ამლახუ — ქართული ვაზის ჯიში — აფხაზეთი

254 Views Comment Off

ამლახუ წითელყურძნიანი, მცირედ გავრცელებული აფხაზური ვაზის ჯიშია, რომლის ყურძნიდან მიიღება მაღალხარისხოვანი მოოქროსფრო-ვარდისფერი, ცქრიალა სუფრის ღვინო. ადგილობრივ მევენახეთა შორის და მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში ამლახუ ცნობილია: აჩკიკ, აჩკირკ (ვ. ჩერნიავსკი, 16), აგრეთვე შეცდომით ამლახუჟის სახელწოდებითაც.

ეს უკანასკნელი გავრცელებულია სოფ. აბგარხუქში, მაგრამ იგი ნამდვილ ვარდისფერ ამლახუსაგან განსხვავებით შავმარცვლიანი აღმოჩნდა, რის გამოც მას შავი ამლახუ ეწოდა. ამლახუ ადგილობრივი ძველი ჯიშია. იგი წარმოქმნილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ამლახუ მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურგეოგრაფიულ proles pontica, subpr. Georgica Negr. ჯგუფს, იგი მეტად ახლოს დგას აფხაზურ ვაზის ჯიშებთან, უფრო სწორად, იგი მათი ტიპიური წარმომადგენელია.

ჯიშის წარმოქმნის დროის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება; საქართველოს სამეურნეო ისტორიის XIII საუკუნის წინადროინდელი ძეგლები, აკად. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, შემონახული არ არის. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამლახუ XVIII საუკუნიდან უკვე ფართოდ იყო ცნობილი, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იგი უფრო ადრინდელი ჯიშია. მევენახეობის ლიტერატურაში პირველად ამლახუ მოიხსენა ვ. ჩერნიავსკიმ, კ. მაჭავარიანმა და სხვ. მათ ნაშრომში მოცემულია ჯიშის მოკლე აღწერა, მისი პროდუქციის _ ყურძნისა და ღვინის მოკლე დახასიათება.

ჯიშის სახელწოდების ამლახუს-წარმოშობას სხვადასხვა ავტორი სხვადასხვაგვარად ხსნის. კ. მაჭავარიანს ალბათ სიტყვათა მსგავსების გამო, ამლახუ ამილახვრებისაგან წამოღებულად მიაჩნია. ეს მოსაზრება არ ეთანხმება სინამდვილეს, რადგან ამილახვრების ზვრები ძირითადად ქართლში იყო, ხოლო ისეთი საგვიანო ჯიში, როგორიცაა ამლახუ, ქართლის პირობებში ვერ დამწიფდებოდა და, მაშასადამე, გავრცელებულიც არ იქნებოდა. უფრო გარკვეული პასუხი ჯი- შის წარმოშობის შესახებ შეიძლება მოგვცეს სახელწოდების ენობრივმა ანალიზმა.

სახელწოდება ამლახუ აკად. ს. ჯანაშიას სიტყვიერი განმარტებით, აფხაზური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს მშიერის კერძს. ალბათ იმდენად დიდ და შაქრიან მტევანს ისხამდა ამლახუ, რომ მისი ერთი მტევანი საკმარისი იყო მშიერის დასაკმაყოფილებლად. ცხადია, მარტო ამლახუს მტევნებს როდი ახასიათებს ეს თვისება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია ის, რომ ჯიშის სახელწოდება ადგილობრივი წარმოშობისაა, რაც ამლახუს სხვა აფხაზურ ჯიშებთან დიდ მსგავსებასთან ერთად გვაძლევს საფუძველს მივიჩნიოთ იგი ადგილობრივი წარმოშობის ძველ ჯიშად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამლახუს სახელწოდებით ცნობილია რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებული ჯიში, სახელდობრ: ვარდისფერი ამლახუ _ მდედრობითი სქესის ყვავილიანი, ვარდისფერი ამლახუ _ ორსქესიანი ყვავილიანი და შავი ამლახუ. ამლახუს ყველაზე უფრო სრული აღწერა-დახასიათება მოცემულია პროფ. თ. კვარაცხელიას ნაშრომში, სადაც აღნიშნულია, რომ ჯიში ამლახუ გავრცელებულია ერთეული ძირების სახით გუდაუთის რაიონის მთაგორიან ნაწილში. მისი ყვავილი ფუნქციურად მდედრობითი სქესისაა. მტევანი გრძელი საკმაოდ მკვრივი, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისა აქვს. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი ვარდისფერი (ჭრელი). ვ. ჩერნიავსკი ამლახუს შემდეგნაირად ახასიათებს: `აფხაზეთის შესამჩნევი ჯიშია, მცირედ გავრცელებულია. მარცვალი ვარდისფერი, მსხვილი და მრგვალი აქვს, იძლევა ჩინებულ მოვარდისფრო-მოოქროსფრო ღვინოს.

ყირიმიდან შემოტანილი, ხოლო ძველად აფხაზეთიდან გატანილი ეს ამლახუ თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ტიპიური აფხაზური ჯი- შია, ძალიან წააგავს პროფ. თ. კვარაცხელიას მიერ გუდაუთის რაიონში აღწერილ ამლახუს და განსხვავდება მისგან ძირითადად ორსქესიანი ტიპის ყვავილით. რაც შეეხება შავ ამლახუს, იგი ძალიან განსხვავდება ვარდისფერი ამლახუსაგან, რომელიც ძველად გავრცელებული იყო სოფ. აბგარხუქში, ხოლო ამ- ჟამად გაშენებულია მევენახეობის დასაყრდენ პუნქტზე სოფ. ახალსოფელში რამდენიმე ათეული ძირის სახით.

შავი ამლახუ იმდენად განსხვავდება ვარდისფერი ამლახუსაგან, რომ მასთან გარდა სახელწოდებისა საერთო არაფერი აქვს და ძლიერ წააგავს ჯიშ აწეიჟს. ამრიგად, გასარკვევია, პროფ. თ. კვარაცხელიას მიერ აღწერილ და ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში გაშენებულ ამლახუთა შორის რომელია ნამდვილი. ეს ორი სხვადასხვა ჯიში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ფოთლის შებუსვა, მტევნის სიდიდე და ფორმა, მარცვლის შეფერვა და ზომა თითქმის ერთნაირი აქვთ; განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ძირითადად, ყვავილითა და მარცვლის ფორმით. პროფ. თ. კვარაცხელიას მიხედვით იგი ოვალურია, ვ. ჩერნიავსკის მიხედვით მრგვალი, ხოლო ჩვენი დაკვირვებით მტევანში ორივე ფორმის მარცვლები გვხვდება, ოღონდ მხსვილი მარცვლები უმთავრესად ოვალური ფორმისაა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით მაღლარად ფორმირებისას, როცა ყვავილობის პერიოდში ხშირი წვიმების გამო ჯვარედინი დამტვერიანება გაძნელებულია, დაუშვებელი იქნებოდა ფართო საწარმოო გავრცელებისათვის შეერჩიათ მდედრობითი სქესის ჯიში, როგორიც ამლახუა, ხოლო, მეორე მხრივ, ორი მსგავსი, მხოლოდ ყვავილის ტიპით განსხვავებული ჯიშის არსებობა დასაშვებს ხდის მათს ერთად გაშენებას. ამრიგად, შეიძლება დავუშვათ, რომ `ამლახუ~ ძველად შედგებოდა ორი მსგავსი ჯიშის _ მდედრობითი და ორსქესიანი ამლახუს ნარევისაგან.

ასეთი ნარევები ძველ ვენახებში უფრო ხშირი იყო, ვიდრე წმინდა ჯიშის ნარგავებში. ნათქვამის სასარგებლოდ ლაპარაკობს აგრეთვე ვ. ჩერნიავსკის მითითება იმის შესახებ რომ ამლახუს ღვინო არ მზადდებოდა ერთი ჯიშის ყურძნისაგან.

აღნიშნულის გამო ვრცლად აღწერილი და დახასიათებული იქნება მდედრობითი ამლახუ, ხოლო ორსქესიანი ამლახუ მოკლედ იქნება აღწერილი კახეთში წარმოებულ დაკვირვებათა საფუძველზე.

კოლხური ტიპის, კერძოდ, ამლახუს ისტორიულად ცნობილი ცქრიალა ღვინის აღდგენის მიზნით საჭიროა ამლახუს სახელწოდებით ცნობილი ორი ჯიშის ერთად გაშენება მწკრივების მორიგეობით, ხოლო რთველის დროს მათი განცალკევება და გამოცდა ღვინის ხარისხისა, როგორც ცალკე, ისე ურთიერთთან სხვადასხვა შეფარდებით, ნამდვილად ამლახუს და მის კომპონენტის საჭირო რაოდენობითი შეფარდების დასადგენად.

თ. კვარაცხელიას და კ. მაჭავარიანის ცნობით, ძველად ამლახუ ფართოდ იყო გავრცელებული აფხაზეთში, ძირითადად გუდაუთისა და სოხუმის რაიონებში. გუდაუთის რაიონში იგი გავრცელებული იყო თითქმის ყველა სოფელში, მაგრამ უფრო ხშირად იგი გვხვდებოდა სოფ. აკვასკემცაში _ აფხაზეთის ყოფილ მთავრის ზვრებში. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელების შედეგად ამლახუ მთლიანად გადაშენდა, არ აღმოჩნდა იგი არც აფხაზეთის მევენახეობის დასაყრდენ პუნქტზე სოფ. ახალსოფელში.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში ბოტანიკურად აღწერილია სოფ. აკვასკემცაში (გუდაუთის რ-ნი). ვაზები აშვებულია ხეზე და მოუვლელადაა მიტოვებული. მონოგრაფიის შედგენისას გამოყენებულია აფხაზეთის მევენახეობის დასაყრდენი პუნქტის ყოფილი გამგის ვ. ტაბიძის მიერ ჯიშზე წარმოებული დაკვირვებანი.

ფოთოლი. ამლახუს ზრდადამთავრებული ფოთლები (9-12) საშუალო სიდიდისაა (17X16 სმ), მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალისებრი, ან უფრო სწორად, თირკმლისმაგვარი ფორმისაა. ფოთლის ფირფიტა თხელია და სწორი, მუქი მწვანე ფერისაა. უფრო ხშირად ფოთლები სამნაკვთიანია, იშვიათად გვხვდება თითქმის დაუნაკვთავი, მთლიანი ფოთლებიც და კიდევ უფრო იშვიათად ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ფოთლის ზედაპირი სწორი ან ოდნავ ბადისებრ დანაოჭებულია.

ზედა ამონაკვეთები ღია, საშუალო სიღრმისა ან ზეზეურებია. ამონაკვეთების ფორმა V ასოს მაგვარია ან ჩანგისმაგვარია და მომრგვალო ფუძე აქვს, იშვიათად შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც გვხვდება. ძლიერ იშვიათად თითისტარისებრ თვალიანი დახურული ამონაკვეთებიც გვხვდება. ქვედა ამონაკვეთები სუსტადაა განვითარებული. ხშირად ზეზეურებია, შეჭრილი კუთხისმაგვარი ფორმისაა. უფრო ხშირად ქვედა ამონაკვეთები სუსტადაა გამოსახულ ან სულ არ ჩანს. ყუნწის ამონაკვეთების ფორმა მცირედ ცვალებადობს. უფრო ხშირად გვხვდება ღია ჩანგისმაგვარი ფორმის მომრგვალო ფუძიანი ამონაკვეთები, ხოლო იშვიათად თითქმის დახურული ოვალურთვლიანი და მახვილი ფუძიანი ამონაკვეთები.

ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მახვილწვერიანი და გამოწეულგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი ნიკბებით (კბილებით). იშვიათად გუმბათის ფორმის ნიკბებიც გვხვდება. გვერდითი ნიკბები ხერხისკბილებისებრია და ცალ მხარეზე გამოწეული გვერდი და მახვილი წვერი აქვს.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა მისი სიდიდისა და რქის სიგრძეზე მდებარეობის შესაბამისად საგრძნობლად ცვალებადობს. შუა იარუსის ზრდადამთავრებული ფოთლების შებუსვა საკმაოდ სქელია. იგი შედგება აბლაბუდის მაგვარი თხელი ბეწვებისა და საკმაოდ სქელი სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან. ფოთლის შებუსვა რქის სიგრძეზე ზემოდან ქვემოთ მატულობს.

ფოთლის ყუნწი მთავარ ძარღვზე უფრო მოკლეა, იშვიათად იგი ფოთლის მთავარი ძარღვის სიგრძის ტოლია. ყუნწი ღია მწვანე ფერისაა და მოვარდისფრო იერი დაჰკრავს. ყუნწი უბუსუსოა ან ოდნავ შესამჩნევი აბლაბუდა ახლავს.ყვავილი. ყვავილი ფუნქციურად მდედრობითი ტიპისაა. მტვრიანები მოკლეა და შემოხრილი ბუტკოს ქვემოთ. ბუტკო ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა. იგი შეუმჩნევლად უერთდება პატარა დინგს, რის გამოც ყელი, ანუ სვეტი ნათლად გამოსახული არაა.

მტევანი. მტევნები საშუალოზე უფრო დიდი ზომისაა. მტევნის სიგრძე ცვალებადობს საშუალოდ 16-დან 22 სმ-მდე, ხოლო განი _ 6-დან 12 სმ-მდე. კარგად განვითარებული მტევნის საშუალო ზომა უდრის 20X8 სმ. მტევანი ძირითადად ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი და მხრიანია, უფრო იშვიათად ცილინდრული ფორმისაცაა. მტევნები მეტწილად მკვრივი და საშუალო სიმკვრივისაა. მტევნის სიმკვრივე ბევრადაა დამოკიდებული ამინდზე: ყვავილობის პერიოდში ხშირი წვიმების შემთხვევაში, თავისუფალი დამტვერვის გაძნელების გამო, მტევნები მეჩხერი გამოდის. მტევნის საშუალო წონა 120-150 გ უდრის. მარცვლების რაოდენობა მტევანში მერყეობს საშუალოდ 80-დან 120-მდე.

მტევანში ხშირად გვხვდება საშუალოზე პატარა ზომის მომრგვალო, დაუსრულებელი მარცვლები. მტევნის ყუნწი ბალახისებრია, ოღონდ ფუძესთან იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. მისი სიგრძე უდრის 4-5 სმ. მარცვლის ყუნწი მწვანეა, მისი სიგრძე _ 0,7-0,8 სმ აღწევს. მარცვლის საჯდომი ბალიში განიერ კონუსისებრი ფორმისაა. ბალიში პატარა მეჭეჭებითაა დაფარული. მარცვლები მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწზე და ადვილად არ წყდება მას.

მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა. მარცვლის სიგრძე ცვალებადობს 1,5-დან 1,7 სმ-მდე, ხოლო განი _ 1,4-დან 1,5 სმ-მდე. საშუალო მარცვლის ზომა 1,60 X 1,45 სმ უდრის. მარცვლები ძირითადად ოვალური ფორმისაა, დაუსრულებელი, საშუალოზე მცირე ზომის მარცვლები კი მომრგვალოა. მარცვლების შეფერვა ჭრელი, არათანაბარია. ერთსა და იმავე მტევანში გვხვდება, როგორც ღია ვარდისფერი ისე მუქი ვარდისფერიც, ხოლო განუვითარებელი მარცვლები მწვანე ფერისაა, ყურძნის სრული სიმწიფის დროს ჭარბობს მარცვლების მუქი ვარდისფერი შეფერვა.

მარცვლის კანი თხელი, მაგრამ მკვრივია და ადვილად არ ეცლება რბილობს. რბილობი ხორციანია, კნატუნა, ნაკლებ წვნიანი. წვენი ბაცი ვარდისფერია. მარცვლის გემო ტკბილი, ხალისიანია. აქვს სუსტად გამოსახული ჯიშური არომატი.

წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვლებში ცვალებადობს 1-დან 3-მდე; საშუალოდ კი ერთ მარცვალზე 1,6 წიპწა მოდის. წიპწის სიგრძე უდრის საშუალოდ 7,0 მმ, ხოლო განი _ 4,5 მმ. წიპწა მუქი ყავისფერია და ნისკარტისაკენ მოყვითალო იერი დაჰკრავს. ქალაძა წიპწის ზემო ნაწილში მდებარეობს, იგი მოგრძო ფორმისაა და ოდნავ შეზნექილია შიგნით. ღარტაფი ქალაძიდან წიპწის ფუძისაკენ საკმაოდ განიერია და ორ თითქმის თანაბარ ნაწილად ყოფს წიპწას, ხოლო ნისკარტის მიმართულებით ვიწროა. წიპწის მუცლის მხარე ქედიანია, ღარები ნაწიბურის გასწვრივ ღრმაა და ვიწრო, მისი ფუძე ნარინჯისფერია. ნისკარტის სიგრძე უდრის 2 მმ, მისი ფორმა ცილინდრულ-კონუსისებრია. ზემო მხრიდან ღია ყავისფერია, ხოლო შიგნითა მხრიდან _ ნარინჯისფერი.

აგრობიოლოგიური დახასიათება სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა

ამლახუს სავეგეტაციო პერიოდი ხანგრძლივია. მისი მტევნები გვიან მწიფდება. ჩვეულებრივ მისი ყურძენი მწიფდება ოქტომბრის დამლევს და ნოემბრის დასაწყისში. რთველის ძველად მიღებულ წესის მიხედვით ამლახუს კრეფდნენ ნოემბერ-დეკემბერში, როცა ფოთოლი გაცვივდებოდა და ხეები ხშირად დათოვლილი იყო.

ამლახუ სიმწიფის IV პერიოდის ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება.ვაზის ზრდის სიძლიერე. მაღლარად ფორმირებული ამლახუს ძლიერი ზრდა ახასიათებს. თითქმის ყველა ავტორი: თ. კვარაცხელია, კ. მაჭავარიანი, ს. ტიმოფეევი და სხვ. ამლახუს ძლიერი ზრდის ვაზად თვლის. ამჟამდააც მაღლარად ფორმირებული ამლახუ სოფ. აკვასკემცაში ძლიერი ზრდისაა, მისი გრძელი, საკმაოდ წვრილი რქები ეხვევა და ფარავს დიდ ხეებს.მოსავლიანობა.

ამლახუს მოსავლიანობა ჰავისა და ნიადაგის პირობების გარდა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, სუფთა ნარგავია ვენახი, თუ ნარევი (ე.ი. ცალკეა გაშენებული ამლახუ თუ ორსქესიან ჯიშებთან ერთად) და დაბლარად გაშენებულია, თუ მაღლარად. ამით აიხსნება, ძირითადად ამლახუს მოსავლიანობაზე სხვადასხვა ავტორის სხვადასხვაგვარი შეხედულება. მაგალითად, ს. ტიმოფეევი ამლახუს მცირემოსავლიან ჯიშად თვლის, თ. კვარაცხელია საშუალო მოსავლიან ჯიშად, ხოლო კ. მაჭავარიანი (12) მოსავლიან ჯიშად.

უფრო ზუსტი ცნობები ამლახუს მოსავლიანობის შესახებ მოგვაწოდა აფხაზეთის მევენახეობის დასაყრდენი პუნქტის ყოფილმა გამგემ ვ. ტაბიძემ. მისი ცნობით მემამულე რიბოს მეურნეობაში გაშენებული ყოფილა ამლახუ 3 ჰექტარ ფართობზე დაბლარად. ვაზები გასხლული და გაფორმებული იყო ორმხრივი ქართული წესით: ორ-ორი _ 8-10 კვირტიანი საკავებლისა და ორ-ორ კვირტიანი სამამულის დატოვებით. ვაზები ერთმანეთისაგან რიგში და რიგები ურთიერთისაგან დაშორებული იყო ორ-ორი არშინით. აღნიშნული კვების არისა და გასხვლა-ფორმირების პირობებში ამლახუს მოსავლიანობა წლების მანძილზე მერყეობდა ძირზე 2-დან 4 კილოგრამამდე, რაც ჰექტარზე გადაყვანით შეადგენს 100-200 ცენტნერ ყურძენს.

ცხადია, მოსავლიანობის ასეთი დიდი მერყეობა გამოწვეული უნდა იყოს გამანაყოფიერებელი (ორსქესიანი ჯიშის) ვაზების სიმცირით ან მათი არათანაბარი განაწილებით. სოფ. აკვასკემცაში ამლახუს რამდენიმე ძირზე წარმოებული დაკვირვებით მისი მოსავლიანობა ხეზე გაშვებისა და ცუდად მოვლის დროს საშუალოს არ აღემატება. თუ ყოველივე ამას მხედველობაში მივიღებთ, ცხადი გახდება, რომ მდედრობითი და ორსქესიანი ამლახუს მორიგეობით რიგებში გაშენებით, აგრეთვე ვენახის დროული და კარგი მოვლით მისი მოსავლიანობა საგრძნობლად შეიძლება გადიდებულ იქნეს (100 ცენტნერამდე ჰექტარზე). ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა გამომუშავდეს ჯიშის ბიოლოგიური თვისებების შესაბამისი გასხვლისა და ფორმირების წესი.

ძველად, როგორც ცნობილია, ამლახუ შერჩეული იყო მაღლარად გაშენებისათვის, რომლის დროს იგი იძლეოდა უხვსა და ხარისხოვან პროდუქციას. ამიტომ, პირველ რიგში, ჯიშისათვის უნდა შეირჩეს ფორმირების წესი მისთვის შესაფერი დატვირთვის მისაცემად და კარგი გამანაყოფიერებელი, ყვავილობის იმავე პერიოდის ორსქესიანი ჯიში. ფორმირების წესებიდან ამლახუსათვის უფრო შესაფერისად უნდა მივიჩნიოთ მრავალსაკავებლიანი შპალერი, ჯამისებრი ან კორდონის ფორმა 3-4 სასხლავი რგოლით. დასახელებული ფორმებისა და მდედრობითი ორსქესიანი ამლახუს ერთად გაშენების ფართო ცდები საბოლოოდ გამოავლენს ნამდვილ ამლახუს და მის გასხვლა-ფორმირების უკეთს წესს. ყოველივე ეს კი საფუძვლად დაედება ამლახუს ისტორიულად ცნობილი მაღალხარისხოვანი, თავისებური ცქრიალა ღვინის წარმოების აღდგენას.

ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ ამლახუს შედარებითი გამძლეობა საკმაოდ შესწავლილი არ არის. რიგი ავტორების დაკვირვებით [პროფ. თ. კვარაცხელია, კ. მაჭავარიანი და სხვ.] ამლახუს ნაცრის მიმართ გამძლეობა მაღლარად ფორმირების დროს სუსტია. ვლ. ტაბიძე აღნიშნავს მის შედარებით სუსტ გამძლეობას ჭრაქის მიმართ ყვავილობის პერიოდში. ფილოქსერის მიმართ ჯიშის გამძლეობა კიდევ უფრო ნაკლებადაა შესწავლილი.

მისი ნაადრევად დაღუპვა მაღლარად გაშვების პირობებში არ გამოდგება იმ დასკვნის გამოსატანად, რომ იგი ფილოქსერას სუსტად უძლებს, რადგან მაღლარი ვაზები სოკოვან ავადმყოფობათაგან და მოუვლელობისაგან უფრო ადვილად იღუპებიან, ვიდრე ფილოქსერისაგან.

სხვა ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობაზე დაკვირვება არ წარმოებულა, როგორც ჩანს, სამეურნეო მნიშვნელობის ზიანს ისინი მას არ აყენებენ, რის გამოც მათი როლი მხედველობიდან გამორჩენილია.ჯიშის რეაგირება გარემო პირობებისადმი.

ამლახუს მეტად მცირე გავრცელების გამო მონაცემები ყინვებისა, გვალვისა და სხვა მეტეოროლოგიური ფაქტორების მიმართ მისი გამძლეობის შესახებ არ მოიპოვება. ძველად მისი გავრცელება განსაზღვრულ სოფლებსა და შემაღლებულ ადგილებზე მიგვითითებს, პირველ რიგში, ამ ადგილების გამოყენების საჭიროებაზე ამლახუს აღდგენა-გაშენების დროს.

პროდუქციის დახასიათება და ღვინის ხარისხი

როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, ამლახუ საღვინე ვაზის ჯიშია. ძველად ამლახუს მხოლოდ თავისებური ტიპის სუფრის ღვინოების დასამზადებლად იყენებდნენ. ამლახუს ღვინოები ისტორიულად იყო ცნობილი. მთელი რიგი ავტორების _ ა. ეგოროვის, თ. კვარაცხელიას, კ. მაჭავარიანის, ს. პუშკარევის, ვ. ჩერნიავსკის და სხვათა _ მიერ ამლახუს ღვინო მაღალხარისხოვნადაა მიჩნეული. და მართლაც, ოთარული და ჯეგერდული ღვინოების ისტორიული სახელი ამლახუს და ავასირხვას ეკუთვნის.

გეევსკი და შარერი ამლახუს თვლიან შესამჩნევ ჯიშად, რომელიც იძლეოდა ჩინებულ მოოქროსფრო-ვარდისფერ ღვინოს. კ. მავაჭარიანი და ს. ტიმოფეევი აღნიშნავენ ამლახუს ღვინის დიდ სიმაგრეს, არომატულობას (სურნელებას) და ბუნებრივ მიდრეკილებას ცქრიალისადმი (მუსისადმი). პროფ. თ. კვარაცხელია  ამლახუს ღვინოს ახასიათებს, როგორც ნაზს, სრულს, თავისებური სურნელების მქონე ენერგიულ ღვინოს. ჟურნალი `Кавказское сельское хозяйст во” (1894 წ., №8) შემდეგს წერდა: `ოდესღაც სამეგრელოს და აფხაზეთის ღვინოები ამიერკავკასიის საუკეთესო ღვინოების სწორად ითვლებოდნენ, მათ შორის მეგრული ოჯალეში და აფხაზური ამლახუ არაჩვეულებრივ (ჰორს ლიგნე) ღვინოდ იყო მიჩნეული.

ღვინის გარდა ამლახუ შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე დამატებით, როგორც სასუფრე ყურძნის მომცემი ჯიში. პროფ. თ. კვარაცხელია ამლახუს ამ მიმართულებით დიდ მომავალს უსახავს. ამლახუს მტევნების გარეგნული შეხედულება თუმცა მიმზიდველია, მაგრამ მათი სიკუმსე, არათანაბარი მომწიფება და მარცვლების საშუალო ზომა დიდ პერსპექტივას ნახსენებ ჯიშს ამ მიმართულებით არ უსახავს. ყველა ზემოთ აღნიშნულის გამო მიზანშეუწონელია ისეთი ხარისხოვანი საღვინე ჯიშის, როგორიც ამლახუა, სასუფრე ყურძნად გამოყენება. ამიტომ ამლახუ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ მაღალხარისხოვანი თავისებური ტიპის სუფრის ღვინის დასამზადებლად.

დასასრულ, საჭიროა მოკლედ იქნეს დახასიათებული ორსქესიანი ამლახუ, რომელიც ამჟამად შენარჩუნებულია მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე ქ. თელავში. როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, ეს ჯიში შემოტანილია სხვა ჯიშებთან ერთად 1932 წელს ყირიმიდან, სადაც იგი შორეულ წარსულში სხვა აფხაზურ ჯიშებთან ერთად მოხვდა სოხუმიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებებით იგი ტიპიური აფხაზური ჯიშია. პროფ. კვარაცხელიას და ჩვენ მიერ აღწერილ მდედრობით სქესის ამლახუსაგან იგი განსხვავდება ძირითადად ორსქესიანი ყვავილით. შესადარებლად მოკლედ დავახასიათოთ ორსქესიანი ამლახუ.

ფოთოლი ისეთივე ფორმისაა, მხოლოდ ოდნავ უფრო მეტად დანაკვთულია. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია და შემდგარია თხელი აბლაბუდისაგან და სქელი სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან. ყვავილი ორსქესიანი აქვს, ყვავილში 5 ან 6 სწორმდგომი მტვრიანაა. მტვრიანათა ძაფების შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან 1,25 და 1,75 შორის მერყეობს, უფრო ხშირად ეს შეფარდება 1,50 უდრის. ბუტკო ვიწრო კონუსისებრი ფორმისაა და ვიწრო ყელის (სვეტის) საშუალებით უერთდება პატარა მომრგვალო ფორმის დინგს.

მტევანი გრძელი ვიწრო კონუსისებრი ფორმისა და საშუალო სიმკვრივისა აქვს. მარცვალი საშუალო ზომისაა. მსხვილი მარცვლები ოვალური ფორმისაა, საშუალო და წვრილი მომრგვალოა, წვრილი მარცვლები მტევანში 5% აღწევს, მარცვლების შეფერვა ვარდისფერია და შედარებით თანაბარია, სრულ სიმწიფეში იგი მუქი ვარდისფერი ხდება.

თელავში იგი საშუალო მოსავლიანია. როგორც მოყვანილი მოკლე დახასიათებიდან ჩანს, ორსქესიანი ამლახუ ძალიან წააგავს მდედრობით ამლახუს. უფრო ზუსტი დაპირისპირება შეუძლებელია, რადგან ერთი _ თელავში დაბლარად ხარობს, მეორე _ სოფ. აკვასკემცაში მაღლარად. ამის მიუხედავად შეიძლება გადაწყვეტით დავასკვნათ, რომ ეს ორი ამლახუ მეტად მსგავსი, მაგრამ სხვადასხვა ჯიშია. ამიტომ ადვილი შესაძლებელია ისინი ძველად ერთად იყო გაშენებული; სხვაგვარად ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც მემამულე რიბოს 3 ჰექტრიანი ვენახიდან მოსავლის მიღება, რომ იგი მარტო მდედრობითი ამლახუსაგან ყოფილიყო შემდგარი.

ცხადია, ამლახუ ამ ორი _ მდედრობითი და ორსქესიანი ჯიშის ნარევს წარმოადგენდა. ყველა ამასთან დაკავშირებით საჭიროა ამ ორი ამლახუს სრული დამტვერიანების მიზნით ერთად გაშენება და გამოცდა ცალ-ცალკე და ერთმანეთთან სხვადასხვა შეფარდებით, ღვინის ხარისხის დასადგენად. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი იქნება, რომელი მათგანი ცალკე ან როგორი შეფარდებით ერთად გაშენების დროს იძლევა ისტორიულად ცნობილ ამლახუს მსგავს მაღალხარისხოვან ცქრიალა ღვინოს.

საერთო შეფასება და დარაიონება

ამლახუ ადგილობრივი მეტად მცირედ გავრცელებული ჯიშია. იძლევა მაღალხარისხოვან მოოქროსფრო-ვარდისფერ ღვინოს. ამლახუს ღვინო თავისებური ტიპისაა; იგი არომატული, ენერგიული და სრულია, ხასიათდება სიტკბოთი და ბუნებრივი ცქრიალით.

ჯიშის დადებითი თვისებებია: შედარებით კარგი მოსავლიანობა, ღვინის მაღალი ხარისხი და მისი ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინის _ ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, ბუნებრივად ცქრიალა და სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად და ნაწილობრივ სასუფრე ყურძნად.

ჯიში უდავოდ პერსპექტულია, საჭიროა მისი აღდგენა, გამრავლება და ფართო გამოცდა სარაიონო სტანდარტულ ასორტიმენტში შესატანად და წარმოების პირობებში ფართოდ დასანერგად.

ამლახუ, ვაზის ჯიში, აფხაზეთი

წყარო: enoteca.ge, რედაქცია «აგროკავკასია»

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3288 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
187 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB