სვია — ნიადაგის შერჩევა, მოშენება, გამოყენება

877 Views Comment Off

1. ზოგადი დახასიათება
1.1. ზოგადი აღწერა

სვია – Humulus lupulus L., თითისებრთა –  Moraceae – (კანაფისებრთა  — Cannabaceae), ოჯახს მიეკუთვნება. იგი მრავაწლოვანი, ორსახლიანი, ბალახოვანი მცენარეა. 10 მეტრამდე სიგრძის, ხვიარა,  ოთხწახნაგოვანი,  და წვრილეკლიანი ღერო აქვს, რომელიც საყრდენს კაუჭიანი ეკლებით ეჭიდება.

მისი ფესურა გრძელია და მხოხავი. ღერძული ფესვიდან გამოდიან ჰორიზონტალური ყლორტები. ისინი კვანძებთან  ფესვიანდებიან და წარმოქმნიან  ახალ მიწისზედა ღეროს.

ფოთლები მორიგეობითია და ყუნწიანი, 3-5 ნაწილიანი ფოთოლი ფუძესთან გულისებურია, წვეროზე-წაწვეტებული. ფოთლის კიდე დაკბილულია. ზევითკენ ფოთლები პატარავდება და მარტივდება. ზედა ზედაპირო  ხაოიანია, ქვევითა -ძარღვების გაყოლებაზე ეკლიანი.  თანაფოთლები დიდია, ლანცეტისებრი, ერთმანეთზე თითქმის მიჯრილი.

ორსახლიანი მცენარეა. ყვავილები ერთსქესიანია. მტვრიანებიანი ყვავილები შეკრებილია საგველად და მოთავსებულია ფოთლის უბეებში, ბუტკოიანი ყვავილები საბურველითაა დაფარული.

საბურველი შედგება კრამიტისებურად გაწყობილი ფურცლებისაგან, რომელთა შიგნითა მხარეს წვრილი ზეთოვან-ფისოვანი ჯირკვლებია. ისინი გირჩისმაგვარი შეხედულებისაა, დამწიფებული 5 სმ-მდე სიგრძისაა. ნაყოფი კვერცხისებრია. ყვავილობს მაის-ოქტომბერში.

1.2. გავრცელება

ფართოდაა გავრცელებული აფრიკა, ამერიკაში, ავსტრალიაში, ჩინეთში, ცენტრალურ. აზიაში. ბევრ ქვეყანაში კულტურაშია შეტანილი .საქართველოში ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობაა გავრცელებული. გვხვდება  რაჭა–ლეჩხუმში, აფხაზეთში, აჭარაში, გურიაში, ქართლში, კახეთში, სამაჩაბლოში, თრიალეთში. სამრეწველო მიზნით მოჰყავთ მთელ საქართველოში.

იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტენიან ფოთლოვან ტყეებში და მდინარისპირა ტერასებზე. მისი გავრცელების დიაპაზონი ზღვის დონიდან 1000 მ-მდეა.

1.3. ნედლეული

სვიის ნედლეულს წარმოადგენს ზაფხულის ბოლოს შეგროვებული გირჩები (strubuli lupuli), აგრეთვე ლუპულინი, რომელიც წარმოდგენილია სვიის ჯირკვლებით. იგი მოყვითალო-მწვანე ფერის ფისოვანი მსხვილ-მარცვლოვანი ფხვნილია, რომელსაც გააჩნია კატაბალახას მსგავსი არომატი და შედგება მდედრობითი, ყვავილედზე მოთავსებული ეთერზეთოვანი ჯირკვლებისაგან. ლუპულინს (lupulin, Glandulae lupuli) ღებულობენ ყვავილედის საცერში გახეხვით.

სვიის გირჩები – (ნაყოფედები) – Stobili Lupuli. [9]: “გირჩებს კვერცხისებრი ფორმა აქვს,  შედგება მომრგვალო თესლურებისაგან რომლებიც თანაყვავილედის უბეებში და ყვავილსაფარის ფოთლებშია დაფარული. ნაყოფედი შედგება საერთო ღერძისაგან, რომელზეც მოთავსებულია კრამიტისებრ განლაგებული მრავალრიცხოვანი თანაყვავილედი. ისინი დაფარულია ხშირი ყვითელი ჯირკვლებით”.

1.3. ქიმიური შედგენილობა

სვიის გირჩები შეიცავს ეთერზეთს (0, 2-1, 7%), მწარე ნივთიერებებს: ჰუმულინს და ლუპულონს, რომელიც ფლოროგლუცინის წარმოებულებია. მათი დაშლისას გამოიყოფა იზოვალერიანის მჟავა. შეიცავს ასევე ქოლინს, ასპარაგენს, ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, იზოვალერიანის, ამინობენზოის და სხვა მჟავებს. ლეიკოანთოციანიდებს; შეიცავს ესტროგენულად მოქმედ ნივთიერებებს.

სვია

ლუპულინები შეიცავენ 1-3% ეთერზეთს, რომელიც შედგება ალიფატური ტერპენის მირცენისაგან (30-50%), მირცელონის რთული ეთერებისაგან (30-40%), ტერპენული ალკალოიდებისაგან, სესკვიტერპენული სპირტისა და კეტონ-ლუპარონისაგან.

აღმოჩენილია აგრეთვე ლუპანონ-ფენოლური რთული ეთერის არსებობა, რომელსაც გააჩნია კატაბალახას სუსტი სუნი. მისი ჰიდროლიზის დროს მიიღება იზოვალერიანმჟავა და ფენოლი.

ნივთიერებათა მონაცემთა ბაზაში სვიის გირჩებზე 100–მდე ნივთიერება და ჯგუფია გაწერილი. მათ შორის:2-მეტილპროპილიზობუტირატი, 2-მეთილბუტილიზობუტირატი, β-კარიოფილენი, ფარნეზენი, მირცენი (25%), ჰუმულები (50%),ჰუმულონი, კოჰუმულონი, ლუპულონი, ადჰუმულონი,  კოლუპულონი, ალკალოიდები, ხალკონები, ანტოციანები, ლეიკოანტოციანიდინები, ფლავონოიდები, კუმარინები, კატექინები, ფენოლური შენაერთები, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ვიტამინი  C, კაროტინოიდები, ესტროგენული ჰორმონები, ტოკოფეროლები, ცვილები.ცხიმოვანი ზეთი (თესლებში, 30%-მდე). ალუპულონი. ეთეროვანი ზეთი (1-3%), მწარეები (საერთო ფისები) ( 11-21% )

2. კულტივირება
2.1. ნიადაგის შერჩევა და მომზადება

სვიის კულტივირებისათვის ხელსაყრელია ნესტიანი ნიადაგი, რომელიც კარგი წყალგამტარობით გამოირჩევა. იგი კარგად ვითარდება ნოყიერ ნიადაგებზე. უპირატესობა ენიჭება აზოტით მდიდარ ნიადაგებს.

სვიის მოსავლიანობის გაზრდის მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის განოყიერებას. შესაძლოა ორგანული და მინერალური სასუქების ერთდროულად გამოყენება (აზოტოვანი 70 კგ/ჰა, ჰოსფოროვანი 40 კგ/ჰა, კალიუმიანი 60 კგ/ჰა), განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აზოტოვანი სასუქის შეტანას. აზოტით მდიდარ ნიადაგებზე სვია უხვმოსავლიანობით გამოირჩევა.

2.2. მოშენება

სვიის გამრავლება შესაძლებელია ვეგეტაციური წესით. სენერგე მასალას – კალმებს ამზადებენ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. მისი სიგრძე 10-12 სმ უნდა იყოს. კალმებს რგავენ სანერგეებში, რომლებსაც ჩაფესვიანების შემდეგ გადარგავენ წინასწარ მომზადებულ ნიადაგში. რიგში მცენარეთა შორის მანძილი უნდა იყოს 1-1, 5 მ, ხოლო რიგებს შორის მანძილი 2-3 მ.

კალმების დამზადდება შესაძლებელია 5-6 წლიანი მცენარიდან დარგვამდე კალმებს აყოვნებენ სარდაფში და ყოველნაირად უნარჩუნებენ მას სიციცხლის უნარს; საჭიროების მიხედვით აპკურებენ წყალს. შემოდგომაზე მომზადებულ კალმებს ინახავენ გაზაფხულამდე სარდაფში, მშრალ სილაში.

1 ჰა-ზე ნორმალურად ვითარდება 3000-4000 ძირი მცენარე. ორმოებს ამზადებენ შემოდგომობით, გაზაფხულზე კი რგავენ. 12 სმ-იანი კალმისათვის ამზადებენ 27 სმ-იან ორმოებს. კალმებს ორმოში ათავსებენ დახრილად. კალმის წანაზარდი შესამჩნევი ხდება დარგვიდან 2 კვირის შემდეგ.

2.3. მოვლა

სვიის კულტურის მოვლისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოჭის შეკვეცას, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიწისქვეშა ნაწილის სასურველ სიღრმეზე განვითარება. მიწისქვეშა ღერძების და ფესურების შეკვეცა კარგ გავლენას ახდენს მოსავლიანობის გაზრდაზე. ამისათვის ზედმეტ ყლორტებს და ფესურას მჭრელი იარაღით შეაკვეცენ. შეკვეცა უმჯობესია გაზაფხულზე. შეკვეცამდე საჭიროა ფესურის ნაწილების გადახსნა და გამოყოფა.

მოვლა გულისხმობს ასევე ნიადაგის გაწმენდას სარეველებისგან, გაფხვიერებას. სვია საჭიროებს მაღალ საყრდენებს. საყრდენი არ უნდა იყოს არც ძალიან მაღალი და არც მოკლე. პრაქტიკული გამოყენება აქვს მავთულგაბმულ სარებს ისინი იმგვარად უნდა ჩაისოს ნიადაგში, რომ ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს (ფესვის ბუდიდიან 27-36სმ-ის მოშორებით).

როდესაც მცენარის ყლორტების სიგრძე 36 სმ-მდე გაიზრდება, შეარჩევენ 3 საუკეთესოდ განვითარებულ ყლორტს, დანარჩენს კი მათი ფესვების ნაწილებიანად შეაკვეცენ. მცენარის საყრდენზე დამაგრება საჭიროა, როდესაც ყლორტების სიმაღლე 70 სმ-ს მიაღწევს.

ნიადაგში აზოტის ნაკლებობისას აზოტოვანი სასუქის შეტანა ზრდის მცენარის მოსავლის რაოდენობას და ხარისხს, თუმცა მისი ბოროტად გამოყენებისას ძირითადად ვითარდება ფოთლები და მხვიარა ნაწილი, გირჩები კი უხეშდება და მათი რაოდენობაც მცირდება.

კალიუმის ფოსფორის და კირის სიჭარბისას უარყოფითი შედეგები არ შეიმჩნევა, როგორც ამას ადგილი აქვს აზოტოვანი სასუქის გამოყენებისას.

მინერალური სასუქების ზომიერად შეტანა მნიშვნელოვანი ფაქტორია სვიის კულტურის წარმოებისათვის. სასუქების მოთხოვნილების შემცირებისათვის მნიშვნელოვანია მცენარის შეკვეცა. ორგანული სასუქის (ნაკელი) შეტანა უმჯობესია შემოდგომით. იგი შეაქვთ ყოველწლიურად.

ერთი და იგივე ადგილას სვიას მოყვანა შეიძლება 12-20 წელიწადს.

2.4. დაავადებები და მავნებლები

სვიის დაავადებებიდან და მავნებლობის მომტანებიდან აღსანიშნავია ნაცარი, ობიანი რუხი სიდამპლე, სვიის ბუგრი, ობობა ტკიპა.

2.5. ნედლეულის აღება

სვიის ნაყოფებს ამზადებენ მომწიფების საწყის სტადიაზე, როდესაც მომწვანო-მოყვითალო ფერს მიიღებს. ეს შეფერილობა ნედლეულის ხარისხის ძირითადი მაჩვენებელია. მათ აგროვებენ ყუნწიანად. შეგროვებულ ნედლეულს აშრობენ ჩრდილში კარგი ვენტილაციის პირობებში.დაუშვებელია მწიფე გირჩების დამზადება, ამ დროს ისინი ყვითელი–მურა ფერისაა, ქერქლები გამოშვერილია და მრავალკაკლუჭიანი.

ნედლეული შედგება ცალკეული ან მთლიანი გირჩებისგან, რომლებშიც გადაშლილია ქერცლები. ქერცლები მიმაგრებულია მყარ ღერძზე. იგი შესაძლოა იყოს ნაყოფებიანი. ნედლეულს აქვს ღია-ყვითელი ან ოქროსფერ-მომწვანო ფერი.

ნაყოფში ეთერზეთის შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 2%. აშრობენ სწრაფად, რომ მოქმედი ნივთიერებები არ დაიშალოს. თანაპროდუქტად, ამზადებენ ჯირკვლებს,მათ გამობერტყავენ მშრალი გირჩებიდან და გაცრიან. მიიღება ოქროსფერ-ყვითელი ფხვნილი, ე.წ. Lupulinum. გამშრალ ნედლეულს ინახავენ მშრალ ადგილას.
საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 1, 6-2 ტონას.

3. გამოყენება

სვიას გააჩნია სედატიური მოქმედება. მასში შემავალ კოპონენტებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული მოქმედება.
სვიას იყენებენ წყლიანი ექსტრაქტის სახით ნერვული სისტემის დაავადების დროს, როგორც საძილე, კრუნჩხვასაწინააღმდეგო, დამამშვიდებელი საშუალება.

დადგენილია დიურეზული მოქმედებაც. მას იყენებენ ნეფრიტების, ცისტიტების დროს. დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში სვია გამოიყენება თმების გასამაგრებლად.

ხალხურ მედიცინაში სვიას ხმარობენ საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, გასტრიტების დროს, ასევე ჭიის საწინააღმდეგოდ. უძილობის დროს რეკომენდირებულია სვიის გირჩებიანი ბალიშის გამოყენება ძილის მოსაგვრელად.

ლუპულინები გამოიყენება ძირითადად, როგორც დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური საშუალება. 1-2 ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ გირჩებს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. გაცივებულ სითხეს გაწურავენ და სვამენ საღამოობით.

სვია შედის კომბინირებული პრეპარატების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენება დასამშვიდებლად.

სვია გამოიყენება ლუდის წარმოებაშიც.

ევროპელები IX ს-დან იყენებენ პურის წარმოებაში. (ამ კუთხით გამოიყენებოდა საქართველოშიც)

ავტორები: ლალი დათეშიძე,  ვასილ  შენგელია, არჩილ შენგელია
წყარო: www.medgeo.net

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB