ფეტვი – თესვა, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

1082 Views

ფეტვს (ლათ. Panicum) მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასურსათო კულტურებს შორის. მისგან ამზადებენ ბურღულს, გამოიყენება შინაური ფრინველებისა და ღორების საკვებად. ფეტვის მარცვალს იყენებენ აგრეთვე სპირტისა და ლუდის წარმოებაში.

ფეტვის ჩალა ძვირფასია საქონლის საკვებად. ფეტვის 1 კგ ჩალა შეიცავს 0,42-0,51 საკვებ ერთეულს. ფეტვის მწვანე მასას იყენებენ სენაჟის დასამზადებლად, სილოსად, ვიტამინიანი ბალახის ფხვნილად.

დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურულ სახეობას — ჩვეულებრივ ფეტვს (ლათ. Panicum miliaceum).

ისტორიიდან

სამეგრელოს აღწერისას ლამბერტი და შარდენი (XVII  საუკუნე) აღნიშნავენ, რომ აქ, გარდა ღომისა, დიდი რაოდენობით მოჰყავთ ფეტვი.

ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (VI ს.) რამდენჯერმე მიუთითებს, რომ კოლხეთში ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად იკვებებოდა ფეტვით, რომელსაც რომაელები ვერ მიირთმევდნენ.

რომაელი ისტორიკოსი და გეოგრაფოსი სტრაბონი (ძვ.წ. I-ახ.წ. I ს.) თვლიდა, რომ ფეტვი საკმაოდ გამძლე კულტურაა. მისივე ცნობით, პონტოს სამეფოში განუსაზღვრელი რაოდენობით თესდნენ ფეტვს (ძიძიგური, 2002).

ფეტვი

მოკლე აღწერა

ფეტვის მცენარე ძლიერ გვალვაგამძლეა. ხასიათდება მოკლე სავეგეტაციო პერიოდით. ჰექტარზე ითესება მცირე რაოდენობა – 15-20 კგ.

საგაზაფხულო კულტურების აღმონაცენის დაღუპვის დროს შეიძლება ფეტვით გადაითესოს.

იმის გამო, რომ ფეტვი მოკლე ვეგეტაციისაა, შეიძლება დაითესოს სანაწვერალო კულტურად, შესაძლებელია მიღებულ იქნას იმავე წელს მწვანე მასა ან მარცვალი.

ფეტვი ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნია, ითესება ყველანაირ ნიადაგებზე. თუმცა მაღალ მოსავალს იძლევა კარგად განოყიერებულ ნიადაგებზე.

ჯიშები

ფეტვის ყვავილედის ფორმის მიხედვით სამ ფორმას არჩევენ: ფარჩხატს, დახრილსა და კოშტურას. საქართველოში სამივე ფორმა მოჰყავთ, ყველაზე უფრო გავრცელებულია ფარჩხატა.

საქართველოში ფეტვი ძირითადად კახეთში და ქართლში (თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, თიანეთის და დუშეთის რაიონები) იყო გავრცელებული, მაგრამ დღეისათვის ნათესები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ხალხური გადმოცემით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: წითელი, თეთრი  ყვითელი, შავი ფეტვი მოჰყავდათ.

ფეტვი, თესვა

განოყიერება

1 ტონა ფეტვის მარცვალისა და მისი შესაბამისი ოდენობის ნამჯის შესაქმნელად ფეტვისათვის აუცილებელია (კგ) აზოტი 31, ფოსფორი 14 და კალიუმი 27.

ფეტვს საკვები განსაკუთრებით ჭარბად ჭირდება მისი ზრდის ინტენსიურ პერიოდში, ბარტყობიდან სიმწიფემდე, რომელიც გრძელდება 40-45 დღე-ღამეს.

აგროტექნიკა

ფეტვისათვის ნიადაგის დამუშავებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საგაზაფხულო კულტურებთან შედარებით ის ცოტა გვიან ითესება, ამასობაში კი ნაკვეთი სარეველებით იფარება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სარეველა მცენარეების მოცილება.

დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწვერალის აჩეჩვას, ნაადრევად მზრალად ხვნას, მოხვნის სიღრმეს (23-25 სმ). კულტივაციას და ფარცხვას ვატარებთ იმის მიხედვით, თუ როგორ დასარევლიანებასთან გვექნება საქმე. ისე, სასურველია კულტივაცია ჩატარდეს თანმიყოლებული ფარცხვით.

თესვა

ფეტვი ითესება ჩვეულებრივი ხორბლის სათესით, ვიწრო მწკრივად ან მწკრივად, მწკრივებს შორის მანძილი, 15სმ. შესაძლებელია ფეტვის თესვა ფართო მწკრივად, 45სმ დაშორებით.

სათესი ნორმა დამოკიდებულია თესვის წესზე. მწკრივად თესვის დროს ჰა-ზე საჭიროა 12-18კგ /ჰა, ხოლო ფართო მწკრივად თესვის დროს კი საჭიროა 6-12კგ მარცვალი ჰა-ზე.

ფეტვის სათესლე მასალა გუდაფშუტის საწინააღმდეგოდ მშრალი წესით უნდა შეიწამლოს.

ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის მდგომარეობაზე. მთავარია თესლი მოექცეს ნიადაგის ტენიან ფენაში. ფეტვის ჩათესვის სიღრმედ მიჩნეულია 2-3 სმ სიღრმე.

ნათესის მოვლა

აღმოცენებისა და აღმონაცენის მომაგრების შემდეგ საჭიროა ნათესი დაიფარცხოს მსუბუქი ფარცხით, რათა შემცირდეს ნიადაგიდან წყლის აორთქლება და სარეველა მცენარეთა რაოდენობა, ხოლო ფართო მწკრივად ნათესი კულტივატორით უნდა გაფხვიერდეს 2-3- ჯერ.

მოსავლის აღება

ფეტვის ყვავილედი ერთდროულად არ მწიფდება და ამიტომ მარცვალი ადვილად ცვივა. დღეისათვის მიღებულია ფეტვის მოსავლის აღება ორ ფაზად.

მოსავალს ჯერ ჭრიან სამკლებით, რომელიც ღვარულებად ეწყობა და 3-4 დღის შემდეგ, როცა ღვარულები სათანადოდ შეშრება, მას კომბაინით იღებენ. ასეთ პირობებში დანაკარგები ნაკლებია.

ფეტვის მოსავლის აღების მეორე გზაა პირდაპირ კომბაინით აღება. კომბაინით აღება შესაძლებელია ფეტვის სიმწიფის დაწყების ფაზაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღებული მარცვლის გამოშრობაა საჭირო.

ფეტვი, თესვა

შემდგენელი რუსუდან ძიძიშვილი /აგრონომიის საფუძვლები/; აგროკავკასია.

იხილეთ აგრეთვე: ცერცვი – თესვა, თესვის წესი და ვადა

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
ქართული რძის ნიშანი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB