კაბისტონი შავი – ქართული ვაზის ჯიში – რაჭა

კაბისტონი, ვაზი, ვენახი

შავი კაბისტონი ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიშია, გავრცელებულია ხშირად ნარევის სახით ჯიშ ალექსანდროულის ვენახებში, ცალკე ნარგავები იშვიათად გვხვდება. მისგან ამზადებენ ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს.

ადგილობრივ მევენახეთა შორის რაჭის ზოგიერთ სოფლებში შავი კაბისტონი ცნობილია აგრეთვე: კაბიშტონის, ძველი შავი კაბისტონის, რგვალი კაბისტონის სახელწოდებით, ხოლო თეთრი კაპისტონი, გაღმოური კაბისტონი და წიწილიანი კაბისტონი შავი კაბისტონისაგან განსხვავებული ცალკე ჯიშებია.

შავი კაბისტონი სიმწიფის მესამე პერიოდის ვაზის ჯიშია. იგი წარმოქმნილია ადგილობრივი კლტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი არ განსხვავდება prol. pontica Negrul.-ის  ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.

ჯიშის წარმოშობის ადგილისა და დროის შესახებ ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. ჯიშის სახელწოდების ენობრივ ანალიზზე დაყრდნობით აკად. ივ. ჯავახიშვილს ჯიშის სახელწოდება კაბისტონი-სოფლის სახელწოდებად გამოყავს, აღნიშნულის შესახებ იგი წერს: პროფ. არნ. ჩიქობავას ცნობით, აფხაზეთში ეშერას თემში სოფელ ფშალთელუღში გადმოსახლებული ლაზების სიტყვით კაბისტონა არქაბეს სანახებში მდებარე სოფელი ყოფილა.

კაბისტონელი – ჭანურად ვაპისტონარი იქნება და სწორედ ამის ბოლო მოკვეცილ ფორმას წარმოადგენს ყურძნის ჯიშის სახელი კაბისტონიც, მაშასადამე, ის ჭანური ჯიში ყოფილა. შემდეგ ამისა აკად. ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს შავი კაბისტონის მოკლე დახასიათება ვლ. ფოფხაძის და ს. თომაძისა, რომელთა მიხედვით შავმა კაბისტონმა მრგვალი ბიბილო იცისო, ხოლო ბიბილო ანუ ბიმბილი რაჭაში ყურძნის მარცვალსა ნიშნავსო, ეს ჯიში ღვინოდაც კარგია და ყურძნადაც, მაგრამ მის მოშენებას არ მისდევენო.

აღნიშნულ მონაცემების მიხედვით შავი კაბისტონი საკმაოდ ცნობილი ჯიში ყოფილა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში, რაც მის საკმაო ხნიერებას მოწმობს. შავი კაბისტონი გავრცელებული იყო ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში, მცირე რაოდენობით იგი ზემო იმერეთში, ქართლსა და ცხინვალის რეგიონში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონის რაიონში კაბისტონი გავრცელებულია ძირითადად ნარევის სახით, იშვიათად იგი გვხვდება აგრეთვე წმინდა ნარგავების სახითაც. ამბროლაურის რაიონში უფრო ხშირად შავი კაბისტონი გვხვდება ალექსანდროულის ვენახებში მუჯურეთულთან ერთად ნარევის სახით.

ბოტანიკური აღწერა

ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაქანებულ ფერდობზე, 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი სარმავთულზეა გამართული, გასხლულია ორმხრიანი შპალერის წესით, ორი საკავებლის და ორი ნეკის დატოვებით. კვების არე 3,0 კვ.მ უდრის. ვაზები დამყნობილია რუპესტრის დულოზე.

ახალგაზრდა ყლორტი. მოზარდი 15-20 სმ სიგრძის ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსვილია საკმაო სქელი ქეჩისებრი აბლაბუდით და შეფერილია თეთრად, ფოთოლაკების ქვედა მხარე უფრო ინტენსიურადაა შებუსვილი. გვირგვინსა და ფოთოლაკებს ირგვლივ ღია ვარდისფერი გადაჰკრავს. მეორე იარუსის (3-5) ფოთლის შებუსვა ზედა მხრიდან კლებულობს, რის გამო ფოთლები მომწვანო-ყვითელი ხდება, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს ქეჩისებრ შებუსვას და მოვერცხლისფრო თეთრ ფერს.

ერთწლიანი ნაზარდი. კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყავისფრო ყვითელია. მუხლთშორისების სიგრძე 4-დან 9 სმ-მდე მერყეობს. ხოლო მათი საშუალო სიგრძე 6-7 სმ უდრის. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთშორისები. მუხლთშორისების გასწვრივ შესამჩნევია ვიწრო, მორუხო ფერის ზოლები.

ფოთოლი. შუა იარუსის ზრდადამთავრებული ფოთლები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე საშუალოდ 16-დან 19 სმ-მდე მერყეობს, ხოლო განი 16-დან 19,5 სმ-მდე, ფოთოლი მრგვალი მოხაზულობისაა ან ოდნავ განიერ ოვალურია. ფოთლის ფირფიტა მუქი მწვანე ფერისაა და უფრო ხშირად სამნაკვეთიანია, იშვიათად გვხვდება ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ფოთლის შუა ნაკვთის კუთხე უფრო ხშირად ბლაგვია, იშვიათად გვხვდება სწორკუთხიანებიც. ფოთლის ზედაპირი სწორია ან ოდნავ ბადისებრ დანაოჭებული, მისი ფირფიტა უწესოდ მიხრილ-მოხრილია, ხშირად ქვედა ნაკვთების ზევით ამოწევის გამო ფოთოლი ძაბრისებურ ფორმას იღებს.

ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, რომელთა ფორმა საგრძნობლად ცვალებადობს. უფრო ხშირად ამონაკვეთები დახურულია, განიერ ელიფსური ან მომრგვალო თვლიანია. ამონაკვეთების ფუძე, ბრტყელი ან მომრგვალო, იშვიათად ცალკბილიანია. გვხვდება აგრეთვე ღია, ოდნავ შესამჩნევი ან ვიწრო ყელიანი ჩანგისებრი ფორმის ამონაკვეთებიც.

ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეურებია, ხანდახან ისინი სულ არ ვითარდება. ამონაკვთების ფორმა ხშირად ღიაა, იგი პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარი ან შეჭრილი კუთხისებრია, იშვიათად ნაპრალისებრი ფორმის ამონაკვეთებიც გვხვდება. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია, ფორმით ვიწრო ელიფსურთვლიანია ან თვალი კვერცხისმგავარი ფორმისაა. იშვიათად ყუნწის ამონაკვეთი დეზიანია, კიდევ უფრო იშვიათად გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ფორმის მრგვალფუძიანი ამონაკვეთები.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრი კბილებით, ხოლო გვერდითი ძარღვები ცალგვერდგამოწეულ სამკუთხედისებრი ფორმის კბილებით. ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია საკმაოდ სქელი აბლაბუდით, რომლის ქვეშ მოფენილია სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსი. ორივე ერთად ქმნის სქელ შებუსვას. ყუნწის სიგრძე უდრის ან ოდნავ მოკლეა ფოთლის შუა ძარღვზე, იგი ღია მწვანეა და შებუსვილია სუსტად ფიფქისებრი აბლაბუდით.

ყვავილი. ყვავილი ნორმალური აგებულების, ორსქესიანია. ყვავილში 5-6 მტვრიანაა. მტვრიანების ძაფების შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25-1,75მ-დე მერყეობს, უფრო ხშიარდ ეს შეფარდება 1,50 უდრის. ბუტკო ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა, კარგად გამოსახული სვეტით (ყელით) და ხშირად ორად გაყოფილი დინგით.

მტევანი. მტევნები საშუალო სიდიდისაა, მათი სიგრძე 10-დან 18 სმ-მდე, ხოლო განი 5-დან 8 სმ-მდე მერყეობს. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე უდრის 16X6 სმ. მტევნების ფორმა ვიწრო კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრია, ხშირად მტევნები მხრიანია, მხარის სიგრძე ზოგჯერ ძირითად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. დიდ მტევანში 140-160 მარცვალია, საშუალოში კი 60-80. მტევანი საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად იგი მეჩხერია (თხელი).

ჯიშს მტევნის წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევებულია და რქის ფერი. ყუნწის სიგრძე მერყეობს 4,5-5,5 სმ-მდე, _ საშუალოდ იგი 4,0-4,5 სმ უდრის. მარცვლის ყუნწი მწვანეა, სიგრძით 5-6 მმ. ყუნწის ბალიში განიერი ან იშვიათად ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა. მარცვლის ყუნწი და ბალიში დაფარულია ხორკლებით. მარცვლების მიმაგრება ყუნწზე დამაკმაყოფილებელია, მარცვალი ადვილად არ წყდება ყუნწს.

მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა. მარცვლების სიგრძე 1,4-დან 1,7 სმ-მდე, ხოლო განი 1,3-დან 1,6 სმ-მდე მერყეობს. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,5X1,4 სმ უდრის,. მარცვალი მომრგვალოა, იშვიათად გვხვდება ოდნავ ოვალურიც. მარცვალი შუაში განიერია, ბოლო მომრგვალებული აქვს. მარცვლის შეფერვა მუქი წითელია, სრულ სიმწიფეში იგი თითქმის შავია. მტევანში მარცვლები არათანაბრადაა შეფერილი _ მუქ წითელ მარცვლებთან ერთად შავი და ღია ვარსდიფერი მარცვლებიც გვხვდება.

მარცვლის კანი დაფარულია საკმაო სქელი ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მას იისფერ იერს აძლევს, იგი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივია, რბილობი წვნიანი ოდნავ მკვირივი. წიპწები ადვილად არ ეცლება რბილობს. წვენი უფერული, სასიამოვნო ტკბილი. ჯიშური არომატი ძლიერ სუსტად აქვს გამოსახული. კახეთში მისი მარცვალი ადვილად ჩამიჩდება.

წიპწა. მარცვალში უფრო ხშირად 2 ან 3 წიპწაა, იშვიათად ერთი და ოთხი. საშუალოდ მარცვალზე 2,8 წიპწა მოდის. წიპწის მომრგვალო-ოვალური სხეული მიხაკისფერია, მუცლის მხარეზე ღარების ფუძე და ნისკარტი მომწვანო-ყვითელია. წიპწის სიგრძე 6-7 მმ, ხოლო განი _ 4-5 მმ უდრის, ნისკარტისა კი 1,0-1,5 მმ-მდე აღწევს.

ქალაძა სხეულის შუა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა, მისი ზედაპირი ბრტყელი ან ოდნავ ჩაზნექილია. ქალაძიდან წიპწის ზედა ნაწილისაკენ მიმავალი ღარი მკვეთრად, ხოლო ნისკარტისაკენ სუსტად არის გამოსახული, მუცლის მხარის ღარები საკმაოდ ღრმაა და ერთი-მეორის პარალელურადაა განწყობილი. ნაწიბური დაბალია, იგი კარგად ემჩნევა წიპწას მთელ სიგრძეზე. ნისკარტი ცილინდრული ფორმისაა, წვერი ოდნავ გეზად აქვს წაკვეთილი.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა. დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდის და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საცდელ სადგურებზე თელავისა და ზესტაფონის საკოლექციო ვენახში.

კახეთში რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშების დიდი უმრავლესობა კახურ ვაზის ჯიშებთან ერთად მწიფდება, მაშინ როდესაც იმერეთის ვაზის ჯიშები 10-15 დღით უფრო გვიან მწიფდება, ხოლო ზოგიერთ წლებში სრულ დამწიფებას ვერ ასწრებს. რაჭა-ლეჩხუმი ჰავის პირობებით უფრო ახლოა კახეთთან, ვიდრე შუა იმერეთთან. კახეთის ჰავის პირობებში (თელავის რ-ნი), წარმოებულ დაკვირვებების მიხედვით შავი კაბისტონის სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდებოდა.

შავი კაბისტონი კახეთის და იმერეთის ჰავის პირობებში სექტემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა მერყეობს 133-დან 156 დღემდე და საშუალოდ 146-150 დღეს შეადგენს. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი ამ ხნის მანძილზე 2950ºუდრის. ამ მონაცემების მიხედვით შავი კაბისტონი სიმწიფის მესამე პერიოდის ჯიშებს მიეკუთვნება და იგი თავისუფლად შეიძლება რეკომენდებული იქნეს ფართო გამოცდისათვის რაჭა-ლეჩხუმზე უფრო გრილ ჰავიან რაიონებში.

კაბისტონის ერთწლიანი ნაზარდი (რქები) თავისუფლად ასწრებს შემოსვლას ყურძნის სრული სიმწიფის მომენტისათვის და კარგად გახევებული და მომწიფებული ხვდება ზამთრის ყინვებს.მოსავლიანობა. შავი კაბისტონი ადრე იწყებს მოსავლიანობას. მისი ერთწლიანი ნამყენი დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავლის პირველ ნიშანს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს იძლევა.

შავი კაბისტონი რაჭაში საშუალოზე მეტი მოსავლიანობით ხასიათდება. მისი მოსავლიანობის კოეფიციენტი 2,0 უდრის ანუ რქაზე საშუალოდ 2 მტევანს ისხამს. ძირის მოსავლიანობა შეადგენს 2-2,5 კგ, ანუ ჰექტარზე გადაყვანით მისი მოსავალი 80-100 ცენტნერს აღწევს. ონის რაიონში მისი მოსავლიანობა 2,0-2,25 მ კვების არეზე ქართული წესით ფორმირების დროს ძირზე 1,5 კგ, ხოლო უდიდესი 2,0-2,5 კგ შეადგენს. ჰექტარზე გადაყვანით მისი მოსავლიანობა საშუალოდ 60-80 ც, ხოლო ნოყიერ ნიადაგებზე 80-100 ცენტნერს აღწევს, საშუალო მტევნის წონა 120 გ, ხოლო მსხვილი მტევნისა 200-250 გ უდრის. შავი კაბისტონი კახეთის პირობებშიაც კარგი მოსავლიანობით ხასიათდება.

რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით შავი კაბისტონის შედარებითი გამძლეობა, როგორც მილდიუმის, ისე ნაცრის მიმართ შეფასებულია საშუალოდ. იმერეთში, ზესტაფონის რაიონში (ს. საქარა) წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით (თ. კვარაცხელია, ა. მიროტაძე) შავი კაბისტონის გამძლეობა მილდიუმის მიმართ სუსტია. სხვა ავადმყოფობისაგან ჯიშის სამეურნეო მნიშვნელობის დაზიანება აღნიშნული არ არის. ზამთრის ყინვების მიმართ ჯიში შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება.

ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნის მექანიკური შედგენილობა. მტევნის გარეგნული შეხედულება მისი შემადგენელი ნაწილების ურთიერთთან შეფარდება და წვენის ქიმიური შედგენილობა მიგვითითებს შავი კაბისტონის ყურძნის უდავოდ საღვინედ გამოყენების უპირატესობაზე. აღნიშნულის ნათელსაყოფად ქვემოთ მოცემულია შავი კაბისტონის მტევნის მექანიკური და ყურძნის წვენის ქიმიური ანალიზის მაჩვენებლები.

ლაბორატორიულ პირობებში შავი კაბისტონის ყურძნის წვენი საკმაოდ მაღალი (77,4%) გამოსავლიანობით ხასიათდება. წარმოების პირობებში ჭაჭის გამოსავლიანობა მეტია და უდრის 24-26%, ხოლო ტკბილისა 74-76%.

წვენის ქიმიური შედგენილობა. შავი კაბისტონი საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. ამიტომ მას უფრო ხშირად მუჯურეთულთან და ალექსანდროულთან ერთად კრეფენ ადგილობრივი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის ხვანჭკარას დასაყენებლად. შაქრის დაგროვების დიდ უნარს ჯიში კარგად ინარჩუნებს კახეთის პირობებშიაც. ამბროლაურის რაიონში შავი კაბისტონის შაქრიანობა 20-22% აღწევს, ასეთივე მაღალი შაქრიანობით ხასიათდება იგი კახეთშიაც (თელავში).

ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი. უფრო ხშირად შავი კაბისტონი გვხვდება ალექსანდროულის ნარგავებში ჯიშ მუჯურეთულთან ერთად მინარევის სახით და მათთან ერთად იწურება ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის ხვანჭკარას დასამზადებლად. უფრო იშვიათად შავი კაბისტონი გვხვდება აგრეთვე წმინდა ნარგავების სახით, ძირითადად კოლმეურნეობის წევრების საკარმიდამო ნაკვეთებზე. ამ შემთხვევაში იგი იწურება ცალკე, ადგილობრივი ტიპის სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

შავი კაბისტონის ღვინო საშუალო ღირსებისაა, ზოგიერთ წლებში იგი ხარისხოვან, კარგად შეფერილ ზომიერ სხეულიან, ენერგიულ და ჰარმონიულ ღვინოს იძლევა. შავი კაბისტონიდან საცდელად დამზადებული ღვინის ნიმუშები კარგი გემური თვისებებით ხასიათდებოდა: ღვინო უფრო ხშირად ლამაზი წითელი ფერის ან მუქი ვარდისფერია, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით, სხეულით და ჰარმონიული გემოთი.

ზოგი მეურნე უკეთეს შედეგს აღწევს შავი კაბისტონის ალექსანდროულის ჭაჭაზე დაყენებით. ამ შემთხვევაში უმჯობესდება, როგორც ღვინის ფერი, ისე მდიდრდება იგი სხეულით და უმჯობესდება მისი გემური თვისებები. ყველა ამის გამო უფრო ხშირად ამჯობინებენ შავი კაბისტონის მიმატებას ალექსანდროულთან ხვანჭკარას ტიპის ღვინის დასამზადებლად.

გლეხურ მეურნეობებში კაბისტონის ყურძნის გადამუშავება ხდება ხორგოში ანუ საწნეხელში ყურძნის საჭყლეტი მანქანების გამოყენებით. წვენი ჭაჭასთან ერთად რჩება ხორგოში სადუღრად. დუღილის პერიოდში ჭაჭიან ტკბილს ხორგოში დღეში ორჯერ ან სამჯერ დაურევენ “ქუდის” ჩაზელვით. მძაფრი დუღილის დამთავრებისას, დაწურვიდან დაახლოებით 7-10 დღის შემდეგ, ღვინოს ასხამენ სუფთა ქვევრში, ახურავენ სარქველს და მჭიდროდ გლესავენ თიხით. დარჩენილ ჭაჭას გამოწურავენ, რომლის შემდეგ მას ჩაყრიან ცალკე ქვევრში, მაგრად გაძეკავენ და ინახავენ არყის გამოსახდელად.

შავი კაბისტონის ღვინის ნიმუშები საკმაო მდიდარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება. მაღალ ალკოჰოლიანობასთან ერთად ექსტრაქტსაც დიდი რაოდენობით შეიცავს.

ყურძნის წვენისა და სუფრის ღვინის ქიმიური ანალიზების მონაცემების მიხედვით ჯიში შეიძლება პერსპექტიულად მივიჩნიოთ აგრეთვე ყურძნის უალკოჰოლო წვენისა და ხარისხოვანი საკონიაკე ღვინომასალის დასამზადებლად. ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნად ჯიში ნაკლებად გამოსადეგია, როგორც გარეგნული შეხედულებით ისე გემური თვისებებითაც.

საერთო შეფასება და რაიონირება

შავი კაბისტონი ადგილობრივი, ნაკლებად გავრცელებული ვაზის ჯიშია. მისი ვენახების ფართობი მოქცეულია ამბროლაურისა და ონის რაიონებში. უფრო ხშირად ჯიში გვხვდება ალექსანდროულის ვენახებში ნარევის სახით, იშვიათად წმინდა ნარგავების სახითაც, ძირითადად კოლწევრების საკარმიდამო ნაკვეთებზე. ჯიშის მოსავალი ალექსანდროულთან და მუჯურეთულთან ერთად იწურება ხვანჭკარას დასამზადებლად, იშვიათად ცალკეული ნაკვეთებიდან მისგან სუფრის წითელ ღვინოსაც ამზადებენ.

კაბისტონი, რაჭული, ვაზის, ჯიშიკაბისტონისაგან დამზადებული სუფრის ღვინო კარგი შეფერვით, ენერგიით, სხეულით და ჰარმონიული გემოთი ხასიათდება. ზოგიერთ წლებში მისგან საკმაოდ ხარისხოვანი ღვინო დგება. ჯიშის დადებითი თვისებებს მიეკუთვნება შედარებით მაღალი მოსავლიანობა და ადრე მწიფობა, პროდუქციის კარგი ხარისხი და ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინისათვის.

უარყოფით თვისებებს წარმოადგენს მილდიუმის მიმართ შედარებით სუსტი გამძლეობა, მარცვლების არათანაბარი მომწიფება და ღვინის არაინტენსიური შეფერვა. საქართველოს ვაზის ჯიშების სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში ჯიში შავი კაბისტონი შეტანილი არ არის.

ჯიში სასურველია გამოიცადოს ფართო მასშტაბით უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხოვანი კონიაკების ღვინომასალების დასამზადებლად, როგორც რაჭა-ლეჩხუმში, ისე ზემო იმერეთსა და შიგნი კახეთში (ალაზნის მარცხენა მხარე).

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა