საგაზაფხულო ქერის, ხორბლის და შვრიის განოყიერება

327 Views

საგაზაფხულო ხორბლის და ქერის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა უფრო ნაყოფიერი და ნეიტრალური არეს რეაქციის მქონე ნიადაგები.

ამ კულტურების მოსავალი მკვეთრად მცირდება დაბალი ნაყოფიერების, მძიმე და მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე. ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ნიადაგის ხსნარის გადიდებული კონცენტრაციისადმი, ვიდრე შვრია.

ეს უკანასკნელი ნაკლებ მომთხოვნია ნიადაგის ნაყოფიერებისა და მჟავიანობის მიმართ, კარგად ვითარდება მჟავე და მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე.

შვრიის ფესვთა სისტემა უფრო ღრმად ვითარდება ნიადაგში, ვიდრე საგაზაფხულო ხორბლის და ქერის. ის კარგად იყენებს საკვებ ელემენტებს ნიადაგის ძნელადხსნადი შენაერთებიდან.

საგაზაფხულო მარცვლეული კულტურები მაქსიმალურ მოთხოვნილებას საკვებ ელემენტებზე აყენებენ აღერებისა და დათავთავების ფაზაში.

ერთ ტონა საგაზაფხულო ხორბლის მარცვალს, ნამჯასთან ერთად, გამოაქვს 38 კგN, 12 კგ P2O5 და 24 კგ K2O; ქერს _ 27 N კგ, 11 კგ P2O5, 24 კგ K2O; შვრიას 30 კგ N, 13 კგ P2O5, 29 კგ K2O;

როგორც ვხედავთ, მოსავლის ერთეულის შესაქმნელად, საგაზაფხულო ხორბალი საჭიროებს 1,3-1,4 ჯერ მეტ აზოტს, ვიდრე შვრია და ქერი.

საგაზაფხულო მარცვლეული კულტურები კარგად რეაგირებენ ორგანული სასუქების შეტანაზე, მიუხედავად ამისა მათ ქვეშ ნაკელი არ შეაქვთ.

თუ ეს კულტურები ითესება სუფთა ანეულზე ან მრავალწლიანი ბალახების შემდეგ, მათ ქვეშ აზოტიანი სასუქები ან საერთოდ არ შეიტანება, ან იყენებენ დაბალი ნორმებით.

მრავალწლიანი ბალახების დროული ჩახვნა ხელს უწყობს მინერალური აზოტის დიდი რაოდენობით დაგროვებას. მარცლოვან-პარკოსანი წინამორბედის შემდეგ აზოტის ნორმას ამცირებენ 1,5-2 ჯერ.

ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში იზრდება ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების როლი.

თუ საგაზაფხულო კულტურები ითესება არასაკმარისად განოყიერებული წინამორბედის შემდეგ, რომელსაც დიდი რაოდენობით საკვები ელემენტები გამოაქვს ნიადაგიდან, ამ შემთხვევაში იზრდება სრული მინერალური სასუქების როლი.

საშუალოდ 2,5-3,0 ტ მოსავლის მისაღებად, საგაზაფხულო კულტურების ქვეშ შეიტანება NN90-120P70-90K45-60 კგ/ჰა. 5,0-5,5 ტ მარცვლის მისაღებად, 30-45 ტ/ჰა ნაკელით განოყიერებული წინამორბედის შემდეგ, რეკომენდებულია N120-150P80-120K100-120 კგ/ჰა. შავმიწებზე 30 ტონა ნაკელით განოყიერებულ წინამორბედის შემდეგ _ N80-100P70-100K60-80.

საგაზაფხულო კულტურების ქვეშ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები შეიტანება შემოდგომით, მზრალად ხვნის წინ, რაც უზრუნველყოფს მარცვლის მოსავლის უფრო შესამჩნევ გადიდებას გაზაფხულზე, თესვისწინა კულტივაციის დროს გამოყენებასთან შედარებით.

განსაკუთრებით მაღალი ეფექტი ამ სასუქებიდან მიიღება სარწყავ პირობებში.

აზოტიანი სასუქების ნორმის 60-70 % შეიტანება თესვისწინა კულტივაციის დროს და 30-40 % გამოკვებაში. თხევადი აზოტიანი სასუქების გამოყენება უმჯობესია ადრე გაზაფხულზე. ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ რაიონებში უფრო ეფექტურია მათი შემოდგომაზე შეტანა.

საგაზაფხულო კულტურების თესვის დროს, რეკომენდებულია 10 კგ P2O5 შეტანა გრანულირებული სუპერფოსფატის ან კომპლექსური სასუქის სახით.

ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ ზონაში, საგაზაფხულო კულტურების გაზაფხულზე გამოკვებას არ აწარმოებენ, სარწყავ პირობებში კი აზოტის სრული ნორმიდან 30-40 კგ შეიტანება გამოკვებაში.

მარცვლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის და ცილების შემცველობის გადიდებისათვის აწარმოებენ შარდოვანას 30 % ხსნარით ფესვგარეშე გამოკვებას დათავთავების ან ყვავილობის ფაზაში. აზოტის ეს ნორმა აკლდება თესვისწინა კულტივაციის დროს შესატან ამ ელემენტის რაოდენობას. რაც უზრუნველყოფს საგაზაფხულო კულტურების მოსავლის 0,3-0,8 ტ/ჰა გადიდებას.

ამ კულტურების კარტოფილის, შაქრის ჭარხლის, მარცვლეული და სხვა გვიან ასაღებ მცენარეთა შემდეგ მოყვანისას, აზოტიან სასუქებზე მოთხოვნილება განსაკუთრებით იზრდება ადრეულად აღებულ წინამორბედებთან შედარებით.

მათი ურწყავ ზონაში პარკოსანი ან მარცლოვან-პარკოსანი კულტურების შემდეგ დათესვისას, აზოტიან სასუქებზე მოთხოვნილება მცირდება.

ავტორები: ა. თხელიძე; ც. სამადაშვილი; ხ.დობორჯგინიძე.
ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა

32Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB