უფხო შვრიელა – საუცხოო სათიბი და საძოვარი მცენარე

უფხო, შვრიელა, საკვები

უფხო შვრიელას (ლათ. Bromus inermis) კვებითი ღირსებით და გავრცელების არეალით ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს მრავალწლიან მარცვლოვან და საკვებ ბალახეულს შორის.

უფხო შვრიელა შეიცავს 12,5 % ნედლ პროტეინს, დაახლოებით 50 საკვებ ერთეულს და სხვა ბალახებთან შედარებით საუცხოო სათიბი და საძოვარი მცენარეა.

სოფლის მეუნეობის ციმბირის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში, ჰექტარზე მიღებული იყო მრავალწლოვანი ბალახების თივის შემდეგი წლიური მოსავალი: უფხო შვრიელა – 40, უფესურო ჭანგა 28,9, ციმბირის კაპუეტა 27, სავარცხლისებრი კაპუეტა 18,9 ცენტნერი (არის უფრო მაღალი შედეგებიც).

უფხო შვრიელა ფესურიან მარცვლოვნებს ეკუთვნის. კარგად არის შეფოთლილი, აქვს 1-1.5 მეტრი სიმაღლის ღერო. მისი ფოთლები ფართოხაზოვანი და ბრტყელია, სხვადასხვა ფორმის ყვავილედი ცოცხია. ნაყოფი ყვავილის კილებში ჩასმული მარცვალია.

ძლიერად განვითარებული ფუნჯოვანი ფესვთა სისტემა, ღრმად ჩადის ნიადაგში და ამის წყალობით უფხო შვრიელა კარგად იტანს გვალვას.

იგი შეიძლება იზრდებოდეს სხვადასხვაგვარ ნიადაგებზე, თუმცა მისთვის საუკეთესოდ ითვლება მდინარის კალაპოტში მოტანილი ფხვიერი ნალექი მიწა, აგრეთვე შავმიწა ქვიშნარი და თიხნარი ნიადაგები.

უფხო, შვრიელა, საკვები

ცუდად იზრდება მძიმე წაბლისფერ, თიხიან გარემოში და ვერ იტანს დაჭაობებულ მლაშე ადგილებს. უფხო შვრიელა უძლებს ხანგრძლივ დატბორვას. გამოირჩევა დიდი გვალვა და ყინვაგამძლეობით.

ერთ ადგილზე შეიძლება გაძლოს 12-14 წელიწადს. კარგ მოსავალს 4-5 წლის განმავლობაში იძლევა. სრულ განვითარებას, ყველაზე მაღალპროდუქტიულობას, სიცოცხლის მეორე-მესამე წელს აღწევს. კარგად ებრძვის სარეველებს.

უფხო შვრიელა კარგი წინამორბედია მარცვლოვანი კულტურებისათვის, კერძოდ ხორბლისათვის. პარკოსნებთან ბალახნარევში მარცვლეული კულტურების მოსავალს საგრძნობლად ადიდებს.

კარგ შედეგებს იძლევა სასუქების შეტანა. ძირითადი სასუქი შეაქვთ მზრალად ხვნის წინ, გამოსაკვებად კი გათიბვის შემდეგ.

უფხო, შვრიელა, საკვები

უფხო შვრიელას და პარკოსნების ბალახნარევის ოპტიმალური თესვის ვადაა ადრე გაზაფხული და გვიანი შემოდგომა. თესვის საუკეთესო წესია – მწკრივშორისი. თესვის სიღრმე საშუალოდ 3-4 სმ. თესვის ნორმა საშუალოდ 16-20 კგ.

ბალახნარი, საკვები ნივთიერების უკეთ შენარჩუნებისათვის, საგველას გამოტანის ფაზაში უნდა გაითიბოს. თივის შრობა ღვარეულებში უნდა დამთავრდეს 2-3 დღეში.

ავტორები: ზურაბ ბუკია; ნოდარი ბერიძე; შოთა ლამპარაძე. /მემცენარეობა საკვებწარმოების საფუძვლებით/.

იხილეთ აგრეთვე: კაპუეტა – ყუათიანი მარცვლოვანი მცენარე

თქვენი რეკლამა