ზუთხი საქართველოში

666 Views

ზუთხისებრთა (Acipenseridae) ოჯახის წარმომადგენლები მიეკუთვნებიან ასი მილიონი წლის უკან წარმოშობილ, გარემო პირობების არახელსაყრელ ცვლილებებთან კარგად შეგუებულ, უძველეს თევზებს რელიქტებს.

თავისი გასტრონომიული თვისებებით, ისინი უძველესი დროიდან ფასობდნენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რაზეც მიუთითებენ არა მხოლოდ არქეოლოგირი აღმოჩენები, არამედ მოგზაურების ჩანაწერებიც.

მსოფლიოში, ზუთხისებრთა სახეობების შემცირებამ, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60 წლებში განაპირობა მათი ბიოლოგიის უკეთესი შესწავლის აუცილებლობა და ხელოვნური მომრავლება–მოშენების ნორმატივების შემუშავება.

ოჯახისათვის დამახასიათებელი ნიშნებია, თითისტარისებრ წაგრძელებული სხეული ან ტიტველია, ან დაფარულია 5 რიგი ძვლოვანი ფარეკლებით. თავს ზემოდან ძვლოვანი ფირფიტები იცავს. კუდის ფარფლი ჰეტეროცერკალური. დინგი წაგრძელებული, კონუსური ან ნიჩბის ფორმის. პირი თავის ქვედა მხარეზეა, ნახევრადმთვარისებური ან განივიხვრელის ფორმა აქვს. პირთან ახლოს გააჩნიათ 4 ულვაში.

საქართველოში გვხდება 2 გვარი, 7 სახეობით:

→ სვია –Huso huso;

→ ფორეჯი (ჯარღალა)– Acipenser nudiventris;

→ კოლხური ზუთხი- Acipenser Colchicus;

→ ატლანტიკური ზუთხი (ფორონჯი)–Acipenser sturio;

→ ტარაღანა– Acipenser stellatus;

→ რუსული ზუთხი – Acipenser gueldenstaedtii;

→ სპარსული ზუთხი–Acipenser persicus.

სვია – Huso huso

სვია თავისი გვარის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში. გამსვლელი თევზია. თავისი ზომით, იგი გამსვლელი თევზებიდან ერთ–ერთი უდიდესია. მისი მაქსიმალური სიგრძე 5მ. წონა 800კგ- 1500კგ–მდე აღწევს. საშუალო სიგრძე 215 სმ–ია.

მას გააჩნია რბილი, მოკლე და წვეტიანი დინგი. ქვედა ტუჩი გაყოფილია. დიდი ზომის პირი, ფართო და ნახევარმთვარისებურია.ზურგი ნაცრისფერი, მუცელი-მოთეთრო. პირველი ფარეკლები, მცირე ზომისაა, მომდევნოებთან შედარებით, მათ შორი სგაბნეულია ძვლოვანი მარცვლები.

გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიის და ადრეატიკის ზღვებში. ზღვიდან ჩვენს მდინარეებში ტოფობისას შემოდის: ჭოროხში, სუფსაში, რიონში, ხობში, ცივში, ენგურში, კოდორში, ბზიფში. ასევე გავრცელებულია პალიასტომის ტბაში.

საქართველოს ფარგლებს გარდა გვხდება მდინარეეში: დონში, ყუბანში, დნეპრში, დნესტრში, დუნაიში, ვოლგაში, მტკვარში.

სვია ქვირითობისთვის გაზახულზე, ტოფობისას მდ. რიონში ქუთაისამდე ადის. მისი ნაყოფიერება, მდედრის ზომიდან გამომდინარე, 200 ათასიდან 5 მილიონ ცალ ქვირითამდე აღწევს, ქვირითი წებოვანია.

ინკუბაციის პერიოდი 12,6–13,8°C-ზე, 8 დღე/ღამე გრძელდება. აქტიურ კვებაზე გადასვლის შემდგომ ლიფსიტები უხერხემლოებით იკვებებიან, თანდათან ეშვებიან ზღვისკენ. მოზრდილისა და ზრდასრულის ძირითადი საკვებია თევზები: ღორჯო, ქაფშია, ქაშაყი, ხონთქარა, ფსკერის კიბოსნაირები და მოლუსკებია.

ფორეჯი (ჯარღალა)– Acipenser nudiventris

ფორეჯის მაქსიმალური ზომა 2 მეტრია, ხოლო წონა 70კგ–მდეა. ფორეჯის ოდნავ ამოკვეთილი ქვედა ტუჩი მთლიანია. ასევე გააჩნია 2 წყვილი ფოჩვისებური ულვაში, მათი წვეროები პირის ხვრელის წინა კიდემდე აღწევს. ზურგის ფარეკალი სვიასგან განსხვავებით, ყველაზე მსხვილია. ზურგის მხარე მუქიფერისაა, ხოლო მუცლის-მოთეთრო.

საქართველოში გვხდება პალიასტომის ტბაში და მდ. რიონში. მინგეჩაურის კაშხლის აგებამდე ფორეჯი მდ. მტკვარის გავლით ალაზნისა და ივრის შესართავამდე აღწევდა. ცნობილია როგორც გამსვლელი, ასევე მტკნარი წყლის ფორმა. მდ. რიონში გვხდება ადგილობრივი ფორმა. სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ფსკერზე, შლამიან გრუნტზე ატარებს.

ტოფობს მარტიდან მაისამდე წყლის 12–20°C – სას. ნაყოფიერება 200000 ათასიდან – 1მილიონ ქვირითამდე აღწევს. ინკუბაცია 6–7 დღე/ღამე გრძელდება.

კოლხური ზუთხი-Acipenser Colchicus

კოლხური ზუთხის სიგრძე 2მეტრს, ხოლო წონა 180კგ. აღემატება. გვხდება ჩვეულებრივ უფრო მცირე ზომების. გააჩნია მოკლე და ბლაგვი დინგი, ქვედა ტუჩი გაყოფილია, ულვაშები მოკლე და უფოჩო. ისინი პირამდე ვერ წვდებიან, ხოლო წინ დინგის წვერომდე აღწევენ.

თავის ზედა ფარებზე რადიალურად გაწყობილი მარცვლები ააქვს, ხოლო ფარეკლების რიგებს შორის სხეული დაფარულია რამდენიმე მწკრივად განლაგებული ვარსკვლავისებრი ფირფიტებით. შეფერილობით შეიძლება იყვეს, როგორც რუხი, ასევე შავი ფერის.

ბინადრობს შავი ზღვის სანაპიროებთან. გამსვლელი თევზია. მრავლდება მაისიდან–აგვისტომდე. საქართველოს მდინარეებიდან უმთავრესად შედის რიონში, ენგურში, სუფსაში, ოკუმში, ერისწყალში, ხობსა და ჭოროხში.

საქართველოს გარდა თურქეთის, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპირო ზოლებში, აზოვის ზღვაში, მდინარეებში: დონში, ყუბანში, დნეპრში, დუნაიში.

ნაყოფიერება საკმაოდ დიდია და მდედრის ზომიდან გამომდინარე შეადგენს 250000–260000 ათასს ქვირითს. ინკუბაციის პერიოდი 3–5 დღე/ღამეს გრძელდება.

საკვებად ლიფსიტები კიბოსნაირებს იყენებენ, ხოლო მოზრდილები: თევზებს, კიბორჩხალებს, მოლუსკებს და სხვა ბენთოსურ ორგანიზმებს. ტოფობის შემდეგ ზუთხი სანასუქოდ ზღვაში ეშვება და მომავალ გამრავლებამდე იქ რჩება.

ნ.ნინუას მიერ ბოლო წლებში, პოპულაციის აღდგენის მიზნით, ხელოვნურად გამრავლებული და ბუნებაში დაბრუნებული იქნა კოლხური ზუთხი სრამდენიმე ათასი ლიფსიტა.

ატლანტური ზუთხი (ფორონჯი)–Acipenser sturio

ატლანტური ზუთხის მაქსიმალური ზომა 3,5 მეტრი, ხოლო წონა 300 კგ–საღწევს. მას გააჩნია წაგრძელებული, მახვილი, მსხვილი დინგი. ქვედა ტუჩი შუაზე გაყოფილია. ულვაშები განლაგებულია პირსა და დინგის წვეროს შორის. მკერდის ფარფლის პირველი სხივეკალი ძლიერია.

ფარეკლებზე რადიალურად განლაგებული, ნათლად გამოსახული მარცვლებია. ფარეკლებს შორის მანძილი დაფარულია 10-12 მწკრივად განლაგებული რომბული ფირფიტებით. ზურგის ძირითადი შეფერილობა მოცისფრო- მოლურჯოა, ზოგჯერ ოქროსფერი ბზინვარებით. გვერდები ღია ხოლო მუცელი თეთრი.

ატლანტური ზუთხი (ფორონჯი) მაის–აგვისტოში ტოფობისათვის შემოდის რიონში (სოფ. აბაშამდე), სადაც წყლის ტემმპერატურის 17–22°C ქვა–კენჭოვან ფსკერზე ყრის 250000 ცალამდე ქვირითს. 4–13 დღე/ღამური ინკუბაციის შემდეგ, იჩეკება 9,3–11მმ. ლარვები, რომლებიც ყვითრის გაწოვის შემდეგ, რაც დაახლოებით ორი კვირას გრძელდება გადადიან მცირე ზომის კიბოსნაირებითა და სხვა უხერმლოებით აქტიურ კვებაზე. შემოდგომამდე მდინარეში რჩებიან და შემდგომ სანასუქოდ ეშვებიან ზღვაში.

მწარმოებლები ტოფობის დასრულების თანავე უბრუნდებიან ზღვას. მტაცებელია, მათ ძირითად საკვებს თევზები წარმოადგენენ. მისი მსოფლიოში გავრცელების ბუნებრივი არეალი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ არასწორი რეწვის შედეგად, მისი პოპულაცია, გადაშენების პირას არის მისული.

დღეისათვის გავრცელებულია აღმოსავლეთ ატლანდიდაში: მდ. ჟირონდა–გარონე–დორდონეს აუზში, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო სანაპიროზე, მაროკოში.

ჩვენში შემორჩენილია მდ. რიონის აუზში. ე.წ. ენგურის პოპულაციის სახით. ნ.ნინუას, ლ.ბოლკვაძის; რ. შავერდაშვილის 1986 წლის მონაცემებით მდ. რიონში ფორონჯი ყველა ასაკობრივი კატეგორიით იყო წარმოდგენილი. ძვირფასი თევზია, ამჟამად მისი ყოველგვარი რეწვა აკრძალულია.

ტარაღანა– Acipenser stellatus

ტარაღანას გააჩნია მეტად გრძელი,(თავის ზომის 60%-ს შეადგენს) ვიწრო და შებრტყელებული დინგი. ულვაშები სადა და მოკლეა. გვერდებზე ფარეკლებს შორის გაბნეულია ვარსკვლავისებური ფირფიტები და წვრილი სავარცხელა მარცვლები. მკერდის ფარფლის პირველი ქიცვი სუსტია. მამრები მდედრებზე მცირე ზომისანი არიან. უმთავრესად, ზურგი მოშავო-ყავისფერია, გვერდები ღია,ხოლო მუცელი თეთრი ფერისაა.

ეს ძვირფასი სარეწაო თევზი გავრცელებულია შავ, აზოვისა და კასპიის ზღვებში. საქართველოს წყლებში მდ. ჭოროხიდან მდ. გუმისტამდე, მოზარდი ტარაღანები საკვებისათვის შედიან პალიასტომის ტბაშიც.

საკვებად იყენებენ მცირე ზომის თევზებს ( ღორჯო; ქაფშია და ა.შ.), ასევე ბენთოსურ ორგანიზმებს. მდედრი მამრზე დიდი ზომისაა. (მაქს. ზომა 220სმ. წონა 80კგ–მდე). გასამრავლებლად შემოდის საქართველოს მდინარეებში: ჭოროხი, რიონი, კოდორი, გუმისტა.

ტოფობის პერიოდი აპრილიდან–აგვისტომდეა. ნაყოფიერება 20–360 ათას ცალამდეამდეა. იკუბაციის პერიოდი 44–80 საათამდე გრძელდება. გამოჩეკილი ლარვის ზომა 6–9 მმ–ია. აქტიურ კვებაზე გადადიან 10 დღის შემდეგ 17–20 მმ–ის ლიფსიტები თანდათანობით ზღვაში ეშვებიან.

რუსული ზუთხი – Acipenser gueldenstaedtii

რუსული ზუთხის მაქსიმალური სიგრზე-235 სმ. წონა–115 კგ–მდეა. მიეკუთვნება გამსვლელ თევზების რიცხვს. სქესობრივ სიმწიფეს ბუნებრივ პირობებში, მამრები აღწევენ 9–10 წლის ასაკში, მდედრები 12–16 წლისა. ქვირითობს მტკნარ წყლებში, მარტიდან–სექტემბრამდე; ნაყოფიერება 80–400 ათასი ქვირითია. ინკუბაციის პერიოდი წყლის ტემპერატურიდან გამომდინარე 2–12 დღე/ღამემდეა.

რუსული ზუთხის თითისტარისებრ წაგრძელებული სხეულის შეფერილობა ძლიერ ცვალებადია. ზურგი უმთავრეს შემთხვევაში მორუხო-შავია, გვერდები მორუხო-ყავისფერი, მუცლის არე თეთრი. დინგი მოკლე და ბლაგვია. ულვაშები განლაგებულია დრუნჩის სიახლოვეს. ფარიკულებს შორის გაბნეულია ვარსკვლავისებრი ფირფიტები, აქვე ზოგიერთ შემთხვევაში გხდება მცირე ზომის ძვლოვანი ფირფიტები.

შავ ზღვაში იკვებება უმთავრესად მოლუსკებით, კიბოსნაირებით, მცირე რაოდენობით ჭიებით.

სპარსული ზუთხი–Acipenser persicus

სპარსული ზუთხი თავდაპირველად, რუსული ზუთხის ქვესახეობად მიიჩნევოდა (ამჟამად გამოყოფილია ცალკე სახეობად). ამ სახეობის მამრების მაქსიმალური სიგრძე – 230 სმ, მდედრებისა –176 სმ, წონა 70 კგ. ბინადრობს, როგორც მტკნარ, ასევე მარილიან წყლებში. ქვირითობს აპრილიდან–სექტემბრამდე; ნაყოფიერება 210–250 ათასი ქვირითია.

გარეგნობით, ძლიერ წააგავს რუსულ ზუთხს. მისგან განსხვავებით გააჩნია უფრო მეტად წაგრძელებული, მასიური, ქვემოთკენ ჩაზნექილი დინგი. მოგრძო, დაბალი სხეული და ღია შეფერილობით: ზურგი ფერფლის ფერი ან მორუხო – ცისფერია, გვერდები ფოლადისებრი ბზინვარებით, მუცელი მოყვითალო – თეთრი. ქვედა ტუჩი გაყოფილია. ულვაშები დინგის სიახლოვეს არიან განლაგებული. ბუნებაში იკვებება მოლუსკებით, თევზის ლიფსიტებით, ბენთოსური ორგანიზმებით.

გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ– აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ენგურში, რიონში, სუფსასა და ხობში, კასპიის ზღვის აუზში.

ავტორები: ოთარ ობოლაძე, რევაზ ხითარიშვილი / თევზის მომშენებელი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი/

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB