კაბერნე სოვინიონი – ფრანგული ვაზის ჯიში საქართველოში

კაბერნე, ვაზი, ჯიში

კაბერნე სოვინიონი ფრანგული ვაზის ჯიში, შეტანილია საქართველოს სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში და განკუთვნილია მაღალხარისხოვანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.

მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში და ფრანგ მევენახეთა შორის კაბერნე სოვინიონი ცნობილია მრავალი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდებით (სინონიმით), მათ შორის უფრო ცნობილია პტი კაბერნე, ვიდიური, ვენ დიური, მარშოპეტი და სხვ. საბჭოთა კავშირში მას შეცდომით ლაფიტსა დალაფეტს უწოდებედნენ (პ. ბოლგარევი).

კაბერნე სოვინიონი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, საფრანგეთში იგი XVI საუკუნიდანაა ცნობილი, იგი იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს საფრანგეთში (ბორდო), საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში (კრასნოდარის მხარე).

განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა იგი ჟირონდის დეპარტამენტის ზოგიერთ მეურნეობებში (შატო ლაფიტი, შატო მარგო, შატო ლატურ, მუტონ როტშილდი, გობრიონი და სხვ.). ამ ადგილების ღვინოზე მაღალხარისხოვანი ღვინო უცხოეთის ვერც ერთმა სხვა რაიონმა ვერ შექმნა და როგორც ამას სამართლიანად აღნიშნავს ცნობილი სპეციალისტი პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკი მხოლოდ კახეთში, სუფრის ღვინოების ამ საუკეთესო რაიონში, მოგვცა კაბერნემ შედარების საშუალება ბორდოს კარგ სამარკო ღვინოებთან.

ყველაზე მეტად კაბერნე სოვინიონი საფრანგეთში _ ჟირონდის დეპარტამენტშია გავრცელებული, სადაც ამ ჯიშის დიდი მასივებია გაშენებული. ჯიში აგრეთვე გავრცელებულია ევროპის თითქმის ყველა მევენახეობის რაიონში და ნაწილობრივ ამერიკაშიაც, სახელდობრ: ჩილში, არგენტინაში, ბრაზილიასა და კალიფორნიაში.

კაბერნე სოვინიონი ყირიმში XIX საუკუნის დასაწყისში შეიტანეს, ყირიმიდან იგი გავრცელდა ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა მევენახეობის რაიონში.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე სოფ. კურდღელაურში. საკოლექციო ვენახი მდებარეობს ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუუსტად დაქანებულ ფერდობზე 562,3 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი 20 წლისაა, ვაზი გაფორმებულია, ძირითადად, ორმხრიანი შპალერის წესით, კვების არე 3მ2 უდრის, შტამბის სიმაღლე 50 სმ შეადგენს.

ახალგაზრდა ყლორტი. მოზარდი ყლორტის (10-15 სმ) წვეროები (გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი), შებუსვილია სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და თეთრი ფერისაა, მოვარდისფრო არშიით გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. ქვემოთ მდებარე მესამე და მეოთხე ფოთოლაკი ზევიდან კარგავს შებუსვას და იღებს მოყვითალო მწვანე ფერს მოწითალო იერით, ხოლო ქვედა მხრიდან ინარჩუნებს შებუსვას და მორუხო-თეთრ ფერს.

ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული ერთწლიანი რქა შემოდგომით შეფერილია ყავისფრად. მუხლთაშორისები მოკლეა _ სიგრძით 8-9 სმ. მუხლები კარგადაა გამოსახული და მუხლთაშორისებთან შედარებით უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთაშორისები დასერილია წვრილი ზოლებით.

ფოთოლი. შუა იარუსის ფოთოლი საშუალო (16,0 X 16,0 სმ) სიდიდისაა, ფორმით მომრგვალოა და ხუთნაკვთიანი. ფირფიტა ძლიერ ღრმადაა დანაკვთული, თათებს ახასიათებს მეორადი დანაკვთაც. ფოთლის ზედაპირი სწორია ან ოდნავ ტალღისებრი, მუქი მწვანეა, ოდნავ ბრჭყვიალა, იშვიათად სამნაკვთიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის შუა ნაკვთი ბლაგვი სამკუთხედისებრია.

ზედა ამონაკვეთები ღრმაა და მომეტებულ შემთხვევაში დახურული. ამონაკვეთებს სამკუთხედისებრი ან გულისმაგვარი თვალი აქვს, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძე და ერთიმეორეზე გადასული ნაკვთები. იშვიათად გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ან ნაპრალისებრი ამონაკვეთები, მომრგვალო ან ბრტყელი ფუძით.

ქვედა ამონაკვეთები ნაკლებად ღრმაა, ხშირად საშუალო სიღრმისაა, ღიაა, ფორმით ჩანგისებრია, უფრო ხშირად მომრგვალო ან წაწვეტებული ფუძე აქვს. იშვიათად გვხვდება მომრგვალოთვლიანი დახურული ამონაკვეთები მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. ყუნწის ამონაკვეთი ღრმაა, უფრო ხშირად ელიფსურთვლიანია და დახურული. ამონაკვეთის ფუძე შემდგარია წყვილი ძარღვისაგან. იშვიათად გვხვდება აგრეთვე ღია ჩანგისებრი ამონაკვეთები მომრგვალო ფუძით.

დაკბილვა. კბილები მთავარ ძარღვებზე განიერი გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისებრია, ბლაგვი ან წაწვეტებული წვერით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე გუმბათისმაგვარი ფორმის კბილები. გვერდითი კბილები გამოწეული გვერდებით სამკუთხედისებრი ან ხერხისებრ სამკუთხედისებრია. კბილები მსხვილი და არათანაბარი ზომით.

ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით. ძარღვები გამოწეულია, უბუსუსო, ღია მწვანეა, ხოლო ყურძნის სიმწიფის დროისთვის მურა იისფერს იღებს. ყუნწი ფოთლის მთავარ ძარღვზე მოკლეა, უბუსუსო, მუქი მწვანე, შემოდგომით კი მუქი იისფერი ხდება.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია. უფრო ხშირად ყვავილში ხუთი, იშვიათად ექვსი მტვრიანაა. მტვრიანების ძაფის სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან მეტად ცვალებადია, იგი მერყეობს 1,5-2,0-მდე; ხშირად ეს შეფარდება 1,75 უდრის. ბუტკო სწორი სურისებრია, კარგად გამოსახული ცილინდისებრი ყელით და მომრგვალო დინგით. ყვავილები კარგი თვითდამტვერვის უნარით ხასიათდება.

მტევანი. მტევანი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე მერყეობს 12-16 სმ შორის, ხოლო სიგანე 8-დან 10 სმ-მდე. საშუალო მტევნის სიგრძე-სიგანე 14X9 სმ უდრის. მტევანი საკმაოდ მკვრივია, კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსისებრი, ხანდახან ერთი ან ორი პატარა ფრთით. მტევნის ზედა ნაწილი განიერია, ბოლო კი წოწოლაა. მტევნის ყუნწი 6-7 სმ სიგრძისაა, ფუძესთან გახევებულია და შეფერილია რქისფრად. მარცვლის ყუნწი 0,4-0,6 სმ სიგრძისაა, იგი მუქი მწვანეა, ხოლო სიმწიფეში იფერება წითლად, ღეროს ბალიში კონუსისებრია და დაფარულია პატარა მეჭეჭებით.

მარცვალი. უფრო ხშირად მარცვალი საშუალოზე წვრილია, ფორმით მრგვალი, იშვიათად გვხვდება შეზნექილი ან ოვალური ფორმის მარცვლებიც. მარცვლის სიგრძე 1,4-1,5 სმ არ აღემატება. საშუალო მარცვლის სიგრძე-სიგანე 1,3X1,3 სმ უდრის, მარცვლის შეფერვა მუქი წითელია, მაგრამ სქელი მორუხო-ცვილისებრი ფიფქის გავლენით იგი მუქ იისფერს იღებს, მარცვლის კანი სქელია, მაგარი და ელასტიკური, ხორცი მკვრივი, წვნიანი, წვენი უფერული, ტკბილი, ბალახის გემო და სპეციფიკური არომატი ახასიათებს.

წიპწა. მარცვალში უფრო ხშირად 2-3 წიპწაა, იგი საშუალო სიდიდისაა (7,3 მმ სიგრძით და 4,2 მმ სიგანით), ფორმით მომრგვალო-ოვალურია. ნისკარტი მომსხო და გრძელია წიპწის სხეული მუქი ყავისფერია. ქალაძა მდებარეობს წიპწის შუა ნაწილში, მომრგვალო და ოდნავ ჩაზნექილია შუაში. ნაწიბური მუცლის მხარეზე კარგადაა გამოსახული. ღარები ნაწიბურის მარჯვნივ და მარცხნივ არა ღრმაა და მიემართება ნისკარტისაკენ.

აგრობიოლოგიური დახასიათება სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობა

დაკვირვებანი ვაზის განვითარების ფაზებზე წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში სოფ. კურდღელაურში _ 4 კმ დაშორებით ქ. თელავიდან. საკოლექციო ვენახი გაშენებულია ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუსტად დაქანებულ ფერდობზე 562,3 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

კაბერნე სოვინიონის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა განისაზღვრება 130-161 დღით. ტემპერატურათა ჯამი ამ პერიოდის განმავლობაში 3,010-3,250º შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით ჯიში კაბერნე შეიძლება მიეკუთვნოს სიმწიფის II პერიოდის ვაზის ჯიშებს. ჩვენს პირობებში იგი შედარებით უფრო გვიან მწიფდება, სახელდობრ III პერიოდის დასაწყისში.

რქის მომწიფება. კახეთის ჰავის პირობებში, რომელიც ხასიათდება გრძელი სავეგეტაციო პერიოდით და საკმაოდ დიდი ტემპერატურული ჯამით (3500-40000C) კაბერნეს ერთწლიანი რქა ყურძნის სრული სიმწიფის დადგომისათვის თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად შემოსული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.

ვაზის ზრდის სიძლიერე. სპეციალურ ლიტერატურაში მოყვანილი ცნობების მიხედვით კაბერნე სოვინიონი საკმაოდ ღონიერი ზრდის ვაზია. პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკი, პ. ბოლგარევი, ს. კორჟინსკი და სხვ. კაბერნეს ძლიერი ზრდის ვაზად მიიჩნევენ. საქართველოს პირობებში კი კაბერნე სოვინიონი საშუალოზე უფრო ძლიერი ზრდით ხასიათდება.

მოსავლიანობა. კაბერნე სოვინიონი მაღალი მოსავლიანობით არ ხასიათდება, ის შეიძლება მიეკუთვნოს საშუალო მოსავლიან ვაზის ჯიშებს. პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკის მიხედვით ჟირონდის საუკეთესო ვენახებში კაბერნეს მოსავლიანობა, ღვინოზე გაანგარიშებით, ჰექტარზე 50-60 ჰექტოლიტრს აღწევს. პ. ბოლგარევის ცნობით კაბერნე სოვინიონის მოსავლიანობა ყირიმის ტრამალებიან ნაწილში 60-65 ცენტნერს არ აღემატება, ხოლო აბრაუ-დიურსოში (კრასნოდარის მხარე) იგი იძლევა 80 ცენტნერამდე ყურძენს ჰექტარიდან.

მეც. კანდ. ი. რცხილაძის მიერ წინანდლის საბჭოთა მეურნეობაში (თელიანი) ჩატარებული აღრიცხვისა და შეკრებილი ცნობების თანახმად კაბერნე სოვინიონის საშუალო მოსავალი 55,74 ჰექტარ ფართობიდან ცალკეული წლების მიხედვით იყო შემდეგი: 1953 წელს _ 47,8 ც, 1955 წელს _ 47,9 ც და 1956 წელს 46,2 ც. ამავე თელიანის ზვრის ცალკეულ ნაკვეთებზე მოსავალი გაცილებით მეტი იყო, 1953 წელს _ 67,93 ც, 1955 წელს _ 87,4 ც და 1956 წ. 108 ც უდრიდა. ამრიგად, კაბერნე სოვინიონის მოსავალი თავისუფლად აღწევს ჰექტარზე საშუალოდ 80 და მეტ ცენტნერს. დასავლეთ საქართველოს პირობებში კ. გორაევის ცნობით კაბერნეს ათი წლის (1903-1912 წ.) საშუალო მოსავალი საქარის საცდელ სადგურზე შეადგენდა 40,3 ც, ხოლო ცალკეულ წლებში მისი მოსავლიანობა 68 ცენტნერამდე აღწევდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ წელს და ზოგ ნაკვეთზე კაბერნე სოვინიონის მოსავლიანობა შედარებით მაღალია. ასე მაგალითად, 1908 წელს ნაფარეულის მეურნეობაში კაბერნეს მოსავლიანობამ ზოგიერთ ნაკვეთზე 117 ცენტნერს მიაღწია. ამავე მეურნეობის ერთი ნაკვეთი, ზომით 1,63 დესეტინა ყოველწლიურად მაღალ მოსავალს იძლეოდა. ამ ნაკვეთის 9 წლის საშუალო მოსავალი 69,78 ც უდრიდა

ავადმყოფობა-მავნებლების მიმართ გამძლეობა

ყირიმში აკად. ს. კორჟინსკის და პროფ. გ. გოგოლ-იანკოვსკის, კახეთში წინანდლის მეურნეობის მევენახეთა, ხოლო თელავში ჩვენი დაკვირვებით კაბერნე სოვინიონი კარგი გამძლეობით ხასიათდება მილდიუმისა და ბლეკროტის (შავი სიდამპლის) მიმართ, სამაგიეროდ მგრძნობიარეა ნაცრისა და ერინოზისადმი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია კაბერნეს მარცვლების გამძელოა ლპობის წინააღმდეგ, მისი მარცვლები წვიმიან ამინდშიაც კი არ ლპება და საჭიროების დროს შეიძლება დიდხანს დაუკრეფავად დატოვება ვაზზე.ჯიშის აგროტექნიკის სპეციფიკური თავისებურებანი.

ჯიში კაბერნე სწრაფი ზრდა-განვითარებით ხასიათდება, ფილოქსერგამძლე ვაზის საძირეზე დამყნობილი უკვე მეორე წლიდან იძლევა საკმაო მოსავალს, სამაგიეროდ მისი ნამყენები შედარებით ადრე ბერდება და დარგვიდან დაახლოებით 35-45 წლის შემდეგ გამოდის წყობიდან. ეს გარემოება შემჩნეულია როგორც ყირიმში, ისე ჩვენშიაც ნაფარეულის ქვიან ნაკვეთებზე.

მეორე თავისებურება ჯიშისა იმაში მდგომარეობს, რომ კაბერნე სოვინიონი ვერ ეგუება მოკლე გასხვლას და ჯამისებურად ფორმირებას. სანაყოფე რქის ფუძესთან ახლო მდებარე 3-4 კვირტი, როგორც წესი, მცირე მოსავლიანია, ამიტომ იგი გრძლად უნდა გაისხლას. კვების არის შესაბამისად მას უნდა მიეცეს 16-20 კვირტი ვაზზე. ჩვენს პირობებში ჯიში კაბერნე უნდა დაირგას მექანიზაციის ზოლში 2X1,25, ხოლო დანარჩენ ადგილებში 1,5X1,25 მ კვების არეზე, მიეცეს ორმხრიანი შპალერის ფორმა და გაისხლას ვაზის ზრდის სიძლიერის მიხედვით; პირველ შემთხვევაში 16-20, ხოლო მეორე შემთხვევაში 12-16 კვირტზე.

ჩვენი მევენახეების დაკვირვების თანახმად საუკეთესო საძირედ კაბერნესათვის ითვლება რიპარიაXრუპესტრისის 3309. კირნარ ნიადაგებზე მისთვის უნდა შეირჩეს ბერლანდიერიXრიპარია 5ბბ, ან 420 ა, ხოლო მომეტებულად კირნარ ნიადაგებზე (60% ზევით) შასლა X ბერლანდიერი 41 ბ.

დასასრულ აღსანიშნავია კიდევ ის, რომ კაბერნე სოვინიონი ნაადრევად იწყებს შეთვალებას და შედარებით ნელა და არათანაბრად მწიფდება, როგორც მთელი მტევნები, ისე ცალკეული მარცვლები. ამის გამო რთველი არ უნდა ჩატარდეს ყურძნის სრულ მომწიფებამდე, მით უმეტეს, რომ მარცვლების ლპობის საშიშროება ამ ჯიშისათვის წვიმიან ამინდებშიც კი არ არის მოსალოდნელი.

ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი

ჩვენი და უცხოელი მევენახეების მიერ წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით გამოირკვეულია, რომ კაბერნე სოვინიონი გარემო პირობებისადმი შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება. აკად. ს. კორჟინსის დაკვირვებით კაბერნე სოვინიონი შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. ასეთივე კარგი გამძლეობით ხასიათდება იგი, როგორც ყირიმში, ისე კახეთში გვალვების მიმართაც.

იგი კარგად ვითარდება მშრალ ქვიან ნიადაგებზე და კარგად იტანს მშრალ ჰავას. თუმცა ყირიმის გვალვიან ტრამალებში ისე კარგად ვერ ხარობს. მისთვის საუკეთესო ადგიმდებარეობად ითვლება შემაღლებული ადგილები, მთაგორაკების მზისყური ფერდობები. ცივ და ძლიერ ტენიან ნიადაგებზე იგი ცუდად ვითარდება, გვიან მწიფდება და უარომატო დაბალი ხარისხის ღვინოს იძლევა.

საერთოდ კაბერნე კარგად ეგუება, როგორც ნაწილობრივ ტენიან, ისე მშრალ ქვიან ნიადაგებს. მაგრამ ყველაზე უკეთ ხარობს კაჟოვან, სილნარ, ჩონჩხიან ქვეთიხნარ ნიადაგებზე. ჯიშისათვის დამახასიათებელ ყველაზე უკეთეს ღვინოს კაბერნე იძლევა მშრალ, მწირ, ჩონჩხიან ნიადაგებზე, სადაც იგი, ჩვეულებრივ, შედარებით მცირე მოსავალს, მაგრამ მეტად ნაზსა და ძლიერ არომატიან ღვინოს იძლევა.

დასასრულ უნდა აღინიშნოს კაბერნეს კარგი გამძლეობა ყვავილცვენის მიმართ, რის გამო იგი ზოგიერთი წლის ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებშიაც კი მარცვლების კარგი გამონასკვით ხასიათდება.

მტევნის გარეგნული შეხედულების, მისი მექანიკური შედგენილობისა და ყურძნის წვენის ქიმიური ბუნების მიხედვით კაბერნე სოვინიონი უდავოდ საღვინე ვაზის ჯიშია. მართლაც, მცირეოდენი გამონაკლისს გარდა, კაბერნე სოვინიონისაგან ძირითადად სასუფრე წითელი ღვინო მზადდება.

ლაბორატორიულ პირობებში კაბერნე სოვინიონის მტევნების მექანიკური შედგენილობა კარგი მაჩვენებლებით ხასიათდება. კაბერნე სოვინიონის სხვა ჯიშებთან შედარებით ბევრ შაქარს აგროვებს ყურძენში. მისი შაქრიანობა, ცალკეული წლების მიხედვით, დიდი ცვალებადობით არ ხასიათდება. ყირიმში, ნიკიტის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული ანალიზების მიხედვით 16 წლის საშუალომ კაბერნე სოვინიონისათვის შეადგინა 20,97% შაქარი და 6,25% სიმჟავე.

დანიშნულება და ღვინის დახასიათება

კაბერნე სოვინიონისაგან მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, მზადდება სუფრის მაღალხარისხოვანი წითელი ღვინო.

კაბერნე სოვინიონის ღვინო სამართლიანად ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო სუფრის წითელ ღვინოდ მსოფლიოში და მას გარდა კახური საფერავისა მეტოქე არა ყავს, რომელსაც სამეურნეო თვისებების ჯამით შეეძლო კაბერნეს საუკუნოების განმავლობაში მოხვეჭილი სახელის შერყევა.

კაბერნეს ღვინო ხასიათდება ცოცხალი, მუქი წითელი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი და ნაზი თავისებური ბუკეტით. ცნობილი მეღვინეები ა. ეგოროვი და მ. პოპიჩი თელიანის კაბერნეს ღვინოს შემდეგნაირად აფასებდნენ: კახურ წითელ ღვინოებს შორის ბორდოს ტიპის ღვინოდ თელიანის კაბერნე უნდა ვიგულვოთ. თელიანის კაბერნემ განსაკუთრებით მაღალი ღირსების ღვინოები 1893, 1896, 1898, 1900, 1903 და 1906 წლებში მოგვცა.

კაბერნე სოვინიონი უფრო ხშირად სხვა ჯიშებთან ერთად იძლევა კარგად შეზავებულ, მკვიდრ სუფრის წითელ ღვინოს, სინაზესთან ერთად მას ახასიათებს საკმაო სხეული, ჰარმონიულობა, მკვიდრი ინტენსიური შეფერვა და ძლიერი, სასიამოვნო ბუკეტი. სუნსა და გემოზე მას ემჩნევა თვით ყურძნის სპეციფიკური, ე.წ. „კაბერნეს გემო“, რომელიც მოგვაგონებს მწვანე ბალახის გემოს. ეს სპეციფიკური გემო უფრო მკვეთრად ახალგაზრდა ღვინოში გამოსჭვივის, ვიდრე ძველში, კაბერნეს ღვინო ნელა ძველდება (მწიფდება), იგი ახალგაზრდობაში ოდნავ უხეშია.

პროფ. გ. გოგოლ-იანოვსკის ცნობით საფრანგეთში ყირონდის ვენახების დიდი უმეტესობა გაშენებულია ჯიშ კაბერნესა და მისი სახესხვაობებისა და ზოგიერთი სხვა ჯიშების ვაზებით სხვადასხვა მეურნეობაში სხვადასხვა შეფარდებით. ასე მაგალითად, მეურნეობა „მალესკოს“ ვენახებში შვიდ მერვედს კაბერნე სოვინიონი შეადგენს, ერთ მერვედს მალბეკი ან მერლო. „ბრუნკატენაკის“ ვენახებში ორი მეხუთედი კაბერნე სოვინიონია, ორი მეხუთედი მისი მსხვილმარცვლიანი სახესხვაობა _ კაბერნე ფრანი და ერთი მეხუთედი ვერდო. მეურნეობა „ჰოტ ბაილის“ (გრავი) ვენახში შვიდი მეთორმეტედი კაბერნე სოვინიონია, ხოლო თითო მეთორმეტედები მალბეკს, მარლოს, ვერდოს, კაბერნე კარმენერსა და კაბერნე ფრანს უჭირავს. მრავალი ჯიშისაგან შედგება აგრეთვე ცნობილი „შატო მარგოს“ ვენახებიც, მაგრამ ამ ვენახებშიაც კაბერნე სოვინიონი ჭარბობს.

ზოგიერთ მეღვინეობის მეურნეობაში (მაგალითად, მუტონ როტშილდის მეურნეობა), კაბერნეს ღვინოს მხოლოდ ერთ ჯიშ კაბერნესაგან ამზადებენ. უფრო ხშირად კი ამჯობინებენ სხვა ჯიშების, სახელდობრ, მალბეკის, მერლოს, კარმენერის და სხვათა მიმატებას. ბორდოში, მდ. ჟირონდისა და გარონის მარცხენა ნაპირზე განლაგებულ მედოკის გრავის, სოტერნის და აგრეთვე სენ ემილონის ადგილების განთქმული წითელი ღვინოები დგება ძირითადად კაბერნე სოვინიონისაგან, ხოლო ღვინისათვის თავისებური იერის მისაცემად მას სხვადასხვა რაოდენობით უმატებენ მალბეკს, მერლოს და კარმენერს თითოეულ მეურნეობაში ცდით განსაზღვრული რაოდენობით. უფრო ხშირად ამჯობინებენ მაღალმოსავლიანი და ხარისხოვანი ჯიშების მალეკისა და მერლოს მიმატებას. ეს ჯიშები ანელებს კაბერნეს სპეციფიკურ გემოს, მატებს სინაზეს და ამშვენიერებს მის შეფერვას.

ძველად კახეთშიც, ცნობილი მეღვინის ა. ეგოროვის გადმოცემით, საუკეთესო სამარკო ღვინო „თელიანი №48“, რომ უფრო ნაზი გამოსულიყო, შემდეგი პროპორციით მზადდებოდა . იღებდნენ ჯიშ კაბერნეს თელიანის ნაკვეთიდან 50%, კაბერნეს ნაფარეულის ნაკვეთიდან 30% და მალბეკს თელიანის ნაკვეთიდან 20% რაოდენობით. წინანდლის მეურნეობის მთავარი მეღვინის გ. კანდელაკის გადმოცემით, სამარკო ღვინო „თელიანი №48“ უკანასკნელ წლებში მხოლოდ წმინდა კაბერნე სოვინიონისაგან მზადდებოდა.

მეღვინეობის ძველ რაიონებში (საფრანგეთი) მრავალი ასეული წლის დაკვირვებით უკვე გამოვლინებულია შედარებით პატარა, მაგრამ მეტად მაღალხარისხოვანი ღვინის მომცემი ადგილები. ასე, მაგალითად, პროფ. გოგოლ-იანოვსკის ცნობით სახელგანთქმული „შატო-მარგოს“ ვენახის მთლიანი ფართობი არ აღემატება 80 ჰექტარს და შედგება 149 ცალკეული ნაკვეთისაგან. მომატებულ შემთხვევაში ამ ნაკვეთების ფართობი არ აღემატება ¼-1/2 ჰექტარს და, რაც მთავარია, ეს ნაკვეთები მთლიანი ფართობის სახით კი არაა წარმოდგენილი, არამედ პატარა ნაკვეთების სახით შეჭრილია გლეხების ვენახებში, რომლებიც ჩვეულებრივ უფრო დაბალი ხარისხის ღვინოებს იძლევა.

თელიანის კაბერნეს ღვინო ხასიათდება კარგად განვითარებული ბორდოს ღვინის ბუკეტით, მკაფიოდ გამოჭვივის მასში იის სუნი, ახასიათებს სინაზე, სისრულე, სასიამოვნო გემო, ნაზი ბუკეტი და ლალისფერი შეფერვა.

საერთო შეფასება და რაიონირება

ჯიში კაბერნე სოვინიონი ჩვენს პირობებში საუკეთესო სუფრის წითელ ღვინოს იძლევა. ამიტომ მას სამართლიანად თვლიან წითელი ჯიშების მესვეურად, რადგან როგორც ცალკე, ისე სხვა ჯიშებთან ერთად კაბერნე სოვინიონი იძლევა მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს. მართლაც, კაბერნე სოვინიონი, პინო ფრანი, საფერავი, ოჯალეში და ოცხანური-საფერე თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს წითელი ჯიშების საუკეთესო წარმომადგენლებად.

როგორც უცხოეთში, ისე ჩვენში პინომ, კაბერნემ, საფერავმა და ოჯალეშმა გამოამჟღავნეს ნათლად და მკაფიოდ თავიანთი მაღალი ჯიშური თვისებები და მოგვცეს მაღალხარისხოვანი წითელი ღვინო, რომელიც ჟირონდის ცნობილ სამარკო ღვინოს არ ჩამოუვარდება თავისი მაღალი ღირსებით.

ჯიშის სრული შეფასებისათვის მხედველობაშია მისაღები ჯიშის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები. დადებით თვისებებს შორის აღსანიშნავია ღვინის მაღალი ხარისხი, მისი შენახვის ხანგრძლიობა, ჯიშის რეგულარული მოსავლიანობა, ზამთრის ყინვების, გვალვის, მილდიუმის, ბლეკროტისა და მარცვლების სიდამპლის მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა ჯიშურ თვისებათა შედარებით სიმყარე და ცვალებად გარემო პირობებში კარგი დაყვავილების უნარი.

ჯიშის უარყოფით თვისებებს უნდა მიეკუთვნოს საშუალო მოსავლიანობა, ნაცრისა და ანტრაკნოზის მიმართ შედარებით სუსტი გამძლეობა და ვენახების ნაადრევად (35-40 წ.) გამოსვლა მწყობრიდან (მობერება), განსაკუთრებით მწირსა და ქვიან ნიადაგებზე. მაგრამ ჯიშის ეს უარყოფითი თვისებები ადვილად შეიძლება გამოსწორდეს, რა თქმა უნდა, თანამედროვე მოწინავე აგროწესების წარმოებაში დანერგვით და გატარებით.

მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად საჭიროა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კაბერნესათვის მიკრორაიონებისა და ცალკეული ადგილების სწორ შერჩევას. მის გასაშენებლად პირველ რიგში გამოყენებული უნდა იქნეს ის მიკრორაიონები, სადაც კაბერნეს უშუალო გამოცდამ კარგი შედეგები გამოიღო, სახელდობრ წინანდლისა და ნაფარეულის მეურნეობის ნაკვეთები, მეორე რიგში უნდა შეირჩეს ისეთი უბნები, რომლებიც უფრო უახლოვდება თელიანის ნაკვეთის ჰავასა და ნიადაგებს. ასეთი ადგილები კახეთში შეიძლება გამოინახოს _ ცივ-გომბორის მთისწინა ზოლში _ ახმეტიდან თელავამდე და შაშიანიდან ვაზისუბნამდე, უკანასკნელის ჩათვლით, შემდეგ ბაკურციხის ფერდობებზე, ხოლო ალაზნის გაღმა _ კავკასიონის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთის ფერდობებზე სოფ. ნაფარეულიდან სოფ. ყვარლამდე.

ფართოდ უნდა გამოიცადოს კაბერნე საფერავთან ერთად აგრეთვე იმ რაიონებში, სადაც ჰავისა და ნიადაგის პირობები სავსებით აკმაყოფილებს ვაზის მოთხოვნას და მასთან ამ რაიონებს არ მოეპოვება კაბერნე-სოვიონზე უფრო ხარისხოვანი წითელი ღვინის ჯიში. ასეთია ძირითადად ქართლის და ნაწილობრივ იმერეთის რაიონები, სადაც კაბერნესაგან მოსალოდნელია მაღალხარისხოვანი ღვინის მიღება.

ჯიშისათვის საუკეთესო ადგილმდებარეობის გამოსავლინებლად საჭიროა ყველა მიკრორაიონიდან მიღებული კაბერნეს ღვინოების დეტალური შესწავლა უკეთესი მიკრორაიონებისა და უბნების გამოსავლენად.

კაბერნე, ვაზი, ჯიში

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა