ბროლა აჭარიდან (ბროლის ღვინო, ბროლის ყურძენი) – ქართული ვაზის ჯიში

ბროლა, ვაზი, ვენახი, მევენახეობა

ბროლა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია შუა და ზემო აჭარაში-აჭარისწყლის ხეობის მარცხენა ზოლში.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში, რომლისგანაც თეთრი სუფრის ღვინო მზადდება. შუა აჭარის ზოგიერთ სოფელში (ვაიო, ზვარე, სიხალიძე და სხვ.) იგი ცნობილია აგრეთვე ბროლას ვაზის, ბროლის ღვინოს და ბროლის ყურძნის სახელწოდებით.

ამ სახელწოდებას ჯიში სავსებით ამართლებს, რადგან სრული სიმწიფისას ყურძენი ბროლივით იფერება და მეტად ლამაზ სახეს იღებს. ბროლას წარმოშობის შესახებ ლიტერატურულ წყაროებ-ში ცნობები არ მოიპოვება. მისი მეტად მოკლე დახასიათება გავრცელების არეალის აღნიშვნით მოცემული აქვს თავის შრომაში. ტიმოფეევს, რომელიც ბროლას აკუთვნებს აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. აკად. ივ. ჯავახიშვილიც. ტიმოფეევის შრომაზე დაყრდნობით ბროლას აჭარულ ვაზის ჯიშთა სიაში ათავსებს. შედარებით უფრო სრული მასალა ამ ჯიშის ბოტანიკურ და სამეურნეო თვისებათა შესახებ, ჩვენ მიერ მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით, წარმოდგენილია პროფ. ს. ჩოლოყაშვილის ამპელოგრაფიაში.

დასახელებული ავტორები ბროლას აჭარულ ჯიშად თვლიან, მისი გავრცელების ადგილის მიხედვით, რაც სავსებით დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. კოლხეთში წარმოშობილი ვაზის აბორიგენული ჯიშები ფოთლის შებუსვის ინტენსივობისა და ყვავილის ტიპის მიხედვით ურთიერთისაგან ორ მკვეთრად განსხვავებულ ჯგუფად იყოფა: ერთ ჯგუფს შეადგენს მცირედ ან საკმაოდ შებუსვილფოთლიანი და ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის ყვავილის მქონე ჯიშები და მეორეს _ საკმაოდ ან ქეჩისებრ შებუსვილფოთლიანი და ნორმალურად განვითარებული ორსქესიანი ყვავილების მქონე ჯიშები. თავის მხრივ ეს ჯგუფები კიდევ იყოფა გარდამავალ ქვეჯგუფებად. ბროლა პირველ ჯგუფს მიეკუთვნება.

იგი აჭარაშია წარმოშობილი, უეჭველია ველური ვაზის ერთ-ერთი ნაირსახეობისაგან, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ბუნებრივი შერჩევისა, ხოლო შემდგომ პერიოდში ადამიანის ჩარევის შედეგად გარდაიქმნა და შეიძინა მთელი რიგი დადებითი  ნიშან-თვისება, ლამაზი აღნაგობის მტევანი და მარცვალი, სათანადოდ განაყოფიერების შემთხვევაში უხვი მოსავალი და პროდუქციის მაღალი გემური თვისებები. ამრიგად, ბროლა კოლხეთის ვაზის კერის წარმომადგენელია, რომელიც წარმოშობილა და ჩამოყალიბებულა ამ მხარის ეკოლოგიურ პირობებში და საუკუნეთა განმავლობაში საბოლოოდ დიფერენცირებულა აჭარის ადგილობრივ ვაზის ჯიშთა ჯგუფში.

ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემის თანახმად ბროლას გავრცელების არეალი შუა და ზემო აჭარის რაიონებით განისაზღვრებოდა. ამ მხარეში ეს ჯიში მასობრივად ყოფილა წარმოდგენილი მაღლარად და მიუხედავად მოუვლელობისა (მაღლარად აღზრდილი ვაზების მოვლა-გასხვლა, გაფურჩქვნა, შეწამვლა და სხვ. ტექნიკური სიძნელეების გამო სრულიად არ ხდებოდა) უხვ მოსავალსა და მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლეოდა.

როგორც გადმოცემით ირკვევა, აჭარის მოსახლეობა ბროლას პროდუქციას XVII საუკუნემდე იყენებდა ადგილობრივ მოსახმარებელი თეთრი ღვინოების დასამზადებლად, რასაც ადასტურებს აჭარის მოსახლეობაში ამჟამად შემორჩენილი მისი ძველი სახელწოდება ბროლის ღვინო. შემდეგში თურქეთის მიერ ამ მხარის მიტაცებისა და მოსახლეობის გამაჰმადიანების შემდეგ ბროლას ნარგავები მკვეთრად შემცირდა, ხოლო გადარჩენილი ძირების მოსავალს იყენებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ყურძნად ან ყურძნის წვენისა და ბადაგის დასამზადებლად.

მომდევნო პერიოდში ბროლას ნარგავების კიდევ უფრო შემცირებას ხელი შეუწყო სოკოვან ავადმყოფბათა და ფილოქსერის გავრცელებამ, რომელთა მოქმედების შედეგად ამ მხარის თურქების მიერ დაპყრობის გამო, ისედაც დაქვეითებული მევენახეობა განადგურებამდე მივიდა. ამას ზედ დაერთო იმ ხანებში მოსახლეობის ნაკლები დაინტერესება ამ დარგისადმი და აჭარაში გავრცელებულ მეტად საინტერესო სხვა ჯიშებთან ერთად ბროლაც თითქმის გადაშენდა.

ბროლას გავრცელების არეალი მეტისმეტად შეზღუდულია. იგი საკუთარ ძირზე _ მაღლარად გვხვდება ქედისა და ხულოს რაიონებში (სოფ. ქედა, სიხალიძე, მეძიბნა, ვაიო, ფურითო, ჩაო, დეკანაშვილები). მათი ზრდა-განვითარება მოუვლელობის შედეგად საშუალოზე მცირეა და მოსავლიანობაც მეტად ცვალებადი. იგი მხოლოდ კარგი ამინდების შემთხვევაში იძლევა დამაკმაყოფილებელ მოსავალს. ნამყენების სახით _ დაბლარად ბროლას მცირეოდენი ნარგავები წარმოდგენილია სოფ. ქედაში ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე (აჭარა), სადაც მისი როგორც ზრდა-განვითარება, ისე მოსავალი და პროდუქციის ღირსება სავსებით დამაკმაყოფილებელია. აჭარის რაიონებს გარეთ ბროლა მხოლოდ კოლექციებშია წარმოდგენილი ნამყენების სახით. (ამჟამინდელი მონაცემები უცნობია).

ბოტანიკური აღწერა

ბროლა აღწერილია ქედის რაიონის სოფ. მეძიბნაში. ვაზები საკუთარ ძირზეა და ფორმირებულია მაღლარად. შედარების მიზნით იგივე ჯიში აღწერილია სოფ. ქედაში ვაზის საკოლექციო ნაკვეთზე, სადაც ვაზები დაბლარია და ფორმირებულია ქართული წესით _ სარზე.

ახალგაზრდა ყლორტი. კვირტები გაშლის პერიოდში მოთეთრო-მოწითალოა და დაფარულია ქეჩისებრი თეთრი მონაცრისფრო ბუსუსით. ახლადგაშლილი პირველი ფოთოლი ზემო მხრიდან მომწვანო-მოწითალოა და ქეჩისებრადაა დაფარული ბეწვისმაგვარი ბუსუსით. ასეთივე შებუსვა აქვს მის ქვემო მხარესაც. პირველი ფოთლის მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზემო მხრიდან მომწვანო-იისფერია და მოწითალო ელფერი დაჰკრავს, იგი როგორც ზემოდან, ისე ქვემოდან დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შემდეგომ მოზრდილ ფოთლებზე ბუსუსი მცირდება და ნაცრის ფერს იღებს.

ახალგაზრდა ყლორტი მრგვალია, ღია მწვანე ფერისაა და მცირედაა დაფარული თეთრი-მონაცისფრო ბუსუსით. შებუსვა უფრო მატულობს ყლორტის წვერისაკენ.

ერთწლიანი რქა. საშუალო სიმსხოს შემოსული რქა ყავისფერია, მუხლებიც იმავე ფერისაა. მუხლთშორისის სიგრძე 6-12 სმ აღწევს.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და მომრგვალო ან ოდნავ განიერ-ოვალური მოყვანილობა აქვს, რომელიც მცირედ დანაკვთულია. ფირფიტის საშუალო სიგრძე 14,2-15,3 სმ, ხოლო სიგანე 14,5-15,5 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ჩანგისებრია და მომრგვალო ფუძიანი. ამონაკვეთის ნაკვთები სამი ან ოთხი ძაღრვისაგან შედგება. ამონაკვეთის ფუძეზე ზოგ შემთხვევაში განვითარებულია ერთი უბრალო კბილი. ზედა ამონაკვეთი უფრო ხშირად ღიაა და მცირედ ჩაჭრილი, იშვიათად ნასვრეტისებრიც გვხვდება. ქვედა ამონაკვეთი ძლიერ მცირედაა ჩაჭრილი.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ბლაგავ კუთხეს ქმნის. ნაკვთების წვერის კბილანები სამკუთხედისებრია და მახვილწვერიანი. გვხვდება სამკუთხედისებრი მომრგვალებულწვერიანი და ხერხკბილა-სამკუთხედისებრი კბილებიც. მეორეული კბილები ისევ სამკუთხედისებრია და წამახვილებულ ან მომრგვალებულწვერიანი, ხერხკბილისებრიც და ერთ მხარეს ამოზნექილგვერდიანი კბილებიც გვხვდება.

ფოთლის ქვემო მხარე საკმაოდაა შებუსვილი. მისი ზედაპირი გლუვია და უფრო ხშირად ბრტყელი ან კიდევ ძაბრმაგვარი ღარისებრ მოხრილია. მთავარი ძარღვები საკმაოდ შებუსვილია და ღია მწვანე ფერისაა.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან უდრის 0,6-0,9, იგი შიშველია და ღია მწვანე ფერისაა, ხოლო ფუძესთან იისფერი ხდება.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, მხოლოდ ფუნცქიონალურად მასობრივად მდედრობითი სქესისაა. ყვავილში 5 ან 4 მტვრიანაა, იშვიათად _ 6, ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 160-270 აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 4-5 სმ აღწევს; მტევნის სიგრძე _ 13-17 სმ, ხოლო სიგანე 6-9,5 სმ. მტევანში 59-72 მარცვალია. მტევანი საერთოდ ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისაა. ზოგ შემთხვევაში განტოტვილია. მტევანი მეჩხერია, იშვიათად საშუალო სიმკვრივისაც გვხვდება. მტევნის ყუნწი კლერტითურთ ბალახმაგვარია და მწვანე ფერისაა.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4-5 მმ-ია, იგი მწვანეა. საჯდომი ბალიში გლუვია, იშვიათად დამეჭეჭებული და თითქმის განიერ კონუსისებრიც. მარცვალი საჯდომ ბალიშზე საშუალოდაა მიმაგრებული.

მარცვალი ღია მწვანე ფერისა და საშუალო სიდიდისაა, სიგრძე აქვს 14,5-18 მმ, სიგანე _ 14,2-17,8 მმ. მომრგვალოა, შუა წელში უფრო განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. იგი საკმაოდ სქელკანიანი და ხორციანია, წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემო აქვს. ცვილით მარცვლის კანი მცირედაა დაფარული.

წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა; უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე _ 6-7 მმ, ხოლო სიმსხო _ 3-3,5 მმ აღწევს. წიპწა ყავისფერია, ხოლო მუცლის მხარეს ღარებში მოყვითალო. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა წელს ცოტათი ქვემოთ და მოგრძო ოვალური ფორმისაა. ნისკარტი მოყვითალოა, მისი სიგრძე 1,5 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა. ფენოლოგიური დაკვირვებანი ბროლას სავეგეტაციო ფაზების მსვლელობაზე წარმოებდა ქედის რაიონში სოფ. მეძიბნაში, მაღლარად განვითარებულ ვაზებზე და სოფ. ქედაში _ საკოლექციო ნაკვეთზე დაბლარ ვაზებზე.

ქედის რაიონის სოფ. მეძიბნას ზონაში მაღლარად ფორმირებული ბროლას სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე უდრიდა 191 დღეს. ვაზის გამოღვიძება ამ ზონაში იწყება პირველ აპრილიდან, ხოლო კვირტების გამოფურჩქვნა 8 აპრილიდან.

ყვავილობა 7 ივნისიდან იწყება, ხოლო მასობრივი ყვავილობა _ 10-12 ივნისიდან. ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში ყვავილობა 20 ივნისისათვის მთავრდება. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში და მასობრივად მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.

ფოთოლცვენა იწყება ნოემბრის პირველ დეკადაში და დეკემბრის პირველ რიცხვებში მთავრდება. რადგან მაღლარად ფორმირებული ვაზი მოკლებულია ყოველგვარ მოვლას, ხელსაყრელი ამინდის დროს სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ძლიერდება, რის შედეგადაც ხდება ფოთლების ნაადრევი ჩამოცვენა (12-15. XI), ამის გამო კი მნიშვნელოვნად მცირდება ამ ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა.

ბროლას ბიოლოგიური ფაზების მსვლელობაში სოფ. ქედის საკოლექციო ნაკვეთზე მკეთრ განსხვავებას ვერ ვპოულობთ სოფ. მეძიბნის ზონასთან შედარებით, რაც, უეჭველია, ამ ორი ზონის მსგავსი ეკოლოგიური პირობებით აიხსნება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაბლარის სავეგეტაციო პერიოდი ერთი კვირით გახანგრძლივებულია, რაც გამოწვეულია ვაზების სათანადო მოვლით და ამის შედეგად ფოთლების დაგვიანებით ჩამოცვენით (3-4. XII).

ვაზის ვეგეტატიური ნაწილები რქების სახით სრულ მომწიფებას აღწევს ყურძნის მასობრივი მწიფობის პერიოდისათვივს და ამ დროისათვის ჯიშის დამახასიათებელ ელფერს იღებს. არა ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში მაღლარ ვაზებზე ფოთლების ნაადრევად ჩამოცვენის გამო რქის წვერები ვეღარ ასწრებს მომწიფებას და ზამთრის ყინვების გავლენით იყინება.

ვაზის ზრდა. თუ ამინდი ხელსაყრელია მაღლარად ფორმირებული ბროლას ზრდა საშუალოა. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ცალკეული რქის სიგრძე ხშირად 1-1,5 მ აღწევს. სოკოვან ავადმყოფობათა გავრცელების დროს კი ვეგეტატიური ნაწილების ზრდა მნიშვნელოვნად სუსტდება, ფოთლები მასობრივად ავადდება და ნაადრევად ცვივა ძირს. ამის შედეგად რქები შუას ზემოთ _ წვერისაკენ მოუმწიფებელი რჩება. რასაც თან სდევს ვაზის სავეგეტაციო სიძლიერის შემცირება.

ქედის საკოლექციო ნაკვეთზე გაშენებული ბროლას ზრდა-განვითარება საშუალო ან საშუალოზე ძლიერია. სათანადოდ მოვლილი ვაზების რქების სიგრძე სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის ხშირად 2 მ აღწევს.

მოსავლიანობა. მაღლარი ვაზების მოსავალი მოუვლელობის შედეგად მეტად ცვალებადია. ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაშიც კი იგი მეჩხერ და პატარა ზომის მტევნებს ისხამს. დაბლარ ვაზებზე შედარებით უფრო კუმსი და მოზრდილი მტევნებია, რაც, ეჭვს გარეშეა, ვაზის ნორმალურად დატვირთვისა და სათანადო მოვლის შედეგია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაღლარი ბროლას მოსავლიანობა ცვალებადია. კარგი ამინდის შემთხვევაში ერთი ძირის მოსავალი 40-50 კილოგრამს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. ხოლო ჰექტარზე გადაანგარიშებით ერთი ჰექტარის მოსავალი 60-65 ცენტნერს არ აღემატება.

დაბლარად ფორმირებული ბროლას მოსავალი რეგულარულია, რაც, ეჭვს გარეშეა, მიღწეულია აგროტექნიკური ოპერაციების დროულად და ხარისხოვნად ჩატარებით. მოსავლიანი ყლორტები დაბლარ ვაზზე 76% შეადგენს. მოსავლიანობის კოეფიციენტი 1,5 უდრის. რქაზე ხშირად ორი მტევანია, გვხვდება ერთიც. ერთი ძირი ვაზის მოსავალი 1,2-2 კგ აღწევს, ხოლო ჰექტარზე გადაანგარიშებით მისი მოსავალი 60-80 ცენტნერს შეადგენს. ვაზის ძველი ნაწილებიდან წარმოშობილი ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა.

ვინაიდან ბროლას ყვავილები ფუნქციონალურად მასობრივად მდედრობითია, ვაზმა იცის ყვავილცვენა, რაც 15% და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით აუცილებელია ბროლას ხელოვნური დამტვერვა ან მისი გაშენება ორსქესიანი ყვავილების მქონე ვაზის ჯიშთა შორის. მტევანში წვრილმარცვლიანება მხოლოდ მცირე რაოდენობით გვხვდება.

გამძლეობა სოკოვან დაავადებათა და მავნებელთა მიმართ და გარემო პირობებისადმი დამოკიდებულება

სოკოვან ავადმყოფობისადმი ბროლას სუსტი გამძლეობა ახასიათებს. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება იგი ჭრაქით. მაღლარ ვაზებზე ბრძოლა ავადმყოფობათა წინააღმდეგ არ წარმოებს, რის შედეგადაც თბილ და წვიმიან ამინდებში, როგორც მოსავალი, ისე ვაზის მწვანე ნაწილები მასობრივად ნადგურდება.

დაბლარად ფორმირებული ვაზებიც ზიანდება ჭრაქისაგან, მაგრამ გაფურჩვნისა და წამლობის დროულად ჩატარების შედეგად ამ ავადმყოფობის მოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. მოსავლისა და ვეგეტატიური მასის სრულიად საღად შენარჩუნების მიზნით სავალდებულო აგროღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული აჭარის რაიონებში ბროლას 6-ჯერ შეწამვლა. აქედან ორჯერ ყვავილობამდე, ხოლო ოთხჯერ ყურძნის შეთვალებამდე.

ბროლა ფილოქსერას ვერ უძლებს. სწორედ ამით აიხსნება ამ ჯიშის საკუთარ ძირზე არსებული ვაზების მასობრივი ამოვარდნა.

მოსავლის გადიდებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული ბროლას გამრავლება ნამყენებად. დაბლობ ზონაში მონატან ღრმა ნიადაგებზე (მერისის ხეობის ქვედა ტერასა) იგი შედარებით მეტ მოსავალს იძლევა, მაგრამ სოკოვან ავადმყოფობათა გაძლიერებული მოქმედების შედეგად, აგრეთვე მარცვალში მომეტებულად წყლის დაგროვების გამო, პროდუქციის ხარისხი გაუარესებულია. ამის გამო ჯიშისათვის დამახასიათებელი მაღალხარისხოვანი პროდცქიის მისაღებად ბროლა უნდა გაშენდეს სამხრეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ფერდობებზე, ფორმირება კი უნდა მოხდეს ამაღლებული შტამბით, ე.წ. ოლიხნარისებრი ან ფორჩხისებრი წესით მასზე 3-4 საფორმო ელემენტის შექმნით.

წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ბროლას გაფორმება ორმხრივი შპალერისებრი და კორდონისებრი წესით, ხოლო ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მავთული. ამ უკანასკნელი ღონიძიების გატარება ხელს შეუწყობს მზის სხივებისა და აერაციის გაძლიერებულ მოქმედებას. ვაზის ვეგეტატიურ ნაწილებზე, რასაც შედეგად მოჰყვება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და გარდა ამისა ნაკვეთში და ვაზებზედაც გაადვილდება სამუშაო პროცესების ჩატარება (ნიადაგის დამუშავება, გაფურჩვნა-დანორმება ყლორტებისა, ნამხრევის შეცლა, ახვევა და სხვ.).

შუა აჭარისათვის დამახასიათებელ (-6º-10º) ზამთრის ყინვებს ბროლა კარგად უძლებს. ვაზი დროულად იღვიძებს და მისი შემდგომი განვითარებაც სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს. მაღლარებზე რქის წვერის ნაწილების მოყინვა მათი მოუმწიფებლობითაა გამოწვეული, რასაც დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე სრულიად არა აქვს ადგილი.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

ყურძნის მექანიკური შედგენილობა. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით ბროლა საღვინე ჯიშია. ამაზე მიგვითითებს მტევნის გარეგნული შეხედულება და მექანიკურ-ქიმიური შედგენილობა. ამავე დროს იგი წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული საჭმელ ყურძნადაც.

ბროლას მტევნების საშუალო წონათა შორის საკმაო განსხვავებას ვპოულობთ (მაღლარისა _ 73 გ, ხოლო დაბლარისა _ 90 გ), რაც უმთავრესად ფორმირების გავლენას მიეწერება. მაღლარ ვაზებზე მტევანი უფრო მეჩხერი და პატარა ზომისა ვითარდება, ვიდრე დაბლარზე.

100 მარცვლის მექანიკური ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: საშუალო წონა 115-121 გ აღწევს; 100 მარცვალში 243 ცალი წიპწაა, წონით 7 გრამია; აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 11%, ორწიპწიანი _ 41%, სამწიპწიანი _ 37% და ოთხწიპწიანი _ 11%. წვრილი მარცვლები ხშირად უწიპწოა ან 1-2 განუვითარებელ წიპწას შეიცავს.წვენის ქიმიური შედგენილობა. ბროლას ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა ამინდის პირობების მიხედვით ცვალებადობას განიცდის.

დაკვირვებამ ცხადყო, რომ რთველის უფრო დაგვიანებით ჩატარება მცირედ ადიდებს ყურძენში შაქრის რაოდენობას. შაქრის არადიდი ოდენობით დაგროვება ყურძენში გამოწვეული იყო მწიფობის პერიოდში უხვი ნალექების შედეგად ჰიდროთერმიული კოეფიციენტის გადიდებით და ამის გამო მარცვალში წყლის დაგროვებით. ყოველ შემთხვევაში წარმოდგენილი ნიმუშები შაქრიანობა-მჟავიანობის შეცულობის მიხედვით შეიძლება სავსებით დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს ადგილობრივი მოხმარების ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინის დასამზადებლად.

ბროლას ღვინის ქიმიური ბუნების სიმდიდრეს- ნორმალურ ალკოჰოლიანობას (11,2º) შეხამებული მჟავიანობით (7,02‰), აგრეთვე მცირე მქროლავ მჟავიანობას (0,80‰), რაც ღვინის სისაღის დამადასტურებელია და ზომიერ სხეულიანობას (20,50).

მასალის სიმცირის გამო დაკვირვება ღვინის დაძველებაზე არ წარმოებულა, არც რაიმე გადმოცემა არსებობს ამის შესახებ, მაგრამ პროდუქციის ორგანოლეპტიკური თვისებები და მისგან დაყენებული ახალგაზრდა ღვინის ქიმიური ბუნება გვაფიქრებინებს, რომ სიძველეში ამ ღვინოს გემური თვისებები განუვითარდება, შენახვის უნარი ექნება და ტრანსპორტაბელურიც გამოდგება.

საერთო შეფასება და რაიონება

აჭარის თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ბროლა უდავოდ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, ვინაიდან მისი პროდუქცია წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად, ისე სუფრის ყურძნად.

ბროლა, ვაზი, ვენახიმის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ყვავილების დეფექტურობა (მასობრივი ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის ყვავილები ახასიათებს) და აგრეთვე ჭრაქისა და ფილოქსერისადმი სუსტი გამძლეობა. აღნიშნული ნაკლოვანებანი დაუბრკოლებლად შეიძლება გამოსწორებული იქნეს. პირველი _ ვაზების ხელოვნური განაყოფიერებით ან ორსქესიანი ყვავილების მქონე ვაზის ჯიშთა შორის გამორგვით, ხოლო მეორე _ 1-2-ჯერ დამატებითი წამლობის ჩატარებით და მყნობით.

მოსავლის გადიდებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იგი უნდა გაშენდეს მზით უხვად განათებულ ფერდობებზე და გაფორმდეს შპალერისებრი ან კორდონისებრი წესით.

ბროლა როგორც პერსპექტიული ჯიში უნდა გაშენდეს აჭარის მევენახეობის შემდეგ ზონებსა და მიკრორაიონებში:

ა) ქვედა-ზვარე და დანდალო-ცხმორისის ზონებში: აგარის, ზენდიდის, ქედის, ზესოფელის, ვაიოს, ზვარეს, ცხმორისის და დანდალოს მიკრორაიონებში;

ბ) მერისის ხეობაში: ალიქოღლების, სიხალიძისა და მეძიბნას მიკრორაიონებში;

გ) ახალდაბა-ჭვანას, ჯაბნიძეები-უჩამბას, შუახევი-ხეფის და ფურთიოს ზონებში: შუახევის, დაბაძველის, ჭვანას, დუსჭვანას, ახალდაბას, ვარჯანაულის, სამოლეთის, ნიგაზეულის და ფურთიოს მიკრორაიონებში.

ჯიში პერსპექტიულია აგრეთვე დასავლეთ საქართველოს დანარჩენი რაიონებისთვისაც. მომავალში იგი უნდა გაშენდეს მხოლოდ და მხოლოდ ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა