ტრიტიკალეს მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

1076 Views

ხორბლის და ჭვავის შეჯვარების შედეგად, გასული საუკუნის დასაწყისში, მეცნიერებმა შექმნეს ახალი კულტურული გვარი ტრიტიკალე — Triticale (ხორბალი -Triticum და ჭვავი — Secale).

ტრიტიკალე წარმოადგენს ჭავის და ხორბლის ამფიდიპლოიდურ ჰიბრიდს, რომელიც არ არის მარცვლოვანი მცენარეების ბუნებრივი ევოლუციის პროდუქტი.

ადამიანმა იგი შექმნა ხელოვნურად და ტრიტიკალეში გააერთიანა ორი კულტურული გვარის დადებითი თვისებები: ხორბლის მრავალყვავილიანობა და ჭვავის მრავალთავთუნიანობა, ხორბლის პლასტიურობა და ჭვავის გამძლეობა დაავადებებისადმი.

ტრიტიკალეში მკვეთრად მაღალია ცილის და ცილაში არსებული ამინომჟავების შემცველობა, განსაკუთრებით კი ლიზინის.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, სადაც მოხდა ტრიტიკალეს, როგორც პერსპექტიული კულტურის წარმოებაში დანერგვა. ქართველი მეცნიერების (პ. ნასყიდაშვილი, ც. სამადაშვილი, მ. ჯაში) მიერ 1985-1995 წლებში, შეიქმნა და წარმოებაში დაინერგა ტრიტიკალეს ორი ჯიში — საკვები მიმართულების “ქართლი 2” და საკვები-სამარცვლე მიმართულების “ქართლი 5”.

90- იან წლებში ტრიტიკალეს ეს ჯიშები ითესებოდა 20 000 ჰა-ზე. დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია საერთაშორისო სანერგეებიდან (CIMMYT-ICARDA) გამორჩეული, სამარცვლე მიმართულების ტრიტიკალეს ჯიში „გორდა 16“ (შპს „ფირმა ლომთაგორა“).

ტრიტიკალეს ბიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოვიყენოთ ხორბლის ნათესში, როგორც შერეული სახით ორი მიმართულებით:

1. როგორც სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებისადმი გამძლე და გარანტირებული მოსავლის მიღების საშუალება;

2. ხორბლის ნათესში შერეული ტრიტიკალეს მარცვალი აუმჯობესებს ხორბლის მარცვლის ქიმიურ შემადგენლობას, კერძოდ, წებოგვარას და ცილას.

კულტურის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მაღალი მოსავლის მისაღებად, საჭიროა გატარდეს აგროტექნიკური ღონისძიებები, სადაც გათვალისწინებული იქნება ტრიტიკალეს პოტენციალური შესაძლებლობები.

ტრიტიკალეს მოყვანის აგროტექნიკა თითქმის იგივეა, როგორიც ხორბლის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ თუ რა მიზნით ვიყენებთ ნათესს, საკვებად თუ სამარცვლედ.

წინამორბედი

საკვებად დათესილი ტრიტიკალესთვის წინამორბედს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ყველა შემთხვევაში საჭიროა სასუქების შეტანა, ნიადაგის ოპტიმალურ ვადაში ხარისხიანი დამუშავება. საშემოდგომო სამარცვლე კულტურების და სასილოსე სიმინდის შემდეგ ნათესი საკვები ტრიტიკალე უფრო მაღალ მოსავალს იძლევა.

სამარცვლედ სათესი ტრიტიკალესათვის უკეთესია სათოხნი კულტურები, ბოსტნეული, მრავალწლიანი და ერთწლიანი ბალახები. მარცვლის მაღალი მოსავლის გარანტიას იძლევა სათოხნი კულტურების, კერძოდ, სიმინდის შემდეგ ნათესი ტრიტიკალე. ამ დროს ტრიტიკალეს მაღალმოზარდი ფორმები ნაკლებად წვება.

ნიადაგის დამუშავება

ტრადიციული ტექნოლოგია ითვალისწინებს ნიადაგის ძირითად დამუშავებას — ხვნას ფრთიანი გუთნით. საადრეო წინამორბედების შემდეგ ნიადაგი უნდა მოიხნას მოსავლის აღებისთანავე 25-27 სმ სიღრმეზე და ხორბლის თესვამდე დამუშავდეს ნახევრად ანეულის წესით.

საგვიანო წინამორბედების მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს შემჭიდროვებულ ვადებში იმ ვარაუდით, რომ ტრიტიკალესათვის ნიადაგი მომზადდეს თესვამდე 10-15 დღით ადრე, არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.

ტრიტიკალე, როგორც მაღალი პოტენციალის მცენარე, კარგ შედეგს გვაძლევს ღრმადხვნის ტექნოლოგიით — ნიადაგის გაფხვიერება 50 სმ სიღრმეზე.

ღრმად გაფხვიერების დროს ნიადაგის ღრმა ფენებში უმჯობესდება ჰაერაცია და წყლის რეჟიმი; იზრდება ტენტევადობა; მიკრობიოლოგიური პროცესების ცხოველმყოფელობა და მცენარეს ექმნება ზრდა-განვითარების უკეთესი პირობები; მცირდება წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიული პროცესების ინტენსიობა.

ნიადაგის დამუშავების წინ მინერალური სასუქების ოპტიმალური დოზების ნორმა რეგიონებისა და ნიადაგების ტიპის მიხედვით მერყეობს: აზოტი 30 კგ/ჰა, ფოსფორი 50-90 კგ/ჰა და კალიუმი 45-60 კგ/ჰა.

თესვის ვადები

თესვა სასურველია ჩატარდეს ზონაში საშემოდგო ხორბლისათვის მიღებულ ვადაში. საკვები ტრიტიკალეს 10-12 დღით ადრე ნათესი საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ძლიერი ბარტყობა, გაზაფხულზე სწრაფად შევიდეს დათავთავებაში და ადრე გაანთავისუფლოს ნაკვეთი.

აღსანიშნავია, რომ ტრიტიკალეს ძლიერ გვიანი ნათესიც ნორმალურად ვითარდება და საშუალებას იძლევა საშემოდგომო სამუშაოები შეუფერხებლად შესრულდეს.

თესლის შეწამვლა

ტრიტიკალე ხორბალთან შედარებით გამძლეა გუდაფშუტებისადმი და ამიტომ შეწამვლა აუცილებელი არ არის.

ტრიტიკალეს სამარცვლე ფორმები ძირითადად მაღალმოზარდია და თესვის წინ მათი დამუშავება რეგულატორებით ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ბარტყობა ძლიერდება, მარცვლის ზედაპირი სწორდება და კონსისტენცია უმჯობესდება.

თესვის ნორმები

მწვანე საკვებად თესვის დროს საჭიროა 270-280 კგ/ჰა-ზე. საკვები ნივთიერებით ღარიბ ნიადაგზე და გვიანი თესვისას კარგ შედეგს იძლევა თესვის ნორმის გაზრდა ან ბარდის შეთესვა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ტრიტიკალეს თესვის ნორმა შეიძლება შემცირდეს 200-220 კგ-მდე.

სამარცვლე ტრიტიკალეს თესვის ნორმა 180- 220 კგ-ია. ამ დროს ძლიერად მიმდინარეობს ბარტყობა, თავთავი მსხვილია და კარგად შემარცვლული, მარცვალი ამოვსებულია, მოსავალი მაღალი.

თესვის წესები

მწვანე საკვებად ითესება ვიწრო მწკრივებად და ჯვარედინად. სამარცვლედ თესვის დროს უმჯობესია ფართე მწკრივებად თესვა. ასეთი წესით თესვა უზრუნველყოფს ამოვსებულ და მსხვილ მარცვალს.

განოყიერება

ტრიტიკალეს ჯიშები მიეკუთვნება ინტენსიურ ტიპს და ამიტომ კარგად იყენებს მაღალ აგროფონს. ყურადღება უნდა მიექცეს აზოტიანი სასუქების გამოყენებას, რადგან გადაჭარბებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ნათესის ჩაწოლა.

სამარცვლე ნათესებში აზოტიანი სასუქების ადრე გაზაფხულზე გამოყენება დაუშვებელია. ამ დროს ბარტყობა ძლიერდება და მარცვალი ამოუვსებელი რჩება. უფრო ეფექტურია, აღერების ფაზაში, ჩატარდეს ფოთლიდან გამოკვება შარდოვანით ან ნუტრივანტით. კარგ შედეგს იძლევა სიმაღლის რეგულატორების გამოყენებაც.

მორწყვა

ტრიტიკალეს მწვანე მასის და მარცვლის მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ჩატარდეს თესვის შემდგომი პირველი მორწყვა.

მეორე მორწყვა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სასურველია ჩატარდეს სასუქების შეტანის შემდეგ, გაზაფხულზე აღერების დასასრულს და ბარტყობის დასაწყისში.

სამარცვლედ დათესილ ტრიტიკალეში, გარემო პირობების გათვალისწინებით საჭიროა მესამე მორწყვა ყვავილობის დასასრულს ან რძისებურ სიმწიფეში.

მოსავლის აღება

საკვებად დათესილი ტრიტიკალეს ჯიშების მწვანე მასის მოსავლის აღება უნდა მოხდეს სრული დათავთავების პერიოდში (15-25 მაისი). ყვავილობის დასაწყისში აღება მწვანე მასის მოსავალს ამცირებს 10%-ით, უფრო დაგვიანების შემთხვევაში იკარგება 40%, უარესდება კვებითი თვისებები.

ტრიტიკალეს მარცვლად აღება ხდება სრულ სიმწიფეში და დროულად. აღების გაჭიანურებამ, განსაკუთრებით ჩაწოლილ ნათესში, შეიძლება გამოიწვიოს თესლის ჩანასახში გაღივება, თავთავი იწყებს მტვრევას და ჩაცვენას.

აღების დროს, ყურადღება უნდა მიექცეს დეკას და ბარაბანის დარეგულირებას, რათა არ მოხდეს მარცვლის დაზიანება და დამტვრევა.

ტრიტიკალეს ჯიშები მსხვილმარცვლიანია და ამიტომ აღების პროცესი მეტ ყურადღებას მოითხოვს. მარცვალში ხარისხობრივი მონაცემების შესანარჩუნებლად ხშირად იყენებენ გაყოფით აღების წესს.

საქართველოში ჩატარებული მრავალმხრივი მეცნიერული გამოკვლევების და საწარმოო გამოცდით დადგენილია, რომ ტრიტიკალეს გონივრული გამოყენებით შესაძლებელია ერთ სავეგეტაციო პერიოდში ერთსა და იმავე ნაკვეთიდან მივიღოთ ორი მოსავალი.

შემოდგომით ტრიტიკალეს ადრეული ნათესი მწვანე მასის ასაღებად მზად არის 15-25 მაისისათვის. აღების შემდგომ შესაძლებელია დაითესოს სიმინდი სასილოსედ ან სამარცვლედ, რომელიც სრულად ასწრებს განვითარებას და არ საჭიროებს საადრეო ჯიშების შერჩევას.

ტრიტიკალეს აღების შემდეგ შეიძლება კომბოსტოს, ლობიოს, ჭარხლის ან სხვა კულტურის მოსავლის მიღებაც.

ტრიტიკალე

„ჩვენი სოფელი“

ცნობილია ტრიტიკალეს სამარცვლე და საკვები მიმართულების ჯიშები. ტრიტიკალეს ნამჯა გამოიყენება ცხოველთა საკვებად, საფენად და სხვა. ტრიტიკალეს საკვები მიმართულების ჯიშები კარგ სასილოსე და მწვანე მასას იძლევიან.

პურცხობის უნარი რამდენადმე დაბალია ხორბალთან შედარებით. კარგი ხარისხის პური მიიღება როცა 70-80% ხორბლის ფქვილში 20-30% ტრიტიკალეს ფქვილია შერეული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB