მუჯურეთული – ქართული ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან

მუჯურეთული, ხვანჭკარა, ვაზი, ვენახი

მუჯურეთული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში, ძირითადად ქვემო რაჭაში ჯიშ ალექსანდროულთან ერთად და გამოიყენება ბუნებრივი ნახევრადტკბილი (ხვანჭკარა) და სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად.

ადგილობრივ მევენახეთა შორის და ლიტერატურულ წყაროებში მუჯურეთულის სინონიმები ცნობილი არაა. მუჯურეთული ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიშია.

თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით მუჯურეთული მეტად ახლო დგას აბორიგენული ვაზის ჯიშებთან, რომლებიც კულტურული ვაზის ჯიშების ადგილობრივი კერიდანაა წარმოშობილი და ეკუთვნის prol.pontica, sub prol.georgica Negr.–ის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.

აკად. ივ. ჯავახიშვილის შეხედულებით ჯიში მუჯურეთული იმერეთიდან უნდა იყოს შემოტანილი. მისი განმარტებით სიტყვა მუჯურეთული ალბათ მუჯირეთულისაგან უნდა იყოს წარმომდგარი. სოფ. მუჯირეთი  კი არგვეთშია და ეს ყურძნის ჯიშიც იქაური უნდა იყოს. აღნიშნული ადვილად დასაშვებია, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ვაზის ჯიშებს მრავალი ასეული საუკუნის ისტორია აქვს, რომლის მანძილზე წარმოებდა ჯიშების გაცვლა რაიონებსა და ქვეყნებს შორის.

ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია მუჯურეთული იმერეთიდან რაჭაში იყოს შეტანილი. ჯიშების რაიონიდან რაიონში შემოტანა-გატანის მაგალითები ჩვენს მევენახეობაში ძალიან ბევრია. მაგრამ ამასთან ერთად მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მუჯურეთული ძველად და ამჟამადაც ალექსანდროულთან ერთად არის გავრცელებული და თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით თითქმის არ განსხვავდება ალექსანდროულისაგან.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ მარცვალს, რომელიც მუჯურეთულს უფრო მოგრძო და ბოლოგანიერი აქვს, ვიდრე ალექსანდროულს. ჩვენ აღნიშნულის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ მუჯურეთული ალექსანდროულის ვარიაცია უნდა იყოს მისგან კვირტის ცვალებადობის გზით წარმოშობილი. ამიტომ მისი გავრცელება უნდა დაკავშირებული იქნეს ჯიშ ალექსანდროულთან, რომელიც, როგორც მის მონოგრაფიაშია აღნიშნული, ადგილობრივი ვაზის ჯიშების ჯგუფს ეკუთვნის და წარმოშობილი უნდა იყოს კულტურულ ვაზის ჯიშების კოლხეთის კერიდან.

თუ როდის წარმოიშვა მუჯურეთული და როგორ მიიღო განსხვავებული სახელწოდება ძნელი დასადგენია, ყოველ შემთხვევაში მას რამდენიმე საუკუნის ისტორია მაინც უნდა ჰქონდეს. მუჯურეთული გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. მას დიდი ფართობი არ უჭირავს, იგი უმთავრესად ალექსანდროულთან ერთად არის გაშენებული. წმინდა ნარგავების სახით იგი მეტად მცირე ფართობზე გვხვდება.

უნდა ვიფიქროთ, რომ მუჯურეთულის ვენახების ფართობი უფრო მეტი უნდა იყოს, რადგან იგი, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, ძირითადად ალექსანდროულის ვენახებშია გავრცელებული და ხშირად აღურიცხავი რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი ნარევი ალექსანდროულის ვენახში მცირეა.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია ვენახების ექსპედიციური გამოკვლევისას ამბროლაურის რაიონის სოფ. ჭრებალოში. შემდეგ მისი ბოტანიკური და სამეურნეო თვისებები უფრო დეტალურად შესწავლილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ქ. თელავში. ვაზი გაფორმებულია ორმხრივი შპალერის წესით სარ-მავთულზე, კვების არე უდრის 32 მ. ამის გარდა ნარევის სახით მუჯურეთული ალექსანდროულთან ერთად გვხვდება აგრეთვე ქართული ვაზის ჯიშების ფილოქსერის მიმართ გამძლეობის შესასწავლ საკუთარძირიან ნაკვეთზე ქ. თელავში. ახალგაზრდა ნაზარდი.

ახალგაზრდა 15-20 სმ სიგრძის მოზარდი ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ სრულად გაუშლელი ფოთოლაკები ყოველმხრიდან შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, შეფერილია თეთრად და აქვს მკრთალი ვარდისფერი იერი, განსაკუთრებით ფოთოლაკების და გვირგვინის ირგვლივ. ქვემო იარუსის (მესამე-მეოთხე) ფოთლების შებუსვა ზემო მხრიდან მცირდება, რის გამო მათი ფერი მოყვითალო-მწვანე ხდება-მოწითალო, უფრო სწორად მონარინჯისფრო იერის გადაკვრით. ფოთლების ქვედა მხარე, მათი სქლად შებუსვის გამო, ისევ მორუხო თეთრია.

ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მიხაკისფერია, განსაკუთრებით მუხლთაშორისების გასწვრივ. მუხლები ჩვეულებრივ უფრო მუქადაა შეფერილი. ხანდახან რქის ფიფქით დაფარვის გამო იგი მორუხო_ყავისფერია. მუხლთაშორისების სიგრძე 8-დან-14 სმ-მდე მერყეობს, საშუალოდ იგი 8-9 სმ უდრის.

ფოთოლი. შუა იარუსის (9-12) კარგად განვითარებული ფოთლები საშუალო სიდიდისაა (17X17 სმ). მუჯურეთულის ცალკეული ფოთლების სიგრძე 15-დან 20 სმ-მდე მერყეობს. ფოთლები მომრგვალოა, უფრო ხშირად ოვალური, ვიდრე განიერ-ოვალური ფორმისა.

ხშირად მუჯურეთულის ფოთლები სამნაკვთიანია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე თითქმის მთლიანი და ძლიერ იშვიათად ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია, ფირფიტის ბოლოები მიხრილ-მოხრილია, უფრო ხშირად მათი ბოლოები ქვემოთ არის დახრილი. ფოთლის ზედაპირი მქრქალი მწვანეა.

ფოთლის ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად საშუალო სიღრმისაა, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ზეზეური და კიდევ უფრო იშვიათად ღირმა ამონაკვეთებიც. ამონაკვეთების ფორმა, დანაკვთის სიღრმის შესაბამისად, საგრძნობლად ცვალებადობს. უფრო ხშირად ამონაკვეთები ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარია, იშვიათად იგი ვიწროყელიანი ან პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია წამახვილებული ან მომრგვალო ფუძით, უფრო იშვიათად გვხვდება აგრეთვე მომრგვალო ფუძით, უფრო იშვიათად გვხვდება აგრეთვე მომრგვალო ან კვერცხისმაგვარი დახურულთვლიანი ამონაკვეთები.

ქვედა ამონაკვეთები,როგორც წესი, ოდნავ ღრმაა და ნაკლებად განვითარებული. უფრო ხშირად ამონაკვეთები ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა, ხშირად ქვედა ამონაკვეთები სულ არ არის გამოსახული. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა საკმაოდ ცვალებადობს. უფრო ხშირად გვხვდება ღია ჩანგისმაგვარი და ელიფსურთვლიანი დახურული ამონაკვეთები ერთიმეორეზე გადასული ბოლოები, ძლიერ იშვიათად გვხვდება აგრეთვე დახურული ელიფსურთვლიანი ცალდეზიანი ამონაკვეთებიც.

ფთოთლის მთავარი ძარღვები უფრო ხშირად ბოლოვდება მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი კბილებით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე გუმბათისებრი ფორმის კბილებიც. გვერდითი ძარღვების კბილები მომეტებულ შემთხვევაში ხერხის კბილისებრ მოხრილი, ცალგვერდგამოზნექილია ან მახვილწვერიანი სამკუთხედისებრია.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია, იგი შედგება აბლაბუდისებრი ბეწვებისაგან, რომლის ქვეშ მოფენილია საკმაოდ სქელი ჯაგრისებრი ბუსუსი. შებუსვა, ინტენსივობის მიხედვით, გარდამავალია აბლაბუდისებრიდან ქეჩისებრამდე.

ყუნწი გლუვია, იშვიათად იგი აბლაბუდისებრი ბეწვებით ოდნავ არის დაფარული. ყუნწისსიგრძე უდრის ფოთლის მთავარ ძარღვს, ან მასზე ოდნავ გრძელია, იგი მოწითალო ღვინისფერია და მოიისფრო იერი ახლავს, უფრო ინტენსიურად ძარღვების განტოტვის მახლობლად.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, აქვს კარგად განვითარებული ბუტკო და სწორმდგომი მტვრიანები. ყვავილში ხუთი მტვრიანაა, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ექვსიც. მტვრიანების ძაფის შეფარდება ბუტკოსსიმაღლესთან შეადგენს 1,25, იშვიათ შემთხვევაში ეს შეფარდება 1,1 ან 1,5 აღწევს. ბუტკო მომრგვალო_კონუსისებრი ფორმისაა კარგად გამოსახული გრძელი ცილინდრული სვეტით და ორად გაყოფილი დინგით.

მტევანი. მუჯურეთულის მტევნები საშუალო ან საშუალოზე პატარა ზომისაა. მტევნების სიდიდე მერყეობს 10-დან 16 სმ-მდე, ხოლო განი 6-დან 10 სმ-მდე. საშუალო მტევნის ზომა 13X7 სმ უდრის. მტევნების ფორმა ცილინდრულ-კონუსისებრია, ხშირად მხრიანი, იშვიათად დატოტვილი. მტევნები საშუალო სიმკვრივისაა და თხელი, იშვიათად გვხვდება აგრეთვე მკვრივი მტევნებიც. მტევნის ყუნწი ბალახისებრია, ხოლო რქასთან მიმაგრების ადგილზე იგი ხევდება და მოყვითალო მიხაკისფერს იღებს. ყუნწის სიგრძე მერყეობს 3,0-7,0 სმ შორის და შეადგენს საშუალო მტევნისათვის-4-5 სმ. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 0,6 სმ-დან-1,0 სმ_მდე. ყურძნის სიმწიფისას იგი ხშირად წითლად იფერება, ყუნწის ბალიში ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ხორკლებით, იშვიათად გვხვდება დაუხორკლავი ბალიშიც.

მარცვალი. მარცვალი საშუალო სიდიდისაა, ზოგჯერ საშუალოზე დიდი ზომის მარცვლებიც გვხვდება. მარცვლების სიგრძე 1,5-დან 2,0 სმ-მდე, ხოლო განი 1,0-დან 1,5 სმ-მდე მერყეობს. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,65X1,28 სმ შეადგენს. სიგრძისა და სიგანის ურთიერთთან შეფარდება მერყეობს 1,2-დან 1,4-მდე, ხოლო საშუალო 1,3 აღწევს.

ამ შეფარდების მიხედვით მარცვლის ფორმა ოვალურია, ხშირად მოგრძო ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მარცვალი ბოლოგანიერი, ყუნწისაკენ შევიწროებულია, იგი მუქი იისფერია, თითქმის შავი. მარცვალი დაფარულია სქელი ცვილისებრი ფიფქით, რაც სიმწიფეში მუქი იისფერ შეფარვას აძლევს მას. მარცვლის კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია. რბილობი მკვრივი, წვნიანია, მარცვლები ადვილად არ ეცლება წიპწების ირგვლივ შესქელებულ რბილობს. წვენი უფერულია, გემო ტკბილი, მეტად სასიამოვნო, სუსტად გამოსხაული ჯიშური არომატით.

წიპწა. მარცვალში უფრო ხშირად 1 ან 2 წიპწაა, იშვიათად სამი. საშუალოდ ერთ მარცვალზე 2,05 წიპწა მოდის. წიპწის სხეული მოგრძოა, ნისკარტისაკენ შევიწროებული, მისი სიგრძე 7 მმ, ხოლო სიგანე 3,5 მმ უდრის, წიპწის ტანი ღია მიხაკისფერია, ნისკარტისკენ მონარინჯისფრო იერით. ქალაძა დიდია, შუაში ან უფრო ხშირად წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს. ფორმით იგი ოვალურია, მისი ზედაპირი ბრტყელი ან ოდნავ შეზნექილია შიგნით. ღარი ქალაძიდან სხეულის ზედა ნაწილისაკენ ღრმაა და ვიწრო, ხოლო ნისკარტისაკენ უფრო ზეზეურია. წიპწა ოდნავ ქედიანია, ნაწიბური წინაა წამოწეული და კარგად ეტყობა მთელ სიგრძეზე. მუცლის მხრის ღარები კარგად გამოსახულია და მიემართება ნისკარტისაკენ. ნისკარტი ცილინდრისებრი ფორმისაა, ოდნავ დახორკლილი, სიგრძით 2 და განიც 1,2 მმ.

რაჭა-ლეჩხუმში მუჯურეთული ჩვეულებრივ ოქტომბრის მეორე ნახევარში (18_20.X), იმერეთში-თითქმის ორი კვირით უფრო ადრე, ხოლო კახეთში -კიდევ უფრო ადრე მწიფდება, რაც კონტინენტური ჰავისა და ნალექების სიმცირის გავლენას უნდა მიეწეროს. აქტიური ტემპერატურის ჯამიც ყველაზე მეტია იმერეთში, შემდეგ რაჭა-ლეჩხუმში და უფრო მცირე კახეთში.

ვაზის ერთწლიანი რქები ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის, უფრო ზუსტად ფოთოლცვენის დასაწყისისათვის, როგორც რაჭა-ლეჩხუმში, ისე იმერეთსა და კახეთში თავისუფლად ასწრებს მომწიფებას 100-120 სმ სიგრძემდე (რომლის შემდეგ ჩვეულებრივ რქებს აჭრიან წვერებს) და კარგად გახევებული და შემოსული ხვდება ზამთრის ყინვებს.ვაზის ზრდის სიძლიერე. მუჯურეთულის ვაზის ზრდის სიძლიერე ადგილობრივ ვაზის მთავარ ჯიშებთან შედარებით როგორც რაჭა-ლეჩხუმში, ისე იმერეთსა და კახეთში შეფასებულია საშუალოდ.

ცხადია, ღონიერ და ნოყიერ ნიადაგზე მისი ზრდის სიძლიერე მატულობს, ხოლო მწირ ნიადაგებზე სუსტდება, მაგრამ როგორც ნოყიერ, ისე მწირ ნიადაგებზე მისი ზრდა სხვა ჯიშებთან შედარებით მაინც საშუალოა.

მოსავლიანობა. მუჯურეთული, მსგავსად დასავლეთ საქართველოს ვაზის სხვა ჯიშებისა, შედარებით ადრე იწყებს პირველი და სრული მოსავლის მოცემას. ადგილებზე წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით მუჯურეთული პირველ ნიშანს დარგვიდან მე-2 ან მე-3 წელს იძლევა, ხოლო სრულ მოსავალს მე-4, მე-5 წლიდან.

მუჯურეთული საშუალო მოსავლიან ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება. ადგილობრივი მცხოვრებლების ამბ. ჭელიძისა და ვლ. ფოფხაძის ცნობით მუჯურეთული საშუალოზე მეტ მოსავლიან ჯიშად არის მიჩნეული. მუჯურეთულის მოსავლიანობის შეფასება ძნელია, რადგან ცალკე ნარგავების სახით იგი იშვიათად გვხვდება. უფრო ხშირად კი ალექსანდროულთან ერთადაა გაშენებული და მოსავალიც მასთან ერთად აღირიცხება. საცდელ ვენახში წარმოებული დაკვირვების მიხედვით მუჯურეთულის მოსავლიანობა კარგია.

მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი საშუალოდ 1,2_დან 1,6_მდე მერყეობს, ხოლო მტევნის საშუალო წონა 60-დან 80 გ-მდე. საშუალოდ ვაზის 16-20 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში მისი მოსავლიანობა შეადგენს (1,4X70 გ X16 ან 20) 1,6000-2,000 გრამს ძირზე, ხოლო ჰექტარზე გადაანგარიშებით 80,0-100,0 ცენტნერ ყურძენს. ალ. მიროტაძის მიერ სოფ. ხვანჭკარაში ჩატარებული ძირობრივი აღრიცხვების შედეგად 1,5X1,5 მ-იან კვების არეზე მუჯურეთულის ორი წლის საშუალო მოსავალი ძირზე შეადგენდა 1,52 კგ, ანუ ჰექტარზე გადაყვანით 67 ცენტნერს. ცხადია, კარგი მოვლა-დამუშავების პირობებში მუჯურეთულიდან გაცილებით უფრო მეტი მოსავლის მიღება შეიძლება.

საერთოდ მუჯურეთული მოსავლიანობით უტოლდება ალექსანდროულს ან მასზე ოდნავ ნაკლებია, ხოლო ცალკეულ ნაკვეთებზე ზოგჯერ მუჯურეთული სჯობნის ალექსანდროულს მოსავლიანობით.ჯიშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ. რაჭაში წარმოებული დაკვირვებების მიხედვით მუჯურეთული ჭრაქს შედარებით სუსტად უძლებს, ხოლო კახეთში მისი გამძლეობა როგორც ჭრაქის, ისე ნაცრის მიმართ დამაკმაყოფილებელია, ე.ი. იგი ზიანდება ადგილობრივი ჯიშების თანაბრად.

იმერული საწარმოო ვაზის ჯიშებთან შედარებით მუჯურეთულის გამძლეობა ჭრაქის მიმართ საგრძნობლად უფრო სუსტია. ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა შედარებით კარგია და თითქმის არ ჩამორჩება ალექსანდროულს ფილოქსერისადმი გამძლეობაში, როგორც რაჭა-ლეჩხუმში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. საკუთარფესვიან ქართული ვაზის ჯიშების ფილოქსერის მიმართ გამძლეობის ნაკვეთზე ქ. თელავში მუჯურეთული არ ჩამოუვარდება ალექსანდროულს ზრდის სიძლიერითა და განვითარებით.

ის ფაქტი, რომ საკუთარძირიან ვაზის ნაკვეთებში მუჯურეთული ახლაც ალექსანდროულთან ერთად გვხვდება ადასტურებს მის შედარებით კარგ გამძლეობას ფილოქსერის მიმართ.საძირეებთან მონათესაობა. ამერიკული ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზის ჯიშებთან მუჯურეთულის მონათესაობა დამაკმაყოფილებელია.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი

რაჭა-ლეჩხუმში მუჯურეთულის ვაზები არასაკმაოდაა დატვირთული (10-12 კვირტი ვაზზე), რის გამოც ჯიშის მოსავლიანობა მცირეა. ერთ და იმავე ვენახში შედარებით უფრო მეტად დატვირთული ვაზები უკეთ ისხამს და ზრდის სიძლიერითაც არ ჩამოუვარდება მოკლედ გასხლულ ვაზებს. აქედან გამომდინარე რაჭა_ლეჩხუმში თავისუფლად შეიძლება ვაზებს მიეცეს ორ-ორი ნეკი და ორ-ორი საკავებელი 18-20 კვირტის დატოვებით ძირზე. დატვირთვის გადიდებასთან ერთად უნდა გაუმჯობესდეს ვენახების მოვლა_დამუშავება_გაპატივება, მინერალური და ორგანული სასუქების სისტემატური შეტანით.

ჩვეულებრივ მუჯურეთულის მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, ხოლო ზოგიერთი წლის არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ჭარბი ყვავილცვენითა და ამის გამო, უფრო მეჩხერი მტევნებით ხასიათდება. როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მოსავლიანობის გადიდების მიზნით ვენახებში უნდა წარმოებდეს ახალგაზრდა მოზარდი ყლორტების წვერების წაწყვეტა ყვავილობის დაწყებამდე ან მის დასაწყისში. ეს ოპერაცია ხელს შეუწყობს ყვაივლების უკეთ გამონასკვას და გაადიდებს ყურძნის მოსავალს.

მუჯურეთული ზამთრის ყინვებს შედარებით კარგად უძლებს. რაჭა-ლეჩხუმის სუსხიან ზამთარს (-15-18ºC) ადვილად იტანს. ამ მხრივ იგი რაჭა-ლეჩხუმის მთავარ საწარმოო ჯიშებს არ ჩამოუვარდება.

მუჯურეთული გვალვის კარგი ამტანი ჯიშია, კარგად ვითარდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, სადაც იგი მაღალშაქრიან ტკბილს და მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა. კახეთში ზოგიერთ გვალვიან წლებში მუჯურეთული კარგად გრძნობს თავს და საღად ინარჩუნებს მტევნებსა და ფოთლებს.

ნიადაგს მუჯუცრეთული განსაკუთრებულ მოთხოვნას არ უყენებს. კარგად ვითარდება რაჭა-ლეჩხუმის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, თუმცა შედარებით უკეთ ვითარდება ალუვიურ და კირნარ ნიადაგებზე. მაღალი ღირსების ღვინოს მუჯურეთული მთაგორაკებზე განლაგებულ კირნარ ნიადაგებზე გაშენებულ ვენახებიდან იძლევა.

ტექნოლოგიური დახასიათება

მუჯურეთულის წვენის ქიმიური შედგენილობა და ღვინის ხარისხი საზღვრავს მუჯურეთულის გამოყენებას ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სუფრის ღვინის დასაყენებლად, ხოლო მტევნების ლამაზი გარეგნული შეხედულება _ თხელი აგებულება, მოგრძო, სასიამოვნო გემოს მარცვლები მისი სასუფრე ყურძნად გამოყენების შესაძლებლობაზე მიგვითითებს.

ყურძნის მექანიკური შედგენილობა. მუჯურეთულის ყურძენი არ ხასიათდება წვენის მაღალი გამოსავლიანობით. ლაბორატორიულ პირობებში ხელის წნეხით გამოწნეხისას მისი წვენის გამოსავლიანობა 76_დან 80%_მდე მერყეობს. წვენის უფრო მაღალი გამოსავლიანობით იგი თავის სამშობლოშ სოფ. ხვანჭკარაში ხასიათდება.წვენის ქიმიური შედგენილობა. ალექსანდროულის მსგავსად მუჯურეთულიც შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების უნარით ხასიათდება. ამ გარემოებას ჯიშურ თვისებასთანერთად დიდად უწყობს ხელს აგრეთვე ადგილის ეკოლოგიური პირობები.

უფრო მეტი რაოდენობით შაქარს მუჯურეთული მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით დაქანებულ ფერდობებზე გაშენებულ ვენახებში აგროვებს. შაქრის დაგროვებას ხელს უწყობს აგრეთვე ამ ფერდობების ქვეთიხნარი, ხირხატ-კირნარი ნიადაგები და მცირე ნალექიანი შემოდგომა. შაქრის დაგროვების უნარით მუჯურეთული არ ჩამოუვარდება ალექსანდროულს, ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში მისი შაქრიანობა ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში 28% აღწევს. ამდენივე ან უფრო მეტ შაქარს აგროვებს იგი იმერეთში და კახეთშიაც.

მუჯურეთული რაჭის გარეთაც საკმაო დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს. იმერეთში, მაგალითად, მისი შაქრიანობა 28,6%-29% აღწევს 5,3‰–4,7‰ მჟავიანობის დროს. ეს გარემოება იმ მხრივადაც არის საინტერესო, რომ იმერეთის ტენიან ჰავის პირობებში, რაც ყურძნის შეჭკნობისათვის არახელშემწყობია, მუჯურეთულის შაქრიანობა მაინც აღწევს 28% და ამ მხრივ უკან იტოვებს ჯიშ ალექსანდროულს.რაჭის პირობებშიც მუჯურეთულს თავისუფლად შეუძლია დააგროვოს 28-30% შაქარი და უზრუნველყოს მაღალხარისხოვანი ხვანჭკარას ტიპის ღვინის დაყენება.

მუჯურეთული ალექსანდროულთან ერთად გავრცელებულია უმთავრესად ქვემო რაჭაში, სახელდობრ: ჭრებალო-ტოლა-ხვანჭკარას მიკრორაიონში, ხოლო ამ ვენახების მოსავალი ძირითადად ღვინო ხვანჭკარას დასაყენებლად გამოიყენება. დანარჩენ ადგილებში, უმთავრესად მდ. რაიონის მარცხენა მხარეზე მუჯურეთული ალექსანდროლუთან შერეული მიდის სუფრის წითელ ღვინის დასამზადებლად.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული მუჯურეთული წმინდა ნარგავების სახით ძალიან იშვიათად ან სულ არ გვხვდება, ამიტომ მისგან წმინდა, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სუფრის წითელი ღვინო არ მზადდება. მუჯურეთული ალექსანდროულთანაა ვენახებში შერეული და მასთან ერთად გამოიყენება ხვანჭკარის ტიპისა და იშვიათად სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად. მიზეზები თუ რამ დააკავშირა ისტორიულად ეს ორი ჯიში-ალექსანდროული და მუჯურეთული და იშვიათად მესამე-შავი კაბისტონიც ერთმანეთთან დღემდე სავსებით გარკვეული არაა. ერთი კი ცხადია, რომ სამივე ეს ჯიში მაღალხარისხოვან პროდუქტს იძლევა.

ზოგიერთი წლების პირობებში მუჯურეთული მეტ შაქარს აგროვებს, მაგრამ მოსავლიანობით ჩამორჩება ალექსანდროულს. ის გარემოება, რომ ალექსანდროული ძირითადი ჯიშია და მუჯურეთული დამატებითი, ესეც ბევრის მთქმელია. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მაღალხარისხოვანი ღვინო წამყვან და დამატებითი ჯიშებისაგან დგებოდა.

მაგალითად, რქაწითელში მუდამ ერია მწვანე ერთი მეოთხედი, ან მეტი რაოდენობით, ხოლო ხიხვი და ქისი შედარებით მცირე რაოდენობით და ისიც არა ყველგან. მწვანე, თუ წმინდა ნარგავების სახით იყო გავრცელებული მასში ხშირად ჩიტისთვალა იყო შერეული. კახეთის ძველ ვენახებში დამატებითი ჯიშები ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუდამ იყო შემონახული. ამავე მიზნით უნდა იყოს შემონახული მუჯურეთულიც ალექსანდროულის ნარგავებში.

აღნიშნული საკითხის ზუსტად გარკვევისათვის საჭიროა ალექსანდროულის და მუჯურეთულისაგან ცალ-ცალკე და ურთიერთთან სხვადასხვა შეფარდებით დამზადდეს სუფრისა და ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოები და პარალელურად ისწავლებოდეს აგრეთვე მათი სამეურნეო თვისებებიც (მოსავლიანობა, ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა და სხვ.), მათგან უმჯობესის გამოსავლენად, ანდა ერთმანეთთან მიმატების უკეთესი შეფარდების დასადგენად.

რთველის ვადები დასაყენებელი ღვინის ტიპზე და წლის მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული. მაღალი ღირსების ხვანჭკარას დასამზადებლად ყურძენი უნდა დაიკრიფოს საკმაოდ გადამწიფებული, როცა ყურძნის შაქრიანობა 27-30%, მიაღწევს და მჟავიანობა შესაბამისად 5- 6‰–მდე შემცირდება. აღნიშნული შაქრიანობა-მჟავიანობის მისაღწევად ქვემო რაჭა (განსაკუთრებით მისი მარჯვენა მხარე) სავსებით შესაფერია.

სასურველ შაქრიანობა-მჟავიანობას მუჯურეთული რაჭაში ცალკეული წლების მეტეოროლოგიურ პირობებში ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე აღწევს.

რაჭაში ღვინის დაყენების წესებზე არ შევჩერდებით, რადგან ღვინის დაყენების წესები იგივეა, რაც ალექსანდროულისათვის იყო აღწერილი. აღვნიშნავთ მხოლოდ რომ მუჯურეთულისაგან წარმოების პირობებში ღვინო ცალკე არ მზადდება, იგი მუდამ ალექსანდროულთან ერთად იწურება.

ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდან დამზადებული ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო თავისი მაღალი ღირსებით ფართოდ იყო ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთაც ღვინის მოყვარულთა ვიწრო წრეში. ამ ღვინით გატაცება და საერთო მოწონება გამოწვეულია იმით, რომ იგი ბუნებრივად ნახევრადტკბილია და მასთან მაღალი გემური თვისებებით ხასიათდება. იგი ინტენსიურად შეფერილია, მუქი ლალისფერი და გამჭვირვალეა; ხასიათდება სისრულით თავისებური არომატით, სიტკბოთი და ნაზი ჰარმონიული გემოთი, რომელშიც კარგად იგრძნობა ალუბლის იერი.

სუფრის მშრალი ღვინისათვის მუჯურეთული უნდა დაიკრიფოს 22-24% შაქრიანობისა და 6-7‰ მჟავიანობის დროს. ყურძნის ტკბილი ჭაჭასთან ერთად უნდა დუღდეს ახდილ კოდში (ჩანში), დუღილის დროს დღეში ორჯერ ურევენ ჭაჭას ტკბილში და როცა მადუღარი ტკბილის ალკოჰოლიანობა დაახლოებით 10% მიაღწევს ახალგაზრდა ღვინოს გადიღებენ 50 დეკალიტრიან კასრებში დასადუღებლად. დადუღების შემდეგ ღვინოს გადაიღებენ დეკემბერში, არა უგვიანეს 1 იანვრისა, მეორედ-თებერვალში და მესამედ-მაისში, ორი წლის დავარგების შემდეგ ღვინო მზად იქნება სარეალიზაციოდ.

მუჯურეთულის ღვინო ხასიათდება როგორც, კარგი შეფერვის გამჭვირვალე ღვინო, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით და სასიამოვნო ნაზი გემოთი.

საერთო შეფასება და დარაიონება

მუჯურეთული ადგილობრივი, სიმწიფის III პერიოდის ვაზის ჯიშია. გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რაიონებში, ძირითადად ჯიშ ალექსანდროულთან ერთად. რაჭაში მდ. რიონის მარჯვენა მხარეზე ტოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იგი ალექსანდროულთან ერთად იძლევა მაღალი ღირსების ადგილობრივი ტიპის ბუნებრივად ნახევრადტკბილ, ხოლო დანარჩენ ადგილებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს.

ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება: პროდუქციის მაღალი ხარისხი, შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების უნარი და გადამწიფებისას მარცვლების ჭკვნობისადმი მიდრეკილება. ჯიში ხაისათდება აგრეთვე გვალვებისა და ზამთრის ყინვების მიმართ შედარებით კარგი გამძლეობით.

ჯიშის უარყოფითი თვისებებია: მისი შედარებით მცირე მოსავლიანობა და სოკოვან ადვამყოფობათა მიმართ (ჭრაქი) სუსტი გამძლეობა.

მუჯურეთული, ხვანჭკარა, ვაზი, ვენახიფოტო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.

მუჯურეთული ქართული საწარმოო ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში არაა შეტანილი. ჯიში უდავოდ პერსპექტიულია და ღირსია სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანისა ამბროლაურის რაიონში, როგორც ცალკე, ისე ალექსანდროულთან ერთად ბუნებრივ ნახევრადტკბილი ხვანჭკარას-ტიპის და სუფრის ხარისხოვანი წითელი ღვინის დასაყენებლად.

ჯიში შეიძლება რეკომენდებულ იქნეს ადგილობრივ ჯიშებთან ერთად იმერეთისა და ნაწილობრივ კახეთის რაიონებში ფართო გამოცდისათვის, ძირითადად ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის დასამზადებლად. ამის გარდა ქართლისა და მესხეთის რაიონებში მუჯურეთულმა, როგორც შედარებით საადრეო და ხარისხოვანმა ჯიშმა კარგი შედეგი უნდა მოგვცეს, მით უმეტეს რომ ამ რაიონებს უკეთესი ვაზის წითელი ჯიში არ მოეპოვებათ.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა