ჩიტისთვალა — ქართული ვაზის ჯიშების მიმოხილვა

647 Views Comment Off

ჩიტისთვალა ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა ხარისხოვან სუფრის თეთრ და სადესერტო ღვინოს. ჯიშის მცირე გავრცელების გამო სინონიმები, როგორც ადგილობრივ მევენახეთა შორის, ისე მევენახეობის ლიტერატურულ წყაროებში ცნობილი არაა.

ჩიტისთვალა წარმოქმნილია კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის ადგილობრივ კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო_ტექნოლოგიური თვისებებით იგი მეტად ახლო დგას კახეთის მთავარ საწარმოო ვაზის ჯიშებთან. მაგალითად, ფოთლისა და მტევნის ფორმით იგი რქაწითელს მოგვაგონებს, ფოთლის შებუსვით და შეფერვით _ მწვანეს, ხოლო მარცვლის ფორმითა და გემოთი ხიხვს.

შეიძლება ჯიშ მწვანეს, ხიხვს, ჩიტისთვალას და რქაწითელს შორის წარსულში საერთო საწყისი ჰქონდათ ან თავისუფალი დამტვერვის შედეგად მიღებული აღმონაცენები ანუ ბუნებრივი ჰიბრიდებია, რომელთაგან დროთა განმავლობაში მოხდა მათი დიფერენცირება ცალკეულ ჯიშებად.

ჯიშის ხნიერების საკითხის განსაზღვრისათვის, როგორც ზემოთ იყო მოხსენებული, საჭირო მასალები, კერძოდ მატერიალური კულტურის ძეგლები არ მოიპოვება. ამიტომ ჯიშის ხნიერების საკითხი შესაძლებელია გარკვეული იქნეს მიახლოვებით _ ძირითადად მორფოლოგიური ნიშნების სიძველის განსაზღვრით. ჩიტისთვალას ზოგიერთი მორფოლოგიური ნიშნების დიდი სიმყარე (ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა, მრგვალი, წვრილი მარცვალი და სხვ.) საბაბს გვაძლევს ვიგულვოთ იგი რქაწითელსა და მწვანეზე უფრო ხნიერ ჯიშად. სახელწოდება `ჩიტისთვალა~ ჯიშს შერქმეული აქვს თავისი მარცვლის ფორმისა და სიმსხოს გამო, რომელიც სხვა ჯიშების მარცვალთან შედარებით, მართლაც, ჩიტის თვალივით მრგვალი და წვრილია.

ამჟამად ჩიტისთვალა გავრცელებულია კახეთში, ძირითადად, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის რაიონებში, უფრო ხშირად ნარევის სახით. კახეთის სხვა რაიონებში ჩიტისთვალა იშვიათად გვხვდება თითო_ოროლა ვაზების სახით უმთავრესად მწვანისა და რქაწითელის ვენახებში. თუ ხიხვი ხშირად რქაწითელთან ერთად გვხვდება ვენახში, ჩიტისთვალა უფრო ხშირად მწვანის თანამგზავრია, ჩიტისთვალა როგორც ძველისძველ, ისე ახალ ნამყენ ვენახებში მწვანესთან ერთად არის გავრცელებული. ასე მაგალითად, მუკუზნის საბჭოთა მეურნეობაში იგი მწვანის ნარგაობაშია გამორეული რამდენიმე ათეული ძირის რაოდენობით; ასევე წინანდლის კოლმეურნეობის ვენახში (ნაზვრევის ჯგუფში) და ვაზისუბანში ჩიტისთვალა მწვანის საცდელ ნაკვეთებში ნარევის სახით გვხვდება.

ჩიტისთვალას მწვანესთან ერთად გავრცელება შემთხვევით არ უნდა იყოს და საფიქრებელია, რომ იგი ალბათ აუმჯობესებდა მწვანის ღვინის ხარისხს. ძველად ჩიტისთვალა უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული, როგორც სხვა ჯიშებთან ნარევის სახით, ისე ცალკე ვენახებად. ფილოქსერის შემოჭრის შემდეგ იგი თანდათან შემცირდა, როგორც ფილოქსერის ნაკლებად გამძლე ჯიში. ჩიტისთვალა ჩვენს მიერ გამოვლენილია როგორც პერსპექტიული ჯიში, გამრავლებულია და გადაცემულია სახელმწიფო ჯიშთა გამოცდაზე შესამოწმებლად და წარმოებაში დასანერგად.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში აღწერილია მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ექსპერიმენტულ ბაზაზე სოფ. ვაზისუბანში. ვენახი გაშენებულია ცივ_გომბორის მთის ჩრდილო_აღმოსავლეთის სუსტად დაქანებულ ფერდობზე 565 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი ნამყენია, გაფორმებულია სარ_მავთულზე ორმხრივი შპალერის წესით. ახალგაზრდა ყლორტი. 15_20 სმ სიგრძის მოზარდი ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია სქელი ქეჩისებრი აბლაბუდით, მომწვანო თეთრი ფერისაა და ოდნავ მოღვინისფრო არშია აკრავს ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ. მეორე იარუსის ფოთოლაკების ზედა მხარე მცირე შებუსვის გამო, მოყვითალო_მწვანე ხდება, მოღვინისფრო იერით, ხოლო ფოთოლაკების ქვედა მხარე შებუსვილია და მორუხო_თეთრი ფერისაა, ვარდისფერი იერით ფოთლების ირგვლივ.

ერთწლიანი რქა. შემოდგომით ერთწლიანი რქები მოწითალო წაბლისფერია და მოვარდისფრო იერი დაჰკრავს. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი, მუხლთაშორისები საშუალო სიგრძისაა (8_10 სმ), რომელთა გასწვრივ სუსტად გამოსახული ზოლებია. ფოთოლი. შუა იარუსის ფოთლები (9_12) საშუალო ზომისაა (19,5X20 სმ), მომრგვალოა ან უფრო ხშირად ოდნავ განიერ_ ოვალური, ფერად მუქი მწვანეა, ხშირად სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი ან თითქმის დაუნაკვთავი ფოთლებიც გვხვდება, რომელთა შუა ნაკვთი ხშირად ბლაგვია. ფოთლის ზედაპირი წვრილი ბურთულებითაა დაფარული და ბადისებრ დანაოჭებულია. მთავარი ძარღვები სუსტად შებუსვილია აბლაბუდისებრი ბეწვებით და ღია მწვანე ფერი აქვს.

ზედა ამონაკვეთების სიღრმე ოდნავ ცვალებადობს, უფრო ხშირად კი ამონაკვეთები ზეზეურია, იშვიათად გვხვდება ოდნავ შეჭრილი ან საშუალო სიღრმის ამონაკვეთები. ამონაკვეთების ფორმა სიღრმის შესაბამისად ცვალებადობს ოდნავ შესამჩნევიდან კვერცხისმაგვარ დახურულთვლიან ამონაკვეთამდე. უფრო ხშირად ამონაკვეთები შეჭრილი კუთხისმაგვარია ან ვიწროყელიანი ჩანგისებრი ფორმა აქვს, იშვიათად პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია. ამონაკვეთების ფუძე ხშირად მახვილია. ზოგჯერ ამონაკვეთები ფოთლის მხოლოდ ცალ მხარეზე გვხვდება.

ქვედა ამონაკვეთები, როგორც წესი, ოდნავ ღრმაა, ან სულ არა გამოსახული. ხშირად ამონაკვეთები ძნელად შესამჩნევი _ შეჭრილი კუთხისებრია, ხოლო იშვიათად პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია და მახვილი ფუძე აქვს.

ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ცვალებადობს ღია ჩანგისებრიდან დახურულ თითისტარისებურ თვლიანამდე. უფრო ხშირად გვხვდება ღია თაღისებრი ან მახვილფუძიან_ჩანგისებრი ამონაკვეთები. ყუნწის ამონაკვეთი ხშირად ცალ ან ორდეზიანია.

ფოთლის მთავარი ნაკვთები ბოლოვდება გუმბათისმაგვარ ან იშვიათად გამოწეულგვერდებიან მახვილწვერიან სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით. გვერდითი კბილები სამკუთხედისებრია გამოწეული გვერდებითა და მახვილი წვერით, იშვიათად ხერხკბილისებრიც გვხვდება.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქისაა, იგი შედგება აბლაბუდისებრი ბეწვებისა და თხელი ჯაგრისებრი ბუსუსებისაგან, ორივე ერთად ქმნის საკმაო სქელ შებუსვას.

ფოთლის ყუნწი მთავარ ძარღვზე გრძელია ან იშვიათად მის სიგრძეს უდრის. ყუნწი გლუვია და ბაცი ღვინისფერი.ყვავილი. ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. მტვრიანები სწორმდგომია, ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანა გვხვდება. მტვრიანების ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,0 უდრის. იშვიათად ეს შეფარდება 1,25 აღწევს. ბუტკო მომრგვალო_კონუსისებრია, კარგად გამოსახული სვეტითა და პატარა მომრგვალო დინგით.მტევანი. მტევნები საშუალო ზომისაა, რომელთა სიგრძე მერყეობს 12_დან 22 სმ_მდე, ხოლო სიგანე 6_დან 12 სმ_მდე. საშუალო მტევნის ზომა შეადგენს 17X8 სმ. ცილინდრულ_კონუსისებრი ფორმის მტევნები მხრიანია, ხშირად მხრები მთავარი მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს, იშვიათად კონუსისებრი მტევნებიც გვხვდება. მტევანი ხშირად საშუალო სიმკვრივისაა, ან მკვრივი, ხოლო უფრო იშვიათად მეჩხერი ან ძლიერ მკვრივი მტევნებიც გვხვდება. მტევნის საშუალო წონა მერყეობს 120_დან 160 გ_მდე, ცალკეული კარგად განვითარებული მტევნების წონა თავისუფლად აღწევს 250_300 გ_მდე. მარცვლების რაოდენობა მტევანში ცვადებადობს 80_დან _ 225_მდე, ხოლო საშუალოდ 120_150 მარცვალს შეადგენს. მტევნებს წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს.

მტევნის ყუნწი მწვანეა, შუა ნაწილიდან ფუძისაკენ იგი ხევდება და რქის ფერის ხდება. ყუნწის სიგრძე მერყეობს 2_დან 4 სმ_მდე და საშუალოდ 2,5_3,0 სმ შეადგენს. მარცვლის ყუნწი ღია მწვანეა, სიგრძით _ 5_6 მმ. განიერ_კონუსისებრი მარცვლის საჯდომი ბალიში ხორკლიანია.მარცვალი. მარცვალი მცირე ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 1,2_დან 1,5 სმ_მდე, განი 1,1_დან 1,45 სმ_მდე. საშუალო მარცვლის სიგრძე_სიგანე 1,3X1,25 სმ უდრის. მარცვალი მომრგვალოა, შუაში უფრო განიერია, ხოლო ბოლო მომრგვალებული აქვს. ფერად მომწვანო_ყვითელია. კანი თხელია გამჭვირვალე და ადვილად შორდება რბილობს. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა ადვილად არ დნება და არც წიპწები ეცლება იოლად. წვენი ტკბილია, გემო ნაზი ჰარმონიული აქვს, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. მარცვალი უხვადაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მას ნაზ მორუხო იერს აძლევს.

გადამწიფებისას მარცვლები ადვილად ჩამიჩდება. მარცვალი მაგრადაა მიმაგრებული ყუნწზე და რთველის დროს ადვილად არ ცვივა. წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1_დან 4_მდე, უფრო ხშირად მარცვალში 2_3 წიპწაა. წიპწის სხეული მომრგვალო_ოვალურია, ფერად მოყავისფრო. წიპწის სიგრძე ნისკარტიანად 6,5_7,0 მმ, ხოლო განი 3_3,5 მმ უდრის. ქალაძა კარგად გამოსახულია და წიპწის ზედა ნაწილშია მოთავსებული. იგი ოვალურია და ზედაპირი შეწეული აქვს შიგნით. ღარტაფები ქალაძიდან ნისკარტისაკენ და განსაკუთრებით სხეულის ზედა ნაწილისაკენ, კარგად არის გამოსახული. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია. მუცლის მხარეს ღარები ვიწრო და ღრმაა, რომლებიც პარალელურად მიემართება ნისკარტისაკენ და იკარგება მის არეში. ღარის ფუძე ნარინჯისფერია, ხორკლიანი ნისკარტი ცილინდრული ფირმისაა და გეზად არის წაჭრილი, ნისკარტის სიგრძე 1,5_2,0 მმ უდრის, იგი ღია ნარინჯისფერია.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდი და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, სოფ. კურდღელაურში. ვენახი გაშენებულია ცივ_გომბორის მთის სუსტად დაქანებულ ჩრდილო_აღმოსავლეთ ფერდობზე 562 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი სარ_მავთულზეა გამართული და გაფორმებულია ორმხრივი შპალერული წესით. ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობით, წარმოებული დაკვირვების მიხედვით, 129_დან 157 დღემდე მერყეობს, ხოლო 11 წლის საშუალო 147 დღეს უდრის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის შესაბამისად აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც ცვალებადობს 2639_დან 3214_მდე.

სავეგეტაციო პერიოდის ცალკეული ფაზების დადგომის ვადები, წლის მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, საგრძნობლად ცვალებადობს. ამ ცვალებადობის დასახასიათებლად ქვემოთ მოყვანილია სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობის მაჩვენებლები (იხ. ცხრ. 1)

კვირტის გაშლის დასაწყისი უფრო ძლიერ მერყეობს, ვიდრე მომდევნო _ ყვავილობისა და სიმწიფის დაწყების ვადები რაც შეეხება სრული სიმწიფის ფაზას, მისი დადგომის ვადები მხოლოდ 10 დღის ფარგლებში მერყეობს. ყურძნის სრული სიმწიფის დადგომის ვადების მიხედვით ჩიტისთვალა სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის.

კახეთის პირობებში ჩიტისთვალას ერთწლიანი ნაზარდი ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის თავისუფლად აღწევს მომწიფებას და უკვე კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.

ზემოთ მოყვანილ მონაცემებით ირკვევა, რომ ჩიტისთვალას ერთწლიანი ნაზარდი თავისუფლად შეიძლება მომწიფდეს თელავზე უფრო გრილჰავიან რაიონებში, რადგან ზოგიერთ წლებში ჩიტისთვალას ყურძენი 130_140 დღეში, ე.ი. მრავალწლიურ საშუალოზე 7_10 დღით ადრე მწიფდება.

ჩიტისთვალა საშუალო სიძლიერის ზრდით ხასიათდება. ერთნაირ ეკოლოგიურ პირობებში, საკოლექციო და სარეპროდუქციო ნაკვეთებზე, ჩიტისთვალას ზრდის სიძლიერე სხვა ჯიშებთან შედარებით შეფასებულია საშუალოდ.მოსავლიანობა. ჩიტისთვალა ადრე იწყებს მოსავლიანობას. სარეპროდუქციო ნაკვეთზე წარმოებულ დაკვირვების მიხედვით ჩიტისთვალას ნამყენებმა დარგვიდან მესამე წელს გამოიღო პირველი ნაყოფი (30 მტევანი 42 ძირ ვაზზე), რაც ნორმალური მოსავლის დაახლოებით ერთ მესამედს უდრის. მომდევნო მეოთხე წელს იმავე 42 ძირ ვაზზე მოკრეფილი იქნა 424 მტევანი, ანუ 10 მტევანი თითო ძირზე, მეხუთე წელს ჩიტისთვალას მოსავალი შეადგენდა 3560 გ ძირზე.

ჩიტისთვალა უხვმოსავლიანი ჯიშია. მისი მოსავლიანობა შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება: მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 1_დან 2_მდე, საშუალოდ იგი უდრის 1,3_1,4 მტევანს რქაზე. მტევნის საშუალო წონა ცვალებადობს 120_დან 160 გ_მდე. ცალკეული კარგად განვითარებული მტევნების წონა 250_300 გ_მდე თავისუფლად აღწევს. საწარმოო და სარეპროდუქციო ნაკვეთებზე ჩატარებული აღრიცხვების თანახმად ჩიტისთვალას მოსავლიანობა ძირზე 2_დან 4 კგ_მდე მერყეობდა, ნაზვრევსა და მუკუზნის საბჭოთა მეურნეობის ძველ ვენახებში მცირე კვების არეზე მისი მოსავალი საშუალოდ 1,56 კგ უდრიდა ძირზე, რაც ჰექტარზე გადაყვანით დაახლოებით 80 ცენტნერს შეადგენს. ჩიტისთვალას მოსავლიანობის დასახასიათებლად ქვემოთ მოტანილია სარეპროდუქციო ნაკვეთზე .

ჯიში საკმაოდ მაღალი მსხმოიარობით ხასიათდება: ორმტევნიანი რქები თითქმის ორჯერ მეტია ერთმტევნიანი რქების რაოდენობაზე. ამასთან 20_20 ვაზიანი ორი რიგის მოსავლიანობა სხვადასხვა მაჩვენებლებით აღინიშნა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ძლიერ იყო დატვირთული ცალკეული ვაზები ამ ორ მეზობლად მდებარე რიგში. გაანგარიშებული მოსავალი ამ ორ მეზობლად მდებარე რიგში. მოსავალი ამ ორ რიგიდან საშუალოდ შეადგენს 80,0 ცენტნერს, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ გადაანგარიშებით მიღებული მოსავალი მუდამ მეტია ფაქტიურზე. მაშინ ჩიტისთვალას საშუალო მოსავალი შეადგენს 70_80 ცენტნერს ჰექტარზე.

საკავებლის ცალკეულ ყლორტების მოსავლიანობაზე წარმოებულმა დაკვირვებამ დაგვანახა, რომ ფუძიდან რქების დაშორებას არსებითი მმნიშვნელობა არა აქვს მათ მოსავლიანობაზე _ ასე მაგალითად, ფუძესთან ახლო განწყობილი და ნეკზე განვითარებული ყლორტები მოსავლიანობით არ ჩამორჩება ფუძიდან დაშორებულ ყლორტების მოსავლიანობას.

ამ მხრივ ჩიტისთვალა საგრძნობლად განსხვავდება, როგორც გრძელმტევანასაგან, ისე მთელ რიგ სხვა ჯიშებისაგან, რომლებიც უფრო მეტ ყურძენს ისხამს საკავებლის ფუძიდან დაშორებულ ყლორტებზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩიტისთვალა მით უფრო მეტ მოსავალს იძლევა ფართობის ერთეულზე, რაც უფრო შემჭიდროებულად არის იგი დარგული. ასე მაგალითად, მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის ნაკვეთებზე იგი უფრო მეტ მოსავალს იძლევა, 2,15 მ2 კვების არეზე ვიდრე 3 მ2 არეზე. ეს იმით აიხსნება, რომ ჩიტისთვალა საშუალო ზრდის ვაზია და გადიდებულ კვების არეს ჩვენს პირობებში სავსებით ვერ იყენებს. ამიტომ ჩიტისთვალას ახალი ვენახები შემცირებული კვების არით 1,5X1,5 ან 1,5X1,25 მ არეზე უნდა გაშენდეს და ამისდა შესაბამისად ვაზი უნდა გაისხლას ორმხრივი შპალერის წესით, ისე რომ დატოვებული კვირტების რაოდენობა სწორად იქნეს შეფარდებული ვაზის ზრდის სიძლიერესთან. უხვი მოსავლის მისაღებად პირველ რიგში, საჭიროა ვენახების დროული და ხარისხოვანი დამუშავება მოწინავე აგროწესების სრული გამოყენებით.

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა

ჩიტისთვალა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ საკმაოდ კარგი გამძლეობით ხასიათდება. საწარმოო და საცდელ ნაკვეთებზე წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით ჩიტისთვალას ნაცრის მიმართ გამძლეობა შეფასებულია საშუალოზე მეტად. ფილოქსერის მიმართ ჩიტისთვლა ნაკლებად გამძლე _ სუსტია. ადგილობრივ მევენახეთა გადმოცემით იგი სხვა ჯიშებზე უფრო ადრე ამოვარდა ვენახებიდან. ამ მხრივ იგი კახურ საფერავს უახლოვდება. სხვა მავნებლებისაგან დაზიანება დაკვირვებათა მანძილზე აღნიშნული არ ყოფილა. აღსანიშნავია ჯიშის კარგი გამძლეობა მარცვლის ლპობის მიმართ, წვიმებიან ამინდებშიაც კი იგი სხვა ჯიშებთან შედარებით ნაკლებად ზიანდება სიდამპლით.

ტექნოლოგიური დახასიათებამტევნის მექანიკური შედგენილობა. მტევნისა და მარცვლების გარეგნული შეხედულებით, მათი მექანიკური შედგენილობისა და წვენის შეცულობის მიხედვით ჩიტისთვალა უდაოდ საღვინე ჯიშია.

ყურძნის ლაბორატორიულ პირობებში გადამუშავებისას წვენის გამოსავალი მტევნის სიდიდის მიხედვით მერყეობს 75%_78%_მდე, ხოლო ჭაჭისა (კლერტით, ჩენჩოთი და წიპწით) 22%_დან 25%_მდე. მტევნის შემადგენელ ნაწილების გამოსავლიანობის ცვალებადობა დიდია, მაგრამ იგი არ სცდება ჯიშებს შორის მერყეობის საზღვარს. ნახევრად წარმოების პირობებში წვენის გამოსავლიანობა 76%, ხოლო ჭაჭისა 24% უდრის.ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა. ჩიტისთვალა დიდი რაოდენობით აგროვებს შაქარს და მჟავიანობასაც სასურველ დონემდე ინარჩუნებს. რთველის პერიოდში ჩატარებული ანალიზების მიხედვით მისი შაქრიანობა, ცალკეულ წლების მიხედვით 18,3%_დან 22,8%_მდე, ხოლო მჟავიანობა 5‰–დან 10‰–მდე მერყეობს.

შაქრიანობის და მჟავიანობის მოცემული რაოდენობა და შეფარდება აპირობებს ჩიტისთვალასაგან ხარისხოვანი ღვინის მიღებას. ზემოთ აღნიშნული შაქრიანობა ჩიტისთვალასათვის არ არის ზღვრული და რთველის უფრო გვიან ჩატარებით შეიძლება საგრძნობლად გადიდდეს მისი შაქრიანობა, ხოლო თუ მხედველობაში იმასაც მივიღებთ, რომ გადმწიფებისას ჩიტისთვალას მარცვლები ადვილად ჩამიჩდება, შესაძლებელი იქნება შაქრიანობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა და მისგან მაგარი და სადესერტო ტიპის ღვინის დამზადება. ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინოების დასამზადებლად.

კახეთის სამხრეთ_აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ჰავის პირობები ხელს უწყობს შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვებას, ვაზზე მტევნების გადასამწიფებლად დატოვება მიზანშეწონილია ჩიტისთვალას ყურძნიდან მაგარი და სადესერტო ღვინოების მიღების მიზნით.ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება. ჩიტისთვალას ყურძნიდან მზადდება ძირითადად სუფრის ღვინო. იგი ჩვეულებრივ მწვანესთან, ხოლო იშვიათად რქაწითელთან ერთად იყო გავრცელებული და მათთან ერთად იწურებოდა ღვინოდ. უფრო იშვიათად ჩიტისთვალა ცალკე იყო გაშენებული და მისგან წმინდა ღვინოს აყენებდნენ. გურჯაანის რაიონში მრავლად იყო ჩიტისთვალას ვენახები და მისი ყურძნიდან კარგ ღვინოსაც აყენებდნენ.

ჩიტისთვალას ყურძნიდან დამზადებული საცდელი ღვინო კარგი ღირსების აღმოჩნდა, იგი ღია ჩალისფერია, თავისებური ჯიშური არომატი და ნაზი ჰარმონიული გემო ახასიათებს. როგორც ზემოთაც იყო მოხსენებული, ჩიტისთვალა მწვანის, იშვიათად რქაწითელის ვენახებში გვხვდებოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ჩიტისთვალა ავსებდა და ალამაზებდა მწვანისა და რქაწითელის ღვინოებს. იმის დასადგენად თუ რამდენად აუმჯობესებდა ჩიტითვალა ამ ღვინოებს, საჭიროა ძველი წესის აღდგენა _ საცდელად მწვანისა და რქაწითელის ღვინოების დამზადება, ჩიტისთვლას ყურძნის სხვადასხვა რაოდენობის მიმატებით. მხოლოდ ამ წესით შეიძლება დავრწმუნდეთ და გავიგოთ ჩიტისთვალას მათთან გაშენების მიზანშეწონილობა.

აღსანიშნავია, რომ ჩიტისთვალას მაღალხარისხოვანი ღვინო ძველად კახური წესით იყო დაყენებული. ჩიტისთვალას საცდელი ღვინოები უმთავრესად ევროპული წესითაა დაყენებული და შეფასებაც მხოლოდ ამ ტიპის ღვინოს ეკუთვნის. ძველად და ახლაც ჩიტისთვალა უფრო სრულ და არომატულ ღვინოს კახური წესით დაყენების დროს იძლევა. სამწუხაროდ, ნარგავების სიმცირის გამო ჩიტისთვალა სათანადოდ არაა შესწავლილი და ყველა მისი დადებითი თვისება ცალკე თუ სხვა ჯიშების მიმატებით დაყენებული ღვინოების ხარისხი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.

ჩიტისთვალას საცდელი ღვინის ნიმუშები სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე მუდამ მაღალ შეფასებას ღებულობდა როგორც ხარისხოვანი, კარგი ღირსების სუფრის ღვინო. ეს ითქმის განსაკუთრებით კახური წესით დაყენებულ ჩიტისთვალას ღვინოებზე. კახური წესით დაყენებული ჩიტისთვალას ღია ჩაისფერი, სრული, სხეულიანი და ხილის არომატიანი ღვინო სადეგუსტაციო კომისიაზე წარდგენილი არ ყოფილა.

ჩიტისთვალა უდავოდ პერსპექტიული ჯიშია, მისგან მიიღება არა მარტო მაღალი ღირსების სუფრის ღვინო, არამედ, რთველის გვიან ჩატარებით, კარგი მასალა ბუნებრივი ნახევრადტკბილი და სადესერტო ღვინოებისათვის, განსაკუთრებით გურჯაანისა და სიღნაღის რაიონში. საამისოდ ჯიშს უდავოდ გააჩნია ყველა საჭირო თვისება _ შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვების უნარი,სასიამოვნო ჯიშური არომატი და ყურძნის ჭკნობისადმი მიდრეკილება.

საერთო შეფასება და დარაიონება

ჩიტისთვალა ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ პერსპექტიული საღვინე ჯიშია, რომელიც იძლევა ხარისხოვან სუფრის თეთრ ღვინოს. ჩიტისთვალას ღვინო კარგი ღირსებისაა, იგი ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, სასიამოვნო ჯიშური არომატი აქვს, ხოლო გემო ნაზი, ჰარმონიული. ასეთივე მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს იგი იძლევა კახური წესით დაყენების დროსაც. კახური ტიპის ღვინო ევროპულზე უფრო მეტი სხეულით და არომატულობით ხასიათდება და უახლოვდება იყალთო_რუისპირის კახური ტიპის ღვინოს.

ძველად ჩიტისთვალას იყენებდნენ სხვა თეთრი ღვინოების გასაუმჯობესებლად იგი ხშირად მწვანესთან, იშვიათად რქაწითელთან ერთად იყო გაშენებული და მათთან ერთად ღვინოდ იწურებოდა.

ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება მისი საშუალოზე მეტი მოსავლიანობა, ღვინის კარგი ხარისხი, ჯიშის ვარგისობა სხვადასხვა ტიპის _ ევროპული, კახური, ნაწილობრივ ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სადესერტო ღვინისათვის, აგრეთვე მილდიუმისა და მარცვლების სიდამპლის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა და მიდრეკილება დაჩამიჩებისაკენ.

ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება ფილოქსერისა და ნაცრის მიმართ სუსტი გამძლეობა, რაც ადვილად გამოსასწორებელია _ პირველი ფილოქსერაგამძლე საძირეებზე მყნობით, მეორე _ დამატებითი წამლობის ერთხელ ჩატარებით ნაცრის გავრცელების წლებში.

ჩიტისთვალა უდავოდ პერსპექტიული ჯიშია, უკანასკნელ წლებში წარმოებს მისი გაშენება წარმოების პირობებში შესამოწმებლად, რომლის შემდეგ იგი წარდგენილი იქნება კახეთის სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში შესატანად და წარმოების პირობებში გასავრცელებლად.

წყარო: enoteca.ge
რედაქცია agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB