საგაზაფხულო სამუშაოები საშემოდგომო ხორბლის ნათესში

ხორბალი, დაცვა, წამალი

ადამიანისათვის საჭირო სასურსათო პროდუქტებში პური ყველაზე გამორჩეულია, ამიტომ ხორბალს სასოფლო–სამეურნეო კულტურათა ნათესებს შორის პირველი ადგილი უკავია.

ბიოლოგიური თავისებურების მიხედვით არჩევენ ხორბლის საშემოდგომო (ითესება მხოლოდ შემოდგომაზე), საგაზაფხულო (თესვა მხოლოდ გაზაფხულზე) და ორთესელა – ფაკულტატური (ითესება როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე) ფორმებს.

საგაზაფხულო ფორმები ითესება ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ძლიერი ყინვებია და ადრეული ზამთრის გამო ვერ ესწრება საშემოდგომო თესვა.

ხორბლის მარცვლის წარმოებაში საშემოდგომო ხორბლის ხვედრითი წილი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი საგაზაფხულო ფორმებისა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მისი მოსავლიანობა უფრო მყარი და საიმედოა.

საშემოდგომო ხორბალი უკეთესად იყენებს ნიადაგის ტენს, ივითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას და აქვს ბარტყობის მეტი უნარი, ვიდრე საგაზაფხულო ხორბალს.

ხორბლის თესლის გაღივებისათვის საჭირო ფაქტორები

საქართველოში თავთავიანი კულტურების საერთო ნათესებში 70% უკავია საშემოდგომო ფორმებს. ხორბლის გავრცელების ძირითადი ზონებია: კახეთი, ქართლი, მესხეთ–ჯავახეთი.

ნორმალურ პირობებში მოთავსებული ხორბლის თესლის გაღივებისათვის საჭიროა ოთხი ფაქტორი: სითბოს, სინათლის, ჰაერაციის და ტენის ერთობლივი მოქმედება, რომელთა გავლენით ენდოსპერმში არსებული საკვები ელემენტები იშლება, გადადის ხსნად მდგომარეობაში და ხმარდება აღმონაცენის განვითარებას.

ნიადაგში მოთავსებული მარცვალი სწრაფად ითვისებს წყალს იმ მომენტამდე, სანამ ტენიანობა არ გათანაბრდება ნიადაგში და მარცვალში. ხორბლის მარცვლის გასაღივებლად საჭირო წყლის რაოდენობა საშუალოდ ტოლია მარცვლის წონის 55–60%–ისა. კიდევ უფრო იზრდება ტენზე მოთხოვნილება ბარტყობის, აღერების, მარცვლის ჩასახვისა და დამსხვილების პერიოდში.

ტენის სიმცირე აფერხებს ამ პროცესებს, რადგან შემცირებულია საკვები ელემენტების შესვლა მცენარეში, ხორბლის კულტურა ცუდად იტანს გვალვას.

თესლის გარშემო ჰაერის შეუფერხებელი მოძრაობა მისი გაღივების აუცილებელი პირობაა. აქედან გამომდინარე, ყველა ის პირობა, რომელიც აფერხებს ჰაერის ცირკულაციას ნიადაგში (ნიადაგის პირის შეკვრა, წაკირვა ან ზედაპირის გაყინვა, დატბორვა, ჭარბი ტენი თესლის განლაგების ადგილზე და სხვა) განაპირობებს გაღივების პროცესის შეფერხებას.

კულტურათა მოყვანისას გასათვალისწინებელია დღეისათვის მიმდინარე კლიმატური ცვლილებები და თანამედროვე ტექნოლოგიები. სამწუხაროდ, საქართველოს მარცვლეულის მოყვანის ზონაში (აღმოსავლეთ საქართველო) შემოდგომა-ზამთრის კლიმატური პირობები მკვეთრად შეიცვალა. ამის ნათელი მაგალითია მიმდინარე წელს თბილი, გვალვიანი ზამთარი.

ამ უამინდობის გამო, საშემოდგომო თავთავიანმა კულტურებმა, ვერ შეძლო ბარტყობა და სუსტი განვითარების დარჩა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ საშემოდგომო ხორბლის და ქერის მოსავალის დიდი ნაწილი დაიკარგოს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია საგაზაფხულო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარება.

ფერმერების პირველი შესასრულებელი საქმიანობა – დააზუსტონ აღმონაცენის რაოდენობა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მაღალი მოსავლის მისაღებად 1მ2-ზე განვითარებულ ღეროთა რაოდენობა უნდა იყოს 500-700 ცალი.

ამის განსაზღვრა ძნელი არ არის: ერთიან ნაკვეთზე ტიპიური აღმონაცენიდან, 1მ2-ზე უნდა დავითვალოთ მცენარეთა რაოდენობა. ნაკვეთის ზომის მიხედვით შეიძლება იყოს 4-6- 8 ადგილას აღებული ნიმუში. თუ აღმოჩნდა, რომ აღმოცენებულ მცენარეთა რაოდენობა 150 ცალზე ნაკლებია, უნდა მოხდეს გადათესვა საგაზაფხულო ფორმებით. 150 მცენარეზე მეტის შემთხვევაში შესაძლებლობა გვაქვს გაძლიერებული კვებით და აგროტექნიკური ღონისძიებებით შევძლოთ ნორმალური მოსავლის მიღება.

ჯეჯილის განოყიერება და ფარცხვა

გაზაფხულზე, ჩვეულებრივ საშემოდგომო ნათესები რამდენადმე დასუსტებულია. პირველ რიგში საჭიროა ზრუნვა ნათესის სწრაფი გამოჯანსაღებისა და ზრდა–განვითარების დაჩქარებისათვის.

ამ მიზნით მიმართავენ ჯეჯილის საგაზაფხულო გამოკვებას უმთავრესად აზოტიანი სასუქებით. დამატებითი განოყიერების (გამოკვება) მიზანია ხორბლის უზრუნველყოფა საკვები ელემენტებით, მათდამი მაქსიმალური მოთხოვნილების პერიოდში.

სარწყავ და ტენით უზრუნველყოფილ მიწებში მინერალური სასუქების უფრო მაღალი დოზები შეაქვთ, ვიდრე ურწყავ და გვალვიან ზონებში, რადგან ტენით უზრუნველყოფილ პირობებში მცენარე მინერალურ სასუქებს უფრო უკეთ ითვისებს და მისი ეფექტიც მეტია.

სასუქის შედეგად ძლიერდება ნაზამთრალი აღმონაცენი და იწყებს სწრაფ ზრდას, რაც იწვევს ხორბლის დროულ განვითარებას (სავეგეტაციო პერიოდი).

გაზაფხულზე ნათესების გამოკვების ეფექტის ასამაღლებლად უმჯობესია აზოტიანი სასუქის შეტანა მცენარის ფესვთა სისტემის არეში 6-8 სმ სიღრმეზე, რაც სრულდება ჩვეულებრივი მარცვლეული კულტურების სათესით.

გამოკვება ტარდება კარგად დაბარტყებულ ნათესში. სუსტი, ფესვებმოუმაგრებელი ნათესის გამოსაკვებად სათესი მანქანის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან სათესი მანქანა ნათესს დააზიანებს.

გამოკვება წარმოებს ადრე გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი დადნება, ან ნიადაგის ზედაპირი შეშრება და შესაძლებელი იქნება ნათესში ტექნიკით შესვლა.

სასუქების შეტანისთანავე ხშირად მიმართავენ ნათესის დაფარცხვას მსუბუქი კბილებიანი ფარცხით. მწკრივების გარდი–გარდმო დაფარცხვა, გარდა იმის, რომ ახლად შეტანილ სასუქს აქცევს ნიადაგის ტენიან ფენაში, რაც აადვილებს მცენარის მიერ მის შეთვისებას, აფხვიერებს ნიადაგს და ხელს უწყობს ჯეჯილის განახლებულ ბარტყობას, სპობს სარეველებსა და რაც მთავარია, ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას.

მცენარეების ნაკლებად დაზიანების მიზნით, ჯეჯილის ფარცხვა ტარდება დაბალ სიჩქარეზე. ნათესების საგაზაფხულო დაფარცხვა 0.2–0.3 ტონით ზრდის მარცვლის საჰექტარო მოსავლიანობას.

ნათესის ორჯერად გამოკვებაში საჭიროა აზოტი, მოქმედი ნივთიერების სახით 80-100 კგ, რაც ფიზიკური წონით უდრის 240-300 კგ ამონიუმის გვარჯილას. ურწყავ პირობებში მიზანშეწონილია მოცემული ნორმების შემცირება 180-200 კგ- მდე.

დადებით ეფექტს იძლევა აზოტით ფესვგარეშე გამოკვება აღერების, მასობრივი ყვავილობის და რძისებრ ფაზაში. ამ დროს ძლიერდება ფოტოსინთეზის პროცესი, ჩქარდება ცილების დაშლა და აქტიურდება ფოთლებიდან თავთავში აზოტოვანი ნივთიერებების გადანაცვლება.

სასუქების გამოყენება დაკავშირებულია ხარჯებთან, რომელთა გაღება ქართველ ფერმერთა უმრავლესობას არ შეუძლია. გარდა ამისა აგროტექნოლოგიური პროცესების დარღვევის გამო შესაძლებელია მოსავალმა ვერ დაფაროს გაწეული ხარჯები. მაგალითად, დაგვიანებით შეტანილი ფოსფორიანი სასუქის ანაზღაურება 3-4-ჯერ დაბალია.

ხორბლის მაღალმოსავლიანი ჯიშებისათვის აუცილებელია სრულფასოვანი ფესვგარეშე კვების ფართოდ გამოყენება (ნუტრივანტების, ამინოკატების და კრისტალონების). მათი ქიმიური შემადგენლობა მრავალფეროვანია, რაც დადებითად მოქმედებს ხორბლის მოსავლიანობასა და ხარისხზე.

ასეთი განოყიერების ახალი სისტემის თანახმად აზოტიანი სასუქის შეტანიდან ორკვირიანი ინტერვალით ვიყენებთ ნუტრივანტს 3 კგ-ის რაოდენობით (3 კგ ნუტრივანტი 250-300 ლ წყალი). ამ დროს ძლიერდება ბარტყობა, ხდება სწრაფი ზრდა, ჩქარდება დათავთავება.

განმეორებით, ისევ ორკვირიანი ინტერვალით კვლავ შეგვაქვს 3 კგ ნუტრივანტი. ამ დროს მისი მოქმედება იწვევს ერთდროულ ბარტყობას და ნაბარტყის თანაბარ განვითარებას.

კახეთის ურწყავ, გვალვიან და ცხელ კლიმატურ პირობებში, ფერმერების ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, კარგი იქნება დამატებით, ყვავილობის და მარცვლის ფორმირების ფაზაში შევიტანოთ ნუტრივანტი, ამინოკატი ან კრისტალონი იგივე დოზით.

ეს ღონისძიება ხელს უწყობს მიკროკლიმატის შექმნას ნათესში, რაც აძლიერებს ფოტოსინთეზის პროცესს და ხელს უწყობს მარცვლის ფორმირებას. ამ მეთოდიკით განოყიერებული ხორბალის მოსავალი ეკონომიკურად მომგებიანია, მარცვალი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი.

გამოკვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს მარცვლის ხარისხის განვითარებაში. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ფერმერები აღმოჩნდნენ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე. მათ მიერ მიღებული მოსავალი ძირითადად უხარისხოა, წებოგვარის დაბალი შემცველობის გამო და წისქვილკომბინატები უარს ამბობენ ასეთი ხორბლის შესყიდვაზე.

მეცნიერულად და პრაქტიკულადაც დადასტურებულია, რომ გაზაფხულზე ფოთლიდან კვებით სრულიად ადვილი მისაღწევია ხარისხიანი მარცვლის მიღება. როგორც უკვე აღვნიშნეთ ნუტრივანტებით ორი გამოკვება საშუალებას იძლევა მივიღოთ ხარისხიანი ხორბლის მარცვალი წებოგვარის შემცველობით 25-35%.

საშემოდგომო ხორბლის ჯეჯილი გაზაფხულზე შეიძლება დაიფარცხოს, რის შედეგად იშლება ნიადაგის ქერქი, მცენარეებს სცილდება გამხმარი ნაწილები, იქმნება ნორმალური პირობები ხორბლის მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის. თავის დროზე დაფარცხვა მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის აორთქლებას, ღონისძიება ტარდება იმ დროს, როცა ნიადაგი კარგად ფხვიერდება, არ იზილება გადაჭარბებული ტენიანობისგან და არ იმტვერება გამოშრობის გამო.

ნათესის მორწყვა

საშემოდგომო ხორბალი ვეგეტაციის პერიოდში მნიშვნელოვნად მეტ წყალს მოითხოვს, ვიდრე საგაზაფხულო ხორბალი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საშემოდგომო ხორბალს ახასიათებს უფრო გრძელი სავეგეტაციო პერიოდი და იძლევა უფრო მეტ მოსავალს.

საშემოდგომო ხორბლის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის უფრო ხელსაყრელია, როცა ნიადაგის ზღვრული ტენტევადობა 80-75%-ზე დაბალი არ არის. სავეგეტაციო პერიოდში საშემოდგომო ხორბალი ხარჯავს 2500-4000 მ3 წყალს ჰა-ზე.

ტენზე მოთხოვნა დამოკიდებულია მცენარის ზრდის ინტენსივობაზე, განვითარების სიძლიერეზე, ნიადაგში ტენის არსებობაზე, ტემპერატურაზე, ჰაერის ფარდობით ტენიანობაზე, განათებაზე, ფესვთა სისტემის განვითარებაზე, საკვები ნივთიერებების უზრუნველყოფაზე და სხვა ფაქტორებსა და პირობებზე.

საშემოდგომო თავთავიანი კულტურები როგორც წესი ითვლება ტენგამძლე, გვალვაგამძლე კულტურებად, მაგრამ არის პერიოდები, როდესაც მცენარეები მოითხოვენ წყლის გარკვეულ რაოდენობას. ურწყავ პირობებში წყლის რეგულირება უნდა მოხდეს ნათესის სიხშირით და ცვარის რეგულირებით. აზოტიანი სასუქების გამოყენების კოეფიციენტი მკვეთრად მაღლდება მაღალი ცვარიანობის პერიოდში, რაც ყურადღება მისაქცევია.

ურწყავ პირობებში ძალიან ეფექტურია ფოთლიდან კვების გამოყენება.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი გამოყენება თესლის ფორმირების და რძისებურ სიმწიფეში. ამ დროს, ცხელ ამინდში, ხსნარის შეტანა ხორბალში ახდენს მიკროკლიმატის შექმნას და ძლიერდება ფოტოსინთეზის პროცესი. ეს კი საშუალებას იძლევა მივიღოთ ამოვსებული და მძიმე მარცვალი.

სარწყავ პირობებში უფრო მარტივია ტენიანობის მართვა. აქ საკმარისია ფერმერის გამოცდილებაც, რომელმაც იცის რომ სასუქის შეტანის შემდეგ აუცილებელია მორწყვა. გაზაფხულზე მორწყვა საშუალებას იძლევა გავზარდოთ ბარტყობა. აღერება-დათავთავების პერიოდი და მარცვლის ფორმირება მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს.

ზოგადად, რეკომენდებულია ნათესის თესვის შემდგომი და სავეგეტაციო მორწყვების ჩატარება. პირველი სავეგეტაციო მორწყვა ჩატარდება მცენარის აღერების ფაზაში, ხოლო მომდევნო საჭიროების მიხედვით დათავთავება–ყვავილობის და მარცვლის შევსების დროს.

მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა

ხორბალს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს და ზოგჯერ ნათესებს და მიღებულ მოსავალს მთლიანად ანადგურებს მავნებლები. ნაწილი მწერებისა ხორბლის მცენარეს აზიანებს წუწნით, ნაწილი კი ღრღნით. ყოველივე ამის ცოდნას მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ქიმიური ღონისძიებების გამოყენების დროს, რადგან ნაწილი პესტიციდებისა მოქმედებს კონტაქტური, ნაწილი კი სისტემური გზით.

გაზაფხულზე, საშემოდგომო ხორბლის ნათესებში, მარცვლოვანთა მავნებლების აღმოჩენის შემთხვევაში მავნებლების წინააღმდეგ ტარდება ინსექტიციდების შესხურება, ასეთი წამლობა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს.

თაგვისებრი მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიება პურეულის ნათესში ტარდება მაშინ, როდესაც მემინდვრიის ან ტყის თაგვის მოქმედ სოროთა რაოდენობა 1 ჰა-ზე 15-20-ს მიაღწევს.

მავნებლები და მათ წინააღმდეგ გამოსაყენებელი ინსექტიციდები

ხორბალი, დაცვა, წამალი

სარეველებისგან ნათესების დაცვის ღონისძიებათა შემუშავების დროს უწინარეს ყოვლისა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ სუსტად დასარევლიანების შემთხვევაში საჰექტარო მოსავლიანობა მცირდება 6-8%-ით, ხოლო ძლიერი დასარევლიანებისას – 25-30%-ით და მეტადაც.

ამიტომ სარეველებთან ბრძოლა მოსავლიანობის გადიდების მეტად მნიშვნელოვანი და ეფექტური ფაქტორია.

გასათვალისწინებელია ორი მომენტი: პირველი – განსაკუთრებული ღონისძიებების ჩატარება ნიადაგის გასასუფთავებლად შემოდგომაზე და მეორე გაზაფხულზე ჰერბიციდების შეტანა მოხდეს განსაკუთრებული სიზუსტით. ერთი დღის დაგვიანებამაც კი შეიძლება მოსავლის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს.

გაზაფხულის ღონისძიებები ფაქტობრივად უნდა იყოს პრევენცია და არა სარეველებთან ბრძოლა.

მოზამთრე და საშემოდგომო სარეველების მოსასპობად საშემოდგომო ხორბლის მცენარეთა აღმოცენებამდე ზოგიერთ მიკრო-რეგიონში რეკომენდებულია ძლიერი ჰერბიციდების შეტანა.

ძლიერი ჰერბიციდები გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და ასუფთავებს ნათესებს სარეველებისგან 90-95%-ით და უზრუნველყოფს მარცვლის მოსავლის მატებას 0,30-0,59 ტონამდე ჰექტარზე.

ჰერბიციდებს, როგორც წესი, ასხურებენ ბარტყობის ფაზაში, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა მიაღწვეს 12-15°C-ს, უფრო ადრე შესხურება უარყოფითად მოქმედებს მცენარის შემდგომ განვითარებაზე.

სარეველები და მათ წინააღმდეგ გამოსაყენებელი ჰერბიციდები

ხორბალი, დაცვა, წამალი

ნათესის დაცვა დაავადებებისაგან

ხორბლის მცენარე ზრდა-განვითარების პერიოდში შეიძლება დაზიანდეს სხვადასხვა სახის დაავადებით, რომლებიც დიდ ზიანს აყენებს ნათესებს და მკვეთრად ამცირებს მოსავალს და აგრეთვე მნიშვნელოვნად ქვეითდება მარცვლის ხარისხობრივი მაჩვენებლები.

ამავე დროს მცირდება მცენარეთა ზამთარ და გვალვაგამძლეობა, სუსტდება მცენარეთა განვითარება, შეიძლება გამოიწვიოს მცენარეთა დაღუპვა.

ხორბლის მცენარის ჟანგაროვანი დაავადებების განვითარებისათვის ყველაზე კრიტიკული პერიოდია, თავთავის ვაგინიდან გამოსვლიდან ყვავილობამდე ფაზები. ამ პერიოდში ხდება მოსავლის 80%–ის ჩამოყალიბება. რაც უფრო ადრეულ ფაზაში ვლინდება დაავადება, მით მეტია ეპიდემიის წარმოქმნის საფრთხე და მოსავლის დანაკარგი.

სოკოვანი დაავადებებისა და ჟანგას წინააღმდეგ აღერების ბოლოს – დათავთავებამდე ნათესი უნდა დამუშავდეს ფუნგიციდებით. მოსავლის დაცვის მიზნით დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე საჭიროა მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება.

სოკოვან დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებიდან, მათი ორბინიანობის გამო, დიდი მნიშვნელობა აქვს შუალედი მკვებავი მცენარეების მოსპობას, მაღალი აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებით.

დაავადებები და მათ წინააღმდეგ გამოსაყენებელი ფუნგიციდები

ხორბალი, დაცვა, წამალი

თავთავიან კულტურებში საგაზაფხულო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარება საშუალებას მოგვცემს, ჯერ ერთი, გამოვასწოროთ ზამთრის პერიოდში კლიმატური პირობებით გამოწვეული ნაკლოვანებები და მეორე, უზრუნველყოთ მაქსიმალურად მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება.

„ჩვენი სოფელი“

/გამოიყენეთ მცენარეთა დაცვის და განოყიერების ორგანული საშუალებები სადაც ეს შესაძლებელია _ აგროკავკასია/

თქვენი რეკლამა