ლობიო, ლობიოს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია-ფერმერის ბიბლიოთეკა

საქართველოში ლობიო ერთ-ერთი ტრადიციული და ფართოდ გავრცელებული კულტურაა, რომელსაც ჩვენ სამზარეულოში ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მას იყენებენ როგორც ნედლი პარკის, ისე მწიფე მარცვლის სახით. ამასთან ლობიოს მწვანე პარკი ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაშიც.

დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი რაჭა-ლეჩხუმში, ლობიო (კუტი) მოჰყავთ როგორც წმინდა ნათესების სახით, ისე სიმინდში შერეული ან შპალერზე (სარის), რის საშუალებას იძლევა ჩვენში არსებული ამ სახეობის უამრავი ფორმა, ჯიში და პოპულაცია, რომელთაგან არის მინდვრის ე.წ. “კუტი” ფორმებიც და ძლიერ მხვიარა ანუ “სარის ლობიოებიც”.

ამ უკანასკნელის მაღალი სამეურნეო მაჩვენებლების მქონე მრავალი ჯიში და ჰიბრიდი  (მატილდა, დონნა, ნაგანო, პალომა და ა.შ.) უკანასკნელ წლებში გამოჩნდა ჩვენ ბაზარზე. ადგილობრივი ჯიშებიდან კი აღსანიშნავია მინდვრის წითელი, ხეთაგუროვის_4, ადგილობრივი წითელი, ლიახვი, ჩიტისკვერცხა, ადგილობრივი წითლადჭრელი, მუხრანულა, ბერბუკულა, ცანავა, შულავრული, ბათუმურა, ქონა და სხვა მრავალი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმინდში შერეული ლობიო თესვისას ინტენსიფიკაციას ძნელად ექვემდებარება და ორივე კულტურის მოსავლიანობა, როგორც წესი, საკმაოდ  დაბალია.

ლობიო მოჰყავთ როგორც ძირითადი საგაზაფხულო კულტურა. თესლბრუნვაში მის კარგ წინამორბედად სიმინდი ითვლება. საქართველოს წინამთიანეთში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ა.შ.)

ლობიოსათვის უნდა შეირჩეს სარეველებისაგან და წინამორბედი კულტურის ნარჩენებისაგან კარგად გაწმენდილი ნაკვეთი, სადაც ნიადაგი (ეროზიის საშიშროება უნდა იყოს გამორიცხული) გვიან შემოდგომით ან ზამთარში  22-25 სმ სიღრმეზე მოიხვნება. ხოლო იქ სადაც ქარული ან წყლისმიერი ეროზია გავრცელებული, აუცილებელია, მფარავი კულტურის (მთლიანი მოთესვის საშემოდგომო კულტურა _ ხორბალი ან ქერი ან სხვა, გაზაფხულზე გადახვნითა და ძირითადი კულტურის თესვით) ან ეროზიის საწინააღმდეგო სხვა ღონისძიების გამოყენება.

ეწერი ნიადაგების ნაყოფიერების ასამაღლებლად კი საჭიროა 8-10 წელიწადში ერთხელ ნიადაგის ღრმად – 30-35 სმ-ზე დამუშავება კირშემცველი (დეფეკაციური ტალახი დოლომიტი ან სხვა) სასუქების 8-10 ტ/ჰა შეტანით. გაზაფხულზე თესვის წინა კულტივაციის შემდეგ ის ითესება მაშინ, როდესაც ნიადაგის ტემპერატურა თესლის ჩათესვის სიღრმეზე (4-6სმ) 12-140C-ს მიაღწევს. რაჭაში ლობიოს თესვის ოპტიმალური პერიოდი 15-20 აპრილიდან 5_10 მაისამდეა. ერთ ჰა-ზე 250-300 ათასი გაღივების უნარის მქონე მარცვალი უნდა დაითესოს.

რაც მსხვილმარცვლიანი ჯიშებისათვის 95-130 კგ-ა, საშუალო მარცვლიანი 80 _ 90 კგ, ხოლო წვრილმარცვლიანი კი 60 _ 70 კგ. ლობიოს დასათესად იყენებენ ბოსტნეულის ან სიმინდის სათეს მანქანებს, მცირე კონტურიან ნაკვეთებში კი გამოყენებულია ხელით დაბუდნა. თესვის წესად რეკომენდებულია მწკრივულად თესვა; მწკრივებ შორის მანძილი 45-60 სმ.-ა. ქარების მავნე მოქმედების ასაცილებლად ლობიოს 4-6 მწკრივის შემდეგ რეკომენდებულია 2 მწკრივი სიმინდის კულისების თესვა.

შპალერს კი იყენებენ ძირითადად მწვანე ლობიოს მისაღებად, რისთვისაც 240 სმ სიმაღლის ბოძზე აჭედებენ პერპენდიკულიარულ 45 სმ-იანი თამასას, ლათინური T-ს მსგავსად. ასეთი ფორმის ბოძები რიგში 6-7 მ-ს მოშორებით უნდა დადგეს. რიგები ერთმანეთისაგან 1.2-2.5 მ.ს მოშორებით დგება. თითოეულ ბოძზე ჰორიზონტალური თამასას ბოლოში ორი მავთული იჭიმება, რომელიდანაც ყოველ მცენარესთან ეშვება კანაფი, რომელზედაც მცენარე ეხვევა. ასე, რომ ყველა ერთ რიგ T-სებრ ბოძზე ორი 45 სმ-ით დაშორებული ლობიოს რიგი მიიღება, რომელიც თავის მხრივ 90-110 სმ-თია ერთმანეთისაგან დაშორებული. რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვა კონსტრუქციის შპალერის ანდა სარის (ფორჩხის) გამოყენებაც.

ლობიოს ნათესი აღმოცენებამდე მსუბუქი ფარცხით უნდა დაიფარცხოს. ხოლო რიგების შეკვრამდე კი, საჭიროა ჩატარდეს კულტივაცია და თოხნა. სარწყავ ნაკვეთებში კარგია 2-3 –ჯერ რწყვა, ამინდის პირობების გათვალისწინებით.

ლობიო აღებული უნდა იქნას მაშინ, როდესაც მცენარეზე პარკების 80-85% მომწიფდება. კარგად გამომშრალი მარცვალი მშრალ და დეზინფიცირებულ საწყობებში უნდა შევინახოთ.

განოყიერება

ნიადაგის ძირითადი დამუშავების დროს, მისი აგროქიმიური ანალიზით მიღებული მონაცემების მიხედვით,  უმჯობესია შევიტანოთ მინერალური სასუქებიდან ფოსფორი და კალიუმი. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეს შეუძლებელია, მაშინ საორიენტაციო დოზაა P60-80 K 65-90.  მცდარია ის მოსაზრება, რომ ლობიო და საერთოდ პარკოსნები აზოტოვან სასუქების შეტანას არ საჭიროებენ, ვინაიდან N-ს ფიქსაცია მის ფესვებზე კოჟრის ბაქტერიების მიერ ხდება. მაგრამ კოჟრებში ფიქსირებულ აზოტს თვითონ ის მცენარე ვერ იყენებს და მისი გამოყენება ხდება მისი სიკვდილის შემდეგ შემდგომი კულტურის მიერ. ამდენად აუცილებელია, ნიადაგში ძირითადი ხვნის ან თესვის წინ დამუშავებისას 30-40 კგ აზოტი მაინც შევიდეს.

მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა

ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველების: ბურჩხა, თივაქასრა, ჩიტიფეტვა, ძურწა, ჯიჯილაყა, საპონელა, ორკბილა, ველური კომბოსტო, წიწმატურა, ნაცარქათამა, ქრიზანთემა, ლემა, ნემსიწვერა, გვირილა, ჰელიოტროპი, ძიძო, მატიტელა, დანდური, თავყვითელა, მინდვრის მდოგვი სპერგულა, ჟუნჟრუკი, სამყურა, ჭინჭარი, ბირკა და სხვების წინააღმდეგ ლობიოს ანდა ლობიოსა და სიმინდის ნათესებში გამოიყენება გეზაგარდი 3 კგ/ჰა კულტურ(ებ)ის აღმოცენებამდე 2-3 დღით ადრე.

აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს, რომ გეზაგარდის გამოყენების შემდეგ რიგთშორისების კულტივაცია/თოხნა მნიშვნელოვნად ამცირებს ჰერბიციდის ეფექტურობას. ვეგეტაციის პერიოდში, ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ შეიძლება გამოვიყენოთ ფუზილად ფორტეს ეკ-ს  0.75-1 ლ/ჰა, სარეველების 2-4 ფოთლის ფაზაში, მიუხედავად კულტურის განვითარების ფაზისა.

ფესვის სიდამპლეების (ფუზარიოზი, რიზოქტონიოზი, ანთრაქნოზი) წინააღმდეგ, განსაკუთრებით იქ, სადაც გაზაფხულზე ნიადაგი ჭარბი ტენიანობით ხასიათდება, აუცილებელია, თესლი შეიწამლოს ინდაზოლის ან ფინალის 1-1.5 კგ ეკ გაიხსნება 5-10 ლ წყალში და დამუშავდება 1 ტ. ლობიოს თესლი. ამ მიზეზით ჭარბტენიან ნიადაგებზე ლობიოს მოყვანა ძალზე გართულებულია.

ლობიოს თესვის წინ ან უშუალოდ თესვისას იქ, სადაც ნიადაგის მავნებლები მომღრღნელი ხვატარები, ან მავთულა ჭიები, ან ღრაჭები, ან მახრა იქნება შენიშნული, აუცილებლია, გრანულირებული მარშალ 5 გ შეტანა 35 – 40 კგ/ჰა ნორმით.

ანთრაქნოზის ან ასკოქიტოზის გამოჩენისას აუცილებელია ნათესების, განსაკუთრებით კი მწვანედ ასაღები მცენარეების, 1% ბორდოს სითხით ან სხვა რომელიმე სპილენძის შემცველი პრეპარატის შესხურება, ხოლო ჟანგას გამოჩენისას 0,02%-იანი ბაილეტონით ან 0.25%-იანი ფოლიკურის ან იმპაქტის დაუყოვნებელი (გამოჩენისთანავე) შესხურება, ვინაიდან ოდნავი დაგვიანების შემთხვევაშიც კი ნათესი მთლიანად იღუპება.

რაჭა_ლეჩხუმსა და საერთოდ წინა მთიანეთში საკმაოდ სერიოზული მავნეობა შეუძლია მოიტანოს ლობიოს მემარცვლიას, რომელიც შეიძლება გავრცელდეს 600_650 მ.-ზე ზ.დ.-დან. იგი ძირითადად მრავლდება საკუჭნაოებში და სამზარეულოებში ლობიოს შენახვისას. მისი აღმოჩენისთანავე ლობიო ან უნდა განადგურდეს (დაიწვას ან ღრმად ჩაიმარხოს) ან ცეცხლზე მოიხალოს მავნებლის მოსასპობად, ხოლო ლობიო საერთოდ უნდა შენახული იქნას ნაცარში ჩაყრილი, მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში – რადგან ასეთ პირობებში ხოჭოს აქტივობა ძალზე იზღუდება.

მინდორში კი, ლობიოს ქვედა იარუსის პარკების მომწიფების დაწყებისას აუცილებელია, მცენარეების 0.05%-იანი რომელიმე სინთეზური პირეტროიდით (შერპა, არივო, დეცისი და ა.შ.) ან 0.05 კგ/ჰა კონფიდორ მაქსით, ან 3 ლ/ჰა ზოლონით ან 0.4 ლ/ჰა კარატეს შესხურება. ინსექტიციდებით დამუშავებული ლობიოს მწვანედ გამოყენება არ შეიძლება.

ქეა საერთაშორისო კავკასიაში
(მომზადებულია RDRL პროექტის ფარგლებში)
გ.გოდერძიშვილი, გ.ბადრიშვილი

თქვენი რეკლამა