ოცხანური საფერე — იმერული ვაზის ჯიში

2893 Views Comment Off

ოცხანური საფერე საკმაოდ გავრცელებული იმერული ვაზის ჯიშია. იგი იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მას იყენებენ აგრეთვე სხვა წითელი და თეთრი ღვინის შესაფერად მათი წვენის ოცხანური საფერეს ჭაჭაზე დადუღებით.

ოცხანური საფერე ადგილობრივი ვაზის ჯიშია, წარმოშობილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან_თვისებებით იგი prol pontic, sub prol. georgica Negr.–ის  ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით ჯიში გარდამავალია კულტურულ და გარეულ ჯიშებს შორის.

მისი სქლად შებუსვილი, ღრმად დანაკვთული სვესმაგვარი ფორმის ფოთლები, პატარა ყვავილი, მტვრიანების სიგრძის მეტად მერყევი შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან (1-დან 2-მდე) და ჯიშისათვის დამახასიათებელი პატარა მკვრივი მტევნები, წვრილი, მრგვალი, არათანაბარი ზომის მარცვლები და მათი წვრილმარცვლიანობა (მწიფე შავ მარცვლებში მწვანე განუვითარებელი მარცვლების არსებობა) ადასტურებს ჯიშის დიდ ხნოვანებას და მის ახლო წარსულში კულტურაში შემოტანას ველური ბუნებიდან.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოცხანური საფერე ჩვეულებრივ დაბალტანიან ვენახად არა ხარობს, ასეთ პირობებში იგი მცირე მოსავალს იძლევა, ამიტომ იგი მისთვის უფრო შესაფერ ნახევრად მაღლარი ფორმით, ე.წ. ოლიხნარის წესით გამოყავთ, რომლის დროს ჯიში კარგად ვითარდება და უხვ მოსავალს იძლევა.

მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების შედარებითი შეფასებით ოცხანური საფერე უძველეს ვაზის ჯიშად გვევლინება. ამის გამო ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგი კულტურულ პირობებში ძალიან დიდი ხნის წინათ შემოტანილი არ უნდა იყოს, რადგან მრავალსაუკუნოვანი კულტურის (მოვლა_პატრონობის) გავლენა ჯიშზე მკაფიოდ არ ჩანს და იგი თავის პირვანდელ მდგომარეობასთან შედარებით დიდად შეცვლილი და გაუმჯობესებული არ არის.

თვით ჯიშის სახელწოდება ოცხანური საფერე ამჟღავნებს მის სოფ. ოცხანასაგან (გურია) წარმოშობას, ხოლო საფერე მის დანიშნულებას _ ე.ი. მის ვარგისობას სხვა სუსტად შეფერილი ჯიშების ფერის გასაძლიერებლად (შესაფერად). ოცხანური საფერე გავრცელებულია ძირითადად იმერეთის მევენახეობის რაიონებში.

იგი საკმაოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია და უფრო ხშირად საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიათურის და ბაღდადის რაიონებში გვხვდება. იმერეთის დანარჩენ რაიონებში მას უმნიშვნელო ფართობი უჭირავს. ვაზის ჯიშების სამრეწველო ასორტიმენტში ოცხანური საფერე არ შედიოდა და მისი შემდგომი გავრცელება არ იგეგმებოდა, მის ნაცვლად გათვალისწინებული იყო იმერეთის რაიონებში კახური საფერავის, უსახელოურისა და ოჯალეშის გაშენება. ამჟამად კი მდგომარეობა შეიცვალა და იგი შეტანილია სტანდარტულ ასორტიმენტში.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილი და სამეურნეო თვალსაზრისით დახასიათებულია ბაღდადის რაიონის სოფ. ობჩის ვენახში. ვენახი ჩრდილო_დასავლეთ ფერდობის კირნარ_თიხნარ ნიადაგზეა გაშენებული. ჯიში დამყნობილია რუპესტრის დულოზე და გაფორმებულია ოლიხნარის წესით მაღალ შტამბზე. ჯიშის უფრო დაწვრილებითი აღწერა_შესწავლა გრძელდებოდა ქ. თელავში მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, რომელიც გაშენებულია ცივ_გომბორის ჩრდილო_აღმოსავლეთ ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

ვენახი სარ_მავთულზეა გამართული და ფორმირებულია ქართული წესით ორ ნეკზე და ორ მოპირისპირე სანაყოფეზე. კვების არე (2,0X1,5 მ) 32 მ უდრის. ვენახი 1934 წელსაა გაშენებული, ჯიში დამყნობილია რუპესტრის დულოზე. ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა (10_15 სმ) მოზარდი ყლორტების გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით და შეფერილია თეთრად მკრთალი ვარდისფერი არშიის შემოვლებით ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ. მეორე იარუსის (3_4) ფოთოლაკების შებუსვა ზემო მხრიდან საგრძნობლად მცირდება და იღებს მომწვანო_ყვითელ ფერს, ბრინჯაოს იერით, ხოლო ფოთლების ქვედა მხარე ძლიერი შებუსვის გამო მორუხო_თეთრი რჩება.

კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყვითალო_ წითელია და მონაცრისფრო იერი დაჰკრავს. მუხლები უფრო ღიადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთაშორისები. მუხლთაშორისების სიგრძე საგრძნობლად მერყეობს _ 5_დან 14 სმ_მდე, ხოლო საშუალოდ მათი სიგრძე 6 სმ უდრის.ფოთოლი. კარგად განვითარებული შუა იარუსის (9_12) ფოთლები საშუალო ან საშუალოზე მცირეა (16X15 სმ), მუქი მწვანეა. ფოთლის მოყვანილობა მომრგვალოა და ხშირად სიგრძეზე უფრო განვითარებულია, ვიდრე სიგანეზე. ფოთოლი სამ ან ხუთნაკვთიანია. შუა ნაკვთი უფრო ხშირად ბლაგვკუთხიანია. ფოთლის ფირფიტა გლუვია ან ბადისებრ_დანაოჭებული. ძლიერ იშვიათად ქვედა იარუსის ფოთლები წვრილი ბურთულებითაა დაფარული. ფოთლების ზედაპირი სწორია, ნაკვთების ბოლოები ოდნავ ქვევით არის დახრილი.

ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ღრმაა, იშვიათად საშუალო სიღრმის ამონაკვეთებიც გვხვდება. ამონაკვეთები მუდამ ღიაა, მათი ფორმა ცვალებადობს ოდნავ შესამჩნევ ნაპრალისებრიდან პარალელურგვერდებიან ჩანგისმაგვარ ამონაკვეთამდე. უფრო ხშირად გვხვდება ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთები შევიწროებული ან გაშლილი ყელით და წამახვილებული მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით, ძლიერ იშვიათად ამონაკვეთის ფუძე ცალკბილიანია.

ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეურია, რომლებიც იშვიათად არის საშუალო სიღრმის. ამონაკვეთები მუდამ ღიაა, მათი ფორმა შეჭრილკუთხისმაგვარია ან პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია წამახვილებული ან მომრგვალო ფუძით. ზოგჯერ ქვედა ამონაკვეთები სულ არ არის განვითარებული.

ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, უფრო ხშირად თაღისმაგვარი ფორმისაა წამახვილებული ფუძით, იშვიათია აგრეთვე ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთები მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით, ხოლო უფრო იშვიათად გვხვდება ცალ_ან წყვილდეზიანი ამონაკვეთებიც.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია, იგი შედგება საკმაო სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებისაგან და სქელი სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან, რაც ერთად ქმნის ფოთლის ქვედა მხარის საკმაო სქელ ქეჩისებრ შებუსვას.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვერიანი ვიწრო ან განიერი სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი ფორმის კბილები. გვერდითი ძარღვები ბოლოვდება ხერხის კბილისებრ მოხრილი ვიწრო ან განიერი სამკუთხედისმაგვარი ან მახვილწვერიანი გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით.

ყუნწი ფოთლის მთავარ ძარღვზე საგრძნობლად მოკლეა, იგი გლუვია, ღია მწვანე ფერისაა და მოვარდისფრო ზოლები ახლავს.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია. ყვავილებში 5 ან 6 მტვრიანაა, მტვრიანები სწორმდგომია. მტვრიანების ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტსკოს სიმაღლესთან ძლიერ მერყევია 1_დან 2_მდე, უფრო ხშირად ეს შეფარდება 1,25_1,50 უდრის. ბუტკო პატარა ზომისაა, მომრგვალო_კონუსისებრი ფორმისაა, აქვს მოკლე სვეტი, რომელიც მთავრდება მომრგვალო წვრილი დინგით.

მტევანი. მტევანი საშუალოზე პატარაა, რომლის სიგრძე 8_დან 13 სმ_მდე, ხოლო განი 6_დან 8 სმ_მდე მერყეობს. საშუალო მტევნის სიდიდე 10X7 სმ უდრის. მტევნის ძირითადი ფორმა კონუსისებრი ან ცილინდრულ_კონუსისებრია, იშვიათად ცილინდრული ფორმის მტევნებიც გვხვდება. მტევანი მკვრივია, მხრიანი, იშვიათად საშუალო სიმკვრივის მტევნებიც გვხვდება. მტევანში მარცვლები არათანაბარია. მტევნისთვის დამახასიათებელია აგრეთვე წვრილმარცვლიანობა (სრულად მომწიფებულ მტევანში განუვითარებელი მწვანე მარცვლები 6_10% შეადგენს). ბალახისებრი მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევებული და ღია მიხაკისფერია, რომლის სიგრძე საშუალოდ 2,5_5,0 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 5_6 მმ. მარცვლის ბალიში განიერი კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ყავისფერი ხორკლებით.

მარცვალი ყუნწზე საკმაოდ მჭიდროდ არის მიმაგრებული.მარცვალი. მარცვლები წვრილია, მხოლოდ ზოგი მსხვილი მარცვალი აღწევს საშუალო სიდიდეს. მარცვლების სიგრძე საშუალოდ 12_13 მმ, ხოლო სიგანე 11_12 მმ უდრის. ცალკეული მსხვილი მარცვლების ზომა 15,1X14,0 მმ აღწევს. მარცვალი მრგვალი ან მომრგვალოა, მუქი იისფერი ან თითქმის შავია. ცვილისებრი ფიფქი საკმაოდ სქელია, იგი კარგად ფარავს მარცვალს. კანი სქელი და მკვრივია, ადვილად ცილდება რბილობს. რბილობი მკვრივი და წვნიანია. წვენი უფერული ან მოვარდისფროა. გემო ტკბილი, ჯიშური არომატი სუსტად იგრძნობა.

წიპწა. მარცვალში უფრო ხშირად ერთი, იშვიათად ორი წიპწაა. საშუალოდ მარცვალზე 1,05 წიპწა მოდის. წიპწა ღია მიხაკისფერია ნისკარტისაკენ და მუცლის მხარეზე ნარინჯისფერია, მისი სიგრძე საშუალოდ 5_6 მმ, ხოლო განი 4_4,5 მმ აღწევს. ნისკარტი 1 მმ სიგრძისაა. ქალაძა სხეულის ზედა ნაწილშია მოთავსებული, იგი მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, სწორი ან ოდნავ ჩაზნექილი ზედაპირით. ღარი ქალაძიდან ზედა ნაწილისაკენ საკმაო ღრმა და განიერია. ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ სუსტად არის გამოსახული. ღარები მუცლის მხარეზე საკმაოდ ღრმაა. წიპწა ქედიანია, ნაწიბური კარგადაა გამოსახული წიპწის მთელ სიგრძეზე. ნისკარტი მოკლეა, იგი ნარინჯისფერია და ხშირად გაყოფილია ორად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ისეთი საგვიანო ვაზი ჯიში, როგორიც ოცხანურია, რომელიც დასავლეთ საქართველოში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში ან ნოემბრის დასაწყისში მწიფდება, კარგად ვითარდება და ასწრებს მომწიფებას ჰავის მხრივ ისეთ შედარებით გრილ რაიონში, როგორიცაა სამხრეთ_უკრაინა (ქ. ოდესა) და იძლევა მათი შეფასებით `მეტად ინტენსიურად შეფერილ სრულ, ნაზ, კარგი მომავლის მქონე წითელ ღვინოს.

კახეთში ოცხანური საფერე სექტემბრის ბოლო რიცხვებში ან ოქტომბრის დასაწყისში შემოდის, ნახევარი თვით უფრო გვიან ვიდრე ადგილობრივი საწარმოო ჯიშები და თითქმის ერთი თვით უფრო ადრე, ვიდრე იმერეთში და აგროვებს 18_21,4% შაქარს შედარებით მაღალი 8_13‰ მჟავიანობის დროს. ცხადია, იმერეთში ოცხანური საფერე უკეთ მწიფდება, ვიდრე კახეთში, რადგან შაქარსაც მეტი რაოდენობით აგროვებს და მასთან მჟავიანობაც უფრო სასურველი აქვს სასუფრე ტიპის ღვინის დასაყენებლად.

ოცხანური საფერეს ერთწლიანი ნაზარდი იმერეთის ზომიერი ჰავისა და ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდის პირობებში 100_120 სმ სიგრძეზე სრულად მწიფდება და ფოთოლცვენის დადგომისათვის კარგად მომწიფებული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.

ოცხანური საფერე საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება. მისთვის შეუფერებელ ნიადაგებზე და დაბლარად ფორმირებისას იგი საშუალო ზრდით ხასიათდება, ხოლო ნოყიერ ნიადაგებზე მისი ზრდა საშუალოზე მეტია, ან უფრო ხშირად ძლიერია. მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ვაზების ჩვეულებრივი წესით (ორ ნეკზე და ორ მოპირდაპირე საკავებელზე) ფორმირების დროს მისი ზრდის სიძლიერე ადგილობრივი ვაზის ჯიშებთან შედარებით საშუალოა.მოსავლიანობა. ოცხანური საფერე საშუალო მოსავლიანი ვაზი ჯიშია. მისი მოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული ვაზის დატვირთვის და ფორმირების წესზე.

ჯიშის მასობრივი გავრცელების _ ზესტაფონის, საჩხერის, ბაღდადის, ჭიათურის, თერჯოლის რაიონებში და სხვაგან ოცხანურ საფერეს სხლავენ რამდენიმე მოკლე რქაზე და ოლიხნარის ფორმას აძლევენ. პროფ. თ. კვარაცხელიას ცნობით ოცხანური საფერეს საშუალო მოსავალი ალუვიურ=ქვითიხნარ ნიადაგებზე (1,5X1,5 მ კვების არეზე) ჰექტარზე 40_70 ცენტნერს აღწევს, ხოლო ტყის კარბონატულ ნიადაგებზე ვაზების ოლიხნარის წესით ფორმირებისას და 40_50 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში მისი მოსავალი 80_100 ცენტნერს შეადგენს ჰექტარზე. ბაღდადის რაიონში სუსტად გაეწერებულ ნიადაგებზე ოცხანური 60_70 ცენტ. ყურძენს იძლევა ჰექტარზე.

ჯიში მოსავლიანობის კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება _ მისი მოსავლიანობის კოეფიციენტი იმერეთში 1_დან 1,6_მდე, ხოლო კახეთში 1_დან 2_მდე მერყეობს და საშუალოდ 1,5_1,6 უდრის. მტევნის საშუალო წონა იმერეთში 60_70 გ, ხოლო კახეთში 70_80 გ უდრის. კარგად განვითარებული მტევნების წონა 100_120 გ აღწევს. საკოლექციო ნაკვეთზე ჩატარებული აღრიცხვის მასალების მიხედვით 1949 წელს ოცხანური საფერეს მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,52 უდრიდა, მტევნის საშუალო წონა 87 გ, ხოლო ძირის მოსავალი 2,200 გ, რაც ჰექტარზე გადაყვანით 72,6 ცენტნერს შეადგენს. იმერეთის რაიონებში ჯიში საშუალოდ ერთ ჰექტარზე იძლევა 70_80 ცენტნერ ყურძენს.

ოცხანური საფერე ყვავილების კარგი გამონასკვით და მკვრივი მტევნების განვითარებით ხასიათდება. მაგრამ ამასთან ერთად მის მტევნებს მარცვლების არათანაბრობა და მათი მცირე ნაწილის განუვითარებლობა ახასიათებს. ასეთი განუვითარებელი წვრილი, მწვანე მარცვლები არასასიამოვნო მწვანე გემოსია და ერთგვარ უხეშობას ძენს პირველი წლების მანძილზე ახალგაზრდა ღვინოს.ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა. ოცხანური საფერე სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება.

ადგილობრივ მევენახეთა დაკვირვებით ზემო და შუა იმერეთში მისი გამძლეობა ნაცრის მიმართ უფრო მაღალია, ვიდრე ჭრაქის წინააღმდეგ. კახეთში ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში ჩატარებული დაკვირვებით მისი შედარებითი გამძლეობა, როგორც ნაცრის, ისე ჭრაქის მიმართ სავსებით დამაკმაყოფილებელია. იმერეთში იგი ფილოქსერის მიმართ სუსტი გამძლეობით ხასიათდება. სამეურნეო მნიშვნელობის სხვა დაავადება ან დაზიანება დაკვირვებათა განმავლობაში ჯიშზე აღნიშნული არ ყოფილა.

ოცხანური საფერე გავრცელებულია ძირითადად ზემო და შუა იმერეთში. მართალია, ამ რაიონებში დიდი ყინვები არ იცის, მაგრამ ზოგიერთი წლის ძლიერ ყინვებს სხვაადგილობრივ ჯიშებთან შედარებით იგი კარგად უძლებს. ნიადაგებს ჯიში განსაკუთრებულ მოთხოვნას არ უყენებს. იმერეთში გავრცელებულ თითქმის ყველა ნიადაგზე ოცხანური კარგად ვითარდება, მაგრამ მაღალი ღირსების პაროდუქციას იგი ნეშომპალა_კარბონატულ, ტყის კარბონატულ და ხირხატიან ყომრალ ნიადაგებზე იძლევა. მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის მიერ წარმოებული დაკვირვებით ოცხანური საფერე ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით უფრო გვალვაგამძლეა.

ჯიშის ტექნოლოგიური დახასიათება

ოცხანური საფერეს მტევნების გარეგნული შეხედულება, ყურძნის მექანიკური შედგენილობა და ქიმიური შეცულობა მიგვითითებს მისი მხოლოდ სუფრის ღვინისათვის გამოყენების მიზანშეწონილობაზე. მართლაც, წარმოებაში თითქმის ყველგან ოცხანურ საფერეს მხოლოდ ამ მიმართულებით იყენებენ. სასუფრე ყურძნად იგი ნაკლებმიმზიდველი და ნაკლებგამოსადეგია.

შუა იმერეთში ოცხანური საფერე უფრო მეტი რაოდენობით აგროვებს შაქარს და უფრო მაღალ მჟავიანობას ინარჩუნებს, ვიდრე ზემო იმერეთში. საერთოდ, ოცხანური საფერე სუფრის ღვინისათვის სავსებით საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. მისი შაქრიანობა შუა იმერეთში ცალკეულ წლების მიხედვით 19,5%_დან 23,3_მდე მერყეობს, ხოლო ზემო იმერეთში 18,5%_დან 21%_მდე. უნდა აღინიშნოს, რომ ოცხანური საფერე ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ყველაზე გვიან მწიფდება, მის მოკრეფას, ამინდის გაუარესების მოლოდინში, ჩვეულებრივ, ჩქარობენ, თორემ მისი შაქრიანობა თავისუფლად შეიძლება 25%_მდე გადიდდეს.

ოცხანური საფერის შაქრიანობა_მჟავიანობა რთველის დროს შემოწმებულია სოფ. ქვ. საქარაში, ცხრაწყაროში, არგვეთაში, საზანოში და სხვაგან, დადასტურდა, რომ მისი შაქრიანობა მერყეობს 19,6_დან 23,3%_მდე, მჟავიანობა 7,7_10,4‰; შორის; ორჯონიკიძის რაიონის სოფ. ყაყსა და ლამისხევში 18,5_21% და 10,6_11,4‰ შორის; თელავში _ 19,5_21,4% და 7,9_13,9‰ შორის; უკრაინაში კი შაქრიანობა 19,1_21,8% და მჟავიანობა 10,8_14,3‰ შორის.

ამ ცნობებიდან ირკვევა, რომ ოცხანური საფერე სუფრის ღვინისთვის თითქმის ყველა რაიონში, მათ შორის უკრაინაშიც კი საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს, მაგრამ შაქრიანობა_მჟავიანობის ყველაზე უკეთეს შეფარდებას იგი იმერეთში, შემდეგ კახეთში და ბოლოს უკრაინაში იძლევა. უკრაინაში 19_21% შაქრიანობის დროს მისი მჟავიანობა მეტად მაღალია 10,8_14,3‰–მდე.

ყურძნის სიმწიფის მსვლელობის შესწავლით გამოირკვა, რომ შაქრის დაგროვება ოცხანური საფერეს ყურძენში უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ნახევრამდე, ამის შემდეგ შაქრის დაგროვება ნელდება და ბოლოს სულ წყდება.ყურძნის გადამუშავება და პროდუქციის ხარისხი. ოცხანური საფერეს ყურძენი მისი გავრცელების ძირითად რაიონებში (ზემო და შუა იმერეთი) მიდის ძირითადად სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. მოსახლეობა მას წარმატებით იყენებს აგრეთვე სხვა ნაკლებშეფერილი წითელი და თეთრი ღვინოების შესაფერად.

ადგილობრივ წითელ ვაზის ჯიშებს შორის ოცხანური საფერე ყველაზე უკეთესია ღვინის ღირსებით. მართლაც, ოცხანური საფერეს ღვინო ხარისხოვანია, განსაკუთრებით მაღალი ღირსებისა იგი ზესტაფონის რაიონში (სოფ. სვირი, ობჩა, საქარა, ცხრაწყარო და სხვ.) დგება.

პროფ. კ. მოდებაძე და მეცნ. კანდ. ვ. დემეტრაძე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ოცხანურის ღვინოს, ისინი მას იმერულ წითელ ჯიშებს შორის ყველაზე მაღლა აყენებდნენ. განსაკუთრებით მოწონდა პროფ. კ. მოდებაძეს სოფ. ცხრაწყაროს ოცხანური, რომელსაც იგი ახასიათებდა, როგორც ნაზს, ჰარმონიულს, ინტენსიურად შეფერილს, სასიამოვნო გემოს ღვინოს, რომელიც დიდხანს ინახება და უმჯობესდება შენახვისას.

სოფ. საქარაში დამზადებული ოცხანური საფერეს ღვინო ხასიათდება ბროწეულის ფერით, ჰარმონიული გემოთი და კარგად გამოსახული არომატით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ოცხანური საფერეს ღვინო ნეშომპალა_კარბონატულ ნიადაგიან ნაკვეთებიდან მუდამ კარგად შეფერილი, საშუალო სხეულიანი, ჰარმონიული გემოს და სასიამოვნო ჯიშური არომატიანი დგება. ზოგჯერ, როცა ღვინო მცირე სხეულიანია, მასში მჟავიანობა მკვეთრად იგრძნობა და იგი ნაკლებ სასიამოვნო ხდება.

ოცხანურ საფერეს ხშირად თეთრი ღვინოების შესაფერად იყენებენ. ასე, მაგალითად, საქარის საცდელი სადგურის (ვ. დემეტრაძე) ცნობით სოფ. სვირის ლამაზი სასიამოვნო წითელი ფერის ღვინოები ოცხანურ საფერეს ჭაჭაზე დადუღებული ციცქისა და ცოლიკოურის ყურძნიდან დგებოდა. გარდა ფერისა შედარებით დუნე ღვინოებს ოცხანური საფერე საკმაო სიხალისეს ძენს. საერთოდ, ოცხანური საფერე საგვიანო ვაზის ჯიშია და იგი მაღალი მჟავიანობით ხასიათდება, მისი მჟავიანობა ზოგიერთ წელს 8_დან 12‰–მდე აღწევს, რის გამო იგი ცალკე დაყენებული მეტად ხალისიანი დგება.

საქარის საცდელ სადგურზე სცადეს მისი გამოყენება საშამპანურე ღვინომასალის დასამზადებლად. ფართო ცდებია დაყენებული აგრეთვე მისგან ვარდისფერი შამპანურის დასამზადებლად. მიღებულმა შედეგებმა უნდა განსაზღვროს ჯიშის ამ მიმართულებთი გამოყენების პერსპექტიულობა. სხვა მიმართულებით (ყურძნის წვენი, ტკბილი და მაგარი ღვინოები) ჯიში გამოცდილი არ არის, რადგან დიდ პერსპექტივას ამ მხრივ იგი არ იჩენს.

სასუფრე ღვინის დასამზადებლად ოცხანური საფერე უნდა დაიკრიფოს მაშინ, როცა მისი შაქრიანობა 20_22% მიაღწევს და მჟავიანობა 8_9‰ ექნება, ხოლო საშამპანურე ღვინომასალებისათვის 18_20% შაქრიანობისა და 9_10‰ მჟავიანობის დროს. სასუფრე ღვინისათვის ნაჩვენები შაქრიანობა_მჟავიანობა შუა იმერეთში დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დგება და გრძელდება ნოემბრის პირველ ნახევრამდე. საშამპანურე ღვინომასალებისათვის ოცხანური საფერე უფრო ადრე უნდა დაიკრიფოს, სახელდობრ 15 ოქტომბრამდე.

ოცხანური საფერეს ღვინო საკმაო სხეულით, შედარებით მაღალი ალკოჰოლიანობით და მჟავიანობით ხასიათდება. მისი ალკოჰოლიანობა 10_12,5%_მდე, მჟავიანობა 6_10‰ მერყეობს, ხოლო ექსტრაქტი 3,6 აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ოცხანური საფერეს ღვინო კარგად ინახება, უმჯობესდება დავარგებისას და სიცოცხლის დიდი ხანგრძლიობით ხასიათდება.

სუფრისათვის (საჭმელად) ოცხანური საფერეს ყურძენი ნაკლებად გამოსადეგია. მისი პატარა, მკვრივი, წვრილმარცვლიანი მტევნები მოკლებულია მიმზიდველობას და ადგილზე მოსახმარადაც ნაკლებ გამოსადეგია. მიზანშეუწონელია აგრეთვე მისი ყურძნის გამოყენება უალკოჰოლო წვენის დასამზადებლადაც.

ოცხანური საფერეს ვაზებში განსხვავებული ვარიაციები არ გვხვდება. ეს აიხსნება იმით, რომ ჯიშზე სელექციური მუშაობა არ წარმოებულა, მიუხედავად დიდი ხნისა, რაც იგი შემოტანილია კულტურაში უშუალოდ ბუნებიდან, სადაც იგი ძლიერ ხანგრძლივი ბუნებრივი შერჩევის შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდა და მიიპყრო ყურადღება თავისი მაღალი სამეურნეო თვისებებით _ მოსავლიანობით და ღვინის მდიდარი შეფერვით.

საერთო შეფასება და დარაიონება

ოცხანური საფერე ადგილობრივი, საგვიანო ვაზის ჯიშია, იგი გავრცელებულია შუა და ზემო იმერეთის რაიონებში,  ჯიშის შედარებით მცირე გავრცელება გამოწვეულია ნაგვიანევი მწიფობით და დაბლარად ფორმირების დროს მცირე მოსავლიანობით.

ოცხანურ საფერეს ძირითადად იყენებენ სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად და ადგილობრივი ნაკლებად შეფერილი წითელი და ზოგჯერ თეთრი ღვინოების ფერის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც იგი სავსებით გამოსადეგია. ოცხანური საფერეს სუფთა ღვინო ინტენსიური შეფერვით, საშუალო სისრულით, ჰარმონიული და სასიამოვნო გემოთი ხასიათდება.

ოცხანური საფერე იმერულ წითელ ჯიშებს შორის ნათლად გამოირჩევა ღვინის მაღალი ღირსებით, იგი ყველაზე უკეთესია ღვინის ინტენსიური შეფერვით, სისრულით, სინაზით ჰარმონიული გემოთი და სიხალისით.

ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება _ ღვინის ინტენსიური შეფერვა, კარგი ღირსება, სოკოვან ავადმყოფობათა და მარცვლების ლპობის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა.

ჯიშის უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება ნაგვიანევი სიმწიფე და შედარებით მცირე მოსავლიანობა დაბლარად ფორმირების შემთხვევაში. უკანასკნელი ადვილი გამოსასწორებელია, რადგან ჯიში დიდი დატვირთვისა და ნახევრად მაღლარი ფორმირების (ოლიხნარის) პირობებში უხვი მოსავლით ხასიათდება.

ოცხანური საფერე შეტანილია ძვირფასი საწარმოო ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში და მიმდინარე შვიდწლედში იგეგმება მისი შემდგომი გავრცელება.

მოსახლეობა დიდად აფასებს ოცხანურის მუქად შეფერილ ნაზ წითელ ღვინოს და ამ ჯიშის ვენახებს ახლაც აშენებს საკარმიდამო ნაკვეთებზე.

ჯიშის მაღალი სამეურნეო თვისებები _ უხვი მოსავალი, გარემოსთან კარგი შეგუება, ღვინის მაღალი ღირსება (მუქი შეფერვა, ნაზი სასიამოვნო გემო) გვავალებს, რათა ოცხანური საფერე რეკომენდებული იქნეს იმერეთის რაიონებში მისი უფრო ფართოდ გასავრცელებლად. პარალელურად საჭიროა ზრუნვა ჯიშის ზოგიერთი ნაკლის (ნაგვიანევი მწიფობის და წვრილმარცვლიანობის) გამოსასწორებლად.

წყარო: enoteca.ge
რედაქცია: agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
326 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
5330 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB