საშემოდგომო ხორბალი — თესვა, მოვლა, მოყვანა

1789 Views Comment Off

ხორბლის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია

ხორბალი მთელ მსოფლიოში მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა. ადამიანისთვის საჭირო სასურსათო პროდუქტთა შორის პურს გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი უკავია, რის გამოც ხორბლის მარცვალზე მოთხონილება ყველაზე მაღალია.

საქართველო აღიარებულია ხორბლის წარმოშობის პირველად კერად. ქართველ ხალხს ამ კულტურის მოვლა-მოყვანის უძველესი ტრადიცია გააჩნია. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ხორბლის ნათესი ფართობი მკვეთრად შემცირდა და 50-60 ათას ჰა-ზე ითესება.

საშემოდგომო ხორბალი ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. მისი პოტენციალის გამოვლენა დამოკიდებულია ჯიშის გენეტიკურ ფაქტორებზე, გარემო პირობების გავლენაზე, სათესლე მასალის ხარისხზე, დაავადებებისა და მავნებლებისადმი გამძლეობაზე და აგროტექნიკური ღონისძიებების დროულ და ხარისხიან ჩატარებაზე.

ხორბლის კულტურა ნოყიერ ნიადაგს მოითხოვს. მაღალ მოსავალს იძლევა მხოლოდ საკვები ელემენტებით მდიდარ აგროფონზე. თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ხორბლის მოსავლიანობა, წვრილი ფერმერული მეურნეობისთვისაც კი შესაძლებელია გაიზარდოს 4,5- 5,5 ტ/ჰა-ზე.

ნიადაგის განოყიერება

მინერალური სასუქების ოპტიმალური დოზების ნორმა რეგიონებისა და ნიადაგების ტიპის მიხედვით საკმაოდ მერყევია: აზოტი 30-60-90 კგ/ჰა, ფოსფორი 50-90 კგ/ჰა და კალიუმი 45-60 კგ/ჰა.

სარწყავი წყლით და ტენით უზრუნველყოფილ მიწებზე მინერალური სასუქების შეტანა უფრო მაღალი დოზით უნდა მოხდეს, ვიდრე ურწყავ და გვალვიან ზონებში, რადგან ტენით უზრუნველყოფილ პირობებში მცენარე მინერალურ სასუქებს უკეთ ითვისებს და მისი ეფექტიც მეტია.

უკეთესია თუ ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები მთლიანად შეტანილი იქნება ძირითადი ხვნის დროს ან, სასუქის 2/3 ძირითადი ხვნის დროს, ხოლო 1/3 თესვის წინა კულტივაციის დროს. ამ პერიოდში შეტანილი უნდა იქნეს აზოტოვანი სასუქიც.

ნიადაგში მინერალური სასუქის შეტანა უნდა მოხდეს სამჯერ:

  • ძირითადი განოყიერება — ხვნის წინ, ან ხვნისთანავე;
  • სასტარტო განოყიერება — თესვის დროს;
  • ნათესის გამოკვება.

თესლბრუნვა

ხორბლის კულტურის თესლბრუნვისთვის კარგი წინამორბედებია: სამარცვლე პარკოსანი კულტურები, სასილოსე სიმინდი, სიმინდი მწვანე საკვებად, ერთწლოვანი პარკოსნებისა და მარცვლოვნების (შვრიანარევი ბარდა ან ცერცველა) ნარევი მწვანე საკვებად, მრავალწლოვანი ბალახების კორდი, მზესუმზირა.

აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ მიწებზე საშემოდგომო ხორბლის დასათესად სასურველი წინამორბედებია: სამარცვლე სიმინდი (მოკლე ვეგეტაციის), სასილოსე სიმინდი, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები, მრავალწლოვანი ბალახების კორდი, სანაწვერალო კულტურები, სამარცვლე-პარკოსანი კულტურები (ლობიო, სოია, მუხუდო), ანეული.

როგორც სარწყავ, ისე ურწყავ პირობებში დასაშვებია ხორბლის ორი წლის მანძილზე ზედიზედ თესვაც, მაგრამ სამწუხაროდ, აღმოსავლეთ საქართველოს ურწყავ, გვალვიან პირობებში ხორბლისათვის სასურველი წინამორბედების დეფიციტის გამო, იძულებით ხდება ხორბლის ერთსა და იმავე ნაკვეთზე რამოდენიმე წელიწადს ზედიზედ თესვა.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის მოხვნის ოპტიმალური ვადა არის მისი ფიზიკური სიმწიფე, როდესაც ნიადაგში წყლის რაოდენობა მისი წონის 15-21%-ს შეადგენს. არსებობს ნიადაგის დამუშავების რამოდენიმე მეთოდი:

ტრადიციული ტექნოლოგია ითვალისწინებს ნიადაგის ძირითად დამუშავებას — ხვნას ფრთიანი გუთნით. ხვნის დროს ხდება ბელტის გადაბრუნება, რაც ხელს უწყობს ქვედა ნაწილში არსებული ნაყოფიერი მიწის ზემოთ ამოტანას.

საადრეო წინამორბედების შემდეგ ნიადაგი უნდა მოიხნას მოსავლის აღებისთანავე 25-27 სმ სიღრმეზე და ხორბლის თესვამდე დამუშავდეს ნახევრად ანეულის წესით.

საგვიანო წინამორბედების მოსავლის აღება უნდა ჩატარდეს შემჭიდროვებულ ვადებში იმ ვარაუდით, რომ ხორბლისათვის ნიადაგი მომზადდეს თესვამდე 10-15 დღით ადრე.

მინიმალური (Mini-Till) დამუშავების ტექნოლოგიით რამოდენიმე ტექნოლოგიური პროცესი ერთ სამუშაო ოპერაციაში ერთიანდება. ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ნიადაგის დამულჩვით დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ნაწვერალის და სხვა მცენარეული ნარჩენების გამოყენებას ტენის შენახვის და დაგროვებისათვის, ხოლო კოკისპირული წვიმის დროს ნიადაგის დაცვას ჩამორეცხვისა და ზედმეტად დატენიანებისგან.

ეს მეთოდი უფრო თანამედროვეა, ამცირებს ხარჯებს და თვითღირებულებას.

ნულოვანი (No-Till) ტექნოლოგიის გამოყენებისას ნიადაგის სტრუქტურის დარღვევა მისი დამუშავების დროს ფაქტობრივად არ ხდება. მეთოდი ითვალისწინებს მარცვლეული კულტურების თესვას მოუხნავად. სარეველებთან ბრძოლა ხდება ქიმიური საშუალებებით.

ნულოვანი ტექნოლოგიის გამოყენების დროს ნიადაგს ხუთ წელიწადში ერთხელ სჭირდება ღრმად (25 – 30 სმ) მოხვნა ბელტის გადაბრუნებით.

ღრმადხვნის ტექნოლოგია ითვალისწინებს ნიადაგის გაფხვიერებას 50 სმ-ის სიღრმეზე, ღრმად გაფხვიერების დროს ინგრევა წინა წლებში ერთსა და იმავე სიღრმეზე (22-25 სმ) ხვნის შედეგად წარმოქმნილი ხნულის ძირი და ნიადაგის ღრმა ფენებში ჰაერაცია და წყლის რეჟიმი უმჯობესდება, იზრდება ტენტევადობა, მიკრობიოლოგიური პროცესების ცხოველმყოფელობა და მცენარეს ზრდა-განვითარების უკეთესი პირობები ექმნება.

თესლის მომზადება და თესვა

მაღალხარისხიანი თესლით თესვა მაღალი მოსავლის მიღების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. დასათესად გამოყენებული უნდა იქნეს სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშის ხორბლის მარცვალი, რომელიც აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს თესლის სისუფთავისა და გაღვივების უნარის მიმართ.

აუცილებელია სათესლე მასალის თესვისწინა დამუშავება სოკოვანი დაავადებებისა (გუდაფშუტა, ჟანგა, ნაცარა) და ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ.

საშემოდგომო ხორბლის თესლის რაოდენობა ჰექტარზე არ უნდა იყოს 180-200 კგ.-ზე ნაკლები. მკაცრი ზამთრის პირობებში, ასევე დასარევლიანებულ მინდვრებზე სათესი ნორმა იზრდება ჰექტარზე 250 კგ-მდე.

თესვის შემდეგ ნათესი საგორავით უნდა მოიტკეპნოს. მოტკეპნის ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანიამშრალ, გვალვიან პირობებში და ქარისმიერი ეროზიის ზონებში.

საშემოდგომო ნათესებისათვის აუცილებელია საშემოდგომო რწყვა (სადაც არსებობს ამის პირობები).

ნათესის მოვლა

სარეველებთან ბრძოლა მოსავლიანობის მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტიანი ღონისძიებაა. სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდს ასხურებენ ხორბლის ბარტყობის ფაზაში, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა მიაღწვეს 16-18°C-ს.

ჰერბიციდთან ერთად ეფექტიანია მიკროელემენტების შემცველი სასუქების (ორგანიკა 5 ლ/ ჰა; ნუტრივანტი ან კრისტალონი 2-3 ლ/ჰა) შესხურება. ეს სასუქები ზრდის ჰერბიციდების მოქმედების ეფექტს, მცენარეს უხსნის ჰერბიციდით გამოწვეულ სტრესს და ახდენს მცენარის ფოთლოვან გამოკვებას მიკროელემენტებით.

შემოდგომაზე ნათესში ბარტყობის გასაძლიერებლად და ზამთარგამძლეობის გასაზრდელად ნუტრივანტის ან ამინოკატის შეტანა ხდება. გაზაფხულზე ნათესის სწრაფი გამოჯანსაღებისა და ზრდა-განვითარების დაჩქარების მიზნით, მიმართავენ ჯეჯილის საგაზაფხულო გამოკვებას უმთავრესად აზოტოვანი სასუქებით.

სასუქის შეტანასთან ერთად, გაზაფხულზე ხორბლის ჯეჯილი შეიძლება მსუბუქი კბილებიანი ფარცხით დაიფარცხოს. თანამედროვე ტექნოლოგიით მაღალი მოსავლის მისაღებად ეფექტიანი ღონისძიებაა ფოთლიდან კვება.

პირობების გათვალისწინებით, გამოკვება შესაძლოა ჩატარდეს 3-5-ჯერ ნუტრივანტით, ამინოკატით და კრისტალონით. მოსავლის დაცვის მიზნით დაავადების და მავნებლის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე საჭიროა შესაბამისი პესტიციდების გამოყენება.

მოსავლის აღება

მოსავლის აღება მეტად საპასუხისმგებლოა და მისი გაჭიანურება ყოვლად დაუშვებელია, რადგან აღების დაგვიანება იწვევს არა მარტო მოსავლის შემცირებას, არამედ მარცვლის ხარისხის გაუარესებასაც.

გამოლეწილი მარცვალი გადაიტანება კალოზე — ღია ფარდულის ქვეშ, სადაც ხდება მარცვლის საბოლოო გაშრობა ისე, რომ მარცვლის ტენიანობა 13-14%-ს არ აღემატებოდეს. შემდეგ მარცვალი სათანადო აგრეგატით გაიწმინდება და დახარისხდება.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
იხილეთ აგრეთვე: ხორბლის თესვა-მოყვანა, ვადები, ტექნოლოგიური რუკა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2290 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1216 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB