ჭინჭარი — დახასიათება, მოშენება, გამოყენება

2249 Views Comment Off

I. ზოგადი ნაწილი

1.1 ზოგადი დახასიათება

ორსახლიანი ჭინჭარი — Urtica dioica L., მიეკუთვნება ჭინჭრისებრთა — Urticaceae-ს ოჯახს. ჭინჭარი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ცნობილია მრავალრიცხოვანი მსუსხავი ბუსუსებით, ღერო სწორმდგომია ან აღმავალი, ჩვეულებრივ სუსტად დატოტვილი.

ჭინჭრის სიმაღლე 150 სმ-მდეა, ზოგჯერ კი 2 მ-საც კი აღწევს. ღერო ოთხკუთხაა, მარტივი, ზედა ნაწილში ზოგჯერ დატოტიანებულია. უხვადაა შემოსილი ხეშეში მარტივი, ჯირკვლოვანი ბეწვებით.

ფოთლები მოპირდაპირეა, დიდი ზომის, უნწიანი, მუქი-მწვანე, კვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, მსხვილად დაკბილულია. ფოთოლი ფუძესთან გულისებურია ან მომრგვალოა, გრძლად წაწვეტებული წვეროთი. ფოთლის ფირფიტა 10-17სმ სიგრძისა და 5-7 სმ სიგანისაა. ფოთოლაკები თავისუფალია, ხაზურა-ლანცეტისებური, 1 სმ სიგრძისაა და ადრეულად ცვივა. ასევე მალევე სცვივა ღეროს ქვედა ფოთლები. ღეროს და ფოთლების ზედაპირი უხვადაა შებუსუსებული. ყველაზე მსხვილი ბუსუსები მოთავსებულია ფოთლის ქვედა მხარეზე ძარღვების გაყოლებაზე.

ყვავილედი თავთავისებურია. ისინი შეკრებილია ფოთლის უბეებში. მცენარე ორსახლიანია. მამრობით ძირზე ყვავილედი სწორია ან ოდნავ დახრილი, მდედრობითზე კი — დაკიდებული. ყვავილები წვრილია, მომწვანო. მდედრობითი ყვავილების ყვავილსაფრის შიგნითა ზურგისეული ნაკვეთები ნაყოფიანობისას ზრდას აგრძელებენ და მჭიდროდ ეკვრიან გარშემო კაკალს.

ნაყოფი კვერცხისებრი კაკლუჭაა, რომლის სიგრძე 1-1,5 მმ-ია. მასზე მოთავსებულია სვეტის ნაშთი.

თესლები (თესლურა) მოხაზულობით კვერცხისებურია, წაწვეტებული წვერით, ხშირად დინგის ნარჩენებით. თესლები ოდნავ ორმაგად ამოზნექილია, ჩაჭყლეტილი., თესლების ზედაპირი გლუვია, სუსტად ხორკლიანი. თესლების შეფერილობა მოყვითალო-ნაცრისფერია. ზომა 1,0-1,2 X 0,7-1,0 X 0,2-0,5 მმ .აბსოლუტური წონა 0,18-0,26 გრ.

ჭინჭარი ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ბალახის ადრეული შეგროვების შემდეგ მცენარე მეორედ ყვავილობს.

ტოტებსა და ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები. ბუსუსები წამახვილებულია-ფუძესთან განიერი, წვეროსკენ თანდათან წვრილდება. ბუსუსების წვეროს კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი შეხებისას ადვილად იმსხვრევიან და ნემსა ბოლოთი კანს აზიანებენ. დაზიანებულ კანში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა, რასაც ,,დასუსხვას“ ეძახიან. მოჭრიდან 4-5 საათის შემდეგ ჭინჭარის მჟავა ქრება, ჭინჭარი თითქმის აღარ ისუსხება, თუმცა ბუსუსები კანს მაინც ჩხვლეტენ.

ჭინჭრის ფესურა ჰორიზონტალურია, თასმისებრი, მოთავსებულია მიწაში, იშვიათად ზედაპირულია. ფესურა ყვითელი ფერისაა, დაფესვიანებულია წვრილი ფესვებით.

1.2 გავრცელება

ჭინჭარი მთელ ევროპაშია გავრცელებული. გვხვდება ზღვის დონიდან 1500 მ ზოგჯერ 2000 მ სიმაღლემდე

საქართველოში ყველგან გვხვდება. იზრდება ტყეებში, ნესტიან ადგილებში, გზისპირებზე, ბაღებში, ეზოების შემოგარენში. იგი გვხვდება ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე. ხშირად ქმნის დიდ ნაზარდებს.

1.3 ქიმიური შედგენილობა

ჭინჭრის ფოთლები წარმოადგენს ბუნებრივ პოლივიტამინურ ნედლეულს. ჭინჭრის ფოთოლი შეიცავს ასკორბინის მჟავას, კაროტინს და სხვა კაროტინოიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, K ვიტამინს, ჭიანჭველის, პანთოტენის და სხვა ორგანულ მჟავებს. ფოთლებში აღმოჩენილია ქლოროფილი, მთრიმლავი ნივთიერებები, გომიზი, პროტოპორფირინი, კოპროპორფირინი, სიტოსტერინი, გლიკოზიდი ურტიცინი, რკინა, ფიტონციდები, კვერცეტინი, კოფეინის, კუმარის, ფერულის მჟავები, აცეტილქოლინი, ჰისტამინი და 5 ჰიდროქსიტრიფტამინი.

ფოთლების ბუსუსები შეიცავს ჰისტამინს. საერთო ნაცრის რაოდენობა 20%-მდეა. ნაცარში გამოვლენილია K,Ca, Fe, S, Si, Mg და სხვ.

1.4 სხვა სახეობები

ჭინჭრის ნედლეულში მცირე რაოდენობით, მინარევის სახით შეიძლება ერიოს მსუსხავი ჭინჭარი — Urtica urens L და ჭინჭრის დედა -Lamium album L,

მსუსხავი ჭინჭარი ერთწლოვანი, ორსახლიან ჭინჭართან შედარებით ტანმორჩილი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლებიც უფრო პატარა, 5 სმ-მდე სიგრძის აქვს, ელიფსური ფორმის, წაწვეტებული. ორსახლიან ჭინჭართან შედარებით ფოთლის კიდეები უფრო ბლაგვია, სწორ კბილანებიანი.

ჭინჭრის დედის ფოთლები გულისებრ-კვერცხისებურია, ხერხკბილა კიდით. ზის გრძელ ყუნჭებზე . ღერო ოთხწახნაგაა. მრავალწლოვანი მცენარეა.

II. წარმოება

2.1 მოშენება

ჭინჭარი კარგად ვითარდება ზომიერად ნესტიან ადგილებზე. უხვ მოსავალს იძლევა ნოყიერ ნიადაგებზე მოყვანილი მცენარე.

ჭინჭრის გამრავლება შესაძლებელია ვეგეტატიურად და თესლებით. უპირატესობა ენიჭება ვეგეტატიურ გამრავლებას. ამისათვის გამოიყენება ფესურის განშტოებებზე წარმოქმნილი ყლორტები. ფესურა წელიწადში იზრდება 30-50 სმ სიგრძეზე. ვეგეტატიური გამრავლებისას მცენარე წარმოქმნის ხშირ, წმინდა ბარდებს.

თესლებით გამრავლება ნაკლებ ეფექტურია.

2.2 ნედლეულის დამზადება

ჭინჭარის ნედლეულს წარმოადგენს ჭინჭრის ფოთოლი — Folium Urticae. ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. ყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.

მას ამზადებენ მაის-ივლისში. ჭინჭრის ღეროებს მოჭრიან მჭრელი იარაღით. რამდენიმე საათის შემდეგ როცა ფოთლები მშუშხავი აღარ იქნება, მათ ხელით მოაცლიან ღეროს. ზოგჯერ თუკი ღეროები წმინდა ბარდიდან არის მოცელილი მას ჯერ მსუბუქად აშრობენ, შემდეგ კი მოაშორებენ ფოთლებს. ჭინჭრის ფოთლების შეგროვებისას დასაშვებია ტყავის, ან ბრეზენტის ხელთათმანების გამოყენება.

ჭინჭრის ფოთლებს აშრობენ სხვენზე, კარგი ვენტილაციის პირობებში, სადაც მას გაფენენ ქაღალდზე ან ქსოვილზე 3-5 სმ-იან ფენად. ნედლეულის მზეზე გაშრობა დაუშვებელია. ხელოვნური შრობისათვის დასაშვები ტემპერატურაა 40-500C. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა შეადგენს 20%-ს ნედლ მასაზე გადაანგარიშებით.

გამშრალ ნედლეულს მოაშორებენ გაყვითლებულ, მურა ფერის და გაშავებულ ფოთლებს, ასევე ცალკეულ ღეროებს, ყვავილებს და სხვა მინარევებს. ჭინჭარის ნედლეული შედგება მოგრძო, წაწვეტებული, თხელი 17 სმ სიგრძისა და 7 სმ სიგანის ფოთლებისაგან, რომლებიც კიდეებზე მსხვილად დაკბილულია, მუქი-მწვანე შეფერილობისაა.

ფოთლები ყუნწიანია და ბუსუსოვანი. ნედლეულს აქვს მუქი-მწვანე ფერი. დასაშვებია ნედლეულში გაშავებული და მურა ფერის ფოთლები 5%-მდე.სუნი თავისებურია, გემო მომწარო, ბალახოვანი.

ჭინჭრის მზა ნედლეულს ინახავენ 50 კგ-ობით ფუთებში. ინახავენ თაროებზე მშრალ, კარგი განიავების მქონე სათავსოში, სიბნელეში.

ნედლეული ვარგისია 2 წლის განმავლობაში.

მოგვყავს ნედლეულის პირობით-ფარმაკოპეული აღწერა დან: ,,ფოთლები მთელია ან ნაწილობრივ დაწვრილმანებული, მარტივი, 20 სმ-მდე სიგრძის, ფუძესთან გულისებრი, 9 სმ-მდე სიგანის. ფოთლის ზედაპირი მქისე ბეწვებიანი, განსაკუთრებით ძარღვებთან. ფოთლის ყუნწი ფირფიტაზე მოკლეა. (7-8სმ) და ისიც ბეწვებითაა დაფარული. ფოთლები მუქი-მწვანეა. ნედლეულის სუნი სუსტია, გემო მომწარო.

III. გამოყენება

ჭინჭარი გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი. იგი აძლიერებს საშვილოსნოს კუმშვით აქტივობას. ეფექტურია მისი გამოყენება კლიმაქტერიული, ჰემოროიდული და სხვა სახის სისხლდენების დროს. ჭინჭრის ექსტრაქტი აწესრიგებს ოვარიულ, მენსტრუალურ ციკლს. მის პრეპარატებს გააჩნია შინაგანი ორგანოების სისხლძარღვებზე პრესორული ზემოქმედება.

გარეგანი ფორმით ჭინჭრის გამხმარი ფოთლები გამოიყენება ფხვნილის სახით, ჩირქოვანი ჭრილობებისა და ვარიკოზული ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ.

ჭინჭარი შეიცავს ბევრ ვიტამინს და ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების მომატებას. ამის გამო მას იყენებენ სისხლნაკლებობის სამკურნალოდ. ჭინჭარის ფოთლები შედის ვიტამინური ნაკრებების შემადგენლობაში, აგრეთვე ჩაების შემადგენლობაში, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.

ევროპის ქვეყნებში ჭინჭრის პრეპარატებს ხმარობენ ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებების, ღვიძლის დაავადებების, ჰემოროის, კანის დაავადებების, პირველი ხარისხის დამწვრობის, თმის ცვენის დროს.

ჭინჭარი უძველესი დროიდან ცნობილია როგორც კვებითი ღირებულების მქონე მცენარე. მისი ნორჩი ფოთლებისაგან ამზადებენ მხალეულს.

ჭინჭარის ბალახი გამოიყენება ფრინველების საკვებად, როგორც ვიტამინიზირებული საკვები. ჭინჭრის ღეროები გამოიყენება უხეში ბოჭკოს დასამზადებლად. მისი ფოთლებისაგან გამოწვლილვით მიიღება ქლოროფილი, რომელსაც იყენებენ მწვანე საღებავების წარმოებაში, ასევე როგორც ფერის მიმცემ საშუალებას ფარმაცევტულ და პარფიუმერულ მრეწველობაში.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1347 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB