ფეტვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია-ფერმერის ცნობარი

851 Views

ფეტვი სიმინდმა ორ საუკუნეზე მეტია თითქმის რაც ჩაანაცვლა. აღნიშულ კულტურას ფერმერები ძალიან იშვიათად და ისიც მცირე რაოდენობით თესავენ.

ფეტვს იყენებენ ადამიანის საკვებად იმავე დანიშნულებით, როგოც ღომს და სიმინდს. ამასთანავე ფეტვი საუკუთესო საკვებია ცხოველებისთვის როგორც მარცვალი, ასევე ნამჯა. თუმცა ისე როგორც მთელ საქართველოში, ფეტვი აღარც სამცხე-ჯავახეთში მოჰყავთ.

რეგიონში, აღნიშნული კულტურა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ უთესია, მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობით. პროექტი, რომელიც ძველი მესხური კულტურების მოძიებას დათესვასა და ფერმერებში დანერგვას ითვალისწინებდა ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამ ხნის განმავლობაში „ელკანას“ ძველი კულტურა 0,3 — ჰაზე მოჰყავდა. მიუხედავად პრეოქტის მიზნისა, ფეტვის მოსახლეობაში დანერგვა მაინც ვერ მოხერხდა. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კოორდინატორი მურადი გოგოლაძე ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 35 ფერმერი თუ დაინტერესდა ფეტვი მოეყვანა. ახლა კი რეგიონში ასეთი ფერმერი ხუთიც არ იქნება.

„ძნელად საწარმოებელი კულტურაა, ჩაცვენის მიდრეკილება აქვს, ჭირს მოსავლის აღება. ფეტვს ჩიტებიც ემტერებიან. ნაკვეთში ისე შეჭამეს გუნდ-გუნდად მოსულმა ჩიტებმა, რომ ხშირად მოსავლის ნახევარსაც ვერ ვიღებდით“, — ამბობს გოგოლაძე.

ის რომ ფეტვის რთულად საწარმოებელი კულტურაა „ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის“ აგრო კონსულტანტი პავლე გიქოშვილიც საუბრობს: „ფეტვს ვეგეტაციის პერიოდში კულტივაცია 2-3-ჯერ სჭირდება, მარცვალი ეტაპობრივად მწიფდება და ეს მოსავლის აღებას ართულებს. ფეტვის მოსავლიანობა დაახლოებით ხორბლის მოსავლიანობის ტოლია“.

გოგოლაძე ამბობს, რომ ფეტვით ფერმერების დაინტერესება ვერ შეძლეს:
„ მოთხოვნა არ არის, რომ მოიყვანოს სად წაიღოს?! არ გაიყიდება. მაგალითად, ურაველში ცერცვი მოვაყვანინეთ, მაგრამ ვერ გაასაღეს და პირუტყვს აჭამეს. შემდეგ აღარ დათესეს“.მისი თქმით, დღეს ფეტვი წარმოებიდან ამოღებულია. ამ კულტურას გასაყიდადაც იშვიათად შევხვდებით: „თუ სადმე იყიდება, არა საკვებად, არამედ მაგალითად თუთიყუშების საჭმელად.

ძალიან ყუათიანი პროდუქტია. თუ ფეტვით გამოვკვებავთ წიწილებს, მათ არც ვიტამინის და არც სხვა სახის საკვების მიცემა დასჭირდება. ფეტვის მჭადებიც ძალიან გემრიელია, მაგრამ რადგან ეს კულტურა აღარ მოჰყავთ, აღარც ფეტვის მჭადებს აცხობენ“.

გოგოლაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ფეტვი აღარ ითესება საუკუნეები გავიდა. 200 წელზე მეტია ფეტვი პოპულარული კულტურა აღარაა: „მხოლოდ ფეტვი კი არა, ბევრი კულტურა დაიკარგა მუხუდო, ცულისპირა, ძაძა. ფეტვი სიმინდმა ჩაანაცვლა. კარგი იქნება რომ ძველი კულტურები აღდგეს, მათ ბევრი კარგი თვისება აქვთ“.

გოგოლაძე ფიქრობს, რომ ფეტვის გადაშენებას ხელი 90-იან წლებში საბჭოთა წყობამაც შეუწყო: „მაშინ რასაც დაგიგეგმავდნენ ის უნდა გეკეთებინა, ის უნდა დაგეთესა და მოგეყვანა“.

ფეტვის მოვლა-მოყვანის შესახებ

ადგილი თესლბრუნვაში

ფეტვის ადგილი თესლბრუნვაში იმით განისაზღვრება, რომ იგი დიდ მოთხოვნას აყენებს ნიადაგის სისუფთავის მიმართ სარეველებისაგან, განსაკუთრებით განვითარების პირველ ეტაპზე. ამ თვალსაზრისით მისი კარგი წინამორბედია მრავალწლიანი ბალახების კორდი, სამარცვლე პარკოსნები, სათოხნი კულტურები და საშემოდგომო თავთავიანები, მაგრამ ფეტვი ყველაზე მაღალ მოსავალს იძლევა ყამირზე და მრავალწლიანი ბალახების კორდზე. მისი თესვა არ შეიძლება სიმინდის შემდეგ, რადგან ორივე კულტურა ზიანდება სიმინდის ფარვანათი. ფეტვი ვერ იტანს ზედიზედ თესვას. იგი ერთი და იგივე ნაკვეთზე შეიძლება დაბრუნდეს 5-6 წლის შემდეგ.

განოყიერება

ფეტვი ძლიერ მომთხოვნია მინერალური სასუქების მიმართ. აზოტისა და კალიუმის მაქსიმალური შეთვისება ხდება ყვავილობის ფაზაში, ფოსფორის და მარცვლის შევსების დროს. ნიადაგის ნაყოფიერებაზე დამოკიდებულებით მინერალური სასუქის სავარაუდო დოზებია N30-45 P 45-60 K30-60, ანუ ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 90-100 კგ. სუპერფოსფატი 250-330 კგ. კალიუმის მარილი 70-130 კგ. სასუქების მთლიანი დოზის ორი მესამედი შედის ხვნის წინ, ერთი მესამედი თესვის წინ.

ფეტვი კარგად იყენებს ნაკელს. ამიტომ თუ წინამორბედი კულტურის ქვეშ შეტანილი იყო ნაკელი ან სხვა სახის ორგანული სასუქი, უშუალოდ ფეტვისათვის იგი შეიძლება არ შევიტანოთ.

ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის დამუშავება უნდა ჩატარდეს, წინამორბედის თავისებურების გათვალისწინებით. სამარცვლე პარკოსნებისა და თავთავიანი კულტურების შემდეგ ნიადაგი უნდა აიჩეჩოს და გვიან შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლოს — ნოემბრის დასაწყისში მოიხნას მზრალად, სათოხნი კულტურების შემდეგ კი მათი მოსავლის აღებისთანავე.

მრავალწლიანი ბალახების კორდის დამუშავება უნდა დავიწყოთ პირველი გათიბვისთანავე. იგი ჯერ უნდა დაიდისკოს რამდენჯერმე რაც თავიდან გვაცილებს კორდის წამოზრდას, ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას და შემდეგ მოიხნას მზრალად 25-27 სმ სიღრმეზე.

ადრე გაზაფხულზე მზრალი უნდა დაიფარცხოს. ფეტვი გვიან გაზაფხულზე დასათესი კულტურაა, ამიტომ ნაკვეთის დასარევლიანების რაც შეიძლება მეტად შემცირების მიზნით ფესვის თესვამდე საჭიროა რამდენიმე კულტივაციის ჩატარება თანმიყოლებული ფარცხვით.

ჭარბტენიან პირობებში და ძლიერ დაქანებულ ფერდობებზე ფეტვისთვის ნიადაგი უნდა მოიხნას ადრე გაზაფხულზე და დამუშავდეს ხნულის მდგომარეობის გათვალისწინებით.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა

სათესლედ უნდა გამოვიყენოთ სუფთა ჯიშის მსხვილი და მძიმე მარცვალი, რომელიც აღებულია კარგად განვითარებული ცოცხების ზედა ნაწილიდან. გუდაფშუტოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად თესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს 2-პროცენტიანი რაქსილით 1,5 კგ/ტ, ან 30 პროცენტიანი დივიდენდით 2ლ/ტ.

ფეტვი ითესება მაშინ, როცა ნიადაგის ტემპერატურა თესლის ჩათესვის სიღრმეზე მიაღწევს 12-14 გრადუს ცელსიუსს.

ფეტვი უნდა დაითესოს ჩვეულებრივ მწკირავად, ვიწრო მწკრივად ან ფართო მწკირვად 45 სმ მწკრივთაშორისებით აგრეთვე ლენტისებურად სქემით 45X15 სმ. ფართომწკრივიან და ლენტისებურ ნათესბს უპირატესობა ეძლევა გვალვიან რაიონებში და დასარევლიანებულ მიწებზე. თესლის ჩათესვის სიღრმე ტენიან პირობებში 2-3 სმ, მშრალ მიწაზე 5-6 სმ, ჩვეულებრივ და ვიწრომწკრივად, აგრეთვე ლენტისებურად თესვა ტარდება ხორბლის სათესი მანქანით, ხოლო ფართომწკრივად ბოსტნეულის სათესით. თესვის წინ და თსვის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს საგორავებით.

ნათესის მოვლა

ფეტვის აღმოცენების დაჩქარების მიზნით ნათესი დათესვის თანავე უნდა დაიტკეპნოს. ნათესი შეიძლება დაიფარცხოს მსუბუქი ან საშუალო ფარცხით როგორც აღმოცენებამდე, ისე აღმოცენების შემდეგ. აღმონაცენის ფარცხვა ტარდება 5-6 ფოთლის ფაზაში. იგი უნდა ჩატარდეს მწკრივების გარდი-გარდმო მიმართულებით ან დიაგონალზე.

ფართომწკრივიანი ნათესების მწკრივთაშორისების პირველი დამუშავება ტარდება 5-6 სმ სიღრმეზე მწკრივების გამოჩენისთანავე. მეორედ მწკრივთაშორისები მუშავდება დათესვიდან 20-25 დღის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს მესამე კულტივაციაც 8-10 სანტიმეტრზე. მცენარის ბარტყობის ფაზაში უნდა გამოვიყენოთ ჰერბიციდები.

მოსავლის აღება

ფეტვის მოსავალი თანაბრად არ შემოდის. პირველად მწიფდება ცოცხის ზედა ნაწილი, ხოლო როცა ქვედა ნაწილის მარცვლები მომწიფდება ზედა ნაწილის მარცვლები ჩაცვენას იწყებენ. მოსავალი აღებული უნდა იქნეს მაშინ როცა ცოცხის შუა ნაწილის მარცვლები იქნება ცვილიდებური სიმწიფის ფაზაში.

მოსავალი ორ ფაზად უნდა ავიღოთ. ნათესი უნდა გაითიბოს, დაეწყოს ღვარეულად და 4-5 დღის შემდეგ გაილეწოს. მარცვალი უნდა გაიწმინდოს და გაშრეს.

მავნებელ-დაავადებები

მავნებელ-დაავადებებიდან ფეტვზე, ისე როგორც სხვა დანარჩენ კულტურებზე აღსანიშნავია საერთო პოლიფაგები: თაგვისებრი მღრღნელები, კბილები, მომღრღნელი ხვატარები და სხვა.

meurne.sknews.ge
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
თქვენი საეკლამო ბანერი
აგროკავკასია FB