იონჯა (Medicago) — იონჯას მოყვანა და მნიშვნელობა

12982 Views Comment Off

იონჯა (Medicago) პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, უმთავრესად მრავალწლოვანი (საშუალოდ 5-7 წელი) ბალახოვანი მცენარეა. აქვს 60—90 სმ (იშვიათად 140 სმ) სიგრძის ღეროები, რომლებიც ბუჩქს ქმნიან.

ფოთოლი სამყურაა, ყვავილედი-მტევანი 15—20 კაშკაშა ყვავილით. ნაყოფი სპირალისებურად დახვეული პარკია. ფესვთა სისტემა მთავარღერძოვანი, მძლავრი და დატოტვილია, ნიადაგში ღრმად (5—10 მ-მდე) ჩადის.

იონჯის ოჯახი (Medicago) 60-მდე სახეობას მოიცავს, სამეურნეო-საწარმოო დანიშნულებით ძირითადად იყენებენ: ლურჯს (Medicago sativa L.) და ყვითელს (Medicago falcata L).

იონჯა (ყვითელი — Medicago falcata L) მრავალწლიანი თაფლოვანი მცენარეა. მისი ღერო სიმაღლე 60 სმ-ს აღწევს, ამ ტიპის იონჯის ყვავილები დამტვერიანებას კარგად არის მისადაგებული.

ფერმერებისთვის იონჯის თივის წარმოება საუკეთესო საშუალებაა, იგი შეიცავს ყუათიან ნივთიერებებს და ცილების დიდ რაოდენობას. იონჯა გამოიყენება როგორც მწვანე საკვები და თივა — მონელებადი საკვები ნივთიერებების შემცველობის მიხედვით, იონჯას ვერ შეედრება ვერცერთი სხვა ბალახეული.

იონჯა ნიადაგში სამყურას მსგავსად ტოვებს საკვები ნივთიერებების მნიშვნელოვან მარაგს, განსაკუთრებით აზოტის მარაგს; პირველ მოთიბვას აწარმოებენ ყვავულობის დასაწყის ფაზაში, ხოლო ყოველი მომდევნო ხდება, როდესაც ძირთან ახლოს მყოფი 2-3 ფოთოლი იწყებს გაყვითლებას.

წელიწადში უნდა გაითიბოს არანაკლებ 4-ჯერ; გამოზამთრების წინ სასურველია ბოლო გათიბვა განხორციელდეს ისე, რომ მიწის ზემოთ დარჩეს 10 სმ-მდე სიმაღლის ღერო;

რეკომენდირებულია ცხოველს საკვებად მიეცეს შემდეგი სახის მწვანე მასის ნარევი:

იონჯა — 70%,

წივანა — 25% და

ტიმოთელა — 5%.

ამ სახით იზრდება საკვების ყუათიანობა და ჭამადობაც;  სულ ცნობილია იონჯის 60 სახეობა და ჯიში, მათგან 40 არის მრავალწლოვანი, ხოლო 20 -ერთწლოვანი. იგი ინვითარებს საკმაოდ მძლავრ ფესვთა სისტემას და 60 სმ-მდე სიმაღლის ღეროს. ჭარბტენიან ადგილებში აღწევს 90 სმ-მდე;

ძირითადად გავრცელებულია ლურჯი და ყვითელი იონჯა;  ყვითელი ფორმა უფრო გვალვაგამძლეა და იტანს მკაცრ ზამთარსაც, თუმცა ლურჯი უფრო ჭარბმოსავლიანია;  განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვითელი და ლურჯი იონჯის ჰიბრიდები. ისინი შედარებით უძლებენ მკაცრ კლიმატურ პირობებს და იძლევიან მწვანე მასის გაცილებით მეტ მოსავალს.

არსებობს იონჯის სხვადასხვა ჯიშები: ზამთარში ნახევრად პასიური, პასიური, აქტიური და ზამთარში უაღრესად აქტიური. ზამთრის ყველაზე აქტიური ჯიში არის ავსტრიული ჯიშის იონჯა, რომელიც ვეგეტაციას არ წყვეტს ზამთრის პერიოდშიც.

საქართველოში საამისო ძალიან კარგი ბაზა არსებობს. იგი იმდენად ყუათიანი და არც ისე ძნელი მოსაყვანია, რომ ბევრმა ფერმერმა უნდა მოახერხოს და დათესოს. ადვილი შესაძლებელია მან ჩაანაცვლოს ჩვენში ასე მოდებული მწყერისფეხა, რომლის თივასაც ფერმერები ზამთრისთვის საგანგებოდ არჩევენ.

იონჯას სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე თესავენ, უკეთესად ვითარდება ფხვიერ ნიადაგებზე, წყლის კარგი გამტარიანობის უნარის მქონე შავმიწებზე, წაბლა, ალუვიურ, რუხ და კირით მდიდარ სხვა ტიპის ნიადაგებზე.

არ უყვარს დაჭაობებული და მჟავე რეაქციის ნიადაგები.

იონჯის წარმოებისთვის საჭიროა შემდეგი ფაქტორები:

1. ნიადაგის დამუშავება 22-25 სმ სიღრმეზე.

2. ნიადაგის განოყიერება მინერალური სასუქებით, ერთ ჰექტარზე საჭიროა 500 კგ სუპერფოსფატი და 200 კგ ამოფისი.

3. იონჯის თესვა კარგია ადრე გაზაფხულზე, მარტის პირველ ნახევარში ან შემოდგომით.

4. თესვის სიღრმე ნორმად მიღებულია 5-7 სმ იმ ადგილებში, სადაც ტენიანობა ნაკლებია, ხოლო დასავლეთ საქართველოში — 3-4 სმ.

5. თესლის გაღვივების ტემპერატურაა: 2-3°С, განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა: 20-25°С.

6. ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH=6,0-7,0.

7. ჰექტარზე 5-6კგ სუფთად ან 3-4 კგ სათესლე მასალის თესვა, სხვა ბალახეულთან, მაგალითად, სამყურასთან შერევით.

სასურველია იონჯის თესლის სილაში შერევა და ისე დათესვა. დათესვის შემდეგ სასურველია ნიადაგის დატკეპნა.

იონჯის ფართობში ნახირის შერეკვა მოსაძოვებლად, დაუშვებელია. მარტივი გათვლით ერთ ძროხას ზამთრის განმავლობაში სჭირდება 70 ცალი სტანდარტული იონჯის ტუკი.

დღიურად თუ მივცემთ ერთ ტუკს, მას სჭირდება 0, 2 ჰა ფართობი. იონჯა-სამყურას თესვა სასურველია ნეიტრალურ ან ტუტე რეაქციის ნიადაგებზე. მჟავე ნიადაგების არსებობის დროს, სასურველია ნიადაგის მოკირიანება.

ყველაზე მაღალ მოსავალს იძლევა მეორე და მესამე წელს; იონჯის ნათესის გამოყენება შესაძლებელია ხუთი წლის განმავლობაში.

ავსტრალიური იონჯა

ავსტრალიური იონჯა (Sequel Lucerne) არის პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი (5-7 წელი), გვალვაგამძლე, გაზაფხულ ზაფხულში ინტენსიურად მზარდი ჯიში, ამავე დროს ის ტოლერანტულია ზამთრის ყინვების მიმართ.

იონჯის ზამთარში აქტიური სახეობები ავსტრალიური იონჯა ვეგეტაციას არ წყვეტენ ზამთრის განმავლობაშიც, ისინი უმნიშვნელოდ ამცირებენ ზრდას ზამთრის თვეებში და გაზაფხულზე ძალიან სწრაფად აგრძელებენ ვეგეტაციას, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმ ერთი ნათიბით მეტი მოსავალი მივიღოთ სხვა ტრადიციულ იონჯის ჯიშებთან შედარებით, განსაკუთრებით მისი მორწყვის შემთხვევაში.

საქართველოში არსებული ნიადაგის ტიპების და კლიმატური პირობების გათვალისწინებით სრულებით შესაძლებელია ერთი სასოფლო-სამეურნეო სეზონის განმავლობაში მიღებულ იქნას მინიმუმ ორი ნათიბი, ჰექტარზე 35-50 ცენტნერი თივა.

მორწყვის შემთხვევაში 3-4 ნათიბის მიღება და შესაბამისად 100-130 ცენტნერი. ნიადაგის დამუშავება საჭიროა შერჩეული ნიადაგის მოხვნა 22-25 სანტიმეტრზე და მისი თესვისწინა საგულდაგულოდ შემზადება ფაცხით.

იონჯა ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით უნდა დაითესოს. იონჯის თესვის ნორმად მიღებულია ჰექტარზე 0.5-2 კგ თუ ხდება იონჯის სხვა ბალახებთან ერთად შეთესვა, 8 კგ თუ საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა აღწევს 550 მილილიტრს და 12-15 კგ თუ ხდება ნათესის ინტენსიური მორწყვა.

იონჯის თესლი ღრმად არ უნდა დაითესოს, 2-3 სანტიმეტრი სიღრმე საკმარისია, მისი ღრმად ჩათესვის შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება აღმონაცენი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
393 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1166 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB