ცხენისძუძუ აჭარული – ქართული ვაზის ჯიში

აჭარული, ცხენისძუძუ, ვაზის, ჯიში, ვენახი

ცხენისძუძუ ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშის სახელწოდებაა. მაგალითად, მას ვხვდებით კახეთში, ქართლში, მესხეთში, რაჭაში, გურიაში, აფხაზეთსა და აჭარაში. იგი ამ სახელს ატარებს ცხენისძუძუს მსგავსი მოყვანილობის მარცვლების გამო.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხენისძუძუ თურქული ათმემეს-სახელწოდებით აღწერილი აქვს ს. ტიმოფეევს, რომელსაც ის სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ცხენისძუძუს გადარქმევა “ათმედ” მომხდარა მას შემდეგ, რაც ართვინის ოლქის მოსახლეობას მიუღია მაჰმადიანობა. ს. ტიმოფეევის მიერ აღწერილი ჯიში ათმემე, შუა და ზემო აჭარაში გავრცელებული ცხენისძუძუს სავსებით იდენტურია.

აჭარული ცხენისძუძუ, როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, აჭარაშია წარმოქმნილი და მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩვენი აზრით, იგი ჩამოყალიბდა პონტოს მხარეში, ბუნებრივი გამრავლების გზით საუკუნეთა განმავლობაში და განივითარა ამ ზონისათვის დამახასიათებელი მორფოლოგიურ-აგრობიოლოგიური ნიშან-თვისებები (ფოთლის მორფოლოგიური ნიშნები, ყვავილის ტიპი, მარცვლის კანის სისქე და კონსისტენცია, ვაზის ზრდის სიძლიერე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა და, განსაკუთრებით, ყურძნის ნაგვიანევი სიმწიფე) და გამოიყო აჭარის ენდემურ ვაზის ჯიშთა ჯგუფში.

ადგილობრივი კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ცხენისძუძუ, როგორც სუფრის ყურძნის ჯიში, წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარებად აჭარისწყლის ხეობაში, განსაკუთრებით – შუა და ზემო აჭარაში. ცხენისძუძუს პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ყურძნად იყენებდა და, როგორც გადმოგვცემენ, დიდი ოდენობით ასაღებდნენ ქ. ბათუმის ბაზარზე. ყურძენს ხშირად დაუკრეფავს ტოვებდნენ ვაზებზე და მხოლოდ საჭიროების მიხედვით კრეფდნენ – ზამთარში.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მოქმედების შედეგად ცხენისძუძუს მაღლარები ისე, როგორც სხვა ჯიშები მასობრივად განადგურდა. ცხენისძუძუს ვაზი სათანადო მოვლის პირობებში იჩენს მისთვის დამახასიათებელ ძლიერ ზრდა-განვითარებას, უხვ მოსავალს იძლევა და ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშისთვის დამახასიათებელი ლამაზი, ბარაქიანი მტევნები და მოგრძო, ხორციანი მარცვლები ახასიათებს.

აჭარული ცხენისძუძუ, როგორც მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიში, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და მევენახეობის შემდგომი განვითრების შესაბამისად იგი ფართოდ უნდა გავრცელდეს ნამყენების სახით შუა და ზემო აჭარაში.

ბოტანიკური აღწერა

აჭარული ცხენისძუძუ აღწერილი იქნა სოფ. ჩაოში (ხულოს რ-ნი), ხოლო შედარების მიზნით სოფ. ვაიოში და ქედის საკოლექციო ნაკვეთზე (ქედის რ-ნი). სოფ. ჩაოში ცხენისძუძუ წარმოდგენილია საკუთარ ძირზე მაღლარად ჩრდილოეთით დახრილ ფერდობზე.

ახალგაზრდა ყლორტი. კვირტები გაშლის პერიოდში მომწვანო-იისფერია, ოდნავ მოწითალო ელფერით და საკმაო სქლადაა დაფარული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ზრდის კონუსიც სქლადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ახლაგაშლილი პირველი ფოთოლი ზემო მხრიდან მომწვანოა, მუქი მოწითალო ელფერით და საკმაოდ შებუსვილია. ქვედა მხარე მომწვანო-იისფერია, მოწითალო ელფერი აქვს და სქლადაა დაფარული ბუსუსით. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზემოდან მუქი იისფერია და მოწითალო ელფერი დაჰკრავს. მეორე ფოთოლი საკმაოდ, ხოლო მესამე მცირედაა შებუსვილი. ქვედა მხრიდან შებუსვა მეორე ფოთოლს უფრო მეტად ახასიათებს, მესამეს კი შედარებით მცირედ. ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა და მცირედ შებუსვილია. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა. შემოსული რქა ყავისფერია და საშუალო სიმსხოსი. მუხლები უფრო მუქია. მუხლთაშორისის სიგრძე 8-13 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მცირეა და საერთო მოყვანილობით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. მისი საშუალო სიგრძე 15,3 სმ, ხოლო სიგანე 15,0 სმ უდრის.ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისებრია და მახვილფუძიანი. ამონაკვეთის ნაკვთები შედგება სამი ძარღვისაგან. გვხვდება ისრისებრი მოყვანილობის ღრმა ამონაკვეთებიც. ზედა ამონაკვეთი ღიაა და მცირედ ჩაჭრილი. იშვიათად საკმაოდ ჩაჭრილიც გვხვდება, რომელიც ქმნის ნახვრეტისებრ კუთხეს. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგვ კუთხეს ქმნის, იშვიათად სწორს.ნაკვთის წვერის კბილები სამკუთხედისებრია წამახვილებული წვერით ან ამოზნექილი გვერდებით. გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი მოყვანილობის კბილებიც. მეორეული კბილები მთავარი კბილების მსგავსია.

ფოთლის ქვედა მხარე მცირედ შებუსვილია, ზედა მხარე გლუვი, ფირფიტა ბრტყელი. გვხვდება ძაბრმაგვარი ღარისებრ მოხრილი ფოთლებიც. მთავარი ძარღვები ოდნავ შებუსვილია, ღია მწვანეა და ფუძესთან წითელ ღვინის ფერს იღებს. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8-1,0 უდრის. იგი შიშველია და ღია მწვანე. ხშირად წითელი ღვინის ფერი ხდება.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია. მტვრიანები და ბუტკო ნორმალურადაა განვითარებული. ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად 4 და 6 მტვრიანაც გვხვდება. ყვავილების რიცხვი ყვავილედში 340-მდე აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 2,5-4 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 11-17 სმ, ხოლო სიგანე 5,5-8,5 სმ უდრის.

მტევანი საერთო მოყვანილობით ცილინდრულ-კონუსისებრია, გვხვდება ცილინდრული მტევნებიც. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა ან მკვრივი. მტევნის ყუნწი და კლერტი ბალახმაგვარია, ფერად ღია მწვანე.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4-5 მმ აღწევს. იგი მწვანე ფერისაა. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებულია და განიერკონუსისებრი. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საკმაოდ მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი თითქმის შავია; იგი საშუალოა ან საშუალოზე მსხვილი, რომლის სიგრძე საშუალოდ 16,5-20 მმ, ხოლო სიგანე 13,2-15,5 მმ აღწევს. ფორმით ოვალურია ან მოგრძო, შუა წელში უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. მარცვალი ნაკლებწვნიანია, მაგრამ ხორციანი და სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. იგი სქელკანიანია, რომელიც ადვილად სცილდება რბილობს. მარცვალი საკმაოდ დაფარულია ცვილით.

წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა, უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის საშუალო სიგრძე 6,5- 7 მმ, სიგანე კი 3,5-4 მმ აღწევს. წიპწა ღია ყავისფერია და მოწითალო ელფერი დაჰკრავს, მუცლის მხარეს ღარების გასვწრივ კი მოყვითალო-ჩალისფერია. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის თითქმის შუა ნაწილში, რომელიც ფორმით მოგრძო-ოვალურია, იშვიათად გვხვდება მომრგვალო და საკმაოდ გამოსახულიც. ნისკარტი მოყვითალოა და ხშირად მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. მისი სიგრძე 2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ფენოლოგიური დაკვირვებანი ცხენისძუძუს სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა სოფ. ჩაოში (ხულოს რ-ნი), ვაიოში და ქედის საკოლექციო ნაკვეთზე (ქედის რ-ნი).

სოფ. ჩაო მდებარეობს ჩრდილო დაქანებაზე ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. ამ ზონაში გაზაფხული გვიან დგება და სწორედ ამით არის გამოწვეული პირველი ბიოფაზების დაგვიანებით დაწყება, ხოლო შემდგომ ფაზებში სითბოს მატებასთან ერთად მდგომარეობა სწორდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის პირველ რიცხვებში, ხოლო მასობრივად ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება.

სოფ. ვაიოს და ქედის ეკოლოგიური პირობები, აგრეთვე ადგილმდებარეობა სავსებით ხელსაყრელია მევენახეობისა და ხარისხოვანი მეღვინეობისა და განვითარებისათვის.

ცხენისძუძუს გაღვიძება ამ პირობებში მარტის დამლევს იწყება. ყურძენი შეთვალებას აგვისტოს ბოლოს, ხოლო მასობრივად დამწიფებას 20 ოქტომბრიდან იწყებს. ფოთოლცვენა ჩვეულებრივ ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ რიცხვებამდე გრძელდება. მაღლარ ვაზებს ხშირად ფოთლები ნაადრევად სცვივა, რაც გამოწვეულია სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედებით. დაბლარ ვაზებზე (ქედის საკოლექციო ნაკვეთი) სათანადო მოვლის შედეგად ცხენისძუძუს სავეგეტაციო პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია და უკანასკნელი ბიოფაზა ფოთოლცვენა ხშირად 4-6 დეკემბრამდე მიმდინარეობს.

შუა აჭარაში საკმაო სითბოსა და ტენის გავლენით ვაზის სავეგეტაციო პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია. მიუხედავად ამისა ცხენისძუძუს როგორც მაღლარ, ისე დაბლარ ვაზებზე რქები სრულ მომწიფებას ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდში აღწევს და ამ დროისათვის ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს. სოფ. ჩაოში კი (ზემო აჭარა) მაღლა მდებარეობისა და ვაზისთვის არახელსაყრელი ექსპოზიციის გამო (ჩრდილო დაქანება) რქები სრულ მომწიფებას აღწევს მხოლოდ ვაზის სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის და ამ დროისათვის ჯიშისათვის დამახასიათებელი ფერისა ხდება.

ზოგ შემთხვევაში რქის წვერები ვერ ასწრებს სრულ მომწიფებას, რაც ძირითადად გამოწვეულია მოუვლელობით -ვაზების მაღლარად განვითარების გამო, რომლებიც ზამთრის ყინვების შედეგად ადვილად იღუპება.ვაზის ზრდა. ცხენისძუძუ თავის ზრდა-განვითარებით ძლიერ მოზარდ ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. მაღლარ ვაზებზე ყოველგვარი მოვლის გარეშე, ცალკეული რქის სიგრძე ხშირად 3-3,5 მ-მდე აღწევს.

უდავოა, რომ კულტურულ პირობებში ჩაყენებით ამ ჯიშის ზრდა-განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება და მოსავლის ხარისხიც გაუმჯობესდება. ამის დამადასტურებელია სოფ. ქედის საკოლექციო ნაკვეთზე დაბლარად ფორმირებული ცხენისძუძუ, რომელიც ძლიერი ზრდა-განვითარებით უხვი მოსავლიანობითა და, რაც მთავარია, პროდუქციის მაღალი ღირსებით ხასიათდება.

მოსავლიანობა. მაღლარად გაზრდილი ცხენისძუძუს მოსავლიანობა ამჟამად მეტად ცვალებადია, რადგან მას არა აქვს სათანადო მოვლა და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედებით ყურძენი მასობრივად ავადდება.იგი უხვ მოსავალს იძლევა მხოლოდ ზოგიერთ წელს (40-50 კგ), ხელსაყრელ ამინდის პირობებში. სათანადოდ მოვლილი დაბლარად ფორმირებული ცხენისძუძუ კი – სისტემატურად უხვ მოსავალს იძლევა, აქვს ჯიშისათვის დამახასიათებელი ტიპიური მტევნები და მეტად ლამაზი მარცვლები.

ქედის საკოლექციო ნაკვეთზე კი დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე მოსავლიანი ყლორტები 78% შეადგენს, ხოლო მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,8 უდრის.

როგორც მაღლარად, ისე დაბლარად ფორმირებულ ცხენისძუძუს რქაზე ხშირად ორი მტევანი უვითარდება, იშვიათად ერთი. მაღლარად ფორმირებული ვაზების მტევნის საშუალო წონა 123,5 გ აღწევს, ხოლო დაბლარზე სათანადო მოვლის შედეგად მტევნის საშუალო წონა მნიშვნელოვნად მატულობს და იგი 152,5 გ-მდე აღწევს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ხელსაყრელ ამინდში ერთი ძირი მაღლარი ცხენისძუძუს მოსავალი 40-50 კგ-მდე აღწევს, რაც ჰექტარზე გადაყვანით შეადგენს 45-55 ცენტნერს. დაბლარად ფორმირებული სათანადოდ მოვლილი ვაზის მოსავალი 2,0-2,9 კგ უდრის, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 80-90 ცენტნერს უდრის.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ცხენისძუძუს ქართული ცალმხრივი წესით (ერთ სანაყოფე-სამამულეზე) გასხვლა არ იძლევა მისი სრული დატვირთვის შესაძლებლობას. იგი როგორც ძლიერი მოზარდი ვაზი უფრო დიდ დატვირთვას მოითხოვს და ვაზზე 20-24 კვირტის დატოვება სავალდებულო ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან ერთად აუცილებელია სამუშაო ოპერაციების დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარება.

მოსავლის კიდევ უფრო გაზრდისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია აგრეთვე ცხენისძუძუს ფორმირება, ე.წ. კორდონისებრი წესით ორ მხარეზე, თითოეულ მათგანზე ორი საფორმო რგოლის შექმნით. ამ შემთხვევაში ვაზს უნდა მიეცეს ამაღლებული შტამბი და სიძლიერის შესაბამისად 36-40 კვირტით დაიტვირთოს. ასეთივე დატვირთვა შეიძლება მიეცეს ცხენისძუძუს ოლიხნარის ან ფორჩხისებრი წესით გაფორმების შემთხვევაში, ოღონდ აქ მავთულის ნაცვლად გამოყენებული უნდა იქნეს ამაღლებული შტამბიანი (1-1,5 მ) განტოტვილი დასაყრდენი და კვების არე გადიდებული იქნეს 6 კვად. მ-მდე.

მოხსენებული წესით გაფორმების შედეგად მოსავალი მკვეთრად გადიდდება პროდუქციის ხარისხის გაუარესებისა და ვაზის შესუსტების გარეშე.სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა. ცხენისძუძუ სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ მეტად მგრძნობიარეა, განსაკუთრებთი კი ჭრაქისადმი. ამიტომ 1-2-ჯერ დამატებითი წამლობის ჩატარება ბორდოს ხსნარით, გამოხორბვლისა და მარცვლების განვითარების პერიოდში, სავალდებულო აგროღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული.

სპეციალური დაკვირვება ცხენისძუძუს ფილოქსერისადმი გამძლეობაზე არ წარმოებულა, მაგრამ საკუთარ ძირზე არსებული მაღლარი ვაზების განვითარებაზე მრავალი წლის დაკვირვებები ადასტურებს ამ ჯიშის ფილოქსერისადმი მეტად სუსტ გამძლეობას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ცხენისძუძუს მრავალრიცხოვანი ნარგავებიდან ამჟამად მხოლოდ ერთეული ძირებია გადარჩენილი აჭარის მთისპირა მიკრორაიონებში და მათი მოსავალი და პროდუქციის ღირსება მთლიანად ამინდზეა დამოკიდებული.გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ დაბლობ ტენიან ადგილებში, სადაც გრუნტის წყალი ახლოა ნიადაგის ზედაპირთან და ჰაერის შეფარდებითი ტენიანობაც მაღალია, ცხენისძუძუ დაბალი ღირსების პროდუქციას იძლევა, რადგან მარცვალში წყალი ჭარბად გროვდება და ამით მცირდება ყურძნის გემური თვისებები. ასეთ ადგილებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედებაც უფრო გაძლიერებულია.

მოსავლის გადიდებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ცხენისძუძუს გაშენება სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ და მზით უხვად განათებულ ფერდობებზე. ამ შემთხვევაში პროდუქციის გემური თვისებების გაუმჯობესებასთან ერთად მკვეთრად უმჯობესდება ყურძნის ტრანსპორტაბელობა და შენახვის უნარი. არახელსაყრელი ამინდის დროს ჯიში ყვავილცვენას განიცდის, რაც 10%-მდე აღწევს. მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 7-დან 10%-მდე მერყეობს.

აჭარაში ზამთრის ყინვებისა (-8º, -10º და ზოგჯერ -12º) და გაზაფხულის წაყინვების მოქმედება უმნიშვნელოა. ვაზი დროულად იღვიძებს და ვეგეტატიური ნაწილების განვითარება სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით აჭარული ცხენისძუძუ მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი იძლევა უხვ მოსავალს, აქვს ლამაზი მტევნები და საკმაოდ მაღალი გემური თვისებების მარცვლები. მზით უხვად განათებულ ფერდობ ადგილებზე მისი გემური თვისებები სავსებით დამაკმაყოფილებელია.

მექანიკურ-ქიმიური ანალიზისათვის ყურძნის ნიმუშები აღებულ იქნა სოფ. ჩაოში (ხულოს რ-ნი), ვაიოში და ქედის საკოლექციო ნაკვეთიდან (ქედის რ-ნი).

მაღლარად ფორმირებული ცხენისძუძუს მტევნის შედგენილობა, როგორც მე-3 ცხრილის მონაცემებიდან ჩანს შემდეგია: მარცვალი 94,0-95,4%, კლერტი – 4,5-5,5%, კანი – 22,0-22,9%, წიპწა – 5,1-5,4%, ხოლო წვენი 69,8-70,1% შეადგენს. მცირედ მაგრამ მაინც განსხვავებულია დაბლარად ფორმირებული ცხენისძუძუს მტევნის შედგენილობა: მარცვალი 94,2%, კლერტი – 5,2%, კანი 22,5%, წიპწა -5,4%, ხოლო წვენი-71,4% უდრის. ამრიგად, ნარჩენები კლერტის, ჩენჩოსა და წიპწის სახით 28,6-29,9% შეადგენს. დიდი მტევნის წონა მაღლარზე 180-185 გ, მცირესი კი 90-95 გ უდრის. დაბლარი ვაზის დიდი მტევნის წონა 270 გ, ხოლო მცირესი 110 გ აღწევს. მტევანზე მარცვლების რაოდენობა მერყეობს 47-დან 80-მდე, საშუალოდ კი 54 უდრის. საშუალო მტევანში წვრილი მარცვლების რაოდენობა 13-15 აღწევს. წვრილი მარცვლები ნორმალურ მარცვლებთან ერთად მწიფდება და ხშირ შემთხვევაში უწიპწოა.

100 მარცვლის წონა 212-224 გ აღწევს, ხოლო საშუალოდ 217 გ უდრის. 100 მარცვალში 203 წიპწაა, წონით 10,2 გ ერთწიპწიანი – მარცვლები 29%, ორწიპწიანი – 45%, სამწიპწიანი – 20% და ოთხიპწიანი 6% შეადგენს.

ყურძნის დაგვიანებით დაკრეფის მიუხედავად შაქრის შეცულობა საანალიზო ნიმუშებში არ არის დიდი, რაც ყურძნის მწიფობის პერიოდში ჰიდროთერმული კოეფიციენტის გაზრდის შედეგია. ყოველ შემთხვევაში, წარმოდგენილ ნიმუშებში შაქრიანობა-მჟავიანობის შეფარდება სავსებით საკმაოდ უნდა ჩაითვალოს ხარისხოვანი სუფრის ყურძნისათვის. ეჭვს გარეშეა, რომ სათანადო ექსპოზიციის შერჩევითა და სამუშაო ოპერაციების დროულად და მაღალხარისხოვნად ჩატარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსავალი და გაუმჯობესდება პროდუქციის ღირსება.

ვაზზე დატოვებული ყურძენი დაუჭკნობლად იანვრამდე ძლებს, შემდეგ კი იგი ჭკნება, დაკრეფილი ყურძენი გაზაფხულამდე ინახება.

ცხენისძუძუ, ვაი, ჯიში, აჭარა

საერთო შეფასება და დარაიონება

ყურძნის მაღალი გემური თვისებების, კარგ რბილობიან და მცირეწვნიან მარცვლის, ლამაზი აღნაგობის მტევნებისა და მოგრძო ლამაზი მარცვლების მიხედვით აჭარის ცხენისძუძუ ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. გარდა ამისა ეკოლოგიური პირობების მიმართ იგი არ იჩენს განსაკუთრებულ მგრძნობიარობას და თუ სათანადოდ იქნა მოვლილი, ძლიერ იზრდება და უხვ მოსავალს იძლევა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და აგრეთვე აჭარის კურორტების სუფრის ყურძნით უზრუნველსაყოფად ცხენისძუძუ ფართოდ უნდა გავრცელდეს შუა და ზემო აჭარაში. მომავალში მისი გაშენება უნდა წარმოებდეს ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეებზე.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა