კარტოფილის ბაქტერიული დაავადებები და ბრძოლის ღონისძიებები

567 Views Comment Off

ბაქტერიული დაავადებებიდან კარტოფილს მნიშვნელოვნად აზიანებს შავფეხა, კარტოფილის რგოლური ჭკნობა და კარტოფილის ტუბერების ბაქტერიული ლპობა ანუ სველი ლპობა.

კარტოფილის შავფეხა

გამომწვევი – Pectobacterium phytophthorum

დაავადება აზიანებს კულტურის როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ორგანოებს, მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. დაავადების გამომწვევი ბაქტერიული ორგანიზმი ცილინდრული ფორმისაა, დაფარულია შოლტებით და აქვს მოძრაობის უნარი. იგი იზამთრებს ნიადაგში ან დაავადებულ ტუბერებში. კარტოფილის გარდა აღნიშნულ ბაქტერიას შეუძლია დააზიანოს მცენარეთა ფართო სპექტრი, რომელთა შორის ბევრია სარეველა მცენარეები.

მისი განვითარებისათვის ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს 21-26ºC, თუმცა შეუძლია განვითარდეს ტემერატურის საკმაოდ ფართო დიაპაზონზე – 2-დან 32ºC – მდე. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ტუბერები ნიადაგში და მის ზედაპირზე არსებული მცენარეული ნარჩენები (სადაც ბაქტერია ინახება 2 წლის განმავლობაში). დაავადება შესაძლებელია გავრცელდეს მავნებელი მწერების მატლების მეშვეობითაც.

დაავადების სიმპტომები – სიმპტომები უპირველესად ყოვლისა ჩნდება ფესვის ყელთან ახლოს ან უშუალოდ ფესვის ყელზე. ამ დროს დაავადებულ ქსოვილზე ჩნდება მცირე ზომის მოშავო ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში იზრდებიან და უერთდებიან ერთმანეთს. საბოლოოდ ლაქები მთლიანად ფარავენ ფესვის ყელს, ღერო წვრილდება და შედეგად ხდება მცენარის წაქცევა. ამავე დროს სანამ წაიქცევა, მისი ფოთლები ყვითლდება და მცენარის განვითარებაც შესამჩნევად ფერხდება.

ტუბერების დაზიანება ხდება მაშინ, როდესაც დაავადება ვითარდება გვიან. ამ პერიოდში ხდება ტუბერის ცენტრის ლპობა, იგი იშლება და გადაიქცევა ღრუდ. სუსტი დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია ტუბერს გარეგნული დათვალიერებისას არც აღენიშნებოდეს დაავადების ეს სიმპტომი. დაავადებული ტუბერი იძლევა დაავადებულ მცენარეს.

ბრძოლის ღონისძიებები:

მცენარეული ნარჩენების განადგურება;
სარგავი მასალის დეზინფექცია;
ტუბერების იაროვიზაცია;
ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ;
კულტურათა მონაცვლეობა.

კარტოფილის რგოლური ჭკნობა

გამომწვევი – Corinobacterium sepedonicum

რგოლური ჭკნობა არის ჭურჭლოვანი სისტემის ქსოვილების ბაქტერიული დაავადება, რომელიც იწვევს მცენარის მიწისზედა ნაწილების დაჭკნობას და ტუბერების ლპობას. ბაქტერიის განვითარებისათვის ოპტიმალურ კლიმატურ პირობებს წარმოადგენს მაღალი ტენიანობა და ტემპერატურა (ოპტიმალური ტემპერატურაა 20-25 ºC). დაავადების გამომწვევი ბაქტერიები ძალიან მგრძნობიარენი არიან მზის სხივების პირდაპირი მოქმედების მიმართ, რაც მათზე დამღუპველად მოქმედებს.

დაავადების სიმპტომები – ფოთლები ყვითლდება და ჭკნება, ფოთლის კიდე იწევა ზედა მხარეს. საბოლოოდ ჭკნება არამხოლოდ ფოთოლი, არამედ მცენარის ტოტებიც.

დაავადება აზიანებს ტუბერების გამტარ ჭურჭლებს, რაც ადვილად შემსამჩნევია ტუბერის გადანაჭერზე – რგოლურად განაწილებული ჭურჭლის არე იღებს ლიმონისებრ-ყვითელ შეფერილობას, დროთა განმავლობაში ფერი იცვლება და ქსოვილი ხდება მურა შეფერილობის. საბოლოოდ იშლება ტუბერის ქერქის ქსოვილიც, ტუბერი იწყებს ლპობას და მიიღება სველი სიდამპლის მსგავსი სიდამპლე, უსიამოვნო სუნის თანხლებით.

ბრძოლის ღონისძიებები:

საღი სარგავი მასალის შერჩევა;
მოსავლის აღების შემდეგ ტუბერების სათანადოდ გამოშრობა;
მოსავლის აღების ოპტიმალური ვადების დაცვა;
სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის დეზინფექცია;
დაავადებისადმი მედეგი ჯიშების წარმოება.

კარტოფილის ტუბერების ბაქტერიული სველი სიდამპლე

გამომწვევები – Erwinia, Corynebacterium, Bacillus – ის და Pseudomonas გვარის ბაქტერიები.

დაავადება ვლინდება ტუბერების ლპობის სახით. ტუბერები შესაძლებელია დაავადდნენ ვეგეტაციის პერიოდში, როდესაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიები ტუბერში ხვდებიან სტოლონებიდან ან დაზიანებული სარგავი მასალის წარმოების შედეგად (ანუ დაავადებული ტუბერი წარმოშობს დაავადებულ მცენარეს) და მოსავლის აღებისას, მექანიკური დაზიანებების მეშვეობით. ასევე დაავადება შესაძლოა გავრცელდეს ქეცის, ფიტოფტორის, ფომოზის და მავნებელი მწერების მოქმედების შედეგად. თუმცა ამავე დროს უნდა აღინიშნოს რომ დაავადების გამოვლენა ძირითადად შენახვის პერიოდში ხდება. იშვიათად ავადდებიან ისეთი ტუბერები, რომელთაც არ გააჩნიათ მექანიკური დაზიანებები.

დაავადების სიმპტომები – დაავადებული ტუბერების ქერქი რბილდება და იწყება სითხის გამოჟონვა დაზიანებული ქსოვილებიდან. ხდება ტუბერის ქსოვილის დაშლა ცალ-ცალკე უჯრედებად. დაავადებული ტუბერის ქერქი არ იშლება, შიგთავსი კი მთლიანად დაშლილია. ლპობა მიმდინარეობს უსიამოვნო სუნის თანხლებით.

ბრძოლის ღონისძიებები:

კულტურათა მონაცვლეობა (დაავადების გაჩენის შემთხვევაში დასენიანებულ ფართობზე პომიდორის დაბრუნება არ არის რეკომენდებული 4-5 წელზე ადრე);
შენახვის ოპტიმალური პირობების დაცვა;
დაზიანებული ტუბერების დროული მოცილება და განადგურება;
ბრძოლა მავნებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.

საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1347 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB