მრავალწლიანი მარცვლოვანი (თივაქასრასებრნი) ბალახები

165 Views

მინდვრულ თესლბრუნვაში პარკოსნებთან ერთად ფართოდ გამოიყენება მრავალწლოვანი მარცვლოვანი ბალახები. ყველას (გარდა უფხო შვრიელასი) მრავალი ერთნაირი ბიოლოგიური თავისებურებანი ახასიათებთ.

ყველა განვითარებული ღერო ცოცხლობს მხოლოდ ერთ წელიწადს ეს ნიშნავს რომ თივად მოთიბვის შემთხვევაში მეორედ მოსათიბად ღეროები ფორმირდება ვეგეტატიური კვირტებიდან. ამიტომაა, რომ მეჩხერბუჩქიან თივაქასრა ბალახებს უნარი აქვთ განუსაზღვრელად ბარტყობისა.

ეს მცენარეები ყველაზე ინტენსიურად ბარტყობენ გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ახალგაზრდა ყლორტები წარმოიქმნებიან ნიადაგში. ისინი ტენს და საკვებ ნივთიერებებს თავიანთი ფესვებით დედა მცენარისაგან იღებენ დაახლოებით ორი კვირის მანძილზე. ამის შემდეგ ახლად წარმოქმნილი მცენარის ფოთლები იწყებენ ფოტოსინთეზის პროცესს და თითოეული ახალწარმოქმნილი ყლორტი ფორმირდება დამოუკიდებელ მცენარედ.

ყველა მეჩხერბუჩქიან თივაქასრა ბალახებს აქვთ ე.წ. გათიბვის სიმაღლის კრიტიკული ზონა, რომლის ქვემოთ გათიბვაც აზიანებს ბარტყობის ზონას. უმრავლესი სახეობებისათვის ასეთი ზონაა ნიადაგის ზედაპირიდან 5-6სმ სიმაღლე. (უფრო დაბლა გათიბვა დაუშვებელია). ნორმალური მოვლის პირობებში ეს მცენარეები მოსავალს იძლევიან 5-7 და 10 წლის განმავლობაში კი.

მრავალწლოვანი თივაქასრა ბალახები საკმაოდ მძლავრ ფესვთა სისტემას ივითარებენ. მკვლევართა მონაცემებით ამ მცენარეთა მიწისქვეშა ორგანული მასა მდელოს შვრიელასათვის შეადგენს – 0,81, ნამიკრეფიაში – 0,82, უფხო შვრიელაში კი 1,08. ამიტომაა, რომ ისინი საერთოდ ნიადაგში დიდი რაოდენობით ტოვებენ ორგანულ მასას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნიადაგების ნაყოფიერებას. ეს ეფექტი მაშინ არის უფრო თვალსაჩინო და მაღალი, როცა მრავალწლოვან მარცვლოვან და მრავალწლოვან პარკოსან ბალახებს ნარევის სახით თესავენ.

მდელოს ტიმოთელა (Phleum pzatense L) – ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ბალახია, მისი 100 კგ თივა შეიცავს 3,1 კგ მონელებად ცილას, 7,2 % პროტეინს.

ის დიდი რაოდენობით იძლევა თივას, როგორც სუფთა, ისე სამყურასთან ნარევად თესვისას.

ახასიათებს უხვად დატოტვილი ფუნჯა ფესვთა სისტემა. 100 სმ სიმაღლის ღერო. ყვავილედი საგველა-თაველი. მომრგვალო – ოვალური, პრიალა წვრილი თესლი, 1000 თესლის მასა 0,4-0,5 გ.

სითბოს მოყვარულია. თესლი ღივდება 1-20ტემპერატურაზე. ოპტიმალური ტემპერატურაა 15-200.

ტიმოთელას ბუჩქს ფუძესთან გააჩნია თავისებური გამსხვილება ბოლქვის მაგვარი, რომელშიც საკვების მარაგია ლოკალიზებული. ერთ ბუჩქზე ყლორტების რიცხვი მერყეობს 6-დან 280-მდე.

ბარტყობს გაზაფხულზე და ზაფხულ-შემოდგომაზე. თითოეული ნაბარტყი გენერაციული ორგანოების ფორმირების შემდეგ იღუპება, როგორც წესი ცოცხლობს ერთ წელიწადს. ამიტომ მისი მოთიბვა 4 სმ-ზე უფრო დაბლა არ შეიძლება.

ტენის მოყვარული მცენარეა. ერთი ცენტნერი თივის მიღებისას ნიადაგიდან გამოაქვს 1,3-1,4 აზოტი; 0,6-0,8 ფოსფორი და 1,9-2,0 კალიუმი, ხოლო ერთი ცენტნერი თესლის და შესაბამისად მიწის ზედა მასის ფორმირებისათვის 22,5 კგ N, 6,3 – P2O5 და 25,6 K2O.

თესლბრუნვაში ყველაზე ხშირად სამყურასთან ნარევში თესავენ. სუფთად თესვისას სათესი ნორმაა 8-10 კგ/ჰა ნარევში 4-6 კგ/ჰა. აღება ხდება კომბაინით.

მრავალსათიბი კოინდარი  (Lolium multiflorum Lam) – საკმაოდ გავრცელებული ბალახია, კარგად ხარობს განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. ფესვთა სისტემა ფუნჯაა, ღრმად ვრცელდება ნიადაგში. ღერო სწორმდგომი 60-80 სმ. უხვად შეფოთლილი, ყვავილედი – თავთავი. 1000 მარცვლის მასა 2,1გ. ზამთარ და გვალვა გამძლეა. ითესება გაზაფხულზე ან ადრე შემოდგომაზე. სათესი ნორმა 16-18 გკ. ჩათესვის სიღრმე 1-2 სმ. მაქსიმალურ მოსავალს იძლევა დათესვიდან მეორე წელს. თივის მოსავალი აღწევს 100-150 ც/ჰა და თესლის 5-10 ც. მოსავალი შეიძლება აღებული იქნეს კომბაინით.

მაღალი კოინდარი  (Arrenatherium elatius j at C. Presl) – ღერო მაღალი 170 სმ-მდე, ფუნჯა ფესვთა სისტემა ჩადის 280 სმ სიღრმეზე. ყვავილედი საგველა, ნაყოფი ღია-მწვანე. 1000 თესლის მასა 2,7 გ. არ არის გვალვაგამძლე. მცირე თოვლიან ზამთარში იყინება, ვერ იტანს გრუნტის წყლის სიახლოვეს ფესვთა სისტემასთან.

ბალახნარევებში ცოცოხლობს 4-5 წელს. თივა მაღალი კვებითი ღირებულებისაა. სუფთად თესვისათვის საჭიროა 15-16 კგ/ჰა, თივად აღების შემთხვევაში საგველის გამოტანის ფაზაში იღებენ; ხოლო სათესლედ ორ ფაზაში. ჯერ მომკიან და შემდეგ ილეწება.

მდელოს წივანა (Festuca protensis hubs) – ამ სახეობას აქვს ყველაზე მეტი სამეურნეო მნიშვნელობა. გამოიყენება, როგორც საძოვრად, ისე სათიბად. ფესვთა სისტემა ფუნჯაა; ღერო მაღალი 50-120 სმ. უხვად შეფოთლილი. თესლი ცრუნაყოფია – წვრილია. 1000 თესლის მასა 1,5-2,0 გ.

მდელოს წივანა ბიოლოგიურად საშემოდგომო ფორმაა. სითბოსადმი მომთხოვნია, თესლი გაღივებას იწყებს 2-30ტემპერატურაზე, ოპტიმალურია 14-160. მინდვრის პირობებში სამეურნეო მნიშვნელობას 5-7 წელიწადს ინარჩუნებს.

ითესება მრავალწლოვან პარკოსან ბალახებთან ერთად. სუფთა ნათესისათვის სათესი ნორმაა 14-16 კგ/ჰა. ნარევში თესვისას კი 10-12 კგ/ჰა. 2-3 სმ სიღრმეზე. თესლს იღებენ სარგებლობის მეორე წელს 3-4 წლის მანძილზე, სანთლისებრი სიმწიფის ფაზაში კომბაინით. თესლის საშუალო მოსავლიანობა 10-11 ც/ჰაა.

კაპუეტა (Agropirum) – ტიპიური ქსეროფიტული მცენარეა, გვალვაგამძლე, კარგად იტანს ყინვებსაც. ფესვთა სისტემა კარგად განვითარებული ფუნჯაა. მიჩნეულია პირველხარისხოვანი კორდის წარმომქმნელად. ამიტომ ის ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის კარგი საშუალებაა. გავრცელებულია, როგორც დაბლობ (მარნეული, გარდაბანი და სხვა), ისე მაღლობ (ახალქალაქი, სტეფანწმინდა) 1800-2000 მ.ზ.დ. ზონებში.

მცენარე ჯვარედინმტვერიაა. რამდენიმე სახეობაა გამოყენებული სამეურნეოდ გამოსაყენებლად. ითესება უმთავრესად ნარევის სახით მწკრივებად. სათესი ნორმაა 14-16 კგ/ჰა, ნარევში კი 6-8 კგ/ჰა, 2-3 სმ სიღრმეზე.

თივად აღების შემთხვევაში ითიბება თავთავობა-ყვავილობის ფაზაში. თივის მოსავალი აღწევს 30-40 ც/ჰა-ს. სარწყავებში ორჯერ მეტია 70-80ც/ჰა. თესლად იღებენ ცვილისებრი სიმწიფის ფაზაში. თესლის მოსავალი აღწევს 10-11 ც/ჰა-ს.

უფხო შვრიელა – არსებობს მრავალი სახეობა. სამეურნეოდ გამოიყენება ძირითადად ორი სახეობა (Bromus inermis  და Br. erectens). მისგან მზადდება მაღალხარისხოვანი თივა, რომელიც შეიცავს 10,5% პროტეინს, 2,8% ცხიმს და თითოეულ საკვებ ერთეულში 106გ მონელებადი პროტეინია. მაღალ მოზარდი და უხვად შეფოთლილი მცენარეა, ფესვთა სისტემა ფუმჯა ფესვურიანია, მხოხავი, ნიადადგში ღრმად ვრცელდება. გამძლეა გვალვებისა და ყინვების მიმართ. ღერო სწორმდგომია 100-150 სმ. ყვავილედი საგველა. თესლი – ცრუ ნაყოფი. 1000 თესლის მასა 4-4,5 გ.

ნახევრად საშემოდგომო (ორთესელა) ფორმაა. სრულ განვითარებას აღწევს სიცოცხლის მეორე და მომდევნო წლებში. კარგად იტანს გაძოვებას და სწრაფად იძლევა აქვიტს(მწვანე მასა).

ითესება უფრო ხშირად მრავალწლოვან პარკოსან ბალახებთან ნარევის სახით. სუფთად თესვისათვის საჭიროა ჰექტარზე 20-25 კგ თესლი. ბალახნარევებში კი 12-15 კგ/ჰა.

ითიბება პირველი საგველას გამოტანის ფაზაში, მეორედ შემოდგომაზე. სათესლედ იღებენ როცა თავთუნების ნახევარი მაინც გამუქდება. თესლის მოსავალს იღებენ კომბაინით. მოსავალი 8-9 ც/ჰა-ს აღწევს.

ს.მ მეცნიერებათა დოქტორი თინათინ დარსაველიძე

იხილეთ აგრეთვე: სამყურა – საქონლის საუკეთესო საკვები და თაფლოვანი მცენარე

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB