სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიური აგროტექნოლოგია

6672 Views Comment Off

სიმინდის მოვლა-მოყვანის ინტენსიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის წინამორბედების სწორად შერჩევას ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია.

საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მონაცემებით სიმინდისათვის სასურველი წინამორბედებია: აღმოსავლეთ საქართველოში თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, მრავალწლიანი ბალახების კორდი და სანაწვერალო შუალედური კულტურები, ხოლო დასავლეთ საქართველოში სიმინდი, სოია, წინა წელს ნათესი შვრიისა და ერთწლიანი პარკოსნების ნარევი მწვანე საკვებად და თივად და მოზამთრე შუალედური კულტურები (რაფსი, ტურნეფსი).

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის დამუშავება ტარდება ზონისათვის რეკომენდებული წესით, ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურების თავისებურების, ნაკვეთის დასარევლიანების და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით.

აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც წესი, სიმინდი ითესება მზრალზე. მზრალად ხვნა ბარში უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს 1 დეკემბრისა, ხოლო შემაღლებულ ზონაში – 15 ნოემბრამდე.

თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, თუ მასზე სანაწვერალო კულტურების თესვა არ არის გათვალისწინებული, აიჩეჩება 6-8 სმ. სიღრმეზე ნამჯისაგან ნაკვეთის გათავისუფლებისთანავე. და იხვნება მზრალად 22-25 სმ-ზე.

სანაწვერალო კულტურებისაგან გათავისუფლებული მინდორი უნდა მოიხნას მაშინვე სრულ სიღრმეზე.

შუალედური ნათესების ადრე გაზაფხულზე გათიბვისთანავე (არა უგვიანეს მაისის პირველი ნახევრისა), ნაკვეთი უნდა მოიხნას 14-16 სმ. სიღრმეზე.

თუ წინამორბედი მრავალწლიანი ბალახია, მაშინ მწვანე მასის გათიბვის შემდეგ (აგვისტოში) შეიტანება ჰერბიციდი 2,4-დ ამინის მარილი ან მისი რომელიმე ანალოგი, ნიადაგი დამუშავდება მძიმე დისკოებიანი ფარცხით და მოიხვნება წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ. სიღრმეზე.

სუსტი ბიცობიანი და დაწიდული ნიადაგები 3-4 წელიწადში ერთხელ ზაფხულში უნდა მოიხნას 35-40 სმ-ზე, ხოლო მზრალად ხვნის პერიოდში გადაიხნას 18-20 სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შალაფით ძლიერ დასარევლიანებულ ნაკვეთებზე, ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს მინდორში შალაფას აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ საოში გუთნით 10-12 სმ. სიღრმეზე.

აჩეჩვიდან ორი კვირის შემდეგ ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით, თანმიყოლებული ფარცხით, ხოლო 10-12 დღის შემდეგ მინდორი გადაიხვნება საოში გუთნით 15-17 სმ-ზე, პირველი დამუშავების გარდიგარდმო. მზრალად ხვნა ტარდება წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბიცობიანი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით (მარნეულის, სიღნაღის, გურჯაანის, გარდაბნის, საგარეჯოს რაიონები) 7-8 წელიწადში ერთხელ მზრალად ხვნის წინ ნიადაგში შეაქვთ 7-14 ტონა/ჰა გაცრილი გაჯი. შეტანის შემდეგ ხნული გადაიხვნება, გადახვნის წინ კი შეაქვთ 4-5 ცენტნერი სუპერფოსფატი. პირველ წელს ითესება იონჯა-მრავალსათიბი კოინდრის ნარევი. ორი წლის სარგებლობის შემდეგ კორდი მოიხვნება საშემოდგომო ხორბლისათვის, ხოლო შემდგომ წლებში კულტურების მორიგეობა ხდება თესლბრუნვების მიხედვით.

დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნიადაგი (ნასიმინდარი და ნასოიარი) უნდა მოიხნას: იმერეთის დაბლობზე და კოლხეთის დაბლობის შემაღლებულ ნაწილში შემოდგომით, ზამთრის პირას ან ზამთარში;

კოლხეთის დაბლობ ნაწილში (სამტრედიის ქვემოთ) ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე. ამავე დროს იხვნება დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ეწერი და ეროზიასაშიში ნიადაგები;

ზემო იმერეთის ბარის ალუვიური ნიადაგები დეკემბრის დამდეგიდან, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს; ფერდობებზე სადაც ნიადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა, ადრე გაზაფხულზე, მინდორში გასვლის პირველივე შესაძლებლობისთანავე;

საშემოდგომო შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებული ნაკვეთები (შვრიანარევი ბარდა, რაფსი, ტურნეფსი და სხვა) მოსავლის აღებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს მაისის პირველი დეკადისა. შუალედური კულტურების აღება ხდება მწვანე საკვებად დროულად, რათა არ დაგვიანდეს მომდევნო, ძირითადი საგაზაფხულო კულტურებისათვის ნიადაგის მომზადება და მისი თესვა. შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებული ნიადაგი იხვნება 14-16 სმ. სიღრმეზე.

ალუვიური ნიადაგები უნდა მოიხნას 22-25 სმ. სიღრმეზე, ხოლო ეწერი და მცირე სიღრმის ნიადაგები – ჰუმუსოვანი ფენის მთელ სიღრმეზე უწინმხვნელო გუთნით (18-20 სმ. სიღრმეზე, სახნავი ფენის დაღრმავებით.

მზრალად და ზამთარში მოხნულ ნაკვეთებზე თუ გაზაფხულზე ხნული დამჯდარი აღმოჩნდა, ტარდება აოშვა ფრთებშეხსნილი საოში გუთნით 14-16 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე ხნული მუშავდება დისკოებიანი ფარცხით, ხოლო თესვის წინ დისკოებიანი ან კბილებიანი მძიმე ფარცხით. შუალედური კულტურებისაგან გათავისუფლებულ ნაკვეთზე ხვნასთან ერთად ტარდება ფარცხვა, ხოლო თუ ხნული ბელტიანია, იგი უნდა დამუშავდეს გამეორებით დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით.

დასავლეთ საქართველოს ბარში შალაფით ძლიერ დასარევლიანებული ნაკვეთები უნდა მოიხნას სიმინდის აღებისთანავე 20-22 სმ. სიღრმეზე. ხნული მუშავდება დისკოებიანი იარაღით, თანმიყოლებული ფარცხით, არაუგვიანეს ოქტომბრის მეორე ნახევრისა და ითესება შუალედური კულტურა (შვრიანარევი ცულისპირა, ბარდა და სხვა) მწვანე საკვებად.

მწვანე მასის გათიბვისთანავე (მაისის მეორე ნახევარი) ნაკვეთი უნდა მოიხნას სრულ სიღრმეზე, ხნული დამუშავდეს დისკოებიანი იარაღით და დაითესოს სოიანარევი სიმინდი, როგორც მთლიანსათესი კულტურა. სასილოსედ ან მწვანე საკვებად, სოიანარევი სიმინდის გათიბვისთანავე ნიადაგი იხვნება 16-18 სმ. სიღრმეზე ზაფხულის ცხელ დღეებში შალაფის ფესურების გამოშრობის და მოსპობის მიზნით.

ეწერი ნიადაგების გასაუმჯობესებლად, 8-10 წელიწადში ერთხელ, ზაფხულში ან შემოდგომაზე ღრმად (32-35 სმ) მოხნულ ნიადაგში, გაზაფხულზე შეაქვთ კირშემცველი სასუქები: კირქვა 4-8 ტ/ჰა, დეფიკაციური ტალახი -8-10 ტ/ჰა, ან დოლომიტის ფქვილი 3-4 ტ/ჰა-ზე. კირშემცველ სასუქთან ერთად შეაქვთ სრული მინერალური სასუქები. სასუქების შეტანისთანავე ნიადაგი გადაიხვნება 12-15 სმ. სიღრმეზე თანმიყოლებული ფარცხით.

აღმოსავლეთ საქართველოში, ნიადაგში ტენის შენარჩუნების, ზედაპირის მოსწორების და სარეველების აღმონაცენის მოსპობის მიზნით მზრალი უნდა დაიფარცხოს.

სარეველების აღმოცენებისთანავე, ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით 8-10 სმ. სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით, ხოლო თესვამდე 3-4 დღით ადრე – თესვისწინა კულტივაცია 6-8 სმ. სიღრმეზე ფარცხვით.

ნიადაგის დამუშავება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის ზონებში

ქარისმიერი ეროზიის ზონებში (საგარეჯოს, გურჯაანის, თეთრიწყაროს, მარნეულის, მცხეთის რაიონები) თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს  ბრტყლადმჭრელი კულტივატორით (კპპ-2,2) 8-10 სმ. სიღრმეზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ზედაპირზე ნაწვერალის შენარჩუნება.

ნაკვეთის ფესურიანი სარეველებით დასარევლიანების შემთხვევაში აჩეჩვა ტარდება უფრო ღრმად (10-12 სმ). აჩეჩილი მინდორი მუშავდება 22-25 სმ. სიღრმეზე ბრტყლადმჭრელი კულტივატორით (კპგ-250). ადრე გაზაფხულზე ტენის დახურვის მიზნით, მზრალი უნდა დაიფარცხოს ბიგ-3 ფარცხით, ხოლო მზრალის თესვისწინა დამუშავება ჩატარდეს კულტივატორ ბრტყლადმჭრელით (კპე-3,8).

ფერდობებზე წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ ხვნა, ნიადაგის თესვისწინა დამუშავება, თესვა და ნათესის მოვლის ღონისძიებები ტარდება ფერდობის დახრილობის განივად.

3-4 გრადუს დახრილობის ფერდობებზე განივად ხვნის გარდა ჩამონადენი წყლის შეკავების უნარის გადიდებისათვის 2-3 წელიწადში ერთხელ ტარდება ღრმად ხვნა 30-32 სმ. სიღრმეზე. მცირე სიღრმის ნიადაგებზე ეს ღონისძიება ტარდება ქვედა, ნაკლებნაყოფიერი ფენის გაფხვიერებით გუთანზე დაყენებული დამაღრმავებელის საშუალებით.

4-6 გრადუს დახრილობის ფერდობებზე ტარდება ხნულის დაბაძოება, რაც  ხორციელდება გუთნის ერთ-ერთ განაპირა ტანზე გაკეთებული გადიდებული ფრთით.

7-8 გრადუს დახრილობის ფერდობებზე კარგ შედეგს იძლევა კულტურათა ზოლურად თესვა. პირველ ზოლში ითესება მრავალწლიანი ბალახები, მეორეში – თავთავიანი კულტურები, მესამეში – სათოხნი კულტურები, მრავალწლიანი ბალახები ითესება 2-3 წლის სარგებლობით, ხოლო თავთავიანი და სათოხნი კულტურები ურთიერთმონაცვლეობენ.

7-8 გრადუს დახრილობის ფერდობებზე ზოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 25-30 მეტრს, ხოლო 10-15 გრადუს-ზე 15-20 მეტრს. ზოლების სიგანე სასოფლო-სამეურნეო მანქანების მოდების განის ჯერადი უნდა იყოს.

ნიადაგის განოყიერება

სიმინდის გასანოყიერებლად გამოიყენება ორგანული (ნაკელი) და მინერალური სასუქები. ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით ჰექტრაზე შეაქვთ 20-30 ტონა ნაკელი სამ წელიწადში ერთხელ. ნაკელის შეტანის შემთხვევაში მინერალური სასუქების დოზები უნდა შემცირდეს ნაკელში საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით.

მინერალური სასუქების დოზები კონკრეტული პირობებისათვის განისაზღვრება ნიადაგში არსებული შესათვისებელი საკვები ელემენტების და მოსავლით ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით.

სიმინდისათვის მინერალური სასუქების სავარაუდო დოზებია:

  • აღმოსავლეთ საქართველოში N90-120P90-120K45;
  • დასავლეთ საქართველოსთვის N120-150P90-120K60;

ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ნიადაგში შეაქვთ ხვნის წინ. აღმოსავლეთ საქართველოში აზოტიანი სასუქების დოზის 1/3 გამოიყენება თესვის დროს, 2/3 გამოკვებაში, ხოლო დასავლეთ საქართველოში დოზის ნახევარი შედის პირველი კულტივაციის, ხოლო მეორე ნახევარი მეორე კულტივაციის დროს.

თესლის მომზადება დასათესად, თესვა და თესვის ვადები

უნდა დაითესოს მხოლოდ დარაიონებული ჯიშები და ჰიბრიდები. თესლი ჯიშური სიწმინდით უნდა იყოს პირველი კატეგორიის, ხოლო თესვითი ღირსებით პირველი კლასის, რაც უნდა დასტურდებოდეს აპრობაციის აქტითა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული მოწმობით.

სათესლე მასალა ინახება მშრალ, კარგად გასანიავებელ საცავში. თესვამდე 20-25 დღით ადრე ტარო უნდა გადაირჩეს, დაიფშვნას, განიავდეს და დაკალიბრდეს.

სიმინდის თესვა იწყება მაშინ, როცა ნიადაგი თესლის ჩათესვის სიღრმეზე 10-120C-მდე გათბება.

თესვა იწყება სამხრეთ ფერდობებზე, შემდეგ ითესება ვაკე ადგილებში და ბოლოს ჩრდილოეთ ფერდობებზე. დაბლობ და ვაკე ადგილებში ჯერ ითესება მსუბუქი მექანიკური შედგენილობისა და ხირხატ ნიადაგებზე, შემდეგ კი მძიმე მექანიკური შედგენილობის თიხა და მძიმე თიხნარი.

თესვის ნორმა ისაზღვრება ჯიშების და ჰიბრიდებისათვის დადგენილი ოპტიმალური სიხშირის მიხედვით.

თესვის პერიოდი: 5 აპრილი — 20 მაისი (ზონების მიხედვით).

აგროტექნიკური მოთხოვნები

სიმინდი ითესება 70 სმ. მწკრივთშორისებით პუნქტირული სათესით, მაგრამ უკანასკნელ წლებში, ნათესში გარე ეფექტის გაზრდისა და მწკრივთშორისების დამუშავების გაადვილების მიზნით, ზოგიერთ ფერმერულ მეურნეობაში სამარცვლე სიმინდი 70 სმ. მწკრივთშორისების ნაცვლად ითესება 75 სმ. მწკრივთშორისებით.

ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში დამუშავდა და სამეცნიერო-საწარმოო ბაზაზე გამოიცადა აღმოსავლეთ საქართველოში სიმინდის თესვის ახალი ტექნოლოგია. იგი ითვალისწინებს სიმინდის და სოიას ან ლობიოს თესვას ნათესი ზოლების მორიგეობით. თესვის პროცესში მონაწილეობს ორი სათესი აგრეგატი ერთი თესავს სიმინდს, მეორე სოიას ან ლობიოს. საბოლოოდ მიიღება სიმინდის და სოიას ან ლობიოს ზოლების მორიგეობით ნათესი.

გამომდინარე იქიდან, რომ ნათესში სიმინდის მეზობელი კულტურა დაბალმოზარდია, სიმინდის მცენარეების განაპირა მწკრივები ინტენსიურად ითვისებენ მზისა და სინათლის ენერგიას, შესაბამისად იზრდება ფოტოსინთეზის ინტენსიობა და განაპირა (გარე) ეფექტი, რის გამოც სიმინდის მარცვლის მოსავალი 1 ჰექტარზე მატულობს 7-8 ცენტნერით. რაც მეტია ნათესში განაპირა მწკრივების რაოდენობა, მით მეტია მიღებული ეფექტი.

ტექნოლოგია არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს, ამიტომ მისი დანერგვა დიდ დახმარებას გაუწევს ამ კულტურებით დაინტერესებულ ფერმერებს, ტექნოლოგიაში მონაწილე დაბალმოზარდი კულტურის მოსავლის შეუმცირებლად, სიმინდის მაღალი მოსავლის მიღების საქმეში.

დასავლეთ საქართველოში სიმინდთან შერვით ითესება სოია და ლობიო. შერეულ ნათესში სიმინდის მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე არ უნდა აღემატებოდეს 30 ათასს, ამდენივე უნდა იყოს სოიას სიხშირეც და წონითი ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 10-14კგ/ჰა-ს.

სიმინდში შეთესილი ლობიოს წონითი ნორმა უნდა იყოს წვრილმარცვლიანი ჯიშებისათვის 12-16 კგ/ჰა, ხოლო მსხვილმარცვლიანი ჯიშებისათვის 20-25 კგ/ჰა-ზე.

თესლის ჩთესვის სიღრმე იცვლება ნიადაგის მექანიკური შედგენილობისა და ტენიანობის გათვალისწინებით. ტენიან და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე სიმინდი ითესება 4-6 სმ. სიღრმეზე, ტენით უზრუნველყოფილ მსუბუქ ნიადაგებზე 6-7 სმ-ზე, ხოლო მშრალ-გვალვიან ზონაში 7-8 სმ-ზე.

ძლიერი ქარების ზონაში მწკრივები განლაგებული უნდა იყოს ქარების მოქმედების მიმართულებით, ხოლო ფერდობებზე – დახრილობის განივად.

ნათესის მოვლა

ნათესის მოვლითი ღონისძიების ადრე დაწყების და მცენარეების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მით უფრო, თუ ნიადაგი თესვის დროს თესლის ჩათესვის სიღრმეზე მშრალია, ნათესი დათესვისთანავე უნდა მოიტკეპნოს ნაჭდევებიანი საგორავით.

ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნის შემთხვევაში, ნათესი სიმინდის 3-4 ფოთლის ფაზაში უნდა დაიფარცხოს. ამ დროს დაფარცხვა აუმჯობესებს ნიადაგში აერაციას, სპობს ახლადაღმოცენებულ და აღმოცენების პროცესში მყოფ სარეველებს, ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას. დაფარცხვა ტარდება დღის ცხელ პერიოდში, როცა სიმინდის მცენარეები ნაკლებად მტვრევადი ხდება.

დაფარცხვა დაუშვებელია ნიადაგის ჭარბტენიანობისას, ასევე არ იფარცხება ლობიოშერეული სიმინდის ნათესი. ფარცხვა ტარდება მსუბუქი ფარცხით, ნათესის განივად.

ნათესის პირველადი კულტივაცია ტარდება სიმინდის მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში 8-10 სმ. სიმაღლეზე, სიმინდის აღმონაცენი მიწის მიყრისაგან რომ დავიცვათ, კულტივატორის ყველა სექციას ნაპირებზე უკეთდება ცალმხრივი თათები, ხოლო შუაში ისრისებრი.

მეორე კულტივაცია უნდა ჩატარდეს პირველი კულტივაციიდან 10-12 დღის შემდეგ იმავე სიღრმეზე. სარწყავ პირობებში მეორე კულტივაცია უნდა შეიცვალოს მწკრივთშორისების დაბაძოებით, რაც აადვილებს მორწყვას. ამ სამუშაოს უნდა დავუკავშიროთ გამოკვება აზოტიანი სასუქით.

ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ სიმინდის მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში გამოიყენება 2,4-დ ამინის მარილი 1,2-1,5 ლ/ჰა-ზე.

ჯვაროსანთა ოჯახის წარმომადგენელი სარეველები (ბოლოკა, შალგი და სხვა) უფრო მგრძნობიარეა ამ ჰერბიციდის მიმართ, ამიტომ მათ წინააღმდეგ დოზა უნდა შემცირდეს, ხოლო მრავალწლიანი სარეველების (ხვართქლა, თეთრი ნარი და სხვა) წინააღმდეგ დოზა უნდა გაიზარდოს.

ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ, სიმინდის თესვამდე ან თესვის შემდეგ აღმოცენებამდე გამოიყენება ნიადაგის ჰერბიციდები: დუალ გოლდი 1,6-2,1 ლ/ჰა ან პრიმექტრა გოლდი 3-4 ლ/ჰა ნიადაგში სასწრაფოდ ჩაკეთებით.

ფესურიანი და ფესვითნაყარი სარეველების (შალაფა, ჭანგა და სხვა) წინააღმდეგ სიმინდის საადრეო წინამორბედების მოსავლის აღებისთანავე ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს 8-10 სმ. სიღრმეზე და სარეველების 15-20 სმ. სიმაღლის ფაზაში (აგვისტო) შესხურდეს რომელიმე ერთ-ერთი მთლიანმომქმედი ჰერბიციდი: კლინი, ნოკდაუნი 3-4 ლ/ჰა, ურაგანი 4-6 ლ/ჰა; ურაგან ფორტე 3-4 ლ/ჰა-ზე. აღნიშნული ჰერბიციდები ნიადაგის მზრალად მოხვნამდე სპობს არა მარტო მიწისზედა ორგანოებს, არამედ ფესურებსაც.

სიმინდის ნათესში, მცენარის 3-5 ფოთლის ფაზაში, ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ფართოფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება შემდეგი ჰერბიციდები: სტელარი – 1,0-1,25 ლ/ჰა+მეთოლატი 1,0-1,25 ლ/ჰა; ტიტუსი, მაისი 50 გრ/ჰა+ტრენდი – 250 გრ/ჰა; მაისტერი – 1,0 ლ/ჰა და სხვა.

ჰერბიციდები უნდა გაიხსნა 200-300 ლიტრ წყალში და შესხურდეს მზიან, წყნარ ამინდში.

მორწყვა

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე, თუ თესვის დროს ნიადაგი გამომშრალია და საკმარისი ტენი არ არის აღმოცენებისათვის, დათესვისთანავე უნდა დაიჭრას სარწყავი კვლები და დაუყოვნებლივ მოირწყოს.

სიმინდის სავეგეტაციო მორწყვა ტარდება ამინდის პირობებისა და მცენარის განვითარების ფაზების მიხედვით. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ მიწებზე სიმინდი 3-4 მორწყვას საჭიროებს: ერთი მორწყვა, როგორც წესი ტარდება ქუჩუჩოს ამოღების დაწყებამდე, უკანასკნელი მორწყვა – მარცვლის რძისებრ სიმწიფის ფაზაში.

მორწყვა ტარდება გაჟონვის წესით, ყველა მწკრივთშორისებში წყლის მიშვებით. მწკრივთშორის წინასწარ გაკეთებული კვლები საშუალებას იძლევა სარწყავად გამოყენებული იქნეს მილაკ-სიფონები, რომელიც თვითოეულ კვალს აწვდის ზუსტად გათვალისწინებულ წყლის რაოდენობას.

დასავლეთ საქართველოში  გვალვიან წლებში სიმინდისათვის საჭიროა ერთი ან ორი მორწყვა, ორი მორწყვის შემთხვევაში პირველი ტარდება ქუჩუჩოს ამოღებამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო მეორე მარცვლის გავსების ფაზაში.

სათესლე ნათესები

სიმინდის დარაიონებული ჰიბრიდების პირველი თაობის თესლს ყოველწლიურად აწარმოებენ, ხოლო ჯიშების თესლს თესენ გამრავლებული თესლით არა უმეტეს მესამე რეპროდუქციისა.

სიმინდი ჯვარედინმტვერია მცენარეა, ამიტომ სათესლე ნაკვეთები დაშორებული უნდა იქნეს სხვა ჯიშების ნათესიდან არა ნაკლებ 300 მეტრისა. სათესლე ნაკვეთებზე მოსავალი იღება სრული სიმწიფის ფაზაში, აღების წინ ტარდება აპრობაცია.

სათესლე ნაკვეთიდან მიღებული მოსავალი უნდა გადაირჩეს, მოცილდეს დაავადებული, მოუმწიფებელი ტაროები, გაშრეს სტანდარტულ ტენიანობაზე და შეინახოს სასიმინდეში ან კარგად გასანიავებელ საწყობში.

გაშრობის შემდეგ გადაირჩევა კარგად განვითარებული საღმარცვლიანი ტაროები და ტარდება ბეღლად აპრობაცია. სათესლე სიმინდი ინახება ტაროებად, მისი ტენიანობა უნდა შემოწმდეს პერიოდულად.

მოსავლის აღება

სამარცვლე სიმინდს იღებენ სრული სიმწიფის ფაზაში. მოსავლის აღება უნდა დავიწყოთ იმ ნაკვეთებიდან, სადაც საშემოდგომო თავთავიანი კულტურების თესვაა გათვალისწინებული.

მოსავლის კომბაინით აღების დროს, თუ ჩალა ნედლია, შესაძლებელია მისი დასილოსება. თუ ტარო ნაწილობრივ გაუწმენდავი დარჩა, იგი უნდა გავასუფთაოდ ხელით ან გავატაროთ ტაროს გამწმენდ დანადგარში.

კომბაინით აღებისას, თუ სიმინდში შეთესილი იყო ლობიო, სიმინდის აღებამდე ლობიო უნდა ავიღოთ. მოსავლის მარცვლად აღების შემთხვევაში მარცვალი უნდა გაშრეს სპეციალურ საშრობში.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის  ი.ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი.

შემდგენლები:  ზაურ ჯულუხიძე, დავით ბედოშვილი, ტოშია თავაძე, ქეთევან ნიაური, ნუნუ ჟვანია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB