ფილოქსერაგამძლე ვაზის რეკომენდირებული საძირეები

459 Views

ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნით საქართველოში, როგორც ფილოქსერიან რეგიონში, ვენახი მხოლოდ ნამყენი ნერგით უნდა გაშენდეს, რომლის საფუძველს ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედეები წარმოადგენს.

ფილოქსერაგამძლე საძირეები ახალი ვენახის გაშენებისა და მისი შემდგომი ზრდა-განვითარების, ყურძნის მოსავლიანობის, ნარგაობის საექსპლოატაციო პერიოდის ხანგრძლივობის წინაპირობაა.

დაუჯერებელია, რომ ამჟამად, საქართველოში ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედის ნარგაობა 5 ათეულ ჰა-ს არ აღემატება. ნერგის მწარმოებლებს უხდებათ საძირე მასალის შემოზიდვა უკრაინიდან, მოლდოვეთიდან და ევროპის მევენახეობის სხვა ქვეყნებიდან. ინდივიდუალური ნერგის მწარმოებლები კი საძირე მასალას ძველ, მიტოვებულ ვენახებში აგროვებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია.

გავიხსენოთ, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედეებს ეკავა 1000,0ჰა-ზე მეტი ფართობი. მდგომარეობა მეტად მძიმეა და იგი სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა გახდეს.

საძირე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იყოს ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებებისადმი პრაქტიკულად გამძლე;

ბ) ყინვისა და გვალვის ამტანი;

გ) ჰქონდეს კარგი შეთავსებადობის (შეხორცების) უნარი და ფართო აფინიტეტი _ (შეხორცების) მასზე დამყნილ ვაზის ჯიშებთან.

დ) კარგად ეგუებოდეს ნიადაგურ პირობებს (ადაპტაცია) _ გვალვიან, ჭარბ კირშემცველ ნიადაგებსა და სხვა;

ე) ხასიათდებოდეს შედარებით მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, ზრდის სიძლიერით, რქის კარგი მომწიფების, დაფესვიანებისა და კალუსის წარმოშობის მაღალი უნარით;

ვ) უზრუნველყოფდეს ვაზის პირველხარისხოვანი ნამყენი ნერგის მაღალ გამოსავლიანობას;

ზ) ხელს უწყობდეს ყურძნის მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას.

საქართველოს მევენახეობის ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და სანამყენე ჯიშებისათვის რეკომენდებული ძირითადი პერსპექტიული საძირეებია:

• ბერლანდიერი X რიპარია, კობერ 5ბბ გამოყვანილია უნგრეთში, კობერის მიერ, ბერლანდიერი X რიპარია 8-ს თესლნერგიდან, კლონური სელექციით

ხასიათდება ძლიერი ზრდით, ლერწის მყარი და უხვი გამოსავლიანობით, ფესვის ფილოქსერისადმი პრაქტიკულად გამძლეა, ფესვებს ივითარებს ღრმად, რის გამოც გვალვას კარგად იტანს, გამძლეა სოკოვანი დაავადებებისადმი. შედარებით კარგად იტანს ნიადაგში კირის დიდ რაოდენობას (20% აქტიური კირის შემცველობას). ამჟაღავნებს დაფესვიანების სანამყენე ვაზის ჯიშებთან მყნობისას კალუსის წარმოშობისა და შეხორცების მაღალ უნარს.

მასზე დამყნილი ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, გორული მწვანე, ჩინური, პინო შავი, ალიგოტე და სხვა იძლევიან მაღალ და რეგულარულ მოსავალს.

5ბბ-ს უარყოფითი თვისებებია: გრძელი მუხლთშორისები, დიდი გულგული და ფხვიერი მერქანი, რაც ხელს უშლის რქის მომწიფებას; ადვილად ზიანდება ფოთლის ფილოქსერით.

მისი გამოსაცნობი ნიშნებია: ყლორტის ოდნავ გაბრტყელებული აგებულება და წვერის შებუსვა; ყუნწის ამონაკვეთი მეტწილად ჩანგისებურია, აქვს თანაბრად განვითარებული რქები და ფუნქციონალური მდებარეობითი სქესის ყვავილები.

ბერლანდიერი X რიპარია კობერ 5ბბ რეკომენდებულია როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, განსაკუთრებით ვაზის ქლოროზის გავრცელების პირობებში.

• ბერლანდიერი X რიპარია 420 გამოყვანილია საფრანგეთში

ფილოქსერისადმი პრაქტიკულად გამძლეა, გვალვის ამტანია, სოკოვანი დავადებებისადმი გამძლე, ფოთლის ფილოქსერით არ ზიანდება, ეგუება ნიადაგში 20%-მდე აქტიური კირის შემცველობას; ხასიათდება ლერწის დიდი და მაღალხარისხოვანი გამოსავლიანობით.

მასზე დამყნილი მოსავლიანი ვაზის ჯიშები გამოირჩევიან შედარებით ხანგრძლივი, უხვი და რეგულარული მოსავლით, განსაკუთრებით რქაწითელი, ჩინური და ცოლიკოური.

უარყოფითი თვისებები: მცირე ყინვაგამძლეობა, დაფესვიანების სუსტი უნარი, ვაზის ნამყენი ნერგის შედარებით მცირე გამოსავლიანობა.

გამოსაცნობი ნიშნები: წვერის წახნაგოვანი აგებულება და შებუსვა, ზრდადასრულებული ფოთლის მუქი მწვანე ფერი, სქელი და მკვრივი, ყუნწის ამონაკვეთი თაღისებური, ბრტყელი ან მომრგვალო ფუძით; ყუნწი ოდნავ შებუსული, ყვავილები მამრობითი სქესის.

ბერლანდიერი X რიპარია 420, როგორც ქლოროზგამძლე საძირე, უნდა გამოვიყენოთ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში. უკანასკნელი მონაცემებით მისი გამოყენება მიზანშეწონილია დასავლეთ საქართველოს რაიონებშიც კრახუნას, ცოლიკოურისა და ჩხავერისათვის.

• შასლა X ბერლანდიერი 41 საძირე გამოყვანილია საფრანგეთში

გამოირჩევა ფესვის ფილოქსერისა და ქლოროზისადმი გამძლეობით; კარგად იტანს კირის დიდ რაოდენობას ნიადაგში (40%-დე), სანამყენეს კარგად უხორცდება.

ხასიათდება ვაზის ძლიერი ზრდით. რქების კარგი მომწიფებითა და ნამხრევების მცირე განვითარებით; გვალვაგამძლეა. ღრმა ღონიერ ნიადაგზე იძლევა საძირე ლერწის მაღალ გამოსავალს, ამჟღავნებს კარგ აფინიტეტს რქაწითლის, საფერავის, ჩინურის, გორული მწვანის, ცოლიკოურის, ციცქასა და პინო შავის მიმართ.

ფოთლის ფილოქსერისადმი სუსტი გამძლეობით ხასიათდება. ჭრაქით ავადდება განსაკუთრებით ტენიან პირობებში; აქვს შედარებით დაბალი ყინვაგამძლეობისა და სუსტი დაფესვიანების უნარი.

გამოსაცნობი ნიშნები: ყლორტი, წვერი და ნორჩი ფოთლები უხვად შებუსულია ბეწვისებური ბუსუსით; ფოთოლი საშუალო სიდიდის, ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ შებუსულია; ქვედა ყუნწის ამონაკვეთი თაღისებური, ზოგან ჩანგისებურად მომრგვალებული ან ბრტყელი ფუძით; ყვავილი ფუნქციურად მდედრობითია.

41 რეკომენდებულია კირით მდიდარ ნიადაგებზე, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, ვაზის ქლოროზით დაავადების პირობებში.

• რიპარია X რუპერსტრის 3309 გამოყვანილია საფრანგეთში

3309 გამძლეა ფესვისა და ფოთლის ფილოქსერისადმი. გვალვაგამძლეა, მშრალ, ქვიან და მჟავე რეაქციის ნიადაგებზე კარგად ვითარდება.

სოკოვანი დაავადებებით არ ავადდება; თუ ნიადაგში აქტიური კირის შემცველობა მაღალია (11%), ძლიერ ზიანდება ქლოროზით, აქვს დაფესვიანების დიდი უნარი (90%).

ამჟღავნებს კალუსის ძლიერი წარმოშობისა და სანამყენესთან შეხორცების კარგ უნარს. კარგი აფინიტეტით ხასიათდება რქაწითელთან, ცოლიკოურთან, პინოს თან, ალიგოტესთან, შარდონესთან და სხვა ევროპულ ჯიშებთან კომბინაციებში.

უარყოფითი თვისებები: ფოთლის ფილოქსერისა და ქლოროზისადმი სუსტი გამძლეობა.

საძირის გამოსაცნობი ნიშნებია: გლუვი, შიშველი და ზურგის მხრიდან მოწითალო ფერის ყლორტები, ზრდასრული ფოთოლი დაუნაკვეთავი და წაგრძელებულია: ყუნწის ამონაკვეთი ისრისებური და მახვილფუძიანია. ყუნწი მთავარ ძარღვებზე მოკლე და პრიალა; აქვს მამრობითი სქესის ყვავილები.

რიპარია X რუპესტრის 3309 რეკომენდებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოს ხირხატიან მშრალ, ფხვიერ და ღრმა ნიადაგებზე. მისი გამოყენება შესაძლებელია, აგრეთვე კახეთში, მდ. ალაზნის მარცხენა მხარის დაბლობ და ვაკე არაკარბონატული ნიადაგებისათვის.

• რიპარია X რუპერსტრის 10114 რიპარია X რუპერსტრის 10114 გამოყვანილია საფრანგეთში

პრაქტიკულად გამძლეა ფესვის ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებებისადმი.

ხასიათდება დაფესვიანების მაღალი უნარით (90-95%), კალუსის ძლიერი წარმოშობითა და სანამყენესთან კარგი შეხორცებით, ხარისხოვანი ლერწის უხვი მოსავლით. ვაზის ჯიშებთან: ცოლიკოური, ციცქა, ალიგოტე და სხვ. დამაკმაყოფილებელ აფინიტეტს ამჟღავნებს.

10114-ის უარყოფითი თვისებები: გვალვიან და ქვიან ადგილებში სუსტი ზრდა-განვითარება, ფოთლის ფილოქსერისა და ქლოროზისადმი სუსტი გამძლეობა.

გამოსაცნობი ნიშნები: უმნიშვნელო შებუსვა ნორჩი ფოთლების ძარღვების გასწვრივ, ზრდადასრულებული ფოთლის უმნიშვნელოდ დანაკვთულობა, ქვედა მხრიდან გაშიშვლება, ბრტყელი და მომრგვალო-ფუძიანი თაღისებური ფორმის ამონაკვეთი, ფუნქციონალური მდედრობითი სქესის ყვავილები, ცილინდრული ფორმის პატარა მოკლე მტევანი და შავი წვრილი მომრგვალო მარცვლები.

10114 რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რაიონებში ალუვიურ, ნეშომპალა-კარბონატულ, ყომრალ და წითელმიწა ნიადაგებისათვის.

• ბერლანდიერი X რიპარია SO4: ბერლანდიერი X რიპარია SO4 გამოყვანილია კლონური სელექციით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბერლანდიერი X რიპარია ტელეკი 4-დან.

საქართველოში მცირე რაოდენობითაა შემოტანილი.

ბერლანდიერი X რიპარია SO4 რქებს ივითარებს თითქმის ვერტიკალურად, რაც აადვილებს სადედეებში ნიადაგის დამუშავებასა და ვაზის მწვანე ნაწილების ოპერაციების ჩატარებას; მისი ყლორტი კარგად მწიფდება, ხასიათდება რქის კარგი დაფესვიანებით.

ამ საძირის ფესვები გვალვას ვერ იტანს, ყინვაგამძლეობაც შედარებით დაბალი აქვს და ვაზის მიწისზედა ნაწილები კი პირიქით, ამჟღავნებენ ყინვებისადმი საკმაო გამძლეობას.

ბერლანდიერი X რიპარია SO4 ხასიათდება მაღალი ფილოქსერაგამძლეობით, სოკოვანი დაავადებებით არ ზიანდება.

კარგად ვითარდება ზომიერ, ნოყიერ ნიადაგებზე, რომელიც შეიცავს 17%-მდე აქტიურ კირს (გალეს მიხედვით). კარგად ეგუება ტენიან ნიადაგებს, საერთოდ, ხასიათდება ადაპტაციის კარგი უნარით, მაღალი შეთავსებადობით ევროპული ვაზის უმეტეს ჯიშებთან, რაც უზრუნველყოფს ნამყენი ნერგის დიდ გამოსავლიანობას.

ახალშემოტანილი ფილოქსერაგამძლე საძირე ჰიბრიდები:

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოში ვრცელდება საძირეების ახალი ჯგუფები: ფერკალი, რუჯერი-140, რიხტერი-110 და სხვ., რომლებიც გამოცდილი იქნა მხოლოდ იმერეთის სამრეწველო (ცოლიკოური, ციცქა,) ჯიშებთან; შედეგები დამაკმაყოფილებელია.

სამეცნიერო წყაროებში არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ისინი გამოყენებულ იქნას აღმ. საქართველოს ჯიშებისათვისაც, პარალელურად შესწავლის თვალსაზრისითაც.

ამჟამად კი მათი გამოცდა წარმოებს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე სხვადასხვა ჯიშებთან.

არსებული მონაცემების საფუძველზე კარბონატული ნიადაგებისათვის უპირატესობა ეძლევა ფერკალს და რუჯერს.

ფერკალი _ გამოირჩევა ნიადაგში აქტიური კირის მიმართ გამძლეობით; ეგუება 40%-ზე მეტ კირის შემცველობას და უფრო გამძლეა 41-თან შედარებით. მგრძნობიარეა ნიადაგში მაგნეზიის ნაკლებობის მიმართ, რაც ხელს უშლის მის ფართოდ გავრცელებას.

რუჯერი 140 _ გვალვის მიმართ ყველაზე გამძლეა. ნიადაგში აქტიური კირის მიმართ მაღალი გამძლეობით ხასიათდება; ეგუება ნიადაგში 40% კირის შემცველობას.

რიხტერი 110 _ ძალიან ძლიერი გვალვაგამძლეა; აქტიური კირს 17%-მდე იტანს; ხელს უწყობს მოსავლიანობას და ყურძნის ხარისხობრივი მაჩვენებლების ამაღლებას.

მევენახეობა – აგროტექნოლოგია /რედ. ლევან უჯმაჯურიძე; აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/.

იხილეთ: ვენახის გაშენება, ნერგის გამოყვანა და მოვლა-პატრონობა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB