სიმინდის დასათესად ნიადაგის დამუშავება და განოყიერება

სიმინდი, თესვა, ნიადაგი

ნიადაგის დამუშავება

სიმინდის მოსავლის რაოდნეობის გასაზრდელად დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დამუშავებას. ამ ღონისძიებამ უნდა უზრუნველყოს ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა და გაუმჯობესება: უნდა აღადგინოს კოშტოვანი სტრუქტურა, ხელი შეუწყოს წყლისა და საკვების მომარაგებას, გაწმინდოს ნაკვეთი სარეველებისაგან.

ნიადაგის დამუშავების სისტემა შეხამებული უნდა იყოს ადგილობრივ პირობებთან – ჰავასთან, რელიეფთან, ნიადაგის ტიპთან და თესლბრუნვასთან.

სიმინდისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მზრალად დამუშავების სისტემას, ამიტომ დამუშავება უნდა განხორციელდეს ყველგან, სადაც კი რელიეფი და კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა.

მზრალად დამუშავების სისტემა ორი ღონისძიებისაგან შედგება: ნაწვერალის აჩეჩვა და მზრალად ხვნა.

ნაწვერალის აჩეჩვა მოსავლის აღებისთანავე ტარდება 4–8 სმ სიღრმეზე. ის ხელს უწყობს როგორც სარეველების მოსპობას, ისე ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას.

აჩეჩვას დიდი მნიშვნელობა აქვს მზრალად ხვნის ხარისხიანად ჩასატარებლად. ნაწვერალის ჯერ აჩეჩვა და შემოდგომა–ზამთარში სრულ სიღრმეზე ხვნა სიმინდის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის;

კერძოდ ნაწვერალის აჩეჩვის შედეგად სიმინდის მოსავლიანობა ჰექტარზე 2–3 ცენტნერით იზრდება, ხოლო ურწყავ პირობებში 2–4 ცენტნერით.

მზრალის თესვის წინა დამუშავების სისტემა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს. ადრე გაზაფხულზე ნიადაგი უნდა დაიფარცხოს კბილებიანი ფარცხით, ხნულის გარდიგარდმო; თუ ხნულზე სარეველები განვითარდა, ან ნიადაგმა პირი წაიკრა, დაუყოვნებლივ უნდა ჩავატაროთ კულტივაცია.

სიმინდისათვის საუკეთესო პირობები იქმნება ისეთ მზრალზე, რომელიც ადრე გაზაფხულზე დაიფარცხა და თესვის წინ კულტივატორით დამუშავდა. ეს უზრუნველყოფს, როგორც სარეველების მოსპობას, ისე ტენის შენარჩუნებას.

რაც უნდა მცირე ქანობის იყოს ფერდობი, მასზე ხვნა აუცილებლად გარდიგარდმო უნდა ჩატარდეს. ძლიერ დაქანებულ ფერდობზე, ჭარბტენიან ფართობებზე მზრალად ხვნა სასურველ შედეგს არ მოგვცემს.

ასეთი ნაკვეთები გაზაფხულზე რაც შეიძლება ადრე უნდა მოვხნათ. დასავლეთ საქართველოში ნასიმინდარი უნდა მოიხნას არა შემოდგომაზე, არამედ ზამთარში – ნოემბრიდან თებერვლამდე.

ნიადაგის განოყიერება

სიმინდის ნიადაგის განოყიერების საუკეთესო საშუალებაა ორგანულ – მინერალური სასუქები, ასეთ შემთხვევაში ერთროულად ვიყენებთ სხვადასხვა ორგანულ და მინერალურ სასუქებს.

სიმინდის გასანოყიერებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალება: ნაკელი, მწვანე სასუქი, მინერალური სასუქი, ხოლო მჟავე ნიადაგებზე მათ გარდა კირი, კილი, დეფეკაციური ტალახი და კირის შემცველი სხვა სასუქები.

გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სასუქების შეტანის შემდეგ, სიმინდის მოსავალი ჰექტარზე, მხოლოდ ნაკელის გამოყენებით (20ტონა/ჰა) 3 ცენტნერით გაიზარდა. ნაკელზე ფოსფორის დამატებით – 6.1 ცენტნერით, ხოლო ნაკელი + აზოტი + ფოსფორით – 10.7 ცენტნერით.

სიმინდისათვის მინერალური სასუქების სავარაუდო დოზებია:

  • აღმოსავლეთ საქართველოში N90-120P90-120K45;
  • დასავლეთ საქართველოსთვის N120-150P90-120K60;

ნაკელის (ან სხვა ორგანული სასუქის) შეტანის შემთხვევაში მინერალური სასუქების დოზები უნდა შემცირდეს, ნაკელში (ორგანული სასუქის) საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით.

ორგანული და მინერალური სასუქების ერთობლივად გამოყენება საუკეთესო საშუალებაა სიმინდის მოსავლიანობის გაზრდისთვის.

მწვანე სასუქად აღმოსავლეთ საქართველოში უნდა გამოვიყენოთ: ცულისპირა, ბარდა, ცერცველა. ისინი უნდა დაითესოს საშემოდგომო ხორბლის ან ქერის შემდეგ სანაწვერალოდ.

ნაკვეთი მოსავლის აღებისთანავე უნდა მოიხნას, ჩაუტარდეს კულტივაცია და თესვა შუა აგვისტოს არ უნდა გადავაცილოთ. დათესვისთანავე ნაკვეთი ფრთხილად უნდა მოირწყას, ამით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 15–20 ტონა ჰა მწვანე მასა, რომელიც მზრალად მოხვნის დროს ჩაიხვნება.

მწვანე სასუქის მოქმედება გრძელდება 3–4 წელს. ამ ხნის განმავლობაში (სხვა აგროტექნიკური ღონისძიებების სწორი გატარებით) მიღებული მარცვლის ნამატი ჯამში 45 ცენტნერს აჭარბებს ჰექტარზე. ეს ღონისძიება დიდ ხარჯს არ მოითხოვს;

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ მწვანე სასუქად უნდა გამოვიყენოთ ხანჭკოლა, ცულისპირა და ბარდა. სიმინდის გასანაყოფიერებლად აუცილებელია აზოტიანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები.

„ჩვენი სოფელი“

ქვეყანაში არის და შემოდის სიმინდის მრავალი ახალი ჯიში და ჰიბრიდი, ამიტომ შეძენისას ყურადღება მიაქციეთ კონკრეტული ჯიშის (ჰიბრიდის) ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.

წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი რეკლამა