ტურნეფსი (საკვები თალგამი) – თესვა, მოვლა-მოყვანა

ტურნეფსი, საკვები, თალგამი

ტურნეფსი, (საკვები თალგამი) ყველა ჯიშის პირუტყვისთვის საკვები ძირხვენა (ლათ. Brassica rapa rapifera) ორწლიანი მცენარეა.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა: 1 წელს 70-110 დღე, მეორე წელს 70-90 დღე.

დიდხანს არ ინახება, ტენის მოყვარულია, ვერ იტანს გვალვებს და მაღალ ტემპერატურებს. აღმონაცენები იტანენ -50C, ზრდასრული მცენარე კი – 60C ყინვებს. მოსავალი 40-60 ტ/ჰა (რიგ შემთხვევებში მეტი).

წინამორბედები

საკვები ძირხვენებისათვის კარგი წინამორბედებია საშემოდგომო თავთავიანები, სამარცვლე პარკოსნები და სასილოსე კულტურები. ისინი, როგორც სათოხნი კულტურები, ასუფთავებენ ნიადაგს სარეველებისაგან და წარმოადგენენ საუკეთესო წინამორბედს სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის ოპტიმალური მჟავიანობა рН=6-6,5, თუმცა მოდის рН=4,5-5,0 ზეც.

ძირხვენებისათვის ნიადაგის დამუშავება იწყება წინამორბედი კულტურის მოსავლის აღებისთანავე ნაწვერლის აჩეჩვით 5-6 სმ სიღრმეზე.

შემოდგომაზე ნიადაგი უნდა მოიხნას მზრალად წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ სიღრმეზე. ტენის შენარჩუნების მიზნით ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ხნული შეშრება, მზრალი ორ კვალად უნდა დაიფარცხოს.

თესვის წინ ტარდება ხნულის კულტივაცია ერთდროული დაფარცხვით ორ კვალად, ტურნეფსისათვის აუცილებელია თესვის წინ ნიადაგის დატკეპნა მსუბუქი სატკეპნით. მშრალ პირობებში საჭიროა ნათესის მოტკეპნაც.

თესვის ვადა

როგორც წესი ძირხვენები ითესება ადრე გაზაფხულზე (თესავენ შემოდგომაზეც). ბარის რაიონებში თესვა დაწყებული უნდა იქნეს მარტის პირველი დეკადიდან და დამთავრდეს არაუგვიანეს მარტის მესამე დეკადაში, ხოლო მთის რაიონებში აპრილის მეორე დეკადიდან მაისის პირველ დეკადამდე.

ქვემო ქართლის პირობებში მიზანშეწონილია მისი თესვა სექტემბერ-ოქტომბერში. ამ ზონაში ეს კულტურა სიახლეა და საკვებწარმოების გაუმჯობესების და მრავალფეროვნების თვალსაზრისით საუკეთესოა როგორც შუალედური კულტურა.

თესვის წესი და თესვის ნორმა

საკვები ძირხვენების თესვა წარმოებს ბოსტნეულის სათესი მანქანებით 45-60-70 სმ მწკრივთშორისით. თესვის ნორმა შეადგენს ტურნეფსისათვის 2-3 კგ-ს.

თესლის ჩათესვის სიღრმე 1,5-2,5 სმ-ი. თესვის ნორმა 1-2,5 კგ/ჰა. ოპტიმალური სიხშირე 8 000-10000 1/ჰა-ზე.

თესვის ნორმის ზუსტად დაცვის მიზნით 1 ჰა-ზე დასათეს ტურნეფსის თესლს უნდა შეერიოს ბალასტი (გაცრილი მშრალი ქვიშა ან გადამწვარი გაცრილი ნაკელი) 10-15 კგ-ს ოდენობით და სათესის ნორმაზე დაყენება უნდა მოხდეს ნარევის მიხედვით.

ნათესის მოვლა

ძირხვენების ნათესის მოვლა იწყება მწკრივთაშორისების პირველი მსუბუქი გაფხვიერებით, რომელიც ტარდება მწკრივების გამოჩენისთანავე. 7-8 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს მეორე, ხოლო 15-18 დღის შემდეგ მესამე გაფხვიერება გამოხშირვით.

გამოხშირვა უნდა ჩატარდეს იმ ვარაუდით, რომ მცენარეებს შორის დარჩეს 20-22 სმ.

სავეგეტაციო პერიოდში ტარდება ნათესების გამოკვება. პირველი გამოკვება უნდა ჩატარდეს ძირხვენების გამოხშირვის დროს, მეორე 12-14 დღის შემდეგ, ხოლო მესამე 15-20 დღის შემდეგ.

განოყიერება

საკვები ძირხვენების მაღალი და გარანტირებული საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ სასუქების გამოყენების შემთხვევაში. შემოდგომაზე მზრალად ხვნის წინ ნიადაგში შეტანილი უნდა იქნეს ორგანული (გადამწვარი ნაკელი, ტორფი) და მინერალური სასუქები.

ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით ნაკელი და ტორფი 1 ჰა-ზე შეიტანება 20-30 ტ-ს რაოდენობით (უმჯობესია შევიტანოთ წინამორბედი კულტურების ქვეშ), ხოლო მინერალური სასუქები N60-90; Р45-60; К60-90 ნორმით.

კარგ შედეგს იძლევა თესვასთან ერთად ნიადაგში სასუქების მწკრივული შეტანა კომბინირებული სათესი მანქანით. მწკრივში შეტანის დროს გამოიყენება სასუქების მცირე ნორმები – აზოტიანი 30 კგ, ფოსფორიანი 50 კგ და კალიუმიანი 30 კგ 1 ჰა-ზე.

მოსავლის აღება და შენახვა

საკვები ძირხვენების მოსავლის აღება იწყება მაშინ, როდესაც ქვედა ფოთლები ხმობას იწყებს. ტურნეფსი, როგორც ყინვაგამძლე მცენარე შეიძლება ზამთარში დავტოვოთ ნიადაგში და ამოვიღოთ საჭიროების მიხედვით ზამთრის განმავლობაში და ადრე გაზაფხულზე.

ამოღებულ ძირებს ასუფთავებენ, აჭრიან ფოთლებს, რომელსაც შემდეგ ასილოსებენ ან იყენებენ მწვანე საკვებად. ძირები უნდა გადაირჩეს შესანახად და დასასილოსებლად.

ტურნეპსით შეიძლება გამოიკვებოს ყველა ჯიშის პირუტყვი, მაგრამ დიდი დოზების შემთხვევაში ძროხის რძე, სპეციფიკურ, არასასიამოვნო გემოს და სუნს იღებს, ამიტომ ძროხებს დღეში 12-16 კგ-ზე მეტს არ აძლევენ.

ქეა საერთაშორისო კავკასიაში, აგროკავკასია

თქვენი რეკლამა