სხილათუბანი – ვაზის ჯიში ხარისხიანი წითელი ღვინის დასაყენებლად

სხილათუბანი, ვაზის, ჯიში, გურია

სხილათუბანი ძველ დროიდანვე ცნობილი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარსულში იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად განსაკუთრებით აღმოსავლეთ გურიის რაიონებში, რომლის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად. ე. ნაკაშიძესა  და გ. შარაშიძეს მოხსენიებული აქვთ სხილათობანი.

ერთ უცნობ ავტორს, როგორც ამის შესახებ გადმოგვცემს აკად. ივ. ჯავახიშვილი, აღნიშნული აქვს რცხილათუბანი, ხოლო თვით აკად. ივ. ჯავახიშვილის შრომაში კი აღნიშნულია: რცხილათუბანი, სხილათუბანი, სხილათობანი, რცხილათობანი. ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ჩოხატაურის რაიონის სოფ. დაბლაციხესა და საყვავისტყეში შემორჩენილია სახელწოდებები: სხილათობანი და ცხილათობანი, ხოლო ფარცხმა კოხნარ საჭამიასერის მიდამოებში გავრცელებულია სახელწოდებები: სხილათუბანი და სხილათობანი. ამავე რაიონის ზოგიერთ სოფელში (განახლება, ბერეჟოული) ამ ჯიშს ცხრილათობანსაც ეძახიან.

ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით აღნიშნული სახელწოდება ჯიშს მიკუთვნებული უნდა ჰქონდეს მის კუმს მტევნებში პაწაწინა მწერების დაბუდების გამო. ამ მწერს გურიაში სხილს ეძახიან. ამგვარი განმარტება ძნელად დასაჯერებელია, მით უმეტეს, რომ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული დაკვირვებით მტევნებში მწერების არსებობა შემჩნეული არ ყოფილა.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ბოტანიკური, აგრობიოლოგიური და სამეურნეო თვისებებით იგი კოლხეთის ვაზის ჯიშთა ტიპიური წარმომადგენელია და მიეკუთვნება გურიის ვაზის აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს. გ. შარაშიძე თავის ლექსკიონში სხილათობანს გურიის ვაზის ჯიშად თვლის და მოთავსებული აქვს საუკეთესო ვაზის ჯიშთა სიაში. აგრ. ე. ნაკაშიძეც მას გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს.

აკად. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს უცნობი ავტორის ცნობა რცხილათუბანის შესახებ, ამის მიხედვით იგი მოთავსებულია იმერეთის შავი და წითელი ყურძნის ჯიშთა სიაში, რომელიც მისივე გადმოცემით, გავრცელებული ყოფილა იმერეთის სამხრეთ ნაწილსა და ცხენისწყალზე მდებარე სოფ. ხონსა და მის მიდამოებში.

ენობრივი ანალიზის შედეგად ივ. ჯავახიშვილი გურიაში გავრცელებულ სახელწოდებას სხილათუბანს _ თვლის რცხილათუბანის ფონეტიკურ სახესხვაობად და მას ეს სახელწოდება სოფლის სახელწოდებიდან წარმომდგარად მიაჩნია, რადგან ამ სახელწოდების სოფელი მეცნიერს 5_ვერსიან რუკაზე ვერ უპოვნია, ამიტომ იგი დასაშვებად თვლის ამ ჯიშის არგვეთში მდებარე სოფ. რცხილაეთიდან წარმოშობას. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიერ დასახელებული რცხილათუბანის ბოტანიკური აღწერის და აგრევე აგრობიოლოგიური და სამეურნეო_ ტექნოლოგიური დახასიათების უქონლობა, ჯიშის ამჟამად არარსებობა არ გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ გურიის სხილათუბანის და იმერული რცხილათუბანის იდენტურობა.

დასახელებული ავტორი სხილათუბნის ჯიშს ადარებს აგრეთვე რაჭულ წითელყურძნიან ჯიშს რცხილს, რომელიც, მისივე დასკვნით, უეჭველია უნდა იყოს რცხილათუბანის ბოლომოკვეთილი ფორმა. წარმოებული დაკვირვებებით დადგენილია გურიის სხილათუბნის და რაჭულ რცხილის სრული არაიდენტურობა. როგორც ვხედავთ, არსებული მასალები არ არის საკმაო სხილათუბანის საბოლოო სახელწოდებისა და წარმოშობის დასადგენად. ეს საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს. სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე და არეალი მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

ამას პირველ ხანებში ხელი შეუწყო უხვმოსავლიანი იზაბელას ფართოდ გავრცელებამ, რადგან იგი შედარებით გამძლე აღმოჩნდა ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ და ამასთან ნაკლებ მოვლას მოითხოვდა. შემდგომ პერიოდში კი, როდესაც ამ მხარეში დაბლარი ტიპის მევენახეობა ფართოდ განვითარდა, დაინერგა და მასობრივად გავრცელდა იმერული ჯიში ცოლიკოური. სხილათუბნის აღდგენა_გავრცელებით ადგილობრივი მოსახლეობა არ დაინტერესდა, რადგან ამ საქმიანობის სათანადო სიმაღლეზე დაყენებას ხელს უშლიდა საკვირტე მასალის სიმცირე და, რაც მთავარია, ის რომ მოსახლეობას სწორი წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ჯიშის ვარგისიანობაზე.

ამ უკანასკნელ პერიოდში სერიოზული ყურადღება მიექცა აბორიგენულ ვაზის ჯიშების აღდგენა_განვითარებას და სხილათუბანშიც გავრცელდა როგორც ზემო, ისე ქვემო გურიაში. იგი ამჟამად მხოლოდ დაბლარად არის წარმოდგენილი ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე დამყნობილი. როგორც ზრდა_განვითარებითა და მოსავლიანობით, ისე პროდუქციის ღირსებით სხილათუბანი სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი საღვინე ჯიშის მიმართ წაყენებულ ძირითად მოთხოვნას, რის გამოც მისი მასობრივი გავრცელება სავსებით მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული გურიის ყველა რაიონში და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში.

ბოტანიკური აღწერა

სხილათუბანის ბოტანიკური აღწერა ჩატარდა  სოფ. დაბლაციხეში,  სადაც ამ ჯიშის ვენახი იყო ჩაყრილი.

სოფ. კალაგონში სხილათუბანის ვენახები დაბლარადაა გაშენებული. ვაზი ქართული წესითაა გასხლული, ნაკვეთი დაქანებულია სამხრეთისაკენ. ნიადაგი მსუბუქი, ქვეთიხნარი და ნაკლებნოყიერია; შეიცავს კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობას.

სოფ. დაბლაციხეში სხილათუბნის ნაკვეთი მდ. სუფსის ხეობის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს. ნაკვეთი ვაკეა, ხოლო ნიადაგი თიხნარ_ქვიშნარი, ნაწილობრივ ქვიანია და კალციუმის კარბოტანებს მცირე რაოდენობით შეიცავს. ვაზები დაბლარადაა წარმოდგენილი და ფორმირებულია მავთულზე ქართული წესით.

ახალგაზრდა ყლორტი. კვირტების გაშლის პერიოდში თითქმის წითელია და სქლადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ზრდის კონუსი მოთეთრო_მუქი_წითელი ფერისაა. პირველი ახლადგაშლილი ფოთოლი ზემოდან ღია მწვანეა მოყვითალო ელფერით. ნაპირები კბილებითურთ მთლიანად მოწითალო_იისფერია და სქლადაა დაფარული მონაცისფრო ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მუქი წითელი ან წითელია და მოიისფერო ელფერი დაჰკრავს, ხოლო ძარღვების გასწვრივ ღია მწვანეა. მეორე ფოთოლი მცირედ და მესამე კი უმნიშვნელოდაა დაფარული ბეწვისმაგვარი ბუსუსით. ქვედა მხრიდან მათი შებუსვა ქეჩისებრია. ნაცრისფერი ბუსუსი ბეწვისმაგვარია. მთელ ფირფიტას ქვემოდან გადაჰკრავს მოწითალო ღვინის ან მუქი მოწითალო ელფერი.

ახალგაზრდა ყლორტი მცირედ ან საკმაოდ დაფარულია ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ყლორტი ღია მწვანეა და წვერისაკენ ხშირად მოწითალო იის ან წითელი ღვინის ფერი გადაჰკრავს.

ერთწლიანი რქა. შემოსული რქა საშუალო სიმსხოსია. მუხლთაშორისის სიგრძე 8_15 სმ აღწევს, ღია ყავისფერია მოწითალო ელფერით. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. რქას ოდნავ ემჩნევა ზოლიანობა.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. მისი სიგრძე 15,4_21,0 სმ აღწევს, ხოლო სიგანე 14,8_20 სმ აღწევს. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია ვიწრო ან განიერი ელიფსური ნაპრალით. გვხვდება აგრეთვე ჩანგისებრი ფორმის ღია ამონაკვეთებიც, რომელთა ნაკვთები სამი ან ოთხი ძარღვისაგან შედგება და მახვილი ან მომრგვალო ფუძიანია.

ზემო ამონაკვეთი ღიაა და მცირედ ჩაჭრილი, იშვიათად დახურულია ვიწრო ან განიერი ელიფსური ნაპრალით, რომლის ფუძე მომრგვალო ან მახვილია. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი. ფოთოლი სამნაკვთიანია; გვხვდება სრულიად უნაკვთო ფოთლებიც. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის სწორ კუთხეს, იშვიათად ბლაგვს.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრი ან ვიწრო სამკუთხედისებრია და წაგრძელებულწვერიანი. ამოზნექილი გვერდებიანი და წამახვილებული წვერიანი მეორეული კბილები მთავარი კბილების მსგავსია. ფოთლის ნაპირები კბილებით მოყვითალო_მწვანე ფერისაა, რაც უნდა მიეწეროს ქლოროფილით გამოწვეული მარცვლების დეფორმაციას მომწიფების პერიოდში.

ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრია, ზედა მხარე გლუვია ან ბადისებრ დანაოჭებული, იშვიათად წვრილი ბუშტისებრიც გვხვდება. ფოთოლი ბრტყელი ან ძაბრმაგვარი ღარისებრი მოყვანილობისაა, მთავარი ძარღვები ოდნავ შებუსვილია, ბაცი მწვანე ფერისაა და ფუძესთან ღია ვარდის ან წითელი ღვინის ფერს იღებს. ფოთლის ყუნწის შეფარდება მთავარ შუა ძარღვთან 0,8_1,1 უდრის. ყუნწი შიშველია ან ოდნავ შებუსვილი და ბაცი წითელი ღვინის ფერია.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებით და ბუტკოთი. მტვრიანები საკმაოდ გრძელია ბუტკოზე და ზოგ შემთხვევაში მისგან საგრძნობლად გადახრილია. ყვავილში 5 მტვრიანაა, გვხვდება აგრეთვე 6 მტვრიანაც, ხოლო იშვიათად კი 4. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 350_550_მდე აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 3,5_4,5 სმ აღწევს. დიდი მტევნის საშუალო სიგრძე 13_14 სმ, ხოლო სიგანე 9_12 სმ უდრის. საშუალო მტევნის სიგრძე 10_12 სმ, სიგანე 7_9 სმ აღწევს.ფილოქსერის შემოჭრამდე სხილათუბანი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარად გურიის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით მდ.სუფსისა და ხევისწყლის ხეობებში და, როგორც გადმოგვცემენ, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ჯიშის ყურძენს იყენებდა ხარისხოვანი საკმაოდ შეფერილი სუფრის ღვინოების დასაყენებლად.

მდ. ხევისწყლის ხეობაში (საჯავახოს ზონა) სხილათუბნის ყურძენს ურევდნენ მტევანდიდს და მათი კუპაჟით აყენებდნენ იმ დროს მთელ დასავლეთ საქართველოში ცნობილ, ე.წ. საჯავახოს ღვინოს, რომელიც თავისი ხარისხით მკვეთრად გამოირჩეოდა ვაზის სხვა ადგილობრივ ჯიშთა პროდუქციიდან. დაკავებული ფართობის მიხედვით სხილათუბანი ჭარბობს ჯანს და ზოგან ჩხავერსაც კი, რადგან ხარისხოვან პროდუქციის მოცემასთან ერთად იგი უხვი მოსავლიანობითაც გამოირჩეოდა.

მიუხედავად უხვი მოსავლიანობისა და ხარისხოვანი პროდუქციისა, სხილათუბანის გავრცელების თანამედროვე არეალი მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ამას პირველ ხანებში ხელი შეუწყო უხვმოსავლიანი იზაბელას ფართოდ გავრცელებამ, რადგან იგი შედარებით გამძლე აღმოჩნდა ფილოქსერისა და სოკოვან დაავადებათა მიმართ და ამასთან ნაკლებ მოვლას მოითხოვდა.

შემდგომ პერიოდში კი, როდესაც ამ მხარეში დაბლარი ტიპის მევენახეობა ფართოდ განვითარდა, დაინერგა და მასობრივად გავრცელდა იმერული ჯიში ცოლიკოური. სხილათუბნის აღდგენა_გავრცელებით ადგილობრივი მოსახლეობა არ დაინტერესდა, რადგან ამ საქმიანობის სათანადო სიმაღლეზე დაყენებას ხელს უშლიდა საკვირტე მასალის სიმცირე და, რაც მთავარია, ის რომ მოსახლეობას სწორი წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ჯიშის ვარგისიანობაზე.

ამ უკანასკნელ პერიოდში სერიოზული ყურადღება მიექცა აბორიგენულ ვაზის ჯიშების აღდგენა_განვითარებას და სხილათუბანშიც გავრცელდა როგორც ზემო, ისე ქვემო გურიაში. იგი ამჟამად მხოლოდ დაბლარად არის წარმოდგენილი ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე დამყნობილი. როგორც ზრდა_განვითარებითა და მოსავლიანობით, ისე პროდუქციის ღირსებით სხილათუბანი სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი საღვინე ჯიშის მიმართ წაყენებულ ძირითად მოთხოვნას, რის გამოც მისი მასობრივი გავრცელება სავსებით მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული გურიის ყველა რაიონში და განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ფენოლოგიური დაკვირვებანი სხილათუბანის ცალკეულ ბიოფაზების მსვლელობაზე და სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობაზე წარმოებდა ჩოხატაურის რაიონში სოფ. კალაგონსა და დაბლაციხეში, ხოლო ოზურგეთის რაიონში სოფ. ბახვში _ მევენახეობის მეურნეობაში.

ჩოხატაურის რაიონში სხილათუბანის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 194_196 დღეს, ხოლო ფოთოლცვენის დამთავრებამდე 243_248 დღეს უდრის. თითქმის ამგვარივე სურათია სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობის მხრივ ოზურგეთის რაიონშიც; კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ დამწიფებამდე იგი 195 დღეს აღწევას, ხოლო სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა 244 დღით განისაზღვრება.

მცირეოდენ განსხვავებას ვპოულობთ ცალკეული ბიოლოგიური ფაზების დაწყება_დამთავრებაში. ასე, მაგალითად, სოფ. კალაგონსა და დაბლაციხეში კვირტების გაშლა ჩვეულებრივ აპრილის პირველ რიცხვებში იწყება, სოფ. ბახვის ზონაში კი იგი ყოველთვის 2_3 დღით იგვიანებს. ასევე ითქმის ყვავილობის დაწყების შესახებ. ჩოხატაურის რაიონში სხილათუბნის ყვავილობის დასაწყისი 30 მაისს არ სცდება, ხოლო ბახვის ზონაში იგი ხშირ შემთხვევაში ივნისის პირველ რიცხვებიდან იწყება.

აღნიშნული ბიოლოგიური ფაზა ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონებში 14_15 ივნისამდე მთავრდება. ყურძნის სრული მომწიფება თითქმის თანაბარ ვადებში მიმდინარეობს (15X20.X). სხილათუბანის სავეგეტაციო პერიოდის ესოდენ გახანგრძლივება ამ მხარეში თითქმის ყველა გავრცელებულ ჯიშისათვის არის დამახასიათებელი, რაც, ეჭვს გარეშეა, გამოწვეულია თბილი და ხანგრძლივი შემოდგომით და სითბოს საერთო ჯამის გადიდებით (3800_4000º).

ვაზის ზრდა_განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია. ხშირად იგი დამატებით ივითარებს მრავალ ყლორტსა და ნამხრევს, განსაკუთრებით ღონიერ ნიადაგებზე და ხელის შემწყობ კლიმატურ პირობებში. მსგავსად ვაზის სხვა აბორიგენულ ჯიშებისა (ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი) სხილათუბანსაც ახასიათებს ახოხების კარგი უნარი და უხვი მოსავალი, თუმცა დაბლარად ფორმირებისას მას ნორმალური ზრდა_განვითარება და მოსავლიანობა ახასიათებს.

მოსავლიანობა. მოსავლის პირველ ნიშანს სხილთუბანი დარგვიდან მეორე წელს იძლევა, უფრო ხშირად კი მესამე წელს, ხოლო სრულად ისხამს მე_5 წლიდან. ხელშემწყობ ეკოლოგიურ პირობებში (თუ იგი სათანადოდ მოვლილია) სხილათუბანი უხვ მოსავალს იძლევა.

ასე, მაგალითად, მდ. სუფსის ხეობის მარჯვენა მხარეზე (დაბლაციხე), სადაც ნიადაგი საკმაოდ ნოყიერია და კლიმატური პირობებიც ვაზისათვის ხელსაყრელია დაბლარი სხილათუბნის მოსავალი 2_2,5 კგ_მდე აღწევს. გვხვდება ისეთი ვაზიც, რომელიც 3,3,5 კგ_მდე ყურძენს ისხამს. ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა. ქვემოთმოყვანილია სხილათუბნის მოსავლიანობის მაჩვენებლები .

დაბლარად ფორმირებულ ვაზზე 8_10 კვირტის დატოვების შემთხვევაში, თუ იგი სათანადოდ მოვლილია, მოსავალი ერთ ძირზე 1,8_2,5 კგ აღწევს, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით (1,5X1,5 მ კვების არის შემთხვევაში) 80_85 ცენტნერს შეადგენს. საყურადღებოა სხილათუბნის მოსავლიანობის კოეფიციენტი. სხილათუბნის ყლორტზე მასობრივად ვხვდებით 2_3 მტევანს და ამის შედეგად მისი მოსავლიანობის კოეფიციენტიც 2_ზე ნაკლები არ არის. ყლორტზე განვითარებული მტევნები თითქმის თანაბარი სიდიდისაა, რაც ჯიშისათვის დამახასიათებელია. მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა ვაზზე 74_78% აღწევს, ზოგჯერ კი 80% აღემატება.

ვაზის რქები სრულ მომწიფებას ასწრებს ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდისათვის და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს. კარგ პირობებში ყვავილცვენა არ იცის. ყვავილობის დროს თუ ცუდი ამინდი დაიჭირა, მაშინ ყვავილცვენა ხშირად 8_10% აღწევს.

სოკოვან ავადმყოფობას სხილათუბანი ნაკლებად უძლებს, განსაკუთრებით მგრძნობიარეა იგი ნაცრის მიმართ.

ეკოლოგიური პირობებისადმი ჯიში განსაკუთრებული მგრძნობიარე არ არის. დაკვირვება ცხადყოფს, რომ იგი წარმატებით ვითარდებოდა როგორც ტენიან (გურია, ქვემო იმერეთი), ისე მშრალ გარემოში (მუხრანის მეურნეობის ვაზიანის განყოფილება, მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ბაზა ქ. თელავში), რაოდენობრივ და ხარისხობრივ კარგ მოსავალს იძლევა სამხრეთით მიქცეულ, მზით განათებულ ნაკვეთებზე და ღრმა ღონიერ, კენჭნარ და არამძიმე ნიადაგებზე. ჯიში კარგად იტანს როგორც მოკლე, ისე გრძელ სხვლას ორი_სამი სანაყოფის დატოვებით.

სხილათუბანის აფინიტეტი ფილოქსერგამძლე ვაზის მთავარ საძირეებთან შეუსწავლელია, მაგრამ არსებულ ნარგავებზე დაკვირვება ცხადყოფს მის მეტად დიდ მგრძნობიარობას ამ მავნებლის მიმართ. ამის ნათლად დამამტკიცებელია საკუთარ ძირზე არსებული მაღლარების მთლად გადაშენება როგორც გურიაში, ისე ქვემო იმერეთშიაც, იმ დროს, როცა ზოგიერთ სხვა ჯიშების მაღლარები (ჩხავერი, ალადასტური, მტევანდიდი) დღემდე შემორჩენილია და თუ ამინდმა ხელი შეუწყო უხვ მოსავალსა და ხარისხოვან პროდუქციას იძლევა. ნამყენ ვაზებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სხილათუბანი განვითარების უკეთეს უნარს იჩენს რუპესტრის დულოზე, ვიდრე რიპარია X რუპესტრის 3306_ზე; ამ უკანასკნელზე ბევრად უკეთესია რიპარია X რუპესტრის 3309.

გურიის რაიონებში ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების მოქმედება მინიმალურია. ვაზი დროულად იღვიძებს და მისი ვეგეტატიური ნაწილების განვითარება თავიდანვე სავსებით ნორმალურად და დაუბრკოლებლივ მიმდინარეობს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სხილათუბნის მტევნის საშუალო წონა მერყეობს 125,5_დან 140,5 გ_მდე, ხოლო საშუალოდ იგი 126,4 გ უდრის. მტევანზე საშუალოდ 105_115 მარცვალია, წონით 120,2 გ. საშუალო მტევნის კლერტის წონა 5,1_6,8 გ უდრის. წიპწების წონა მერყეობს 5,8_8,1 გ_მდე, ხოლო კანის წონა 22,0_22,6 გ_მდე აღწევს. ამრიგად, კლერტის, წიპწებისა და ჩენჩოს საშუალო წონა 32,85 გ უდრის, რაც მტევნის საშუალო წონის 25,9% შეადგენს. მაშასადამე, დანარჩენს (ე.ი. 74%) წვენი შეადგენს, რაც სავსებით მისაღებია საღვინედ განკუთვნილ ჯიშისათვის.

დიდი მტევნის წონა 256,5 გ, ხოლო მცირესი _ 91,5 გ აღწევს. 100 მარცვლის საშუალო წონა 115 გ უდრის, ხოლო წიპწების რაოდენობა 255_მდე აღწევს, რომელთა წონა 11,5 შეადგენს. აქედან ერთწიპწიანი მარცვლები 26%, ორწიპწიანი _ 26%, სამწიპწიანი _ 40% და ოთხწიპწიანი _ 6% შეადგენს. ზოგ შემთხვევაში, გვხვდება უწიპწო მარცვლებიც, მათი რაოდენობა დაახლოებით 2% შეადგენს. 100 მარცვლის კანის წონა 20 გ_მდე აღწევს.

სხილათუბანს ჩვეულებრივ ოქტომბრის მეორე ნახევრიდან კრეფენ. მიუხედავად ასე გვიან დაკრეფისა ყურძენში შაქრიანობა 22,5% არ აღემატება. უფრო ხშირად კი იგი 19_21% უდრის. შაქრის ეს რაოდენობა სავსებით საკმაოა ნორმალური რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სუფრის ღვინოების დასაყენებლად საჭირო მჟავიანობის შენარჩუნებით.

ღვინის ყველა ნიმუში ნორმალურ ალკოჰოლიანობასთან ერთად (10,6_11,8º) საერთო მჟავიანობას საკმაოდ შეიცავს. მქროლავი მჟავიანობის რაოდენობა (0,55_0,67) წარმოდგენილი ღვინის ნიმუშების სისაღეს ადასტურებს. ასევე ნორმალურია ექსტრაქტის რაოდენობაც (28, 55_31,24), ხოლო ტანინის ოდნავი სიჭარბე (1,6_1,90) ტკბილის ჭაჭაზე დადუღებითაა გამოწვეული.

საერთო ორგანოლეპტიკური შეფასება შემდეგია: ღია წითელი, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, საკმაოდ ნაზი და ჰარმონიული ღვინო. ამ ნიმუშებიდან საუკეთესო შეფასება სოფ. დაბლაციხეში 1952 წელს დაყენებულმა ღვინომ მიიღო, როგორც შეფერილობით, ისე ალკოჰოლის ნორმალური შეცულობით და ჰარმონიულობით იგი ხარისხოვან სუფრის ღვინოდ იქნა აღიარებული.

სხილათუბნის ღვინომ გამოავლინა მაღალი თვისებები ჯანის პროდუქციასთან კუპაჟის შედეგად, რაც იმავე წელს იქნა ჩატარებული ჩვენ მიერ. კუპაჟის შედეგად მიღებული ღვინის საერთო შეფასება შემდეგია: ღია წითელი ფერის, გემო ჰარმონიული, სასიამოვნო სიმწკლარტით და კარგი ტანინიანობით.

საქარის საცდელ სადგურზე ვ. დემეტრაძის მიერ ჩატარებულ იქნა სხილათუბნის ღვინის ქიმიური ანალიზი. მასალა დაკრეფილი იყო სოფ. დაბლაციხეში (ჩოხატაურის რ_ნი) 15 ნოემბერს. ანალიზის მიხედვით ღვინის ხვედრითი წონა 0,9926 უდრის, ხოლო ალკოჰოლი 14,2º შეადგენს. 100 კუბ. სმ ღვინო შეიცავს გრამობით: ალკოჰოლს _ 11,32, საერთო მჟავიანობას _ 0,764, მქროლავ მჟავეებს _ 0,116, არამქროლავ მჟავეებს _ 0,618, ექსტრაქტს _ 1,940, ნაცარს _ 0,213, შაქარს _ 0,023, გლიცერინს _ 0,739, ტანინს _ 0,120, ღვინის მჟავას _ 0,261 და ფოსფორის მჟავას _ 0,049.

ანალიზის მიხედვით სხილათუბანის გვიან დაკრეფილი ყურძენი იძლევა მომეტებულ ალკოჰოლიან ღვინოს (14,2º), ოდნავ ზედმეტი მჟავიანობით (0,764). აღნიშნულ ალკოჰოლიანობასთან შეფარდებით ექსტრაქტის რაოდენობა (1,94) შედარებით მცირედ უნდა ჩაითვალოს. ღვინოს ახასიათებს უმნიშვნელო შაქრიანობა (0,02%) და მცირე მქროლავი მჟავიანობა, რაც სხილათუბნის ღვინის ნორმალურობის მაჩვენებელია.

ვაზზე დატოვებული სხილათუბნის ყურძენი არ ინახება, დაკრეფილიც ადვილად ლპება. ამრიგად, იგი სუფრის ყურძნად არ გამოდგება და საღვინე ჯიშია.

საერთო შეფასება და დარაიონება

აღნიშნული მასალების მიხედვით და აგრეთვე ადგილზე წარმოებულ დაკვირვებათა თანახმად სხილათუბანი სამართლიანად წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ხარისხოვანი პროდუქციის მომცემ საღვინე ჯიშს. ამასთანავე როგორც უხვმოსავლიანი და წვენის დიდგამოსავლიანი, იგი ფართო ყურადღების ღირსია.

სხილათუბანის უარყოფით თვისებებიდან აღსანიშნავია _ შედარებით სუსტი გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ. მაგრამ ამ ნაკლის გამოსწორება წარმატებით შეიძლება დამატებით ბორდოს ხსნარით შეწამვლით და გოგირდის შეფრქვევით.

ღვინის ორგანოლეპტიკური შეფასებით დადასტურდა, რომ სხილათუბანი მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა სუფრის ღვინის დასაყენებლად აღმოსავლეთ გურიაში _ სამხრეთით დაქანებულ, მზით განათებულ ფერდობებზე და ამიტომ მისი შემდგომი გავრცელებაც ფართოდ უნდა იქნეს წარმოებული.

ფილოქსერის მიმართ მეტად სუსტი გამძლეობის გამო სხილათუბანი შემდგომ ნამყენებით უნდა გავრცელდეს მხოლოდ სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე. ჯიში მეტად პერსპექტიულია აგრეთვე დასავლეთ საქართველოს დანარჩენი რაიონებისათვის.

საქართველოს ამპელოგრაფი/1960/. რედაქცია „აგროკავკასია“.
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

თქვენი რეკლამა