ჯანი — ქართული ვაზის ჯიში — გურია

1301 Views Comment Off

გურიის წითელყუძნიან, ენდემურ ვაზის ჯიშებს შორის ჯანს წარსულში ერთ-ერთი პირველი ადგილი ეჭირა, როგორც მაღალხარისხოვანი მასალის მომცემ საღვინე ჯიშს.

მაღალ გემურ თვისებებთან ერთად ჯანის ყურძენი მეტად ტრანსპორტაბელურია და მშვენივრად ინახება.

ამიტომ იგი შეიძლება ჩაითვალოს ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშადაც. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში ჯანის შესახებ მეტად მცირე ცნობებია წარმოდგენილი. გ. შარაშიძეს, ე. ნაკაშიძეს და აკად. ივ. ჯავახიშვილს იგი მხოლოდ ჯანის სახელწოდებით აქვთ მოხსენიებული. ადგილობრივი მოსახლეობა და განსაკუთრებით მევენახეები ჯანს აგრეთვე მარის ყურძენსაც ეძახიან (ჩოხატაურის რ-ნი).

ეს სახელწოდება, აგრონომ ალ. შარაშიძის ცნობით, ჯიშს იმიტომ შერქმევია, რომ იაკობ მარს საკმაოდ დიდ ფართობზე გაუშენებია იგი სოფ. დაბლაციხეში (ჩოხატაურის რ-ნი) დაბლარად და განსაკუთრებული მაღალი ღირსების ღვინოს ამზადებდა თურმე ყოველწლიურად.

აკად. ივ. ჯავახიშვილს ჯანი არ მიაჩნია აბორიგენულ ვაზის ჯიშად და გამოთქვამს მოსაზრებას მისი XVI-XVII საუკუნეში შემოტანის შესახებ საქართველოს სამხრეთ დასავლეთ მხრიდან. იგი მას ამოღებული აქვს საქართველოს ვაზის აბორიგენულ ჯიშთა სიიდან და უცხოეთიდან შემოტანილ ვაზის ჯიშებს შორის აქვს მოქცეული.

მრავალი წლის განმავლობაში წარმოებული შესწავლის შედეგად თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ ჯანი პონტოს მხარეშია წარმოშობილი და თავისი ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით კოლხეთის ვაზის უძველეს ჯიშთა წყებას მიეკუთვნება, Prol. pontica subprol. Georgica Negr. ჯიშის გავრცელება.

XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე ჯანი მასობრივად ყოფილა გავრცელებული გურიის რაიონებში მაღლარად. მასობრივი ნარგავები ჯანისა გვხვდებოდა უმთავრესად ამ მხარის შუა და ზემო ნაწილის მთისპირა სოფლებში. მაღლარად ჯანი გავრცელებული ყოფილა აგრევე შუა და ზემო აჭარაში და განსაკუთრებით მერისის ხეობასა (ქედის რ-ნი) და ფურთიო-ჩაოს ზონაში.

ამას ადასტურებს დასახელებულ ზონებში შემორჩენილი ჯანის ერთეული ძირები მაღლარებად. როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში, ჯანი ფართოდ ყოფილა გავრცელებული აგრეთვე გურიის მოსაზღვრე ქვემო იმერეთის სოფლებშიაც, სადაც მისგან დაყენებული ღვინო საჯავახოს~ ღვინის სახელწოდებით ყოფილა ცნობილი მთელ დასავლეთ საქართველოში. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებამ თითქმის განადგურებამდე მიიყვანა ჯანის მაღლარები და მხოლოდ ერთეული ძირები გადარჩა გურიისა და აჭარის მთისპირა სოფლებში.

ჯანის გავრცელების თანამედროვე არეალი გურიაში მეტად შეზღუდულია, რაც აიხსნება პირველყოვლისა ავადმყოფობათა მიმართ შედარებით გამძლე ჯიშის იზაბელას (ადესა) და უხვმოსავლიანი იმერული ჯიშის ცოლიკოურის მასობრივად გავრცელებით და აგრევე იმ გარემოებით, რომ ჯიში მიუხედავად მისი მრავალი დადებითი თვისებისა, შედარებით მცირე მოსავალს იძლევა და ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად არის დაინტერესებული მისი მასობრივად გავრცელებით.

ბოტანიკური აღწერა

ჯანი აღწერილია ჩოხატაურის რაიონის სოფ. დაბლაციხესა და კალაგონში, ხოლო შესადარებლად ოზურგეთის რაიონის ბახვის მეურნეობაში. (აღწერა ხანდაზმულია)

სოფ. კალაგონში ჯანი გაშენებულია სამხრეთით დაქანებულ ფერდობზე. ნიადაგი მსუბუქი ქვეთიხნარია და ჰუმუსის მცირე რაოდენობას შეიცავს. გაშენებულია რიგებად და ფორმირებულია ერთ-ორ სანაყოფეზე ქართული წესით. საყრდენად გამოყენებულია სარი. ვაზის შტამბის სიმაღლე 60 სმ-მდე აღწევს. სოფ. დაბლაციხეში ჯანის ნაკვეთი მოთავსებულია მდ. სუფსის მარჯვენა ნაპირზე, დავაკებულ ადგილზე. ნიადაგი მსუბუქი, მდინარის გამონატანი მუქი წაბლა, ჰუმუსის საკმაო რაოდენობით. ნაკვეთი რიგებადაა გაშენებული. დაყრდნობილია მავთულზე და ფორმირებულია ქართული წესით ერთ- ორ სანაყოფეზე. შტამბის სიმაღლე ამ შემთხვევაშიც 1 მ არ აღემატება.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი თეთრია, ოდნავ მოწითალო ელფერით. დაფარულია ქეჩისებრი თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით. პირველი ახლადგაშლილი ფოთოლი ზემოდან ღია მწვანე- მოყვითალოა. ფირფიტის კიდურებს და კბილანებს ხშირად დაჰკრავს სიწითლე. დაფარულია საკმაოდ სქლად თეთრ-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით, ქვედა მხარე კი ნაბდისებრ დაფარულია თეთრი ბუსუსით, რომელსაც ხშირად გადაჰკრავს წითელი ელფერი.

ფოთლის ყუნწი მოიისფროა და საკმაო სქლად არის დაფარული ნაცრისფერი ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთლები ზემოდან ძარღვების გასწვრივ ღია მწვანეა, ფირფიტას ხშირად მოწითალო-იისფერი გადაჰკრავს და ოდნავ დაფარულია ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით. ძარღვების გასწვრივ შებუსვა უფრო ძლიერდება. მათი ქვედა მხარე ნაბდისებრ არის დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. მეორე ფოთოლზე ეს შებუსვა მოთეთრო-მონაცრისფროა, ხოლო მესამეზე კი — ნაცრისფერია.

ჯანის ახალგაზრდა ყლორტი (16-18 სმ) ღია მწვანეა, ცალ მხარეზე ხშირად მოწითალო-მოიისფრო ელფერი დაჰკრავს და ოდნავ დაფარულია ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ, ყლორტის წვერი ხშირად მოწითალო-იისფრად არის შეფერილი.ერთწლიანი რქა. შემოსული რქა თითქმის საშუალო სიმსხოსია, მუხლთაშორისის სიგრძე 10-17 სმ უდრის და ღია წაბლისფერი ან მუქი მოწითალოა. მუხლები უფრო მუქად არის შეფერილი, რომელთაც ყავისფერი ზოლი ახლავს.ფოთოლი. ზრდადამთვარებული ფოთოლი მომრგვალოა ან ოდნავ ოვალური. იგი მცირედ ან საკმაოდ დანაკვთულია. მისი სიგრძე 16,7-20,3 სმ, ხოლო სიგანე 15,5-20,2 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ფორმით ჩანგისებრი მახვილფუძიანი და თაღისებრი-მომრგვალო ან ბრტყელფუძიანია. გვხვდება აგრეთვე უკუკვერცხისებრი ამონაკვეთები ოდნავ მიახლოებული ნაპირებით. ფოთლის ზედა ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის. გვხვდება ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთებიც, თითქმის პარალელურგვერდებიანი მომრგვალო ფუძით. ამონაკვეთის ფუძეზე ზოგ შემთხვვაში ვხვდებით კბილანას. ქვედა ამონაკვეთი ოდნავ ჩაჭრილია.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს, იშვიათად სწორს. ნაკვთების წვერის კბილები მომრგვალო ან სამკუთხედისებრია და ოდნავ ამოზნექილი გვერდები და წამახვილებული წვერი აქვს. გვხვდება მომრგვალო ხერხის კბილისმაგვარი მოყვანილობის კბილებიც. მეორადი კბილებიც იმავე მოყვანილობისაა.

ფოთლის ზედა მხარე გლუვია, იშვიათად ბადისებრ არის დანაოჭებული. მისი ზედაპირი ბრტყელია, ხან კი ძაბრისმაგვარ ღარისებრ არის მოხრილი და ქვედა მხრიდან დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. მთავარი ძარღვები მცირედ შებუსვილია და ღია მწვანეა, ფუძესთან კი წითელი ღვინისფერია.ფოთლის ყუნწი შიშველია, იშვიათად უმნიშვნელოდ არის დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ფერად ღია მწვანეა და ცალ მხარეზე იცვლება წითელ ღვინისფრად. მისი სიგრძე თითქმის ტოლია ფოთლის შუა ძარღვისა.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით. მტვრიანები საკმაოდ გადახრილია ბუტკოდან და თითქმის ორჯერ გრძელია ბუტკოზე. ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად გვხვდება 4 და 6 მტვრიანაც. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 150-300 აღწევს.მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 5-8 სმ უდრის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში იგი თითქმის მუხლამდე გახევებულია, რის გამოც რქა ძნელად სცილდება და დანით უნდა მოიჭრას. ყუნწის დანარჩენი ნაწილი კლერტითურთ ბალახისმაგვარი და ღია მწვანე ფერისაა.

მტევანი საშუალოზე მცირე ან პატარაა. დიდი მტევნის სიგრძე 9-13 სმ, ხოლო სიგანე 7-11 სმ აღწევს. მარცვლების რაოდენობა მტევანზე 40-70 უდრის,. საშუალო მტევნის სიგრძე 7-10 სმ, ხოლო სიგანე 6-7 სმ აღწევს. მტევნის ფრთა ხშირად მტევნის სიგრძისაა.

მტევანი ცილინდრული ან ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსისებრია, ხოლო ზოგ შემთხვევაში ფრთიანი და განტოტვილი ან უფორმო მტევნებიც გვხვდება.მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით 5-8 მმ აღწევს. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერი კონუსისებრია, მარცვალი მტკიცედ არის მიმაგრებული საჯდომ ბალიშზე.

მარცვალი მუქი ლურჯია (თითქმის შავი), საშუალო სიდიდისა, მისი სიგრძე 13,7 მმ, ხლო სიგანე 12,5 მმ უდრის. ფორმით ოვალური, შუა წელში განიერია, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიული აქვს. მარცვლის კანზე ფიფქი საკმაოდ სქლად არის მოფენილი; იგი სქელკანიანია. მარცვლის რბილობი მეტად კნატუნა და საღეჭია, რაც ჯიშის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად ითვლება. ახასიათებს წვენის მცირე გამოსავლიანობა, რომელიც საკმაოდ ტკბილი და სასიამოვნო გემოსია. რბილობი წიპწას ძნელად სცილდება.

შემფერავი ნივთიერება მარცვლის რბილობში არ მოიპოვება.წიპწა. მარცვალში 1- 4 წიპწაა. სჭარბობს ერთწიპწიანი მარცვლები. წიპწის სიგრძე 6,5-8 მმ, სიმსხო 3-4 მმ უდრის. ღია წაბლისფერ-ყავისფერია. მუცლის ღარები ხშირად ოდნავ მოყვითალოა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილზე, ფორმით სამკუთხედისებრია, იშვიათად ოვალურიც გვხვდება. ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის წვერი მოყავისფროა, რომლის სიგრძე 1,5-2 მმ უდრის.

აგრობიოლოგიური დახაისათება

კოლხეთის ტერიტორიის სხვადასხვა მიკროზონაში,  მიკრო-ეკოლოგიური პირობები ურთიერთისაგან მცირედ განსხვავდება და სწორედ ამით აიხსნება ბიოფაზების მსვლელობის თითქმის ერთგვარობა. მაგალითად, სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ფოთოლცვენის დამთავრებამდე სამივე ზონაში 237-238 დღეს შეადგენს. მცირეოდენ განსხვავებას ვპოულობთ პირველადი ბიოფაზების მსვლელობაში.

ასე, მაგ., კვირტების გაშლა შედარებით ნაადრევად იწყება სოფ. დაბლაციხეში, რასაც იწვევს ამ პერიოდში საკმაო სითბო. სოფ. კალაგონისა და ბახვის მიკრორაიონებში კი აღნიშნული ბიოფაზა ყოველთვის 4-5 დღით იგვიანებს.

ასევე ითქმის ყვავილობის ფაზაზე. სოფ. დაბლაციხეში ისევ სითბოს გავლენით ყვავილობა ყოველთვის მაისის მიწურულში იწყება (25-29.V, ზოგჯერ კი 24-25.V) და 7-8 ივნისამდე მთავრდება. სოფ. კალაგონშიც მაისის მიწურულში მიმდინარეობს ჯანის ყვავილობა, მაგრამ იგი ზოგჯერ ივნისშიაც გადადის და ვაზი ამ ბიოფაზას სოფ. კალაგონში 10 ივნისზე ადრე ვერ ამთავრებს. სოფ. ბახვის ზონაში (ბახვის საბჭოთა მეურნეობა) ყვავილობის ფაზა ხშირ შემთხვევაში ივნისის დამდეგს იწყება და 13-15 ივნისზე ადრე არ მთავრდება.

გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი წლები, განსაკუთრებით თუ გაზაფხული ნაადრევად დაიწყო და სითბო თავიდანვე ხელსაყრელი იქნა ცალკეული ბიოფაზების განვითარებისათვის. ამ შემთხვევაში ყვავილობაც შედარებით ნაადრევად იწყება (27-28.V) და იგი ჩვეულებრივ 8-10 ივნისისათვის მთავრდება.

შეთვალების დასაწყისის მხრივ დასახელებულ მიკრორაიონებს შორის მკვეთრ სხვაობას ვერ ვპოულობთ, რაც უეჭველად გამოწვეულია ამ ფაზაში სითბოს ჯიშის ნორმალური დაგროვებით (1906-2083º). იგი ჩვეულებრივ იწყება აგვისტოს მესამე დეკადაში და ზოგ შემთხვევაში გადადის სექტემბერშიაც (სოფ. დაბლაციხე და ბახვის საბჭოთა მეურნეობა).

მნიშვნელოვანი განსხვავებაა დასახელებულ პუნქტებში ყურძნის სიმწიფის პერიოდებს შორის. მაგ. სოფ. დაბლაციხეში და კალაგონშიაც ჯანი ოქტომბრის მესამე დეკადაში სავსებით მომწიფებულია და თავისუფლად შეიძლება მოიკრიფოს, ბახვის საბჭოთა მეურნეობაში კი ყურძნის მწიფობა იგვიანებს და იგი უფრო ხშირად ნოემბრის პირველ რიცხვებში გადადის.

ფოთოლცვენა ნოემბრის მეორე ნახევრიდან იწყება და ამინდის პირობების მიხედვით დეკემბრის დამდეგს მთავრდება. ზოგ შემთხვევაში ფოთოლცვენა ნაადრევად მიმდინაოებს, რაც გამოწვეულია სოკოვან ავადმყოფობათა, განსაკუთრებით კი ჭრაქის მოქმედებით.ჯიშის მოსავლიანობა. ჯანი ქართული ვაზის ჯიშების უმეტესობის მსგავსად ადრე იწყებს მოსავლის მოცემას. მოსავლის პირველ ნიშანს იგი იძლევა მეორე, უფრო ხშირად მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან.

ჯანი საშუალოზე ნაკლები ან მცირემოსავლიანი ჯიშია. მიუხედავად სათანადო მოვლისა, არსებული ფორმირების პირობებში ჯანი მოსავლიანობით ჩამორჩება გურიის ყველა სხვა აბორიგენულ ჯიშს. ქართული წესით ფორმირებისას ერთი ძირი ვაზის მოსავალი 500- 800 გ-მდე აღწევს, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,0-1,2 უდრის. რქაზე ხშირად 1 მტევანია. იშვიათად 2. მცირე მოსავლიანობასთან ერთად ჯანს ახასიათებს წვენის მეტად მცირე გამოსავალი, რაც 54-55% არ აღემატება. როგორც ეს ზემოთაც იყო აღნიშნული, სწორედ მცირე მოსავლიანობითა და წვენის მეტად მცირე გამოსავლიანობით აიხსნება ჯანის გავრცელების არეალის შეზღუდვა, მიუხედავად მისი პროდუქციის მაღალი ხარისხისა.

ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანება ჯიშს თითქმის არ ახასიათებს. ვაზის ძველი ნაწილებიდან წარმოქმნილი ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა.ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამოძლეობა. გურიის თბილ და ტენიან ეკოლოგიურ პირობებში ვაზის სოკოვანი ავადმყოფობანი ძლიერ გავრცელებულია, რის შედეგადაც ჯანის ვეგეტატიური ნაწილები, თუ იგი სათანადოდ არ არის დაცული, მასობრივად ავადდება. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ჭრაქით ჯანის მწვანე მასა (ფოთოლი, ყლორტი, მტევანი). ბორდოს ხსნარით 5-ჯერ დროულად და ხარისხობრივ შეწამვლით შესაძლებელია ვაზის სავსებით საღად შენარჩუნება. ნაცარს ჯანი შედარებით უკეთ უძლებს.

გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება. გურიის რაიონებში სითბო და ტენი სავსებით ხელის შემწყობ პირობებს ქმნის სოკოვან ავადმყოფობათა განვითარებისათვის. ამიტომ აუცილებელია ამ ჯიშის გაშენება მზით განათებულ, შემაღლებულ და ფერდობ ადგილებზე. ამგვარ ნაკვეთებზე მზის სხივებისა და აერაციის გაძლიერებული მოქმედების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ვაზის როგორც ნორმალური ზრდა-განვითარება, ისე სავსებით საღი და მაღლხარისხოვანი პროდუქციის მიღება. ჯანი კალციუმის კარბონატების შემცველ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე იძლევა მაღალხარისხოვან პროდუქციას სხეულიანი და ენერგიული სუფრის ღვინოების დასამზადებლად, ეწერი ტიპის ნიადაგებზე კი ჯანის პროდუქციის ხარისხი შედარებით დაბალია.

გურიაში ზამთრის ყინვების მოქმედება უმნიშვნელოა, ჩვეულებრივ იგი იშვიათად აღწევს -100 მდე. ასეთ პირობებში ვაზი ნორმალურად იღვიძებს და მისი განვითარება დაუბრკოლებლად მიმდინარეობს მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში.

დაბლარად ფორმირებული ჯანი საშუალო ზრდით ხასიათდება, მაგრამ თუ მას ნახევრად ამაღლებულ ფორმირებაზე გადავიყვანთ (ოლიხნარი ან ფორჩხისებრი), მისი ზრდა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. მსგავსად ჩხავერისა, ჯანს ახოხებისადმი დიდი მიდრეკილება და საყრდენის ზედა ზონაში ვეგეტატიური ნაწილების უფრო მძლავრი განვითარება ახასიათებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ვაზზე მრავალწლიანი ნაწილების დიდი რაოდენობით არსებობას თან სდევს ვაზის საერთო გაძლიერება და ცალკეული რქების მძლავრი განვითარება. ამიტომ არსებული ფორმირება შეცვლილი უნდა იქნეს 1-1,5 მ-მდე სიმაღლის შტამბის მიცემით და ოლიხნარზე ან ფორჩხზე 3-5 საფორმო რგოლის შექმნით. შპალერზე დაყენების შემთხვევაში კი — მისი შტამბის სიმაღლე უნდა განისაზღვროს სულ მცირე 70 სმ-ით და ვაზზე დატოვებულ იქნეს ორი-სამი მხარი მათზე სამი-ოთხი საფორმო რგოლის გამოყვანით.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ჯანის მტევნის მექანიკური ანალიზის მაჩვენებლები ასეთია: მტევნის საშუალო წონა 69,1- 70,1 გ უდრის, ხოლო მტევანზე საშუალოდ 47-53 მარცვალია, მტევანში კლერტი 3,5-5,4%, ხოლო მარცვალი — 94,6-96,5% შეადგენს. მარცვლის შედგენილობა: კანი 29,9-33,01%, წიპწა — 5,10-6,41% უდრის, ხოლო წვენი 54,7-59,8% შორის მერყეობს. ამრიგად, ნარჩენები კლერტის, წიპწისა და ჩენჩოს სახით 45,04 გ შეადგენს.

დიდი მტევნის წონა 112 გ აღწევს, მცირეს კი — 52 გ. 100 მარცვლის საშუალო წონა 132-144 გ უდრის. 100 მარცვალში 124 წიპწაა, წონით 8,8გ. ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 58%, ორწიპწიანი — 27%, სამწიპწიანი — 14% და ოთხიპწიანი — 1%. 100 მარცვლის კანის წონა 28,31 გ უდრის.

შაქრიანობა-მჟავიანობის ურთიერთ შეფარდება სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ღვინისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

ჯანის ღვინო ნორმალური ალკოჰოლიანობით ხასიათდება (11,5-12,1º), რაც საერთოდ დამახასიათებელია ხარისხოვანი სუფრის ღვინისათვის. ექსტრაქტის შეცულობაც ნორმალურია, ოდნავ მომეტებულია ტანინი (1,95-2,15), რაც გამოწვეული უნდა იყოს ტკბილის ჭაჭაზე დადუღებით. მქროლავი მჟავეების შეცულობა (0,65-0,73) ღვინის სისაღის მაჩვენებელია.

სხვადასხვა წელს დამზადებული ღვინის ნიმუშები დაჭაშნიკებული იქნა სპეციალური კომისიის მიერ და შეფასებულ იქნა როგორც საკმაოდ შეფერილი, სხეულით მდიდარი, სქელი, ჰარმონიული, სასიამოვნო გემური თვისებების ღვინო.

ჯანის ღვინის შენახვის უნარიანობაზე დაკვირვება არ წარმოებულა, მაგრამ ღვინის ქიმიური შედგენილობა და ორგანოლეპტიკური თვისებები საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ ღვინოს შენახვის კარგი უნარი უნდა ჰქონდეს. ამას მოწმობს აგრეთვე ე. ნაკაშიძისა და გ. შარაშიძის შრომები. ამასვე ადასტურებენ გურიაში მომუშავე გამოცდილი მევენახე-აგრონომების ა. შარაშიძისა და ა. ხუნდაძის გადმოცემა, რომელთაც ჯანის ძველი ნარგავები საკმაო რაოდენობით ჰქონდათ საკარმიდამო ნაკვეთებზე. ჯანის ღვინო კარგად ინახება და დაძველებისას ივითარებს მეტად სასიამოვნო გემოსა და ბუკეტს.

ღვინის მაღალ გემურ თვისებებთან ერთად აღსანიშნავია ყურძნის ჩინებული ტრანსპორტაბელობა და შენახვის კარგი უნარი (ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში გვიან გაზაფხულამდე), მრავალწლიური დაკვირვებებით დადასტურებულია, რომ ვაზზე დატოებული ყურძენი იანვარ-თებერვლამდე ძლებს, ხოლო დაკრეფილი აპრილის ბოლომდე ინახება. ყურძნის კარგი ტრანსპორტაბელობა და შენახვის კარგი უნარი მარცვალში წვენის მცირე შეცულობით და რბილობის მოჭარბებით აიხსნება.

ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელებამდე ჯანის მაღლარები ფართოდ იყო წარმოდგენილი აღმოსავლეთ გურიის რაიონებში, რომლის ყურძენს მოსახლეობა მოგვიანებით კრეფდა (ნოემბერ-დეკემბერში). ზოგ შემთხვევაში ყურძენს განგებ ტოვებდნენ მაღლა ვაზებზე და მხოლოდ იანვარ-თებერვალში კრეფდნენ. წესად იყო მიღებული, რომ ყურძნის ნაწილი საახალწლოდ მოეკრიფათ. მოსახლეობა ზოგ შემთხვევაში დაკრეფილ ყურძენსაც ინახავდა, ე.წ. `ჯაგნების~ სახით.

ჯანის უარყოფით თვისებებიდან აღსანიშნავია: ყურძნის მცირემოსავლიანობა და წვენის მეტად მცირე გამოსავლიანობა, აგრეთვე ჭრაქის მიმართ სუსტი გამძლეობა.

უკანასკნელი ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია დამატებითი წამლობის ჩატარებით. რაც შეეხება მცირემოსავლიანობას, ეს უარყოფითი თვისება წარმატებით შეიძლება გამოსწორებული იქნეს სელექციური მუშაობის ფართოდ გაშლით და ამის შედეგად მოსავლიანი ძირების გამოყოფით. შემდეგ ყურადღება უნდა მიექცეს ვაზის ფორმირების საკითხს. როგორც აღნიშნული იყო, მოსავლიანობის გადიდების მიზნით, ამჟამად არსებული ქართული წესით ფორმირება შეცვლილი უნდა იქნეს ამაღლებული შტამბიან ოლიხნარზე ან ფორჩხზე გაფორმებით. ამ ნაკლოვანების გამოსწორების შემდეგ ჯანი უეჭველად პირველ ადგილს დაიჭერს დასავლეთ საქარვთელოს წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემ საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიში.

მარცვლის მკვრივი ხორციანობის გამო ჯანი ფრიად საინტერესო ობიექტს წარმოადგენს გენეტიკური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ საბჭოთა კავშირში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს შორის რბილობის სიმკვირივითა და მასთან შეხამებული კანის სისქით იგი პირველ ადგილს იჭერს.

საერთო შეფასება და დარაიონება

პროდუქციის მაღალი გემური თვისებები, მაღალი ტრანსპორტაბელობა და ყურძნის შენახვის კარგი უნარი ჯანს აბორიგენულ ვაზის ჯიშთა შორის მოწინავეთა რიგში აყენებს. მცირემოსავლიანობისა და სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტი გამძლეობის მიუხედავად იგი კვლავ უნდა აღდგეს და ფართოდ გავრცელდეს გურიის რაიონებში. ჯანის შემდგომი გავრცელება წარმოებული უნდა იქნეს მხოლოდ და მხოლოდ ნამყენების სახით ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.

jani_gurului_vazi_09455343128920233736357

წყარო: Enoteca.ge
რედაქცია: agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3678 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB