ცისარტყელა კალმახის დაავადებები და მათი პროფილაქტიკა

893 Views Comment Off

მეკალმახეობის   განვითარება და მისი   სამეწარმეო საფუძველზე გადასვლა განაპირობებს ინტენსიფიკაციის ხარისხობრივ ზრდას.   აუზების, თევზსადგომებისა და ტბორების ერთეულ ფართზე სხვადასხვა ასაკის კალმახის დიდი რაოდენობით კონცენტრაცია აუარესებს გარემოს აბიოტიკურ პირობებს და შესაბამისად ადაბლებს კალმახის ორგანიზმის რეზისტენტობას. ყოველივე ეს, კი ხელს უწყობს კონტაგიოზური და სხვა სახის დაავადებების წარმოქმნას.

დაავადებთა გამაფრთხილებელი, პროფილაქტიკური, პრევენციული   და სამკურნალო ღონისძიებების დაგვიანებამ შეიძლება ყველა ასაკის კალმახის დაღუპვმდე მიგვიყვანოს. ამიტომ, გამრავლებისა და გამოზრდის რაციონალური ბიოტექნიკის დაცვა, თევზის გადაზიდვისას   ინსტრუქციების განუხრელი შესრულება და კალმახის გამოზრდის ყველა ეტაპზე კარგი სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნება დაავადებათა მკვეთრი შემცირების უმნიშვნელოვანესი   წინაპირობაა.

ზოგადად, საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია 100-ზე მეტი სახეობის პარაზიტი. მათ შორის პარაზიტული უმარტივესი 63 სახეობა, ჰელმინთი 33 და პარაზიტული კიბოსნაირი 4.

უშუალოდ კალმახზე აღმოჩენილია დაახლოებით 90-მდე სახეობის სხვადასხვა პარაზიტი, რომელთა ერთი მესამედი პარაზიტირებს მოზარდეულზე და იწვევს ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებს.

ინფექციური დაავადებები

ინფექციური ეწოდება დაავადებებს,   რომლებსაც იწვევს   ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და წყალმცენარეები.

ინფექციური დაავადებები  განსაკუთრებულად საშიშია თევზების ხელოვნური აღწარმოების დროს. თევზისა და ქვირითის გადაზიდვის მასშტაბების გაფართოება ზრდის სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნის შესაძლებლობას და ქმნის მისი გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობებს ახალ  თევზსაშენებსა და მეთევზეობის სხვა რაიონებში. ვირუსული დაავადებების მიმდინარეობა  ხშირად რთულდება   ბაქტერიებისა და სოკოს წარმოქმნის გამო.

ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემია

დაავადების აღმძვრელია ფილტრირებადი ვირუსი. ვრცელდება იმ წყალთან ერთად,  რომელშიც ბინადრობენ თევზები, აგრეთვე ქვირითთან, ინვენტართან, სხვადასხვა საგნებთან შეხებისას   და ა.შ. უძლებს ყინვას, დიდხანს ცოცხლობს ტბორის ლამში. ამ დაავადებას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს მეურნეობაში არსებული თევზი. იღუპება როგორც მოზარდი, ასევე სასაქონლო თევზი. ავადმყოფ თევზებს აღენიშნებათ სხეულის საფარის გამუქება, თვალების   დასივება (გადმოკარკვლა), ანემია, მუცლის შებერილობა, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. მკვდარ თევზებს წვავენ ან მარხავენ. ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ზომები შემუშავებული არ არის.

ავადმყოფობის პროფილაქტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თევზის გამოზრდისა და კვების ოპტიმალური პირობების დაცვას. მეურნეობაში, სადაც დაფიქსირებულია ეს დაავადება, საჭიროა მკაცრი კარანტინის დაწესება, რადგან ვირუსი გადაცემა შეიძლება მოხდეს   განვითარებადი ქვირითიდანაც კი.

კალმახის ინფექციური ანემია

დაავადების   გამომწვევია ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩაბუდებული იყოს ავადმყოფი თევზის ღვიძლში, თირკმელებსა და ელენთაში. დასნებოვნება ხდება წყლის მეშვეობით. ავადმყოფი და მკვდარი თევზები, აგრეთვე დაავადებული თევზის ქვირითი ხელს უწყობს სხვა თევზების დასნებოვნებას, შესაბამისად სენიანდება   წყალსატევები და მთელი მეურნეობა.

თევზს უავადდება   სისხლგამხსნელი ორგანოები — ღვიძლი და თირკმელები, რის გამოც სისხლი ხდება წყალწყალა. ღვიძლი ძლიერ გადიდებულია, აქვს   თეთრლაქებიანი ღია მოყვითლო შეფერილობა, მუცელი მოშვებული და ჩამოკიდებულია,   წარმოიქმნება წყალმანკი.

არსებობს ანემიის ორი ფორმა: გადამდები და არაგადამდები. პროფილაქტიკისათვის მკვდარი თევზები ამოჰყავთ ტბორიდან,   ტბორის დაბინძურებულ წყალს   ცლიან და ახდენენ მის დეზინფექციას ჩამქრალი კირით. მეურნეობაში აწესებენ   მკაცრ კარანტინს.

ფურუნკულოზი  

დაავადების აღმძვრელია ბაქტერია (Aeromonas salmonicida), რომელიც სუფთა წყალში კვდება, ხოლო ძლიერ დაბინძურებულში — სწრაფად მრავლდება. არსებობს ფურუნკულოზის   ორი ფორმა: ნაწლავებისა და კუნთების.

დაავადება იწყება ნაწლავების ანთებით, რომელსაც თან ახლავს ჩირქის გამოყოფა და სისხლდენა. შემდეგ ტანზე ჩნდება ჩირქოვანი მუწუკები. ჩირქოვანი ზედაპირი სკდება, საიდანაც გადმოედინება ჩირქი, სისხლი და ბაქტერიები. გამსკდარი ჩირქგროვა გარდაიქმნება წყლულად, რომელზეც სახლდება საპროლეგნია. დაავადების განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 10-15 0 C.

ცისარტყელა კალმახი ამ სენის მიმართ უფრო არამდგრადია და   ადვილად   ავადდება, ვიდრე მდინარის კალმახი და სხვა ორაგულისებრი თევზები. სათანადო სანიტარული პირობების დაცვა მკვეთრად   ამცირებს დაავადების წარმიქმნასა და გავრცელებას.

კალმახი, რომელსაც გარეგნულად არ აღენიშნება ფურუნკულოზის ნიშნები, შესაძლებელია გახდეს დაავადების წყარო. ავადმყოფობის აღმოჩენისთანავე მეურნეობაში ცხადდება კარანტინი და ტარდება პროფილაქტიკური და სამკურნალო   ღონისძიებები. სამკურნალოდ საკვებში შეაქვთ ანტიბიოტიკი (100 კგ თევზზე 10 გრამი ფურაზოლიდონი ან   5 გრამი ტერამიცინი.)

საპროლეგნიოზი  

დაავადების გამოწვევა ხდება საპროლეგნიისა ( Saprolegnia)   და ახლიის (Achlya ) გვარის ობის სოკოებით. ეს სოკოები ჩვეულებრვ ვითარდება დასუსტებულ, ტრავმირებულ თევზებსა და ქვირითზე.   სხეულზე   ქმნის თეთრი ძაფების   ბუსუსებიან, ფაფუკ   ხლართს. სოკოს სპორები ბუნებაში მრავლად მოიპოვება. ამიტომ, ხელსაყრელ პირობებში საპროლეგნია მკვდარ ქვირითსა და თევზზე ძალზე სწრაფად მრავლდება.

იყენებს რა   ჟანგბადს,   თავის   აბლაბუდასებრ ხლართებში აქცევს დანარჩენ ქვირითს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვირითის მასიური განადგურება. სიბნელეში საპროლეგნია ვითარდება უარესად, ვიდრე სინათლეზე. საპროლეგნია იღუპება 1 ლიტრ წყალში   0,5 მგ მალაქიტის მწვანეს ხსნარის კონცენტრატის   ზემოქმედებით 15-30 წუთში.

მალაქიტის მწვანეს გამოყენებისას საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს განვითარებად ქვირითზე. საპროლეგნიოზის  თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოსაზრდელი თევზის სრულფასოვანი გამოკვება და ხარისხიანი საკვების გამოყენება,  არ უნდა დავუშვათ თევზის ტრავმირება, შიმშილი, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ თევზის გამოსაზრდელი და შენახვის პირობების გაუმჯობესებისაკენ.

სოკოთი ქვირითის  დაავადების საშიშროებას მკვეთრად ამცირებს ინკუბაციის  კარგი პირობები, ქვირითის გაბანვისა და  აპარატებში ჩატვირთვის დროს   თანაზომიერების დაცვა. წყალს გულდასმით ფილტრავენ   ქვიშა-ხრეშის ფილტრებით, შემდეგ   ატარებენ   ბაქტერიოციდულ დანადგარში და დროულად აცილებენ   მკვდრი ქვირითს.

ამასთან ერთად, სისტემატურად ახდენენ ქვირითის გაბანვას მალაქიტის მწვანეს, ფორმალინის ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარში.

ღრმა მიკოზი

მოზარდეული კალმახის ეს მასიური დაავადება გამოწვეულია სოკოთი, დეიტერომიცეტის კლასიდან, რომლის ლათინური დასახელებაა „Sclerophoma”. სოკოს სპორები ჰაერთან ან წყალთან ერთად აღწევს საცურავ ბუშტში,   სადაც   მრავლდება და ავსებს მას.   შემდგომ კი ბუშტის კედლებიდან გადადის და აზიანებს შინაგან ორგანოებს და კუნთებს. სოკო განსაკუთრებით ასნებოვნებს მოზარდეულს, როდესაც დიდია წყალში ორგანული   ნივთიერებების რაოდენობის და მაღალია   თევზის ჩასხმის   სიმჭიდროვე.

დაავადებული მოზარდი თევზი ხდება ნაკლებად აქტიური, ეშვება წყალსატევის ძირზე. კუჭი ივსება ჰაერით   და იზრდება მოცულობაში. კალმახი აღარ იღებს საკვებს. თევზს   უჩნდება წყალმანკი და უსივდება თვალები.

დაავადებისაგან დაცვისა და პროფილაქტიკის მიზნით, იყენებენ   ფორმალინის 5%-იან აბაზანებს. აუზებს და მოწყობილობებს ამუშავებენ სარჩილავი ლამპით.

ინვაზიური  დაავადებები

თევზების ინვაზიურ დაავადებებს განეკუთვნება ისეთ დაავადებები, რომელთა აღმძვრელებია ცხოველური ბუნების ორგანიზმები.

თევზების ინვაზიურ დაავადებებს ძირითადად იწვევენ:

1) პარაზიტული უმარტივესები

2) პარაზიტული ჭიები ანუ ჰელმინთები

3) პარაზიტული კიბოსნაირები

4) სხვა პარაზიტული ორგანიზმები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარაზიტების მიერ გამოწვეული დაავადებები რიგ შემთხვევებში თევზებისთვის მეტად საშიშია და დიდ ზარალს აყენებს თევზ-მეურნეობებს; ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თევზების პარაზიტების, კერძოდ, ჰელმინთების ფაუნის შესწავლას, გარდა მეცნიერული ინტერესისა, უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან ზოგიერთი ჰელმინთისთვის თევზები წარმოდგენდნენ როგორც დეფინიტურ (საბოლოო), ისე შუამავალ მასპინძლებს, ხოლო თევზებიდან ავადდებიან მათი მჭამელი ცხოველები და ადამიანიც.

ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მათგანს:

კოსტიაზისი

ეს არის მოზარდი კალმახის ერთ–ერთი საშიში დაავადება. კოსტიაზისს  შეუძლია გამოიწვიოს მოზარდი თევზის მასიური სიკვდილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარაზიტი სახლდება ლაყუჩებზე.

კოსტიაზისის გამომწვევია  შოლტოსნების კლასის (Flagellata) უმარტივესი პარაზიტი ე.წ. «შოლტებიანი კოსტია» (Costia necatrix), რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ის კანზე და ლაყუჩებზე იწვევს  მოცისფრო–რუხი ფერის ლორწოვანი ნადების წარმოქმნას, რომელიც შედგება პარაზიტებისგან, ცისტისაგან და კანის მკვდარი უჯრედებისგან.

პარაზიტი მარტივი აგებულებისაა. მუცლის მხარეზე აქვს გრძივი ღარი, რომელიც პირის ხვრელს უერთდება.ღარიდან გამოდის ორი გრძელი შოლტი, რომლითაც პარაზიტი ემაგრება თევზის კანზე და ლაყუჩებზე. პარაზიტი იკვებება თევზის ლორწოთი, კანისა და ლაყუჩების ეპითელური უჯრედების ჩამონაფცქვენებით. დაგროვების ადგილზე ჭარბად გამოიყოფილი ლორწოს, დაშლილი ეპითელის  და პარაზიტის მასობრივი გამრავლების შედეგად თევზი იღუპება.

არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში პარაზიტს აქვს დაცისტების უნარი. ცისტა რჩება წყლის ფსკერზე გარკვეულ პერიოდამდე. პარაზიტს დაცისტების მდგომარეობაში შეუძლია დარჩეს შემდეგი წლის გაზაფხულამდე. თევზები ინვიზირდებიან როგორც ერთმანეთისგან, ისე ცისტების გარსიდან გამოსული პარაზიტებით.

კოსტიაზისი ხელს უწყობს საპროლეგნიოზის გაჩენას, რაც თავის მხრივ აჩქარებს მოზარდი თევზის სიკვდილს. მოზარდის შენახვის არასათანადო პირობები და არასრულფასოვანი კვება ზრდის თევზის დასნებოვნების შანსს.

ჩვეულებისამებრ, კოსტიაზისი ჩნდება ზაფხულში, როცა ტემპერატურა აღემატება 200С–ს. მკურნალობისთვის გვთავაზობენ სუფრის მარილის აბაზანებს (1–2,5%–იანი მარილის ხსნარი 15–20 წუთის განმავლობაში).

ჰექსამიტოზი (ოქტამიტოზი)

დაავადებას იწვევს შოლტოსანი Hexamita truttae, რომელიც ლოკალიზდება თევზის ნაწლავებში და ნაღვლის ბუშტში. პარაზიტი  მსხლის ფორმისაა, აქვს 4 წყვილი შოლტი და გააჩნია დაცისტების უნარი. პარაზიტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ  მიკროსკოპის საშუალებით. პარაზიტი იწვევს მოზარდის მასიურ დასნებოვნებას, თევზი წყვეტს საკვების მიღებას, იკლებს წონაში და იღუპება.

დაავადებასთან ბრძოლის ფირმები ზოგადპროფილაქტიკურია. არ უნდა დავუშვათ თევზის შერეული ჩასხმა. მთავარი პირობაა დაავადების პრევენცია–ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი ლიფსიტების მიღება და მათი სრულყოფილი კვება კეთილსაიმედო და მაღალხარისხიანი საკვებით.

კალმახის მიქსოსპორიდიაზი (ტრიალი, ბრუნვა)

ეს მოზარდი კალმახის ერთ–ერთი ყველაზე უფრო მასიური და საშიში დაავადებათაგანია. სნეულებას აღძრავს მიქსოსპორიდიები (Mixosoma cerebralis), რომელიც წარმოადგენს  სხვადასხვა ზომის მრავალბირთვიან ამებოიდს და მისი აღმოჩენა შეუძლია მხოლოდ გამოცდილ იხტიოპათოლოგს მრავალჯერადი გადიდების მიკროსკოპის ქვეშ ქსოვილის დათვალიერებისას.

მიქსოსპორიდიებისთვის დამახასიათებელია ორსაგდულიანი სპორები, რომლებიც პანსპორობლასტებში წყვილ-წყვილად არიან მოთავსებულნი. თითოეული სპორა შეიცავს ორ ან ოთხ პოლარულ კაფსულას. გარდა ამისა სპორაში მოთავსებულია ორბირთვიანი ამებური ჩანასახი. პარაზიტი იბუდებს მოზარდის თევზის ხრტილში, როცა ის ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ძვლად და იკვებება, როგორც თავის ქალის, ასევე ხერხემლის ღერძულას ხრტილოვანი ნივთიერებებით, ხოლო მოგვიანებით წარმოქმნის სპორებს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მიქსოსპორიდიები, როგორც ქსოვილოვანი პარაზიტები, სახლდებიან თევზების თითქმის ყველა ორგანოში: ლაყუჩებში, შემაერთებელ ქსოვილში, თირკმლებში, ღვიძლში, კუნთებში, ნაღველსა და საშარდე ბუშტების ღრუებში, ზოგჯერ ნაწლავის ღრუში და სხვა.

დაავადების დამახასითებელი ნიშნებია: ხერხემლის გამრუდება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სხეულის გამუქება. ყურის ხრტილოვანი ნიჟარის დაშლის შემდეგ მოზარდი თევზი კარგავს წონასწორობას, იწყებს უწესრიგო ტრიალს (ბრუნვას), სუსტდება და გარკვეული დროის შემდეგ იღუპება. დასენიანების პირველი ნიშნები ჩნდება 18–60 დღის შემდეგ. მოზრდილი თევზების დაღუპვა არ შეინიშნება, მაგრამ ის წარმოადგენს პარაზიტის მატარებელს.

მოზარდის დაღუპვის ყველაზე მაღალი ინტენსოვობა ფიქსირდება პირველი 2–3 თვის განმავლობაში. ხრტილის ძვლად გარდაქმნის შემდეგ თევზის სიკვდილიანობა წყდება. მოზარდის დაღუპვის შემდეგ პარაზიტის სპორები ინაცვლებს სხეულიდან წყალში. თევზი ავადდება, როდესაც ის წყლთან ერთად ყლაპავს სპორებს ან ჭამს დასენიანებულ თევზს. დიდი თევზისთვის ე.წ. ტრიალი საშიშროებას არ წარმოადგენს. დასნებოვნებულ მეურნეობებში აცხადებენ კარანტინს, ყველა იმ მოთხოვნათა დაცვით, რომელიც ხელს შეუშლის დაავადების  შემდგომ გავრცელებას.

წყაროს წყალზე თევზის გამოზრდა გამორიცხავს თევზის ორგანიზმში წყალთან ერთად პარაზიტის სპორების შეტანას და გავრცელებას. დაავადების მასიურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად უნდა აიკრძალოს თევზის შერეული ჩასხმა, რადგან მოზრდილი თევზები წარმოადგენენ პარაზიტგადამტანებს. აუცილებელია დაავადებული თევზების (ისინი ტივტივებენ წყლის ზედაპირზე) დაჭერა და განადგურება, რადგან ისინი წარმოადგენენ შემდგომი დაავადების წყაროს.

წამწამებიანი ინფუზორიებიდან ყურადღებას იპყრობს სამი დაავადება: ქილოდონიაზისი, ტრიქოდონიაზისი და იქთიოფთირიაზისი.

ქილოდონიაზისი

ავადმყოფობის გამომწვევია Chilodonella cyprinid რომელიც ეკუთვნის ნაირწამწამებიან ინფუზორიებს. პარაზიტის სხეულის სიგრძეა 0,05-0,07მმ, სიგანე 0,03-0,04მმ, გულისმაგვარი ფორმისაა, წინა მხარეზე პირის ხვრელია, რომლიდანაც გამოდის მოკლე მილი – ხახა. იგი აღჭურვილია ქიტინიზირებული ჩხირებით – ჩხიროვანი აპარატით, რომელიც პარაზიტის მიერ გამოიყენება თევზზე თავდასხმის დროს. სხეულის შუაში მოთავსებულია ბირთვი, ხოლო გვერდებთან ორი კუმშვადი ვაკუოლი.

ქილოდონელა იკვებება ლორწოთი და ეპითელური უჯრედების ნაფცქვენებით. დაავადებული თევზის კანზე და ლაყუჩებზე ჩნდება მუქი – მოცისფრო ნადებები, რომლებშიც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი პარაზიტები. დაავადება, როგორც წესი, ვლინდება ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. პირველ რიგში ავადდება გამოზრდისათვის არასათანადო პირობებში მყოფი დასისტებული კალმახი. დასენიანებულ თევზს უჭირს სუნთქვა, არ იკვებება, ცურავს ძალზე შენელებულად. დასნებოვნების მძიმე ფორმის პირობებში მდგომარეობა თანდათან უარესდება და თევზი იღუპება.

დაავადებული თევზები საჭიროა გატარდეს სუფრის მარილის 1– 2% ხსნარში, 15-20 წუთის განმავლობაში, ან კალიუმის პერმანგანატის 0,005% –იან ხსნარში, რაც კარგ პროფილაქტიურ საშუალებას წარმოადგენს. ასევე იყენებენ მალაქიტის მწვანეს და ფორმალინის აბაზანებს (0,1–0,2გრ/მ3).

ტრიქოდინიაზისი  

ტრიქოდინიაზისი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის აღმძვრელია ნაირწამწამებიანი ინფუზორია Trichodina-ს გვარიდან. კალმახზე ეს დაავადება შესაძლებელია აღმოჩნდეს კოსტიაზისთან და ქილოდონიაზისთან ერთად.  ისინი ძირითადად პარაზიტობენ თევზების კანსა და ლაყუჩებში, ზოგიერთი სახეობა ნაპოვნია შარდის ბუშტშიც.

ტრიქონიდებით უმეტესად ავადდებიან ახალგაზრდა თევზები, ზრდასრულები კი წარმოადგენენ პარაზიტის მატარებლებსა და შესაბამისად – ინვაზიის გამავრცელებლებს. დაავადების ძირითადად თავს იჩენს ზაფხულში, თუმცა, თევზის არასათანადო პირობებში  შენახვისას ის შეიძლება გამოვლინდეს წლის ნებისმიერ დროს.

დაავადების დამახასიათებელი ნიშნები გამოხატულია კანზე და ლაყუჩებზე მოცისფრო ლორწოვანი ნადების სახით, რომელიც შედგება ლორწოსა და დაშლილი ეპითელური უჯრედებისაგან.

ძლიერი ინვაზიის შემთხვევაში ზიანდება თევზის ფარფლები, ლოკალიზაციის ადგილებში სცილდება ქერცლი და სუნთქვის ფუნქცია ირღვევა.

მკურნალობის მიზნით სუფრის მარილის 2% ხსნარიანი აბაზანების გამოყენება 15-20 წუთის განმავლობაში მკვეთრად ამცირებს კალმახის დასნებოვნებას ტრიქოდინიაზისით. ამ პროცედურის შემდეგ საჭიროა თევზი მოთავსდეს ძლიერ გამდინარე წყალში.

იხტიოფტირიოზი (იხტიკა)

დაავადებას იწვევს საკმაოდ დიდი ზომის პარაზიტული წამწამებიანი ინფუზორია Ichthyophtirius multifilius, რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული.  იგი წარმოადგენს მასობრივი ეპიზოოტიის მიზეზს.

ამ პარაზიტისთვის დამახასიათებელია მასპინძლის მრავალგვარობა, იგი გვხვდება თითქმის ყველა სახეობის თევზში. პარაზიტობს მასპინძლის კანის, სხეულის, ფარფლების შინაგანი და გარეგანი ლაყუჩის ფირფიტების ეპითელურსა და შემაერთებელ ქსოვილებში და იწვევს მათ ანთებას. დაავადებული თევზის კანზე წარმოიქმნება თეთრი ლაქები; ძლიერი დაავადების შემთხვევაში კი ამგვარი ლაქებით იფარება მთელი სხეული და ზოგიერთი ადგილი ნეკროზდება.

თევზი ბრმავდება, ლაყუჩებში ხდება ძლიერი სისხლჩაქცევები, იშლება სუნთქვის ფუნქცია, რაც ხშირად სიკვდილიანობით მთავრდება. პარაზიტს აქვს დაცისტების უნარი. თევზის სხეულიდან მოწყვეტილი პარაზიტი ვარდება წყლის ფსკერზე და წარმოქმნის ცისტას. ცისტის დაყოფით წარმოიქმნება 2 ათასამდე ახალი პარაზიტი. თევზები ინვიზირდებიან როგორც ერთმანეთისგან, ისე ცისტების გარსიდან გამოსული პარაზიტებით.

თუ დრულად არ იქნა მიღებული პროფილაქტიკური ღონისძიებები შეიძლება თევზი სრულად  დაიღუპოს. პარაზიტისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 16–220C. აღსანიშნავია, რომ ზამთრის დაბალი ტემპერატურა (1–20C) მხოლოდ ანელებს პარაზიტის ქმედუნარიანობას და  ვერ ახდენს უარყოფით გავლენას მის  სიცოცხლისუნარიანობაზე. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში პარაზიტები კვლავ წარმატებულად მრავლდებიან.

არსებობს მკურნალობის მრავალი მეთოდი, მაგრამ კალმახისთის არ არის შემოთავაზებული არც ერთი რაციონალური გზა. მიუხედავდ ამისა, პარაზიტის სიცოცხლისუნარიანობის შესუსტება შესაძლებელია თუ კალმახს სისტემატიურად გავატარებით მარილიან აბაზანაში. შეგვიძლია, აგრეთვე დაავადებული თევზი გავაჩეროთ წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ (მექანიკური მკურნალობა).

ამ დრის მოწიფული პარაზიტები ტოვებენ თევზის სხეულს და მიყვებიან წყლის ნაკადს. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პარაზიტთან საბრძოლველად, მისი  მაღალი მდგრადობის მათვალისწინებით, საჭიროა საკმაოდ ხანგრძლივი აბაზანები, მაგრამ ამ დროს რთულდება კალმახის მკურნალობა, რადგან ჟანგბადის მოყვარული კალამახი დიდი ხნით ვერ ძლებს სუფთა წყლის მიწოდების გარეშე.

აბაზანებს ატარებენ სუფრის მარილით და მალაქიტის მწვანისა და ფორმალინის ნარევით.

მასალა მოგვაწოდა პორტალმა kalmaxi.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1546 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB