თხილის ფასმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა

366 Views Comment Off

თბილისი (BPI) — თხილის ფასმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა! გლეხები ამბობენ, რომ თხილის ფასმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ამ ფასად მოსავალი არასდროს გაუყიდიათ. 1 კილოგრამი «ძველი» თხილი 6 ლარად იყიდება, ხოლო ჯერ კიდევ ხეზე არსებული ნედლი ნაყოფი 5.30 ლარი ღირს.

დასავლეთ საქართველოში მდებარე ქარხნები 1 კგ თხილს 6 ლარად იბარებენ. ნედლ, ჯერ კიდევ მსხმოარე ნაწარმს მოსახლეობა წინასწარ 5.30 ლარად ყიდის. ასეთი რამ აქამდე არავის ახსოვს.

გლეხები ამბობენ, რომ თხილის ფასმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ამ ფასად მოსავალი არასდროს გაუყიდიათ. ეს კიდევ ერთი საბაბია, რომ ხალხი თხილის მოშენებით მასობრივად დაკავდეს არა მარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ სხვა რეგიონებშიც, სადაც ეს კულტურა მეტ-ნაკლებად ხარობს.

არ არის გამორიცხული, გაძვირდეს თხილის ნერგიც. ფერმერების ინფორმაციით, ნერგებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც თხილთან ერთად, ნერგის ფასიც მატულობს.

ამ ეტაპზე 1 ძირი თხილის ნერგი სამეგრელოში 0,20-0,25 ლარიდან 1 ლარამდე მერყეობს, გაძვირების შემთხვევაში, შესაძლოა, მან 1,50 ლარსაც მიაღწიოს. გაცილებით ძვირია ის იმერეთში, სადაც თითო ნერგში 0,30 ლარიდან 2 ლარს იხდიან.ფერმერები სანერგე მეურნეობების გაფართოებასაც ცდილობენ. როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ სამაგრელოში პირველობას არ თმობენ უცხოელები, რომლებიც რეგიონში ათიათასობით ჰექტრამდე სანერგე მეურნეობებსა და თხილის პლანტაციებს ფლობენ.

ხობელი ინდმეწარმე ბუთხუზ ბუკია ამბობს, რომ თხილზე გაზრდილი მოთხოვნა და ფასი ნერგის ფასზეც იმოქმედებს. გაძვირება განსაკუთრებით მომავალი წლიდანაა მოსალოდნელი.

«სანერგე მეურნეობების აქტიური მომხმარებლები არიან როგორც კომპანიები, ასევე კერძო პირები. ნერგის ფასი სხვადასხვაა და ძირითადად მის წლოვანებაზეა დამოკიდებული. ყველაზე იაფი ძირიდან ამოღებული და პაკეტში გაზრდილი ნერგია, კონტეინერიდან გამოყვანილი გაცილებით ძვირი ღირს და მისი ფასი ხშირად 2 ლარამდეცაა.

ახლა სანერგე მეურნეობებით იტალიელები დაინტერესდნენ. მათ სამეგრელოში, კერძოდ, ხობში, ათიათასობით ტერიტორია აქვთ შესყიდული, სადაც თხილის მოშენებას მისდევენ. ბოლო დროს ირანალებიც გამოჩნდნენ, უცხოელებს ამ საქმიანობით საქართველოში ძალიან დიდი მოგება აქვთ.

ფაქტობრივად, თხილი ერთადერთი უდანაკარგო პროდუქტია. საღთან ერთად, გამოიყენება დამპალი თხილის გულიც, რომელსაც გადამამუშავებელი ქარხნები იბარებენ. კარგად იყიდება ნაჭუჭიც, გასათბობად ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თხილის ფასი თუ დიდი ხნით შენარჩუნდება და მასზე მოთხოვნაც მოიმატებს, ცხადია, ნერგიც გაძვირდება, მცირე სხვაობა ფასში უკვე იგრძნობა», — ამბობს ბუთხუზ ბუკია.

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მცხოვრები რეზო შელია ადასტურებს, რომ თხილის ფასმა მოიმატა, მაგრამ მოსახლეობას გასაყიდი პროდუქტი აღარ შემორჩა.

«მოთხოვნა ძალიან დიდია, რის გამოც თხილი კატასტროფულად გაძვირდა. საქართველოში 6 ლარად თხილი არასდროს გაყიდულა და ამან ხალხს მოტივაცია გაუჩინა, რომ კულტურა მასობრივად მოაშენონ. მთელ სოფელში, სადაც ათასამდე კომლია, 5% შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც მოსავალი შემორჩა, ისიც მიზერული რაოდენობით.

ხალხს ძალიან უჭირს და ნაყოფსაც კი წინასწარ ყიდის. 1 კგ თხილი წინასწარ იყიდება 2,50-3 ლარად. გაჭირვებაა, თორემ მოსავალს თავიდანვე ვინ მოიშორებს. ფასი ამ შემთხვევაშიც მაღალია და ზარალზე არავინ წავა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ კიდევ უფრო ძვირი ეღირება», — ამბობს შელია.

საბჭოთა ეპოქაში თხილი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში მოჰყავდათ, თუმცა, დაბალი ფასის გამო ამ კულტურის მიმართ ინტერესი ხალხს მაინცდამაინც არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც თხილის ფასმა მოიმატა, მოთხოვნა ერთი რეგიონის ფარგლებს გასცდა და ამ ეტაპზე ის ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორში ყველაზე მომგებიან სფეროდ მიიჩნევა.

თხილის მოშენებით ხალხი დაინტერესებულია ოკუპირებულ რეგიონებშიც, სადაც მოწეული მოსავლის დიდი ნაწილი რუსეთში გადის. ხალხს იმედი აქვს, რომ რუსეთში თხილის გატანა ამჯერად გაცილებით გაუადვილდება, შარშან მათ პრობლემა სოჭის ოლიმპიადამ შეუქმნა.

რუსეთში თხილის გაყიდვა უფრო მარტივია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ და აფხაზური პასპორტები აქვთ. თუმცა, თხილის რუსეთში ექსპორტი ემბარგოს მოხსნის შემდეგ არც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისთვისაა რთული.

აფხაზების დახმარებით თხილის შესყიდვას და რუსეთში გატანას ქართველები წინა წლებშიც ახერხებდნენ.

«შარშან 2 ტონა თხილი გავიტანე რუსეთში, ამ მხრივ გამიმართლა. წინასწარ გავურიგდი აფხაზ მილიციელებს და ამაში ფული ცალკე გადავიხადე. საზღვარზე წინააღმდეგობა არ მქონია. ჩემი აფხაზი პარტნიორი წინასწარვე გაურიგდა მოსკოვში შოკოლადის ერთ-ერთ ქარხანას, სადაც თხილი ჩავაბარე. წელსაც ვგეგმავ გატანას, თუმცა ვერ დავმალავ, რომ ამ პროცესში ქართველებისთვის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, ყოველთვის «ვიღაც» გვიზის წილში», — ამბობს გალის რაიონის მკვიდრი.

თხილი მეტ პოპულარობას იძენს გურიაშიც, სადაც მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ხალხი თხილის პლანტაციებს წლიდან წლამდე აფართოებს.

«ყველა ცდილობს, თხილის ნარგავები გააფართოვოს და ამისთვის თავს არ ზოგავს. ოზურგეთში უკვე იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც სხვა საქმით იყოს დაკავებული, იმდენად დიდია ინტერესი თხილის მიმართ. თუ გაამართლა, კარგი შემოსავალი აქვს და ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს. ეს აქ ყველაზე სტაბილურ საქმიანობად ითვლება, რომელზეც ამინდი იშვიათად ახდენს გავლენას და შენახვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.

ცალკე სანერგის მოშენებაზეც ვფიქრობ, სოფლის დახმარების პროგრამა ამის შესაძლებლობას მომცემს. მცირე ხელშეწყობა მჭირდება, დანარჩენს დამოუკიდებლადაც მოვახერხებ. ადრე ციტრუსით ვიყავი დაინტერესებული. დიდი პლანტაციაც მქონდა, მაგრამ ხან ამინდმა არ გაამართლა, ხან რეალიზაციის პრობლემა შემექმნა და ბევრჯერ ვიზარალე», — ამბობს როლანდ კვაჭანტირაძე, ოზურგეთის მკვიდრი.

bpi.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB