ცულისპირა – პარკოსანი საკვები ბალახი და გემრიელი კულტურა

ცულისპირა, საკვები, სიდერატი

ცულისპირა (ლათ. Lathyrus sativus L) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთწლიანი, პარკოსანი საკვები ბალახია. იძლევა მაღალხარისხოვან მოსავალს და მარცვალს, რომელიც საუცხოო კონცენტრირებული საკვებია.

მწვანე მასას ჭამს ყველა სახეობის პირუტყვი. ძალიან ნელა აგროვებს უჯრედისს, ამიტომ სხვა კულტურებთან შედარებით მას საძოვრად უფრო ხშირად იყენებენ. ის უფრო მეტ ცილებს შეიცავს, ვიდრე იონჯა.

ცულისპირა უძველესი დროიდან მოჰყავთ სამხრეთ-დასავლეთ აზიასა და რუსეთში, უკრაინაში, აგრეთვე შუა აზიაში. საქართველოში მოიპოვება ტყისპირებში, აგრეთვე კულტურულ ნათესებში – 2000 მეტრამდე ზღვის დონიდან.

ცულისპირა კარგი სიდერატია (მწვანე სასუქი), თესლბრუნვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ცულისპირა, ყვავილი

ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება და ბიოლოგიური თავისებურებანი

ცნობილია ცულისპირას ორი გეოგრაფიული ჯფუფი. მისი ფესვთა სისტემა შედგება მრავალღერძიანი, მძლავრი, დიდი რაოდენობის გვერდითი ფესვებისგან, რომლებიც ნიადაგის ზედა ფენაშია დაქსელილი. მთავარი ფესვი მიწაში 2 მეტრამდე ჩადის.

ღერო სუსტია, ოთხწახნაგიანი; მის ურთიერთ საწინააღმდეგო მხარეს, სიგრძეზე, ჩარიგებულია ფოთლები. 5- 10-მდე გვერდით ტოტს ივითარებს, რომლებიც ყვავილობის დაწყებიდან – პარკების გამონასკვამდე სწრაფად იზრდებიან.

ფოთოლი რთულია, ვიწრო, ლანცეტისებური ფოთოლაკით, რომლებიც ღეროზე გრძელი ყუნწებით სხედან და სამი პწკალით ბოლოვდებიან. ყვავილი თითო ან ორ-ორია. მოკლე ყუნწით, იისფერი, თეთრი და ვარდისფერი.

თვითდამტვერავი მცენარეა, მაგრამ ჯვარედინი დამტვერვაც არ არის გამორიცხული. თესლი გლუვია. 1000 ცალის წონა 50-150 გრამია.

ცულისპირა სითბოსადმი არ არის მომთხოვნი. გაღივებას იწყებს 2-3 გრადუს ტემპერატურაზე. ოპტიმალურია 18 გრადუსი. შედარებით დაბალ ტემპერატურასაც (ყინვას) კარგად იტანს.

წყლისადმი ნაკლებად მომთხოვნია. გვალვაგამძლეა. მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტია 400. არც ნიადაგისადმია პრეტენზიული. კარგ მოსავალს იძლევა თიხნარ და ქვიშნარ მიწებზე.

ცულისპირა, ბუჩქი

აგროტექნიკა

ცულისპირას წინამორბედი, იმის მიხედვით, თუ რა მიზნით და წლის რომელ პერიოდში ითესება, შეიძლება იყოს თავთავიანები, სათოხნი და სხვა მცენარეები.

ცულისპირა ითესება ადრე გაზაფხულზე. აღმონაცენი გამძლეა დილის წაყინვების მიმართ და სხვა პარკოსნებთან შედარებით ითესება უფრო ადრე. თესლის ჩათესვის სიღრმეა 4-8 სმ.

საქართველოში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მოზამთრე შუალედურ კულტურას. თვით ცულისპირა მინდვრის კულტურებიდან, თავთავიანების კარგი წინამორბედია.

ნიადაგი მუშავდება საერთო წესით. სპეციალური ღონის ძიებების გატარებას არ საჭიროებს.

მწვანე საკვებად და სათივედ თესავენ მწკრივებად -180-200 კგ-ს ჰექტარზე. იღებენ ყვავილობის დასაწყისში და პარკების გამონასკვნის ფაზაში, რადგანაც ამ დროს შეიცავს მწვანე მასის დიდ რაოდენობას.

სავეგეტაციო პერიოდი: 80-110 დღე.

ცულისპირა, მარცვალი

გამოყენება სამზრეულოში

ცულისპირასგან აკეთებდნენ შეჭამანდს: მოხარშული ცულისპირა შეზავდება დანაყილი ნიგვზით, დაჭრილი ხახვით და ქინძით; მარილი, პიმპილი – გემოვნებით; სიმჟავის დასამატებლად დაემატება ტყემალი ან ტყლაპი.

ცულისპირას განსაკუთრებული გამოყენება კი რაჭაში „სართვიანების“ (გულიანი რიტუალური პური) გამოცხობის დროს ჰქონდა“. ცულისპირას და ჭვავის ან ხორბლის ნარევისაგან ამზადებენ ნოყიერ პურს (ძველი ქართული კერძები, 2006; მაისაია, 2013).

ცულისპირას იყნებენ აგრეთვე „თეთრი ლობიანის“ გამოსაცხობად.

ცულისპირა, საკვები, ლობიო

ავტორები: ზურაბ ბუკია; ნოდარი ბერიძე; შოთა ლამპარაძე. /მემცენარეობა საკვებწარმოების საფუძვლებით/.

იხილეთ აგრეთვე: სათითურა – ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ბალახი

თქვენი რეკლამა