ტრიტიკალე – მარცვლეული ხორბლისა და ჭვავის საუკეთესო თვისებებით

ტრიტიკალე

ტრიტიკალე (ლათ. Triticale) – ახალი მარცვლეული კულტურაა. გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობის პოტენციალით, ცილებისა და შეუცვლელი ამინომჟავების გაზრდილი შემცველობით, რაც განაპირობებს ამ კულტურის ფართო პერსპექტივას, როგორც სასურსათოდ, ისე საკვებად გამოყენებისათვის.

ტრიტიკალე გამოირჩევა მაღალი იმუნურობით და ექსტრემალურ პირობებისადმი კარგი ამტანობით. მისი მარცვალი 1-1,5%-ზე მეტ ცილებს შეიცავს ვიდრე ხორბლის მარცვალი.

თუმცა პურცხობის უნარი რამდენადმე დაბალია ხორბალთან შედარებით. მისგან გამომცხვარი პურის მოცულობა უფრო დაბალია და ნაკლებ ფორიანია, რაც ამ კულტურის წებოგვარას დაბალ ხარისხზე მიუთითებს. კარგი ხარისხის პური მიიღება როცა 70-80% ხორბლის ფქვილში 20-30% ტრიტიკალეს ფქვილია შერეული.

ტრიტიკალეს ნამჯა გამოიყენება ცხოველთა საკვებად, საფენად და სხვა. ტრიტიკალეს საკვები მიმართულების ჯიშები კარგ სასილოსე და მწვანე მასას იძლევიან.

ტრიტიკალე ახალი ბოტანიკური გვარია, რომელიც შექმნა ადამიანმა სელექციით ხორბლისა და ჭვავის შეჯვარებით და სახელწოდებაც თრიტიცალე – პირველი ნაწილი წარმოადგენს Triticum (ხორბალი) და მეორე ნაწილი Secale (ჭვავის) სახელწოდებებს სინთეზს. გენეტიკურად ის ამფიდიპლოიდურია.

ტრიტიკალე აერთიანებს ორივე მცენარის დადებით ნიშან-თვისებებს, კერძოდ, ადვილად ეგუება არახელსაყრელ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს, გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობის პოტენციალით.

ძირითადი აგროწესები

ოპტიმალური აგროტექნოლოგიების დაცვით მისი მარცვლისა 40-50ც/ჰა და მწვანე მასის 100-600 ც/ჰა მოსავლიანობა მაღალია.

ტრიტიკალეს თესლის გაღივება 20C- სითბოზე იწყება. ოპტიმალური ტემპერატურაა 200C, ხოლო მაქსიმალური 350C. თესვიდან 5-7 დღის შემდეგ იწყება აღმოცენება; 18-200C -ზე ძირითადი მასა ბარტყობს.

სავეგეტაციო პერიოდი 250-325 დღეა; ტენის მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნილებას არ ავლენს, მისთვის საკმარისია ნიადაგის ზღვრული ტენტევადობის 65-75%, ოპტიმალურია ნიადაგის ph= 5,5-7,0 არე.

ტრიტიკალე წინამორბედისადმი ნაკლებ მომთხოვნია, თუმცა მისთვის კარგი წინამორბედია შავი ანეული, პარკოსანი და სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული ნაკვეთები.

ტრიტიკალეს 1ც მარცვლისა და შესაბამისი ბიომასის მოსავლისას ნიადაგიდან გამოაქვს 4-5 კგ აზოტი, 1,3-1,6 კგ ფოსფორი და 3,6-4 კგ კალიუმი. სავარაუდოდ განოყიერებისათვის საჭიროა: N – 45-60 კგ, P – 60-65 კგ,K- 45-60 კგ/ჰა.

ნიადაგის მომზადება დამოკიდებულია წინამორბედზე, დასარევლიანების ხარისხზე და მოყვანის ზონაზე.

ტრიტიკალეს თესვის ვადა ისეთივეა, როგორიცაა საშემოდგომო ხორბლის ოპტიმალური ვადა. სათესი ნორმა მერყეობს 3,5-დან 7,5 მილიონ თესლამდე 1 ჰა-ზე. ჩათესვის სიღრმე 4-5 სმ.

ტრიტიკალე

ნათესის მოვლა

ნათესის მოვლა – იგივე ღონისძიებებია რეკომენდებული როგორც საშემოდგომო ხორბლის ნათესებისათვის.

სარეველებთან ბრძოლა მოსავლიანობის მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ღონისძიებაა. სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდს ასხურებენ ხორბლის ბარტყობის ფაზაში, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა მიაღწვეს 16-18°C-ს.

ჰერბიციდთან ერთად ეფექტიანია მიკროელემენტების შემცველი სასუქების (ორგანიკა 5 ლ/ ჰა; ნუტრივანტი ან კრისტალონი 2-3 ლ/ჰა) შესხურება. ეს სასუქები ზრდის ჰერბიციდების მოქმედების ეფექტს, მცენარეს უხსნის ჰერბიციდით გამოწვეულ სტრესს და ახდენს მცენარის ფოთლოვან გამოკვებას მიკროელემენტებით.

შემოდგომაზე ნათესში ბარტყობის გასაძლიერებლად და ზამთარგამძლეობის გასაზრდელად ნუტრივანტის ან ამინოკატის შეტანა ხდება. გაზაფხულზე ნათესის სწრაფი გამოჯანსაღებისა და ზრდა-განვითარების დაჩქარების მიზნით, მიმართავენ ჯეჯილის საგაზაფხულო გამოკვებას უმთავრესად აზოტოვანი სასუქებით.

სასუქის შეტანასთან ერთად, გაზაფხულზე ხორბლის ჯეჯილი შეიძლება მსუბუქი კბილებიანი ფარცხით დაიფარცხოს. თანამედროვე ტექნოლოგიით მაღალი მოსავლის მისაღებად ეფექტიანი ღონისძიებაა ფოთლიდან კვება.

პირობების გათვალისწინებით, გამოკვება შესაძლოა ჩატარდეს 3-5-ჯერ ნუტრივანტით, ამინოკატით და კრისტალონით. მოსავლის დაცვის მიზნით დაავადების და მავნებლის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე საჭიროა შესაბამისი პესტიციდების გამოყენება.

ტრიტიკალეს მარცვალი თავთავის კილებში მჭიდროდ არის ჩამჯდარი ამიტომ არ ახასიათებს ცვენადობა და მისი აღება ხდება სრული მომწიფების ერთ ფაზაში.

ტრიტიკალე

ავტორები: ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თინათინ დარსაველიძე, აგროკავკასია

თქვენი რეკლამა