სათითურა – ერთ-ერთი საუკეთესო საკვები ბალახი

სათითურა, თივა, საკვები

სათითურა (ლათ. Dactylis glomerata) მრავალწლიანი, მეჩხებუჩქოვანი, სწორმდგომი, მაღალი (1 მეტრამდე აღწევს), უხვად შეფოთლილი, მარცვლოვანი სათიბი ბალახია.

სათითურა ზომიერი კლიმატის მცენარეა, მაგრამ იტანს სიცხესაც. მგრძნობიარეა უთოვლო ზამთრისა და ყინვების მიმართ და ადვილად იყინება.

სიცოცხლის ხანგრძლოვობა დიდი აქვს, კვებითი ღირებულება მაღალი; კარგად ჭამს ყველა სახის პირუტყვი. 100 კგ თივა შეიცავს 40,8 საკვებ ერთეულს და 3,3 კგ მონელებად ცილას.

გათიბვის შემდეგ ამოიყრის ძალიან ცოტა რაოდენობით ღეროს, მაგრამ ფოთლებს თითქმის ღეროების სიმაღლეზე ივითარებს.

ხანგრძლივი ხელოვნური სათიბისთვის სათითურა საუკეთესო კომპონენტია, საძოვრად კი არ ვარგა, რადგანაც ძოვებას ვერ იტანს.

ჩრდილის ამტანობის გამო კომპონენტია როგორც სხვა ბალახებთან შესარევად, ისე საფარქვეშ დასათესად. ხასიათდება სწრაფი წამონაზარდით.

სათითურა, თივა, საკვები

ორი გათიბვის შემდეგ ჰექტარზე იძლევა 75 ც და მეტ თივას და 5 ც-ზე მეტ თესლს.

ერთი-ორი წლით მინდვრად ბალახთესვისათვის ნაკლებად სასარგებლოა, რადგანაც სრულ მოსავალს მესამე-მეოთხე წელს იძლევა. კარგად ხარობს მთაგორიან ტენიან პირობებში; დაუგვიანებლად გათიბვისას თივის კარგ მოსავალს იძლევა;

გაზაფხულზე შედარებით ადრე იწყებს წამოზრდას, მაგრამ გასათიბად მაინც შემოდის.

სათითურა, თივა, საკვები

ველური სახით გავრცელებულია ამიერკავკასიაში ყველგან 2300 მ-მდე ზღვის დონიდან, მთიან რაიონებში მდელოებზე.

ნიადაგს დიდ მოთხოვნას არ უყენებს. კარგად ხარობს ღრმა ჰუმუსიან და ტენიან მიწებზე, ცუდად – სილნარ, ქვიშნარ, რიყიან, ძლიერ ეწერ მჟავე ნიადაგებზე, საერთოდ ვერ იზრდება დამლაშებულ გარემოში.

სათითურა, თივა, საკვები

სათითურა, ბექობისებრი ბუჩქის განვითარების გამო, წმინდად არ ითესება. ჰექტარზე ურევენ 15-20 კგ სათითურას და 10-12 კგ სამყურას და თესავენ 2-3 სმ სიღრმეზე.

მოსავალს სათივედ იღებენ ყვავილობის დასაწყისში, სათესლედ კი მაშინ, როცა ნათესი ჩალისფერს მიიღებს. თესლი ცვილისებრი სიმწიფის ფაზაში მზადდება.

ავტორები: ზურაბ ბუკია; ნოდარი ბერიძე; შოთა ლამპარაძე. /მემცენარეობა საკვებწარმოების საფუძვლებით/.

იხილეთ აგრეთვე: სამყურა – საქონლის საუკეთესო საკვები და თაფლოვანი მცენარე

თქვენი რეკლამა