მარცვლეული კულტურების ზოგადი დახასიათება

587 Views

მარცვლეულ კულტურებს შორის წამყვანი ადგილი ხორბალს უკავია. მისგან გამომცხვარი პური წარმოადგენს კვების ძირითად პროდუქტს. იგი ყოველდღიური სურსათია ადამიანისათვის, მასზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზრდება.

ამიტომ, დღეს მწვავედ დგას საკითხი (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში) პლანეტის მოსახლეობის პურით მომარაგებაზე. საკითხს ის ართულებს, რომ პურზე მოთხოვნილების ზრდა წინ უსწრებს მისი წარმოების დონეს.

შეიქმნა დისპროპორცია ხორბლის წარმოებასა და მოხმარებას შორის, ამის ერთ – ერთი მიზეზია ე.წ. დემოგრაფიული აფეთქება. როგორც სპეციალისტები მიუთითებენ უკანასკნელ პერიოდში დედამიწის მოსახლეობა 18-ჯერ გაიზარდა.

თუ მსოფლიოს მოსახლეობის პირველ გაორმაგებას 600 წელიწადი დასჭირდა, მეორეს – 230, უკანასკნელ გაორმაგებას მხოლოდ 38 წელი. მათივე მონაცემებით 2050 წლისათვის მოსახლეობა 9,5 მილიარდს მიაღწევს ( აქედან 8 მილიარდი იცხოვრებს განვითარებად ქვეყნებში ), რასაც მოჰყვება მოსახლეობის სურსათით მომარაგების სიტუაციის გაუარესება.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ უახლოეს 40 წლის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე სავარგულების ფართობი სავარაუდოდ დღევანდელთან შედარებით განახევრდება.

პურეულ მცენარეებს მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით პირობითად ორ ჯგუფად ყოფენ: თავთავიან პურეულებად (ხორბალი, ქერი, ჭვავი, შვრია, ტრიტიკალე) და ფეტვნაირ პურეულებად (სიმინდი, ფეტვი, ღომი, ბრინჯი, სორგო).

პურეულ მცენარეთა ფესვთა სისტემა ფუნჯაა. თესლის გაღივებისას პირველად ვითარდება პირველადი, ანუ ჩანასახოვანი ფესვი. საშემოდგომო ხორბალი ივითარებს 3 პირველად ფესვს, საგაზაფხულო – 5-ს, ქერი – 5-8-ს, სიმინდი, სორგო, ბრინჯი – 1-ს და ა.შ.

ოდნავ მოგვიანებით მიწისქვეშა ღეროს ნასკვიდან ვითარდება დამატებითი ანუ ნასკვის ფესვები და მთლიან ფესვთა სისტემა ღებულობს ფუნჯის ფორმას. პირველადი ანუ ჩანასახოვანი ფესვები არ კვდება და თავიანთ ფუნქციას აგრძელებენ. ფესვთა სისტემის ძირითადი მასა განფენილია 20-25 სმ სიღრმეზე.

პურეულთა ღერო სწორმდგომია, ღრუიანი, შედგება 5-7 მუხლთშორისისაგან. ღერო იზრდება მუხლთშორისებით. მიწისქვეშა ღეროს ნასკვიდან ვითარდება გვერდითი ტოტები – ნაბარტყი.

ფოთოლი შედგება ფოთლის ღარისა და ფირფიტისაგან. ფოთლის ღარის იმ ადგილზე საიდანაც ფოთლის ფირფიტა იწყება, ვითარდება ე.წ. კაუჭები, რომელიც შემოხვეულია ღეროს ირგვლივ. კაუჭები ყველაზე კარგად აქვს განვითარებული ქერს, შედარებით სუსტად ხორბალს და სულ არ გააჩნია შვრიას.

ყვავილედი შეკრებილია თავთავად, რომელიც შედგება თავთავის ღერაკისა და თავთუნისაგან. თავთუნში მოთავსებულია უშუალოდ ყვავილი ბუტკოთი და მტვრიანებით.

შვრიას, ბრინჯს და ზოგიერთ სხვა კულტურის ყვავილედი – საგველაა, ხოლო სიმინდის მდედრობითი ყვავილედია – ტარო, მამრობითი ყვავილედი კი საგველა.

ნაყოფი-სამარცვლე პურეულებისა მარცვალია, რომელიც დაფარულია კანით, შეიცავს ენდოსპერმას, სამარაგო ნივთიერებას და ჩანასახს. ეს უკანასკნელი შედგება ფესვის, ღეროს და ფოთლისაგან. სხვადასხვა კულტურებში ჩანასახისა და ენდოსპერმის შეფარდება სხვადასხვანაირია.

პრაქტიკაში მცენარის სასიცოცხლო ციკლის დინამიკას აღრიცხავენ განვითარების ფაზებით, ესენია: თესლის გაღივება, აღმოცენება, ბარტყობა, დათავთავება, ყვავილობა და სიმწიფე, ეს უკანასკნელი იყოფა სამ ეტაპად: რძისებრი სიმწიფე, სანთლისებრი სიმწიფე და სრული სიმწიფე.

თესლის გაღივება რთული პროცესია და მისთვის აუცილებელია ტენი. სხვადასხვა კულტურის თესლი წყალს სხვადასხვა რაოდენობით საჭიროებს. მაგალითად ხორბლის თესლის გაღივებისათვის საჭიროა მისი მასის 47-48 %: შვრიისათვის – 60-70%; სიმინდისათვის – 37-44 %; პარკოსანი კულტურების თესლისათვის – 100-125 % და ა.შ.

ასევე განსხვავებულია საჭირო ტემპერატურაც. მაგალითად პირველი ჯგუფის პურეულებისათვის საჭიროა 6-120C; მეორე ჯგუფისათვი – 15-220C; უფრო მაღალი ტემპერატურა – (30-350C) აფერხებს ამ პროცესს.

აღერება ანუ დამუხლება ხორბლოვანებში იწყება როცა ღერო მიაღწევს 5 სმ-ს, ხოლო მუხლთშორისების მატებასთან ერთად მცენარე იმატებს სიმაღლეში. დამუხლება და ზრდა იწყება ღეროს ზრდასთან ერთად და როცა წარმოიქმნება ბოლო მეხუთე ან მეექვსე მუხლთშორისი ამ მომენტისათვის თავთავი გამოდის ბოლო მუხლთშორისის ფოთლის ღარიდან.

ყვავილობა იწყება დთავთავების მომენტიდან. მაგალითად ქერი ყვავილობს თავთავის გამოჩენამდე, მაშინ როცა ჭვავი თავთავობიდან 8-10 დღის შემდეგ. ყვავილობასა და შესაბამისად დამტვერიანებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ამინდის პირობები.

პურეულთა მარცვლის სასურსათო ღირებულება განპირობებულია მათი ქიმიური შედგენილობით.

ჩამოთვლილი კულტურებიდან ძირითადად ხორბალი გამოიყენება პურის გამოსაცხობად, რომლის ხარისხი დამოკიდებულია მარცვალში ცილისა და წებოგვარას შემცველობაზე. პურის ცხობისათვის მარცვალი უნდა შეიცავდეს 14-15% ცილას, ხოლო მაკარონის წარმოებისათვის – 17- 18%-ს.

პურის მოცულობა და ფორიანობა დამოკიდებულია წებოგვარას ელასტიურობაზე და ცომის გაზშემცველობაზე. წებოგვარას წელვადობა არ უნდა იყოს 20-ზე დაბალი და 30-ზე მაღალი. რბილობი უნდა იყოს თანაბრად წვრილ ფორიანი.

მარცვალს ტექნოლოგიური ხარისხის მიხედვით ყოფენ ძლიერ, საშუალო და სუსტად ძლიერი ხორბლის მარცვალი უნდა შეიცავდეს -14 % ცილას. პირველი კატეგორიის არანაკლებ – 28 %, ხოლო წებოგვარას 10 %. ძლიერი ხორბალი გამოიყენება სუსტი ხორბლის ფქვილის გასაუმჯობესებლად.

ცხრილი №1 პურეულთა მარცვლის ქიმიუეი შედგენილობა (%-ით)

საშუალო სიძლიერის ხორბალი შეიცავს 11-13,9 % ცილას. მეორე კლასის საშუალო სიძლიერის ხორბალი წებოგვარას შეიცავს 25-27 %. მისი პურის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, არ საჭიროებს გაუმჯობესებას და არც თვითონ გამოიყენება დაბალი ხარისხის ფქვილის გასაუმჯობესებლად.

სუსტი ხორბლის ფქვილისაგან დაბალი ხარისხის პური ცხვება. მარცვალი შეიცავს 11% ზე ნაკლებ ცილას. აუცილებლად საჭიროებს გამაუმჯობესებელ ძლიერი ხორბლის ფქვილს.

მარცვლის ხარისხის მართვა შესაძლებელია აგროტექნიკური ღონისძიებებით. ის იცვლება კლიმატის მიხედვით, განოყიერების წესისა და დოზის , სხვადასხვა სტიმულატორების გამოყენებით და ცხადია ჯიშების მიხედვით.

სოფლის მეურნეობის საფუძვლები, ავტორები: ზაირა ტყებუჩავა; ცოტნე სამადაშვილი; გივი ცაგურიშვილი; ალექსანდრე გათენაძე.

28Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB