რა უნდა ვიცოდეთ მცენარეთა თესვისა და სათესლე მასალის შესახებ

თესვა, თესლი, სათესი, თესვის

თესლი მცენარის ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების მატარებელი ორგანიზმია. ამიტომ მათ ხარისხზე მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია მიღებული მოსავლის სიდიდე და ხარისხი.

არჩევენ თესლის ჯიშურ, თესვით და მოსავლიანობით თვისებებს. ჯიშურ მემკვიდრეობით თვისებებში იგულისხმება მათი კუთვნილება გარკვეულ ჯიშთან, ჯიშური სიწმინდე, რეპროდუქცია, ტიპიურობა (ჯვარედინ დამამტვერიანებლებში), მრომლებიც ისაზღვრება მინდვრად აპრობაციის შედეგების მიხედვით.

ჯიშიანად ცნობილი ნათესები ეკუთვნიან ჯიშური სიწმინდის გარკვეულ კატეგორიას. პირველ კატეგორიას ეკუთვნიან ჯიშები, რომლებსაც აქვთ ჯიშური სიწმინდე არანაკლებ 99,5%, მეორეს-98 და მესამეს 95%.

საწარმოო პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალი მოსავლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ დარაიონებული, ყველაზე უფრო ძვირფასი ჯიშებისა და ჰიბრიდების თესვით.

დროთა განმავლობაში გამოყვანილი ჯიშები და ჰიბრიდები უარესდება, რომელიც ხდება მექანიკური ან ბიოლოგიური დასარევლიანების შედეგად, აგროტექნიკის დაბალი დონით და ა.შ. ამიტომ ძველი ჯიშები და ჰიბრიდები ჯიშთა გამოცდის შედეგების საფუძველზე, გარკვეული დროის გავლის შემდეგ იხსნებიან დარაიონებიდან.

ახალი ჯიშები რამდენიმე გადათესვის შემდეგ ამცირებენ თავიანთ ხარისხს, ამიტომ უნდა მოხდეს ჯიშთა განახლება- ჯიშიანი თესლის შეცვლას იგივე ჯიშის თესლებით უკეთესი ხარისხით, უფრო მაღალი თესვითი ღირსების მქონე თესლს ელიტას უწოდებენ, ხოლო მისი თესვის შედეგად მიღებულს- პირველ რეპროდუქციას, უკანასკნელის თესვის შედეგად- მეორე რეპროდუქციას და ა.შ.

დასათესად ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ შეირჩეს მაღალი თესვითი ღირსების მქონე თესლი. თესვითი თვისებების ქვეშ იგულისხმება თესლის თვისებათა და ნიშანთა ერთობლიობა (სიწმინდე, აღმოცენება, გაღივების ენერგია, და სხვა). მათ საზღვრავენ თესლის პარტიიდან აღებული საშუალო ნიმუშის ანალიზით, სტანდარტით დადგენილი წესების ზუსტად დაცვით.

თესლის ხარისხი

თესლის სიწმინდეში იგულისხმება ძირითადი კულტურის თესლის მასა, გამოხატული პროცენტობით. მაგალითად 100გ სათესლე მასალაში 95 გ სუფთა თესლის მასა შეადგენს 95%- ს და ნარჩენი 5 გ –ს, პროცენტი იქნება ცოცხალი და მკვდარი მინარევები (მიწა, ჩალა, თესლი, რომელსაც აღმოცენების უნარი არა აქვს, მწერები, ჭუპრები და სხვა.

თესლს შესაბამისი მანქანებით წმენდენ და ახარისხებენ სათესლე ნაკვეთებიდან მოსავლის აღებისთანავე.

თესლის სიმსხო

ბიოლოგიური არაერთგვაროვნების გამო, აგრეთვე ამინდის პირობებზე და აგროტექნიკაზე დამოკიდებულებით, ერთი და იგივე კულტურის თესლის სიმსხო შეიძლება განსხვავებული იყოს.

რაც უფრო მსხვილია თესლი, მით უფრო სიცოცხლისუნარიან მცენარეს იძლევა. მოცემული მაჩვენებელი ხასიათდება 1000 მარცვლის მასით გრამებში. იგი მერყეობს მნიშვნელოვან ფარგლებში კულტურაზე და მოყვანის პირობებზე დამოკიდებულებით ( მაგ. ხორბალში 32-50).

თესლის გამოთანაბრებულობა

მხოლოდ გამოთანაბრებული თესლით ნათესი იძლევა ერთგვაროვან აღმონაცენს, რაც დიდ როლს თამაშობს შემდგომში ყველა მცენარის განვითარებაში. თესლის ზომის მიხედვით გამოთანაბრება მიიღწევა თესლის საწმენდი მანქანებით დახარისხებით.

თესლის ტენიანობა

უმეტესი კულტურების თესლის ნორმალური ტენიანობა ტოლია 14-18%- ისა. უფრო მაღალი ტენიანობისას მათ შეიძლება დაკარგონ შენახვის პროცესში აღმოცენების უნარი, ამიტომ საჭიროა დამატებით გაშრობა.

საწყობებში თესლის ნორმალურად შენახვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მის ტენიანობას. რადგან მაღალი ტენიანობის დროს თესლი შეიძლება ჩახურდეს, დაავადდეს სოკოებით, მავნებლებით და თესლი დაკარგავს აღმოცენების უნარს.

თესლის აღმოცენება

თესლის აღმოცენებად ითვლება 100 ცალი თესლიდან ნორმალურად გაღივებული თესლის რაოდენობა, რომელიც გამოიხატება %-ით. თესლის სიწმინდეზე და აღმოცენებაზეა დამოკიდებული თესლის სასოფლო- სამეურნეო ვარგისიანობა, რაშიც იგულისხმება თესლის პარტიაში ძირითადი კულტურის თესლის შემცველობა (პროცენტობით), რომელსაც აქვს ნორმალური აღმოცენების უნარი. მას თესვის ნორმის გაანგარიშებისათვის იყენებენ.

თესლის სამეურნეო ვარგისიანობა ისაზღვრება ფორმულით: Q = A x B : 100.
სადაც Q არის– სამეურნეო ვარგისიანობაა (%);
A – თესლის სიწმინდე (%-ით);
B –თესლის აღმოცენება (%-ით);

მაგალითად თუ თესლის სიწმინდე 98,7 %-ია და აღმოცენება 92,3%, მაშინ სამეურნეო ვარგისიანობა იქნება Q = A x B : 100 = 98,7X92,3 : 100 = 91%. ამ შემთხვევაში თესვის ნორმა უნდა გადიდდეს 9 %-ით.

თესლის ხარისხის შეფასებისა და თესვის ნორმის დადგენისათვის პრაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს 1000 ცალი თესლის მასის სიდიდეს (წონას). მისი მაჩვენებლები შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს თესლის დასრულება, მასში სამარაგო ნივთიერებების შემცველობა და თესლის თესვითი ხარისხიანობა.

გაღივების ენერგია და მინდვრული აღმოცენება

პირველი 3-4 დღის განმავლობაში გაღივებულ თესლების რაოდენობა გვიჩვენებს მოცემული კულტურისა და ჯიშის თესლის გაღივების ენერგიას (ერთდროულობას) პროცენტებში.

მაღალი გაღივების ენერგიის თესლი უფრო თანაბრად აღმოცენდება, უკეთესად იყენებენ ზრდის ფაქტორებს, მათი აღმონაცენი ნაკლებად იჩაგრება სარეველებით, უფრო გამძლენი არიან არახელშემწყობი პირობებისადმი.

დაბალი აღმოცენებისუნარიანი თესლი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს სიცოცხლის უნარიანობა, ექვემდებარება თბილი ჰაერით დამუშავებას, მაგრამ თუ ამ შემთხვევაშიც არ მიაღწევს აღმოცენების მაჩვენებელი სტანდარტის მოთხოვნას, ის იწუნება და სასაქონლო მარცვლის კატეგორიაში გადის.

მინდვრული აღმოცენება

მინდვრული აღმოცენება არის თესლების რაოდენობა, რომლებიც იძლევიან აღმონაცენსმინდორში, გარკვეული პროცენტობით, დათესილი თესლის საერთო რაოდენობასთან შედარებით.

იგი დამოკიდებულია გაღივების ენერგიაზე. ლაბორატორიულ აღმოცენებაზე, აგრეთვე აგროტექნიკის დონეზე, ეკოლოგიურ პირობებზე, თესლის დაავადების ხარისხზე და დაზიანებაზე.

თესლის სათესი ღირსება

სათესლე მასალის სათეს ვარგისიანობაში იგულისხმება სუფთა და ერთდროულად აღმოცენებადი თესლების რაოდენობა. სათესი ღირსების დასადგენად სიწმინდის პროცენტს ამრავლებენ აღმოცენების პროცენტზე და წარმოებულს ყოფენ 100-ზე.

თესლის სათეს ვარგისიანობას ადგენენ მხოლოდ კონდიციური თესლისათვის. იგი საჭიროა შესწორების შესატანად ამა თუ იმ კულტურის თესლის წონით ნორმაში.

თესლის ნატურა არის ერთი ლიტრი თესლის მასა გრამებში. რაც უფრო მეტია თესლის ნატურა, მით მეტია თესლის ხარისხი. თესლის ნატურას საზღვრავენ სპეციალურ სასწორებზე, რომელთაც პურკებს უწოდებენ. ყველაზე უფრო გავრცელებულია მეტრული ერთლიტრიანი პურკა.

ერთი ლიტრი მოცულობის თესლის მასა შეიძლება მერყეობდეს მნიშვნელოვან ფარგლებში მის სიმკვრივეზე, სიწმინდეზე, სინოტივეზე და სხვა პირობებზე დამოკიდებულებით.

თესლის სიჯანსაღის განსაზღვრა

სათესლე, სასურსათე და საფურაჟე მარცვალი უნდა იყოს დაუვადებელი ავადმყოფობით და დაუზიანებელი მავნებლებით. თესლის ანალიზის დროს საზღვრავენ მისი დაავადების პროცენტს ავადმყოფობით (გუდაფშუტით და სხვა, დაზიანებით მავნე-კუსებურათი, ბეღლის ცხვირგრძელათი, ტკიპებით და სხვა). დაავადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იღებენ ზომებს მათი გაუვნებლობისათვის (დამატებითი გაწმენდა, განიავება, შეწამვლა და სხვა). დაავადებული თესლის დათესვა, როგორც წესი არ დაიშვება.

თესლის მომზადება დასათესად

თესვის წინ საჭიროა სათესლე მასალა მომზადდეს დასათესად.

თესლის შემოწმება აღმოცენებაზე

თესლის შემოწმება აღმოცენებაზე საჭიროა ჩატარდეს იმ მიზნით, რომ შენახვის პერიოდში თესლმა ხომ არ დკარგა აღმოცენების უნარი. თესლის შეწამვლა ხდება სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად. თესლს წამლავენ შხამქიმიკატებით ან ამუშავებენ თერმიული წესით.

მოკლე ვეგეტაციის პერიოდის რაიონებში თესლის ჩანასახის დასრულების შემდეგ, თუ ცივი ამინდები დაიჭირა (განსაკუთრებით ეს ხდება ზაფხულის მეორე ნახევარში), თესლი ჩვეულებრივად მოსვენების პერიოდში გადადის.

ასეთი თესლი სუსტად ან სრულიად არ აღმოცენდება, ვიდრე ის არ გამოვა მოსვენების მდგომარეობიდან; მის დასაჩქარებლად თესლს ატენიანებენ და 3-5 დღის განმავლობაში ათავსებენ 20-250 –მდე გამთბარ შენობაში.

იაროვიზაცია

იაროვიზაციის სტადიის გავლა მოითხოვს ტემპერატურის გარკვეულ პირობებს, ის იწყება თესლის გაღივებიდან და მიმდინარეობს ნორჩობის მთელ პერიოდში.

სხვადასხვა ჯიშისა და სახის მცენარეებს იაროვიზაციის გავლისათვის სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი ესაჭიროება.  მაგალითად, შემოდგომაზე დათესილი საშემოდგომო ხორბლისათვის საჭიროა დაბალი (1-30) ტემპერატურა-საკმაო ხანგრძლიობით, ხოლო საგაზაფხულო ხორბლისათვის შედარებით მაღალი (6-70) და მოკლე ხნით.

თესლის იაროვიზაციას დიდი პრაქტიკული და საწარმოო მნიშვნელობა აქვს ხანმოკლე ვეგეტაციის პერიოდის მქონე რაიონებისათვის, სადაც არ არის შესაძლებლობა საშემოდგომო ხორბლი დათესონ შემოდგომაზე. გაზაფხულზე დათესვის შემთხვევაში კი მცენარე გადიდებული ტემპერატურის პირობებში ვერ გადის იაროვიზაციის სტადიას, მთელი გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში იზრდება და ნაყოფს (მარცვალს) არ იძლევა.

თუ საშემოდგომო ხორბლის თესლს გაზაფხულზე თესვის წინ დავატენიანებთ და ხანგრძლივად მოვათავსებთ საწყობში დაბალი ტემპერატურის პირობებში, თესლი იწყებს გაღივებას, ხელოვნურად გადის იაროვიზაციის სტადიას და გაზაფხულზე დათესილი ასეთი თესლი იმავე ზაფხულს იძლევა მარცვალის მოსავალს.

თესვა

ნიადაგის თესვისწინა დამუშავებისა და სათესლე მასალის მომზადების შემდეგ თითქმის ერთდროულად იწყება თესვა. მისი ჩატარების სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული მაღალი მოსავლის მიღება. თესვა ეს თესლის სწორი განაწილებაა სათეს ფართობზე.

თესვის ვადები

თესვის ვადები დადგენილი აგროწესებით ამა თუ იმ ფერმერული მეურნეობის ნიადაგურკლიმატური პირობებისა და დასათესი კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებათა მიხედვით განისაზღვრება.

თესვა უნდა ტარდებოდეს შემჭიდროებულ და ოპტიმალურ ვადებში. ამ დროს თესლის აღმოცენება უფრო ერთდროულად ხდება და უკეთესად მარაგდება წყლით.

თესვის ნორმა

თესვის ნორმა თესლის ის წონითი რაოდენობაა, რომელიც საჭიროა ერთ ჰექტარ ფართობზე დასათესად. მან უნდა უზრუნველყოს მინდორზე მცენარეთა ისეთი სიხშირე, რომლის დროსაც საუკეთესო პირობები იქმნება შექმნილი მცენარისათვის სასიცოცხლო ფაქტორების-ტენის, სინათლის, ჰაერის, საკვები ნივთიერებების-გამოყენებისათვის.

თესლის ჩათესვის სიღრმე

თესლის ჩათესვის სიღრმეს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს თესლის დროული და თანაბარი აღმოცენებისათვის.

თესვის დროს თესლი უნდა მოექცეს ნიადაგის სიღრმის ისეთ ფენაში, სადაც ტენის, ჰაერისა და სითბოს ოპტიმალური პირობები იქმნება, თესლის გაღივება აღმოცენებისათვის.

თესლის გადაჭარბებით დიდ, ისე ძალიან მცირე სიღრმეზე ჩათესვა ხელს უშლის მისი გაღივება-აღმოცენების მიმდინარეობას, პირველ შემთხვევაში ძნელდება ნიადაგში ჰაერაცია, თესლი ხვდება გაუმთბარ ფენაში, ღივი ვერ აღწევს სიღრმიდან მიწის ზედაპირზე ამოსვლას.

მცირე სიღრმეზე ჩათესვის დროს კი თესლი ვერ ღივდება არასაკმაო ტენის გამო და ადვილად ზიანდება ფრინველებისგან.

სხვადასხვა კულტურა სხვადასხვა სიღრმეზე ითესება. მაგ. მსხვილი თესელი ითესება 8-10 სმ სიღრმეზე, ხოლო წვრილთესლა კულტურათა თესლები ითესება 1,5-2 სმ სიღრმეზე.

თესვა –დარგვის წესები

მაღალი და მყარი მოსავლის მიღებას ვერ უზრუნველყოფს ვერც ნაყოფიერი ნიადაგი, ვერც დროულად თესვა და ვერც კარგი მოვლა, თუ ნათეს ნარგავებში თითოეულ მცენარეს არ ექნება მიცემული ნიადაგის გარკვეული სიდიდის ფართობი, რომელსაც კვების არეს უწოდებენ.

ყოველი მცენარე თავისი ნორმალური ზრდა განვითარებისათვის საკვებ ნივთიერებას, წყალს, სინათლეს და სხვა გარემო ფაქტორებს ღებულობს კვების არიდან. თესვის დროს ან საჩითილე კულტურების (კომბოსტო, პომიდორი, თამბაქო და სხვა) დარგვის დროს საჭიროა თითოეულ მცენარეს მიეცეს შესაფერისი კვების არე.

იმის მიხედვით თუ რა კულტურა ითესება, კვების არის სიდიდე სხვადასხვა იქნება. მაგალითად თავთავიანი კულტურებისათვის 25 სმ2 ია, და ზოგჯერ მეტიც.

თითოეული მცენარისათვის კვების არის გადიდებით გაიზრდება მოსავლიანობა, მაგრამ ერთეულ ფართობზე მოსავალი შემცირდება და, პირიქით, საკვები არის შემცირებით, ე.ი. ხშირი ნათესის დროს მოსავალი ფართობზე გაიზრდება, მაგრამ თითოეულ მცენარეზე შემცირდება.

ფართობზე მოსავლის ზრდა გარკვეული რაოდენობის შემდეგ გააუარესებს პროდუქციის ხარისხს, ამიტომ საჭიროა მცენარეს მივცეთ ისეთი საკვები არე, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი და იმავე დროს კარგი ხარისხის მოსავლის მიცემას, გაადვილებს ამ მცენარის მოვლას მექანიზაციის პროცესების გატარებით.

მობნევით თესვა

მობნევით თესვა უძველესი და პრიმიტიული წესია, იგი პატარა ფართობებზე ხელით სრულდება, ხოლო დიდ ფართობებზე შექმნილია სპეციალური მომბნევი სათესი მანქანები და მისივე საშუალებით შეიძლება მობნევით დაითესოს მცენარეთა თესლები.

მობნევით თესვას ბევრი უარყოფითი მხარე ახასიათებს: თესლი უთანაბროდ ნაწილდება ფართობზე, არათანაბრად იფლობა ნიადაგის სიღრმეში, ერთეულ ფართობზე 15-20%-ით მეტი სათესლე მასალა იხარჯება, შეუძლებელი ხდება ნათესის მოვლა მექანიზირებული წესით და ყოველივე ამის გამო იზრდება პროდუქციის თვითღირებულება.

მწკრივად თესვა

მწკრივად თესვა სპეციალურ მწკრივში მთესველი სათესი მანქანებით სრულდება. თესვის ეს წესი ფართოდაა გავრცელებული ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის ფერმერულ მეურნეობებში.

თესლი ითესება სწორ და ურთიერთ თანაბრად დაშორებულ მწკრივებში, თესლის ჩათესვა ხდება ერთ სიღრმეზე და ნიადაგის ტენიან ფენაში, აღმონაცენი ადრე და ერთდროულად ამოდის, უკეთესია მწკრივებში მცენარეთა განათებისა და აერაციის პირობები, გაადვილებულია ნათეს-ნარგავების მოვლისა და მოსავლის აღების პირობები.

მექანიზაციის საშუალებათა გამოყენებისათვის ცალკეულ კულტურათა ბიოლოგიურ თავისებურებათა მიხედვით მწკრივად თესვა, თავის მხრივ, ორ სახედ იყოფა: ფართო მწკრივებში თესვა, როდესაც მწკრივების მანძილი საშუალოდ 30-80 სმ, მწკრივებში მცენარეთა შორის კი 30- 70 სმ ფარგლებში ცვალებადობს და ვიწრო მწკრივად თესვა- 7,5-15 სმ-მდე მწკრივთშორისებით (მწკრივებში მცენარეთა შორის 1,5-4 სმ).

ფართო მწკრივებში ითესება სათოხნი კულტურები (სიმინდი, შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვა), ხოლო ვიწრო მწკრივებში თავთავიანი კულტურები (ხორბალი, ქერი ჭვავი, შვრია), საკვები ბალახები (იონჯა, სამყურა, კოინდარი და სხვა) და ზოგიერთი ბოსტნეული კულტურები (ისპანახი, წიწმატი, მწვანილეული და სხვა).

მწკრივად თესვისას არჩევენ ჩვეულებრივ ვიწრო მწკრივებში თესვას, როდესაც ყველა მწკრივთშორისი თანაბარი მანძილით არის დაშორებული ერთიმეორესთან, და ჯვარედინად თესვას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თესლის ნორმა შუაზე იყოფა და ჩვეულებრივი სათესი მანქანით თესვა მიმდინარეობს ორი მიმართულებით-გასწვრივ და გარდიგარდმო, მწკრივები ერთმანეთს ჰკვეთს და გადაჯვარედინებულია.

თესვის ეს წესი საშუალებას იძლევა ფართობზე უფრო თანაბრად იქნეს განაწილებული მცენარეთა რაოდენობა, ხელს უწყობს სარეველების აღმონაცენის ჩახშობას, ნაკლებად ორთქლდება წყალი ნიადაგის ზედაპირიდან, უმჯობესდება მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების, წყლისა და მზის რადიაციის გამოყენება, მცენარეები ერთმანეთს ემაგრება და არ ხდება ყანის ჩაწოლა, ამასთან ერთად ჯვარედინ თესვას ზოგიერთი უარყოფითი მხარე ახასიათებს: სათესი აგრეგატის ორჯერ გავლის გამო მწკრივების გადაკვეთის ადგილას მცენარეები შეჯგუფებულია, ნიადაგი ზედმეტად იტკეპნება და სხვა.

ჩვეულებრივი ფართომწკრივებიანი წესით თესვა

ჩვეულებრივი ფართომწკრივებიანი წესით თესვის დროს ყველა მწკრივთშორისის მანძილი თანაბარია. ამ წესით, როგორც ზევით ავღნიშნეთ ითესება ყველა სათოხნი კულტურა.

ზოგიერთ ვიწრომწკრივში დასათეს კულტურას (ხახვი, სტაფილო, თავთავიანი კულტურების და საკვები ბალახების სათესლე ნაკვეთები), ნათესების უკეთესი მოვლისა და სარეველებისაგან ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების გაადვილების მიზნით, თესავენ ზოლური ანუ ლენტისებური თესვის წესით.

ამ დროს რამდენიმე მწკრივი (2; 3; 4) დათესილია ერთმანეთთან შემჭიდროებით (10-15-20 სმ-ით), ხოლო შემდეგ უფრო ფართო მანძილით (40-50-60 სმ) ასეთი შემჭიდროებული მწკრივები დაშორებულია ერთმანეთისაგან.

ფართომწკრივული პუნქტირებული თესვა

ფართომწკრივული პუნქტირებული თესვის წესი შედარებით ახალი შემოღებულია. ასეთი თესვის დროს მწკრივთშორისების მანძილი დიდდება, ხოლო მწკრივებში მცენარეები  განლაგებულია პუნქტირულად 23-27 სმ დაშორებით.

თესვის ეს წესი სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის მეტ საშუალებას იძლევა, უკეთესი პირობები იქმნება კულტურულ მცენარეთა ზრდაგანვითარებისათვის, ადვილდება ნათესის მოვლა, თითქმის ითიშება აგროტექნიკური სამუშაოებიდან გამოხშირვის აუცილებლობა და დიდდება შრომის ნაყოფიერება.

კვადრატულად თესვა

თუ ფართომწკრივებში თესვის დროს მცენარეები ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით არის დაშორებული მაშინ ამ წესს კვადრატულად თესვა ეწოდება.

ბუდობრივი თესვა

ბუდობრივი თესვა იგივე მწკრივად თესვაა, იმ განსხვავებით, რომ ითესება ჯგუფ-ჯგუფად ერთ წერტილში (ბუდნაში) 2-დან 7-8 ცალამდე.

თუ ბუდნები ერთიმეორესაგან ორივე მიმართულებით თანაბარი მანძილითაა დაშორებული, მას კვადრატულ-ბუდობრივად თესვა ეწოდება.

ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე. სოფლის მეურნეობის საფუძვლები.

იხილეთ აგრეთვე: მცენარეთა თესლის მომზადება დასათესად – თესვისწინა დამუშავება

თქვენი რეკლამა