განჯური – თეთრყურძნიანი ვაზის სასუფრე ჯიში

სასუფრე, ვაზის, ჯიში, განჯური

განჯური თეთრყურძნიანი ვაზის სასუფრე ჯიშია. ხასიათდება მაღალი გემური თვისებებით, აგრეთვე მტევნისა და მარცვლების გარეგნული სილამაზით, შენახვის უნარითა და ტრანსპორტაბელობით, ამიტომ იგი სამართლიანად იჭერს საპატიო ადგილს კლასიკურ სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის.

მევენახეობის ლიტერატურაში, აგრეთვე თავის გავრცელების რაიონებში, ეს ჯიში სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი: განჯის, განჯური ყურძენი, განჯური, განჯური თითა, განჯური თეთრი, ელიზავეტოპოლის თეთრი, თავრიზი, შირაძული ანუ შირაზული, შახის ყურძენი. პირველი ხუთი სახელწოდება, რაც გავრცელებულია აზერბაიჯანსა და საქართველოში, ადასტურებს ჯიშის აზერბაიჯანულ წარმოშობას. ამაზე მიგვითითებს ვ. ლაზარიანი, მის მიერ შედგენილ განჯურის მონოგრაფიაში.

ამ დებულების გასამტკიცებლად ხსენებული ავტორი მიგვითითებს განჯურის მრავალ ფორმათა არსებობაზე აზერბაიჯანის მევენახეობის რაიონებში და იმოწმებს პროფ. ა. ნეგრულის გამოკვლევის შედეგებს განჯურისა და აზერბაიჯანული ჯი შის ბაიან შირეის თესლნერგების მორფოლოგიურ-ბიოლოგიურ თვისებათა დაახლოების შესახებ. აღნიშნულ საკითხში ერთგვარი ბუნდოვანება შეაქვს ჯიშის სპარსულ სინონიმებს: თავრიზი, შირაძული ანუ შირაზული და შახის ყურძენი.

ჯიშის აბორიგენობის დასადგენად საჭიროა მორფოლოგიურ- ბიოლოგიურ ნიშან-თვისებათა სრული ანალიზი, მისი შედარება ამა თუ იმ ზონაში გავრცელებულ ვაზის აბორიგენულ ჯგუფ-ჯიშებთან და გარეულ ფორმებთან და საერთო თვისებათა გამონახვა, აგრეთვე ისტორიული მასალების დეტალური ანალიზი და ჯიშის ხნოვანების დაახლოებითი დადგენა მისი გავრცელების ძირითად კერებში (ამ შემთხვევაში კერძოდ აზერბაიჯანსა და სპარსეთში).

დასახელებული ჯიში თავისი მორფოლოგიური ნიშნებით და ბიოლოგიური თვისებებით აღმოსავლეთის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. განჯური მასობრივი ნარგავების სახით გავრცელებულია აზერბაიჯანში, უმთავრესად: კიროვაბადის, ნიზამის, აგდამის, საფარალიევის, შამხორის, კასუმ ისმაილოვის რაიონებში. აზერბაიჯანის გარდა განჯური გავრცელებულია სომხეთში. შედარებით მცირე მასივებად წარმოდგენილია დაღესტნის, კრასნოდარის, სტავროპოლის, როსტოვისა და ყირიმის რაიონებში.

საქართველოში ეს ჯიში ძველად შირაზულის, ხოლო შემდგომ პერიოდში განჯურის სახელწოდებით ვრცელდება უმთავრესად ქ. თბილისის მიდამოებში და მის საგარეუბნო ზონაში. თავისი მაღალხარისხოვანი თვისებებით ამ ჯიშმა ჩვენში საპატიო ადგილი დაიკავა სუფრის ყურძნის ჯიშთა შორის და იგი მასობრივი ნარგავების სახით გავრცელდა გიაურარხის, დიღმის, ვარკეთილის და სამგორის მევენახეობის მეურნეობებში.

განჯური ფართოდ გავრცელდა აგრეთვე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე, ძირითადად ხეივნების სახით და ამ პირობებისათვის იგი ამჟამადაც ძირითად ჯიშად არის აღიარებული.

ბოტანიკური აღწერა

განჯური აღწერილია დიღმის სასწავლო მეურნეობაში (აღწეა ჩატარდა ადრეულ პერიოდში). საძირედ გამოყენებულია ბერლანდიერი X რიპარია 5 ბბ. ვაზები გაშენბულია კვების არით 1,5 X 1,5 მეტრზე. დაყენებულია მავთულზე და ფორმირებულია თავისუფალი სხვლის წესით.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი მცირედ არის დაფარული თხელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და შეფერილია ნარინჯისებრ მომწვანო-მოყვითალოდ. პირველი ახლად გაშლილი და მისი მომდევნო მეორე და მესამე ფოთლებიც ძარღვებითურთ მცირედ არის დაფარული აბლაბუდისებრი ბუსუსით და ნარინჯისებრ მომწვანო-მოყვითალოა. შემდეგ ფოთლებზე ეს შებუსვა სულ უმნიშვნელო ხდება და უფრო ხნოვან ფოთლებზე ზემო მხრიდან ქრება.

ყლორტი ღია მწვანეა და შიშველი; უმნიშვნელო აბლაბუდისებრი შებუსვა ახასიათებს მას ბაზალურ ზონაში. შემოსული რქა საშუალო ან საშუალოზე მსხვილია გრძელი მუხლთშორისებით, მოწითალო შეფერვისაა, მოყვითალო ელფერით. მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. მუხლთშორისის საშუალო სიგრძე 14,1 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საკმაოდ მოზრდილია ან დიდი. მისი საშუალო სიგრძე აღწევს 15,5-18,0 სმ, სიგანე _ 15,1-17,1 სმ; ფორმით ოვალურია და უფრო ხშირად ხუთნაკვთიანი. ფირფიტა მეტწილად ბრტყელია, ზოგჯერ ძაბრმაგვარ-ღარისებრი, მისი ზედაპირი გლუვია. ქვედა მხრიდან დაფარულია თხლად მონაცრისფრო აბლაბუდისებრი ბუსუსით.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, უფრო ხშირად განიერი ისრისებრია, ზოგჯერ ჩანგისებრი ან თაღისებრია, ფუძეზე განვითარებული აქვს ერთი ან ორი უბრალო დეზი. ზედა ამონაკვეთი საკმაოდ ღრმაა და დახურული, ელიფსური ან კვერცხისებრი ფორმის ამონაკვეთის ნაკვთები ურთიერთზე მცირედ გადადებულია. ქვედა ამონაკვეთი ღია და უფრო ხშირად ოდნავ ჩაჭრილია, ზოგჯერ საკმაოდ შეჭრილ კუთხეს ქმნის.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, უფრო ხშირად ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით, ზოგჯერ ხერხკბილა-სამკუთხედისებრია ცალხმრივ ამოზნექილი გვერდით და მომრგვალო ან მახვილი წვერით. მეორადი კბილები ფორმით მთავარი კბილების მსგავსია. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8-0,9 აღწევს. ყუნწი შიშველია და მოწითალო ფერის, რომელიც ფუძესთან გადადის ვარდისფერში.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია და ნორმალური აგებულების. ყვავილში უფრო ხშირად ექვსი მტვრიანაა. გვხვდება აგრეთვე ხუთი და შვიდი მტვრიანაც. მტვრიანები მცირედ უგრძესია ბუტკოზე. ყვავილედში მათი რიცხვი 550 აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე აღწევს 3-4,5 სმ. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში, როგორც ყუნწი, ისე კლერტი ბალახმაგვარია და ღია მომწვანო ფერისაა. მტევანი საშუალო სიდიდისაა. მისი საშუალო სიგრძე აღწევს 13-16 სმ, სიგანე 9-10 სმ, ხოლო დიდი მტევნის სიგრძე აღწევს 19 სმ, სიგანე 11,5 სმ. მცირე მტევნის საშუალო სიგრძე აღწევს 9,5 სმ, სიგანე 6,5 სმ.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ-კონუსური, ან კონუსურია, იშვიათად ცილინდრულიც გვხვდება. იგი საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ კუმსი არის.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშით აღწევს 4-6,6 მმ, ბალიში დამეჭეჭებულია და განიერკონუსური. მარცვალი საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მსხვილი. მისი საშუალო სიგრძე აღწევს 14,7-21,0 მმ, სიგანე 13,0-17,7 მმ. ფორმით ოვალურია, შუა წელში განიერი, ბოლო მორგვალებული აქვს და სიმეტრიულია. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში მარცვალი იღებს ლამაზ ღია-მოყვითალო შეფერვას. მარცვლის კანი საშუალო სისქისაა და მკვრივი, საკმაოდ ხორციანია და წვნიანი, ჩვეულებრივ ტკბილია. წიპწა რბილობს ადვილად სცილდება.

წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა. უფრო ხშირად 2 წიპწა გვხვდება, რომლის სიგრძე აღწევს 6,5-7,5 მმ, სიგანე 3-3,5 მმ. ზურგის მხრიდან ღია ყავისფერია; მუცლის მხრიდან ღარებში მოყვითალო ჩალისფერი. ქალაძა საკმაოდ გამოსახულია და უფრო ხშირად ოვალური ფორმისაა. ნისკარტი წიპწის ფერისაა და სიგრძე აღწევს 1,8-2 მმ.

აგრობიოლოგიური დახასიათება

ფენოლოგიური დაკვირვებანი განჯურის ბიოლოგიური განვითარების ფაზებზე ჩატარებულია დიღმის სასწავლო მეურნეობაში (თბილისის გარეუბანი), მოგვყავს აგრეთვე საქარისა და თელავის საცდელი სადგურებიდან მიღებულ დაკვირვებათა შედეგებიც.

ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 158 დღეს უდრის, ტირილის ფაზა და კვირტების წამობერვა 14-15 დღე გრძელდება, კვირტების გაშლა იწყება 15-16 აპრილიდან, ყვავილობა 5-7 ივნისიდან და 8-10 დღე გრძელდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს პირველი ნახევრიდან, ხოლო სრულ სიმწიფეს აღწევს 20 სექტემბრისათვის. ბიოფაზების თითქმის ასეთივე ხანგრძლიობით ხასიათდება განჯური თელავის მევენახეობის ზონაში (კახეთი).

საქარის საცდელი სადგურის მონაცემებით კი ამ ფაზების მსვლელობაში მნიშვნელოვანი სხვაობაა. ასე მაგალითად, კვირტების გალა აპრილის პირველ რიცხვებიდან იწყება, ყვავილობაც შედარებით ნაადრევად მიმდინარეობს, შეთვალება ივლისის ბოლო რიცხვებიდან წარმოებს, ხოლო ყურძენი მასობრივად სიმწიფეს იწყებს სექტემბრის პირველიდან. ამის შესაბამისად სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტების გალიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 150-155 დღემდე გრძელდება.

საქართველოს პირობებში განჯური ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდება, რითაც იგი მკვეთრად ამჟღავნებს თავის ჯიშურ თვისებებს. ზრდის ასეთი დიდი უნარის გამო იგი ხეივნებისათვის ძირითად ჯიშადაა მიჩნეული, განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებზე. სათანადო მოვლით ვაზის რქები მეტად მძლავრად ვითარდება და სიგრძით ხშირად 3-4,5 მ და მტესაც აღწევს.

ჯიში ამ ბიოლოგიურ თვისებას მევენახეობის ყველა ზონაში ამჟღავნებს. ყურძნის სრული მწიფობის პერიოდისათვის რქები მთელ სიგრძეზე მწიფდება და ღებულობს ჯიშის დამახასიათებელ ელფერს.მოსავლიანობა. სათანადო მოვლის პირობებში განჯური საშულო მოსავლიანობით ხასიათდება. მოსავლის პირველ ნიშანს იგი იძლევა დარგვიდან მეორე და, უფრო ხშირად, მესამე წელს. სრულ მოსავალს იძლევა მეოთხე ან მეხუთე წლიდან. ვაზის ფორმირებისა და დატვირთვის შესაბამისად განჯური მოსავლის სხვადასხვა მაჩვენებლებით ხასიათდება.

როგორც წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, დასახელებულ ფორმებში ყველგან ამჟღფავნებს მოსავლიანობის იმ თვისებებს, რაც საერთოდ ჯიშისთვის დამახასიათებელია. ასე, მაგალითად, ვაზზე მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა 41-49% აღწევს, ერთმტევნიანი ყლორტები მერყეობს 92%-მდე, ორმტევნიანი _ 7-8%-მდე. ხოლო სამმტევნიანი ყლორტები სრულებით არ ახასიათებთ. რქის პროდუქტიულობა 75-88 გ-მდე აღწევს; მოსავლიანობის კოეფიციენტი მერყეობს 0,45-0,53-მდე, ხოლო მტევნების რიცხვი ვაზზე 14-16 არ აღემატება.

წარმოდგენილი ფორმების და დატვირთვის მიხედვით ერთი ძირი ვაზის საშუალო მოსავალი 2,5-3 კგ-მდე აღწევს, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 75-88 ცენტნერამდე ყურძნის მოსავალს შეადგენს.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ჯიშმა არარეგულარული და უთანაბრო მოსავალი იცის, რაც ჩვენი აზრით გამოწვეულია, როგორც მოვლის პირობებით და ამის შედეგად ვაზის შემდგომი წლისათვის მომზადებით, ისე თვით ჯიშის თავისებურებით.

ჯიშის ბიოლოგიური თვისებებიდან აღსანიშნავია შემცვლელი და ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტების მოუსავლიანობა. ზემოაღნიშნული თვისება მკვეთრად მჟღავნდება აგრეთვე მევენახეობის სხვა რაიონებშიაც.

ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანება განჯურს ნაკლებად ახასიათებს. მასობრივი ყვავილცვენა იცის მხოლოდ არახელშემწყობ ამინდში და აგროტექნიკის დაბალ ფონზე.ჯიშის გამძლეობა ავადმყოფობათა და მავნებელთა მიმართ. საქართველოს პირობებში განჯური არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას ავადმყოფობათა, კერძოდ, ჭრაქისა და ნაცრის მიმართ, მაგრამ თბილსა და წვიმიან ამინდში საგრძნობლად ავადდება მათგან მისი ყვავილედი და ახლად გამოხორბლილი მარცვლები. ამიტომ აგროწესებით გათვალისწინებული წამლობა ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ სავალდებულო წესად უნდა იქნეს მიჩნეული ამ ჯიშის გავრცელების ყველა ზონაში.

მავნებლებიდან განჯურის მოსავალს ყველაზე მეტად აზიანებს ყურძნის ჭია. ამ მავნებლის მოქმედება იწყება ყვავილობიდანვე და გრძელდება ყურძნის შეთვალებამდე. ჭიის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, რასაც ზოგჯერ ადგილი აქვს საქართველოში, მასობრივად ზიანდება მოსავალი, ლპება ყურძენი და მოსავალი მკვეთრად ეცემა. ზოგიერთ წლებში მასზე ვრცელდება აგრეთვე ცრუფარიანა, განსაკუთრებით თბილისის ზონაში ხეივნად გაფორმებულ ვაზებზე. ამ მავნებლის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში მკვეთრად ეცემა მოსავლის ხარისხი.

ფილოქსერისადმი ჯიში ვერ იჩენს გამძლეობას, რის გამოც აუცილებელია მისი დამყნობა სათანადოდ შერჩეულ ფილო ქსერაგამძლე საძირეებზე. ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა, რაც ამ უკანასკნელ პერიოდში ფრთოდ გავრცელდა ვაზის სხვადასხვა ჯიშებზე, განჯურზე შემჩნეული არ ყოფილა.ჯიშის დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი. მრავალწლიური დაკვირვებებით დასტურდება, რომ განჯური, როგორც ზრდა-განვითარებით, ისე მოსავლით უკეთეს შედეგებს იძლევა ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე. ამგვარ პირრობებში მიიღება უფრო დიდი, კუმსი მტევნები და ხარისხოვანი სუფრის ჯიშისათვის არადამახასიათებელი პროდუქცია.

მაღალხარისხოვანი გემური თვისების მქონე პროდუქციისა და ლამაზი აღნაგობის მტევნების მისაღებად განჯურისათვის საქართველოში საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს შედარებით მცირე ნალექიანი რაიონები (400-600 მმ) და მზვარე ადგილები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ექსპოზიციებზე. ამგვარ ნაკვეთებზე მიღებული ყურძენი გარდა გარეგნული სილამაზისა ხასიათდება შენახვის კარგი უნარითა და ტრანსპორტაბელობით.

ზამთრის ყინვების მიმართ ჯიში ვერ იჩენს დიდ გამძლეობას. ყინვების მოქმედება კიდევ უფრო ძლიერდება საწყავ და ვაკე ადგილებში, რაც, ბუნებრივია, გამოწვეულია ვაზში ფიზიოლოგიური ტენის სიჭარბით და დაბლობ ზონაში ცივი ჰაერის მასების ჩაწოლით.

გვალვის მიმართ განჯური არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას, მაგრამ ტენით დეფიციტიან რაიონებში ვაზის ნორმალური ზრდისა და ხარისხოვანი მოსავლის მისაღებად აუცილებელია მისი ორჯერ მორწყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაზის ზრდა ნელდება და მტევნები და მარცვლები არატიპიური და უხარისხო იქნება.ჯიშის აგროტექნიკის ზოგიერთი თავისებურებანი. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, განჯური ძლიერი ან მეტად ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდება. ამიტომ აგროტექნიკის ძირითადი საკითხებიდან ყურადღებას იპყრობს ვაზის კვების არის საკითხი.

მრავალი წლის მანძილზე წარმოებულ დაკვირვებათა შედეგად დასტურდება, რომ განჯური კვების არედ 1,5X1,5 მ სრულიად მიუღებელია. ამგვარ პირობებში ვაზის ვეგეტატიური ნაწილების ძლიერ განვითარების გამო, ხდება ყლორტების ურთიერთში გადაზრდა-გადახლართვა. მწვანე მასა ვეღარ თავსდება მისთვის განკუთვნილ სივრცეში ამის შედეგად ვაზი გადაჭარბებით იბურება, მცირდება ჰაერაცია, სუსტდება ვაზის ნაწილებზე მზის სხივების მოქმედება, რასაც ხშირ შემთხვევაში სდევს მასობრივი ყვავილცვენა; სოკოვან ავადმყოფობათა განვითარების შედეგად მწვანე მასა ავადდება, ხოლო ყურძნის მწიფობის პერიოდში ჰაერაციისა და მზის სხივების მოქმედების შენელების გამო გემო უარესდება და ნაკლები ღირსების პროდუქცია მიიღება.

გარდა აღნიშნულისა, სრულიად გამოუყენებელია არსებული მექანიზმებით ძირითადი სამუშაო პროცესების მექანიზაცია. ყველა სამუშაო პროცესი ტარდება ხელით ან ცხენწევის გუთნით, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს დანახარჯებს მევენახეობაში და ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას.

ვაზის ნორმალური ზრდისათვის, უხვი და მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად, აგრეთვე არსებული მანქანებით ძირითადი სამუშაო პროცესების მექანიზაციისათვის, აუცილებელია ჩვენს პირობებში მიეცეს განჯურს კვების არედ 2X1,5 მ. ახალი მეურნეობები ამჟამად სწორედ ამ კვების არეზე შენდება და მომავალშიაც ასე უნდა იქნეს, მიუხედავად იმისა იქნება თუ არა შემოღებული ვიწრო ჰაბარიტიანი აგრეგატები. ამ კვების არის მიცემისას ჰექტარის დატვირთვა 150-200 ათას კვირტამდე მიაღწევს, რაც უზრუნველყოფს ჰექტარიდან 150 ცენტნერ და უფრო მეტი ხარისხოვანი ყურძნის მიღებას.

კვების არის შესაბამისად საჭიროა დიდი დატვირთვის ფორმების გამოყენება. გამოცდილი ფორმებიდან ჯიშისათვის პერსპექტიულად ჩაითვლება, ჩვენს პირობებში, მრავალსაკავებლიანი ფორმა ან ორმხრივი კორდონი თითოეულ მხარზე ორ-ორი საფორმო რგოლით და სიძლიერის შესაბამისად ვაზის საერთო დატვირთვა 40-50 კვირტამდე.

განჯურის მოსავლიანობა გაცილებით მეტია ხეივნურ ფორმებზე. ჩვენი აზრით, მოსავლის გადიდებაზე ამ შემთხვევაში გავლენას ახდენს პლასტიკურ ნივთიერებათა დიდი მარაგი, რაც მრავლად დატოვებულ ხნოვან ნაწილებშია დამარაგებული. ერთი ძირი ხეივნად გაფორმებული ვაზის მოსავალი, რომლის დატვირთვა საშუალოდ ას კვირტამდე აღწევს 20 კგ აღემატება, ხოლო უფრო მეტად დატვირთვისას 50-60 კგ აჭარბებს. სწორედ ამით აიხსნება ამ ჯიშის მასობრივად ხეივნად გაფორმება მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებზე.

სანაყოფე რქაზე მოსავლიან ყლორტებს ჯიში ივითარებს უფრო ხშირად ბაზისიდან მეექვსე-მეშვიდე კვირტიდან. ამიტომ რქის გასხვლა მიზანშეწონილია წარმოებდეს გრძლად 8-10-12 კვირტზე.

როგორც ცნობილია, მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშს უნდა ახასიათებდეს თხელი და ლამაზი აღნაგობის მტევანი, მსხვილი მარცვალი და გარეგნულ სილამაზესთან ერთად ყურძნის საუკეთესო გემო და უხვი მოსავალი.

დაყვავილებიდან 10-15 დღის შემდეგ თუ 50% გათხელდება ამ ჯიშის მტევანი, მაშინ ყურძენი კარგი გამოდის. აგრეთვე კარგს შედეგს იძლევა ამავე ვაზებზე ერთდროულად ყლორტის წვერის წაწყვეტაც და სანაყოფის ბაზალური ნაწილის შემორგოლვა. ასე, მაგალითად, ერთი ძირის საცდელი ვაზის საშუალო მოსავალმა მიაღწია 3,34 კგ (საკონტროლო _ 2,51 კგ). მტევნის საშუალო წონამ _ 229 გ (საკონტროლო _ 174 გ).

აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული დაყვავილებიდან 10-15 დღის გავლის შემდეგ მტევნების 50%-მდე გათხელება, ყლორტის წვერის წაწყვეტითა და სანაყოფის ბაზალური ნაწილის შემორგოლვით. მნიშვნელოვან ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული აგრეთვე ამავე პერიოდში მტევნის გათხელება 50-55%-მდე თვალხედვითი მეთოდით მარცვლების წინასწარი ათვლის გარეშე.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნისა და მარცვლის ორგანოლეპტიკური თვისებებით განჯური მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

ღვინოდ მისი პროდუქციის გადამუშავება მიზანშეუწონელია, რადგან ხარისხით იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საღვინედ განკუთვნილ მაღალხარისხოვან ვაზის ჯიშებს. განჯურის ღვინო მცირე სხეულიანია, ნაკლებ ჰარმონიული, უხალისო, დუნე, მცირე მჟავიანი და ზოგ შემთხვევაში მომეტებულ ალკოჰოლიანი დგება.

დიდი მტევნის წონა 500 გ აღწევს, საშუალო მტევნისა 215 გ. ხოლო მცირე მტევნისა 100 გ. ვაზზე უფრო ხშირად ჭარბობს საშუალო და მცირე წონის მტევნები.

ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში შაქრიანობა უფრო ხშირად 16,5-18,5% შორის მერყეობს. ზოგიერთ წლებში, როდესაც ყურძნის რეპროდუქციის პერიოდში მომატებული სითბოა, შაქრის მატებას აქვს ხოლმე ადგილი და იგი 21-22% აღემატება (დიღმის მეურნეობა). შაქრის ესოდენ მატებისას მკვეთრად ეცემა მჟავიანობა (5,0-5,5‰), რაც ამ ჯიშისათვის დამახასიათებელია მევენახეობის თითქმის ყველა რაიონში.

100 მარცვლის საშუალო წონა შეადგენს 250 გ, 100 მარცვალში 204 ცალამდე წიპწია, წონით 9,6 გ. ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 16%, ორწიპწიანი _ 39%, სამწიპწიანი _ 35%, ოთხწიპწიანი 9%, იშვიათ შემთხვევაში გვხვდება ხუთწიპწიანი მარცვლებიც, რაც 1-1,5% აღწევს.

მარცვლის მექანიკური თვისებებიდან აღსანიშნავია მისი ყუნწზე მიმაგრების ძალა და გაჭყლეტისადმი წინააღმდეგობა.

დიღმის მევენახეობის სასწავლო მეურნეობაში ხუთი წლის საშუალო მონაცემების მიხედვით მარცვლის ყუნწზე მიმაგრების ძალა მერყეობს 232-295 გ-მდე. საქარის საცდელი სადგურის მასალების მიხედვით ამავე ზონიდან აღებულ ნიმუშში მარცვლის მიმაგრების ძალა 273 გ-მდე აღწევს. ამ თვისებით იგი სავსებით აკმაყოფილებს ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

გაჭყლეტისადმი წინააღმდეგობაც საკმაოდ მაღალი ახასიათებს. მარცვლის უმცირესი დატვირთვა 880 გ აღწევს, ხოლო უდიდესი _ 1900 გ, საშუალო _ 1150 გ.

დიღმის მევენახეობის ზონაში განჯურის ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (შაქარი 17,6%, მჟავიანობა 6,4‰). სექტემბრის მეორე ნახევარში შაქრის მატებას აქვს ადგილი, მაგრამ არა მკვეთრად, ყოველ ხუთდღიურში მხოლოდ 0,5-1,0%-მდე მატულობს, ამის შესაბამისად საერთო მჟავიანობა კლებულობს და სექტემბრის დასასრულისათვის შაქარი თითქმის 20%-მდე აღწევს, ხოლო მჟავიანობა 6‰-მდე.

ოქტომბრის პირველ დეკადაში კიდევ მატულობს შაქრიანობა და იგი 21-22%-მდე აღწევს, ხოლო მომდევნო დეკადაში როგორც შაქარი, ისე მჟავიანობა უცვლელი რჩება. შაქრის ესეოდენ მატებას მოსდევს მჟავიანობის მკვეთრი დაცემა, რაც პროდუქციას მეტად დუნესა და უხალისოს ხდის.

ყურძნის გარეგნული სილამაზით და გემური თვისებებით განჯური შემდეგი მაჩვენებლებით ხასიათდება: მარცვალი ლამაზი მოყვანილობის, მოყვითალო ქარვისფერი, არა სქელკანიანი. კანი რბილობთან ერთად ადვილად იღეჭება, საკმაოდ წვნიანი. გემო ჩვეულებრივი ტკბილი, 17-18% შაქრის შეცულობისას საკმაო მჟავიანობით (6,4-6,5‰), ხალისიანი, ჰარმონიული, წიპწა რბილობს ადვილად ეცლება.

საერთო შეფასება და დარაიონება

საქართველოს პირობებში განჯური საშუალო მოსავლიანი ჯიშია. ამ ჯიშურ თვისებას იგი მევენახეობის ყველა რაიონში ამჟღავნებს. იგი ხასიათდება ძლიერი ან მეტად ძლიერი ზრდა-განვითარებით. ცალკეული რქების სიგრძე სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათივს ხშირად 3-4,5 მ აღემატება. ძლიერი ზრდა-განვითარების გამო ჯიში საჭიროებს გადიდებულ კვების არეს. საქართველოს პირობებში მისთვის კვების არედ აღებული უნდა იქნეს 2X1,5 მ. ე.ი. 3 კვ. მეტრი. კვების არის გადიდებასთან ერთად ჯიში საჭიროებს დიდი დატვირთვის ფორმებს.

განჯურისათვივს საუკეთესო ფორმად უნდა იქნეს მიჩნეული მრავალსაკავებლიანი ფორმა და ორმხრივი კორდონი ორ-ორი საფორმო რგოლით, თითოეული ვაზის 30-50-მდე კვირტით დატვირთვით, საკარმიდამო ნაკვეთებზე, აგრეთვე მეურნეობათა სატრანსპორტო გზებზე ხეივნად გაფორმება მეტად პერსპექტიულია ჯიშისათვის.

მოსავლის პირველ ნიშანს ჯიში იძლევა დარგვიდან მეორე და უფრო ხშირად მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეხუთე წლიდან. მოსავლიანი ყლორტების რაოდენობა მერყეობს 40-დან 57%-მდე. მოსავლიანობის კოეფიციენტი დაბალი აქვს (0,45-0,53). სანაყოფე რქი მოკლედ სხვლა უეფექტოა, რის გამოც აუცილებელია მისი გასხვლა 7-10-12 კვირტამდე.

როგორც ძველი ნაწილებიდან, ისე შემცვლელი კვირტებიდან განვითარებული ყლორტები უმოსავლოა. ყვავილცვენა და წვრილმარცვლიანება ჯიშს ნაკლებად ახასიათებს.

სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ჯიში დიდ მგრძნობიარობას არ იჩენს, მაგრამ მისი წამლობა როგორც ჭრაქის, ისე ნაცრის წინააღმდეგ სავალდებულო წესად უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ეს მევენახეობის აგროწესებითაა გათვალისწინებული.

ვაზის მავნებლებიდან საგრძნობ ზიანს აყენებს მას ყურძნის ჭია, ამ მავნებლის მოქმედება სამივე თაობაში მკვეთრად მჟღავნდება, რის გამოც მის წინააღმდეგ ბრძოლა დაუგვიანებლად და მაღალხარისხოვნად უნდა წარმოებდეს. ფილოქსერის მიმართ ჯიში სუსტ გამძლეობას იჩენს.

მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად განჯურის გაშენება უნდა წარმოებდეს მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე და სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ექსპოზიციებზე. ამგვარ ადგილებიდან მიღებული ყურძენი წარმატებით გამოიყენება საზამთროდ შესანახად და შორეულ მანძილზე გადასაგზავნად.

მრავალი დადებითი ნიშან-თვისებების გამო, განჯური დიდი ყურადღების ღირსია. ამჟამად მევენახეობის დარგის ფართოდ განვითარებასთან დაკავშირებით მისი გაშენება მასობრივი ნარგავების სახით უნდა ჩატარდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოსახლეობა მაღალხარისხოვანი სუფრის ყურძნით.

განჯურის გავრცელების საუკეთესო მიკრორაიონებად უნდა ჩაითვალოს თბილისის, სამგორის, რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, მცხეთის, კასპისა და გორის მევენახეობის ზონები. ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე კახეთისა და შუა იმერეთის პირობებისათვის.

ყველა დასახელებულ ზონაში განჯურის გაშენება უნდა წარმოებდეს ნამყენებით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერგამძლე ვაზის საძირეებზე.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა