შვრია – წარმოების აგროტექნოლოგია

შვრია, მარცვლეული

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

შვრია მარცვლოვანთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი კულტურაა. მას აწარმოებენ უმთავრესად მარცვლის და ნამჯის მიღების მიზნით, რომელიც გამოიყენება როგორც შინაური პირუტყვის საკვებად, ასევე ადამიანის კვების ინდუსტრიაში.

კულტურის ფესვთან სისტემა ფუნჯაა, თბილი ამინდების შემთხვევაში, მას უნარი აქვს ღეროს მიწისზედა მუხლებიდანაც განივითაროს ფესვები. ღერო სიმაღლით 80-175 სმ-ს აღწევს. ფოთლის ფირფიტა ფართოა, კარგად აქვს განვითარებული ენაკი და სრულებით არ აქვს კავები.

შვრიას ყვავილედი საგველაა, გადაშლილი ან შეკრული. მარცვალი წვრილი და გრძელია, მთლიანად შებუსვილი. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული კილებთან თუმცა ქერივით არ არის შეზრდილი. ასევე არსებობს შვრიის შიშველმარცვლიანი ფორმებიც.

დამოკიდებულება აგროკლიმატური პირობებისადმი

შვრია ზომიერი ჰავის მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყება 2-3°С-ზე. აღმონაცენი კარგად იტანს მცირე ყინვებსაც -9°С-მდე. მაღალ ტემპერატურას ზაფხულში ნაკლებად ეგუება.

შვრია ტენის მოყვარული მცენარეა, ტენი მისთვის საჭიროა კილებიანი თესლის დასალბობად და გასაღვივებლად და უხვად განვითარებული მწვანე მასის შესაქმნელად. გვალვიანი ამინდები აღერებისა და ყვავილობის პერიოდში დამღუპველად მოქმედებს მცენარეზე.

ნიადაგების მიმართ შვრია დიდ მოთხოვნილებას არ აყენებს. მძლავრი ფესვთა სისტემის გამო, მას აქვს უნარი ნიადაგის ძნელად ხსნადი ნაერთებიდან შეითვისოს საკვები ნივთიერებანი.

ასევე აღსანიშნავია, რომ სხვა პურეულებთან შედარებით შვრია უფრო უკეთ ეგუება მჟავე რეაქციის არეს (pH=5-6) მქონე ნიადაგებსაც. შვრიის წარმოებისათვის გამოუსადეგარია ბიცობი და დამარილებული ნიადაგები.

შვრია ნიადაგებისადმი ნაკლებ მომთხოვნია. ყველა ნიადაგზე მოდის, ეგუება მძიმე თიხნარებს და მჟავე ნიადაგებს.

შვრიას წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე pH 5,5-დან 7,5-მდეა.

კულტურის ზოგადი დახასიათება

შვრია, მარცვლეული

სახეობები, ჯიში „არგო“

შვრიას გააჩნია სახეობათა დიდი მრავალფეროვნება, რომელთა შორის არის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, კულტურული და ველური ფორმების 70-მდე სახეობა.

პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას, რომელთაგან საქართველოში ძირითადად გავრცელებული გვხვდება ორი სახეობის: კულტურული შვრია (Avena sativa L.), ხასიათდება გვალვაგამძლეობით და მლაშე ნიადაგებისადმი შეგუებულობით და ველური შვრია — შვრიუკა (Avena Fatua L.), ასარევნინებს პურეულის ნათესებს და მინდვრის კულტურებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი და გასავრცელებლად დაშვებულია ჯიში „არგო“, მისი მონაცემები ასეთია:

ჯიში „არგო“ საგაზაფხულო ფორმაა, მიღებულია გამორჩევის მეთოდის გამოყენებით. ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე შეადგენს 85-97 დღეს.

მცენარის ღერო სწორმდგომია, სიმაღლით 100-115 სმ. ხასიათდება მაღალმოსავლიანობით, მაღალხასხიანობით, ჩაწოლისადმი გამძლეობით, დაავადებების და მავნებლებისადმი იმუნიტეტით, მდგრადია მარცვლის ჩაცვენისადმი და შეუძლია მყარი მოსავლის მოცემა.

ჯიში განკუთვნილია საქართველოს თავთავიანი კულტურების მთესველი ყველა რეგიონისათვის.

ადგილი თესლბრუნვაში

თესლბრუნვაში შვრიას მოთავსება შესაძლებელია ყველა კულტურის შემდეგ, უკეთესია მისთვის სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული მინდორი, შვრია ვერ იტანს ზედიზედ თესვას.

შვრია კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურებისათვის, ტოვებს სუფთა ნიადაგს.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

ნიადაგის დამუშავება წარმოებს წინამორბედის ხასიათისა და მდგომარეობის მიხედვით. წინამორბედი კულტურისგან განთავისუფლებული მინდორი უნდა აიჩეჩოს და მოიხნას 25-27 სმ-ის სიღრმეზე.

საგაზაფხულოს შემთხვევაში მზრალად. შემდეგ ჩატარდეს თესვისწინა კულტივაცია და დაიფარცხოს. თესვისწინა დაფარცხვასა და კულტივაციას შორის დიდი პერიოდის დაშვება არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა სარეველებმა მოასწროს შვრიის ამოსვლას და დაჩაგროს.

შვრიის ფესვთა სისტემა ხასიათდება ძლიერი განვითარებით და ამიტომ ნიადაგის ღრმად დამუშავების დროს მოსავლიანობა მკვეთრად იზრდება.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა

თესვის ვადები. შვრიის საგაზაფხულო ბუნება და დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობა საშუალებას მოგვცემს ვთესოთ, როგორც შემოდგომაზე, ისე გაზაფხულზე.

ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როდესაც შემოდგომის ნათესი, კლიმატური პირობების გამო სამეურნეო მნიშვნელობას კარგავს, ასეთ შემთხვევაში შვრიის გამოყენება ყველაზე კარგი საშუალებაა. ამ თავისებურების გათვალისწინებით საშემოდგომო თესვა ემთხვევა საშემოდგომო ხორბლის თესვის პერიოდს,

საგაზაფხულო თესვა შესაძლებელია ჩატარდეს ადრე გაზაფხულზე, დაზიანებული ნათესების გადასათესად, ან საგაზაფხულო თავთავიანების თესვის პერიოდში.

თესლის შეწამვლა. შვრია რეალურად ყოველთვის ავადდება ჟანგათი ან გუდაფშუტათი, ამიტომ თესლის შეწამვლა აუცილებელია. მაღალი მოსავლის მიღების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა მაღალხარისხოვანი თესლით თესვა.

სათესლედ მხოლოდ მსხვილი მარცვლები უნდა გამოვიყენოთ. მარცვალი უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულ მოთხოვნებს თესლის სისუფთავესა და გაღივების უნარზე.

შვრიის დაავადებებისადმი მიმღებიანობის გამო აუცილებელია თესლის სოკოვანი დაავადებებისა (გუდაფშუტა, ჟანგა, ნაცარა) და ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ საშუალებებით თესვისწინა დამუშავება.

თესვის ნორმები. მწვანე საკვებად თესვის დროს საჭიროა 240-250კგ 1 ჰა-ზე. სამარცლე შვრიის თესვის ნორმა 180-220კგ-ია. ამ დროს ძლიერად მიმდინარეობს ბარტყობა, თავთავი მსხვილია და კარგად შემარცვლული, მარცვალი ამოვსებულია, მოსავალი მაღალი.

თესავენ ვიწრო მწკრივებად, სამარცვლედ თესვის დროს უმჯობესია ჩამთეს გამოტოვებით, განიერ მწკრივებად თესვა. ასეთი წესით თესვა უზრუნველყოფს ამოვსებულ და მსხვილ მარცვალს.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

შვრიის ნაკვეთში, შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

ძირითადი საკვები ელემენტების საშუალო დოზები მერყეობს შემდეგ ფარგლებში: აზოტი (მოქმედი ნივთიერება) _ 90-120 კგ/ჰა-ზე; ფოსფორი _ 90-120 კგ/ჰა-ზე; კალიუმი – 60-90 კგ/ჰა-ზე; ურწყავ, ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ მიწებზე რეკომენდებულია სამივე საკვები ელემენტის მთლიანი დოზის შეტანა ხვნის წინ ან ნიადაგის თესვის წინა დამუშავებისას.

სარწყავით უზრუნველყოფის პირობებში მიზანშეწონილია ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების მთლიანი დოზისა და აზოტიანი სასუქის დოზის 1/3-ის გამოყენება ხვნის ან თესვის წინ, ხოლო 2/3-ის გამოკვებაში შეტანა აღერების დაწყებამდე.

შვრიის ტენით უზრუნველყოფა

შვრია წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია თესლის გაღივების, ბარტყობის და ტანის აყრის ფაზებში. მისი მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში შვრია საშუალოდ 3-ჯერ უნდა მოირწყას.

მორწყვის ერთიანი, ანუ სეზონის განმავლობაში დასახარჯი წყლის საორიენტაციო რაოდენობა ერთ ჰა-ზე არის 2000-2500 კუბ./მ.

მოსავლის აღება-შენახვა

მოსავლის აღების გაჭიანურება ყოვლად დაუშვებელია. მისი ძირითადი ამოცანაა ბიოლოგიური მოსავლის, რაც შეიძლება სრულად აღება და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება.

შვრიის მცენარისათვის დამახასიათებელია საგველა ყვავილედი, რომელიც ხშირად ოთხ იარუსიანია. აღების დაგვიანება იწვევს საგველის მტვრევას და შეიძლება მოსავალი განახევრდეს. გარდა ამისა ღეროც იწყებს ჩაწოლას და რთულდება მექანიზებული აღებაც და იზრდება დანაკარგები.

ღეროს ჩაწოლისას მარცვალში მშრალი ნივთიერებების გადადინება ხდება ჩალასა და ფესვებში და უარესდება მარცვლის ხარისხი. შვრია ასაღებია მაშინ, როდესაც მომწიფდება ზედა იარუსის მარცვლები.

შემდგენლები

ნუგზარ შენგელია – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ცოტნე სამადაშვილი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
ირა შილდელაშვილი – ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა