ოსპის წარმოება

ოსპი, თესვა, დარგვა

ოსპი Lens esculenta Lens culinaris არის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი პარკოსანი კულტურა, რომლის მოყვანა დადასტურებულია უძველეს დროში.

ცილის შემცველობით ის სჯობნის ლობიოს, ბარდას, მუხუდოს და სხვა სამარცვლე პარკოსან კულტურებს.

ის წარმოადგენს ადამიანისთვის მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტს. მისგან მზადდება მრავალნაირი კერძი, იყენებენ ძეხვის წარმოებაში ამზადებენ მრავალგვარ კონსერვებს გამოიყენება ყავის სუროგატად და სხვ.

გარდა სასურსათო დანიშნულებისა მას აქვს დიდი აგროტექნიკური მნიშვნელობაც, როგორც ყველა პარკოსანი კულტურა. ოსპის ფესვებზე სახლდება კოჟრის ბაქტერიები, რომელთა მეშვეობით ხდება აზოტის ფიქსაცია, ამით ის ამდიდრებს ნიადაგს. ოსპის ამ თვისებების გამო ის საუკეთესო წინამორბედია ყველა კულტურისათვის გარდა პარკოსნებისა.

ოსპის მაღალი გვალვაგამძლეობა, ყინვაგამძლეობა და მდგრადობა მემარცვლიას მიმართ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კულტურისათვის. მაღალი ტენიანობის პირობებში ხდება მცენარის სწრაფი ზრდა დიდი ვეგეტატიური მასის განვითარება, რის გამოც მცირდება მარცვლის მოსავლიანობა.

ოსპი ანვითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, რომელზედაც დიდი რაოდენობით სახლდება კოჟრის ბაქტერიები, რომელთა მეშვეობითაც ხდება აზოტის ფიქსაცია. ამ და სხვა დადებითი თვისებების გამო ის ნიადაგს ტოვებს გამდიდრებულს და საუკეთესო წინამორბედია ყველა კულტურისათვის გარდა პარკოსნებისა.

ნიადაგის მომზადება და თესვა

საქართველოში ამჟამად დარეგისტრირებული (გასავრცელებლად დაშვებული) ჯიშები არის ყინვაგამძლენი, ამიტომ ის ითესება შემოდგომაზე. მის დასათესად ნიადაგის მომზადება იწყება წინამორბედი კულტურისგან ნაკვეთის განთავისუფლებისთანავე.

სარეველები დიდ ზიანს აყენებს ოსპის კულტურას, ამიტომ საჭიროა მოხვნის წინ შეტანილ იქნას ტოტალური მოქმედების ჰერბიციდი 2-3 კვირის შემდეგ უნდა მოიხნას 25-27 სმ სიღრმეზე. შემდეგ უნდა დაკულტივატორდეს და მოსწორდეს. ან მოხვნის წინ სასურველია აჩეჩვა სარეველების გამოტყუების მიზნით.

ფერმერებმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ოსპისათვის დასათეს ნაკვეთში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ორგანული სასუქის შეტანა, რადგანაც ის იწვევს მცენარის ლაღ ზრდას, მცენარე წვება ვეგეტაცია ხანგრძლივდება, რაც იწვევს მოსავლიანობის შემცირებას. უნდა ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი და საჭიროების მიხედვით თესვის წინ ან უშუალოდ თესვის დროს უნდა შევიტანოთ N30P60K45 სასუქი.

ფერმერმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ სათესლე მასალა შეძენილ უნდა იქნას სანდო პირისაგან და მას თან უნდა ჰქონდეს თესლის ხარისხის დამადასტურებელი საბუთი. (სერთიფიკატები, ეტიკეტი და სხვ.) დათესვის წინ აუცილებელია თესლი დამუშავდეს პესტიციდით. თესვის წინ ნიტრაგინის ან რომელიმე კოჟრის ბაქტერიების შტამების შეტანა აუმჯობესებს მოსავლიანობას.

საქართველოში ამჟამად დარეგისტრირებული ჯიშები „პაბლო“ „წილკანი“ და „ზედაზენი“ არის ყინვაგამძლე მცენარეები და მათი თესვის საუკეთესო ვადებია ნოემბრის მეორე ნახევრიდან მარტის პირველ დეკადამდე, დაგვიანებული თესვა იწვევს მოსავლიანობის შემცირებას.

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევებით ოსპის თესვის საუკეთესო წესია მწკრივთაშორის 25 სმ. ჰექტარზე მცენარეთა რაოდენობა (2 მილიონი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ რაოდენობის აღმოცენების უნარის მქონე თესლით.

თესვის ნორმა განისაზღვრება თესლის ზომის მიხედვით (ჯიშების მიხედვით) 60- 120 კგ/ჰა-ზე თესლის ჩათესვის სიღრმე 4-6 სმ.

ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სარეველა მცენარეები განსაკუთრებით საშიშია ოსპისთვის განითარების საწყის ფაზაში. ამიტომ, აუცილებელია სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა ჰერბიციდით (თუ ამის საშუალებას მოგვცემს ამინდი დღე-ღამური ტემპერატურა). უკიდურეს შემთხვევაში საჭიროა გათოხნა. ხოლო შემდგომ პერიოდში შესაძლებელია გაიმარგლოს სარეველებისაგან (მორწყვას არ საჭიროებს).

ბრძოლა მავნებლებთან და დაავადებებთან

ლიტერატურული მონაცემებით, ოსპის მარცვალს აზიანებს მემარცვლია, რაც ჩვენი ხანგრძლივი გამოკვლევების პირობებში არ შეგვინიშნავს, და ჩვენი აზრით განპირობებულია ოსპის ადრეულობით (მისი მოსავალი იღება ივნისის ბოლოს). დაავადებათაგან ოსპს უჩნდება ჟანგა, რაც სწორი აგროტექნიკით და შესაბამისი ამინდის პირობებით შესაძლებელია ავიცილოთ თავიდან. ასევე ფუზარიოზი, რომელიც არ იწვევს ნათესის მთლიან განადგურებას, მაგრამ ამცირებს მოსავლიანობას და მოსავლის ხარისხს.

მოსავლის აღება

ოსპის მოსავლის აღება უნდა დავიწყოთ როდესაც მცენარის ქვედა და შუა იარუსის პარკები გაყვითლდება და გახმება. შესაბამისად, მცენარეს ფოთლები უხმება და ცვივა, მიუხედავად იმისა, რომ წვეროზე შესაძლებელია იყოს ფოთლები და პარკები, რომლებიც მეტწილად ცარიელია.

ოსპის მოსავლის აღება შესაძლებელია კომბაინით, რადგანაც მცენარე დაბალია, ამიტომ საჭიროა კომბაინის დაბალ ჭრაზე დაყენება (ამიტომ საჭიროა ნაკვეთი იყოს მოსწორებული რომ აღების დროს მიწა არ შეყვეს). შესაძლებელია, აგრეთვე მოსავლის აღება ორ ფაზად: ჯერ გაითიბოს და შემდეგ გამომშრალი მასა გაილეწოს კომბაინით.

მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს მარცვლის, როგორც ხარისხობრივ გაუარესებას, ასევე რაოდენობრივ შემცირებას. აღებული მარცვალი აუცილებელია გაიშალოს დახურულ კალოზე, მალევე მოხდეს მისი გაწმენდა და დამახარისხებელ მანქანაზე გატარება. 14% ტენიანობის შემთხვევაში თესლი უნდა ჩაიყაროს ტომრებში და დასაწყობდეს მღრღნელებისაგან დაცულ ადგილას.

შემდგენლები : პაშა ვაჩეიშვილი, ლევან ტყემალაძე, ნატო კაკაბაძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

*თუ ეს თქვენთვის შესაძლებელია ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების მაგივრად, სარეველებთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდი გამოიყენეთ /აგროკავკასია/.

თქვენი რეკლამა