიკრორაიონში ჯიში გავრცელებულია ძირითადად წმინდა ნარგავების სახით, ხოლო რაჭა_ლეჩხუმის რაიონებში იგი მცირე რაოდენობით ნარევის სახითაც გვხვდება (მონაცემები ძველია).

უსახელოური იძლევა მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრადტკბილ და ინტენსიურად შეფერილ, შინაარსიან, ენერგიულ, სასიამოვნო არომატისა და გემოს სუფრის წითელ ღვინოს.

ჯიშის დადებით თვისებებს უნდა მიეწეროს პროდუქციის მაღალი ხარისხი, მისი ვარგისობა, როგორც სუფრის, ისე ადგილობრივი ტიპის ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინისათვის და აგრეთვე მისი ვენახების ხანგრძლივი მომსახურეობა.

ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება მისი შედარებით სუსტი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა (ჭრაქის) მიმართ და პირველი მოსავლის დაგვიანებით მოცემა.

უსახელოური, ვაზის, ჯიში, ვენახი

ფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA).

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა