კამური თეთრი (კამურა) — ქართული ვაზის ჯიში

1099 Views Comment Off

თეთრი კამური გურიის თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება, ამავე დროს მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება ადგილობრივი მნიშვნელობის საკმაოდ ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

ლიტერატურულ წყაროებში, აგრეთვე გურიისა და იმერეთის მოსახლეობაში ცნობილია: თეთრი კამურას, კამურას და კამურის ყურძნის სახელწოდებითაც.

თუ სად წარმოიშვა ან როგორი ევოლუცია განიცადა თეთრმა კამურმა საუკუნეთა განმავლობაში გურიისა და იმერეთის რაიონებში, ამის ირგვლივ არავითარი წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება. ლიტერატურულ წყაროებში ჩვენ ვპოულობთ ამ ჯიშის შესახებ მცირეოდენ მასალას XIX საუკუნის დამლევიდან XX საუკუნის დასაწყისამდე.

შავი კამურის მოკლე ამპელოგრაფიული აღწერილობა პირველად პროფ. პიულიას გამოუქვეყნებია თავის შრომაში. აგრონომ ვ. სტაროსელსკის თავის ამპელოგრაფიულ ნაშრომში იმერული ჯიშების აღწერისას შეუტანია თეთრი და შავი კამურის მოკლე დახასიათება. ილ. ბახტაძე ყოფ. შორაპნის მაზრის ყურძნის ჯიშთა სიაში იხსენიებს თეთრსა და შავ კამურს. პროფ. ს. ჩოლოყაშვილი ჩვენ მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე თავის შრომაში იძლევა თეთრი კამურის დახასიათებას და გურიის სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს აკუთვნებს მას.

აგრონომ ერ. ნაკაშიძეს თეთრი კამურის მხოლოდ გავრცელების არეალი აქვს აღნიშნული და იგი მოთავსებული აქვს გურიის თეთრყურძნიან ვაზის ჯიშთა სიაში. აკად. ივ. ჯავახიშვილი ზემოთ დასახელებულ ავტორებზე დაყრდნობით თეთრ კამურს აკუთვნებს გურიასა და იმერეთში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯიშთა წყებას. ჩვენ მიერ თეთრი კამური შესწავლილია ზემო გურიაში და ქვემო იმერეთში. იგი ზოგიერთი ბოტანიკური და სამეურნეო ნიშან-თვისებით განსხვავდება ვ. სტაროსელსკის მიერ იმერეთში აღწერილი თეთრი კამურისაგან.

მაგალითად, სტაროსელსკის მიხედვით კამურის ფოთოლი ქვედა მხრიდან სუსტადაა შებუსვილი; მომწიფებული რქა მრავალწახნაგოვანია და დაფარულია მცირეოდენი ბუსუსით; ულვაშები გრძელია 30 სმ-მდე; მარცვალი თხელკანიანია და დაფარულია შავი წერტილებით. ავტორს ეს ჯიში განკუთვნილი აქვს მსუბუქი, შუშხუნა, ტკბილი ღვინოების დასამზადებლად.

გურიასა და ქვემო იმერეთში ჩვენ მიერ აღწერილი თეთრი კამური აღნიშნულ ნიშნებს მოკლებულია. ვფიქრობ, რომ ვ. სტაროსელსკის მიერ აღწერილი ჯიში კამურის ვარიაციას უნდა წარმოადგენდეს, ან, შესაძლოა, კამურის სახელწოდებით მას სხვა ჯიში ჰქონდეს აღწერილი. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ჯიშის აბორიგენობის საკითხის დადგენისას მის ბოტანიკურ და აგრობიოლოგიურ ნიშან-თვისებათა გამორკვევას და შესწავლას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ამ მიზნით თეთრი კამურის შესწავლა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამოირკვა, რომ იგი თავისი ნიშნებით (ვაზის ზრდის სიძლიერით, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობით, ყურძნის გვიან დამწიფებით, ფოთლის მორფოლოგიური ნიშნებით, ყვავილის ტიპით, მტევნის აღნაგობითა და მარცვლის კონსისტენციით) კოლხეთის ვაზის კერის წარმომადგენელია. მისი მეტად ხნიერი ეგზემპლარები მხოლოდ ზემო გურიაში გვხვდება და წარსულშიაც ამ მხარეში იყო იგი მასობრივ ნარგავებად მაღლარად გავრცელებული, ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, თეთრი კამური გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის შემოჭრამდე თეთრი კამური მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარად გურიაში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთის მთისპირა მიკრორაიონებში. როგორც ძლიერ მოზარდ ჯიშს, მას ხშირად აშენებდნენ მარნების თავზე დასაჩრდილებლად და აგრეთვე შენობების ან აივნების დასაფარავად და გასალამაზებლად. გადმოცემით, კამურის პროდუქციას ძირითადად იყენებდნენ ყურძნად.

ამ მიზნით ხშირად ვაზებზე ტოვებდნენ ყურძენს და მხოლოდ ზამთარში კრეფდნენ საჭიროების მიხედვით ან აკიდოებად ინახავდნენ მთელი ზამთრის განმავლობაში. გურიის ზოგიერთ სოფელში (საჯევახო, ბურნათი, ფარცხმა), აგრეთვე ქვემო იმერეთშიაც, კამურისაგან ღვინოსაც ამზადებდნენ. ეს ღვინო ალკოჰოლის ნორმალური შეცულობით, შედარებით მცირე მჟავიანობითა და საკმაო სხეულით ხასიათდებოდა.

ბოტანიკური აღწერა

თეთრი კამური აღწერილი იქნა ჩოხატაურის რაიონის სოფ. ბურნათში. ვაზი საკუთარ ძირზეა და ფორმირებულია მაღლარად. შესადარებლად იგი აღწერილ იქნა აგრეთვე ამავე რაიონის სოფელ დაბლაციხეში. აქაც ვაზები საკუთარ ძირზეა წარმოდგენილი და ფორმირებულია მარნის თავზე ხეივნისებური წესით.

ახალგაზრდა ყლორტი. კვირტები გაშლის პერიოდში მოთეთროა და ოდნავ მოწითალო ელფერი გასდევს. ზრდის კონუსი ღია-მოწითალოა და სქლადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით.

ახლადგაშლილი პირველი ფოთოლი ზედა მხრიდან ღია მწვანეა და ქეჩისებრ შებუსვილია თეთრი-მონაცრისფრო ბუსუსით. ფოთლის ნაპირებს, როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან ოდნავი მოწითალო-მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. ქვედა მხრიდან შებუსვა ქეჩისებრია. ბუსუსი თეთრი ფერისაა და ბეწვისებრი. ფოთლის ყუნწიც დაფარულია მოთეთრო ბეწვისებრი ბუსუსით, რომელსაც ხშირად გადაჰკრავს ოდნავ მოწითალო ელფერი. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზემო მხრიდან ღია მწვანეა, ოდნავ მოყვითალო-მოვარდისფრო ელფერით. მეორე ფოთლის შებუსვა ზემო მხრიდან მცირეა, მესამე კი უმნიშვნელოდაა დაფარული ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით. ქვემო მხრიდან კი მათი შებუსვა ქეჩისებრია.

ახალგაზრდა ყლორტი მრგვალია და ღია მწვანე ფერისაა, იგი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით, რომელიც თანდათან მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა საშუალო სიმსხოსია და მოწაბლისფრო ან მუქი მოწითალო ფერისაა, თანაც ხშირ შემთხვევაში მცირეოდენი მუქი მოყავისფრო ზოლები გასდევს. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთშორისის სიგრძე 7-15 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია; მომრგვალო ფორმა აქვს და მომწვანოა. მისი სიგრძე 17,8-22,3 სმ, ხოლო სიგანე 17,7-21,5 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ისრისებრია და მომრგვალო ფუძიანი,. კიდურები ოთხი ან სამი ძარღვისაგან შედგება. გვხვდება ჩანგისებრი და იშვიათად ვიწრო ელიფსური ამონაკვეთებიც, ურთიერთზე ღრმად გადადებული ნაკვთებით. მესამე რიგის ძარღვები იკვეთება მეორე რიგის ძაღრვებით.

ფოთლის ზემო ამონაკვეთი მცირედაა ჩაჭრილი, ან საკმაოდ შეჭრილ კუხთეს ქმნის. ქვემო ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი. ძირითადი ნაკვთები სამია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან უფრო ხშირად სწორ კუთხეს ქმნის, იშვიათად ბლაგვსაც.

ნაკვთების წვერის კბილები წესიერ-სამკუთხედისებრი და მომრგვალებულ წვერიანი ან სამკუთხედისებრი და ამოზნექილგვერდებიანია. გვხვდება მომრგვალო სამკუთხედისებრი და ხერხკბილა სამკუთხედისებრი კბილებიც. ფოთლის დანარჩენი კბილები უფრო ხშირად წესიერ-სამკუთხედისებრია, ამოზნექილგვერდებიანი და წამახვილებული, ანდა მომრგვალო სამკუთხედისებრია.

ფოთლის ქვემო მხარე ქეჩისებრადაა დაფარული ბეწვისებრი ბუსუსით. ზემო მხარე უფრო ხშირად ბადისებრადაა დანაოჭებული. გვხვდება გლუვი ზედაპირიანი ფოთლებიც. ფირფიტა ბრტყელია ან ოდნავ ღარისებრი. ზოგ შემთხვევაში ფოთლის ნაპირები ქვემოთაა წამოწეული. მთავარი ძარღვები საკმაოდაა შებუსვილი და ღია მწვანე ფერისაა. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,9-1,0 უდრის. ყუნწი შიშველია და ბაცი მწვანე ფერისაა, ოდნავ მოწითალო ელფერით.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალურად განვითარებული ბუტკო და მტვრიანები აქვს. მტვრიანები საკმაოდ გადახრილია ბუტკოდან და ბუტკოზე უფრო გრძელია. ყვავილში ხუთი მტვრიანაა, იშვიათად 4 და 6 მტვრიანაც გვხვდება. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 250-630-მდე აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 5-8 სმ აღწევს. მტევნის სიგრძე 13-21 სმ, ხოლო სიგანე 9-12 სმ უდრის. მტევანზე 70-80 მარცვალია.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ-კონუსისებრია; ახასიათებს განტოტვა, რომელიც მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მტევანი მეჩხერია, რომლის ყუნწი რქასთან ახლოს მცირედ გახევებულია, ხშირად კი მთელ სიგრძეზე ბალახმაგვარია და ღია მწვანე ფერისაა.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 6-8 მმ უდრის. ყუნწი ღია მწვანე ფერისაა და მოჟანგისფრო ელფერი ახლავს. საჯდომი ბალიში ხშირად გლუვია ან მცირედ დამეჭეჭებული. ფორმით ბალიში განიერი კონუსისებრია, იშვიათად ვიწრო კონუსისებრიც. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი მომწვანოა, ხოლო მზის მხრიდან მოყვითალო-ქარვისფერია; იგი საშუალო ზომისაა ან საშუალოზე მსხვილია. მისი საშუალო სიგრძე 17 მმ, ხოლო სიგანე 14,2 მმ აღწევს. ფორმით მოგრძო ოვალურია, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია; სქელკანიანია და მკვრივხორციანი, მეტად სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. მარცვლის მოწყვეტისას წვენი არ იღვრება. კანზე ფიფქი (ცვილი) საკმაო რაოდენობით მოიპოვება.

წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა; უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 7-7,5 მმ, ხოლო სიმსხო 3-3,5 მმ უდრის, წიპწა ღია ყავისფერია, ხოლო მუცლის მხარეზე ღარებში და ნისკარტის ირგვლივ საკმაოდ ყვითელია. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა წელში. იგი მოგრძო ოვალური ფორმისაა და ზურგის მხარე გლუვი აქვს. ნისკარტი მოყვითალოა, წვერი კი მოყვითალო-ჟანგისფერი, რომლის სიგრძე 1,5-2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

დაკვირვებები თეთრი კამურის ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა ჩოხატაურის რაიონის სოფ. ბურნათსა და დაბლაციხეში. სოფ. ბურნათში ვაზები მაღლარადაა ფორმირებული. ნაკვეთი, სადაც ეს ჯიშია გაშენებული, დაქანებულია სამხრეთისაკენ და ნიადაგი გაეწრებული წითელმიწაა. სოფ. დაბლაციხეში ვაზები ხეივნისებურადაა ფორმირებული, ნაკვეთი ვაკეა და მდებარეობს მდ. სუფსის მარჯვენა ნაპირზე.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 197-201 დღემდე მერყეობს, ხოლო მთელი სავეგეტაციო პერიოდისა (ფოთლის დაცვენამდე) 240 დღეს უდრის. ვაზის გამოღვიძება იწყება აპრილის პირველ რიცხვებიდან, კვირტების გამოფურჩქვნა და ყლორტების განვითარება _ 8-10 აპრილიდან. ყვავილობა იწყება 2-4 ივნისიდან და ხელის შემწყობი ამინდის დროს 18 ივნისამდე მთავრდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს 24-26 აგვისტოდან, მწიფდება 2-25 ოქტომბრიდან. ფოთოლცვენა იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან და მთავრდება დეკემბრის პირველ რიცხვებში.

გურიის სუბტროპიკული ჰავის პირობებში, სადაც ვაზის სავეგეტაციო პერიოდი მნიშვნელოვნად გახანგრძლივებულია და დიდია აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, ვაზის ვეგეტატიური ნაწილები თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და ერთწლიანი რქები ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს იღებს.

ვაზის ზრდა. ცნობილია, რომ ვაზის ზრდის სიძლიერე ნიადაგის თვისებებისა და მოვლის შესაბამისად მნიშვნელოვნად ცვალებადობს, მაგრამ ამავე დროს ჯიშის თავისებურებებზედაც არის იგი დამოკიდებული. თეთრმა კამურმა ზრდა-განვითარების შედარებით თანაბარ პირობებში ღონიერი ზრდა იცის და ახოხების დიდ უნარსაც იჩენს.

მაღლარად მოზარდი ვაზები, რომელთა მოვლა ტექნიკური სიძნელეების გამო სრულებით არ წარმოებს, ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში ივითარებს 2-2,5 მეტრი სიგრძის რქებს და ზოგჯერ მეტსაც, გასხვლა-გაფურჩვნის შემთხვევაში კი მათი სიგრძე ხშირად 4 მეტრსაც აღემატება (ხეივანზე). ამრიგად, თეთრი კამური თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს ვაზის იმ ჯიშთა ჯგუფს, რომელთაც ძლიერი ზრდა ახასიათებს.

მოსავლიანობა. დაკვირვება მოწმობს, რომ თეთრი კამურის მოსავლიანობა მაღლარებზე ამჟამად მეტად ცვალებადობს და უშუალოდ ამინდზეა დამოკიდებული. ხელშემწყობი ამინდის დროს ერთი ძირის მოსავალი 30-40 კილოგრამამდე აღწევს. წარსულში კი, როგორც გადმოგვცემენ, მაღლარად მოზარდი ერთი ვაზი 70-80 კილოგრამზე მეტ ყურძენს ისხამდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან იმ დროს ვაზები სოკოვან ავადმყოფობებისა და ფილოქსერისაგან სრულიად არ იყო დაზიანებული. რქაზე ხშირად ორი მტევანია განვითარებული. ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები არ ისხამს.

გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ

გურიაში სითბოსა და ნალექების სიუხვე ხელშემწყობ პირობებს ქმნის სოკოვან ავადმყოფობათა ფართოდ განვითარებისათვის. თეთრი კამურის მწვანე მასა ამის შედეგად საგრძნობლად ზიანდება, რასაც თან სდევს რქების დასუსტება და მოსავლის მკვეთრად დაცემა. განსაკუთრებით მჟღავნდება სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ტენიან და მზით ნაკლებად განათებულ ნაკვეთებზე, სადაც მოსავალი ხშირ შემთხვევაში მთლიანად ნადგურდება. ამის გამო სავალდებულო აგროღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული თეთრი კამურის შეწამვლა ბორდოს ხსნარით და შეფრქვევა გოგირდით (ან სხვა სესაბამისი პრეპარატით).

დაკვირვებანი თეთრი კამურის ფილოქსერგამძელობაზე არ წარმოებულა, მაგრამ არსებული ნარგავების ზრდა და გავრცელების არეალის მკვეთრი შეზღუდვა მიგვითითებს იმაზე, რომ იგი სუსტად უძლებს ამ მავნებელს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფილოქსერის გავრცელებამდე თეთრი კამურის ნარგავები გურიაში მრავლად იყო და გარდა იმისა, რომ უხვ მოსავალს იძლეოდა, ამავე დროს იგი ჩინებული დეკორაციული მცენარე იყო აივნებისა და მარნების დასაჩრდილებლად და გასალამაზებლად. ახლა კი მისი მხოლოდ ერთეული ძირებია გადარჩენილი და ისიც წლითიწლობით კნინდება და ნადგურდება. ამის გამო თეთრი კამურის საკუთარ ძირზე გაშენება დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობების მიმართ და აგროტექნიკის თავისებურებანი

მრავალი წლის დაკვირვებები ცხადყოფს, რომ თეთრი კამური ეკოლოგიური პირობების მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტ გამძლეობას, იგი დაუბრკოლებლივ ვითარდება როგორც დაბლობ, ისე მთისპირა ადგილებში და ამავე დროს სხვადასხვა ექსპოზიციის ნაკვეთებზედაც.

ამავე დროს ნიადაგის მიმართაც მგრძნობიარე არაა, ვითარდება როგორც სუსტ ეწერზე (სოფ. ფარცხმა, ბურნათი, კოხნარი, საჭამიასერი), ისე თიხებზე და ალუვიურ ნიადაგებზე (ჩოხატაურის ქვედა ზონა). მაგრამ პროდუქციის მიხედვით იგი საუკეთესო შედეგებს იძლევა სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ და მზით უხვად განათებულ სუსტ ეწეროვან ნიადაგებზე. ამგვარ ნაკვეთებზე, ჯერ ერთი მცირდება სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედაბა და, მეორე, რაც მთავარია, მიიღება უხვი მოსავალი და ამავე დროს ვაზის ჯიშისათვის დამახასიათებელი მეტად ლამაზი აღნაგობის მტევანი და საუცხოო გემური თვისებების მქონე მარცვალი.

ვიანიდან გურიაში ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების მოქმედება მცირეა, ვაზის მომწიფებული მასა ამის შედეგად სრულებით არ ზიანდება და ვეგეტაციის დასაწყისიდანვე მისი განვითარება სავსებით ნორმალურად მიმდინაროეობს. თეთრი კამური, როგორც ძლიერ მოზარდი ვაზი ძველთაგანვეა შერჩეული და გამოვლინებულია მაღლარად ფორმირებისათვის. ამ წესმით ფორმირებისას იგი უხვ მოსავალს იძლეოდა. მაგრამ სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელების შემდეგ, მაღლარად ფორმირებული ვაზების მოსავალმა (მოუვლელობის შედეგად) მკვეთრად იკლო.

მოსავლის გადიდებისა და მოვლის გაადვილების მიზნით საჭიროა თეთრი კამურისათვის გამოვიყენოთ დაბალშტამბიანი დიდი დატვირთვის ფორმები, დიდი დატვირთვის ფორმებიდან კი პერსპექტიულად უნდა მივიჩნიოთ ძველად ცნობილი ქართული ოლიხნარი, ერთ მეტრამდე სიმაღლის შტამბით და მრავალწლიან მხრებზე 4-5 საფორმო რგოლის შექმნით. პერსპექტიულად უნდა მივიჩნიოთ აგრეთვე მრავალსაკავებლიანი ფორმები, მათზე 3-4 საფორმო რგოლის დატოვებით.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

სამეურნეო დანიშნულებით თეთრი კამური მიეკუთვნება მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს. მისი ყურძნის მექანიკურ-ქიმიური შედგენილობა მიგვითითებს აგრეთვე საღვინედ გამოყენების შესაძლებლობაზე. ყურძნის მექანიკურ-ქიმიური ანალიზებისათვის თეთრი კამურის ყურძნის ნიმუშები აღებულ იქნა სოფ. ბურნათსა და დაბლაციხეში (ჩოხატაურის რ-ნი).

ამ ორი ნიმუშის ყურძნის შემადგენელი ნაწილები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. მტევნის საშუალო წონა 165-166,5 გ, კლერტის საშუალო წონა 6,7-7,6 გ. წიპწების 7,7-8 გ, ხოლო ჩენჩოსი 19,2-20,1 გ უდრის. მტევნის კლერტის, წიპწებისა და ჩენჩოს წონა სულ 34,5-34,8 გ. ე.ი. საშუალოდ 20,9% შეადგენს. დანარჩენი 79% შეადგენს წვენი.

დიდი მტევნის წონა 230 გ, მცირესი კი 125 გ აღწევს. 100 მარცვლის საშუალო წონა 250-255 გ. უდრის, 100 მარცვალში 247 წიპწაა, წონით 17 გ. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლების შეადგენს 5% , ორწიპწიანი 49%, სამწიპწიანი _ 40% და ოთხწიპწიანი _ 6%. 100 მარცვლის კანის წონა 25 გ-მდე აღწევს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში ტკბილის შაქრიანობა 19-20%, ხოლო საერთო მჟავიანობა 8‰ უდრის. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდეც ინახება.

საერთო შეფასება და დარაიონება

პროდუქციის მაღალი გემური თვისებებით, ყურძნის შენახვის უნარიანობითბ ტრანსპორტაბელობითა და მტევნებისა და მარცვლების გარეგნული სილამაზით თეთრი კამური მიეკუთვნება ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს. მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული აგრეთვე ორდინარული ტიპის ღვინოების დასამზადებლად. გარდა ამისა აღსანიშნავია ვაზის ძლიერი ზრდა-განვითარება და ხელის შემწყობი პირობების დროს უხვი მოსავლიანობა.

მოსავლის კიდევ მეტად გადიდების მიზნით მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ვაზის ფორმირება ამაღლებულ შტამბზე ოლიხნარისებრი ან ფორჩხისებური წესით. შეიძლება ფართოდ იქნეს აგრეთვე გამოყენებული კორდონისებური წესით ფორმირება ორ მხარეზე _ ოთხი საფორმო რგოლის მიცემით და მრავალსაკავებლიანი ფორმა 3-4 სანაყოფეს დატოვებით.

ვინაიდან ჯიში სუსტ გამძლეობას იჩენს ჭრაქისა და ნაცრის მიმართ, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს ბორდოს ხსნარით წამლობა ჩატარდეს 5-6-ჯერ, ხოლო გოგირდით 3-ჯერ. ფილოქსერისაგან ვაზების დაცვის მიზნით სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული მისი მყნობა ფილოქსერგამძლე საძირეებზე.

თეთრი კამურის ფართოდ გავრცელება მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული გურიის შემდეგ მიკრორაიონებში:
ა) კოხნარ-საჭამიასერის ზონაში: ბურნათის, კოხნარის, ნაკადულის, ქვემოხეთის, ჩომეთის, განთიადის, მამულარის და კალაგონის მიკრორაიონებში;
ბ) დაბლაციხე-ზომლეთის და იანოულ-ბერეჟოულის ზონაში: დაბლაციხის, საყვავიტყის, ბურნათის, ფარცხმის, ახალსოფლის, განახლების, გოგოლეისუბნის, სამების, ვანის, ზომლეთის, იანოულის, ქვემო ონჭიკეთის, ქვემო ერკეთისა და ჩაისუბნის მიკრორაიონებში;
გ) ნიგოით-შუხუთის და ჩიბათ-ჩოჩხათის ზონაში: ჭყონაგორას, ჩოლობარგის, ნიგოითის, ზემო შუხუთის, შრომისუბნის, მოედანის, ხორეთის, წითელი უბნის, გულიანის, ქვიანის, ქვემო შუხუთის, ლაშისღელეს, ლანჩხუთის, გვიმბალაურის, ჯურუყვეთის, ნინოშვილის, ახალსოფლისა და ორმეთის მიკრორაიონებში.
დ) აკეთ-მამათის ზონაში: ჭანჭათის, ქვემო აკეთის, ზემო აკეთის, აცანის, მამათისა და გაგურის მიკრორაიონებში. ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე ქვემო იმერეთისა და აჭარის რაიონებისათვის;

kamura_vazi_tx_5009334333011175

საქართველოს ამპელოგრაფია. რედაქცია „აგროკავკასია“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB