სორგო – თესვა, მოვლა-მოყვანა, რამდენიმე ჯიში

სორგო

ზოგადი ინფორმაცია

სორგო (Sorghum) მარცვლოვანთა ოჯახის ერთი ან მრავალწლიანი მცენარეა, აერთიანებს 30-ზე მეტ სახეობას. კულტურაში გხვდება: ტექნიკური სორგო, შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო და სხვა.

ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ძლიერი სიღრმით – 2,5 მ, ხოლო განტოტვით 60-90 სმ-ს აღწევს. ღერო მაღალი 0,5-დან 2,5 მ-მდე. ტროპიკულ ქვეყნებში 7 მ-მდეც. ყვავილედი – საგველა 15-60 სმ სიგრძის. ჯვარედინად დამტვერვადია.

სორგოს მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილს, სახამებელს, ბურღულს, სპირტს. ნამჯას იყენებენ ქაღალდის, მუყაოს, და სხვა წარმოებაში, ამზადებენ ცოცხს, ზოგიერთ სახეობიდან ტყავის საღებავს. მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია.

სორგოს იყენებენ ბიოსაწვავის დასამზადებლადაც. აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად, სორგოს 1მ2-ზე გაანგარიშებით, შეუძლია უფრო მეტი ენერგიის მოცემა, ვიდრე სხვა კულტურებს. ამასთან მის მოყვანას გაცილებით ნაკლები დანახარჯები სჭირდება, მოვლის, მცენარეთა დაცვის და განოყიერების საშუალებების თვალსაზრისით. კვლევები ტარდებოდა ფლორიდის, ნებრასკას, ვაშინგტონის და მისურის შტატების უნივერსიტეტებში.

სორგოს სამშობლოა ეკვატორული აფრიკა, გავრცელების მეორადი ცენტრები: ინდოეთი და ჩინეთი. ინდოეთში სორგო ჩვენს ერამდე III ათასი წლის წინ მოჰყავდათ, ჩინეთში და ეგვიპტეში ჩვენს ერამდე II ათასი წლის წინ. ევროპაში XV საუკუნეში შეიტანეს, ამერიკაში XVII საუკუნეში.

საქართველოში გავრცელებული იყო:

  • ჯიშის სახელწოდება:მჭადა Sorghum bicolor ‘Mchada’

წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, ითესებოდა დასავლეთ საქართველოს ბარში, ძირითადად სამეგრელოში. ამ ჯიშს „ჭკიდის“  სახელითაც იხსენიებდნენ.

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია, მისი სავეგეტაციო პერიოდი 90-105 დღეა. მცენარე საშუალო სიმაღლისაა – 120-170 სმ სიმაღლის. სწორმდგომია. ღერო წვნიანია, ტკბილი გემოსი. საგველა შედარებით მოკლეა – 25-35 სმ. საგველაში 280 მარცვალია. 1000 მარცვლის მასა 43-50 გრამია. მარცვლის გარსი ღია მეწამული ფერისაა.

  • ჯიშის სახელწოდება: ჯიქურა Sorghum bicolor  ‘Jiqura’

წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, ითესებოდა მაღალმთიან რაიონებში. ჯერ კიდევ 1772 წელს არის აღწერილი რაჭაში, ღომთან და სიმინდთან ერთად.

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია, მისი სავეგეტაციო პერიოდი 115 დღეა. მცენარე სწორმდგომია, დაუტოტავი, სიმაღლე 180-200 სმ. ყვავილედი ფარჩხატია, ნახევრად ცოცხისებური. ყვავილედის სიგრძე 20-30 სმ-ია. თაველი მთლიანად არ არის ამოსული ფოთლის იღლიიდან. თავთუნის კილი წითელია, შეუბუსავია. მარცვლის რაოდენობაა საგველაში 250. 1000 მარცვლის მასა 39გრამია.

  • ჯიშის სახელწოდება:  ცოცხი Sorghumbicolor  ‘Tsotskhi’ 

წარმოშობა: უძველესი ადგილობრივი ჯიშია, ითესება როგორც მთისწინა ზონებში, ასევე ბარში. დღეისათვის ეს ჯიში ცალკე ნათესების სახით არ გვხვდება, სიმინდის ყანების გარშემო და საკარმიდამო ნაკვეთების განაპირა ზოლებში თესენ შემონათესის სახით.(იმერეთი, სამეგრელო, ქვემო სვანეთი, ქვემო და შიდა ქართლი)

ჯიშის დახასიათება: საადრეო ჯიშია, მისი სავეგეტაციო პერიოდი 110-125 დღეა. მცენარე საკმაოდ მაღალია – 190-250სმ. სწორმდგომია, დაუტოტავი, ყვავილედი ფარჩხატია, ცოცხისებური, მარაოსავითაა გადაშლილი, სიგრძით 45-50სმ. თავთუნის კილი მოჩალისფრო-ყვითელია. ყვავილედის გვერდითი დანატოტები საშუალო სიგრძისაა – 15სმ. მარცვლის რაოდენობა საგველაში 250 ცალია. 1000 მარცვლის მასა 43-55 გრამია.

ჯიშების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ “ელკანა”.

აგროტექნიკა

ბიოლოგიური მახასიათებლებით, სორგოს ჯგუფებს შორის დიდი განსხვავება არ არის. კულტურა სითბოს მოყვარული და გვალვაგამძლეა (უძლებს 400C სიცხეს). მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა +250С …+350С-ია.

ნიადაგისადმი მკაცრი მომთხოვნი არ არის, კარგად ეგუება ერთსა და იმავე ნაკვეთზე ხანგრძლივად თესვას. გვალვიან რეგინებში სორგო მოსავლიანობით სიმინდს და ქერს აღემატება.

სორგო ვერ უძლებს ყინვებს (განვითარების ნებისმიერ ფაზაში), საგაზაფხულო წაყინვებს შეუძლიათ მთელი მოსავლის განადგურება ან საგრძნობლად დაზიანება, ამიტომ დათესვის დაჩქარება მიზანშეწონილი არ არის.

წყლისადმი ნაკლებად მომთხოვნია, თუმცა მორწყვის პირობებში საგრძნობლად იმატებს მოსავლიანობა.

ნიადაგის დამუშავება მოიცავს: ნაწვერლის აჩეჩვას, ღრმა მზრალად ხვნას, ხნულის თესვისწინა კულტივაციას, კულტივაცია შეიძლება ორჯერაც.

კარგად რეაგირებს სასუქების გამოყენებაზე. მაღალ მოსავალს იძლევა როცა ჰა-ზე შეაქვთ 10-20 ტ. ნაკელი,  N45-60კგ, P45-60კგ, K45-60კგ (ფოსფორი, აზოტი, და კალიუმი).

ითესება როცა ნიადაგი 12-140C- მდე გათბება. თესვის სიღრმე 6-8 სმ, თესვის სიღრმე 4-5სმ. მისაღებია თუ დათესვის წინ უხვი ნალექი მოვიდა.

რიგთა შორის მანძილი 45-70 სმ. რიგში მცენარეთა შორის საშუალოდ 25-40 სმ. თესვის ნორმა 10-15კგ. ჰა/ზე; სასილოსე სორგოს თესვის ნორმა 20-25 კგ/ჰა-ზე. 1000 მარცვლის მასა 25-45 გრამია.

ფართოდ გამოიყენებ სორგოს შეთესვა პარკოსნებთან (სოია, ცერცველა, ცულისპირა და სხვა). ამ შემთხვევაში მწვანე მასის მოსავლიანობა 15-20%-ით იზრდება და უმჯობესდება მისი კვებითი ღირებულება.

სავეგეტაციო პერიოდია 90-150 დღე ჯიშებისა და ზონების მიხედვით. სორგოს მარცვალი პრაქტიკულად არ ცვივა, ამიტომ მოსავალს იღებენ სრული სიმწიფის ფაზაში.

საშუალო მოსავალი ჰექტარზე 25-35 ც-ს აღემატება, სასილოსე სორგოს მოსავალი გაცილებით მაღალია. ყაზახეთის ზოგიერთ რეგიონში, სამარცვლე სორგოს მოსავლიანობა სწორი აგროტექნიკის პირობებში (მორწყვით) ჰა-ზე 50-60 ც-ს აღწევს.

თქვენი რეკლამა