ახალშენი ვენახის მოვლა

809 Views

ვენახის გაშენების პირველსა და მეორე წელს ნარგაობის მოვლა ისე უნდა წარიმართოს, რომ ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილები რაც შეიძლება კარგად განვითარდეს.

აგროტექნიკის მაღალი დონე უზრუნველყოფს ახალგაზრდა ვაზის ფორმირების დაჩქარებას, მოსავლიანობაში მის ნაადრევად შესვლასა და შემდგომში ყურძნის რეგულარული მოსავლის მიღებას.

ამ მიზნით, დარგვის პირველ წელს საყრდენის მოწყობა, ყლორტების ნორმირება ჯერ ჭიგოზე და შემდეგ შპალერზე აღზრდა განაპირობებს სავეგეტაციო ძალის გაძლიერებას, ადიდებს საასიმილაციო ზედაპირს, რაც თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს მძლავრი ფესვთა სისტემის განვითარებაზე.

ვენახის გაშენების პირველ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის დამუშავებას, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლას, ვაზის დაცვას სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისაგან.

ჭრაქის წინააღმდეგ წამლობა დაიწყება სანამყენე კვირტიდან ახალგაზრდა ყლორტის განვითარებისთანავე. დასაწყისში 5-6 დღეში ერთხელ უნდა შევასხუროთ ფუნგიციდები, ანტრაკოლის 0.4% -იანი ან 1,0%-იანი ბორდოული ხსნარი ან მისი შემცვლელი პრეპარატები.

ნაცრის წინააღმდეგ საჭიროების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ ნაცრის საწინააღმდეგო გოგირდოვანი პრეპარატები: (კოლოიდური ან სველებადი გოგირდი ან ფალკონი და სხვა).

ახალშენ ვენახში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერი და სარეველებისგან გასუფთავებული უნდა იყოს, რისთვისაც საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში კულტივაცის ჩატარება საჭიროების მიხედვით.

ადრე გაზაფხულზე მწკრივთაშორისებში საჭიროა ნიადაგი კულტივატორით ან ფრეზით გაფხვიერდეს 10-12 სმ სიღრმეზე, ხოლო მწკრივებში, ვაზთა შორის დარჩენილი ადგილი დამუშავდეს თოხით.

სანამყენედან გამოტანილი ფესვების შეჭრას და საძირეზე ამონაყარი ყლორტის მოცილებას იწყებენ ივნისის მეორე ნახევრიდან.

ყინვასაშიშ ზონაში შემოდგომაზე ნიადაგი მოიხვნება ნაღარად 18-20 სმ სიღრმეზე. ამ შემთხვევაში ვაზს ორივე მხრიდან მიეყრება მიწა და დაცული იქნება ზამთრის ყინვების დაზიანებისაგან. სხვა შემთხვევაში ვენახის გაშენების პირველ, მეორე წელს ღრმა ხვნა აუცილებელი არ არის და იგი კულტივაციით უნდა შეიცვალოს (იხ. ვენახში ნიადაგის დამუშავება).

მესამე წლიდან კი ნიადაგის დამუშავება ისე უნდა განხორციელდეს, როგორც ეს მოსავლიანი ვენახისათვის არის რეკომენდებული.

სარწყავში დარგვის პირველ წელს ვენახი ირწყვება 3-4-ჯერ, ხანგრძლივი გვალვებისას, წვეთოვანი სისტემის არარსებობისას, ვაზი შეიძლება მოირწყას მოზიდული წყლითაც. ასეთ შემთხვევაში ნამყენ ვაზს დაესხმება 4-5 ლიტრი წყალი და მიეყრება ფხვიერი მიწა.

შერეული ჯიშები და სუსტი ვაზები ვეგეტაციის პერიოდში მოინიშნება და შემოდგომაზე ამოიძირკვება; მათ ნაცვლად და გაცდენილ ადგილებში დაირგვება იმავე ჯიშის მაღალხარისხოვანი ნამყენი ნერგი, შეედგმება ჭიგო და ვეგეტაციის პერიოდში თითოეულ მათგანზე აღიზრდება ერთთან ორი ყლორტი.

მექანიკური დაზიანებისაგან დაცვის მიზნით ყლორტები პერიოდულად მაგრდება საყრდენზე და ეცლება ნამხარი. გამორგული ვაზის მოვლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვების პირობების გაუმ-ჯობესებას, რწყვას, მწვანე მასის სივრცეში სწორად განლაგებასა და მათი ფორმირების დაჩქარებას;

ახალშენ ვენახში მიმართულებითი აღზრდის მეთოდების გონივრული გამოყენება აძლიერებს მცენარის სავეგეტაციო ძალას და განაპირობებს ნაადრევი მოსავლის მიღებას.

ფორმირების დასაჩქარებლად საჭიროა დარგვის პირველ წელს ჩატარდეს ყლორტების დანორმება ვაზზე ერთი-ორი უკეთესი განვითარების ყლოპრტის დატოვებით და მათი საყრდენზე აღზრდა.

ზრდა-განვითარების სიძლიერის მიხედვით, მეორე წელს ვაზი გაისხვლება შტამბის სიმალეზე, ანდა შტამბისა და სანაყოფის გამოყვანა მოხდება ერთდროულად (შტამბის ზონაში ყლორტების შეცლით), ხოლო შედარებით სუსტი განვითარების ვაზი დაინეკება, ე.ი. გაისხვლება ფუძის 2-3 კვირტზე.

მომდევნო წელს უნდა გამოვიყენოთ შტამბისა და მხრის დაჩქარებითი წესით გამოყვანა. ნიადაგის დამუშავება, დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, მწვანე ოპერაციების ჩატარების წესები, გასხვლა-ფორმირება შპალერზე გადაყვანის შემდეგ ისეთივეა, როგორც სრულმოსავლიანი ვენახისა.

სიმეჩხრე საგრძნობლად ამცირებს ყურძნის მოსავალს და უარყოფით გავლენას ახდენს წარმოებუ-ლი პროდუქციის თვითღირებულებაზე.

ვენახში ყოველწლიურად იღუპება ნარგაობის გარკვეული რაოდენობა, რომლის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს: ა) უხარისხოდ მომზადებულ ნიადაგში ნერგის დარგვა; ბ) მოვლის წესების დარღვევა; გ) არახელსაყრელი გარემო პირობები (ყინვები, გვალვა, სეტყვა და სხვ.); დ) დაავადებები და მავნებლები; ე) მექანიკური დაზიანებები _ ტრაქტორით, გუთნით, კულტივატორით.

ზემოაღნიშნული მიზეზები იწვევს მეჩხერიანობას, რაც ყურძნის მოსავალზე უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, ზედმეტად იხარჯება შხამ-ქიმიკატები და ნიადაგის დამუშავებაზე გაწეული შრომა.

გაცდენილი ადგილების შევსება ახალშენ ვენახში

ახალშენი ვენახი ვეგეტაციის პირველ წელს, ფოთლის დაცვენის შემდეგ, გულმოდგინედ უნდა გაისინჯოს და სადაც ვაზი აკლია, დაირგოს იმავე ჯიშის კარგად განვითარებული ერთი ან ორწლიანი ნამყენი ნერგი და შეედგას ჭიგო, რომელზედაც აღიზრდება გამორგული ვაზიდან განვითარებული ყლორტები.

უმჯობესია, დაპარაფინებული ნამყენის გამორგვა კოკოლას გარეშე. იგი უნდა დაირგოს ადრე გაზაფხულზე. კარგ შედეგს იძლევა აგრეთვე ტორფნეშომპალიან ქოთნებში გამოყვანილი მწვანე ნერგის გამორგვა.

ვენახის გაშენების პირველსა და მეორე წელს გაცდენილი ადგილის ასეთი წესით შევსება კარგი მოვლის პირობებში, გახარების მაქსიმუმს აღწევს. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გამორგული ვაზების წამლობას და მათზე განვითარებული ყლორტების საყრდენზე აღზრდას.

ახალშენ ვენახში გაცდენილი ადგილების შევსება გამორგვით პირველ-მეორე წელს უნდა დამთავრდეს.

მევენახეობა – აგროტექნოლოგია /აკად. ნოდარ ჩხარტიშვილის საერთო რედაქციით/

იხილეთ აგრეთვე: ვენახის გაშენება, ნერგის გამოყვანა და მოვლა-პატრონობა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB