კაჭიჭი – ქართული ვაზის ჯიში – სამეგრელო-აფხაზეთი

კაჭიჭი, ვაზი, ვენახი

კაჭიჭი წითელყურძნიანი საწარმოო ვაზის ჯიშია. იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. გავრცელებულია აფხაზეთისა და სამეგრელოს მევენახეობის რაიონებში მცირე ფართობზე.

ადგილობრივ მევენახეთა შორის და მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში კაჭიჭი ცნობილია კაჭიჭის (სამეგრელოს რაიონებში), კაჭიჭიჟის, აჟკაჭიჭის, კაჯიჯის, კაჭიჭის და სხვ. (აფხაზეთის მევენახეობის რაიონებში) სახელწოდებით.

უცხოურ ამპელოგრაფიებში კაჭიჭი ცნობილია აფხაზურის და კაჩიჩის სახელწოდებით. კაჭიჭის წარმოშობისა და სადაურობის საკითხზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. ლიტერატურულ წყაროებში მოყვანილი შეხედულებანი ცალკეული პირებისა აფხაზური ვაზის ჯიშების და, კერძოდ, კაჭიჭის წარმოშობის შესახებ ნაკლებად დამაჯერებელია.

ასე, მაგალითად, ს. ტიმოფეევი სრულიად სამართლიანად თვლის ამიერკავკასიის დასავლეთ მხარეს ვაზის სამშობლოდ, მაგრამ სოხუმის ოლქში (აფხაზეთში) მევენახეობის გავრცელებას რატომღაც გენუელებს და ბერძნებს მიაწერს.

კერძოდ, კაჭიჭის წარმოშობის შესახებ ს. ტიმოფეევი შემდეგს წერს: კაჭიჭი პირველად ცნობილი გახდა სოფ. დურიფშში (ადგილმდებარეობა აბგარაში) და სწორედ მოტანილი იყო აფხაზ კაჭიჭის (კაჯიჯის) მიერ. როგორც ამბობენ,  განაგრძობს ტიმოფეევი, ამ ვაზის რქები გადმოუგზავნია გენერალ რაევსკის დაბა გუდაუთში.

პროფ. თ. კვარაცხელია ზოგიერთ მონაცემებზე დაყრდნობით კაჭიჭს ყირიმიდან შემოტანილად თვლის, მაგრამ საბოლო დასკვნისაგან თავს იკავებს. უფრო დაწვრილებითი ცნობები კაჭიჭის წარმოშობის შესახებ მოყვანილი აქვს კ. მაჭავარიანის. მისი ცნობით, ჯიშის სახელწოდება წარმომდგარია აფხაზ კაჭიჭის (კაჯიჯის) სახელისაგან, რომელმაც პირველად გააშენა ეს ჯიში დურიფშის თემის სოფ. აბგარაში.

ადვილად შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ მოყვანილ ავტორთა შეხედულებანი კაჭიჭის წარმოშობის შესახებ, ძირითადად დამყარებულია კ. მაჭავარიანის ცნობაზე, რომლის შემოწმება საკმაოდ ძნელია, ამიტომ მისი გამოყენება ჯიშის წარმოშობის საკითხის გასარკვევად შეუძლებელია.

უფრო ნამდვილ, დამაჯერებელ დასაყრდენს ჯიშის წარმოშობის გასარკვევად წარმოადგენს ჯიშის მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშანთვისებები. ამ ნიშან-თვისებების მიხედვით, სახელდობრ: დიდი თითქმის დაუნაკვთავი, ქვემო მხრიდან შებუსვილი ფოთლების, საშუალო ზომის მტევნის, ოდნავ შეზნექილი ფორმის მომრგვალო მარცვლის, ვაზის საერთო შეხედულებისა და გრძელი სავეგეტაციო პერიოდის გამო იგი უდავოდ ადგილობრივ ჯიშთა წყებას prol. pontica Negr.-ის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს ეკუთვნის.

მართლაც, ამ ძირითადი ნიშნების მიხედვით კაჭიჭი მკვეთრად განსხვავდება, როგორც დასავლეთ ევროპის prol. oecidenatis, Negr. ისე შუა აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთის prol.orientalis Negr. ჯგუფის ვაზის ჯიშებისაგან. ამრიგად, ვაზის საერთო შეხედულება, მისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების ადგილობრივ ჯიშებთან საკმაო მსგავსება, ჯიშის გავრცელება ძველი კოლხეთის რაიონებში (აფხაზეთი, სამეგრელო) და მისი გარემო პირობებისადმი კარგი შეგუება უდავოდ ამტკიცებს კაჭიჭის ადგილობრივი (კოლხეთის) ფორმათა წარმოქმნის კერაში წარმოშობის საკითხს.

ჯიშის ხნიერების განსაზღვრისათვის ჩვენ საკმაო მასალები არ მოგვეპოვება. კაჭიჭის სახელწოდებით ჯიში ცნობილია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. უდავოა, რომ ჯიში მანამდეც არსებობდა, შეიძლება სხვა სახელწოდებითაც, და ალბათ ფართობიც დიდი ეჭირა. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე, როგორც ვიცით, ვენახებს აფხაზეთში საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირა. მ. ბალასის ცნობით აფხაზეთის ვენახები საერთო ფართობი 2538 ჰექტარს აღწევდა.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელების შედეგად ვენახების საერთო ფართობი საგრძნობლად შემცირდა, შემცირდა აგრეთვე კაჭიჭის ფართობიც. უკვე 1930-1935 წლებში, პროფ. თ. კვარაცხელიას ცნობით, კაჭიჭის მთლიანი ნარგავები შემორჩენილი ყო მხოლოდ გუდაუთის რაიონში, აფხაზეთის დანარჩენ რაიონებში კაჭიჭი მხოლოდ რამდენიმე ათეული ძირის სახით იყო გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა

კაჭიჭი აღწერილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის აფხზეთის დასაყრდენ პუნქტზე სოფ. ახალ სოფელში (გუდაუთის რ-ნი). ვაზი გაშენებულია კვების დიდ არეზე რიგებს შორის 2,0 მ და ვაზებს შორის 1,75 მ დაშორებით, ანუ 3,5 კვ. მ კვების არეზე. ვაზები გასხლული და ფორმირებულია ორმხრივი შპალერის წესით, თითო ძირზე 20-24 კვირტის დატოვებით, ვაზის ხნოვანება უდრის 20 წელს შტამბის სიმაღლე 45-55 სმ.

ვენახი ვაკე ადგილზეა გაშენებული, რომელიც ოდნავ დაქანებულია სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ნიადაგი თიხნარია, წშყლის კარგად გამტარი, ღორღიანი ქვენიადაგით. ვენახი დაახლოებით 2 კილომეტრითაა დაშორებული ზღვის ნაპირიდან.

ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა მოზარდი (10-15 სმ) ყლორტების წვეროები გვირგვინისა და პირველი ორი ფოთოლაკის ჩათვლით შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით (უფრო ძლიერ ფოთლების ქვედა მხრიდან), მორუხო თეთრი ფერისაა და სუსტი მოღვინისფრო წითელი არშია აქვს ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ.

მეორე იარუსის ფოთლები (3-4) ზედა მხრიდან ბრინჯაოს ფერია, ხოლო ქვემო მხრიდან შებუსვის შესუსტების გამო მორუხო თეთრია. თვით ყლორტი თავიდან დაწყებული 4-5 ფოთლის ჩათვლით შებუსვილია თხელი აბლაბუდით, შებუსვა უფრო ინტენსიურია ზემოთ, გვირგვინისაკენ. ყლორტი შეფერილია მოღვინისფრო წითლად და იასამნის იერი გადაჰკრავს მთელ სიგრძეზე.

ერთწლიანი რქა. ერთწლიანი კარგად შემოსული რქები შემოდგომაზე მოწითალო რუხი ფერისაა. რქაზე მუხლები კარგადაა გამოსახული და შეფერილია ოდნავ უფრო მუქად, ვიდრე მუხლთშორისები. რქებს საკმაოდ გრძელი (12-15 სმ) მუხლთშორისები აქვს. ზოლები მუხლთშორისების გასწვრივ სუსტადაა გამოსახული.

ფოთოლი. კარგად განვითარებული, ანუ ზრდადამთვარებული ფოთლები (9-12) დიდი ზომისა და მუქი მწვანე ფერისაა. ფოთლის სიგრძე მერყეობს 17-დან 25 სმ-მდე, ხოლო განი _ 16-დან 23 სმ-მდე. საშუალო ფოთლის სიგრძე-სიგანე 22X20 სმ შეადგენს. ფოთლის ფირფიტის მოხაზულობა უფრო ხშირად თირკმლისმაგვარია, იშვიათად მომრგვალოც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი წვრილბურთულებიანია და ოდნავ ზევით აქვს წამოწეული ნაკვთების ბოლოები.

ვაზზე უფრო ხშირად გვხვდება სამნაკვთიანი ფოთლები, იშვიათად ხუთნაკვთიანი და დაუნაკვთავი, თითქმის მთლიანი ფოთლებიც. შუა ნაკვთი, ჩვეულებრივ წინ წამოწეული _ მახვილკუთხიანია. ფოთლის მთავარი ძარღვები თავიანთ განტოტვის ადგილის მახლობლად ფუძესთან მოღვინისფრო წითელია.

ზედა ამონაკვეთები ჩვეულებრივ სუსტადაა განვითარებული, ამონაკვეთების სიღრმე მცირეა, იშვიათად იგი საშუალოა. ამონაკვეთების ფორმა დანაკვთის სიღრმის შესაბამისად სუსტად ცვალებადობს, ოდნავ შესამჩნევიდან ჩანგისმაგვარ ფორმამდე. უფრო ხშირად ამონაკვეთები ზეზეურებია _ ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარი.

ქვედა ამონაკვეთები ხშირ შემთხვევაში სულ არაა განვითარებული, იშვიათად კი ზეზეური, შეჭრილი კუთხისმაგვარია, იშვიათად ნაპრალისებრი ფორმის ამონაკვეთებიც გვხვდება. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს. უფრო ხშირად გვხვდება ღია, მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი ფორმის ამონაკვეთი იშვიათად ოვალურთვლიანი, დახურული და კიდევ უფრო იშვიათად მრგვალფუძიანი, თაღისმაგვარი ამონაკვთებიც.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მსხვილი, სწორი, სამკუთხედისმაგვარი მახვილი ან ბლაგვწვერიანი კბილებით (ნიკბებით). გვერდითი კბილები ხერხის კბილებისმაგვარია, იშვიათად ორმხრივ გამოზნექილგვერდებიანი კბილებიც გვხვდება. ფოთლის ზედა მხარე უბუსუსოა, ხოლო ქვედა მხარე შებუსვილია თხელი ჰორიზონტალურად გართხმული აბლაბუდისებრი ბეწვებით და სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსით. საერთოდ ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქისაა. ფოთლის ყუნწი მოწითალო ღვინისფერია და მოიისფრო იერი ახლავს. ყუნწი ჩვეულებრივ უფრო მოკლეა ფოთლის შუა ძარღვზე, იშვიათად კი მისი ტოლია. შემოდგომაზე კაჭიჭის ფოთლები მოღვინისფრო წითელია.

ყვავილი. ყვავილი ნორმალური აგებულების, ორსქესიანია. ყვავილში ხუთი მტვრიანაა, იშვიათად ექვსმტვრიანიანი ყვავილებიც გვხვდება. მტვრიანები სწორმდგომია, ხშირად ნაწილი მტვრიანების ძაფისა ტეხილია. შეფარდება მტვრიანათა ძაფის სიგრძის ბუტკოს სიმაღლესთან 1,5, იშვიათად 1,75 და მეტსაც უდრის. ბუტკო სწორი კონუსისებრი ფორმისაა, სვეტი მოკლეა, თითქმის მჯდომარე და ორად გაყოფილი დინგი აქვს.

მტევანი. კაჭიჭის მტევნები ჩვეულებრივ საშუალო ზომისაა. მტევნის სიგრძე მერყეობს 14-დან 23 სმ-მდე, ხოლო განი 10-დან 13 სმ-მდე. საშუალო სიდიდის მტევნის სიგრძე-სიგანე 18X10 სმ შეადგენს. მტევანი ძირითადად კონუსისებრი ფორმისაა და მხრიანია, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის მტევნებიც გვხვდება. ჩვეულებრივ კაჭიჭის მტევნები მეჩხერია, იშვიათად საშუალო სიმკვრივისაა. კარგად განვითარებული მსხვილი მტევნები 250-350 გ. ხოლო საშუალო სიდიდისა _ 120-160 გ იწონის.

მტევნის ყუნწის სიგრძე 4-დან 8 სმ-მდე ცვალებადობს, ხოლო საშუალო სიდიდის მტევნები ყუნწის სიგრძე 5-6 სმ უდრის. ყუნწი მტევნის ფუძესთან ოდნავ გახევებულია და რქის ფერისაა. იგი ადვილად იმტვრევა მექანიკური შეხებისაგან. მარცვლის ყუნწის სიგრძე მერყეობს 0,4-დან 1,0 სმ-მდე, საშუალოდ მისი სიგრძე 0,6-0,8 სმ უდრის.

მარცვალიკაჭიჭის მარცვალი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 1,4-დან 1,6 სმ-მდე, ხოლო განი 1,5-დან 1,7 სმ-მდე. საშუალო ზომის მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,5X1,6 სმ შეადგენს. მარცვალს უფრო ხშირად შეზნექილი ფორმა აქვს, იშვიათად მომრგვალო ფორმის მარცვალიც გვხვდება. მარცვალი მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერისაა. კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი აქვს. რბილობი მკვრივია, საკმაოდ წვნიანი, წიპწები თავისუფლად არ ეცლება რბილობს.

წვენი ბაცი ვარდისფერია. გემო ტკბილი აქვს და სასიამოვნო მჟავიანობა ახლავს. ჯიშური არომატი სუსტადაა გამოსახული. მარცვალი გარედან დაფარულია საკმაო სქელი ცვილისებრი ფიფქით.

წიპწა. მარცვალში წიპწების რაოდენობა მერყეობს 1-დან 4-მდე. უფრო ხშირად გვხვდება ორი, იშვიათად სამი საკმაო მსხვილი წიპწა. წიპწების ერთი მესამედი განუვითარებელია, წყალში ტივტივებს. საშუალოდ ნორმალური წიპწების რაოდენობა ერთ მარცვალში არ აღემატება 1,5. წიპწების საშუალო სიდიდისაა _ 7-8 მმ სიგრძისა და 4-4,5 მმ სიგანის. წიპწის ტანი ოვალისმაგვარი ფორმისაა და მონაცრისფრო მიხაკისფერია, ხოლო ნისკარტისაკენ მოყვითალო.

ქალაძა მომრგვალოა, იგი კარგადაა გამოსახული და მდებარეობს წიპწის ზედა ნაწილში. ქალაძიდან ნისკარტისაკენ მიემართება ვიწრო ღარტაფი, ხოლო ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ ღარი უფრო ღრმაა და წიპწის ზედა ნაწილს ორად ყოფს. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია, ძალიან იშვიათად იგი ბრტყელია და ვიწრო ნაწიბურიანია, მაგრამ მთელი წიპწის სიგრძეზე კარგადაა გამოსახული. მუცლის მხარის ღარები ვიწრო, ღრმაა და თითქმის პარალელურად მიემართება ნაწიბურის ორივე მხარის გასწვრივ და იკარგება ნისკარტში. ღარების ფუძე მონარინჯისფრო-ყვითელია. ნისკარტის სიგრძე უდრის 1,5-2,0 მმ. იგი კონუსისმაგვარი ფორმისაა და ზემოდან ყვითელია, ხოლო ქვემოდან ნარინჯის ფერია.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა. დაკვირვებები ფენოფაზების მსვლელობაზე წარმოებდა აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე, სოფ. ახალსოფელში.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა მერყეობს 176-დან 203 დღემდე, ხოლო საშუალოდ იგი 189 დღეს შეადგენს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობის შესაბამისად ცვალებადობს აგრეთვე აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც 3576-დან 3989º-მდე და საშუალოდ 4 წლის მანძილზე 3814º შეადგენს.

კაჭიჭი თავისუფლად შეიძლება დამწიფდეს უფრო გრილ ჰავიან რაიონებშიც, სადაც შედარებით უფრო მცირეა ნალექები, ხოლო ჯამი აქტიური ტემპერატურისა საშუალოდ 3500º-მდე აღწევს.ერთწლიანი რქების მომწიფება. ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის კაჭიჭის ერთწლიანი რქები თავისუფლად ასწრებს მომწიფებას.

აფხაზეთის სუბტროპიკული ჰავის პირობებში, სადაც ხანგრძლივია სავეგეტაციო პერიოდი და დიდია აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, თავისუფლად ასწრებს მომწიფებას კაჭიჭზე უფრო საგვიანო ჯიშების რქები, რადგანაც ვაზის სრული სიმწიფიდან მასობრივ ფოთოლცვენამდე, თითქმის ერთი თვის მანძილზე, ჰაერის დღეღამური საშუალო ტემპერატურა 100 უფრო მაღალია.ვაზების ზრდის სიძლიერე.

ვაზის ზრდის სიძლიერე საგრძნობლად ცვალებადობს ნიადაგის თვისებების შესაბამისად. განვითარების შედარებით თანაბარ პირობებში კაჭიჭს ძლიერი ზრდა ახასიათებს, ასეთია იგი სოფ. ახალსოფელში. კ. მაჭავარიანის, თ. კვარაცხელიას, ს. ტიმოფეევისა და სხვ. დაკვირვებითაც კაჭიჭი მაღლარად ფორმირების დროსაც ძლიერ იზრდება.

ამრიგად, როგორც დაბლარად, ისე მაღლარად კაჭიჭი ძლიერ იზრდება და თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს ვაზის ჯიშთა იმ ჯგუფს, რომელსაც ძლიერი ზრდა ახასიათებს.

მოსავლიანობა. კაჭიჭი მრავალი სხვა ადგილობრივი ვაზის ჯიშის მსგავსად ადრე იძლევა მოსავალს. სოფ. ახალსოფელში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით კაჭიჭი დარგვიდან მეორე წელს იძლევა პირველ ნიშანს, მესამე წლიდან იგი იძლევა მოსავლის ნაწილს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წლიდან უკვე სრულ მოსავალს გვაძლევს.

კაჭიჭის მოსავალი საშუალოდ 60-80 ცენტნერს უდრის ჰექტარზე. ცხადია, ცალკეული ნაკვეთების მიხედვით მისი მოსავლიანობა ძალზე ცვალებადობს. ზოგიერთი ავტორი, მაგალითად კ. მაჭავარიანი და ა. ეგოროვი კაჭიჭს მოსავლიან ჯიშად თვლის მაშინ, როდესაც პროფ. თ. კვარაცხელია და ს. ტიმოფეევი, პირიქით, კაჭიჭს საშუალო და მცირემოსავლიან ჯიშად თვლიან.

ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით კაჭიჭი უფრო მოსავლიანია და თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს საშუალოზე მაღალმოსავლიან ჯიშებს, ხოლო თუ აფხაზეთში გავრცელებულ იმერულ ვაზის ჯიშების _ ცოლიკოურის, ციცქას და სხვების მოსავალს შევუდარებთ კაჭიჭი საშუალომოსავლიანი ჯიში აღმოჩნდება. ამრიგად, კაჭიჭი შეიძლება საშუალომოსავლიან ჯიშად მივიჩნიოთ.

კაჭიჭის მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 0,5-დან 1,5-მდე. ხოლო მტევნის საშუალო წონა 120 გ-დან 160 გ-მდე. ცალკეული კარგად განვითარებული მტევნების წონა 250-300 გ უდრის.

ამ მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული მოსავალი ამგვარი დატვირთვის დროს (3,5 კვ. მ კვების არეზე 16 კვირტი) შეადგენს 61,6 ცენტნერს ჰექტარზე. ცხადია, ამგანირ კვების არეზე ჯიშის ძლიერი ზრდის დროს 16 კვირტი ორმხრივი შპალერის წესით ფორმირებისას მეტად მცირე დატვირთვაა, რის გამო მოსავალიც მცირეა. ნორმალურ პირობებში 3,5 კვ. მეტრიან კვების არეზე ვაზს უნდა მიეცეს არანაკლებ 20-25 კვირტი, რომ ვაზი შესაფერად დაიტვირთოს და მოგვცეს ნორმალური მოსავალი, რომელიც კაჭიჭისათვის უნდა უდრიდეს საშუალოდ 80-100 ცენტნერს.

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა

კაჭიჭი უფრო მგრძნობიარეა მილდიუმის მიმართ, ვიდრე ნაცრის მიმართ. საერთოდ კაჭიჭის გამძლეობა ადგილობრივი ჯიშებთან შედარებით კარგია, ხოლო დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, კერძოდ ცოლიკოურთან, შედარებით მისი გამძლეობა მილდიუმის მიმართ საგრძნობლად უფრო სუსტია, ნაცრის გამძლეობის მხრივ კი იგი არ ჩამორჩება მას.ჯიშის აგროტექნიკის თავისებურებანი.

კაჭიჭი ძველთაგანვე შერჩეული და გამოვლინებულია მაღლარად ფორმირებისათვის. მაღლარად ფორმირებული კაჭიჭი მაღალ მოსავალს იძლეოდა და მისგან ღვინოც კარგი ხარისხისა დგებოდა. მევენახეობის ახალ პერიოდში, სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელების შემდეგ, კაჭიჭს აშენებენ დაბლარად და სხლავენ ცალმხრივი შპალერის წესით. ცალმხრივი და ორმხრივი შპალერის წესით გასხვლის დროს კაჭიჭი, როგორც ძლიერი ზრდის ვაზი სათანადოდ ვერ იტვირთება, რის გამო მისი მოსავალი უხვი არაა.

მოსავლის გადიდების მიზნით საჭიროა კაჭიჭისათვის გამოვიყენოთ უფრო დიდი დატვირთვის ფორმები. ამიტომ კაჭიჭის დატვირთვისათვის პერსპექტიულად უნდა მივიჩნიოთ ძველი ქართული ფორმა _ ოლიხნარი, რომელიც ხასიათდება საშუალო სიმაღლის ტანითა და მრავალწლიანი მხრებით, და ცალხმრივი ან ორმხრივი კორდონი 2-4 სასხლავი რგოლით. აღნიშნული ფორმები ფართოდ უნდა გამოიცადოს წარმოებაში მათგან უკეთესი შერჩევის მიზნით.

არსებულ ნარგავებში მოსავლიანობის გადიდების მიზნით უნდა შემოღებულ იქნეს ახალგაზრდა ყლორტების წვერების წაწყვეტა ყვავილობის დაწყებამდე ან მის დასაწყისში. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს დაყვავილებას და უფრო მკვრივი მტევნების მიღებას. ჯიშისათვის შესაფერისი აგროწესების გამომუშავებით თავისუფლად შეიძლება კაჭიჭის მოსავლიანობის საგრძნობი გადიდება და ღვინის ხარისხის გაუმჯობესება.

ფილოქსერაგამძლე საძირეებთან მონათესაობა

კაჭიჭს საკმაოდ კარგი მონათესაობა ახასიათებს ფილოქსერაგამძლე საძირეებთან. გამოცდილ საძირეებიდან უკეთესი შეხორცებისა და ზრდა-განვითარების უნარი გამოამჟღავნა რიპარია X რუპესტრის 3309-თან.

საქართველოს მევენახეობის რაიონებში ფილოქსერაგამძლე საძირეების ფართო გამოცდის შედეგად კაჭიჭისათვის შეიძლება რეკომენდებულ იქნეს შემდეგი საძირეები: მთის ფერდობების შედარებით მშრალ კირნარ ნიადაგებისათვის რიპარია X ბერლანდიერი 5 ბბ ან 420 ა, ხოლო სხვა ნიადაგებისათვის, სადაც კირის რაოდენობა (კალციუმის კარბონატები) 20-25% არ აღემატება რიპარია X რუპესტრის 3309 და 3306. ძლიერ კირნარ ნიადაგებზე, სადაც კალციუმის კარბონატები 60%-მდე აღწევს, უმჯობესია შასლა ბერლანდიერის 41 ბ გამოყენება, როგორც ყველაზე მეტად გამძლე საძირე კირის დიდი რაოდენობით შემცველ ნიადაგებზე.

ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნის მექანიკური შედგენილობა. კაჭიჭი საღვინე ჯიშია, მტევნის გარეგნული შეხედულება, მისი მექანიკური შედგენილობა და აგრეთვე წვენის ქიმიური შედგენილობა მიგვითითებს მისი საღვინედ გამოყენების უპირატესობაზე. მართლაც, კაჭიჭისაგან კარგი ხარისხის წითელი სუფრის ღვინო დგება მაშინ, როდესაც იგი ნაკლებად მიმზიდველი და გამოსადეგია საჭმელ ყურძნად.

ყურძნის შემადგენელი ნაწილების შეფარდება შედარებით ნაკლებად მერყეობს. წვენის გამოსავლის 1,3%-ით შემცირება წლის მეტეოროლოგიური პირობების გავლენის გარდა ფორმირების გავლენითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

წარმოების პირობებში ღვინისა და ჭაჭის გამოსავალი ცვალებადობს და დამოკიდებულია, როგორც ნაკვეთების ადგილმდებარეობისაგან, ისე მეტეოროლოგიური ფაქტორების გავლენისაგან. აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე (ს. ახალსოფელი) წარმოებული დაკვირვებების მიხედვით ღვინის გამოსავალი მერყეობდა 10-დან 15 დეკალიტრამდე, ხოლო ჭაჭისა _ შესაბამისად 25-დან 30 კგ-მდე ერთ ცენტნერ ყურძენზე.

ამრიგად, გუდაუთის რაიონის ზღვისპირა ვაკე ზონაში ერთი ცენტნერი ყურძნიდან ღვინისა და ჭაჭის საშუალო გამოსავლად უნდა მივიჩნიოთ 72 დეკალიტრი ღვინო და 28 კგ ჭაჭა და ლექი. მთისპირა შემაღლებულ ზოლში ღვინის გამოსავალი უფრო ნაკლებია. მაგალითად. სოფ. გულრიფშში ღვინის საშუალო გამოსავალი 70% შეადგენდა.

წვენის ქიმიური შედგენილობა. კაჭიჭის ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა წლების განმავლობაში საგრძნობლად ცვალებადობს. მაგალითად, აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით ეს ცვალებადობა 5 წლის განმავლობაში უდრიდა 2,5% შაქრისათვის და 1,7% მჟავიანობისათვის.

კაჭიჭის უალკოჰოლო წვენს ახასიათებს ზომიერი შაქრიანობა და ხალისიანი მჟავიანობა, რის გამოც მომხმარებელს მალე არ ბეზრდება და დიდი რაოდენობით შეუძლია მიიღოს სეზონის განმავლობაში. სადესერტო ყურძნად კაჭიჭი ნაკლებ გამოსადეგია. მას აკლია გარეგნული სილამაზე, მარცვლის სიდიდე და სასიამოვნო გემო, რის გამო იგი ნაკლებად მიმზიდველია. სხვა სახის ღვინისათვის კაჭიჭი გამოცდილი არაა, არც დიდი პერსპექტივა უჩანს ამ მიმართულებით.

ამრიგად, ყველაზე უფრო მიზანშეწონილია კაჭიჭის გამოყენება მშრალი სუფრის ღვინოების დასამზადებლად და მართლაც, კაჭიჭის ღვინო ზღვისპირა, ოდნავ დაქანებულ ვაკე ადგილებში, კერძოდ, დასაყრდენი პუნქტის ვენახიდან (ს. ახალსოფელი) კარგი ღირსების დგება. კაჭიჭის ღვინოს კარგი ფერი აქვს, იგი სინაზით, გემოს სისრულით და კარგად განვითარებული ჯიშური არომატით ხასიათდება. დასაყრდენი პუნქტის კაჭიჭის ღვინო თავისი ღირსებით არ ჩამოუვარდება ცნობილი წითელი ჯიშების _ კაბერნესა და საფერავისაგან აფხაზეთის პირობებში დამზადებულ ღვინოებს.

მოყვანილი შეფასების მიხედვით, კკჭიჭის ღვინო აფხაზურ წითელ ღვინოებს შორის ყურადღებას იპყრობს. იგი თავისი ღირსებით უახლოვდება საფერავის ღვინოს, რომელიც აფხაზეთის პირობებში მეტი სინაზით ხასიათდება.

ძველად კაჭიჭის ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით ცნობილი იყო მთისწინა შემაღლებული ზონის ღვინოები (გუდაუთის რ-ნი). მაგალითად, კ. მაჭავარიანი ახასიათებს მას, როგორც ჩინებულ მუქ წითელ ღვინოს. პროფ. თ. კვარაცხელია თვლის მას ნაზ, საკმაოდ შეფერილ, სხეულიან, თავისებური არომატის მქონე საინტერესო ღვინოდ, ხოლო ნ. ტიმოფეევი აფასებს მას, როგორც ჩინებულ, ნაზ, არომატულ, მუქი წითელი შეფერვის სუფრის ღვინოს.

საერთო შეფასება და დარაიონება

კაჭიჭი ადგილობრივი მცირედ გავრცელებული ჯიშია, იძლევა კარგი ღირსების წითელ სუფრის ღვინოს.

კაჭიჭი, ვაზი, ვენახიგავრცელებულია აფხაზეთში _ გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში, ხოლო სამეგრელოში _ ძირითადად ჩხოროწყუსა და ხობის რაიონებში.

აფხაზეთში გავრცელებულ წითელ ჯიშებს შორის იგი იპყრობს ყურადღებას თავისი მოსავლითა და ღვინის კარგი ღირსებით. კაჭიჭის ღვინოს ახასიათებს კარგი შეფერვა, ზომიერი ალკოჰოლიანობა, საშუალო სხეული, თავისებური ჯიშური არომატი და სასიამოვნო ჰარმონიული გემო.

ადგილობრივ წითელყურძნიან ჯიშებს შორის, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამლახუს, რომელიც ვარდისფერ ცქრიალა ღვინოს იძლევა, კაჭიჭი პირველ ადგილს იჭერს.

ღვინის ხარისხით იგი უახლოვდება საფერავსა და კაბერნეს, ხოლო ზოგიერთ წლებში კიდევაც სჯობნის მათ ხარისხით.

მისი ძირითადი ნაკლი _ შედარებით მცირემოსავლიანობაა, ეს ნაკლი ადვილად შეიძლება გამოსწორდეს შესაფერისი გასხვლა-ფორმირების წესის გამომუშავებით და ვენახების კარგად მოვლა-დამუშავებით.

კაჭიჭი პერსპექტიული ჯიშია, მისი ფართო გავრცელება აფხაზეთის მევენახეობის რაიონებში მეტად სასურველია.

კაჭიჭი პერსპექტიულია აგრეთვე სამეგრელოსა და ნაწილობრივ გურია-აჭარის რაიონებში, ძირითადად მთის ფერდობებზე და შემაღლებულ ადგილებზე გასაშენებლად.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა